პროფესორის მკვლელობა - თავი 5 - Marao

პროფესორის მკვლელობა - თავი 5

2023-03-07 10:40:53+04:00


წინა თავი

- საქმე ასეა, ბატონი ლუკას სტუმრობა ცოტა დამაბნეველია, ამხელა კაცი თავისი ფეხით გამოცხადდა აქ ტელევიზიით გასული სიუჟეტის გამო. დავიჯერო, სადაც მის გვარს ახსენებენ, ყველგან ასე გარბის ახსნა-განმარტებისთვის? მე არაფერ შუაში ვარ,  ბატონო, სტუდენტობის დროის ნაცნობები ვართო, ერთმანეთს ვეხმარებოდითო. - ნიკო სავარძელში გასწორდა.

- ან მართლა ასეა, ან ცდილობს მოგვატყუოს და ყურადღება გადაგვატანინოს. მის შესახებ გავარკვიე, რომ არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, იშვიათად აძლევს ინტერვიუს, მისი სახლი ნამდვილი ციხესიმაგრეა. ცოლთან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. შვილი თავისი ოჯახით ამერიკაშია. შვილიშვილი ერეკლე სტუდენტია, არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი სტუდენტური ცხოვრებით ცხოვრობს, იმ განსხვავებით, რომ BMW X5-ით დადის უნივერსიტეტში. ზოგჯერ კლუბშია, ზოგჯერ ლაშქრობაში. ცხენები უყვარს ბაბუასავით. ვარჯიშობს სისტემატურად, არავითარი ნარკოტიკი და სასმელიც ხანდახან. ბატონი ლუკა ოფიციალურად მცირე ზომის ბავშვთა სახლებს მფარველობს, მაგრამ არაოფიციალურად. იშვიათად ეუბნება ვინმეს დახმარებაზე უარს. განსაკუთრებით, ახალგაზრდები უყვარს და ხშირად სხვადასხვა მცირე ბიზნესში დებს ფულს. ცოლი მისი მარჯვენა ხელია. ორივე ან იპოდრომზე დადის ან სახლშია. სულ ესაა, რაც გავარკვიე, - ჩამოარაკრაკა გაბადაძემ.

- ეგ ციხესიმაგრე ჩვენთვის მიუწვდომელი არაა, თვითონ დაგვპატიჟა, როცა გნებავთ, მოდითო, მაგრამ შიგ რას დაგვახვედრებს, ესაა საინტერესო. ამიტომ ამ კაცის დაფრთხობა ახლა არ ღირს, იყოს ასე ეჭვებში, იქნებ საბამ მაინც იპოვოს რამე. არ უარყოფს, რომ კოლექციონერია. ჩემი გატაცებააო, ჩხაიძეს კონტაქტები ჰქონდა, მე ფულიო. საინტერესოა, ვის აქვს ახლა ეს საქმე მინდობილი.

ნიკო თავისთვის უფრო ლაპარაკობდა, ვიდრე ოთახში მყოფთათვის. ელენე ჩაფიქრებული უსმენდა პროკურორის მსჯელობას. გაბადაძე გაჯგიმული იჯდა და ხან ერთს მიაჩერდებოდა და ხან მეორეს.

- ირაკლისთან რა ხდება, ელენე? - გამომძიებელს მიუბრუნდა პროკურორი.

- პიცა ვჭამეთ და ცოტა ლუდიც დავაყოლეთ. ჰო, კიდევ, ბევრი ყავა დავლიეთ და ღამე გავათენეთ.

- რაააა?! - გაკვირვება ვერ დამალეს კაცებმა.

- ჰო, რაა, მთელი ღამე ვიქექებოდით წიგნებში, ძველ და ახალ გაზეთებში, სამეცნიერო გამოცემებში, ჟურნალებიდან ამოჭრილ ფურცლებში. დავიმტვერეთ, დავიხრჩვეთ და აღარც პიცა გვეჭამა? იმ ბიჭს მეტი არაფერი ჰქონდა, მამა ორი დღის წინ გაასვენა და შემწვარ-მოხარშულებს არ დაუწყო გაკეთება, რის გამოც ბოდიში მოიხადა, სხვათა შორის. პიცა შევუკვეთეთ და თითო ქილა ლუდი დავაყოლეთ.

- საქმესთან ახლოს, ქალბატონო ელენე, საქმესთან ახლოს, - გაეღიმა ნიკოს.

- საქმესთან ახლოს, ბატონო ნიკო, ისაა, რომ ორი წიგნია დაკარგული, რაც უკვე ტელეფონზეც მოგახსენეთ, ეგნატე გაბლიანის 1927 წელს გამოცემული „თავისუფალი სვანეთი“ და 1954 წელს გამოცემული უნგრული „ვეფხისტყაოსანი“. მეტი არ ვიცით. ან კიდევ რამეა დაკარგული და არ ჰქონდა აღრიცხული ბატონ დავითს, ან მხოლოდ ეს ორი. რამდენიმე წიგნის შეტანა ვერ მოასწრო კარტოთეკაში, ჯერ მაგიდაზე ელაგა ნომრების გარეშე. ისე, მართლა დიდი სიმდიდრე უნდა იყოს იმ სახლში. თვითონ ირაკლი სასიამოვნო ბიჭია. როგორც იხსენებს, მამასთან ახლოს იყო, ყველაფერი გააკეთა, უდედობა რომ არ მეგრძნოო. არ უფიქრია დაქორწინებაო. ვინმე ქალსაც ვერ იხსენებს მამამისის ცხოვრებაში. მაგრამ ჩვენ ვიცით ნინო აბაშიძის არსებობის შესახებ. კიდევ არის ქალბატონი დოდო. მას მიზეზი ჰქონდა მოკვლის, მაგრამ ძალიან დაუჯერებელია ეს ამბავი. ირაკლი ინჟინერია, გატაცებით ლაპარაკობდა თავის საქმეზე. მანქანების ნაწილების გაუმჯობესებაზე მუშაობს. ოფიციალურად დაქორწინებული არ არის. ფრანგი მეგობარი გოგო ჰყავს, რომელმაც ჩემ იქ ყოფნაში დაურეკა და ესეც ფრანგულად ეჟღურტულა. სულ ესაა.

- შენ რა გაარკვიე? - მიუბრუნდა ნიკო გაბადაძეს.

- ლამარა გიგაური სკოლის მასწავლებელია, საირმის ქუჩაზე მარტო ის ცხოვრობს ძველ სახლში. ერთი შვილიშვილი ჰყავს, ანუკი. ფსიქოლოგიას სწავლობს. ძალიან კარგი გოგოა. მეზობლებთან ურთიერთობის ამბავი იცით თუ მოგიყვეთ?

- არა, ვიცი, შენი აზრი მაინტერესებს, მართალია თუ არა ეს ამბავი? - პროკურორი სავარძელში გასწორდა და კალამი მოიმარჯვა.

- მე მართალი მგონია, ზუსტად ფანჯრის წინ აქვს ბატონ თემურ არაბულს კედელი ამოყვანილი, ისე, რომ ჰაერიც კი არ მოძრაობს. მისი სახლი ორი მხრიდან ესაზღვრება გიგაურებს. მეორე კედელი ეზოს მთლიანად ჩრდილავს. არაა გასაკვირი, რომ ყველაფერი მართალი იყოს.

- რა გვარი თქვი? - დაინტერესდა ელენე.

- თემურ არაბული, - გაკვირვებულმა უპასუხა ზურამ.

- რომ იცოდე, ეგ არაბული რა კაცია, ეჭვს აღარ შეიტანდით ამ ამბის სისწორეში. ხარბი და შურიანია, ყველაფერზე „მე, მეს" იძახის, სჭირდება თუ არა. ძალიან ღარიბი ოჯახის შვილია, არ ვიცი, საიდან იშოვა ფული, მაგრამ ახლა ყველგან ფესვები აქვს გადგმული. თქვენ დგვარელზე ამბობდით, შეგვჭამსო და არაბული არც კი დაგღეჭავთ, ისე გადაგყლაპავთ.

- ვინაა ასეთი? - თვალებგაფართოებული უსმენდნენ კაცები.

- ხომ გითხარით, ხარბია-მეთქი. ამასთან, ბოროტიცაა. იმ ქალს ძალიან არ გაუმართლა არაბულის მეზობლობით. თუ რამე ჩაიფიქრა, მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწევს.

- შენ რას გვირჩევ? - დაეკითხა ნიკო.

- მაგასთან კანონებით, კოდექსებით და მორალით ვერაფერს გახდებით. აზრი არ აქვს, იმდენი ხანი გაწელავს საქმეებს, დაიტანჯებიან გიგაურები და თვითონ გაიქცევიან. რამე სხვა გზა უნდა მოძებნო.

- ოოო, - სავარძელში გადაწვა გელაძე. - ასე რთულად არ მეგონა საქმე. იქნებ რამე მოვახერხო. გავიკითხავ-გამოვიკითხავ მაგის სანაცნობო წრეს, გიგაურებსაც ვესტუმრები ამ დღეებში და მერე მოვიფიქრებ რამეს. ახლა თუ მეტი არაფერია, დავიშალოთ, უკვე გვიანია. საბას ნახვის გარეშე არ წახვიდეთ, იქნებ რამე ჰქონდეს კიდევ. შენ კი, - მიუბრუნდა ნიკო გაბადაძეს. - ჩაიცვი ის შენი ლამაზი ტანსაცმელი და იმ ბუკინისტს გაუარე, ტელეფონზე დარეკვას მერეც მოასწრებ. იფიქრებს, მყიდველიაო და იქნებ უფრო მოინდომოს.

- სიამოვნებით, - გაიჭიმა გაბადაძე და წამოდგა.

- მაშინ დროებით, - დაემშვიდობა ნიკო კოლეგებს და ისევ ჩხაიძის საქაღალდე გადაშალა.

შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი გაბადაძე ნელი ნაბიჯით უდარდელად მიდიოდა ბუკინისტისკენ.

- გამარჯობა, მიცანით? ჩემთვის რამე ხომ არ გაქვთ? - ჰკითხა გამყიდველს და წიგნების თვალიერება დაიწყო.

- თქვენს ზარს ველოდი...

- ჰო, ვეღარ მოვიცალე, იმდენი საქმე მქონდა. აქეთ ვიყავი და გამოვიარე, - თვალს არ აშორებდა პოლიციელი კაცს.

- თქვენ რომ გინდოდათ, ის „ვეფხისტყაოსანი“ ვიშოვე, უნგრული გამოცემაა, 1954 წლის, მაგრამ აქ არ მაქვს, უნდა მომიტანონ. თუ მყიდველი ხართ, ორ დღეში მოვატანინებ.

- ვინ უნდა მოიტანოს? - აგდებულად იკითხა პოლიციელმა, გული კი გამალებით უცემდა.

- ერთი ბიჭია, სტუდენტია, ხანდახან წიგნები მოაქვს ჩემთვის. თვითონ არ ყიდის. თუ ნამდვილად მყიდველი ხარ...

- მყიდველი ვარ, მაგრამ წიგნი უნდა ვნახო. აი, ჩემი ნომერი და დამირეკე, - ჯიბიდან სპეციალურად ამ შეხვედრისთვის დამზადებული ბარათი ამოიღო ზურამ და ბუკინისტს მიაწოდა. მანაც რამდენჯერმე შეათვალიერა ბარათი და ჯიბეში ჩაიდო.

****

- ელენე, ელენე, ქალბატონო ელენე, - ჩასძახა ტელეფონში. - ვიპოვე, „ ვეფხისტყაოსანი“ ვიპოვე.

- დაწყნარდი, გაბადაძე და ისე მითხარი, რა იპოვე და სად ხარ? - ელენე მიხვდა, რამაც ააფორიაქა პოლიციელი და თვითონაც აუჩქარდა გული.

- ბუკინისტმა მითხრა, თუ მყიდველი ხარ, ერთი ბიჭი მომიტანს უნგრულ „ვეფხისტყაოსანსო“,  - განმარტება მისცა ბიჭმა.

- აბა, ახლავე ჩემთან, ნიკოს უნდა გავაგებინოთ ეს ამბავი, ნეტა მართლა ის იყოს, - ტელეფონი გათიშა ქალმა.

ელენეს ტვინში ნეირონები სინათლის სიჩქარით გადარბოდნენ. როგორ გაერკვია, ნამდვილად იმ წიგნზე იყო ლაპარაკი თუ უბრალოდ იმავე გამოცემაზე. გამომძიებელი სავარძელში იჯდა და კბილებით კალამს ათამაშებდა. ბავშვობიდან, როცა რამეს ფიქრობდა, ფანქრებს და კალმებს მტრობდა და ახლაც შემორჩა ეს ჩვევა.

პოლიციის განყოფილების კარებში გაბადაძე გამოჩნდა. ელეგანტურად გამოწყობილი, ფართო მხარბეჭიანი და გრძელფეხება პოლიციელი გამოირჩეოდა დერეფანში მოსიარულე თანამშრომლებისგან. გაბადრული სახით დაიძრა ელენესკენ და რამდენიმე მაგიდას ისე სახიფათოდ აუარა გვერდი, ქალმა იფიქრა, ახლა გამოიყოლებს და დაიმხობს თავზე ყველაფერსო.

- გამოჩნდა, ქალბატონო ელენე, ვიღაც ბიჭს აქვს. ვუთვალთვალოთ, ვინ მოუტანს და ავიყვანოთ, - სულმოუთქმელად მიაყარა გამომძიებელს.

- მოიცა, კაცო, იქნებ სხვა წიგნია, იგივე გამოცემა, წიგნის გაყიდვისთვის ხომ ვერ დავიჭერთ კაცს.

- ეე, როგორ იცით ხოლმე რააა, - იქვე მდგარ სავარძელში ჩაეშვა პოლიციელი. - მიხაროდა, ვიპოვე-მეთქი.

- მე არ მითქვამს, არაფერი ვქნათ-მეთქი. შევამოწმოთ, იქნებ ეგაა, გავიგოთ, ვინ მოუტანს. თუ ისაა, რაც ჩვენ გვინდა, სად წავა, ავიყვანთ. თუ არადა, იყოს და ყიდოს წიგნები თავისთვის.

ელენე ჩაფიქრდა. - როგორ გავიგო, თუ ისაა, როგორ... - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და მაგიდას დააშტერდა. რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ გაბადაძე ფეხზე წამოხტა. - მე ვიცი, - იყვირა და პირველკლასელივით გაიჭიმა. მერე შერცხვა და ისევ სავარძელში ჩაეშვა.

- აბა, ბრძანე, რა იცი, - გაუღიმა ელენემ.

- დარწმუნებული ვარ, დავით ჩხაიძე რამე თავის ნიშანს დაადებდა წიგნებს, ასე იქცევა ყველა და რაღა ეგ იქნება გამონაკლისი. შეიძლება ირაკლიმ იცოდეს. თუ არ იცის, ვნახოთ მისი ბიბლიოთეკა, იქნებ გაგვიმართლოს.

- ჰოოო, ეგ კარგიააა, - გააგრძელა სიტყვა ელენემ. - ერთი ის მითხარი, რამდენ საქმეში დახმარებიხარ გამომძიებელს? თუ ეს შენი პირველი საქმეა? - შეუბრუნდა პოლიციელს და გვერდიდან შეხედა.

- მე პატრული ვარ, ქალბატონო ელენე. ჯარიმები, ავარიები, ოჯახური კონფლიქტები. ერთი-ორი წვრილმანი ხულიგანიც დამიკავებია, მაგრამ მკვლელობა პირველი იყო და გამოძიებაშიც პირველად ვარ ჩართული.

- ასე თუ გააგრძელე, შემცვლელად მომევლინები. ყოჩაღი ხარ, - შეაქო ელენემ. პატრული გაწითლდა, გამწვანდა და გრძელი ხელები აღარ იცოდა, სად წაეღო.

- რა ვქნა ახლა მე? - ნერვიულად წამოხტა ფეხზე.

- ჯერ ეგ ტანსაცმელი გამოიცვალე, ნახევარი განყოფილება ქალებია და მუშაობაში ხელს უშლი. ნიკოსთან წავალ, საბასაც შევუვლი და დაგირეკავ. ისე, იმ ბუკინისტის ამბებს თუ გამოიკითხავ წყნარად და მშვიდად, ცუდი არ იქნება. ოღონდ შენ არსად გამოჩნდე.

- გავარკვევ, იქ ერთი-ორი ნაცნობი ბიჭი მეგულება და ვნახოთ, რამე იქნებ გავიგო, - წამოდგა გაბადაძე და ფართო ნაბიჯით გაუყვა დერეფანს.

- საბა, რამე საინტერესო გაქვს ჩემთვის? - კომპიუტერებით გადავსებული ოთახის კარები შეაღო ელენემ.

- უფ, ქალბატონო ელენე, როგორ იცით ხოლმე თავზე დადგომა, ვერ გავიგე, როდის შემოხვედით.

- პროფესიული ჩვევაა, საბა, პროფესიული. რა ვქნა, ასე ჩუმად და ფრთხილად თუ არ მივეპარე დამნაშავეს, ხომ გაიქცა და დავკარგე სამუშაო. რაო, რას უსმენდი, იმხელა ხმა ისმის მაგ ყურსასმენებიდან, სროლით რომ შემოვსულიყავი, მაინც ვერაფერს გაიგებდი.

- ეს ტექნომუსიკაა, ქალბატონო გამომძიებელო, მუშაობაში მეხმარება. რაც შეეხება თქვენს საქმეს, განსაკუთრებული არაფერია. დგვარელი მარტო მიკითხვ-მოკითხვითა და ბიზნესითაა დაკავებული. გუშინ შვილიშვილს ეჩხუბა ღამე დაგვიანების გამო. არადა, ის ბიჭი სასტუმროში იყო გოგოსთან ერთად, - ბოლო სიტყვებზე ჩაეცინა საბას.

- არ მითხრა, რომ სასტუმროშიც უთვალთვალებდი, საბა, - ვითომ გაბრაზებული სახით შეხედა ელენემ.

- რომ მივიდნენ, გარე კამერებში ვნახე, მაგრამ ნომრებში არაა კამერები. არადა, კარგი იქნებოდა, რამდენ საქმეს გამიადვილებდა მეც და თქვენც, - დანანებით თქვა ბიჭმა და ცხვირზე დასკუპებული სათვალე გაისწორა.

- ახლა დგვარელი კი არა, ბუკინისტი მაინტერესებს. ამ დღეებში ვიღაცამ წიგნი უნდა გადასცეს. 100 თვალი და 100 ყური მჭირდება, საბა.

- აი, გადახედეთ, აქ მთელი მისი საუბრებია. მგონი, ჯერ არაფერია. ამიერიდან ყველაფერს გადავამოწმებ. - ელენეს რამდენიმე ფურცელი მიაწოდა.

- კარგი, საბა, თუ რამეა, მირეკავ...

- გადამრევთ თქვენ და ბატონი ნიკო. იმანაც „თუ რამეა, მირეკავო“. პირველს რომელს გირეკავთ?

- მე, საბა, მე. პროკურორს ისედაც ბევრი დამრეკი ჰყავს.

ელენემ შუშის კარები გამოაღო და გარეთ გავიდა. თან ფურცლებს ათვალიერებდა და დერეფანს მიუყვებოდა. მაგიდასთან მივიდა. ჩაფიქრებული დაჯდა სავარძელში და ჩხაიძის საქაღალდე გადაშალა. „იქნებ რამე გამომრჩა, იქნებ რაღაც სხვა მოხდა. დავიჯერო, ორი წიგნის გულისთვის აწამეს და მოკლეს პროფესორი კაცი? რაღაც ძალიან უბრალო და დაუჯერებელია, მაგრამ რას გაიგებ“, - ფიქრობდა ელენე. - „ამ საქმის გახსნას თუ ვეღირსე, შვებულებას ავიღებ და დასასვენებლად წავალ. დროა, დანაზოგი გამოვიყენო და სადმე გავემგზავრო, ახალი ხალხი, ახალი გარემო, ახალი ფლირტი და დროებით დავივიწყო სამუშაო“.  ფლირტის ხსენებაზე გააჟრჟოლა. „უნდა შევეხმიანო ჩემს ბიჭს, თუ არა, გაბრაზდება, სულ დამივიწყეო“, - ფიქრი გააგრძელა ქალმა. ბოლოს რომ ნახა, ცოტა დაძაბული საუბარი გამოუვიდათ. თავიდანვე იცოდნენ, ერთმანეთისგან რა უნდოდათ. ვნებებს დაიკმაყოფილებდნენ და ორივე თავის ცხოვრებას მიხედავდა. ელენეს ახლაც ეს უნდოდა, აი, პარტნიორს კი აერია ერთმანეთში რაღაცები.

ქალმა ტელეფონი ამოიღო და შეტყობინება გაგზავნა: „საღამოს პიცაზე ჩემთან“. იცოდა, პიცაზე და მერე გაგრძელების პერსპექტივაზე უარს ვერ იტყოდა. ზუსტად წუთ-ნახევარში პასუხიც დაბრუნდა „OK”. ქალმა მანქანის გასაღებს დასტაცა ხელი და განყოფილებიდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა. მოკლული ჩხაიძეც და მისი მკვლელიც მოიცდიდნენ.

- ყოველთვის რა რბილი კანი გაქვს, ელენე, ეს თმის ახალი ფერი ხომ საერთოდ მაგიჟებს, - ჩურჩულებდა ალკოჰოლმორეული კაცი და კოცნის კვალს ყელში ტოვებდა. ელენე გარინდული იჯდა მის ფეხებს შორის და ჯერ გაუხსნელ პერანგის ღილებს იწვალებდა. უყვარდა, როცა მოლოდინი ხანგრძლივდებოდა, მერე სიამოვნება უფრო დიდი იყო. ძლიერი ხელი წელზე იგრძნო და ტუჩებიც ენამ გააპო. ვნებაარეული ქალი ალერსს აჰყვა, ჯერ თავის შარვლის ღილს დასწვდა და ნელა გახსნა, მერე პარტნიორისას წაეპოტინა. ხალიჩაზე მოკალათებულ კაცს ნელა ათავისუფლებდა ტანსაცმლისგან, ცხელი ენა და ტუჩები გონებას უწვავდა. კიდევ ერთი ბიძგი და მუცელში სისავსე იგრძნო.

*****

- კიდევ თითო ნაჭერი? - ჰკითხა კაცმა და თმაზე მოეფერა, თან ჭიქით წყალი მიაწოდა.

- კი, თითო ნაჭერიც, - თქვა ელენემ და თავი ასწია.

- ჯერ წყალი, როგორც ყოველთვის. - ქალს გაეღიმა, წყალი მოსვა და პიცის ნაჭერი აიღო.

- სავარძელში გადავინაცვლოთ, აქ შეგვცივდება.

- ამაღამ ვრჩები?

- წასვლას აპირებდი?

- არა, მაგრამ თუ გენდომებოდა, წავიდოდი. დავრჩები, ოღონდ დილით ადრე უნდა ავდგე, სახლში მივიდე, საბუთები ავიღო და შეხვედრაზე წავიდე.

- სერიოზულია?

- კი, ძალიან, ეს თუ გამოვა, რეგიონში უდიდესი იმპორტიორები ვიქნებით.

- გილოცავ, - თქვა ქალმა და ტუჩებს მისწვდა.

- ჯერ არა, მერე მომილოცე. ოღონდ ვახშამზე მე გეპატიჟები, თან არა შენს სახლში.

- ვნახოთ, - თქვა ელენემ და ფეხზე წამოდგა. ახლა რესტორნების და რომანტიკული ვახშმების დრო არ იყო, ახლავე უნდა შეეწყვიტა ეს საუბარი.

- პატრულო გაბადაძე, ამ საღამოს რა გეგმები გაქვს? - ტელეფონის ზარის შეწყვეტისთანავე ჰკითხა ნიკომ ზურას.

- არაფერი, პაემანს მინიშნავთ, ბატონო პროკურორო? - გაიცინა ბიჭმა.

- პაემნისთვის უკეთესს ვიპოვი ვინმეს, - თითქოს გაბრაზდა გელაძე. - მეც ვისვენებ და საირმეზე წამყევი, ჩემი თვალით ვნახავ, რა ხდება, მეცოდება ის ხალხი.

- სიამოვნებით, ბატონო ნიკო, - გაუხარდა პატრულს. - იცით, რა სასიამოვნო ხალხია? მოგეწონებათ.

- მაშინ იქ ბატონი ნიკო აღარ დამიძახო. რვისთვის შეგეხმიანები.

- თქვენს ზარს დაველოდები, ბატონო ნიკო, შევთანხმდით. - პატრულმა ტელეფონი გათიშა. გაეღიმა. უხაროდა, რომ ნიკოსნაირი ადამიანები კიდევ არსებობდნენ, ვისაც გულთან ახლოს მიჰქონდა უბრალო ადამიანების გაჭირვება.

საირმის ქუჩის აღმართს ორი სპორტულად ჩაცმული ახალგაზრდა მიუყვებოდა თეთრ ლაბრადორთან ერთად. რაღაცაზე ხმამაღლა იცინოდნენ და თან ძაღლს ართობდნენ. მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია. მამაკაცებმა ჭიშკარი შეაღეს და შინაურულად დაუძახეს მასპინძელს. ძველი სახლის კარებში ჭაღარაშერეული ქალი გამოჩნდა.

- ბატონო ზურა, თქვენ ბრძანდებით? ასეთ დროს არ გელოდით, - გაიღიმა ქალმა და სტუმრები მიიპატიჟა.

- მარტო არ ვარ, ქალბატონო ლამარა, - შეიშმუშნა გაბადაძე.

- რა მნიშვნელობა აქვს, სტუმარი სტუმარია, მობრძანდით, - სახლისკენ გაუძღვა ქალი.

ნიკო თემურ არაბულის სახლს ათვალიერებდა. სასახლეს ისე დაეჩრდილა გიგაურების ეზო, მზის სხივი ალბათ შუადღეზეც არ გამოჩნდებოდა მათთან. მისაღები ოთახის დიდი მაგიდა ისევ წიგნებით იყო სავსე და მასზე დახრილი ანუკი კალამს ხელში ათამაშებდა. გაბადაძის დანახვაზე გრძელი წამწამები ააფახურა.

- აღარ გელოდით, ზურა. ბებიას ვეუბნებოდი, ესეც მორიგი გამოკითხვა იყო და დაიკარგა ჩვენი პატრული-მეთქი.

- არ შეგრცხვა, ეგ რომ თქვი? სულ არ გაწითლდი? - გაიცინა გაბადაძემ. - ხომ გითხარი, მოვალ-მეთქი.

- უფ, ეგრე ამბობს ყველა, - ხელი აიქნია ანუკიმ.

- ბევრს ნუ ლაპარაკობ, სტუმრებს გავუმასპინძლდეთ, - დატუქსა ბებიამ შვილიშვილი.

- ეს ნიკო გელაძეა, პროკურორი, ვერ იცანით, ქალბატონო ლამარა? - ქალს მიუბრუნდა ზურა. მოხუცი ქალი დაიბნა, ნიკოს მორიდებით შეხედა. - ვერ გიცანით, ბატონო ნიკო, მაპატიეთ.

- არაფერია, ქალბატონო ლამარა, უბრალოდ გესტუმრეთ, თუ არ შეგაწუხებთ, ჩაით გამიმასპინძლდით და ჩემს მეგობარს წყალსაც თუ დაალევინებთ, დიდ მადლობას გეტყვით ორივეს, - ნიკო აქოშინებულ ძაღლს მიაჩერდა, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, სახლისთვის წრე დაერტყა და ყველაფერი დაეყნოსა.

- ჩაისაც მოგართმევთ და ვახშამსაც, - დატრიალდა ლამარა. - ანუკი, შვილო, შენ ნიკოს მეგობარს მიხედე, - დაასაქმა შვილიშვილი და თვითონ სამზარეულოში გაუჩინარდა.

- დიდი ხანია, რაც ეს ლამაზი არსება გყავთ? - იკითხა გოგონამ და ბაქსს მიაჩერდა.

- უკვე სამი წელია ჩემი ოჯახის წევრია. ბაქსი ჰქვია. უფრო სწორად, ოჯახის უფროსია, - ნიკო თავზე მოეფერა მეგობარს, მანაც სიყვარულის ნიშნად თათი მუხლზე დაადო.

- მეც ყოველთვის მინდოდა ძაღლი ან კატა მყოლოდა, მაგრამ ბებია უარს მეუბნებოდა, არ გვცალია მაგის მოსავლელადო, - გულდაწყვეტილმა თქვა გოგონამ.  - ბაქსი გარეთ წამომყვება თუ აქ მოვუტანო წყალი?

- ჩვენ წამოვალთ, თან თქვენს ყვავილებს დავათვალიერებთ, - ნიკო წამოდგა და ანუკის გაჰყვა, უფრო ეზოსთვის კიდევ ერთხელ თვალის შევლება უნდოდა, ვიდრე ყვავილების ნახვა.

- ახლა ვხვდები, რომ ბებია მე ძლივს მივლიდა, ცხოველებს ვეღარ გაუძლებდა. მუშაობას რომ დავიწყებ, აუცილებლად მეყოლება პატარა მეგობარი, - აგრძელებდა გოგონა და თან ლაბრადორს ეფერებოდა.

- ჯერ ხომ სტუდენტი ხარ? - დაინტერესდა ნიკო.

- წელს ვამთავრებ, სამსახურს ვეძებ უკვე, მაგრამ არაფერი ჩანს. სწავლის გაგრძელებაც მინდა, -

მოიღუშა ანუკი.

- იმიტომ იყავი წიგნებში ჩაფლული?

- დიახ, გამოცდებისთვის ვემზადები... ანუკი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, სახლიდან გაბადაძემ რომ გამოყო თავი.

- ნიკო, ნიკო გაცივდა ჩაი და ხაჭაპურიც...

- ხაჭაპური როდის მოასწრო, - გაკვირვებულმა იკითხა პროკურორმა.

- ბებია ასწრებს, - იცინოდა გოგონა და უკვე სახლისკენ მიუძღოდა სტუმარს.

- თქვენ ხომ ჩაი გინდოდათ, ჰოდა, მიირთვით, ხაჭაპურს მე გავსინჯავ, - სკამზე მოკალათდა გაბადაძე და ორთქლასული ნაჭერი ჩაიტენა პირში.

- მე შეწუხება არ მინდოდა ამ ხალხის, თუ არა, უარს კი არ ვამბობ, - გაიკრიჭა ნიკო და ხელი დაავლო ხაჭაპურს. - ბოდიში, ქალბატონო ლამარა, დანა-ჩანგლით ვერ დავუწყებ წვალებას.

- მიირთვი, შვილო, როგორც გაგიხარდეს, შეგერგოს, - გულღიად გაუცინა ქალმა.

- მე მთიული დედა მყავს და ხინკალზე დაგპატიჟებთ აუცილებლად...

- ჰოოო, ხინკალი კარგია, - დაეთანხმა პირგამოტენილი გაბადაძე.

- შენ ვინ გეპატიჟება მერე, - შეუღრინა პროკურორმა პოლიციელს.

- ჩემ გარეშე ლამარა დეიდა არ წამოვა, არც ანუკი, - თავი გამოიდო ზურამ.

- კარგი, ჰო, ეგრე იყოს, - იცინოდა ვითომ უკმაყოფილო ნიკო. - ქალბატონო ლამარა, - მიუბრუნდა ქალს, - რაღაცის საკითხავად მოვედი. რომ დავითანხმო არაბული საკმარისი თანხის გადახდასა და სახლის ყიდვაზე, გადახვალთ აქედან?

- სიამოვნებით, შვილო, სადმე გარეუბანში პატარა სახლი თუ იქნება, იმ დღესვე დავცლი აქაურობას.

- ძალიან კარგი, თუ ჩემს აზრს გაითვალისწინებთ, გეტყვით, რომ საჩივრით ბევრის იმედი არ უნდა გქონდეთ, შეიძლება წლები გაგრძელდეს სასამართლოები, დაიხარჯებით და ან მიაღწევთ სასურველ შედეგს და ან ვერა. მე ვფიქრობ, იქნებ მოვაგვაროთ, რომ თქვენ გადახვიდეთ სხვაგან.

- თუ დამეხმარებით, მაგაზე უარს როგორ ვიტყვი. ისე, თქვენთან რომ ვიყავი, იმედი არ მქონდა, ყურადღებას მომაქცევდით.

- იქვე რას გეტყოდით, ქალბატონო ლამარა, ჯერ მეც არ ვიცოდი, რა ხდებოდა. ზურა იმიტომ გამოვგზავნე აქ, მაგრამ ეს თურმე თქვენი კეთილი გულით სარგებლობს.

- არა, რას ამბობთ, - შეიცხადა ქალმა. - ეგ რომ იყო, ვერაფრით გავუმასპინძლდი, ისე გავუშვი ბიჭი.

- რა გინდათ, ბატონო ნიკო? ერთი უპატრონო კაცი ვარ, მარტო ვარ ამ დიდ ქალაქში, თბილი სადილი თუ მაჭამა ვინმემ, მადლია, - თავი ჩაღუნა ზურამ და თვალზე არარსებული ცრემლი მოიწმინდა.

- მშობლები არ გყავს, გაბადაძე? - შეწუხდა ნიკო.

- კი, მაგრამ სოფელში, ჩემთვის ვის სცალია, - სლუკუნს აგრძელებდა პატრული.

- უფ, შე კაცო, მე მთლად უპატრონო მეგონე, - ამოისუნთქა პროკურორმა. - კინაღამ დედაჩემთან წაგიყვანე, ვიშვილოთ-მეთქი.

- ისე, წინააღმდეგი არ ვარ, - გამოცოცხლდა ზურა. - იქნებ მეც მომიარონ შენთან ერთად.

- არა, ჩემო ზურა, მამაჩემს კიდევ ჰყავს ორი შვილი ჩემ გარდა მისახედი. ჯერ პატარები არიან ისინი და ჩემთვის და შენთვის არ სცალიათ.

- პატარა რამხელა? - საუბარში ჩაერია ანუკი.

- სტუდენტები არიან, ტყუპები. ცელქი და მოუსვენარი ბიჭები. დედაჩემი მაგათ გაათეთრეს.

- აბა, მე არავინ მყავს, - კიდევ ერთხელ მოიწმინდა ცრემლი გაბადაძემ.

- ისე შემაცოდე თავი, ახლავე წაგიყვან სახლში, ოღონდ მერე წუწუნი არ დაიწყო, ტყუპებს ვერ ვუძლებო. შენ და ისინი მამაჩემს ინფარქტს დამართებთ.

- არა, არ მინდა, ჩემს სახლში მირჩევნია ყოფნა. მშვიდად მაინც ვარ ტელევიზორთან ერთად.

- ჰოდა, შეირგე, - საბოლოოდ დააწყნარა პატრული გელაძემ და კიდევ ერთ ნაჭერ ხაჭაპურს დასწვდა.

ელენე მანქანას მართავდა და თან ტელეფონზე ირაკლი ჩხაიძეს ესაუბრებოდა. რაც შეიძლება მალე უნდა ენახა მამამისის წიგნები. ირაკლი შუადღისთვის გათავისუფლდებოდა და გამომძიებელსაც შეეძლო სტუმრებოდა. ის იყო, ტელეფონის გათიშვას აპირებდა, რომ უკნიდან საპატრულო პოლიციის მოთხოვნა გაისმა. ქალმა გაკვირვებულმა დააგდო სიჩქარე და პირველი შესაძლებლობისთანავე გააჩერა მანქანა. შუშა ჩასწია და პოლიციელის მოსვლას დაელოდა. რამდენიმე წამში ფანჯარაში გაღიმებული გაბადაძის სახე გამოჩნდა.

- პატრულ-ინსპექტორი გაბადაძე. თქვენი საბუთები, ქალბატონო!

- რას მაიმუნობ, გაბადაძე, ჰა? - გაეცინა ელენეს.

- იმას, ქალბატონო ელენე, რომ მანქანის მართვის დროს ტელეფონზე საუბრობდით.

- მართალი ხარ, ბატონო პატრულო, მაგრამ რომ იცოდეთ, ირაკლი ჩხაიძეს ვესაუბრებოდი, რომელთან შეხვედრის ამბითაც, წესით, შენც უნდა იყო დაინტერესებული.

- ჰოოო, - ჩაფიქრდა პოლიციელი. - თუ ასეა, მაშინ საპატიო მიზეზი გქონიათ, ქალბატონო გამომძიებელო. ამიტომ შეგიძლიათ წაბრძანდეთ.

- დავიმახსოვრებ ამას, გაბადაძე, - დაემუქრა ელენე.

- ისიც დაიმახსოვრეთ, რომ გაგიშვით, - გაიბადრა პატრულიც. - ხომ გამაგებინებთ, რასაც ნახავთ? - ვეღარ მოითმინა ბიჭმა.

- აუცილებლად, აბა, რას ვიზამ, შენ ხარ მთავარი გმირი ამ თამაშში.

- თქვენს სამსახურში მიგულეთ, - გაიჭიმა პოლიციელი და მანქანას მოშორდა.

ელენემ ღიმილით დაძრა მანქანა. "რა კარგია, როცა ასეთი ახალგაზრდა ხარ და ასე მხიარული", - ფიქრობდა ქალი და გაბადრული სახით მიდიოდა განყოფილებაში.

****

ჩხაიძეების ეზო მოწესრიგებული იყო. ალბათ, ასეთი იქნებოდა ბატონი დავითის სიცოცხლეშიც. ელენემ ეზოს მოკირწყლული ბილიკი გაიარა და კარებზე დააკაკუნა. უმცროსი ჩხაიძე ამჯერად დავარცხნილ- მოწესრიგებული დახვდა.

- მობრძანდით, ელენე, - შინაურულად მიესალმა ქალს და კაბინეტისკენ გაუძღვა. - ახლა მოვედი, მეგობარი ვნახე. რამეს დალევთ? ყავა, ჩაი...

- არაფერს, ირაკლი, მადლობა, საქმეზე მოვედი.

- ვიცი, ელენე, აბა, ჩემ სანახავად რომ არ მოხვიდოდი გამომძიებელი ქალი, მეც ვიცი, - ნაღვლიანად გაიღიმა ირაკლიმ. - აბა, რა ხდება, ახალი არის რამე?

- წიგნი გამოჩნდა ბუკინისტებთან, „ვეფხისტყაოსანი“. მამაშენის არის თუ არა, არ ვიცი, მისი წიგნების ნახვა კიდევ ერთხელ მინდა. საცნობ ნიშანს უსვამდა წიგნებს? წარწერას უკეთებდა?

ირაკლი ჩაფიქრდა.

- არ ვიცი, - თქვა ბოლოს. - არასდროს შემიმჩნევია, ვნახოთ, - და ელენეს ბიბლიოთეკისკენ გაუძღვა. გამომძიებელი თანმიმდევრობით ფურცლავდა წიგნებს. მათ არათუ წარწერა, გადაშლის კვალიც

ძლივს ეტყობოდა. „დავიჯერო, ამათ მხოლოდ ყიდულობდა და არ კითხულობდა?“ - ფიქრობდა ქალი და ბიბლიოთეკას ათვალიერებდა.

- ირაკლი, რამდენიმე წიგნს წავიღებ, ლაბორატორიაში გავაგზავნი, იქნებ რამე იპოვონ, - უთხრა ქალმა, წიგნების ფურცვლით რომ დაიღალა.

- კი, რა თქმა უნდა, ელენე, რამდენიც გინდა, - ირაკლიმ ხელები გაშალა და ბიბლიოთეკაზე მიუთითა. - ისე, ქალბატონო ელენე, არა მგონია, სახლში საჭმელს ხშირად მიირთმევდეთ. ხომ არ დამეწვეოდით? ახლა, აი, ასე, ქართულად ვაპირებდი კარტოფილის შეწვას. რას იტყვით? გაქვთ ცოტა დრო?

ელენე მიჩვეული იყო უკვე ნახევრად მშიერი სიარულს, მაგრამ ახლა ნერწყვი გადაყლაპა და თვითონ გაუძღვა ირაკლის სამზარეულოსკენ.

- აბა, ირაკლი, სად გვაქვს კარტოფილი, ტაფა, ზეთი? - საქმიანად იკითხა ქალმა და მკლავები აიკეცა.

- თქვენ აქ დაბრძანდით და მაცივარში ლუდი მოძებნეთ, დანარჩენი ყველაფერი იქნება. - სამზარეულოს წინსაფარი აიფარა ბიჭმა და დანა ხელში აატრიალა.

- შეიძლება გკითხო, ელენე, მამაჩემის საქმეზე რა ხდება?

- ყველაფერს ვაკეთებთ, ირაკლი, მეც, გაბადაძეც და კიდევ უამრავი ხალხი, მაგრამ არაფერი გვაქვს ისეთი, რაც საქმეს სერიოზულ მსვლელობას მისცემს. ასე თივის ზვინში ვეძებთ ნემსებს, მაგრამ ასეთია ჩვენი საქმე, სადღაც რაღაც გამოჩნდება.

- არ გიჭირს ქალს ასეთი მძიმე სამუშაო? - ჰკითხა ირაკლიმ და თვალებში მიაჩერდა. ელენეს გაეღიმა, პირველად არ ისმენდა ამ კითხვას, პირველად არ ეუბნებოდნენ, რომ რთულ საქმეს შეეჭიდა, ამდენი მკვლელობა, დევნა და ზოგჯერ სიკვდილთან თამაში.

- არ მეგონა, ირაკლი, შენც თუ მაგას მკითხავდი, საზღვარგარეთ ცხოვრება ალბათ მენტალიტეტზე ნაკლებად მოქმედებს. ქართველებს ჯერ კიდევ წარმოგვიდგენია, რომ ქალი არ უნდა იყოს გამომძიებელი, მშენებელი და რა ვიცი, კიდევ რა. იმასაც ძლივს შეეგუვნენ, რომ მანქანის საჭესთან ვსხედვართ, გადაწყვეტილებებს ვიღებთ და მარტო სამზარეულო არაა თურმე ჩვენი საქმე. კი, ირაკლი, რთულია, ისე, როგორც სხვა რაღაცები, მაგრამ ყველას გვიწევს რაღაცის დათმობა. როცა შენი საქმე გიყვარს, სქესს მნიშვნელობა არ აქვს. შენ ინჟინერი არ გამოხვიდოდი,  ქალი რომ იყო? ან გერმანიაში არ წახვიდოდი, იმიტომ, რომ სამზარეულო გიხმობს?

ირაკლი დაბნეული უყურებდა მომხიბვლელ გამომძიებელს და ფიქრობდა, მართლა რა ლამაზი ქალი იყო, თუნდაც მკაცრი ჩაცმულობის და გამოხედვის მიღმა.

- ბოდიში, წყენინება არ მინდოდა. კი, რა თქმა უნდა, მაინც წავიდოდი. მაინც მანქანებთან მექნებოდა საქმე, იმიტომ, რომ ბავშვობიდან მიყვარს და როცა გიყვარს, გამბედაობაც უნდა გეყოს, გაჰყვე.

- შენთვის არ არის რთული უცხო ქვეყანაში ცხოვრება? - ელენე სკამზე შესწორდა. კარტოფილმაც მადის აღმძვრელი სუნი გაუშვა. ირაკლიმ რამდენიმეწამიანი პაუზა გააკეთა.

- კი,  რა თქმა უნდა, თავიდან გამოქცევაზე ვიყავი, გაძლება მიჭირდა. მერე ნელ-ნელა ნაცნობ-მეგობრები, კურსელ-ჯგუფელები გამოჩნდნენ, რომლებთანაც საერთო ინტერესები მქონდა. მოგვიანებით საბინა გამოჩნდა, ჩემი მეგობარი გოგო. მან კიდევ უფრო გამიადვილა ცხოვრება. ფრანგია, უკვე ორი წელია ერთად ვართ, მაგრამ განსხვავებული აღზრდა, კულტურა და მენტალიტეტი მაინც თავისას შვრება.

ჩემთან ქორწინება და შვილები არ უნდა, ამბობს, ქართველები მძიმე ხალხი ხართო. ალბათ, მართლაც ასეა... - ირაკლის ჩაეცინა. - ქართველი კაცები ალბათ მართლა სხვანაირები ვართ, მაგრამ ჩვენშიც არიან უფრო მძიმე და უფრო მსუბუქები. შენზე რას მეტყვი? - მიუბრუნდა ელენეს.

- მეც თან მარტო ვარ და თან არა, - ქალმა პაუზა გააკეთა. - აი, ასეა, როგორც შენ, ურთიერთობა პასუხისმგებლობების გარეშე.

- მამაჩემი ჩემს ასეთ ცხოვრებას ვერ ეგუებოდა. ის ერთხელ იყო შეყვარებული დედაზე და მეტ ქალთან არ უცხოვრია, მისი ხატი ჰქონდა შექმნილი. სულ მაგას მსაყვედურობდა, რომ ვერ ვნახე ჩემი ცხოვრების ქალი. ერთხელ მითხრა, არ უნდა გამეშვი, იქნებ აქ ოჯახი დროულად შეგექმნაო. გავბრაზდი და ორი კვირა არ ველაპარაკებოდი. ახლა ვბრაზდები ჩემს თავზე.

ელენე ხმაამოუღებლად უსმენდა, მართლა საინტერესო იყო, როგორ ცხოვრობდნენ ჩხაიძეები, ეს სწავლული კაცი, რომლის სიცოცხლის დასასრული სრულიად არ შეესაბამებოდა მისი ცხოვრების სტილს. ირაკლის სუფრის გაწყობა დაემთავრებინა და ელენეს ეპატიჟებოდა.

- მობრძანდით, ქალბატონო ელენე, ჩვენს მწირ ვახშამზე. კარგ ღვინოს არ დალევთ? სუფთაა, მამას მეგობარი აყენებდა ყოველ წელს კახეთში. მამა ამას ყველას არ ასმევდა, მხოლოდ განსაკუთრებულ სტუმრებს. ერთ წუთში მოვიტან.

ელენეს სახლში შემწვარი კარტოფილი დიდი ხანია არ ეჭამა და ზედ წითელი ღვინოც ესიამოვნა. უცებ გადახედა გეგმებს და ხელი ჩაიქნია, არ ღირდა დღეს ამ ვახშამზე უარის თქმა. ირაკლისაც მოერია ალკოჰოლი და მოგონებები აეშალა.

- მშობლები გყავს, ელენე? - ჰკითხა ქალს და კიდევ ერთი ჭიქა შეავსო.

- ორივე მყავს, მაგრამ ჩემთან არ ცხოვრობენ. მამაც გამომძიებელი იყო, ახლა პენსიაზეა, დედა მასწავლებელი. ძმა მყავს და ძმისშვილები. ყველა ერთად დიდი სახლში ცხოვრობს. დედაჩემი სულ მეჩხუბება, იშვიათად მოდიხარ სახლშიო. მამაჩემი მე მამართლებს დედასთან, არ სცალია და რა ქნას, ასეთი სამუშაო აქვსო, მაგრამ მარტო რომ დამიჭერს, ისიც იმავეს იმეორებს, მოიცდიან ეგ შენი მკვდრები და მკვლელები, ხანდახან გვნახე, მერე მოგენატრებითო.

- მართლები არიან, - დანანებით თქვა ირაკლიმ. - ოჯახზე არაფერს გეუბნებიან?

ელენეს გაეცინა, სასმელი მოეკიდა და უკვე ლოყები უხურდა. დიდი ხანია ასეთი სასიამოვნო და მშვიდი საღამო აღარ ყოფილა მის ცხოვრებაში.

- არა მარტო მეუბნებიან, არამედ კანდიდატურებსაც მთავაზობენ, როგორც ხდება ხოლმე. ხან მე ვიწუნებ, ხან ისინი მიწუნებენ, ხან ორივე ერთად და ასე მოვედით აქამდე.

სიჩუმე ჩამოვარდა. ირაკლიმ კიდევ თითო შეავსო, აშკარად ორივეს სიამოვნებდა სასმელიც და საუბარიც.

- შენი მშობლები საიდან არიან, ირაკლი? მამაშენის საქმეში ვერაფერი ვიპოვე მის ნათესავებზე.

- ჰო, ნათესავები მამის მხრიდან არ მყავს, მამას არ უყვარდა ამაზე ლაპარაკი, იმერეთის ერთ პატარა სოფელში ცხოვრობდნენ. მამა ადრე დაღუპვია, მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო, თავისსავე მეგობარს და თანასოფლელს მოუკლია. ბებიას პატარა მამაჩემისთვის ხელი მოუკიდია და თბილისში წამოუყვანია.

- ალბათ, როგორ გაუჭირდებოდა მარტოხელა ქალს ქალაქში ცხოვრება.

- კი. მამა ჰყვებოდა ხოლმე, ღამე როგორ მუშაობდა ბებია, სარეცხს ურეცხავდა შეძლებულ ხალხს. მამა რომ წამოიზარდა, ისიც ეხმარებოდა და სკოლის მერე მტვირთავად მუშაობდა. ბებიას ფილტვების ანთება დამართნია, მერე ტუბერკულოზში გადაუვიდა. რომ გაიგეს, გვიან იყო უკვე და ვეღარ უშველეს.

- ამ სახლში როდის გადმოხვედით? - დაინტერესდა ელენე.

- აქ მამა ერთ ოთახს ქირაობდა. სტუდენტი რომ იყო, კერძო მოსწავლეები ჰყავდა და ამეცადინებდა. დედაც აქ მოუყვანია. მერე პატრონმა სახლი მიჰყიდა და თვითონ რუსეთში წავიდა შვილთან. მამა დიდი ხანი ნაწილ-ნაწილ იხდიდა ამ სახლის ფულს. მერე დედა დაიღუპა და გაუჭირდა მარტო ჩემი მოვლა. ნახევრად ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდი, მაგრამ საღამოს ყოველთვის სახლში მოვყავდი და აქ მაძინებდა ხოლმე.

- გერმანიაში წასვლა ვისი იდეა იყო?

- მამის. ყოველთვის უნდოდა საზღვარგარეთ მიმეღო განათლება. თვითონ მასწავლიდა ენებს. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტიდან მოწვევა რომ მივიღე, წასვლაზე არც მიფიქრია, მაგის ფული არ გვქონდა. მამამ შენახული ბრილიანტებიანი შვეიცარიული საათი მაჩვენა, მამაჩემისგან სახსოვრად მხოლოდ ეს მაქვსო. მანამდე წარმოდგენაც არ მქონდა ამ ნივთზე. წაიღო და გაყიდა. ამ ფულით წავედი გერმანიაში. მეტი რა უნდა ექნა კაცს. ძალიან როცა უჭირდა, მაშინ არ გაუყიდია ერთადერთი სახსოვარი. ჩემ გამო გაყიდა და გამიშვა.

ირაკლის თვალები აემღვრა. მამა მისთვის მარტო მშობელი არა, ალბათ უფრო თანამოაზრე და მეგობარი იყო. ეს ორი ადამიანი მხოლოდ ერთმანეთის იმედად უმკლავდებოდა ცხოვრების სიძნელეებს. ელენემ თავჩაღუნულ ბიჭს მხარზე ხელი მოხვია, საპასუხოდ ირაკლის ხელი იგრძნო წელზე. მხარზე კი ბიჭის გულიდან წამოსული ძლიერი ფეთქვა. ერთი წამით თვალებში ჩახედეს ერთმანეთს, თითქოს ნებართვას ელოდებოდნენ, მერე კი ტუჩებმა თავისით მოძებნეს გზა.

*****

ტელეფონი გაუთავებლად რეკავდა. ირაკლიმ თვალები გაახილა და იატაკზე მიმოფანტულ ტანსაცმელში ტელეფონს დაუწყო ძებნა. ხმა ელენეს შარვლის ჯიბიდან ისმოდა. ნელა გადმოსწია ხელი, შარვალს დასწვდა და გვერდით მყოფ ქალს ფრთხილად უჩურჩულა:

- ელენე, შენი ტელეფონი რეკავს.

- რომელია საათია? ასე ადრე ვინ მირეკავს? - თვალები მოიფშვნიტა ქალმა.

- უკვე 11 საათია, - საათს დახედა ირაკლიმ, მაგრამ ქალი აღარ უსმენდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა.

- გისმენ, გაბადაძე, რა ხდება ასე ადრიანად?

- რაღა დროს ადრეა, ქალბატონო ელენე, აშენდა ქვეყანა, 11 საათია უკვე. ჩვენს ლამაზ ქალაქში მზეა და გაბადაძეც ემსახურება სამშობლოს.

- აბა, მითხარი, სამშობლოს სამსახურში მე რატომ დაგჭირდი?

- რატომ და ის წიგნების გამყიდველი მირეკავს, როდის ნახავ წიგნსო და რა ვქნა? ვუთხარი, ქალაქში არ ვარ, დაგირეკავ-მეთქი, მაგრამ ბევრიც არ მინდა ვალოდინო.

- საუკეთესო ხარ, გაბადაძე, დაგირეკავ და განყოფილებაში მოდი.

- არის, შეფ, - დაიძახა პოლიციელმა. ელენემ ზუსტად წარმოიდგინა, როგორ გაიჭიმა ბიჭი და გაეღიმა. მერე ტანსაცმელს დასწვდა და სამზარეულოსკენ წავიდა, საიდანაც ჭიქების ხმა ისმოდა.

- დილა მშვიდობისა, ირაკლი. დიდი ხანია ასე გვიანობამდე არ მიძინია. ყავა შეიძლება?

- კი, რა თქმა უნდა. ვაკეთებ უკვე...

- დავლევ და წავალ. წიგნებსაც წავიღებ, ლაბორატორიაში უნდა მივიტანო.

ირაკლიმ თავი დაუქნია და ცხელი სითხე წინ დაუდგა.

სალომე ტაბატაძე

გაგრძელება იქნება