მადლობა ღმერთს, „ბეტეკის“ სუნი აღარ ასდის, თუმცა ოთახში მაინც იგრძნობა მძაფრი პოლიუთერანის სურნელი. რომელი მღებავი იყო, თვითონ რომ შეუდგა თაროების შეღებვას? უფულობამ იცის ასე, ყველაფრისთვის გენანება ფულის დახარჯვა. წეღან, სანამ საბანაოდ შევიდოდა, ტაფაზე დარიჩინი დაყარა მოსახალად, რათა საღებავის სუნი როგორმე გაექრო.
მეექვსე საფეხურამდე იყო ჩასული, მობილური რომ აწკრიალდა. ერთი რბილად შეიკურთხა და უკან აბრუნდა პასუხის გასაცემად. მობილური დივანზე ეგდო. იქნებ ხელოსანია და აინტერესებს, მის სახლამდე რა გზით მოვიდეს?
- პრივეტ! სად ხარ, მატი?
- სად ვიქნები, სახლში.
- კიდევ არ მოვიდა?
მატილდა დაიჭყანა.
- სოფო, შენ ხარ? - მისი დაქალი ყოველთვის არახელსაყრელ დროს პოულობს მის მოსანახულებლად ან დასარეკად. - მომისმინე, ახლა სალაპარაკოდ არ მცალია, მერე დაგირეკავ, კარგი?
- უკვე შენთანაა?
- ვინ?
- ვინ და შენი ხელოსანი, ქალო! ფიქრიასთვის უთქვამს ბიბის, გუშინ უნდა დაერეკაო. არც კი დაგირეკა?
მატიმ ღრმად ამოისუნთქა. მოთმინება უდიდესი სათნოებაა, ამიტომ არ უნდა აფეთქდეს ახლა.
- ვიღაც მოვიდა. ახლახან მომესმა მანქანის კარის მიჯახუნების ხმა. შეიძლება ისაა. მოგვიანებით ვილაპარაკოთ, რა.
- მოიცადე, არ გათიშო. როგორც კი წავა, დამირეკე, ოკეი? ფიქრიამ თქვა…
მატი არ დაელოდა, რა თქვა ფიქრიამ და გათიშა. ამ პატარა ქალაქში ჭორებს რა გამოლევს. გამოუჩნდა სოფოს, როგორც ჩანს, ახალი საჭორაო მასალა, მაგრამ სცალია ახლა მისთვის? რა თქმა უნდა, არა. ალბათ უკვე ნახევარმა ქალაქმა იცის, რემონტს რომ აპირებს და დურგალს ელოდება. ისიც უეჭველი ეცოდინებათ, როგორ აპირებს ოთახების გადაკეთებას, ვის დაიხმარებს და რა დაუჯდება ეს რემონტი. ჭორებს, უხეშად რომ ვთქვათ, ოკუპირებული აქვთ მათი პატარა ქალაქი.
ტელეფონი კვლავ დივანზე მიაგდო და ფანჯრიდან გადაიხედა. შეამჩნია, რომ მის ჭიშკართან პატარა, ფურგონახდილი მსუბუქი ავტომობილი იდგა ძარაზე იარაღის ყუთებითა და ანკესებით.
რა დანჯღრეული მანქანაა! თუმცა მერე რა? თუ ამ ბიჭს ოქროს ხელები აქვს, თუ შეუძლია ადვილად გაერკვეს მის პროექტში და შეასრულოს მატის უმარტივესი ინსტრუქციები, სულ არ აინტერესებს რა მანქანას ატარებს, როგორი პოლიტიკური შეხედულებები აქვს და რითაა დაკავებული თავისუფალ დროს.
სასაცილო იქნება იმის თქმა, რომ მისი ჩანახატები არქტიტექტურულ ნახაზებს ჰგავს, მაგრამ მაინც შეძლო ესკიზებში ნათლად გამოეკვეთა ის, რისი გაკეთებაც ჩაიფიქრა. გონიერი ხელოსანი წამში მიხვდებოდა ყველაფერს და არ მიედ-მოედებოდა, ეს რა დაგიხატავთ, ვერაფერი გავიგეო. თუ ამ ბიჭმა კითხვა იცის, მაშინ უნდა შეძლოს ამ სამუშაოს შესრულება.
ფანჯრიდან ცნობისმოყვარედ მომზირალმა დაინახა, რომ მძღოლის გამოღებული კარიდან გრძელი ფეხი გამოჩნდა. ტილოს ფეხსაცმელი რეზინის სქელი ძირებით, ჯინსის შარვალი, ტყავის ქურთუკი, რომელიც განიერ მხრებს მოტმასნოდა. თუ მისი გახუნებული თმის ფერით ვიმსჯელებდით, ან მაშველი უნდა ყოფილიყო ზღვაზე, ან მთელი ზაფხული ვიღაცის სახურავზე უნდა ჰქონოდა გატარებული შიფერზე ლურსმნების დაჭედების ან სულაც მისი შეღებვის მიზნით. არცაა გასაკვირი, ამ პატარა ზღვისპირა ქალაქში ხომ ყოველ ნაბიჯზე კოტეჯები შენდება, რომელთა რაოდენობა ყოველ წელს სოკოებით მრავლდება.
სასიამოვნოა იმის გაფიქრება, რომ ბევრი ტურისტი, რომლებიც სეზონის დაწყებისას ამ ადგილებს მოაწყდებიან, მატის წიგნებისა თუ კაფეს პოტენციური კლიენტი გახდება. დიახ, არ მოგესმათ. მას სურს, რომ სახლში წიგნის მაღაზია გახსნას და პატარა კაფე, სადაც სტუმრებს ყავის, ჩაისა და წვენების დალევა, ნაყინის მირთმევა და ხაჭაპურის დაგემოვნება შეეძლებათ.
ჯერ კიდევ ფანჯრიდან იყურებოდა, როცა ხელოსანი შემობრუნდა და მატის პირდაპირ შეხედა. ოხ, ღმერთო! სასწრაფოდ გადასწია ფარდა და მხოლოდ ახლა გაუელვა აზრმა, რომ მის მდგომარეობაში მყოფი ქალისთვის, ანუ მარტო მცხოვრებისთვის, უცნობი კაცის სახლში შემოშვება მთლად საუკეთესო იდეა არ იყო. ეს დურგალი კი, ერთი შეხედვით, ისე გამოიყურება, რომ შიშველი ხელებით შეძლებს კედლის განგრევას. სულელო, ის ხომ ხელოსანია, დურგალი, განა რა უნდა დაგიშავოს? მისთვის ფულია მთავარი, დანარჩენი არ აინტერესებს. ვის ელოდი, აბა? ჭუჭყით გაზინთულ, ოფლის სუნით აქოთებულ ადამიანს? უკვე თითქმის ჩასული იყო კიბეზე, როცა ზარის ხმა გაისმა. ის იყო კარის გასაღებად გაეშურა, რომ შეშინებული ადგილზე გახევდა. მთელი ქვედა სართული კვამლით იყო სავსე. სწორედ ამ დროს კარიც გაიღო. მატილდა ხომ მას არასდროს კეტავდა.
- გარეთ გადი, მე თვითონ მივხედავ! - კარგი ნაცნობივით დაუყვირა მამაკაცმა და ქალს გასასვლელისკენ უბიძგა.
ის იყო, გვერდი უნდა აევლო, რომ კაცს ზედ შეეჯახა, პირდაპირ სამზარეულოს კართან. მოულოდნელობისგან ადგილზე გაშეშებული უყურებდა, რა სწრაფად ივსებოდა ოთახი ყავისფერი კვამლით.
- ეცადე, არ ისუნთქო! ცეცხლსაქრობი გაქვს სადმე?
- არა მაქვს, არა! - იყვირა სასოწარკვეთილმა.
უცნობი სამზარეულოში შევარდა, ონკანი მოუშვა, ნიჟარაში ჩადებულ ემალირებულ თასს დაავლო ხელი და წყალი იქით მიასხა, საიდანაც კვამლის ზოლი ჰაერში ადიოდა. გაისმა შიშინი. ბოლი კიდევ უფრო გამუქდა და აიბურდა. ცეცხლი არსად ჩანდა.
შემდეგ იდგნენ სიჩუმეში ორივენი და ერთმანეთს შესცქეროდნენ. მატილდა შემცბარი მისჩერებოდა მზისგან გახუნებულთმიან და გამჭრიახთვალებიან მამაკაცს, რომელსაც აღელვება და შიში საერთოდ არ ეტყობოდა. უცნობმა პირველმა მოარიდა მზერა და გაზქურას მიაშურა, საიდანაც ჭერისკენ კვამლის ბოლქვები ღრუბლის ფთილებივით მიიზლაზნებოდა.
- გაიწიე! - მატიმ ხელი ჰკრა მამაკაცს და ერთიანად დახრუკული ტაფა შიშველი ხელით აიტაცა. მერე გარეთ გავარდა, ტაფა კარიდან ეზოში მოისროლა, უკან დაბრუნდა და გაზი გამორთო.
უცნობს ხმა არ ამოუღია. ქალი დამწვარ თითებს სულს უბერავდა და თავისთვის ილანძღებოდა ხმადაბლა, ბურტყუნ-ბურტყუნით. ასე შეიძლება მთელი სახლი დამწვარიყო. რა იდიოტია!
- ვწუხვარ, რომ გაუფრთხილებლად შემოგეჭერით, - მშვიდად წარმოთქვა მამაკაცმა, ახლა უკვე თავაზიანი ფორმით, - მეგონა, აქაურობას ცეცხლი ეკიდა. - მან ხელი აიქნია ირგვლივ მორიალე ბოლის გასაფანტავად.
მატი ცდილობდა ღრმად არ ესუნთქა, ონკანს მიუახლოვდა, დამწვარი თითები ცივ წყალს შეუშვირა და სიმწრით დაიკვნესა. ოჰ, ღმერთო, რა გაუსაძლისად სტკიოდა!
გრძნობდა, რომ ის მის უკან იდგა. იმედია, ხელოსანია ან სულაც მეხანძრე, რომელმაც შემთხვევით სწორედ ამ დროს ჩამოიარა მის ქუჩაზე, კვამლის სუნი იგრძნო და თავისი საქმის გასაკეთებლად გამოქანდა.
ან იქნებ ის სიმპათიური მამაკაცია, ქალში განსხეულებული მეორე მე-ს ოცნებებში რომ ჩაკირულა?
ოხ, კარგი რა! რომელი ქალწული მატილდაა? სულაც არა! ნუ აფრინდები ახლა ცაში, მატილდა გეგეშიძე! აიყვანე თავი ხელში! სახლი კინაღამ გადაწვი და კიდევ დურგლის როლზე ფიქრობ, როგორც მთავარ მოქმედ გმირზე დემოგრაფიულ სტატისტიკაში?
- ხმმ… ხომ არ ჯობია წავიდე? - უცნობის ხმა დაბალი და ხრინწიანი იყო, თითქოს თავდაჯერება აკლდა.
ხა-ხა! ლუჩანო პავაროტი ხრინწით!
მატილდამ შეხედა. უცნობი ისეთი დაჟინებული მზერით მისჩერებოდა, თითქოს მეხსიერებაში მის ვირტუალურ პორტრეტს ხატავდა.
- არა, ნუ წახვალთ, გთხოვთ, მე თქვენ მჭირდებით, თუ, რა თქმა უნდა, ხელოსანი ხართ, ვისაც ამდენი ხანია ველოდები. - უპასუხა მატიმ, თან ხელს არ აცილებდა მაჯას, რათა სიდამწვრის ტკივილი მთელ მკლავზე არ გადასულიყო. ვითომ ეს უშველიდა?
კაცი კი ისევ ისე მიშტერებოდა, თითქოს ცდილობდა გადაეწყვიტა, რამდენად უსაფრთხო იქნებოდა მისი აქ დარჩენა.
- ქალბატონო, კარგად ხართ? ნამდვილად ყველაფერი რიგზეა?
ქალბატონოო… არცთუ თავაზიანი მიმართვაა, მაგრამ მაინც მგრძნობიარე. აბა, როგორ უნდა მიემართა? გოგონიო, ხომ არ ეტყოდა? აცნობიერებდა, რომ უცნობის წინ ფეხშიშველი და სველთმიანი იდგა, მაგრამ მაინც ცდილობდა მედიდური და საქმიანი გამოჩენილიყო. ვაიმე, ჯინსის ელვის შეკვრა ხომ არ დაავიწყდა? ყოველი შემთხვევისთვის, დაუზიანებელი ხელით სვიტერი თეძოებამდე დაქაჩა. ხვდებოდა, რომ უნდა გაეღიმა და შეეცადა კიდევაც, თუმცა გულწრფელად არ გამოუვიდა. კაცს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ნებისმიერ მომენტში მზად იყო პოლიციის გამოსაძახებლად.
აიყვანე თავი ხელში, გეგეშიძე!
- მაპატიეთ. ზოგადად, ძალიან მოწესრიგებული ვარ და უფრო ორგანიზებული… - ყოველ შემთხვევაში, დღის ამ მონაკვეთში მაინც. დილა რომ იყოს, სულ სხვა საკითხია. დილით თავს ზომბივით გრძნობს, სანამ ყავას არ დალევს და მზეზე არ გავა, - უბრალოდ, ყველაფერი რაღაცნაირად ერთდროულად მოხდა. ჯერ ტელეფონმა დარეკა, მერე კარზე ზარი გაისმა, მერე კვამლი…
უცნობმა ნელა დაუქნია თავი და უცებ ჰაერი შეიყნოსა:
- რისი სუნია? კვამლის გარდა…
მატილდამაც შეარხია ცხვირის ნესტოები. საშინელი სუნი!
- ლაქი და საღებავის გამხსნელი შევურიე ერთმანეთს. სუნის გასაქრობად დარიჩინი მოვხალე და… გქონიათ ისეთი დღეები, როცა ყველაფერი არასწორად ხდება? გაზის გამორთვა დამავიწყდა და აი, შედეგიც.
მამაკაცი კვლავ მისჩერებოდა, თან ისე, თითქოს მის წინ უცხოპლანეტელი იდგა. მატიმაც უფრო დაკვირვებით შეათვალიერა. უცნობს დაჟანგული სპილენძისფერი თვალები ჰქონდა, მოლურჯო-მომწვანო, ოქროსფერი ნაპერწკლებით. ამასობაში ხელოსანი ყოყმანით შემოსასვლელისკენ იხევდა, მაგრამ ის კი არ იცოდა, რომ მატილდა მას არსად გაუშვებდა.
- მაქსიმალურად დაბალზე დავუწიე გაზს, მეგონა, მოვასწრებდი, მაგრამ… - როგორ უნდოდა, მისი ნათქვამი ოდნავ მაინც ყოფილიყო გონივრული.
აზრი არ ჰქონდა. მძიმედ ამოიოხრა.
- მომისმინეთ. დილიდან გარაჟში წიგნის თაროებს ვღებავდი, სახლის კარი კი ღია დავტოვე, რომ ტელეფონის ზარი გამეგონა. ამიტომაც სუნი სახლში შემოვიდა, გესმით? მისი განეიტრალება კი მოხალული დარიჩინით ვცადე, სანამ ვბანაობდი.
- რა, დარიჩინით იბანავეთ?
ეს კაცი დასცინის თუ თანაუგრძნობს? დროა ინიციატივა ხელში აიღოს.
- არა, რას ამბობთ! უბრალოდ, მოვხალე. ალბათ უფრო სქელი ტაფა უნდა გამომეყენებინა.
მამაკაცი ისევ უკუსვლით იწევდა გასასვლელისკენ, თითქოს ეშინოდა, ქალი უცებ მაგიდაზე არ ამხტარიყო და იქიდან არ დასხმოდა თავს.
- იქნებ მისამართი შემეშალა? ეს შეშელიძის ქუჩაა? 13 ნომერი?
მატილდას კინაღამ ხარხარი აუტყდა. როგორ შეუშინებია საწყალი ხელოსანი. შეამჩნია, რომ უცნობს ტუჩის კუთხეები შეერხა. მერე კი ორივემ ერთდროულად გაიღიმა.
- ხომ არ ჯობია, თავიდან დავიწყოთ? - თქვა მატიმ.
- მგონი, აჯობებს. - დაეთანხმა მამაკაცი, - სერგი მანჯგალაძე. მითხრეს, რომ ოთახების გადაკეთება გინდათ.
- მატილდა გეგეშიძე. შინაურები მატის მეძახიან. მეორე სართულზე ავიდეთ, იქ სუნი არ იგრძნობა. ფანჯარას გამოვაღებდი, მაგრამ მეშინია არ გავიყინოთ. - თითები კვლავ აუტანლად ეწვოდა, თუმცა არ იმჩნევდა.
ფრთხილად გაუძღვა წინ ხელოსანს, რომ შიშველი ფეხებით ტყაპუნის ხმა არ გამოეცა, თან ამაყად თავაწეული საკუთარი ღირსების შენარჩუნებას ცდილობდა, რომელიც ოდესღაც მართლაც გააჩნდა.
სერგი უკან მისდევდა. როცა კიბეს აუყვნენ, მამაკაცი იმაზე ფიქრობდა, დაუყოვნებლივ წასვლა ხომ არ აჯობებდა, მას ხომ მარტოხელა ქალთან არასდროს უმუშავია. მეორე წამს ფიქრი ქალის სიარულის მანერაზე გადართო. საინტერესოა, ასეთი მიხრა-მოხრა იმის ბრალია, რომ ფეხშიშველია თუ ყოველთვის ასე დადის? ისიც საინტერესოა, ამაზე რატომ ფიქრობს. თუმცა გიჟი ქალის კვალობაზე საკმაოდ მიმზიდველი და სასიამოვნო ვიღაცაა.
არაფერი მოხდება, კიდევ რამდენიმე წუთით თუ დარჩება, რადგან უკვე მოვიდა. მოსვლა არ ნიშნავს, რომ გადაფიქრება არ შეუძლია. ამ ქალაქში კვირის დასაწყისში მოხვდა და იძულებული გახდა, გაჩერებულიყო, რადგან კატერის ძრავა გადახურდა და უშნოდ ათუხთუხდა. ნაპირზე გადმოსულმა ბედად ბიბი გაიცნო, მერე ქალაქი დაათვალიერა და ისე მოეწონა აქაურობა, გზის გაგრძელება დროებით გადაიფიქრა. არადა, ბათუმში აპირებდა ჩასვლას.
მოსწონდა სერგის აქაური სიმყუდროვე. თან პატარა დასახლება იყო, ქალაქი არც ეთქმოდა. მეთევზეც ბევრი იყო სანაპიროზე და ხმის გამცემიც არ აკლდა. ამას დამატებული ის ფაქტი, რომ ბათუმთანაც ახლოს იყო, ნებისმიერ დროს შეეძლო გაეცურა და ერთ საათში ადგილზე იქნებოდა. თუ რამე ისეთი დასჭირებოდა, რასაც აქ ვერ იშოვიდა, იქ გააჩენდა. ერთი სიტყვით, უმისამართო ბილიკების ტყუილუბრალოდ გადათელვა არ მოუწევდა.
ამის დედაც! არ არსებობს კანონი, რომელიც აიძულებს სიცოცხლის ბოლომდე დაიმალოს. არც სამსახური აკავებს და არც ოჯახი. მისი რეპუტაციისგანაც თითქმის აღარაფერი დარჩა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ უკვე მერამდენე თვეა თმა არ შეუჭრია, მასში კაციშვილი ვერ იცნობს „თავხედ ბატის ჭუკს”, რომელმაც ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია გაანადგურა.
ერთადერთი, რაზეც სერგი აბარგების წინ არ დაფიქრდა, ის იყო, რომ თავზე საყრელი თავისუფალი დრო ექნებოდა. როცა მამაკაცს ნამდვილი ცხოვრება არა აქვს, სწრაფად ჰბეზრდება ყველაფერი. ვისთვის იწვალოს? არც შვილი, არც ძირი. ცოლი რომ ცოლია, ისიც გაექცა.
გაგრძელება იქნება