სერგიმ ფეხზე გაიხადა და ლეიბზე წამოწვა. მერე მობილური მოიმარჯვა და სოციალურ ქსელში შეძვრა. არ უყვარდა ეს სივრცე, მაგრამ იგი მისთვის, პირველ რიგში, ინფორმაციის წყარო იყო. უამრავ ჭორ-მართალს იგებდა აქედან, თუმცა თავად არასდროს მონაწილეობდა არც კომენტარების გაკეთებაში, არც მოწონებების დაწკაპებაში. უბრალოდ, ეცნობოდა ახალ ამბებს და ეგ იყო. ტელევიზორს დიდი ხანია გადაეჩვია. სამი წელი მაინც იქნება, საინფორმაციო გამოშვებებს არ გაჰკარებია, მხოლოდ სპორტულ არხებს თუ ჩაუჯდებოდა ან ფილმებს. პოლიტიკა ყელში ჰქონდა ამოსული. არც „ამისტი” იყო და არც „იმისტი”.
ცოტა არ იყოს, მოშივდა. ახლოს მოიჩოჩა ტაბურეტი და თავისი მწირი ვახშამი გაშალა. თან ილუკმებოდა, თან ფიქრებით იმ ქალს დაუბრუნდა, რომელიც ეს-ესაა გაიცნო. თუ თავისი წარსულის შეცდომებიდან ცოტა რამ მაინც ისწავლა და გაითვალისწინა, მაშინ საკუთარ ინსტინქტებს უნდა ენდოს. ამიტომაც ახლა შინაგანი ხმა ეუბნება, რომ წინ რაღაც ბევრად სასიამოვნო ელოდება, ვიდრე ის შეკვეთაა, რომელიც დღეს აიღო.
საუზმეზე მატილდას სოფო ესტუმრა ფუნთუშებითა და ინტერიერისთვის განკუთვნილი ჟურნალით ხელში.
- ოცდამეცხრე გვერდი გადაშალე და ამ ოთახის ფერთა გამაზე იფიქრე, - საჩვენებელი თითი იმ საძინებლისკენ გაიშვირა, რომლის გადაკეთებასაც მატი აპირებდა, - თან ცხელი ფუნთუშები მოგიტანე, სანამ ჩემს კლიენტთან წავალ. მაგარი საქმე ავიღე, იცი? ძაან ფოი-ფოისთან მოვხვდი, კარგ ფულსაც მიხდის. ყავას ხომ დამალევინებ? - გარედან შემოყოლილი სუსხისგან დაქალს ლოყები უღაჟღაჟებდა, თვალები კი, როგორც ყოველთვის, ხარბ ვნებას აფრქვევდა. სოფო იმ დაურწყულებელი ქალების ნუსხაში მოიაზრებოდა, გამუდმებით სუპერმამრის ძიებაში რომ არიან. სუპერმამრი კი თავისთავად არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ ჯიბითაც სრულყოფილ მამაკაცს გულისხმობდა.
მატილდა ჯერაც ვერ გამორკვეულიყო ძილისგან და ცდილობდა, როგორმე დაეღწია თავი მთქნარებისგან. შოშიასავით წარამარა აღებდა პირს და ხელისგულს იფარებდა, თან თვალებს ჭუტავდა, სანამ მთქნარებას მორჩებოდა.
- მიდი ახლა, მომიყევი მაგ ხელოსანზე. სულ თავიდან დაიწყე და არაფერი გამოტოვო. მართლა ჰაიკლასია? - ცნობისმოყვარედ იკითხა სოფომ და ყავის ფინჯანი ახლოს მიიწია.
მატილდა ჯერაც ძილბურანში იყო, ამიტომაც მეგობრის ენერგიულ შეკითხვას წაუყრუა.
- შენა! მოდი, დროზე დახვრიპე ეგ ყავა. ხომ იცი, რომ ძაღლი უნდა გავიყვანო სასეირნოდ. ამდენი არ მცალია.
- ჩემს კითხვას თავს რატომ არიდებ, ქალბატონო?
- აუ. სოფო! რას მერჩი ამ დილაუთენია? ჰაიკლასში რას გულისხმობ, ჯერ ის მითხარი!
- ჩვენ, უბრალოდ, ვიფიქრეთ… უფრო სწორად, ფიქრიამ მომაწოდა იდეა. შესახედავად მაგარი ტიპიაო. ამიტომ, თუ დაიწყებს მუშაობას და ამ კედლებს დაანგრევს, იქნებ შენი მარტოობის კედელიც გაანგრიოს? ამის შანსი არსებობს?
მატილდამ თავი უკმაყოფილოდ გააქნია.
- აღიარე, რომ არ გასვენებს ჩემი მარტოობის ფაქტი. ჯერაც გაწუხებს, რომ ამქვეყნად არსებობს ერთი დამოუკიდებელი ქალი, რომელიც თავს მშვენივრად გრძნობს მამაკაცის გარეშე. ნუთუ თავში არასდროს მოგსვლია აზრად, რომ ჩვენ შორის რომელიღაცას ასეთი ცხოვრება მოსწონს?
სოფომ აინუნშიც არ ჩააგდო დაქალის საყვედური. პირიქით, იქით შეუტია:
- ქალიოოო! - „ლ” რაც შეიძლებოდა ჩაარბილა, - ისე მელაპარაკები, თითქოს მაჭანკლობა შენთვის უცხო ხილი იყოს. იქნებ დაგავიწყდა, ოთარი და რიტა რომ დავაწყვილეთ? ან ლამარა და ნიკო? კიდევ ისა… - საჩვენებელი და შუათითი გაატკაცუნა, სანამ მესამე წყვილის სახელებს იხსენებდა, მაგრამ მატიმ აღარ დაამთავრებინა.
- არ ჯობია ეგ პირი ფუნთუშით გამოიტენო? - საყვედურნარევი ტონით წარმოთქვა და ორივე ფინჯანში ყავა ჩამოასხა, ზემოდან კი ნაღები მოასხა, - ძაღლი მელოდება. ასე რომ, დაუჩქარე!
- ოხ, შე არათავაზიანო! ასე უნდა დახვდე დაქალოჩკას?
- სოოფ! ხომ იცი, როგორი აუცილებელია ჩემთვის ამ რემონტის გაკეთება? თან რეკორდულ დროში უნდა მოვასწრო. შენ თუ შენს თამაშებს წამოიწყებს ჩემს ხელოსანთან, ზუსტად ვიცი, რომ შემიშინებ. ამიტომ დროზე გაასწარი აქედან და სანამ ყველაფერს არ დავამთავრებ, აქ არ დაგინახო. გასაგებია? - მსუბუქად, მაგრამ მაინც დატუქსა მეგობარი.
- კარგი, ნუ მებღვირები. მართლა შენზე კი არ ვზრუნავ, თავი ქვისთვის გიხლია, თუ არ გინდა. ლალოზე ვიფიქრე, იმას ხომ არ გავაცნოთ-მეთქი. იცი, როგორ მეცოდება? ამას წინათ გზაში შემხვდა და იმდენი მეწუწუნა… შარშანდელი ზაფხულის მერე პაემანზე არ ვყოფილვარო.
- ის გეწუწუნა თუ შენ გაუწყალე გული?
- არაფერიც! არ იცი მაგის ამბავი? სულ თავის ყოფილს მისტირის, ვერ მოინელა, ცოლს რომ შეურიგდა. ჰოდა, ვიფიქრე, ეგ კაცი იქნებ კარგი ვარიანტია-მეთქი. რა ჰქვია? ფიქრია კი ძაან აქებს და… შენი აზრით, ეგეთი კარგია?
- გრძელთმიანია, მგონი, არც არასდროს შეუჭრია. ოდნავ მოშვებული წვერით, გაცვეთილი პერანგით, გაუბედურებული ფეხსაცმლით. წარმოიდგინე, ამისთანა ზამთარში კაცი ნაჭრის ფეხსაცმლით რომ ივლის, რა ტიპი იქნება. ჩექმა და ბათინკი ალბათ სიზმარში თუ უნახავს. თითები ისეთი აქვს, ქირურგი გეგონება, არც ერთი კოჟრი, არანაირი გაუხეშებული კანი. არ ვიცი, რა მეთოდით მუშაობს, - მატილდამ ჩაიცინა, - როგორც ჩანს, მეორადებში ყიდულობს ტანსაცმელსაც და ფეხსაცმელსაც.
- ხუმრობ! - სოფომ ფუნთუშისგან გაწებოვნებული თითები გაილოკა და გაფართოებული თვალებით მიაჩერდა მეგობარს.
- არანაირად. თუ არ გჯერა, ფიქრიას ჰკითხე, როგორი ჩაცმული დადის-თქო და ის გეტყვის. გგონია, გატყუებ? გგონია, მეშინია, ხელოსანი არ ამახიო ან არ გამიცდინო? ესეც შემეძლო, მაგრამ მართლა სიმართლეს გეუბნები. ამის მერე თუ მაინც გემეტება ლალოსთვის, ჯერ არა, რა. ძალიან გთხოვ. სანამ საქმეს არ მორჩება, არავისზე არ გადაატანინო ყურადღება, თორემ მოგკლავ, იცოდე! ვერ გადამირჩები. ის ჩემი უკანასკნელი შანსია, გესმის?
- კაი, რა პრობლემაა, სიხარულო. სამუშაო საათებში ის შენია. რა მითხარი, მაღალიაო?
- ნუუუ… შენზე ცოტათი მაღალი.
- უი, მეტი არა? რა დაბალი ყოფილა. - შეიცხადა სოფომ, - სიმპათიური მაინც თუა? ფიქრიამ მითხრა…
მატიმ თავი უკან გადააგდო და გადაიკისკისა. სოფო მიუხვდა და მხიარულად შესძახა:
- ესე იგი, ლამაზია! რა მავნე ხარ! გინდა მომატყუო, ხო? აღიარე, რომ შენ თვითონ მოგწონს და არ გემეტება ლალოსთვის.
- კარგი რა! მსგავსი არაფერი! ნუ მიედ-მოედები! მომწონს არა ის! მიდი ახლა, დააწექი და დროზე წადი. წუთი-წუთზე უნდა მოვიდეს, მე კი მესი გაუსეირნებელი მრჩება. ვინ იცის, როგორ წკმუტუნებს. ადე, ადე, გავიდეთ! - ორივე ხელის თითები ადგომის მიმანიშნებელი ჟესტით აათამაშა მატილდამ და თვითონაც წამოხტა.
სოფომ ჩაიცინა. მისმა თვალებმა დაწახნაგებული ალმასივით გაიბრწყინა. სულ ასე უბრწყინავდა თვალები, როცა რაღაც ეშმაკურს ჩაიფიქრებდა.
- ეჰ, ავმა ძაღლმა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აჭამაო, ისე გჭირს შენ, - ამოიოხრა და ადგა, თან ბეჭდებიანი თითები ერთმანეთს გაუსვა.
- გოგო, მაცალე ცოტა ხანი. დაიწყოს ამ ოხერი ოთახის გადაკეთება, დამიმთავროს რემონტი და მერე რაც გინდათ, ის უქენით შენ და ფიქრიამ. თუ გინდათ, სახლში დაისვით. მე ის კი არა, მისი ხელობა მჭირდება, რით ვერ შეიგნე?
- ჰო, აბა, შენ სხვა რა გენდომება! - ირონია არ დაიშურა დაქალმა.
- დიახაც! მხოლოდ და მხოლოდ ხე-ლო-ბა! - ლამის ყვირილით დამარცვლა მატიმ ბოლო სიტყვა.
- კაი, კაი, დამშვიდდი, ყური ნუ გამიხვრიტე. რა განერვიულებს? უკვე გითხარი, სამუშაო საათებში შენია, მერე კი მე და ფიქრია მივხედავთ იმას, რაც მისგან საღამოსკენ დარჩება. რა თქმა უნდა, ლალოსთვის.
მატილდამ ისეთი დაამთქნარა, ლამის ყბა მოექცა, მერე კი სიცილისგან ჩაბჟირდა. მეგობარს ორივე ხელით კარისკენ უბიძგა და ჩაილაპარაკა:
- გგონია, საღამოს რამის თავი ექნება? ძაან მეეჭვება.
- ქალო! - უეცრად მკვეთრად მოტრიალდა სოფო, - იმდენი ქმარი გამოვიცვალე, შენ არც დაგესიზმრება და რას მასწავლი? მე რა, არ ვიცი, კაცს როდის რისი თავი აქვს?
მატილდას ისევ სიცილი აუტყდა, ქურთუკი მოიცვა, თავისი წითელი ბოტები ამოიცვა და სოფოს უკან მიჰყვა.
ღიმილით გაჰყურებდა ფილებდაგებულ ბილიკზე ძლივს მიმავალ დაქალს, თავის შემაგრება რომ უჭირდა მოყინულ გზაზე და ხელებს იქნევდა წონასწორობის შესანარჩუნებლად. თვითონ სულელი კი არ იყო, ბოტებს რომ იცვამდა. აბა, ამისთანა მოლიპულ ფილებზე მაღალი ქუსლებით პაკიპუკი ვის გაუგია? სოფო გაჭირვებით მიიწევდა წინ, თან ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ფრანგული სუნამოს სურნელს ტოვებდა, რაც მატის პირდაპირ ცხვირში უღიტინებდა.
როგორც კი სოფოს თეთრი „ტოიოტა” თვალს მიეფარა, მატილდამ ნაბიჯს აუჩქარა და მესის სადგომს მიაშურა. ნახევარი საათი კიდევ ჰქონდა დრო სერგის მოსვლამდე, ამიტომ თავისუფლად მოასწრებდა ძაღლის გასეირნებას.
როცა შინ დაბრუნდა, დარჩენილი ფუნთუშები კოხტად დაალაგა უფრო მომცრო თეფშზე და ყავის ფინჯნები სასწრაფოდ დარეცხა. მალევე მის სმენას მანქანის ძრავას თუხთუხის ხმა მისწვდა და მიხვდა, რომ ხელოსანი კარს მოადგა. ეჰ, თმის ჩამოვარცხნას ვეღარ ასწრებდა, რომელიც ქარმა აუწეწა, რადგან ქუდი არ ეხურა. სახე და ცხვირიც გასწითლებოდა სიცივისგან. იმის დროც არ რჩებოდა, მაღლა აერბინა და სახეზე რამე წაესვა.
თუმცა ადარდებდა კი?
ადარდებდა, როგორ არა, მაგრამ იქნებ ასე ჯობდა? რა აზრი ჰქონდა, ცრუშთაბეჭდილება მოეხდინა მასზე? ღრმად შეისუნთქა ჰაერი, რომელსაც სუსტად, მაგრამ ჯერაც შერჩენოდა გუშინდელი საღებავებისა და დამწვარი დარიჩინის სუნი და სერგის შესახვედრად მოემზადა. ამჯერად, სხვა უკვე გაქცეული ხელოსნებისგან განსხვავებით, გული ცუდს არაფერს უგრძნობდა.
ჰოლს მიაშურა და შემოსასვლელი კარი სწორედ იმ დროს გააღო, როცა სერგი დაკაკუნებას აპირებდა.
- დილა მშვიდობისა. ჯერ ხომ არ გისაუზმიათ?
მამაკაცმა გაოცების ნიშნად ცალი წარბი აზიდა.
- უკაცრავად… როგორც მახსოვს, გუშინ… - აღარ დაამთავრა სერგიმ.
ჯანდაბა! მატის სულ გადაავიწყდა, წასვლის წინ საუზმეზე რომ დაპატიჟა. როგორმე უნდა გამოესწორებინა თავისი შეცდომა.
- ხორცს ამწუთას ავაშიშხინებ ტაფაზე, მანამ კი ფუნთუშები მივირთვათ ყავასთან ერთად. - სხაპასხუპით მიაყარა.
ვაუ, დღეს ეს კაცი გაცილებით სიმპათიურად გამოიყურება, ვიდრე გუშინ. მატილდა დიდი ექსპერტი არ იყო, მაგრამ ორი ქმრის შემდეგ რაღაც-რაღაცები გაეგებოდა კაცების. მაგალითად ის, რომ ლამაზი მამრები სანდოები არ იყვნენ და თავიანთი გარეგნობა თავში ჰქონდათ ავარდნილი, სინამდვილეში კი დიდს არაფერს წარმოადგენდნენ. მართალია, ეს კაცი დიდი სილამაზით არ გამოირჩეოდა, მაგრამ იყო მასში რაღაც მაგნიტივით მიმზიდველი. პირველ რიგში ის, რომ სიძლიერეს ასხივებდა.
- დღეს ცოტათი დათბა, - თქვა მან, - გუშინ მაგრად ციოდა.
- მოდის გაზაფხული ნელ-ნელა, - გაეპასუხა მატი. არადა, ჯერ შუა ზამთარი იყო, - თქვენ სად ხართ დაბინავებული? სასტუმროში თუ… რამე რომ იყოს, სად შემეძლება თქვენი მოძებნა?
- სანაპიროზე, ბიბის მეზობლად. მეგონა, გუშინ გითხარით. ჩემს კატერზე ვცხოვრობ.
ჰო, მართალია. უთხრა, მატილდას კი დაავიწყდა. ის ხომ ბიბიმ და ფიქრიამ გამოგზავნეს მასთან.
- იქ, ალბათ, ცივა, არა? ხომ არ იყინებით?
- კი, ცივა.
აი, თურმე რა ყოფილა. ნეტავ მატის თბილ სახლში გადმოსვლა ხომ არ მოუსურვებია? გამორიცხულია! ოცნებაშიც არ გაივლოს ეგ!
- როგორ ფიქრობთ, რამდენი დრო დაგჭირდებათ ამ ყველაფრის დასანგრევად და ხელახლა ასაშენებლად? ანუ გადასაკეთებლად? - მატილდამ ღორის ხორცის ნაჭრები ტაფაზე დაყარა და ზედ შუშის თავსახური დააფარა.
როგორც კი ხორცის სუნი ჰაერში დატრიალდა, ეგრევე გაზქურის თავზე დამაგრებული ვენტილატორი ჩართო ჰაერის გასაწმენდად.
- დანგრევას, ალბათ, ორი-სამი დღე დასჭირდება, - გაეპასუხა სერგი, დივანზე დაჯდა, ფეხები გაჩაჩხა, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და თითები ერთმანეთში ჩახლართა.
- მშვენიერია! - გაუხარდა მატილდას და სამზარეულოდან გამოხედა ხელოსანს.
მერე კარგა ხანს არც ერთს ხმა არ ამოუღია. მატი ხორცს წვავდა, სერგი კი თავჩაღუნული თავისთვის ფიქრობდა.
როცა ხორცი კარგად დაბრაწა, ცალკე ათქვეფილი კვერცხი მოასხა ზემოდან, წყალში გახსნილი ტომატიც დაამატა და იმაზე დაფიქრდა, რა თანხას ეტყოდა სერგი.
- ხელების დაბანა ხომ არ გინდათ? სააბაზანო, თუ გახსოვთ, მეორე სართულზეა. ტუალეტი კი მაქვს დაბლა, მაგრამ ონკანი არაა დაყენებული. - მობოდიშებასავით გამოუვიდა.
არადა, რა დიდი ამბავი უნდოდა პირველ სართულზე საპირფარეშოში ონკანის დაყენებას, რომ წარამარა მაღლა არ ერბინა? თუმცა არც დარბოდა, როცა ქვემოთ იყო. სამზარეულოს ონკანშიც მშვენივრად იბანდა თვითონ ხელებს, მაგრამ ამას ხელოსანს ხომ არ ეტყოდა? რა წარმოდგენა შეექმნებოდა მასზე უცხო კაცს?
სანამ მამაკაცი ხელებს გადაიბანდა, მატილდამ სუფრა გაშალა. კიდევ კარგი, ლოგინის დალაგება მოასწრო. ვინ იცის, მაღლა ასულმა სულაც შეიხედოს მატის საძინებელში. რახან ხელოსანია და რემონტი უნდა დაიწყოს, ამის უფლება ნამდვილად აქვს. ნეტავ აბანოს ხალათი ხომ არ მიაგდო დაუდევრად სადმე? სირცხვილი არ ჭამოს!
ეჰ, რაზე დარდობს. განა ამას მნიშვნელობა აქვს? მთავარია, დღესაც ფეხშიშველი არ დახვდა. ფეხსაცმელიც აცვია და თბილი სპორტულებიც. თანაც „ადიდასის”, ძვირად ღირებული. ას დოლარზე მეტი აქვს მიცემული. ორი წლის წინ ფასდაკლებაზე იყიდა სოფოს ჯინაზე, სულ რომ დასცინოდა, ნორმალური ჩასაცმელისთვის ფული არ გემეტებაო. ხომ დაუმტკიცა, რომ ემეტებოდა?
- მურაბები გიყვართ? ლეღვისაც მაქვს, მარწყვისაც და შინდისაც, არ მოგერიდოთ, - გამოუცხადა სტუმარს, როცა იგი დაბლა ჩამოვიდა, - დაბრძანდით, მურაბასაც ახლავე შემოვამატებ.
კარგზე იფიქრე, მაგრამ ცუდისთვის მუდამ მზად იყავი - ეს მატილდას დევიზი გახლდათ. ახლა თითქმის დარწმუნებული იყო, რომ სერგი საქმის დაწყებაზე თანახმა იყო. სხვა შემთხვევაში, საუზმეზე უარს იტყოდა. რას იცინებს, გაუგონარი თანხა რომ მოუხიოს! მიახლოებითი ფასი მაინც ეკითხა გუშინ, რატომ ვერ მოიფიქრა ეს? ვაითუ უარის თქმა მოუწიოს. მშვიდობით მაშინ, მატის რემონტო! ვინ იცის, იქნებ მთლად უფულოდაა ეს კაცი და მისით უნდა ხელის მოთბობა? იქნებ მშიერიცაა და ამიტომ დახარბდა მის მომზადებულ საუზმეს?
არა, ასე ვერ იქნებოდა. ნაძლევსაც დადებდა, რომ სერგი კარგად აღზრდილი ადამიანი იყო და ასეთ რამეს არ იკადრებდა. თუმცა იმდენი ცუდი რამ გაეგონა ხელოსნებზე, არაფერი გაუკვირდებოდა. თუნდაც ის, რომ ამწუთას მატილდას პირდაპირ თვალებში უყურებდა, მის პატიოსნებას უსვამდა ხაზს, თორემ მატყუარა და აფერისტი რომ ყოფილიყო, მზერას აარიდებდა.
მართალია. მაგრამ მეორე ქმარიც ასე არ შესციცინებდა თვალებში და თან მოლა ნასრედინივით ატყუებდა?
- შეუძლებელი არაფერია, - თქვა ცოტა ხნის შემდეგ მამაკაცმა და ყავა მოსვა, - განვახორციელებთ თქვენს ოცნებას.
როგორც იქნა, საქმის არსს მიუახლოვდნენ.
- განახორციელებთ?
სერგიმ თავი დაუქნია.
- ის კედელი, რომლის დანგრევაც თქვენ გინდათ… მგონი, გითხარით გუშინ, საყრდენი კედელია და მისი მოშლა არ შეიძლება. თუმცა სხვანაირად გავაკეთებ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით და თქვენც მოგეწონებათ.
- თანახმა ვარ. კომპრომისი ჩემი მეორე მეა, - გაუღიმა მატიმ.
- აი, ყველაფერი ჩამოვწერე, - მამაკაცმა პერანგის ჯიბიდან ოთხად გაკეცილი ფურცელი ამოიღო და გაშალა.
მატილდა ამჯერად მის პერანგს დააკვირდა. დღეს სხვა ეცვა, დათბილული კუბოკრული პერანგი, რომელსაც საყელოსთან ერთი ღილი აკლდა. საინტერესოა, რატომ ამჩნევს ყველა დეტალს ამ კაცის ჩაცმულობაზე? იმიტომ, რომ ზოდიაქოთი ქალწულია? სხვათა შორის, ამას წინათ წაიკითხა რომელიღაც ჟურნალში, ქალწულები ძალზე ვნებიანები არიან და სასიყვარულო თამაშებს აღმერთებენო. ჰმ… თურმე როგორ ატყუებენ ეს ასტროლოგები ადამიანებს!
მატილდამ ფურცელი გამოართვა.
პირველი, რაც თვალში მოხვდა, სერგის კალიგრაფია იყო.
ისეთი ლამაზი ასოებით იყო გამოყვანილი ყოველი სიტყვა და ციფრი, ქალი გაოცებული დარჩა. დახვეწილი ხელწერა ჰქონია. ისეთი, როგორიც თვითონააო, გაიფიქრა.
როცა გულდასმით გადაათვალიერა ნაწერი, კმაყოფილი დარჩა. ამ თანხას თავისუფლად შესწვდებოდა.
- კარგია, სერიოზულ პრობლემას ვერ ვხედავ, - თქვა და შვებით ამოისუნთქა.
სერიოზული პრობლემა მართლა არ იყო, მაგრამ საბოლოოდ ერთი თეთრიც არ დარჩებოდა და შავი დღისთვის გადანახული მთელი თანხა დაეხარჯებოდა. მეორე მხრივ კი, განა ამისთვის არ ჰქონდა გადადებული? ამიტომ აღარ ჩიოდა. ნელ-ნელა ისევ დაიწყებდა მოგროვებას, არ გაუჭირდებოდა, თან ტურისტული სეზონი მოდიოდა. ბოლოს და ბოლოს, თუ ამას ვერ მოახერხებდა, კიდევ გაყიდდა სახლიდან რამეს, რაღაცები ჰქონდა შემორჩენილი. მერე იქნებ სამსახურიც ეშოვა რამე, სარფიანი.
- მაშინ ორივემ მოვაწეროთ ამ ფურცელს ბოლოში ხელი და შევუდგეთ საქმეს, კარგი?
- კი ბატონო, თანახმა ვარ, თუმცა ხელმოწერის გარეშეც გენდობით.
სერგი კიდევ ერთხელ გააოცა მისმა ნათქვამმა, თუმცა ამჯერად არ შეიმჩნია და წარბი ზემოთ არ გაჰქცევია.
მეორე დილით, როცა მამაკაცი კვლავ მოადგა მის ეზო-კარს, მატილდა შიშმა აიტანა. ძალა მოიკრიბა და შეეცადა, როგორმე გამკლავებოდა ამ საიდანღაც გამომხტარ დიდთვალება შიშს. ამხელა თანხა რომ უჯდება ეს რემონტი, ვაითუ არ გაამართლოს, მერე სად მიდის? რომელ წყალში გადავარდეს?
არა უშავს, რაღაცას მოიფიქრებს. სოფო აქ არ ჰყავს? მოუფიქრებს რამეს.
- კარი ღია იყო, ამიტომ დაუკაკუნებლად შემოვედი. არა უშავს, ხომ? - ქვემოდან შეჰღიმა კიბეზე ჩამომავალ მატილდას მამაკაცმა.
- გუშინ ხომ გითხარით, კარს ღიას დავტოვებ, თუ ვერ მოგისწარით-მეთქი. მეც ამწუთას შემოვედი, ძაღლი გავასეირნე და…
- ძაღლი რომ გაასეირნეთ, ეს კარგია, მაგრამ კარს ღიას რომ ტოვებთ, ეს ცუდი. რა იცით, რა ხდება, სიფრთხილე მაინც საჭიროა.
- ჩვენი უბანი საშიში არ არის, აქ არავინ არავის არ უვარდება. მაგ მხრივ მშვიდად ვარ, თუმცა ყველაფერი ხდება. მოდი, იცით რას ვიზამ სხვა დროს? კარს დავკეტავ და გასაღებს ქეჩის ქვეშ ამოვდებ.
- როგორც გენებოთ, - მხრები აიჩეჩა სერგიმ და ქურთუკი გაიხადა.
- მაღლა ამოდით, საძინებელი უკვე დავცალე. ყველაფერი გავიტანე და დაგიცარიელეთ, რომ დრო არ დაგეკარგათ.
- რატომ გაწვალდით? ამისთვის დიდი დრო არ დამჭირდებოდა, - იუხერხულა სერგიმ და ინსტრუმენტებით სავსე ჩანთა კიბეზე აიტანა.
- მასალების საყიდლად როდის წავიდეთ? - მატილდა განზე გადგა, როცა მამაკაცმა მეორე სართულზე ააღწია.
- ჯერ დავანგრევ, რაც დასანგრევია და მაგას მერე მივხედოთ.
- აჰა, გასაგებია. აი, აქ დიდი ცელოფნებია ნაგვისთვის. ესეც მოვიმარაგე, - მიუთითა მატიმ მაგიდაზე დადებული სქელი შეკვრისკენ.
- ო, ეს ნამდვილად წინ წაგდებული საქმეა.
- ჭერის მოხსნაც მოგვიწევს? - დაინტერესდა ქალი.
- ჯერ ერთი, მოგვიწევს არა, ქალბატონო! მე მარტო ვმუშაობ, ეს დაიმახსოვრეთ.
- მაგრამ მეც ხომ მექნება რაღაცები გასაკეთებელი. მაგალითად, გამოხვეტა, დასვრილი იატაკის მოწმენდა.
- თქვენ არა. ეს ჩემი საქმეა და მევე გავაკეთებ.
- ეგ როგორ?
- ჩვეულებრივად. ასე ვარ მიჩვეული. საქმეს რომ ვამთავრებ, დაუსუფთავებელს არაფერს ვტოვებ. რაღაც დონეზე, რა თქმა უნდა. როცა ყველაფერს მოვრჩები, მერე შეგიძლიათ გენერალური დასუფთავება მოაწყოთ. ეგ უკვე თქვენი პრეროგატივა იქნება. ან ასე, ან არანაირად. თუ არ მოგეწონებათ ჩემი დასუფთავებული, როცა წავალ, მერე ხელახლა დაალაგეთ, ეს თქვენი უფლებაა.
- მაგრამ მე…
- მატი… ქალბატონო მატილდა, მე დაგთანხმდით სამუშაოს შესრულებაზე. ყოველთვის წინასწარ გეტყვით, რის გაკეთებას ვაპირებ, რომ მერე კამათი არ მოგვივიდეს, მაგრამ ნუ ჩაერევით იმაში, რაც თქვენს კომპეტენციაში არ შედის. შევთანხმდით?
მატი ისე წამოჭარხლდა, იმწუთას მზად იყო ეთქვა, თავისუფალი ხართ და მიბრძანდითო, მაგრამ ვერ გაბედა. ან კი რა იყო საწყენი იმაში, თუ ხელოსანს თავად სურდა თავისი დამტვერილის დასუფთავება? მადლობის მეტი რა ეთქმოდა? თანაც, სულაც არ უნდოდა სერგი წასულიყო. ის ხომ მატილდას უკანასკნელი იმედი იყო. ამასთან… თუმცა სხვა დანარჩენი საქმეს არ ეხებოდა.
რა თქმა უნდა, ის, რასაც თავისთვის ფიქრობდა, საქმეს არ ეხებოდა. სერგი მისი ხელოსანი იყო და მორჩა, წერტილი. მოგვიანებით გადაწყვეტენ, ვინ არის მათ შორის უფროსი და საქმის განმკარგავი.
ამაზე ჩაფიქრებულმა მატილდამ ქვედა სართულზე ჩასვლა დააპირა. ის იყო, ორი საფეხური ჩაიარა, რომ სახლის ტელეფონზე, რომელიც იატაკზე იდო, ზარი გაისმა.
მატი ჩაიმუხლა, კედელს მიეყრდნო და ყურმილს დასწვდა.
- ა, ფიქრია, შენ ხარ? სალამი, სალამიიი.
- ისეთი ორი კაცი გავიცანი, შეიძლება ნერწყვი სასულეში გადაგცდეს. დღეს ჩამოვიდნენ თურქეთიდან, ბიბის ნაცნობები არიან, ოღონდ ქართველები. ერთი განახა, რა იახტით შემოგრიალდნენ! შეიძლება კვირამდე დარჩნენ.
მატილდა კედელზე თავმიდებული უსმენდა დამლაგებელს, რომელსაც კარგა ხანია, მეგობრად მიიჩნევდა. სწორედ მისი დამსახურება იყო, დურგალი რომ იშოვა და, ბოლოს და ბოლოს, სახლის გადაკეთებას საშველი დააყენა.
- თუ კვირამდე დარჩნენ, ბიბის უნდა ვუთხრა და ვახშამზე დავაპატიჟებინო. სოფო და ლალო მინდა მოვიყვანო. რა იცი, იქნებ ბედი გაეხსნათ, - თქვა და ატკრციალდა.
მატიმ არ უპასუხა, უბრალოდ, მისი ლაქლაქით თავმობეზრებულმა თვალები აატრიალა და ჭერს მიაჩერდა.
ნეტავ ეს ჭერი მაინც არ გაუხდებოდეს გასაკეთებელი!
- ჰა, რას იტყვი, როგორი აზრია?
- გადასარევი. - ჩაიცინა მატილდამ, - რატომ უნდა დაკარგო კაცები, რომლებიც იახტით მოგრიალდნენ? ვინ იცის, იქნებ ფულით გამოტენილი ტომრები ულაგიათ შიგნით, შემოწმება უნდა.
- შენ ხუმრობ და მე მართლა ვიძახი. არაა ცუდი აზრი. ჩემი რა მიდის? იქნება გამოვიდეს რამე, ა?
- შენ ყველაფერი გამოგივა, ფიქრი, - შეაქო მატიმ, - იმისთანები გამოგსვლია, რომ ეს მონაგონი იქნება.
- კარგი ახლა, ნუ მაშაყირებ. ჰო, მართლა, შენს კაცთან რა ხდება? გამოგდის რამე?
- ფიქრია, ის ჩემი კაცი არ არის!
- კარგი, ბატონო, არაა შენი კაცი, არ გამოგდის მასთან არაფერი. იქნებ ამ იახტიდან გადმომხტარ ბიჭებზე გეფიქრა? შენც გამოისეირნე კვირა საღამოს და ვნახოთ.
- ამის სათქმელად დამირეკე, გოგო? - ამოიოხრა, - უსაქმური ხარ, რა. ის ორი კაცი უკვე დააწყვილე და მე ვიღას უნდა შემახვედრო? შემთხვევით ქუჩაში გააჩერებ ვინმეს თუ როგორაა შენი საქმე?
- ის წამოიყვანე, - ურჩია ფიქრიამ.
- იცი, რას გეტყვი? ვინც გინდა დაპატიჟე, გინდა ცოლიანი და გინდ უცოლო, მაგრამ ჩემს ხელოსანს თავი დაანებე, გასაგებია?! - გამოელია მოთმინება მატილდას და რახან ჩაკუზულს ფეხები დაუბუჟდა, ზეზე წამოდგა და კედელს ისე მიეყრდნო.
გაგრძელება იქნება