რა განასხვავებს დიზაინერს მკერავისგან? დიზაინერი უბრალოდ არ იღებს შეკვეთებს თავისი კლიენტებისგან, ის ქმნის კოლექციებს, აქცენტს აკეთებს საკუთარ გემოვნებაზე და ხედვაზე. მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე ასეთი მიდგომა შეუძლებელი იყო. უფრო სწორედ, ვერავინ ბედავდა ამის გაკეთებას. ყველაზე ცნობილი მკერავებიც კი, რომლებსაც არისტოკრატები და მონარქები მიმართავდნენ, მხოლოდ კლიენტების ნებას ასრულებდნენ. ასე რომ გაგრძელებულიყო, ჩვენ ვერასდროს დაინახავდით მოდას, როგორც ხელოვნებას. მაგრამ ვიღაცას სხვა გზა უნდა აერჩია. ეს რევოლუციონერი კი ჩარლზ ფრედერიკ უორთი იყო.

ამ ინგლისელმა დიზაინერმა კარიერა პარიზში, ქსოვილების მაღაზიაში მუშაობით დაიწყო. პირველი კაბები მეუღლისთვის შექმნა, რომლებიც თანდათან ძალიან პოპულარული გახდა. საბოლოოდ, პარიზში საკუთარი ატელიე გახსნა, რაშიც მდიდარი შვედი, ოტო ბობერგი დაეხმარა. მისი პირველი კლიენტი ნაპოლეონ III-ის ცოლი იუჯინი იყო, რომელსაც არისტოკრატების, მსახიობების და ევროპის მონარქებს მთელი რიგი მოჰყვა.

და მაინც რა გახდა მისია ასეთი პოპულარობის მიზეზი? - დიზაინერმა რადიკალურად გაამარტივა კაბების ჭრა, მოაშორა არასაჭირო ფრიალა ნაჭრები და ისინი უფრო ლაკონიური გახადა. მეორეც, მან პირველმა შემოიტანა ის, რის გარეშეც დღეს თანამედროვე მოდა წარმოუდგენელია: ჩვენებებისა და კოლექციების სისტემა. უორთი ყველა კლიენტისთვის ცალკეულ ტანსაცმელს არ ქმნიდა, წელიწადში ოთხჯერ კლიენტები თავის შოურუმში მიჰყავდა, რათა ეჩვენებინა, რისი ყიდვა იქნებოდა მისგან მომდევნო თვეებში შესაძლებელი. სამოსის დემონსტრირებისთვის კი მოდელებს იყენებდა.

დიზაინისა და პოპულარიზაციის ნიჭით ჩარლზ ფრედერიკ უორთმა თავისი მოდის სახლი მეცხრამეტე საუკუნის უზარმაზარ ბიზნესად აქცია, რომელსაც განსაკუთრებული წარმატება ჩარლზის შვილებმა მოუტანეს. გასტონ-ლუსიენმა (1853-1924) და ჟან-ფილიპმა (1856-1926), მამის გარდაცვალების შემდეგ მოახერხეს ბრენდის მაღალი სტანდარტების შენარჩუნება. ჟან-ფილიპის დიზაინები განსაკუთრებით მიჰყვება მამის ესთეტიკას, დრამატული ქსოვილებისა და მდიდრული სამკაულების გამოყენებით.

უორთის მოდის დინასტია საბოლოოდ 1952 წელს დასრულდა, როდესაც ჩარლზ ფრედერიკ უორთის შვილიშვილმა, საოჯახო ბიზნესზე უარი თქვა.