პროფესორის მკვლელობა - თავი 4 - Marao

პროფესორის მკვლელობა - თავი 4

2023-03-06 10:29:26+04:00


წინა თავი

პატრული გაბადაძე მანქანაში იჯდა და ხელში განცხადებას ატრიალებდა, რატომღაც არ ჩქარობდა დარეკვას. მერე ამოიხვნეშა, თავი გადააქნია და ტელეფონს დასწვდა. პირველივე ზარის შემდეგ ახალგაზრდა ქალის ხმამ უპასუხა.

- გამარჯობა, - მიმართა ქალს გაბადაძემ. - ქალბატონ ლამარასთან ვრეკავ. პატრული ზურა გაბადაძე ვარ.

- ბებია სახლში არაა, საღამოს დარეკეთ, - უპასუხა ქალმა და ტელეფონი გათიშა. გაკვირვებული ზურა რამდენიმე წამი არ ინძრეოდა. „რა უზრდელი ახალგაზრდობააო“, ჩაიბურდღუნა ბოლოს და ტელეფონი გადადო.

საღამომდე გაბადაძეს სულ დაავიწყდა ქალბატონი ლამარაცა და მისი ოჯახიც. თბილისის სამართალდამცველები და არამარტო ისინი მანიაკს ეძებდნენ, რომელიც ბოლო პერიოდში ქალების საცვლებზე ნადირობდა და ხან რომელი უბნიდან ჩიოდნენ გაქურდვის შესახებ და ხან რომლიდან. მორიგ ასეთ დაზარალებულ ქალბატონს ესაუბრებოდა პატრული გაბადაძე, ტელეფონზე ზარი რომ შემოვიდა.

- გამარჯობა, ზურა გაბადაძე ბრძანდებით? - გაისმა ქალბატონის სასიამოვნო ხმა.

- დიახ, გისმენთ ქალბატონო...

- ლამარა გიგაური ვარ, დილით დაგირეკიათ ჩემთან, ჩემმა შვილიშვილმა მითხრა...

- დიახ, ქალბატონო ლამარა, თქვენი ნახვა მინდა, თქვენი განცხადებაა ჩემთან.

- თუ შეგიძლიათ 2 საათის შემდეგ მობრძანდით, სკოლაში ვიქნები მანამდე. მერე კი დაგელოდებით.

- შევთანხმდით, ქალბატონო, ნახვამდის.

ზურამ ტელეფონი გათიშა და საქმეს მიუბრუნდა.

**********

თბილისში გაზაფხული საერთოდ აღარ იგრძნობოდა. როგორც იქნა, სიცივეები დამთავრდა და მზემ ისე დააჭირა, შეუძლებელი იყო სუნთქვა. მანქანის გამონაბოლქვი და მტვერი ერთმანეთში ირეოდა. პატრული გაბადაძე ახლად წამოჭიმული სახლების შუაში ვიწრო ქუჩას მიუყვებოდა, რომელიც დიდი პატრონის სტატუსისთვის შესაფერის მანქანებს კიდევ უფრო დაევიწროებინა. როგორც იქნა, ერთი პატარა,  მოკრძალებული სახლი დაინახა და კარებზე ზარი დარეკა. რამდენიმე წამში ასაკიანი, ჭაღარაშერეული, ერთ დროს ალბათ ძალიან ლამაზი, ახლა კი გატეხილი, მაგრამ მაინც ამაყად მომზირალი ქალი გამოჩნდა და სტუმარი სახლში შეიპატიჟა.

დიდ, ახალ და სიმდიდრეს დახამებული მეზობლების სამფლობელოების ფონზე, მათი ერთსართულიანი სახლი ჯუჯების ქოხი ეგონა ზურას. მისაღები ოთახის მაგიდაზე უამრავი წიგნი იყო გადაშლილი და კალამმომარჯვებული გოგონა რაღაცას გამალებით წერდა.

გაბადაძე იქვე სავარძელზე დაეშვა, თითქოს ერიდებოდა მისი შეწუხება. ფეხდაფეხ შემოყოლილმა ქალმა ზურას მაგიდასთან მდგარ სკამზე მიუთითა.

- ბატონო ზურა, აქეთ მობრძანდით. ეს ჩემი შვილიშვილია, ანუკი. ანიჩკა, შვილო,  - გოგონას მიუბრუნდა ქალი. - ცოტა ხნით აკეცე წიგნები, სტუმარს გავუმასპინძლდეთ, სადილის დროა უკვე.

- არ შეწუხდეთ, ქალბატონო, - შეიშმუშნა ზურა.

- არა, რა შეწუხებაა, ეს ისე, ბებია-შვილიშვილურად გმასპინძლობ. მეც ახლა მოვედი და ეს გოგოც. მაგრამ ვის ახსოვს ჭამა, ვერ ხედავ, რა გამხდარია? - თითქოს დატუქსა ანუკი ბებიამ, მერე სამზარეულოში გავიდა და გოგონაც თან გაიყოლა.

სახლს სიძველე ეტყობოდა. მოჩუქურთმებული მაგიდა-სკამები იდგა მისაღებ ოთახში. კედლები სურათებს დაემშვენებინა. აზიური სტილის სავარძლები ძველებური წიგნების კარადის გვერდით იწონებდა თავს. ერთადერთი, რაც ამ ოთახში თანამედროვეობას უსვამდა ხაზს, კედელზე დაკიდებული ტელევიზორი იყო.

ზურამ კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ოთახს და ბებია-შვილიშვილიც გამოჩნდა. მწირი სადილი გაშალეს მაგიდაზე, მაგრამ ისეთი ოხშივარი ასდიოდა, ისეთი გემრიელი იყო, გაბადაძეს მსგავსი არაფერი გაესინჯა.

- ქალბატონო ლამარა, დიდი დრო რომ არ წაგართვათ, თან მომიყევით, რა ხდება, - წვენს დასწვდა პატრული და ქალს მიმართა.

- ჩვენი მეზობელი, აი, ის, - ფანჯრიდან დაანახა ლამარამ დიდი ქვის გალავანი. - რამდენიმე წელია, რაც აქ გადმოვიდა. უფრო სწორად, ზუსტად 7 წელია. ადრე ამ ადგილზე ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობდა, პატარა სახლი ჰქონდათ და დიდი ბაღი, ხეხილიანი. შეხმატკბილებულად ვცხოვრობდით. მობრძანდა ეს ვაჟბატონი და საკმაოდ დიდი თანხა შესთავაზა. უარი მიიღო. ეს მისვლა-მოსვლა ლამის 6 თვე გაგრძელდა. არ უნდოდათ გაყიდვა. პატარა მაღაზია ჰქონდათ და მშვიდად ცხოვრობდნენ. მალე მაღაზია დაუწვეს, მერე შვილი დაიჭირეს ნარკოტიკებზე. არადა, ძალიან კარგი ბიჭია, მაგის ნარკოტიკი კი არა, ხმა არავის გაუგონია, სწავლობდა და სპორტს მისდევდა. ამბობენ, ამ ვაჟბატონის გაკეთებულია ეს საქმეო. მოკლედ, 7 წლის წინ იძულებული გახდნენ კაპიკებად მიეყიდათ სახლიან-მიწიანად და სადღაც გადავიდნენ, სად, არ ვიცი. იქიდან დაიწყო ჩვენი წამება.

- რა ჰქვია, ვინ არიან ახალი მეზობლები? - ჩაეკითხა ზურა.

- თემურ არაბული. ბიზნესი აქვს, გავლენებიც. ზუსტად არ ვიცი, რას მოღვაწეობს, მაგრამ არც უბრალო კაცია. ცოლი და ორი გოგონა ჰყავს. საყვარელი ბავშვები. ცოლი ერთი „ახალი ქართველია“, ჩვენს დროში ეგეთებს „მედროვეებს“ უძახოდნენ.

- ნოტებზე დაყენებული ხმით ლაპარაკობს, მაგრამ ზოგჯერ ავიწყდება და ისეთებს ჩაურთავს ხოლმე, - გაიცინა გოგონამ. - სულ წევიდა, მევიდა, იქანე, აქანეს იძახის.

- ასეთი ლაპარაკი არ შეიძლება, ანუკი, ხომ გაგაფრთხილე, - დატუქსა შვილიშვილი ბებიამ.

- კარგი რა, ბე, არ ეტყობა, ორი წიგნი რომ არ აქვს გადაშლილი? მარტო სალონსა და მაღაზიებში სიარულით ვერ შევიდა მაგის ტვინში ვერაფერი, - იცინოდა გოგონა.

- თქვენთან როდის დაიწყო პრობლემები და რა უნდა? - ჰკითხა ზურამ და თან კალამი მოიმარჯვა.

- როგორც კი გადმოვიდნენ, სახლი დაანგრიეს და მთელ ადგილზე ახლის აშენება დაიწყეს. პირდაპირ ჩვენს ფანჯრებთან ამოჰყავდათ კედელი, სინათლე სულ აღარ შემოდის. აი, ნახე, - ფარდა გადასწია ლამარამ. - მაშინ მივედი და ვთხოვე, ერთი მეტრით გადაეწიათ, რომ ჰაერს ემოძრავა. აყვირდა, გაკაპასდა ქალბატონი, თქვენ გამო ვერ შევცვლი პროექტსო. მიწა მაგათია და რაღას ვეტყოდი. სახლი რომ დაამთავრეს, ეზო აღარ დარჩათ და იქიდან დაიწყო პრობლემები. ჩემი სახლი და ეზო უნდათ, რომ დავუთმო.

- რა პირობით? თანხას გთავაზობთ?

- კი, მაგრამ თავიდან უარი ვუთხარი, მერე ვიფიქრე, ამ ჩაბნელებულ და ძველ სახლში ცხოვრებას, გავყიდი და გადავალ გარეუბანში-მეთქი. მე მიწის გარეშე არ შემიძლია, მთელი ცხოვრებაა ყვავილებს და ბაღს ვუვლი. კერძო პატარა სახლი მინდოდა, მაგრამ მაგ ფულით კორპუსშიც ვერ ვიყიდი ბინას.

- საკმარის თანხაზე რატომ არ გთანხმდებათ?

- მაგ დამპალ სახლში მეტს არ გადავიხდიო. მერე ჩვენი მეზობელი მომიგზავნა. ასეო, ისეო, გავლენიანი კაციაო, აიღე ის ფული და წადიო. იგივე პასუხი გავეცი, მომცეს საკმარისი და წავალ-მეთქი. ცოტა ხანში მეორე მეზობელი მოვიდა, რაიონში გიყიდის სახლსო, ეზო თუ გინდა აუცილებლადო. რაიონში როგორ გადავიდე, მე სკოლაში ვმუშაობ, ანუკი აქ სწავლობს, რომ წავიდე, ჩემი პენსია ეყოფა ბინის ქირად და საარსებოდ?

- ბოლოს როდის იყვნენ? ამით დამთავრდა მოლაპარაკება?

- მოლაპარაკება კი, მაგრამ ერთ დილას ეზო განადგურებული დამხვდა, ყვავილები გადათელილი. დავუძახე და ვაჩვენე. ის ქალბატონი გაიწკიპა, შეიძლება ჩემმა ძაღლმა ქნაო; რა ვუქნა ძაღლს, პასუხს ხომ ვერ ვაგებინებო. კი საყვარელი ძაღლია, მაგრამ ისე მსუქანია, ძლივს დადის და მაგათი გალავნიდან ჩემთან როგორ გადმოხტა. მერე წყალი გამოუშვეს, დავიტბორეთ. მილი გასკდაო.

- საპატრულოს არ შეატყობინეთ? - თავი ასწია გაბადაძემ.

- კი მოვიდნენ, დაათვალიერეს და ბრძანეს, გავაფრთხილებთო. მაგით დამთავრდა. ერთი კვირის წინ, საღამოს, ანუკის ბიჭები დახვდნენ ქუჩაში, შეაშინეს და ბოლოს უთხრეს, საშიშია ამ უბანში ცხოვრება, გადადი აქედანო. ხელს არავის ვადებ, მაგრამ 50 წელია აქ ვცხოვრობ და კარებზეც არავის დაუკაკუნებია უნებართვოდ და ახლა გახდა საშიში?

ზურა ჩაფიქრებული უსმენდა ქალს. ფაქტი იყო, მეზობელი განგებ ავიწროებდა.

- მარტო თქვენ ორი ცხოვრობთ აქ? - დაეკითხა გაბადაძე.

- დიახ ჩვენ ორი. ჩემი შვილი, ანუკის მამა, დიდი ხნის წინ დაიღუპა. იმ არეულობის დროს, სულ ახალგაზრდა. ბენზინგასამართ სადგურზე ბიდონებით ყიდდა საწვავს. ვიღაც არაკაცებმა ჩაცხრილეს და მერე ცეცხლი წაუკიდეს. ეს გოგო მაშინ თვეების იყო.

- დედა? - მორიდებით იკითხა პატრულმა.

- ერთ წელში საზღვარგარეთ წავიდა, ცოტა ხანი გვეხმიანებოდა, მერე დაიკარგა. გათხოვდაო, გავიგეთ, მაგრამ აღარ მოვუკითხივართ. ანუკიმაც აღარ ისურვა მასთან კონტაქტი.

ბებია-შვილიშვილმა თავი ჩაღუნა, სიჩუმე ჩამოვარდა. ზურა მიხვდა, რომ მტკივნეულ თემას შეეხო და სცადა, საუბარი სხვა რამეზე გადაეტანა.

- ანუკი, შენ სად სწავლობ? - მიუბრუნდა გოგონას.

- სამედიცინო უნივერსიტეტში, - გაიღიმა გოგონამ.

- მეც მინდოდა ექიმობა, მაგრამ ხელს რომ გავიჭრი და სისხლს ვხედავ,  ლამის გული მიმდის,  -

გაეცინა გაბადაძესაც.

- პოლიციელებსაც ხომ აქვთ დაჭრილებთან საქმე? - დაინტერესდა ანუკი.

- როგორ არა, რამდენი საქმეზე მივდივარ, იმდენი ჩემთვის ვლოცულობ, ოღონდ სროლა არ იყოს-მეთქი.

- მეც ვიყავი ერთი პერიოდი კრიმინალისტიკით გატაცებული, მაგრამ ბოლოს ფსიქიატრია ავირჩიე. ასე ცოცხლებს უფათურებ ხელს სულში, - გაიღიმა გოგონამ.

- ჰო, ჭორიკანა ხარ და იმიტომ, - ჩაიბურდღუნა ბებიამ.

- საინტერესოააა, - სკამზე შესწორდა ზურა. - აბა, ჭორიკანა ფსიქიატრო, ჩემზე რას იტყვი?

- მართლა გაინტერესებთ, ბატონო ზურა?

- მართლა, მართლა, - დაეთანხმა პოლიციელი.

- ახლა ჩემი პაციენტობის არაფერი გჭირთ. თუ დაგჭირდებათ ფსიქიატრი, თქვენ გვერდით მიგულეთ, მაგრამ იმედია, არ დაგჭირდებათ.

- ყველას შეიძლება დაგვჭირდეს, - შეეკამათა პოლიციელი.

- ფსიქოლოგი კი, ფსიქიატრი არა, ჩვენთან ფსიქოლოგის ფუნქციას მეგობრები ასრულებენ.

- ერთ ჭიქას რომ დალევ და დაფქვავ ყველაფერს? მერე ზოგი დაგცინებს, ზოგი რჩევას მოგცემს და ბოლოს მაინც ვერაფერს გშველიან, - ხარხარებდა გაბადაძე.

- თქვენ რა გგონიათ, ფსიქოლოგი სხვა რამეს აკეთებს? მეგობრებისგან განსხვავებით, ის არც ერთ ჭიქას სვამს შენთან ერთად და არც რჩევას გაძლევს. უბრალოდ გისმენს. კარგი მეგობრები კი გეხმარებიან, ზოგჯერ სისულელის კეთებაშიც, მაგრამ ხომ გეხმარებიან, - შეეკამათა ანუკი.

ზურამ საათს დახედა, დრო უცებ გაპარულიყო ბებია-შვილიშვილთან ლაპარაკში, შეიშმუშნა და წამოდგა. - ეგ მართალია, ახლა მე წავალ და ისევ დავბრუნდები თქვენთან. ჩემი ნომერი იცით, ნებისმიერ დროს დარეკეთ.

ბებია-შვილიშვილმა მადლობა გადაუხადა გაბადაძეს, მაგრამ სახეებზე ეტყობოდათ, რომ არაფრის იმედი არ ჰქონდათ.

მშრალ ხიდთან ძვირად ღირებული მანქანა გაჩერდა და იქიდან გადმოსულმა წყვილმა მაშინვე მიიქცია ბუკინისტების ყურადღება. ელეგანტურ კაბასა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილ ელენეს შარვალ- კოსტიუმიანი გაბადაძე უმშვენებდა მხარს.

- რომელია? - ჩუმად გადაულაპარაკა გამომძიებელმა პატრულს და მხარზე ხელი დაუსვა.

- ის, მსუქანი, - ყურში უჩურჩულა ბიჭმა და ლოყაზე მოეფერა. - ასე მითხრეს, ჯერ დაუბეჭდავსაც კი გიშოვისო.

წყვილმა წიგნების თვალიერებით ჩაუარა დახლებს და ერთ-ერთ გამყიდველთან გაჩერდა. კაცი კუთხეში იჯდა და გემრიელად ილუკმებოდა. ინტერესით სავსე მზერა მოავლო მოსულებს და ფეხზე წამოდგა.

- საერთო ნაცნობმა გვითხრა, დაგეხმარებათო, - მიმართა გაბადაძემ გამყიდველს.

- გააჩნია, რაში, - ჩაილაპარაკა კაცმა.

- ძვირფასის, არარსებულის და იშვიათის შოვნაში, - დაუკონკრეტა გაბადაძემ.

- დაათვალიერეთ, - ხელები გაშალა კაცმა.

- ჩვენ რამე ძვირფასს, იშვიათს და ერთადერთს ვეძებთ. ფასს მნიშვნელობა არ აქვს.

კაცმა ქვევიდან ახედა ტანმაღალ გაბადაძეს.

- მეგობარი, რომლისთვისაც საჩუქარს ვეძებთ, "ვეფხისტყაოსნის" თაყვანისმცემელია. ამიტომ იშვიათი ან საიუბილეო გამოცემები თუ იქნება, უკეთესია. თქვენ თუ არა, იქნებ ვინმე სხვას ჰქონდეს, არც თქვენ დარჩებით ნაწყენი, - თითები ერთმანეთს გაუსვა გაბადაძემ.

გამყიდველმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა ძვირფას ტანსაცმელში გამოწყობილი წყვილი. მერე კოტიტა თითები პიჯაკზე შეიწმინდა და შიდა ჯიბიდან პატარა ფურცელი ამოიღო.

-აქ ჩემი ნომერია, შევძლებ თქვენ დახმარებას, რამდენიმე დღეში დამირეკეთ.

ელენემ ფურცელი პატარა ჩანთაში ჩაიდო და წყვილი მანქანისკენ დაიძრა.

- გაოცებული ვარ შენი სამსახიობო ნიჭით, ზურა, - აღფრთოვანება ვერ დამალა ქალმა, როგორც კი ბუკინისტებს დაშორდნენ.

- ამიტომაც მინდოდა თეატრალურში სწავლა, მაგრამ შეეშინდათ ჩემი ნიჭის და არ მიმიღეს. -

დამწუხრებული სახით ჩაღუნა თავი გაბადაძემ.

- მართლა არ მიგიღეს? - გაოცდა ქალი.

- კი,  ასე მითხრეს, პოლიციაში უფრო მეტად გამოგადგება შენი ნიჭი, აქ ისედაც ბევრნი ვართო, -

აგრძელებდა პოლიციელი.

- მორჩი მაიმუნობას, ზურა, წავედით აქედან, კაბა მიჭერს და ქუსლიანმა ფეხსაცმელმა ფეხები მატკინა.

- უნდა მიეჩვიოთ, ქალბატონო ელენე, - დაარიგა ბიჭმა.

- გავითვალისწინებ, - დააიმედა გამომძიებელმაც და მანქანის კარი გახსნა.

- ბატონო ნიკო, ქვევიდან რეკავენ, თქვენთან შეხვედრას ბატონი ლუკა დგვარელი ითხოვს სასწრაფოდ, - პროკურორის ოთახში შემოქანდა მდივანი.

ნიკომ გადაშლილი საქაღალდე სტვენით დახურა, „რამ შეგაწუხათ და აგაფორიაქათ, ბატონო ლუკა“, გაიფიქრა და წამოდგა.

- მე ზუსტად 5 წუთში დავბრუნდები, შენ დარეკე, ამოვიდეს დგვარელი, კაბინეტში შემოიყვანე და ჩაი-ყავა შესთავაზე. უთხარი, გასულია და სულ მალე მოვა-თქო. აქაა, შენობაში-თქო, - დაუბარა გოგონას, ჩქარი ნაბიჯით გადაჭრა კაბინეტი და „აიტიშნიკების“ იმ დიდი ოთახისკენ წავიდა, სადაც ყველაფერი იცოდნენ. საბა არ ელოდა პროკურორის გამოჩენას და დაბნეული წამოდგა ფეხზე. აქ, ძირითადად, გამომძიებლები შედიოდნენ, მაღალჩინოსნები იშვიათად.

- საბა, აბა, თუ რამე გაქვს დგვარელზე, უცებ მითხარი, - მხარზე ხელი დაჰკრა ნიკომ დაბნეულ ბიჭს. - სულ

5 წუთი მაქვს. რაც შეიძლება ბევრი და მოკლედ.

„აიტიშნიკმა“ სათვალე შეისწორა. - ბატონი ლუკა საკმაოდ შეძლებული კაცია, ეს ისედაც იცით. ბიზნესში არაფერი უჩანს. რამდენიმე გატაცება აქვს, მათ შორის, ცხენები და წიგნები. სულ 2 ცხენი ჰყავს, მაგრამ ისეთები, ნახევარი საქართველოს ბიუჯეტი რომ ღირს. წიგნებზეც იმავეს გეტყვი, მთელი მსოფლიოდან ყიდულობს უძველეს და იშვიათ გამოცემებს. ამისთვის არც ძალას იშურებს და არც ფულს. როგორც ჩანს, ჩხაიძეც ამარაგებდა წიგნებით. ესეც თავის მხრივ უცვლიდა ხოლმე რაღაცებს. მოკლედ, თანამშრომლობდნენ, მაგრამ დაკარგულ წიგნებზე, არც „ვეფხისტყაოსანზე“ და არც გაბლიანზე, არაფერი ჩანს. ჩხაიძის სიკვდილის შემდეგ მისი სახელიც არ უხსენებია. ახლაც ვიღაცისგან ძვირად ღირებულ გამოცემას ყიდულობს. ჯერ არ ვიცი, რა არის და რა თანხაზეა საუბარი. როგორც ჩანს, შეთანხმება ტელეფონით და ინტერნეტით არ მომხდარა. ზოგადად, უცნაური კაცია, ამხელა ბიზნესი აქვს და იშვიათი მიმოწერა, უფრო იშვიათი სატელეფონო საუბრები. შეიძლება ვიღაც სხვა აგვარებს მსგავს საკითხებს. ვმუშაობ მის უახლოეს წრეზე.

- მადლობა, საბა, თუ რამე ახალი იქნება, ან ელენესთან, ან პირდაპირ ჩემთან. შენთვის სულ მწვანეა ტელეფონზეც და კაბინეტშიც. - ნიკომ ისე სწრაფად გააღო კარი და გამოვიდა, რომ რაღაცის სათქმელად მომზადებულ საბას სიტყვის თქმა არ დააცადა.

*****

- რამ შეგაწუხათ, ბატონო ლუკა? - პროკურორი ფართო ნაბიჯით და გაღიმებული სახით შევიდა კაბინეტში. - მაპატიეთ, თუ გალოდინეთ. როგორც კი მითხრეს, მაშინვე თქვენთან წამოვედი.

- პატარა საქმე მაქვს, ბატონო ნიკო, - ხელი ჩამოართვა დგვარელმა ნიკოს. - თქვენ იძიებთ დავით ჩხაიძის სიკვდილის ამბავს და ამასთან დაკავშირებით მინდოდა საუბარი.

- სიამოვნებით, მაგრამ ხომ იცით გამოძიების ინტერესები, შეიძლება ბევრი ვერაფერი გითხრათ.

- არა, არა, უფრო მე მინდოდა რაღაც მეთქვა.

- დაბრძანდით და გისმენთ, ბატონო ლუკა, - ნიკომ სავარძელი შესთავაზა სტუმარს და თვითონაც მის წინ დაჯდა, ასე უფრო თავისუფლად იქნებოდა ბიზნესმენი, ვიდრე პროკურორის სამუშაო მაგიდასთან დასკუპებულ ნიკოსთან. დგვარელი უფრო ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე ეკრანიდან ჩანდა. შარვალ-კოსტიუმი მისი ჩვეული და ყოველდღიური ტანსაცმელი იყო ალბათ, ისე თავისუფლად გრძნობდა მასში თავს.

- ბატონო ნიკო...

- პირდაპირ ნიკო იყოს, ბატონო ლუკა, რამეს ხომ არ დალევთ? - შეაწყვეტინა ნიკომ.

- არა, მადლობა, თქვენმა მდივანმა უკვე შემომთავაზა. ამ სახელმწიფო დაწესებულებაში თანამშრომლებს, ჭკუის გარდა, ფიზიკური მახასიათებლებითაც ირჩევთ? ამდენი ლამაზი ფორმიანი პირველად ვნახე, მისაღებიდან დაწყებული, შენი მდივნით დამთავრებული.

ნიკოს გაეღიმა. - ეგ კადრების განყოფილების საქმეა, ბატონო ლუკა, აუცილებლად დავინტერესდები მათი საქმიანობით. ვისკის ხომ არ ინებებთ? ჩემმა კოლეგამ მაჩუქა ერთი ბოთლი და გამისინჯეთ, აბა, როგორია.

- ყინული თუ გაქვთ, დავაგემოვნებ, - სკამზე შესწორდა ბიზნესმენი.

- ვიშოვით, - წამოდგა ნიკო და კაბინეტიდან გავიდა. „ასე რა, რად უნდა ამხელა ბიზნესმენს ჩაი და ყავა, იცის კაცმა, რა უნდა დალიოს. რა ბედზე მაქვს ეს ვისკი, ერთი ბოთლი კიდევ უნდა ვიყიდო“ - ფიქრობდა ნიკო და დერეფანში გარბოდა.

დგვარელმა ჭიქაში ჩასხმული ვისკი შეარხია და მასზე თვალმოუშორებლად თქვა: დავით ჩხაიძეს უკვე წლებია ვიცნობ. სოფლიდან ჩამოსული უმამო, ხელმოკლე, ნიჭიერი სტუდენტი მათემატიკურზე სწავლობდა და კურსზე მაგაზე ძლიერი არავინ იყო. მე ინჟინერიას ვსწავლობდი და მათემატიკაში ცოტა მოვიკოჭლებდი. მაშინ გავიგე ჩხაიძის შესახებ, ისიც, რომ მატერიალურად უჭირდა და გამოცდებისთვის მომზადებაში დახმარება ვთხოვე. თამარიც, მისი მეუღლე, მე გავაცანი, ჩემი ჯგუფელი იყო. ისიც დავითთან ემზადებოდა. რამდენიმე ვიყავით და ყველამ ძალიან კარგად ჩავაბარეთ იმ წელს გამოცდა. მერე მთელი სტუდენტობა მოსწავლეები არ მოჰკლებია. მაშინ დაიწყო თამარის და მისი რომანიც. მათ ქორწილშიც ვიყავი, კარგად მოვილხინე. მერე მე მოსკოვში გავაგრძელე სწავლა. იქვე დავრჩი. არც ტელეფონი იყო და არც ინტერნეტი. დავკარგეთ ერთმანეთი. თამარის გარდაცვალებაც გვიან გავიგე. ერთი შვილი ჰყავს, ირაკლი. ამბობენ, კარგი ბიჭიაო. დათუნა მეუბნებოდა, გაგაცნობო, მაგრამ ვერ მოასწრო. მოკლედ, ახლახან განვაახლეთ ურთიერთობა, ერთ საღამოს შევხვდით ერთმანეთს. თურმე ორივე იშვიათ გამოცემებს ვაგროვებდით. გავიხსენეთ ახალგაზრდობა. რამდენჯერმე ჩემთანაც დავპატიჟე, მეც ვიყავი მასთან. რამდენიმე წიგნი ვაჩუქე, მანაც მომიძებნა რაღაცები. ის უფრო იცნობდა საჭირო ხალხს, ვიდრე მე. მე ფული მქონდა, მას კავშირები. ცუდს არაფერს ვაკეთებდით, გულს ვახარებდით ორი მოხუცებული. ტელევიზორში მოვისმინე მის სიკვდილთან დაკავშირებით ეჭვებზე, ჩემი გვარიც ახსენეს. არ ვიცი,  რა წიგნებზეა საუბარი, მაგრამ როცა გენებოთ, ვინც გინდოდეთ, ის გამომიგზავნეთ. არაფერს ვმალავ, ამიტომ მოვედი აქ.

- ძალიან დიდი მადლობა, ბატონო ლუკა, მართლა გაგვიადვილეთ საქმე. ამას დავიმახსოვრებ და თუ საჭიროდ ჩავთვლი, აუცილებლად გესტუმრებით.

- ვიცი თქვენი ამბავი, არ მოგერიდებათ, - გაიღიმა დგვარელმა.  -ამიტომაც მოვედი ჩემი ფეხით, არ მიყვარს თქვენი პროფესიის ხალხი და რა ვქნა. ამ საქმეს რომ დაამთავრებთ, მერე მე გეპატიჟებით კარგ ვისკიზე, შოტლანდიურზე.

დგვარელი წამოდგა, კიდევ ერთხელ ჩამოართვა ხელი ნიკოს და კაბინეტი დატოვა.

სალომე ტაბატაძე

გაგრძელება იქნება