ელექტროგაყვანილობასა და სანტექნიკას ახლა არ ახსენებს. არ უნდა ხელოსნის შეშინება. ამანაც რომ უარი უთხრას, მერე კიდევ სხვა უნდა ეძებოს და ამასობაში ვადებში ვერ ჩაეტევა. მერე რა ქნას? შუა ქუჩაში მოუწევს დგომა და თავისი წიგნების გაყიდვა. შემდეგ კი სამსახურის ძებნა, რაც საკმაოდ რთული ამბავია. ან უნდა მოსწყდეს ადგილს და სადმე სხვა ქალაქში გადავიდეს საცხოვრებლად, რაც სულაც არ არის საუკეთესო ვარიანტი. ეს სახლი, შეიძლება ითქვას, მატის ფესვებია. არაფრით არ დაანება თავის დროზე ბორიას, რომელიც მის გაყიდვას შეეცადა. დამპალი! ალბათ ეს სახლი ერთადერთია, რაც მან მატილდას ვერ გაუყიდა. ძვირად ღირებული ტილოები და ანტიკვარული ნივთები, რაც პირველი ქმრისგან დარჩა და ზოგი თვითონაც მოიყოლა მზითევში, მეორე ქმარმა დაქორწინებიდან მალევე ხელს გააყოლა. ისიც კი არ იცის მატილდამ, რამდენად გაყიდა. მხოლოდ ის იცის, რაში დახარჯა.
მისი ჭირიც წაუღია! ქურდი, ნაძირალა, მატყუარა! იმედია, მეორე ცოლსაც იმავე დღეში არ აყენებს!
მატიმ ლანგარზე დადო ყავის ორი ფინჯანი, საშაქრე და თეფშით ორცხობილა. რამდენიმე ფუნთუშაც მიუდო გვერდით. ეს, რა თქმა უნდა, ბევრი არ არის, მაგრამ ახლა მეტი არაფერი აქვს.
- როგორც ვხედავ, ცენტრალური გათბობა არ გაქვთ, - შენიშნა სერგიმ.
- არა, არ მაქვს, - მსუბუქი ამოოხვრა მოაყოლა მატილდამ ნათქვამს, - მაგრამ მგონი, გამათბობელი რომ დავდგათ აქ, ურიგო არ იქნება. - ლანგარი მაგიდაზე დადო, - სტუმრები ჩემთან იშვიათად მოდიან.
არავითარი პასუხი. ეს კარგის ნიშანია თუ ცუდის? თუ კედლების გადაწევა და სათავსოს გადაკეთება ძალზე ძვირი დაუჯდება, მაშინ მოუწევს… რა? კაფეს ავტოფარეხში გახსნა? გამორიცხულია! სასაცილოდ აიგდებენ და ეგ იქნება. მაგას აჯობებს, ეზოში გახსნას და ჩალით გადახუროს, რაც ასევე დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
რა ეშველება, რა უნდა ქნას? ბანკი გაიტანოს თუ სესხი აიღოს?
არც ერთი და არც მეორე. ვერც ბანკს გაიტანს და ვერც სესხს აიღებს. ვერ იტანს ვალებს, რადგან მერე იმ ვალში ექცევა მთელი მისი შეგნებული ცხოვრება და სანამ გაისტუმრებს, შეიძლება ამაზე დარდმა შეიწიროს.
მამაკაცმა ტყავის ქურთუკი გაიხადა. კარგის ნიშანია? ისღა რჩება, იმარჩიელოს. ქანდაკებას უფრო შეიძლება მოლაყბე უწოდო, ვიდრე ამას. რამდენი ხანია, კრინტი არ დაუძრავს. მართლა სიტყვაძუნწია თუ მატისთან საუბარს არიდებს თავს? ვინ იცის, იქნებ თავბედს იწყევლის, აქ რომ მოვიდა.
ქურდულად შეათვალიერა ხელოსანი. გაცვეთილი ლურჯი პერანგი გაცვეთილი საყელოთი. სამ თუ ოთხ ფენად აკეცილი სახელოები მის დაკუნთულ მკლავებს აჩენდა, რომლებზეც მკრთალი ფერის ხვეული თმა წამოზრდოდა. არ შეეძლო მისი თითებისთვის არ შეეხედა, რადგან ყოველთვის ყურადღებას აქცევდა მამაკაცის თითებს. ისინი ადამიანზე თითქმის იმდენივეს ამბობენ, რამდენსაც ფეხსაცმელი. მატილდამ დალის მონაყოლი ამბის შემდეგ დაიწყო კაცების თითებისა და ფეხსაცმლის გულდასმით თვალიერება. დალი მისი მეგობარია, გათხოვებამდე კლინიკაში მუშაობდა თერაპევტად. ის ჰყვებოდა ერთი ქირურგის შესახებ, ყოველთვის გამოწკეპილი რომ დადიოდა თურმე პიჯაკითა და ჰალსტუხით, ფრჩხილებქვეშ კი მუდამ ჭუჭყი ჰქონდა დაგროვებული, ხოლო მისმა ფეხსაცმელმა კრემით გაპრიალება რა იყო, არ იცოდა.
კარგი, ვთქვათ, ტილოს ფეხსაცმლის გაწმენდა შეუძლებელია, თუ არ გარეცხე. აშკარად ძველია, მაგრამ უდავოდ მოდური. თითები ულამაზესი აქვს, სუფთა ფრჩხილებით, რასაც ვერ დაუკარგავ. ამასთან, მოსწონს მატის, როგორი სიფაქიზით ფურცლავს სერგი მის ბლოკნოტს, სადაც თავისი „არქიტექტურული შედევრია” თავმოყრილი. თითქოს ხელოვნების ნიმუშს ეხებოდეს, ისე სათუთად შლის თითოეულ ფურცელს.
საინტერესოა, რა შეგრძნებებს აღძრავს ეს თითები ქალის სხეულზე. ეხხხ! რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც…
ღრმად ისუნთქე, „იდიოტკა”, ტვინს აშკარად აკლია ჟანგბადი!
იჯდა მატილდა აფორიაქებული და ელოდებოდა, როდის ალაპარაკდებოდა სერგი. მაგალითად, როდის იტყოდა: „ეს სავსებით შესაძლებელია” ან „არა, ამას ვერ გავაკეთებ, მე პას”.
სწორედ ამ დროს ესკიზებში თავჩარგულმა მამაკაცმა ამოხედა. მისმა მზერამ მატის სხეულში ნამდვილი ცუნამი გამოიწვია. ისე წამოახურა, ოფლმა დაასხა. დამშვიდდი, მატი, ჯერ შორს ხარ მენოპაუზისგან, რა დროს შენი წამოხურებებია!
გაახსენდა, როგორ შეადარა ერთხელ დედამისმა კლიმაქსი ზღვის მიქცევა-მოქცევას და გაეღიმა.
- სუნი მაინც დგას. ფანჯარა ხომ არ გამოვაღო? წვიმამაც გადაიღო, - შესთავაზა მამაკაცს, თუმცა ფანჯრის გაღება თავის სასიკეთოდ უფრო სურდა, ვიდრე მის საამებლად.
- არ არის საჭირო, სუნი არ მაწუხებს, - უპასუხა სერგიმ და ნახატების შესწავლა განაგრძო.
- ვიცი, ფიგურები სასაცილოდ გამოიყურება, - ნაჩქარევად წარმოთქვა ქალმა, - მაგრამ ჩემთვის ვერთობოდი. ხატვა დიდად არ მეხერხება. უბრალოდ, წარმოვიდგენდი ჭურჭლის რეცხვის პროცესს, მერე როგორ შევალაგებდი მათ კარადაში, სად დავდგამდი ამ კარადას, ონკანს სად დავაყენებდი და ასე. რასაც ვერ გაიგებთ, აგიხსნით.
- საკმარისად მკაფიო ნახატებია, - თქვა კაცმა, - მაგრამ ამ ადგილას საყრდენი კედელია, რასაც ხელს ვერ ვახლებ. მისგან ერთი მეტრი მაინც უნდა დავტოვო და მერე გავანგრიო. სამაგიეროდ, აქ შემიძლია ხის თაღი გავაკეთო და ეს კედელი იქით გადავწიო.
უფრო ნათლად რომ წარმოედგინა ხელოსნის მონახაზი, მატილდა მის გვერდით დივანზე გადაჯდა. მამაკაცს ტყავის ქურთუკის გარეშეც ასდიოდა ტყავის სუნი და კიდევ რაღაცის - მარილიანი წყლის? ლოსიონის? მზის? თუმცა მზის სურნელი როგორია, მატიმ არ იცის. ალბათ, სწორედ ასეთი, სერგის რომ ასდის.
- თუ დამიჯერებთ, ამ კუთხის საუკეთესოდ გამოყენება შეიძლება, თუ გამათბობელს სათავსოს ნაწილში დავდგამთ. აქ სამზარეულოსთვის საჭირო სხვა რაღაცების მოთავსებაც შეიძლება.
მატიმ იგრძნო, რომ მათი მხრები ერთმანეთს ეხებოდა. სინამდვილეში თვითონ ეყრდნობოდა მას. ქალი მაშინვე გასწორდა, მაგრამ დივნის სირბილემ წონასწორობის აღდგენის საშუალება უცებ არ მისცა და კინაღამ ზედ გადაემხო ხელოსანს.
ოხ, ეს საზიზღარი დივანი! მატის არასდროს მოსწონდა იგი. სოფომ იაფად იყიდა ერთ დროს თავისი კლიენტისთვის, მაგრამ მას არ მოეწონა და სოფომაც მატილდას აჩუქა.
- მაშ ასე, - უსწრაფესად წარმოთქვა ქალმა და საჯდომი უკან გააჩოჩა, რათა მამაკაცის თბილ მკლავს მოშორებოდა, - კიდევ არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. თუ, რა თქმა უნდა, დაინტერესებული ხართ ჩემთან მუშაობით.
სერგი გაფაციცდა. მასთან მუშაობით დაინტერესებული? ქალაქში მშენებლობის ნამდვილი ბუმია გაჩაღებული. რომ მოინდომოს, სულაც არ გაუჭირდება სხვა საქმის აღება. კერძო შეკვეთებსაც ადვილად იშოვის და კომპანიებშიც შეუძლია თავის დამკვიდრება. მაგრამ იანვარში გარეთ მუშაობა სულაც არ არის კომფორტული. სამუშაო პირობები წლის ამ დროს გაცილებით უარესია, ვიდრე სხვა სეზონზე. აი, სახლში კი სითბო და საჭმელი არ მოაკლდება. მით უმეტეს, ქარიან-ყინვიან ამინდში. წარმოიდგინე მეცხრამეტე სართულზე აძრომა, იქ ფანჯრების ჩასმა ან აივნის მოპირკეთება, რა მნიშვნელობა აქვს! გაუსაძლისია. არ ჯობია, მყუდროდ მოკალათდეს ამ კოხტა სახლში, უფასოდ ჭამოს და სვას, თუნდაც დიასახლისი ცოტა ნაგიჟარი იყოს? რა თქმა უნდა, ჯობია.
- პირველმა ხელოსანმა, აქაურობა რომ დაათვალიერა და გაიგო, რაც მინდოდა, მითხრა, ეს სამუშაო სიგიჟეაო. არ ვიცი, რა იგულისხმა.
სერგიმ ღიმილი ვერ შეიკავა.
- ალბათ მისთვის არასახარბიელო სამუშაო იყო. ასეთ რამეებზე არ უნდა ინერვიულოთ. ის თუ არა, სხვა მსურველი ყოველთვის გამოჩნდება. ვადებზე ამბობდით წეღან რაღაცას… - მამაკაცმა ორცხობილა ჩაკბიჩა და კბილებშუა აახრამუნა.
- კი, ვამბობდი. მარტის შუა რიცხვებისთვის მინდა მზად იყოს, რათა ჩემი ბიზნესის დარიგისტრირება მოვასწრო. ეს ნიშნავს, რომ…
- ვიცი, რასაც ნიშნავს. დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ ეს გინდათ? ნაწილებად დაშალოთ სახლი იმისთვის, რომ მერე შიგ კაფე და წიგნის მაღაზია გახსნათ?
- იძულებული ვარ, სხვა არაფერი შემიძლია. ეს უნდა გახდეს ჩემი შემოსავლის წყარო, თორემ მაგრად დამერხევა. ხომ გესმით, მარტოხელა ქალი ვარ. შარშან ოროთახიანი ბინა ვიქირავე და იქ გავხსენი წიგნის მაღაზია. კი იყიდებოდა, მაგრამ იმდენად მაინც არ გაამართლა, რომ თუნდაც საშუალო მოგება მოეტანა. კიდევ კარგი, ვალები არ დამედო. სამაგიეროდ, იქვე, გვერდით კაფე გაიხსნა და სულ სავსე იყო ტურისტებით. ამიტომ წელს ასე გადავწყვიტე. არც ფართის ქირაობა მომიწევს და არც იმის შიში მექნება, ვალებში არ გადავვარდე. აი, მოვა ვიღაცა, თან ყავას დალევს, ნამცხვარს დააყოლებს, თან წიგნებს შეათვალიერებს. თუ იყიდის, ხომ კარგი, თუ არადა, ყავის ფულს მაინც ხომ გადაიხდის? მაგიდებიც იმიტომ მინდა, რომ თუ ვინმეს წიგნის ადგილზე წაკითხვის სურვილი გაუჩნდება, დაჯდება და წაიკითხავს. უფრო სწორად, საფუძვლიანად გადახედავს და მიხვდება, უღირს თუ არა მისი შეძენა. სერიოზული წიგნები მაქვს, თანაც ექვს ენაზე. არავის გავწეწავ მხოლოდ იმიტომ, რომ ტურისტია. სეზონზე აქ ყველაფერს ცეცხლის ფასი ადევს. მე ასე არ ვაპირებ. ფასები რეალური იქნება. სახლი ჩემია, ქირის გადახდა არ მომიწევს. ესეც ხომ შეღავათია, არა? ეს სახლი პირველი ქმრისგან მერგო. მემკვიდრეობით.
რაო? პირველი ქმრისგანო? განა მეორეც ჰყავდა? რა გასაკვირია, ამისთანა გიჟთან დიდხანს რომელი კაცი გაძლებდა! სერგი გულში ხითხითებდა. თვითონაც რომ დაიწყოს თავისი ამბის მოყოლა ცოლსა და სიმამრზე! არაა, თავისი პირადი ცხოვრების ისტორიის გაზიარებას არ აპირებს! არამც და არამც!
ამასობაში მატილდამ კედლის საათს ორჯერ ახედა.
- დიდი დრო ხომ არ წაგართვით? - სერგიმ ნახევრად შეჭმული ფუნთუშა თეფშზე დადო და ოდნავ დატკბილული თითები შარვალზე გაისვ-გამოისვა.
- არა, ისეთი არაფერი. უბრალოდ, დღეში ორჯერ ძაღლი გამყავს სასეირნოდ. მეშინია, არ დავაგვიანო, თორემ ყეფას ატეხს და მეზობლებს ამიჯანყებს. წვიმის გადაღებას ველოდები. ჩემი ძაღლი კი არაა, კარის მეზობლისაა, ორი კვირით დამიტოვეს.
არადა, კარგა ხანია აღარ წვიმდა. მუქ ღრუბლებში აქა-იქ ჩამავალი მზის ათინათით გავარდისფრებული ცა მოჩანდა.
- უკვე გადაიღო. რაღას ელოდებით? - მამაკაცი წასასვლელად გაემზადა, - სანამ თქვენ ძაღლს გაასეირნებთ, მე ჩემს საქმეებს მივხედავ, რაღაცები მაქვს მოსაგვარებელი.
ქალმა ისეთი იმედიანი მზერით ახედა, სერგი მზად იყო სილა გაეწნა საკუთარი თავისთვის, ეს რამ მათქმევინაო. ჯერ ხომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მისულან.
- ჩვენ მხოლოდ ორ საკითხზე უნდა ვისაუბროთ - მასალის თანხასა და ჩემს გასამრჯელოზე.
მატილდამ ამის გაგონებაზე შვებით ამოისუნთქა და მხიარული ტონით შეეკითხა:
- როდის მომაწვდით ხარჯთაღრიცხვას? მითხარით, რამდენი დამიჯდება თქვენი მომსახურება, მასალა და იმის მიხედვით გადავწყვიტოთ.
თუ სერგი ფრთხილად არ იქნება, შეიძლება ისე მოაჯადოოს ამ ნაცრისფერმა თვალებმა, მთლად ჩალის ფასად მოუწიოს საქმის გაკეთება. ეს კი მის კარიერულ წინსვლას კარგს არაფერს მოუტანს. კარგმა ხელოსანმა თავი უნდა დაიფასოს.
- ამაღამვე ჩამოვწერ ყველაფერს და ხვალ მოგაწვდით. თუ შევთანხმდებით, შემიძლია ეგრევე დავიწყო.
ორივე ერთდროულად წამოდგა.
მატილდას დიდრონი ნაცრისფერი თვალები, გლუვი კანი და დახვეწილი სახის ნაკვთები მის უმწეობაზე მიანიშნებდა, მაგრამ სერგიმ რაღაც ძალით იგრძნო, რომ ეს ქალი არც ისე უმწეო იყო, როგორც ჩანდა.
- დილითვე დაგელოდებით, - თქვა მატიმ, - ერთად ვისაუზმოთ. ვეგეტარიანელი ხომ არ ხართ?
- მე ცოდვილი ვარ, ქალბატონო, ხორცზე უარს ვერ ვამბობ, - აღიარა „ცოდვილმა”, რასაც მატილდას კეკლუცი გაცინება მოჰყვა.
სერგიმაც ვერ შეიკავა თავი და ჩაეცინა.
კარში ჩამდგარი ქალი უყურებდა, როგორ მიაბიჯებდა გასასვლელისკენ ყველაზე დამაინტრიგებელი მამაკაცი, ვინც კი ოდესმე შეხვედრია. ოხვრა აღმოხდა. რა მიმზიდველი ვინმეა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სილამაზით არ გამოირჩევა!
როგორც ჩანს, სოფო მართალია - მას ორგანიზმში ს ვიტამინის სერიოზული დეფიციტი აქვს!
გერმანული ნაგაზი მესი მაშინვე მივარდა მატილდას, როგორც კი ამ უკანასკნელმა ფარდულის კარი გააღო. ცოლ-ქმარი დეკანოზიშვილები, პაატა და ციალა, ორი თვით საზღვარგარეთ გაემგზავრა და მესი მატილდასთან დატოვეს. თან ბლომად საკვებიც დაუტოვეს. რა თქმა უნდა, მეზობლებმა ძაღლის შენახვისთვის მატის თანხა გადაუხადეს. თავიდან მატი სასტიკ უარზე დადგა, ისედაც მოვუვლი, ფული რა საჭიროაო, მაგრამ პაატამ არ დაანება. შენ რომ არა, ცხოველთა სასტუმროში უნდა დამეტოვებინა და ფული მაინც უნდა გადამეხადა, თან არც ვიცი, იქ როგორ მოუვლიან, შეიძლება მესი ჯავრით დაავადდეს, ამიტომ მირჩევნია შენთან დავტოვო, შეჩვეული გყავს და გაგიგონებსო. მატილდამაც აღარ დაუწყო ჭიდაობა კარის მეზობელს და მესი გადაიბარა.
ძაღლი ეგრევე შეახტა ქალს და ფეხზე შემოეხვია.
- ნუ მედები, მესი, გადი იქით! - დაუცაცხანა მატიმ და რის ვაივაგლახით გაუყარა საყელურში ჯაჭვი.
ძაღლი აღარ დაელოდა ქალს და ეგრევე ჭიშკრისკენ გაქანდა. ისე ძლიერად გაიწია, მატილდა კინაღამ ძირს გაიშოტა.
ასე, ყოველ დილა-საღამოს ნახევარი საათით ასეირნებდა მესის, მერე ისევ ფარდულში შეჰყავდა, საჭმელს უყრიდა და კარს უკეტავდა.
ეჰ, ერთი ხანობა რა კარგად მისდიოდა საქმე. ეს მაშინ, როცა მას და სოფოს გაცნობის საგენტო ჰქონდათ გახსნილი. მერე დალიც შეუერთდა მათ და ისე კარგად ააწყვეს საქმე, თქვენი მოწონებული. ფიქრიაც ეხმარებოდა მეგობრებს ხანდახან, დაქალების საერთო დამლაგებელი. მერე ყველაფერი აირია. დალი თბილისელ ბიჭზე გათხოვდა და წავიდა, სოფო მესამედ გამოთხოვდა და ბიზნესისადმი ყოველგვარი ინტერესი დაკარგა. მატილდა მარტო რას გააწყობდა? დახურეს სააგენტო.
არადა, გამოსდიოდათ ეს საქმე. სამი წყვილი დააქორწინეს. განა ცოტაა ორი წლის განმავლობაში? რამდენიმე შეხვედრებს აგრძელებდა და ვინ იცის, იქნებ ისინიც დაქორწინდნენ.
ახლა სოფო დიდი ქალია, ინტერიერის დიზაინერობას მიჰყო ხელი და შეკვეთები თავზე აყრია. ეჰ, ყველამ მიხედა თავს, თვითონ იკითხოს.
- მე კი დავრჩი მარტო და… - ნერვიულად შესჩივლა თავის თავს, თან მესის მისდევდა აქოშინებული. ჯაჭვს ცოცხალი თავით არ უშვებდა ხელს, რათა ნაგაზი არ გაჰქცეოდა, - ნელა, შე ოხერო, არ წამაქციო! რიადომ! რიადომ! - მოკლე ბრძანებებს აძლევდა შიგადაშიგ რუსულად…
როცა მესი ადგილზე დააბრუნა, სიქა გაცლილი ჰქონდა. ფარდული ბოქლომით ჩაკეტა, მერე ფანჯარაში შეიხედა, რათა ენახა, ჭამდა თუ არა მესი საჭმელს და თავისი შავი ბოტებით სახლისკენ წაბაკუნდა.
როცა სერგი თავის კატერზე დაბრუნდა, უკვე ბნელდებოდა. გზად კაფეში შეიარა და ვახშამი გამოიყოლა - შემწვარი კარტოფილი ღორის ხორცით. ამ დროს ბიბიმ დაუძახა, რომელიც იქვე ტრიალებდა, მეთევზეებთან.
- სერგი, რა ქენი, ნახე ის ქალი?
- კი, შევხვდი, - თავი დაუქნია მამაკაცმა.
- მორიგდით?
- ჯერ თანხაზე არ შევთანხმებულვართ, ხვალ უნდა შევხვდე. - მიუგო ახალ ნაცნობს და კაიუტაში ჩავიდა.
კიდევ კარგი, ეს კატერი მაინც შერჩა, თორემ მოუწევდა კერძო სასტუმროში ოთახის დაქირავება და ფულის წყალში გადაყრა. მართალია, ვეებერთელა არ არის, მაგრამ მას ჰყოფნის. რაც მთავარია, კაიუტა აქვს, სადაც დაძინება შეუძლია. შუქი აანთო და პატარა გამათბობელიც ჩართო, რომელიც ცხელ ჰაერს უშვებდა. გამათბობელმა რატომღაც მატილდა გაახსენა. ეჰ, მასთან შეხვედრამდე შეეძლო დაეფიცა, რომ ქალების მიმართ იმუნიტეტი ჰქონდა გამომუშავებული.
უბედურება ისაა, რომ მის ყოფილ ცოლსა და მატის შორის ისეთივე განსხვავება იყო, როგორც ცასა და დედამიწას შორის. მისი ცოლის, მადონას ყოველი დილა თავის მოვლის რიტუალით იწყებოდა. უფრო სწორად, დილა კი არა, შუადღე, რადგან პირველ საათამდე ლოგინიდან არ დგებოდა. მერე დაივლიდა მაღაზიებს, ჭინჭებით გაავსებდა ჩანთებს და სალონში გაქანდებოდა მანიკიურისა თუ პედიკიურის გასაკეთებლად. სერგი კი ამ დროს თავაუღებლად მუშაობდა. მერე თავისდა უნებურად სიმამრის მაქინაციებში გაება და შეეცადა შექმნილი ქაოსის ლაბირინთებში გზა როგორმე გაეგნო, რათა ციხეში არ ამოეყო თავი. ამასობაში ცოლი ყურადღების მიღმა დარჩა და ვერც შეამჩნია, როდის დაადგა ქმარს რქები.
მადონასგან განსხვავებით, მატილდა წიგნის თაროებს ღებავდა და სახლის გარემონტებას აპირებდა. სხვის ძაღლს უვლიდა და რთული ფინანსური მდგომარეობის გამო პატარა ბიზნესის წამოწყებას ცდილობდა. მართალია, დიდი ვერაფერი იყო მისი ჩანაფიქრი და სერგის ეჭვი ეპარებოდა, რომ წიგნი და კაფე ერთად გაამართლებდა, მაგრამ ხომ ცდილობდა ადამიანი? სხვის კისერზე ხომ არ იყო ჩამოკიდებული? ასეთ მოწადინებულ ქალბატონს ცხოვრება არ გაწირავს. ყველაფერი გამოუვა, თუ მოინდომებს.
რაც შეეხება საკუთარი კარიერის „გარდაცვალებას”, ამაში გარკვეული წვლილი თვითონ მიუძღვის. თვალი რომ დაეხუჭა სიმამრის მაქინაციებზე, იქნებოდა ახლა მხართეძოზე წამოგორებული და ფული ჩეჩქივით შემოუვიდოდა. ერთადერთი, რაც ევალებოდა, არ უნდა შეემჩნია ის უკანონობა, რაც კომპანიაში ხდებოდა, მაგრამ რომ ვერ იტანს ასეთ რამეებს? მერედა, სანამ გაგრძელდებოდა მისი უდარდელი ცხოვრება? ერთხელაც ხომ ჩააყუდებდნენ? ისე, დროზე კი გამოასწრო. უხეიროდ აშენებული კორპუსის ფასადი რომ ჩამოინგრა, ერთი მუშა ადგილზე დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა და ამას ისეთი ამბები მოჰყვა, სამშენებლო სამუშაოები შეაჩერეს და სიმამრის ქონებას ყადაღა დაადეს. აბა რა იქნებოდა, სამი სართული არასაკმარისი გამაგრების გამო ჩამოინგრა. იცოდა სერგიმ, ყველაფერი ასე რომ დამთავრდებოდა და დროზე უშველა თავს. ცხვირში მიაყარა სიმამრს ყალბი დოკუმენტაცია და კარი გამოიჯახუნა. ამის მერე მადონასთან დაშორებაც გაუადვილდა. ისედაც წკიპზე იყო მათი ურთიერთობა. როცა სიმამრთან ურთიერთობა გაუფუჭდა, მერე აუხილეს ძმაკაცებმა თვალი, შენი ცოლი სხვასთან „გულაობსო”. სერგის მეტიც არ უნდოდა! მაშინვე განქორწინებაზე შეიტანა განცხადება და მთელი ქონება ქალს დაუტოვა. დაუტოვა რა, მისი იყო და მასვე დარჩა. ქორწილის შემდეგ რომ ბინა აჩუქა სიმამრმა და მანქანის გასაღები ჩაახუტა, განა მართლა სერგის საკუთრება იყო? მზითვად მოჰყვა მადონას, ამიტომ უკანვე დაუბრუნა. მას მერე იქ გაჩერება აღარ უნდოდა. თავისი ოროთახიანი ბინა გამოკეტა და კატერს მიაშურა. ეს ერთადერთია, რაზეც უარი ვერ თქვა. მართალია, იგი სიმამარს არ უჩუქებია, მაგრამ მასთან მუშაობით ნაშოვნი ფულით შეიძინა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი იყო და ვერავინ შეედავებოდა. დროზე უნდოდა იქაურობას გასცლოდა, თან რაც შეიძლება შორს, რომ მათი გვარ-სახელი აღარასდროს გაეგონა.
მაგრამ აი, ჩამოვიდა ამ პატარა ქალაქში და დროებით გაჩერდა. რატომღაც, მოეწონა აქაურობა. იქნებ ბედისწერამ ასე გადაუწყვიტა?
ვინ იცის…
გაგრძელება იქნება