პროფესორის მკვლელობა - თავი 7 - Marao

პროფესორის მკვლელობა - თავი 7

2023-03-09 09:36:33+04:00


წინა თავი

"ელენე, რამე ახალი არის?" - მოუვიდა შეტყობინება პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლისთანავე ქალს.

"მნიშვნელოვანი არაფერი, ირაკლი, მხოლოდ წიგნების ქურდი დავიჭირეთ, დნმ-ზე ვამოწმებთ, მაგრამ არა მგონია, ეს მამაშენის მკვლელი იყოს, ერთი თავხედი სტუდენტია", - მისწერა პასუხად. "ბოდიში გვიან შეწუხებისთვის, ღამე მშვიდობისა, არ მძინავს და თუ ლაპარაკი გენდომება, მისამართი იცი".

"მოვიფიქრებ, მაგრამ არა მგონია, დღეს დატვირთული დღე მქონდა, სახლში მინდა."

"კარგი, ღამე მშვიდობისა".

ელენემ განათებულ ეკრანს კიდევ ერთხელ დახედა, გაეღიმა, მაგრამ მაშინვე დატუქსა თავი. "ასე არ შეიძლება", ირაკლის გამოჩენამ სულ მთლად არია ქალის ისედაც დაუწყობელი პირადი ცხოვრება. ორი კაცი ერთდროულად უკვე მის ძალებს აღემატებოდა, მაშინ, როცა ერთთანაც კი ვერ აწყობდა ცხოვრებას. ისე, საინტერესოა, ირაკლის ფრანგი მეგობარი გოგო რას იტყოდა მის თბილისურ თავგადასავალზე. "ცოტა ხნით მარტო ყოფნა მჭირდებაო", დაასკვნა ქალმა და მანქანა დაქოქა. სახლი ცივი, მაცივარი კი ცარიელი ელოდა, მაშინ, როცა ჩხაიძეებთან სითბოც იქნებოდა და შეიძლება შემწვარი კარტოფილიც. "ჯანდაბას მარტო ყოფნა, ერთხელ მოვდივარ ქვეყანაზე, არ მინდა მარტო" - გაიფიქრა ქალმა და ჩხაიძეების სახლისკენ მიმავალ ქუჩას დაადგა.

ლადო დგვარელი დიდ, წითელაგურებიან სახლში ცხოვრობდა. ნახევარ ოთახებში არც კი შედიოდა. მისი ძირითადი სამოძრაო ნაწილი სამზარეულო, საძინებელი და ბიბლიოთეკა იყო, რომელსაც სამუშაო კაბინეტის ფუნქციაც ჰქონდა შეთავსებული. ამ ოთახში ატარებდა ბიზნესმენი დროის უდიდეს ნაწილს. სტუმრებსაც აქ იღებდა და სიამაყით აჩვენებდა წიგნების იშვიათ გამოცემებს. პროკურორი და პოლიციელიც ამ კაბინეტში მიიღო. ნამდვილი შოტლანდიური ვისკი შესთავაზა ორივეს და მყუდროდ მოეწყო რბილ ტყავის სავარძელში.

- აქამდეც გელოდით, ბატონებო, მიხარია თქვენი ნახვა, - მიმართა ახალგაზრდებს.

- ჩემს ვისკის ეს ჯობია, ბატონო ლადო, - შეუქო სასმელი ნიკომ. დგვარელს გაეცინა - ცოტა მეტს ვხარჯავ სასმელში, ვიდრე შენი სამინისტრო, ნიკო. დალიე და დამიჯერე, ამაზე ნაკლებს აღარაფერს დალევ.

გაბადაძე ხმას არ იღებდა, ოთახის სიმდიდრით მონუსხული ნელა-ნელა თანმიმდევრობით ათვალიერებდა კედლებს, თაროზე დალაგებულ წიგნებს და ძვირფას ნივთებს, რომელთა უმეტესობა, ალბათ, ნაჩუქარი იყო.

- მხოლოდ ვისკისთვის არ მესტუმრებოდით ორი კაცი, აბა, გისმენთ, - წამოიწყო დგვარელმა.

- ბატონო ლადო, ჯერ საქმის რაღაც ნაწილს მოგახსენებთ. ჩვენ ავიყვანეთ 27 წლის თომა გურული, რომელსაც გასაყიდი ჰქონდა დავით ჩხაიძის კუთვნილი წიგნი, სავარაუდოდ, მისი სახლიდან მოპარული. გეცნობათ ეს სახელი და გვარი?

- უნდა მეცნობოდეს?

- წესით კი, ის ამტკიცებს, რომ თქვენი შვილიშვილის მეგობარია, თქვენს სახლში ბევრჯერ არის ნამყოფი. გარდა ამისა, თქვენ მიეგზავნეთ დავით ჩხაიძესთან საგამოცდო ნიშნის მისაღებად.

- ჰოოო, - გააგრძელა სიტყვა დგვარელმა. - კი, ვიცი, მახსოვს, ვინც არის, ჩემს შვილიშვილთან ახლო მეგობრობის რა გითხრა, მამამისს ბიზნესი აქვს, მშრომელი კაცია, მან მთხოვა, სიტყვა შემეწია დათოსთან.

- გამოგივიდათ რამე?

- დათო არ იყო ისეთი ტიპი, სტუდენტი ეწამებინა. ერთი-ორჯერ მოვიდესო, მითხრა; რაღაცებს მივცემ სასწავლადო. აბა, პირდაპირ ხომ არ დავუწერ ნიშანსო. ისე, თავხედი ბიჭიაო, ამბობდა. არ მიყვარს ასეთი ახალგაზრდებიო.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, შეეძლო ჩხაიძის მოკვლა?

დგვარელი დაფიქრდა...

- რამდენჯერმე მყავს ნანახი ეს ბიჭი. თავხედია, ტუტუცი, ცანცარა და ცუდად გაზრდილი. ჩემი გამოცდილებით, ასეთებმა ლაპარაკი იციან და არა მოქმედება. ჩხაიძე კი ისეთმა მოკლა, ვინც ცოტას ლაპარაკობს და ბევრს აკეთებს. დინჯად მუშაობს და აჩქარება არ უყვარს.

- საინტერესო ანალიზია, ბატონო ლადო, - ნიკომ ჭიქას ჩახედა. - შეიძლება კიდევ დავისხა?

- რა თქმა უნდა, ამ ახალგაზრდასაც შესთავაზე, ჩუმად რომ ზის. მომწონს ეს ბიჭი. ხმას არ იღებს, სამაგიეროდ, ერთი სიტყვა არ გამორჩენია.

გაბადაძე სავარძელში შეიშმუშნა. ესიამოვნა ქების მოსმენა, მაგრამ თავი უხერხულად იგრძნო.

- თქვენ რომ ბუკინისტისგან წიგნებს ყიდულობთ, იცით, ვინაა მისი ერთ-ერთი მიმწოდებელი? სწორედ თომა გურული, - თქვა ნიკომ და რეაქციას დააკვირდა.

ბიზნესმენმა ვისკი მოსვა. - რა გამოდის, რომ შეიძლება ჩხაიძის მოპარული წიგნები მე მქონდეს ნაყიდი? ან კიდევ უკეთესი, ჩემივე წიგნებს მევე ვყიდულობდე? სასაცილოა, სასაცილო.

- ბოლო პერიოდში ბევრი წიგნი შეიძინეთ, - ხმა ამოიღო გაბადაძემ.

- კი, საკმაოდ, შეგიძლიათ დაათვალიეროთ, ზუსტად აღარ მახსოვს, რომლები იყო.

ნიკოს გაეღიმა. დგვარელს არ უნდოდა, მის წიგნებს ვინმე შეხებოდა. ეს კოლექციონერის თვისება იყო და არც ბატონი ლადო იქნებოდა გამონაკლისი.

-არა, ახლა არ შეგაწუხებთ, - გაუღიმა პროკურორმა. - ისე, ბატონო ლადო, თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს, ისე, მეგობრულ-ადამიანურად. - თავი ჩაღუნა ნიკომ და რეაქციას დაელოდა. გაბადაძეს ცნობისმოყვარეობით თვალები გაუფართოვდა და სავარძელზე წამოიწია.

- გისმენ, ნიკო, - დაინტერესდა ბიზნესმენი.

- მე ერთ ამბავს მოგიყვებით. თქვენ გადაწყვიტეთ, იმ ხალხს დაეხმარებით თუ არა. ნებისმიერი პასუხი მისაღები იქნება ჩემთვის. ბებია-შვილიშვილი გიგაურები მარტო ცხოვრობენ საირმის ქუჩაზე. ბებია მასწავლებელია, შვილიშვილი ანუკი - სტუდენტი. პატარა სახლი აქვთ ბაღით. რამდენიმე წლის წინ მათ მეზობლად თემურ არაბული გადმოსახლდა, დიდი სახლი ააშენა და ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ გიგაურებმა სახლი მიჰყიდონ. იმდენად მცირე თანხას სთავაზობს, იმით გარეუბანშიც ვერ შოულობენ საცხოვრებელს. შეგიძლიათ არაბულს დაელაპარაკოთ? - ნიკომ ამოისუნთქა და მუდარით სავსე თვალები მიანათა დგვარელს. კაცი რამდენიმე წამი ჩაფიქრებული დასჩერებოდა მაგიდას. გაბადაძემ იფიქრა, უარის თქმას აპირებსო და ნაჩქარევად წამოიყვირა: - იცით, რა კარგი ხალხია? კულტურული, განათლებული, იქნებ დავეხმაროთ. - და ახლა ის შეაჩერდა თვალებში კაცს.

- რა გვარი თქვით? - იკითხა ბატონმა ლადომ.

- თემურ არაბული, - ერთდროულად უპასუხა ორივემ.

დგვარელი წამოდგა, კაბინეტიდან გავიდა და ხმამაღლა ვიღაცას დაუძახა. ოთახში მაღალი, თავისი ასაკისთვის ძალიან ლამაზი, კოხტად ჩაცმული ქალი შემოვიდა და ახალგაზრდებს მიესალმა.

- ეს ჩემი მეუღლეა, ბატონებო, ესენი კი პროკურატურიდან არიან, - გააცნო ქალს სტუმრები.

- ძვირფასო, თემურ არაბულის სახელი საიდან მეცნობა, იქნებ გამახსენო, - მიმართა ქალს და თბილად დაუსვა მკლავზე ხელი. ქალმა ინტერესით სავსე მზერა ჯერ პოლიციელებზე გადაიტანა, მერე ისევ ქმარს შეხედა.

- ერთხელ რაღაც პროდუქტის ექსპორტის თაობაზე მოვიდა, ჩვენი სატვირთოებით სარგებლობა უნდოდა. რამე მოხდა? დააშავა რამე?

- არა, არა, ისე, სხვა საქმეა, მერე მოგიყვები. დავეხმარეთ თუ უარით გავისტუმრეთ?

- დავეხმარეთ, მაგრამ მერე პრობლემები შეგვიქმნა და აღარ გაგვიგრძელებია ურთიერთობა.

- გამახსენდა, გამახსენდა, - წამოიძახა დგვარელმა. - შეგიძლია არაბულის ტელეფონის ნომერი გამიგო? ძალიან მჭირდება.

- რა თქმა უნდა, ცოტა ხანი დაგტოვებთ. ბოდიში, ბატონებო. თქვენ რამეს ხომ არ ინებებთ? სასმელი და ტკბილეული შემიძლია შემოგთავაზოთ, - გაუღიმა ახალგაზრდა ქალმა.

- არა, ქალბატონო, ბატონი ლადო სასმლით გაგვიმასპინძლდა უკვე, - გაუღიმა ნიკომ და ფეხზე წამოდგა. გაბადაძემაც მას მიბაძა.

- დასხედით, დასხედით, - ისევ სავარძლებზე მიუთითა დგვარელმა. - მიყვარს თქვენნაირი ახალგაზრდები, ადამიანს გაჭირვებაში რომ არ ტოვებენ. ვხვდები როგორ გაგიჭირდათ ჩემთვის დახმარების თხოვნა და ვაფასებ ამას. ყველაფერს გავაკეთებ და ორ დღეში დაგირეკავთ. ასე გააგრძელეთ და თუ კიდევ დაგჭირდეთ, მისამართი იცით, ნებისმიერ დროს თქვენ გვერდით მიგულეთ.

გაოცებულმა პოლიციელებმა ერთმანეთს გადახედეს. წამოდგნენ და მასპინძელს დაემშვიდობნენ. ისე გაიარეს ეზო, გადაჭრეს ქუჩა და ჩასხდნენ მანქანაში, ხმა არცერთს ამოუღია.

- აბა, რას ფიქრობ? - სიჩუმე დაარღვია ნიკომ.

- რაზე? - კითხვა შეუბრუნა გაბადაძემ.

- დგვარელის და გურულის ურთიერთობაზე.

- არა მგონია, ბატონ ლადოს ლაწირაკ გურულთან რამე საქმე ჰქონდეს.

- მეც ასე მგონია, - დაეთანხმა პროკურორი. - როგორ ფიქრობ, დაეხმარება ანუკის და ქალბატონ ლამარას?

- მგონია, რომ კი, - თავი დაუქნია პოლიციელმა. რამდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოვარდა, ორივე თავის ფიქრებში წავიდა.

- ნეტავ გურულის ადვოკატი ვინ არის, - ალაპარაკდა ისევ პროკურორი. - ძალიან მაღიზიანებს ეგ ბიჭი უკვე.

- მეც, ბატონო ნიკო, მაგრამ მაგ ბიჭს, დიდი-დიდი, ქურდობა დავუმტკიცოთ. მკვლელობას ვერაფერს ვუზამთ.

- მეც ასე მგონია, - ჩაილაპარაკა ნიკომ და მანქანა დაქოქა. - ელენეს დაურეკე, ზურა, იქნებ მაგან მაინც გაიგოს რამე.

პოლიციელმა ელენეს ნომერი მოძებნა ტელეფონში.

- ქალბატონო ელენე, რამით გაგვახარე, თუ არა გასკდა უქონელ-უპატრონო გაბადაძის გული დგვარელის სასახლის ყურებით.

- ვერაფრით გაგახარებ ვერც შენ და ვერც ბატონ პროკურორს. არავინ არაფერი იცის, ან ძალიან უყვართ ეს ჩვენი გურული და ხელს აფარებენ.

- უხ მაგის, - ჩაიბურდღუნა ნიკომ და პოლიციელს ანიშნა, ტელეფონზე გათიშეო. - ახლა ჩვენ კაბინეტში დავბრუნდებით, ელენეც შემოგვიერთდება და თავიდან დავიწყებთ ყველაფერს.

II ნაწილი

- ეს სტუდენტები გიჟებივით დარბიან, თითქოს პატარები იყვნენ, - ბრაზობდა ხანში შესული პროფესორი და გვერდით მდგომ ახალგაზრდა კოლეგას შთაბეჭდილებებს უზიარებდა მომავალ თაობაზე. - არა, ჩვენს დროს ასე სად იყო, რასაც გვეტყოდა უფროსი, იმას ვაკეთებდით, სულ აღარ აქვთ მორიდება, - აგრძელებდა პროფესორი. ახალგაზრდა თავს უქნევდა, მაგრამ ერთი სული ჰქონდა, თვითონაც სტუდენტებს შეერთებოდა და მღვიმეში შესულიყო.

- მაშ ასე, - ამჯერად ხმამაღლა იყვირა კაცმა. - ეს კარსტული მღვიმეა, საშიშია, რადგან არ ვიცით, რა შეიძლება დაგვხვდეს. ადგილობრივებიც მხოლოდ ერთ დარბაზში შედიან ხოლმე, როცა საქონლის მწყემსვისას წვიმა მოუსწრებთ. ფრთხილად იმოძრავეთ და ერთმანეთს არ დაშორდეთ. არც ერთი ზედმეტი ნაბიჯი ჩემ გარეშე. აბა, აიღეთ ფანრები, - დაასრულა სტუდენტების გაფრთხილება და წინ გაუძღვა მათ.

მღვიმის შესასვლელი ვიწრო და ბნელი იყო, არც ღამურები ჩანდნენ. დიდი ხანია ფეხი არავის დაედგა. პირველივე დერეფნის შემდეგ დარბაზი გამოჩნდა. კედლებზე აქა-იქ სისველე შეიმჩნეოდა, მაგრამ მღვიმისთვის დამახასიათებელი სტალაგმიტები და სტალაქტიტები არ ჩანდა. როგორც ჩანს, ეს მღვიმე დიდი ხანია ასე მშრალად ინახებოდა. სტუდენტები გაიფანტნენ და დარბაზს მოედნენ. ფოტოების გადაღება უფრო აინტერესებდათ, ვიდრე პროფესორის მოსმენა, რომელიც გატაცებით ჰყვებოდა მღვიმის წარმოქმნის ქიმიურ პროცესს: ისინი წარმოიქმნება წყალში ხსნადი და ნაპრალოვანი ქანების: კირქვა, დოლომიტი, თაბაშირი და ა.შ. გამოტუტვით და გადარეცხვით. აგრეთვე სუფოზიური, აბრაზიული, ეოლური და სხვა პროცესებით....

- აქ ნაპრალია, - სიტყვა გააწყვეტინა ერთმა სტუდენტმა და ფარანი შორეული კუთხისკენ მიმართა.

- აქაც ეს არ ისვენებს, - ჩაილაპარაკა პროფესორმა და სტუდენტისკენ წავიდა. - აბა, მაჩაბელი, ახალი მეცნიერული აღმოჩენა გავაკეთეთ?

მაჩაბელს მისი შეკითხვა აღარ გაუგონია, უკვე ნაპრალში მიძვრებოდა და მისი ხმა იკარგებოდა.

- ბატონო ვაჟა, ფეხსაცმელი, - ყვირილით გამოვარდა სტუდენტი. - და კიდევ, კიდევ ჩონჩხია...

- ნუ მაიმუნობ რაღაცას მაჩაბელი, - სახეზე ფარანი მიანათა პროფესორმა, მაგრამ ბიჭის გათეთრებული სახე რომ დაინახა, ნაპრალისკენ დაიძრა.

- არავინ გამომყვეს, - გამოაცხადა და გაუჩინარდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ბატონი ვაჟას ყვირილი ისმოდა: ყველა გარეთ, ჩქარა გარეთ.

სტუდენტები ინტერესით იყურებოდნენ ნაპრალისკენ და გარბოდნენ.

რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიციამ ლენტი გააბა და ფარნებით შეიარაღებული ფორმიანები მღვიმეში გაუჩინარდნენ. თვალით არაფერი ჩანდა, აქოშინებული ვაჟა გობეჯიშვილი პოლიციელებს წინ მიუძღოდა. ნაპრალში სათითაოდ შედიოდნენ და ფარნის შუქზე მომცრო დარბაზს ათვალიერებდნენ. კედელთან მჯდარ ჩონჩხს თავზე ტყავის ქუდი ჰქონდა ჩამოფხატული, ქვედა ყბა ჩამოვარდნოდა და კბილები ისე დაკრეჭვოდა, თითქოს უცინოდა მოსულებს. აქა-იქ ტანსაცმლის ნარჩენებიც ჩანდა და ცალ ფეხზე ტყავის ფეხსაცმელი შერჩენოდა.

გვამს ახალგაზრდა გამომძიებელი და უკვე ხანში შესული ექსპერტ-კრიმინალისტი მიუახლოვდნენ. პირველადი დათვალიერების მერე რთული სამუშაო ელოდათ. ვიწრო ნაპრალში მისი ფორმაუცვლელად გამოტარება რთული იქნებოდა.

ექსპერტმა დიქტოფონი ჩართო და პირველი ჩანაწერის გაკეთება დაიწყო: საძალიხევის მღვიმის მეორე დარბაზში აღმოჩენილია ადამიანის ძვლები. ფორმა შენარჩუნებულია, პირველადი დათვალიერებით და მენჯის ძვლის ფორმის მიხედვით მამაკაცია, დაახლოებით 35-45 წლის. დამჯდარ მდგომარეობაში, შეიმჩნევა ფუძის ძვლის მოტეხილობა, სიკვდილის მიზეზი ეს უნდა იყოს. ამასთან, ჩამსხვრეულია თავის ქალის კეფის წილი. სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით. სიკვდილის ზუსტი დროის განსაზღვრა ამჯერად რთულია. შინაგანი ორგანოები გამოფიტულია.

ექსპერტმა ჩამწერი გამორთო და ახალგაზრდა გამომძიებელს ქოშინით მიუბრუნდა: ვანო, ეს აშკარად მკვლელობაა და თან დიდი ხნის წინ მომხდარი. მე ყველაფერში დაგეხმარები, მაგრამ ვატყობ, გაუხსნელ საქმეებში დაიდებს ბინას. ასეთი გატეხილი თავით თავისი ფეხით არ მოდიან მღვიმეში. გადავასვენოთ და დანარჩენს რაც შეიძლება მალე გავარკვევ, მაგრამ რთული იქნება ამ ნაპრალში გავლა.

- იქნებ როგორმე ასევე გადავიყვანოთ, დღის სინათლეზე მინდა დათვალიერება, - არ ნებდებოდა გამომძიებელი.

- შენი მერამდენე საქმეა, ვანო? - ჰკითხა ექსპერტმა, რომელიც გულგრილად აგრძელებდა ფოტოების გადაღებას და ჩონჩხის დათვალიერებას.

- მეორე, - ჩაიბურდღუნა ვანომ.

- მძიმე და რთული ამბავი შეგხვდა, ვაღიაროთ, ამდენი ხნის გარდაცვლილი ადამიანის იდენტიფიკაციაც კი რთულია, დანარჩენზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

- არა უშავს, მე ცდას არ დავაკლებ, - იმედიანად ჩაილაპარაკა გამომძიებელმა და გვამთან დაიხარა.

- აქ რაღაცაა, - აყვირდა ერთ-ერთი პოლიციელი და ნაპრალთან ახლოს ტყავის ნაჭერზე მიანათა ფანარი. გამომძიებელმა და ექსპერტმა გვამს თავი ანებეს და პოლიციელისკენ დაიძრნენ. მიწაზე დიდი ხნის გამომშრალი ტყავის პატარა ოთხკუთხა ნაჭერი ეგდო.

- ეს ან საფულეა, ან ტანსაცმლის ნარჩენი, იქნებ გაგვიმართლოს და ვინაობის დადგენაში დაგვეხმაროს, - იმედიანად ჩაილაპარაკა ექსპერტმა და ტყავის ნარჩენები ფრთხილად ჩადო პოლიეთილენის დასალუქ პაკეტში.

გარეთ სტუდენტები ხმაურობდნენ, პროფესორი ვერ აკმაყოფილებდა მათ ცნობისმოყვარეობას. მღვიმიდან გამოსული პოლიციელის დანახვაზე სიჩუმე ჩამოვარდა.

- გამომძიებელი ვანო კაკაბაძე, - თავი წარუდგინა მათ ახალგაზრდამ. - ვინ იპოვა გვამი?

- მე, - წინ გადადგა ნაბიჯი ერთმა სტუდენტმა. სახე გაჰფითრებოდა და ხმაც უკანკალებდა.

- ხელი ხომ არაფრისთვის გიხლია?

- არა, მაშინვე უკან გამოვიქეცი, როგორც კი დავინახე, არაფერს მივკარებივარ.

- კარგია, მეგობარო, ნუ ნერვიულობ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, - დაამშვიდა ბიჭი გამომძიებელმა. - ამ მღვიმის კვლევის გადადება მოგიწევთ ცოტა ხნით, - მიუბრუნდა მოხუც პროფესორს. მან პასუხად რაღაც ჩაიბურდღუნა და გასასვლელისკენ გაბრუნდა. უკმაყოფილო სტუდენტებიც მას გაჰყვნენ.

"აქამდე არავის გახსენებია და არავინ შემოსულა აქ, ახლა რა ეწყინა, უცნაური ხალხია რა" - ფიქრობდა კაკაბაძე და ისევ ნაპრალში მიძვრებოდა.

დილაადრიან ვანო უკვე ექსპერტიზის ბიუროში იყო და ექსპერტ-კრიმინალისტს ელოდა. მთელი ღამის უძილობა სახეზე ეტყობოდა და ძლიერი ყავით ცდილობდა გამოფხიზლებას.

- რა იყო, ვანო, სახლში არ წასულხარ? - მისალმების მაგივრად ჰკითხა კრიმინალისტმა.

- არა, არქივში ვიყავი, დაკარგულ ხალხზე ვარკვევდი რაღაცებს. რამდენიმე ვარიანტი მაქვს, შენგან მჭირდება, დეტალები რომ ამოვარჩიო, - თვალები მოისრისა კაკაბაძემ.

- მოდი, შემოდი და რითაც შევძლებ, დაგეხმარები. წვივის ძვლის მიხედვით, 175-180 სმ მამაკაცი ევროპეიდული რასის, კავკასიელი. სახის ძვლების რეკონსტრუქციას ვახდენ, მოვლენ ბიჭები და დაახლოებით ფოტოსაც გაგიკეთებთ, - გვამს დასტრიალებდა თავზე ექსპერტი, ძვლებს ათვალიერებდა და თან სათვალეს ისწორებდა. ვანოს ღებინების შეგრძნება ჰქონდა, მაგრამ თავს იკავებდა და უყურებდა.

- კიდევ რას მეტყვი? - ნერწყვი ძლივს გადაყლაპა გამომძიებელმა.

- დაახლოებით 35-45 წლისაა, ზუსტად ჩონჩხის ანალიზის შემდეგ გეტყვი. რბილი ქსოვილი თითქმის არაა შენარჩუნებული, მხოლოდ ადგილ-ადგილ არის, ისიც გამოფიტული. ძალიან საინტერესო ტატუირება აქვს მხარზე. ხელნაკეთი მელნით შესრულებული, როგორც იმ პერიოდში იყო მიღებული.

- ციხეში გაკეთებული?

- არა მგონია, უფრო ჯარში. ალბათ, მეორე მსოფლიო ომში იქნებოდა ნამყოფი, როგორც იმ დროის ქართველების უმეტესობა, საბჭოთა ვარსკვლავი ახატია და კიდევ ფეხში ყოფილა დაჭრილი. ჭრილობაზე დიდად არ უზრუნია, როგორც ჩანს, გაურთულდა კიდეც. ალბათ, ფრონტზე დაიჭრა და ვერ უმკურნალეს სათანადოდ. ნაპოვნი ტყავის ნაჭრები საფულე აღმოჩნდა. შიგ ან ფული იდო, ან საბუთები. მუშაობენ მაგაზე. სკანირებას ახდენენ და იქნებ რამე ინფორმაცია მოგვცეს.

- როდის დაამთავრებენ? - თავს ვეღარ იკავებდა ვანო, ისე უნდოდა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა.

- როგორც კი დაამთავრებენ, დაგირეკავენ. ცუდად გამოიყურები. წყალი გინდა? უნდა მიეჩვიო, ვანო, ბევრი ამაზე უარესი შეგხვდება, - დააიმედა ექსპერტმა.

- ესე იგი, რა გამოდის, - აგრძელებდა კაკაბაძე, - ვეძებ მამაკაცს, ქართველს, ომის მონაწილეს, ტატუირებიანს და ფეხში დაჭრილს. ბევრი ვერაფერი ამბავია. ქართველებიდან 700 ათასი მონაწილეობდა ომში, 400 ათასი დაბრუნდა, მერე ამათგან ზოგი გადაასახლეს და ზოგი თავისი ნებით წავიდა ქვეყნიდან. მათი სიები სად იქნება? იქნებ ის კაცი ან გადასახლებაში ჰგონიათ, ან წასული. როგორ მოვძებნო, ამდენ დაკარგულ ხალხში ეს ვინაა.

- როგორ და ისევ წადი არქივში, ჯერ ასაკის მიხედვით გაცხრილე და მერე ისეთი ეძებე, ვინც შეიძლება მოეკლათ. ასე გვამის გადამალვაზე ტყუილად არ იზრუნებდნენ. მე შენს ადგილზე ჯერ დაკარგულებს კი არ დავუწყებდი ძებნას, ჯერ პოლიციის არქივში წავიდოდი და პოლიციის თანამშრომლებს, მოსამართლეებს, გამქრალ მოწმეებს, მოკლედ, იმ ხალხს მოვძებნიდი, ვისი გადამალვაც ასე ძალიან ენდომებოდა ვიღაცას.

***

ვანოს ტანსაცმელი უკვე მთლიანად გასთეთრებოდა ქაღალდის მტვრით. იმ დროის არქივში ყველაფერი თავდაყირა იყო. ზოგი ფურცელი ისე გაცრეცილიყო, აღარაფერი ჩანდა. ან მელანი იყო გადღაბნილი, ან ფურცლები ისე იყო მიკრული ერთმანეთზე, მათი დაშლა შეუძლებელი ხდებოდა. მთელი დღე იჯდა გამომძიებელი ბნელ ოთახში, მაგრამ ჯერ საინტერესო ვერაფერი აღმოაჩინა. უამრავი შესაძლო ვარიანტიდან ერთის ამორჩევა შეუძლებელი იყო, თან მაშინ, როცა ხელმოსაჭიდი არაფერი ჰქონდა. დაღლილმა თავი მაგიდაზე ჩამოდო და წათვლიმა, მაგრამ ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა.

- გამომძიებელი ვანო კაკაბაძე ბრძანდებით? - ახალგაზრდა ქალის ხმა გაისმა ტელეფონში.

- დიახ, მე ვარ.

- ბატონო ვანო, მე ევგენია სეხნიაშვილი ვარ, თქვენი საქმის მასალები მე გადმომეცა ექსპერტიზისთვის. იქნებ ლაბორატორიაში მობრძანდეთ. მგონი, რაღაც საინტერესო ვიპოვე. იქნებ დაგეხმაროთ.

- მოვდივარ, - წამოიძახა უცებ გამოფხიზლებულმა ვანომ და ჩანთას ხელი დაავლო.

***

- ბატონი ვანო თქვენ ბრძანდებით? - კარებში შესვლისთანავე შემოეგება ახალგაზრდა გოგონა, - მე გესაუბრეთ.

გამომძიებელმა თვალის ერთი შევლებით შეათვალიერა დამხვედრი, აშკარად ძალიან პატარა იყო და გამოუცდელი საგამოძიებო სტრუქტურაში. "ესღა მაკლდა, გამოუცდელი და ღლაპი ჩემი თავი მეყოფა, ამან რა უნდა გამიკეთოს", გაიფიქრა ვანომ და უკმაყოფილო აედევნა დერეფანში მიმავალ გოგონას.

- მაშ ასე, ბატონო ვანო...

- უბრალოდ ვანო დამიძახე, - ჩაიბურტყუნა გამომძიებელმა.

- კარგი, გავაგრძელოთ, -გამომძიებლის ნათქვამი არ შეიმჩნია გოგონამ და თმა საქმიანად აიკეცა. - მე გადმომეცა მოკლულის ტყავის საფულე და შიგ არსებული ქაღალდები, რომლებიც ისეთი გამომშრალი იყო, ძლივს დავაშორე ერთმანეთს. დეტალებით აღარ დაგღლით, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ სკანირებით რაღაცების ამოკითხვა შევძელი. კერძოდ, ერთი საბუთი აღმოჩნდა ომის ვეტერანის მოწმობა. ჩვენი გარდაცვლილი მეორე მსოფლიო ომის მებრძოლი მალხაზ ბიწაძეა...

ვანოს თვალები გაუნათდა. გოგონა კიდევ რაღაცას ლაპარაკობდა, მაგრამ მისი ტვინი მხოლოდ მოსმენილ სახელს და გვარს ატრიალებდა. ორი დღე არქივში ყოფნას ტყუილად არ ჩაუვლია, ეს სახელი უკვე წაკითხული ჰქონდა და ახლა იმას იხსენებდა, რომელ საქმეში იყო, მაგრამ დაღლილობა თავისას შვრებოდა. ევგენია კიდევ რაღაცებს უხსნიდა, ტერმინებს იშველიებდა და ოთახში გადი-გამოდიოდა.

- კიდევ რამე მნიშვნელოვანია, ქალბატონო ევგენია? - თავი ასწია ვანომ.

- დანარჩენს განყოფილებაში მოგაწვდით, ბატონო ვანო, - გაბრაზებით ჩაილაპარაკა გოგონამ.

- ევგენიას გეძახიან ახლობლები? - გაუღიმა გამომძიებელმა. მოულოდნელი კითხვით დაბნეულმა გოგონამ გრძელი წამწამები ააფახურა.

- ევის მეძახიან.

- ჰოდა, ქალბატონო ევი, გენიოსი ბრძანდებით. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან და თუ თანახმა იქნები, რაც მე ძალიან გამიხარდება, კარგი ღვინით გაგიმასპინძლდები მადლობის ნიშნად.

- მადლობა, ვანო, - გაიღიმა ევგენიამ, - მიხარია, თუ დაგეხმარე. ერთი თვეა, რაც მუშაობა დავიწყე დაა...

- მივხვდი, ევი, ახალი რომ ხარ, მეც ახალი ვარ. ასე რომ, ჩემთან დაძაბულობა და შეცდომის დაშვების შიში ნუ გექნება, ხშირად მოგვიწევს შეხვედრა.

- მაშინ შეხვედრამდე, გამაგებინე, როგორ წავა გამოძიების საქმე.

- აუცილებლად, ქალბატონო ევგენია, - გაუღიმა ვანომ და ლაბორატორია დატოვა.

მეორე დილით არქივის თანამშრომელმა ქალმა ვანოს მოწმობა რომ დაინახა, ნაძალადევად გაიღიმა.

- მობრძანდით, თქვენთვის მაგიდა მზადაა, - ირონიულად ჩაილაპარაკა ქალმა. გამომძიებელს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, პირდაპირ იმ ყუთებისკენ წავიდა, სადაც მისთვის საინტერესო საქმეები ეგულებოდა.

საქმე N... მალხაზ ბიწაძის ჩვენება

"მე, მალხაზ ბიწაძე, სსრკ-ის მოქალაქე, ვმუშაობ N 1 მაღაროს მადნის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე, სადაც მევალება გერმანელი ტყვეების თვალყურის დევნება, მათი წაყვანა სამუშაოზე და შემდეგ უკან დაბრუნება. ორი დღის წინ, 20 დეკემბერს, ჩემთან ერთად მორიგეობდა ორი თანამშრომელი, სერგო კაპანაძე და ავთო ჩხაიძე. სამივე ერთმანეთს ვიცნობთ სამამულო ომიდან. ერთად ვიბრძოდით და უკანაც ერთად დავბრუნდით. იმ დღეს ავთოს ბეწვის ქურქი ეცვა, სულ ახალთახალი. რომ ვკითხე, საიდან-მეთქი, მითხრა, გერმანიიდან წამოვიღე, ერთ დაცლილ სახლში ვიპოვე, შემცივდა, ჩავიცვი და წამოვედიო. სამივემ შევამჩნიეთ, რომ ამ ქურქმა ერთი მომუშავე გერმანელი ტყვის ყურადღება მიიქცია. საღამოს, როდესაც უკან ვბრუნდებოდით, გერმანელი მიუახლოვდა ავთოს და რუსულად უთხრა: ეს ქურქი ჩემია, მის ორივე სამხრეში ოქროს ნივთები დევს; თუ მართალი აღმოჩნდება, ბეჭედი და ქურქი დამიბრუნე, შვეიცარიული ბრილიანტებიანი საათი შენი იყოსო. ჩვენ სიცილი დავიწყეთ, რა თქმა უნდა, არ დავიჯერეთ. ცვლის დამთავრების და ტყვეების ბანაკში დაბრუნების შემდეგ სერგო შეუჩნდა ავთოს, ვნახოთ, ჩვენი რა მიდისო. ავთომაც ორივე სამხრე გაჭრა. ერთში თვლებიანი ოქროს ბეჭედი აღმოჩნდა, მეორეში - საათი. ავთო გაშტერებული უყურებდა ნივთებს. მაშინვე მოჰკიდა ქურქს და ბეჭედს ხელი. ჩუმად შეიპარა ტყვეების ბანაკში და ორივე გერმანელს მისცა.

ჩვენ ერთი სოფლიდან ვართ, უკან ფეხით ვბრუნდებოდით, გზები გადაყინული და ნამქრიანი იყო. ტბას რომ მივუახლოვდით, სერგომ ავთოს დანა დაადო და საათის მიცემა მოსთხოვა. ავთომ იუარა, სერგომ დანა მკერდში ჩაარტყა და მათკენ რომ გავიწიე, მეც მომიქნია. დანა მხარზე მომხვდა. შემეშინდა და გავიქეცი. სერგო ჩემზე ბევრად ძლიერია და ვერ მოვერეოდი. გამომეკიდა, მაგრამ ქარი იყო, თოვლს ატრიალებდა და მალევე დამეკარგა თვალიდან. იქ რა მოხდა, არ ვიცი. იმ ღამეს ჩვენი სოფლის გზაზე ერთ-ერთ ოჯახში მივედი და დახმარება ვთხოვე. ჭრილობა გამისუფთავეს და დამაძინეს. არ მითქვამს, რა მომივიდა. გზა დავკარგე და თოვლში რაღაცას წამოვედე-მეთქი. მასპინძელი აღარ ჩამძიებია. სახლში მეორე დღეს დავბრუნდი. მოხუცი მშობლები მყავს და მათ მითხრეს, რომ სერგო მეძებდა. სახლში აღარ გავჩერებულვარ, ბიძაშვილებთან წავედი. სერგოს დიდი და ძლიერი სანათესაო ჰყავს. ვიცი, მიპოვიდნენ. ამიტომ დღეს აქ წამოვედი პირდაპირ. ჩემს ნათქვამს ვადასტურებ ხელმოწერით და შემიძლია იგივე გავიმეორო სასამართლოზე.

მ. ბიწაძე

- საინტერესოააა, - დაუსტვინა ვანომ. - ესე იგი, მალხაზ ბიწაძე მოწმეა და ამ ჩვენების გამო მოიშორეს. საინტერესოა, ვინ მოიშორა. ან თვითონ სერგომ, ან მისმა ნათესავებმა.

გამომძიებელი უკვე გაყვითლებულ ფურცლებს ნელ-ნელა აშორებდა ერთმანეთს, მაგრამ უამრავი ჩვენებიდან ბევრს ვერაფერს იგებდა. ავთო ჩხაიძის სხეული ტბაში უპოვიათ ერთი კვირის შემდეგ, როცა მზე გამოვიდა და თოვლმა დნობა დაიწყო. ჩხაიძის ცოლს და მცირეწლოვან შვილს მეზობლები დაეხმარნენ და მოაძებნინეს მიცვალებული.

"სასამართლოზე იკითხება ეჭვმიტანილი სერგო კაპანაძე, რომელსაც ბრალად ედება სსრკ მოქალაქე ავთო ჩხაიძის მკვლელობა.

- ამხანაგო სერგო, მოწმე მალხაზ ბიწაძე თავის ჩვენებაში ჰყვება, რომ ა. წ. 20 დეკემბერს თქვენ ძვირფასი საათის გამო შეკამათება მოგივიდათ ავთო ჩხაიძესთან. ნივთის დაუფლების მიზნით ცივი იარაღით მოკალით ის. მოკლული მოგვიანებით ტბაში იპოვეს ჩაგდებული.

- არ ვეთანხმები მალხაზის ნათქვამს. სახლში მივდიოდით და ჩხუბი მოგვივიდა, დანა მასაც ჰქონდა და მეც ამოვიღე. არავითარი ძვირფასი ნივთი მე არ მინახავს. ტბის პირზე ვიყავით, დანა მოვუქნიე, მაგრამ მხოლოდ თავის დასაცავად, მას ფეხი დაუცდა და ტბისკენ გადავარდა. თოვდა და კარგად ვერ დავინახე. რომ არ გამოჩნდა, მეგონა, გაიქცა და სახლში წავედი.

- მალხაზ ბიწაძე სად იყო ამ დროს? ის ხომ თქვენთან ერთად მოდიოდა სახლში?

- თავიდან გაშველება უნდოდა, მაგრამ მერე ეგ პირველი გაიქცა. მშიშარაა.

- ის ამბობს, რომ დანა მხოლოდ თქვენ გქონდათ და ჩხუბიც თქვენ დაიწყეთ.

- მასე თუ ამბობს, ახლაც თქვას, მოვიდეს, სადაა."

აქ წყდებოდა სერგო კაპანაძის ჩვენება, ალბათ, მერე მოწმის მოსვლა-არმოსვლის საკითხი ირჩეოდა და ჩანაწერი აღარ გაკეთებულა.

ვანომ ბევრი ჩვენება თუ ჩანაწერი წაიკითხა, მათ შორის, ავთო ჩხაიძის ცოლის, რომელმაც ძვირფასი ნივთის შესახებ არაფერი იცოდა. იმ ოჯახისაც, რომელმაც ღამე მალხაზ ბიწაძე შეიფარა, მაგრამ სად და როდის გაქრა ბიწაძე, ამაზე არაფერი იყო. "ფაქტია, რომ გააქრეს, მაგრამ საინტერესოა, ვინ" - ფიქრობდა კაკაბაძე და ისევ ფურცლებში იქექებოდა.

გამომძიებელ ვანო კაკაბაძეს ძნელი საქმე შეხვდა. თითქოს ყველაფერი ცნობილი იყო, მაგრამ ამავე დროს, დანამდვილებით არაფერი იცოდა. ფაქტია, რომ მალხაზ ბიწაძე, როგორც არასასურველი მოწმე, ისე მოიშორეს, მაგრამ ვინ? ეს უკვე არ ჩანდა და არც ის იცოდა, საიდან გაეგო. შფოთიანი ღამის შემდეგ ისევ ევგენიასთან შევლა გადაწყვიტა. საეჭვოა, მას რამე ახალი სცოდნოდა, მაგრამ გოგონას ნახვა უფრო უნდოდა და მიზეზი მშვენიერი ჰქონდა.

სამუშაო დღე ახალი დაწყებული იყო, როცა გამომძიებელმა ლაბორატორიის კარი შეაღო. ევგენია ზურგით იჯდა. შავი სწორი თმა კეფაზე აეკეცა. გრძელი კისერი მიმზიდველად უჩანდა. მაგიდაზე თავდახრილი რაღაცას გამალებით კითხულობდა. შავ კლასიკურ შარვალსა და თეთრ პერანგში წვრილი წელი და გრძელი ფეხები მოუჩანდა. გამომძიებელმა მორიდებით ჩაახველა. გოგონა შემობრუნდა და წვრილი სათვალე მოიხსნა.

- ეს ისე, კითხვისთვის მიკეთია... თითქოს თავი გაიმართლა.

- გიხდება, ქალბატონო ევგენია, - გაუღიმა ვანომ. - ჩემს საქმეზე რამე ახალია?

- არა, ახალი არაფერი, მთელი დღე ვცდილობდი რამე გამეგო, მაგრამ ვერაფერი, - საქმიანად ჩაილაპარაკა გოგონამ და სათვალე მოირგო.

- რას კითხულობდი, ევგენია?

- გამოცდებისთვის ვემზადები, სწავლის გაგრძელებას ვაპირებ და რამდენიმე წუთი გამომიჩნდა თავისუფალი.

- ... და მე არ გაცადე, ხომ?

- არაფერია, შენ მითხარი, რამე გაარკვიე?

- კი და თან ძალიან საინტერესო. ჩვენი მღვიმის მამაკაცი მალხაზ ბიწაძე ვინმე ავთო ჩხაიძის მკვლელობის მოწმეა. მკვლელობა ძვირფასი საათის გამო მოხდა, მაგრამ ეს საათი, მალხაზ ბიწაძის გარდა, არავის უხსენებია. ისიც უცნობია, თვითონ ბიწაძე ვინ მოიშორა, მკვლელმა სერგო კაპანაძემ თუ მისმა ახლობლებმა. ბიწაძე ჩვენებაში წერს, რომ კაპანაძეს შეძლებული და დიდი სანათესაო ჰყავსო.

- და შენ რას ფიქრობ? - ჰკითხა ჩაფიქრებულმა ევგენიამ და დიდი თვალები მიანათა გამომძიებელს.

- იმის გარდა, რომ უცხო სახელი გაქვს? - გოგონა დაიბნა...

- ვიცი, რომ უცხო სახელი მაქვს, ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, დიდი ბებიის სახელი დაერქმიათ. ყველა ევის მეძახის. მხოლოდ შენ მომმართავ ევგენიად, მეც მომწონს.

- ჰოდა, იყოს ევგენია, მეც მომწონს. საქმეს რაც შეეხება, ახლა სოფელში მივდივარ, იქნებ ვინმე ვიპოვო ან ჩხაიძის, ან ბიწაძის, ან კაპანაძის ახლობელი და რამე გავიგო. საღამოს თუ გვიან არ დავბრუნდი, ერთ ჭიქა ღვინოსთან დღევანდელ ამბებს მოგიყვები.

- მაშინ საღამოს დაგელოდები, - გაუღიმა გოგონამ გამომძიებელს.

***

კაკაბაძეს უკვე ელოდა სოფლის რწმუნებული რამდენიმე მცხოვრებთან ერთად. კაცები შეჯგუფებულიყვნენ და რაღაცაზე გაცხარებით კამათობდნენ. გამომძიებლის დანახვაზე გაჩუმდნენ და ინტერესიანი თვალებით მიაჩერდნენ.

- გამარჯობა, ბატონებო, გეცოდინებათ უკვე ჩემი მოსვლის მიზეზი.

- ვიცით, ბატონო, მაგრამ ვის რაში დასჭირდა ძველი საქმეების ამოქექვა? - აშკარად უკმაყოფილო იყო ჯოხზე დაყრდნობილი მოხუცი.

- ჩვენ არაფერში, ბატონო ჩემო, მაგრამ მალხაზ ბიწაძის გვამი ვიპოვეთ, გაგებული გექნებათ ეს სახელი და იმიტომაც გესტუმრეთ.

- ვიცი, ვინც იყო, პაპაჩემთან მუშაობდა, უცოლშვილო დაიკარგაო, ამბობდა პაპა. რაღაც საქმეს გადაჰყვაო.

- იმასაც ამბობდნენ, ძვირფას საათზე იყო ჩხუბიო. მაგრამ ეგ საათი არავის უნახავს. ეგ რომ ჰქონოდა ჩხაიძის ქვრივს, აქედან კი არ წავიდოდა შვილიანად, - თქვა მეორე მოხუცმა.

- პაპაჩემი ამბობდა, ეგ საათი თან არ ჰქონია ჩხაიძესო. ვიღაცისთვის მიუბარებია იმ დღესო. დიდი ხნის მერე მიუტანეს მის ქვრივსო. მართალია თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მეზობლებმა იჩხუბეს და ჩხაიძე მოკვდა. ისე, მე ისიც არ მჯერა, რომ სერგომ სპეციალურად მოკლა, ასე მგონია, ფეხი დაუცდა თოვლში და თვითონ ჩავარდა ტბაში, - საუბარში ჩაერია ყველაზე ასაკიანი მოხუცი.

- რას ამბობ, კაცო, ის კაცი რომ იპოვეს, დანით ჰქონდა გულის ფიცარი შენგრეული. მთელი გული გაგლეჯილი ჰქონდაო. მე მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს ეგ ამბავი, - შეეპასუხა ისევ ჯოხზე დაყრდნობილი ჭაღარა კაცი.

- ბატონებო, მათი ნათესავები არიან სოფელში?

- მარტო სერგო კაპანაძის შვილი ცხოვრობს, აგერ, იქ ოჯახით. ციხიდან რომ გამოვიდა, სერგო მერე მოეკიდა ცოლ- შვილს. მალხაზი უცოლშვილო გაქრა სასამართლოს დღეს და ავთო ჩხაიძეს არც მანამდე ჰყავდა ვინმე ნათესავი. ჩამოსახლებული იყო ეგ, მისმა ქვრივმა არ იკადრა სოფელში ცხოვრება, მოჰკიდა ხელი შვილს და დიდ ქალაქში წავიდა. მერე აღარაფერი ვიცი მისი, - საყვედურნარევი კილოთი დაამთავრა ყველაზე მოხუცმა.

- რანაირად ლაპარაკობ, კაცო, შენ, - შეესიტყვა ჯოხიანი. კაპანაძეს ისეთი სანათესაო ჰყავდა, სერგოს ციხეში ჩამსველს ცეცხლს მისცემდნენ. მოერიდა ის ქალი და გადამალა ბავშვი.

- კაპანაძის შვილი გველოდება, ბატონო ვანო, ხომ არ წავიდეთ? - საუბარში ჩაერია რწმუნებული. ეტყობოდა, მოხუცები კიდევ დიდხანს გააგრძელებდნენ სჯა-ბაასს ჩხაიძის ქვრივის საქციელზე. ვანოს კი აინტერესებდა, კიდევ რას იტყოდნენ, მაგრამ ისინი გაჩუმდნენ და გამომძიებელმაც ამჯობინა, ისევ კაპანაძის ოჯახში წასულიყო.

მასპინძელი ჭაღარა, მაგრამ ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა. ალბათ, 50 წლის თუ იქნებოდა. სტუმრებს მოჩვენებითი თავაზიანობით შეეგება და სახლში შეიპატიჟა.

- არ მსიამოვნებს ძველი საქმის ამოქექვა, - დაჯდომისთანავე დაიწყო მასპინძელმა. - მამაჩემის მაგ საქმემ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მთელი ახალგაზრდობა ხან ვინ მიყურებდა ამრეზით და ხან ვინ. ცოლსაც კი არ მატანდნენ, მკვლელის შვილი ხარო.

- ბატონო მიშა, მამათქვენს თქვენთვის არ მოუყოლია ეს ამბავი?

- არ უყვარდა ამის გახსენება, მაგრამ მამა ისეთი კაცი იყო, არავის არაფერს შეარჩენდა, არც უკან დაიხევდა. ერთხელ მითხრა, ჩხაიძის ოჯახის ამოწყვეტა ჩემს კისერზეა, არადა, არ ჰქონია ის საათი იმ დღეს ავთოსო. უკვე მოხუცი იყო, ამას რომ ამბობდა, ცოტა მახსოვრობაში ურევდა ბოლოს. მაინც მგონია, რომ შეკამათება მოუვიდათ და ორივე იყო დამნაშავე.

- ბატონო მიშა, მალხაზ ბიწაძის გვამი ვიპოვეთ. მის შესახებ გექნებათ გაგონილი. თქვენი აზრით, ვინ იზრუნა იმაზე, რომ ის გამქრალიყო?

- არ ვიცი, ვინ მოაწყო ეს ამბავი. როგორც ვიცი, როცა მალხაზი გაქრა, მამაჩემი უკვე დაჭერილი იყო. მე და მამას არც ისე ახლო ურთიერთობა გვქონდა, რომ დეტალებში მოეყოლა ეს ამბავი. ესეც ყურმოკვრით გამიგია, როცა ჩემს შვილს ელაპარაკებოდა ხოლმე. ბაბუა-შვილიშვილი კარგად უგებდა ერთმანეთს.

- ფაქტია, რომ სასამართლოზე თავისი ჩვენება ვეღარ დაადასტურა, ანუ მანამდე მოიშორეს და ამით დაინტერესებული მხოლოდ თქვენი ოჯახი და მისი ახლობლები იყვნენ, - არ ცხრებოდა კაკაბაძე.

- არ ვიცი, ჩვენ დიდი სანათესაო გვყავდა, მამაჩემს - დიდი სამეგობრო. ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო.

- თქვენი შვილი სად მუშაობს? - დაინტერესდა გამომძიებელი.

- ალექსანდრე დისტრიბუტორად მუშაობს თბილისში. იმან რა უნდა იცოდეს, მე თუ არაფერი ვიცი. - კაცს ეტყობოდა, სტუმრების წასვლა ეჩქარებოდა. კითხვებს მოკლედ პასუხობდა და ოთახში გადი-გამოდიოდა. გამომძიებელიც ადგა, დაემშვიდობა და ოჯახი დატოვა. არ ღირდა მათი შეშინება, მაშინ, როცა ბიწაძის გაუჩინარების დროს მიშა დაბადებულიც არ იყო. თუ საჭირო გახდებოდა, მოგვიანებით კიდევ ესტუმრებოდა კაპანაძეების ოჯახს.

სოფლიდან წამოსულ გამომძიებელ ვანო კაკაბაძეს დაღლილობით თავი სტკიოდა და თვალები ეხუჭებოდა, მაგრამ არ უნდოდა ევგენიასთან შეხვედრა გადაედო. გოგონა ცოტა უცნაური იყო და ვინ იცის, რას იფიქრებდა. ის იყო, დარეკვა დააპირა, რომ ტელეფონი აწკრიალდა.

- ვანო, ევგენია ვარ, ლაბორატორიიდან, - გაისმა სასიამოვნო ხმა. "ქალბატონს ჩემი ნახვა ეჩქარება" - გაიფიქრა გამომძიებელმა და გაეღიმა.

- გისმენ, ევი. ამ წუთას უნდა დამერეკა, ახლა მოვრჩი საქმეს, არ დამვიწყებია წითელი ღვინის ამბავი.

- მე კი ისე მაინტერესებდა, რა გაარკვიე, ერთი სული მაქვს, როდის მომიყვები...

- ერთ საათში შენთან ვარ. - ვანომ ტელეფონი გათიშა და გაღიმებული კიდევ დიდხანს დასჩერებოდა ეკრანს.

****

დილით ჯერ კიდევ ეძინა გამომძიებელ კაკაბაძეს, ტელეფონი განუწყვეტლად რომ რეკავდა.

- ამ დილაადრიან რატომ არ სძინავს ამ ხალხს, - ბურდღუნებდა ვანო და ტელეფონს ეძებდა.

- ვანო, ბოდიში, გაგაღვიძე, მგონი, ევი ვარ, რაღაც უნდა გითხრა.

- შენ გაღვიძებას ავიტან, - თვალები გადაატრიალა ბიჭმა. - ამ დილაადრიან რამ გაგახსენა ჩემი თავი?

- მთელი ღამე მახსოვდი. უფრო სწორად, შენი მოყოლილი მახსოვდა. რაღაცებს ვეძებდი და მგონი, საინტერესო ამბავს მივაგენი.

- აბა, მოყევი, - ვანო ბალიშზე შესწორდა.

- ასე ვერ მოგიყვები, ლაბორატორიაში მოდი.

- ეეე, როგორ იცით ხოლმე ქალებმა რაა, ჩემი ნახვა თუ გინდა, ისე მითხარი და გნახავ, - აბურდღუნდა გამომძიებელი.

- ჰოდა, ახლა სულ არ გეტყვი არაფერს, - გაბრაზდა გოგონა და ტელეფონი გათიშა.

- მგონი, გავანაწყენე, გოგომ მთელი ღამე გავათენეო და მე კი მისვლაზე უარი ვუთხარი. არა, სად ვუთხარი უარი, მივდივარ, - ხმამაღლა თავის თავს ელაპარაკებოდა ვანო და ტანსაცმელს ეძებდა.

სალომე ტაბატაძე

გაგრძელება იქნება