_ ახლა კი არაფრის თავი არა მაქვს, _ გააგრძელა მატილდამ მოყოლა, როგორ დაიწყეს მან და სოფომ გაცნობის სააგენტოს ამოქმედება და რა შედეგები მოჰყვა მათ საერთო ბიზნესს, _ სიმართლე გითხრათ, დროც არა მაქვს თამაშებისა და გართობისთვის. _ ამ სიტყვებით მაცივრიდან ლუდის ბოთლი გამოიღო და სერგის გაუწოდა, _ ბოკალი მოგიტანოთ?
_ იყოს, ბოთლიდან დავლევ, _ მიუგო მამაკაცმა და მადლობა გადაუხადა.
თამაშები და გართობაო? _ ყური ცქვიტა უცებ. ნუთუ მაჭანკლობა ასე ესმით ქალებს? იქნებ ასეცაა და სერგია საქმეში ჩაუხედავი?
_ მერედა, თქვენი მსხვერპლები როგორ რეაგირებდნენ ამაზე?
_ რატომ მსხვერპლები? მე ასე არ დავარქმევდი! _ შორს დაიჭირა მატიმ მისი რეპლიკა, _ იცით რამდენი ადამიანი მოდიოდა ჩვენთან ვიღაცის გასაცნობად? გათხოვება ყველა ქალს უნდა. შეიძლება კაცს ცოლის მოყვანა იმდენად არ აინტერესებდეს და ისე, გასართობად სურდეს ქალის გაცნობა, მაგრამ რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როცა ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა და დაქორწინდნენ კიდევაც. კი არავის ვაიძულებდით შეხვედრას, თავიანთი სურვილით ხვდებოდნენ. უბრალოდ, ფოტოებს ვაჩვენებდით და თვითონ ირჩევდნენ ერთმანეთს. ვიღაც იქსი ვინმე იგრეკს შეხვდებოდა და მერე რა მოხდებოდა, თავად უნდა გადაეწყვიტათ.
_ იქსი და იგრეკი… ისე, როგორც ქრომოსომებშია? _ გაიღიმა სერგიმ.
_ ვაა… იცით? ასე არასდროს ჩავღრმავებივარ, არც კი დავფიქრებულვარ ამაზე. _ თქვა მატიმ და მის დიდრონ თვალებში ელვა გაკრთა, _ და აღარც აქვს მნიშვნელობა. მე ამწუთას ის უფრო მადარდებს, როგორ დავატიო ჩემი სამმეტრიანი თაროები წინა ოთახში ყველა ერთად და სად დავდგა კუთხის დივანი ისე, რომ ადამიანს გავლა-გამოვლაში ხელი არ შეეშალოს. ამიტომ ნებისმიერ რჩევას მადლიერებით მოვისმენ.
_ ეგ არაა პრობლემა, _ ხელები გაშალა სერგიმ.
_ თეორიულად, ალბათ, არა. უბრალოდ, უნდა გადაიჭრას ყველა თარო და ბოლოები დაეხუროს, ხომ? თეორიაში კი ვარ ძლიერი, მაგრამ აი, როცა პრაქტიკაზე მიდგება საქმე, კარგა გვარიანად მოვიკოჭლებ.
_ გინდათ რამდენიმე თარო ამ საღამოსვე გაგიმზადოთ?
მატის სახეზე აღბეჭდილი ეჭვი თანდათან ღიმილმა შეცვალა, რომელიც რატომღაც ერთობ მომხიბვლელი მოეჩვენა სერგის, შეიძლება იმ პატარა წინა ორი კბილის გამო, გაბუტული დებივით შორიშორს რომ იდგნენ ერთმანეთისგან და შუაში ადგილი რჩებოდა? ჰმ… თურმე ბუნებრივი სატყუარა საშიში რამ ყოფილა!
_ თქვენ არ ხართ ვალდებული, როგორ გეკადრებათ! ზედმეტად რატომ უნდა დაიხარჯოთ! _ იუარა მატილდამ.
სერგის სულაც არ ეხალისებოდა დაკისრებულზე მეტი საქმის კეთება, მაგრამ, მეორე მხრივ, თავის კატერზე დაბრუნებას აქ მუქთად მუშაობა რომ ერჩივნა, ამას წყალი არ გაუვიდოდა. ამიტომ ხმა არ გაუღია, ისე დაიწყო მიხმარება, როცა მატილდა მაგიდის ალაგებას შეუდგა. თან ისე გულმოდგინედ ეხმარებოდა, თითქოს მთელი ცხოვრება ამას აკეთებდა. მადონა ხომ გამუდმებით სთხოვდა, მზარეული დავიქირაოთ, საჭმელიც გაგვიკეთოს და მერე აალაგოს კიდევაცო, მაგრამ სერგიმ არ ქნა. ჯერ ერთი, იმ პერიოდში მართლა არ იყო ამის საშუალება, მერე კიდევ, გულით უნდოდა, მის ცოლს თვითონ ესწავლა სამზარეულოში ტრიალი. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ნეტავ დაექირავებინა. მერე ხომ აღარ ივლიდა ყოველდღე რესტორანში საჭმელად? სწორედ ასე გარე-გარე წანწალის ბრალი იყო, საყვარელი რომ გაიჩინა. ოხხხ! ყოველ გახსენებაზე ბრაზი ახრჩობს! არადა, რომ ვერც ივიწყებს?!
თუმცა მერე ძალიან მალე და სრულიად მოულოდნელად დააწინაურა სიმამრმა და სოლიდური ხელფასიც დაუნიშნა.
თავიდან აღფრთოვანებული იყო სამშენებლო ბიზნესში მოხვედრით. მით უფრო, რომ მის არქიტექტურულ მხარეს გააკონტროლებდა. ეს ხომ ყოველთვის გახლდათ მისი მიზანი. უმნიშვნელო დავალებების შესრულებისას სერგის წამითაც არ უფიქრია, რომ სიმამრი მას, უბრალოდ, ინახავდა, თორემ სრულიად არაფერში სჭირდებოდა. როცა ეს დააფიქსირა, კატეგორიულად მოსთხოვა, ან საქმეში ჩამაბი, ან სულაც წავალო. ჰოდა, იმანაც სერიოზულად დაასაქმა _ ორი პროექტი შეუკვეთა, ერთი ადმინისტრაციული კორპუსის, მეორე _ საოფისე კომპლექსის. სერგი სიხარულით ჭკუაზე აღარ იყო. იმ საღამოსვე ჩაუჯდა საქმეს და ბეჯითად იმუშავა. ისე უყვარდა და სიამოვნებდა თავისი საქმიანობა, დაღლას ვერ გრძნობდა.
მერე კიდევ ერთი სიხარული _ მისი ორივე პროექტი განხორციელდა, რასაც კიდევ ახლები მოჰყვა. ალბათ ასეც გაგრძელდებოდა ბოლომდე, რომ არა მშენებლობაზე გახშირებული უბედური შემთხვევები. აი, მაშინ გაუჩნდა პირველი ეჭვები, რაც მერე და მერე უფრო და უფრო გაუღრმავდა. ამის მერე ადრე დაიწყო სამსახურში მისვლა და გვიანობამდე დარჩენა. ასე მოქცევით ცოტა ხანში „აკრძალულ ზონაში” შეაღწია და პირველი უსიამოვნებებიც მაშინ დაიწყო.
მატის ხმამ, წინა ოთახში რომ ეპატიჟებოდა, სერგი უსიამოვნო ფიქრებიდან გამოიყვანა. ქალი კედელს უჩვენებდა, სადაც თაროების განლაგება სურდა.
_ ეს კედელი ყველაზე გრძელია. სულ თერთმეტი თარო მაქვს და მინდა აქ დავატიო. ეს შესაძლებელია?
_ დავატევ. ეს კარგი ოთახია. კედლებიც თბილ ტონებშია შეღებილი, სივრცეც საკმარისია. მომწონს.
მართლა მოსწონდა, განსაკუთრებით ავეჯი, რომელიც არ ყვიროდა, არიქა, ძვირფასი ვარ და უდიერად არ შემეხოთო. მის ცოლს თეთრ ავეჯზე ჰქონდა გართულება, დივანი და სავარძლებიც კი თეთრი გააკეთებინა და მერე ყველა სტუმარს უკან დასდევდა, არიქა, არ დამილაქავონ სავარძლებიო. თან არაფრის გადაფარება არ სურდა, პეწი დაეკარგებაო.
სერგიმ მზერა მიმოატარა ოთახში, ყველაფერი აწონ-დაწონა და გადაწყვეტილებაც მიიღო, როგორ მოეხერხებინა თაროების ისე განლაგება, რომ ოთახი არ გადატვირთულიყო და ადამიანს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცემოდა.
მატილდა მშიერი ლეკვივით უკან დაჰყვებოდა მამაკაცს, თითქოს ელოდებოდა, ძვალს როდის გადაუგდებდნენ.
როგორ უნდა მოახერხოს ამ კაცმა ეს? სასწაულმოქმედი ხომ არ არის? მის მოვალეობაში მხოლოდ ოთახების გადაკეთება შედის, თაროების განლაგებაც დაუმატოს? ამის თანხა რომ არ გაუთვალისწინებია? უფასოდ რა ვალდებულია, გაუკეთოს?
_ ავეჯის რაღაც ნაწილის გატანა აუცილებლად მოგიწევთ, _ თქვა სერგიმ.
_ მაგალითად?
მამაკაცმა ქალის ამოოხვრის ხმა გაიგონა და შებრუნდა. დაინახა, რომ მატილდა მის უკან იდგა. ძალიან ახლოს. შემოტრიალებისას შემთხვევით ხელი ქალის ბარძაყზე მოუხვდა და თითქოს მათ შორის ელექტრული მუხტი გაკრთა. ორივემ ერთდროულად უკან დაიხია.
როგორც ჩანს, არა მხოლოდ სერგიმ იგრძნო ამ მუხტის მოქმედება.
სუნთქვაშეკრულმა მატილდამ ძალა მოიკრიბა და ხმადაბლა თქვა:
_ ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ კი საქმეს ეშველოს.
_ მიხარია ამის მოსმენა, _ გაუღიმ სერგიმ და დაჟინებით შეათვალიერა.
როგორ ნაზი ტუჩები აქვს, თანაც სულ ჟოლოსფერი. მაგრამ როცა შეწუხებულ სახე მიიღებს, ტუჩის კუთხეები ეგრევე ძირს ჩამოეწევა. მაგალითად, ამწუთას. ოხ, არაფერი დაშავდება, ცოტას თუ გაამხნევებს. ბოლოს და ბოლოს, მარტოხელაა და მისთვის ეს აუცილებელიცაა.
ისე, კოცნაც არ დააზარალებდა. ყველაზე კარგი გამხნევება ეს იქნებოდა ახლა მატილდასთვის. სერგიმ იმპულსურად მოზღვავებული აღტყინება მსწრაფლ ჩაიკლა გულში და თავშეკავების ინსტინქტი ჩართო. ღრმად ამოისუნთქა და თქვა:
_ ნაძლევს დავდებ, ისეთი მონდომებული ხართ, ნებისმიერ წინააღმდეგობას გაუმკლავდებით და იპოვით გამოსავალს, ქალბატონო მატილდა.
როგორც ჩანს, მისმა სიტყვებმა რაღაც შთაბეჭდილება მოახდინა, აშკარად დადებითად იმოქმედა ქალზე. სავსე ტუჩის კუთხეები ღიმილმა აუწია.
_ მგონი, ამ ყველაფერზე ფიქრმა გამაგიჟა. არაფერი მითხრათ, _ ხელისგული ისე ასწია მატილდამ, თითქოს აჩერებსო, _ ახლა უკვე გვიანაა, ვიცი, რომ შორს შევტოპე. _ თქვა და ამჯერად გაიცინა.
სერგის წამით ცდუნებამ სძლია, ქალი თავისკენ მიეზიდა ისე, რომ თავი მის მხარზე ჩამოედო და დაემშვიდებინა, არ ინერვიულო, ყველა ღამეს დღე მოსდევსო, მაგრამ დროზე შეიკავა თავი.
_ მომხმარებელს თავისუფლად უნდა შეეძლოს ოთახში გადაადგილება, ხომ მართალია? არავის არ სურს წიგნის გადაფურცვლა კლაუსტროფობიურ სივრცეში.
ამ სიტყვებით ქალისკენ წაიწია და ხელი მხარზე დაადო.
_ რას იტყვით, 1,80 სმ-დე რომ შევამცირო თაროების სიმაღლე და აქ, აქ და აქ რომ გადავანაწილო? _ მამაკაცმა კედელზე მიუთითა და მერე ისევ მის მხარს შეეხო, _ მაშინ ბევრი თავისუფალი ადგილი დარჩება და კარის უკან კუთხეში არსებული სივრცე შეგვიძლია დარჩენილი თაროების დასაკიდებლად გამოვიყენოთ.
უცებ სერგის ყვავილების სურნელი ეცა. მიუხედავად იმისა, რომ სახლში საღებავისა და დამწვარი დარიჩინის სუსტი სუნი ტრიალებდა, სერგი მაინც გრძნობდა ყვავილების არომატს. მატის ეზოში ახლა არც ერთი მცენარე არ ყვაოდა, რადგან გაგანია ზამთარი იყო. ეს ქალის სურნელი უნდა ყოფილიყო.
არანაირი მაკიაჟი, აბურდული თმა, სავარაუდოდ, მეორადში ნაყიდი ტანსაცმელი… და მაინც ტროპიკული ყვავილების სურნელება ასდის.
მატილდამ იგრძნო, ხელოსნის მკლავის შეხებისგან სახე როგორ აუალდა და მძიმედ დაუქნია თავი:
_ და დანარჩენი თაროების გამოყენებას აქ შევძლებდი, არა? იქაც, ხომ? _ საჩვენებელი თითით ფანჯრებს შორის სივრცეზე მიუთითა, _ სასადილო ოთახიც ხომ აქვე გვექნება? ყავა, ნამცხვარი, ხაჭაპური, რამე… _ ამ ლაპარაკში მისი სახიდან თანდათან გაუჩინარდა დაბნეული გამომეტყველება. ყოველ შეთხვევაში, სერგის ასე მოეჩვენა. ის არ არის მდედრის გამომეტყველების გამოცნობის დიდოსტატი, მაგრამ აშკარაა, რომ მატილდა დამფრთხალი უკვე აღარაა.
როგორც ჩანს, სერგის ვნება მოეძალა, ის აღგზნებულია და ეს ქალი აიძულებს გონი დაკარგვინოს. მაშინვე კარისკენ გადაადგილდა და ჩარჩოს მიეყრდნო, თან უყურებდა, როგორ დააბიჯებდა მატი ოთახში. იგი ჟესტიკულაციით რაღაცას ხმადაბლა უხსნიდა მამაკაცს, რომელსაც აღარაფერი ესმოდა.
სერგი ვერც წარმოიდგენდა, მატის თვალებს ასე ნათება თუ შეეძლოთ. თუ საწოლშიც ასე ინთება…
_ ალბათ აჯობებს, წავიდე, _ თქვა მოულოდნელად.
ერთია, სახლის გარემონტებაში დაეხმაროს, მაგრამ სულ სხვაა, როცა… მორჩა, ეყოფა ამაზე ფიქრი! დაივიწყე, სერგი!
_ დილით შვიდისთვის მინდა მოსვლა, თუ თქვენთვის ძალიან ადრე არ იქნება, _ წარმოთქვა საჭიროზე უფრო ხმამაღლა და უხერხულად ჩაახველა.
ასე აწყობდა. ეს ის პერიოდი იყო, როცა მატილდა ძაღლს ასეირნებდა, ამიტომ ყოველგვარი ცდუნების გარეშე დაიწყებდა მუშაობას.
_ როგორც თქვენთვის უფრო მოსახერხებელია. მე ექვსიდან უკვე ფეხზე ვდგავარ, რადგან ძაღლის გაყვანა მიწევს. _ აუხსნა ქალმა…
მატიმ მზერით გააცილა სერგის ფურგონი, სანამ თვალს მიეფარებოდა. როგორც კი მამაკაცი შორს დაიგულა, ფანტაზიები მოეძალა. რა როლს თამაშობს კაცის გარეგნობაში პროფესიული ტანსაცმელი? ექიმებს, მაგალითად, სამედიცინო ფორმა უხდებათ. არის მასში რაღაც ინტიმური, მაგრამ ხელოსნებში? ოთხმოცდაცხრამეტ პროცენტს, სავარაუდოდ, გულისჯიბეებიანი კომბინეზონი აცვია და ეს სულაც არ არის ვნების მომგვრელი. მათი თანდასწრებით მატის ნამდვილად არ ემართება ის, რასაც სოფო ქიმიურ რეაქციას უწოდებს. მაგრამ აი, ასიდან გამოჩნდა ერთი, არა, ასიდან კი არა, ათასიდან _ გახეხილი ჯინსით, უბრალო შავი მაისურით და მატილდა მაშინვე მასზე ფიქრს იწყებს.
იყუჩე, გულო!
რამდენიმე წუთის შემდეგ მატიმ მაცდუნებელი ფიქრები ქარის უსწრაფესად განდევნა, აზრები მოიკრიბა და თავისი პრობლემების მოგვარებაზე გადაერთო. უფრო სწორად, ბევრიდან ერთ-ერთის მოგვარებაზე. კარგა ხანს დააბოტებდა ოთახში, აანალიზებდა, როგორ გამოეყენებინა სივრცე, აკეთებდა გამოთვლებს და ქაღალდზე გადაჰქონდა, რათა არ დავიწყებოდა. საბოლოო შედეგით კმაყოფილი დარჩა. თუ აქამდე ეგონა, რომ მისი გეგმა ვერ განხორციელდებოდა, უცებ ყველაფერი თავ-თავის ადგილზე დადგა. და ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი სექსუალური ხელოსნის წყალობით, რომელსაც აჩეჩილი თმა აქვს, მომწვანო ფერის თვალები და ისეთი ღიმილი, ფაიფურის გადნობა რომ შეუძლია.
მაგრამ რადგან ამ ყოველივეს საქმესთან არანაირი შეხება არ ჰქონდა, „უკეთური აზრებისთვის” მატილდამ მკაცრად გაკიცხა საკუთარი თავი.
ოთხშაბათ დილით მატიმ მანამ გაიღვიძა, სანამ გათენდებოდა. უცნაური ის იყო, რომ უძილობას საერთოდ ვერ გრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ შუაღამეს დაწვა. იმდენი იფიქრა თაროების განლაგებაზე, სანამ ტვინი არ გამოულაყდა. შვიდი საათისთვის ძაღლი უნდა გაეყვანა. ამ დროს სერგიც უნდა მოსულიყო.
ფორთოხლის წვენი მოიმზადა და დიდი ყლუპებით სვენებ-სვენებით დალია, მაგრამ ცარიელი კუჭი უკმაყოფილებას გამოხატავდა. ისე უყურყუტებდა მუცელი, როგორც ორი დღის ნაშიმშილარს. მაინც არ შეჭამა. ასე ადრე საუზმობა უფრო მოაშივებდა. კარგად შეიფუთნა და სახლიდან გავიდა ისე, რომ შემოსასვლელი კარი არ ჩაუკეტავს. ყინულივით ცივი ქარი მეგრელი მოტირალი ქალების ქოროსავით გაჰკიოდა.
მატის უყვარდა ასეთი ამინდი. სიცივე, რომელიც ძვალსა და რბილში ატანდა, საამურ ჟრჟოლას ჰგვრიდა. სავარაუდოდ, მისი რომელიღაც წინაპრის სისხლში, ვისი გენიც, ალბათ, მატილდაში ჭარბად გადმოვიდა, პოლარული დათვის სისხლი ჩქეფდა. გრძელ თმას ქარი უფრიალებდა, თითქოს საყვარელი მამაკაცი ალერსით უწეწავსო. ეჰ, სადღა ჰყავდა საყვარელი მამაკაცი, წარსულში დარჩა ეგ ამბავი.
საცხობს მიაშურა ფუნთუშების საყიდლად. ეს მისი საყვარელი ადგილი იყო. უგემრიელეს შოკოლადიან, უშოკოლადო, ჯემიან და ვაშლისპიურეიან ფუნთუშებს აცხობდნენ. საუზმეზე უკეთესს რას მიირთმევდა ადამიანი. ადრიანი დილა იყო, მაგრამ ქუჩაში უამრავი მანქანა მიმოქროდა. ერთმა ისეთი დაუსიგნალა, ყურები ლამის გაუხვრიტა, თუმცა არ შეშინებია. ასეთ გამკივან ხმებს მიჩვეული იყო. თანაც, თუ იმ ჟურნალების სტატიებს დაუჯერებს, სოფოს რომ მოაქვს ხოლმე მასთან იღლიაში ამოდებული, ყვირილი სტრესის შემამსუბუქებელი ძალზე ეფექტური საშუალებაა.
მესი გვერდით მიჰყვებოდა, თან წკმუტუნებდა. ერთი სული ჰქონდა, როდის მოხსნიდნენ ჯაჭვს, მაგრამ მატის ჯერ მისთვის არ ეცალა. აი, ფუნთუშებს რომ იყიდის, მერე მიუშვებს თავის ნებაზე. მანამ კი, კეთილინებოს და მოითმინოს.
საცხობის ფანჯარა მიხურული იყო. მატილდამ დაუკაკუნა. შავთმიანმა წითელპომადიანმა ფაშფაშა გამყიდველმა, ყავას რომ წრუპავდა, თითებით ანიშნა, ფუნთუშები ათ წუთში იქნებაო. თბილად მოკალათებულს ზამთრის სიცივეში სარკმლის ზედმეტად გამოღება აშკარად არ სურდა.
სხვა გზა არ იყო, მესი უნდა გაეშვა.
ის იყო, ძაღლს ჯაჭვი მოხსნა, რომ უეცრად სანაგვე ბუნკერიდან ნაცრისფერმა კატამ ამოყო თავი. მესის მეტიც არ უნდოდა. ერთი შეყეფა და ბუნკერზე შეხტა.
_ გაიქეცი, შე საწყალო, გაასწარი ამ ნადირს! _ ინსტინქტურად შეჰყვირა მატიმ და კატაძაღლობანას თვალი მიადევნა.
ამ დროს გვერდით „მერსედესმა” ჩაუარა, ნაცრისფერმა. მძღოლმა მატის დანახვაზე თითქოს სვლა შეანელა. ქალმა მხრები აიჩეჩა, ნეტავ რა ნახა ჩემში ამ კაცმა ასეთიო და მანქანას ზურგი აქცია. დაბურული სარკის მიღმა სახის გარჩევა მაინც გაუჭირდებოდა.
როცა შინ მობრუნდა, სერგი უკვე მოსული დახვდა.
_ ჰეი, მეც მოვედი! _ ასძახა მატილდამ მეორე სართულს. გაღიმებულმა ქურთუკი გაიხადა და ჰოლში სკამზე მიაფინა. ისე სციოდა, დაეზარა ჩაშენებული კარადის გამოღება და იქ დაკიდება. ერთი სული ჰქონდა, როდის ჩაესვენებოდა სავარძელში და ცოტას შეისვენებდა. როგორც კი ცოტა აზრზე მოვა, იბუპროფენს დალევს და საუზმის სამზადისს შეუდგება. ამას წინათ სოფომ არაქისის კარაქი მოუტანა. აი, ყავასა და ფუნთუშებთან მისი მირთმევა არაჩვეულებრივი იქნება, მშვენიერი საუზმე გამოვა _ მარტივი და სწრაფი კვება.
ნაბიჯების ხმის გაგონებაზე თავი ასწია და დაინახა, რომ მისი ხელოსანი კიბეზე ჩამოდიოდა. გაცვეთილ ჯინსსა და შავ პერანგში იგი ზედმეტად აგრესიულად გამოიყურებოდა. ისე, მისი ფოტოსურათები სპორტული ტანსაცმლის კატალოგებს კი დაამშვენებდა.
_ დილა მშვიდობისა, _ დაღლილი ღიმილი გადაისხიპა ტუჩებზე მატილდამ.
_ ისეთი სახე გაქვთ, თითქოს მარათონში გაჯობეს, _ გაუცინა სერგიმ, _ მშვიდობის დილა ჩვენს დიასახლისს.
_ მართლა ისე დამღალა, სიქა აღარ შემრჩა. არც ფული მინდა ასეთი და არც ძაღლი.
_ ა… ა… ფულს გიხდიან?
მატიმ თავი დაუქნია და გაწითლდა, რადგან ნათქვამი ჰქონდა, მეგობრებს დავეხმარე და იმიტომ დავიტოვეო.
მამაკაცი ცოტათი გაკვირვებული დარჩა.
_ ეს ოხერი ძაღლი რომ მცოდნოდა ასეთი იყო, არავითარ შემთხვევაში არ დავიტოვებდი.
_ განა ეგეთი ცუდია?
_ შეიძლება პატრონისთვის კარგია, მაგრამ მე სად შემიძლია ამდენი. ბებერი ვარ უკვე. ჰა-ჰა, ოთახის ფინია ვიყოლიო, თუმცა არც მაგის თავი მაქვს.
_ სიბერე ჯერ შორსაა თქვენგან, ნუ ამბობთ ასე. ბრწყინვალედ გამოიყურებით. წავალ, ყავას მოვადუღებ, ამით მაინც წაგეშველებით. _ თქვა სერგიმ და სამზარეულოში შევიდა.
ელექტროჩაიდანი ახმაურდა. მატილდამ სიმწრით ქვედა ტუჩზე იკბინა. არც ერთ მამაკაცს, არც ერთ ქმარს მისთვის არასდროს ყავა არ მოუდუღებია. რატომღაც, ტირილი მოუნდა.
_ ხომ ნახეთ, რამხელაა, _ გასძახა სამზარეულოში მოტრიალე ხელოსანს, _ წონით ხომ, ალბათ, ჩემზე მეტს იწონის და სიჯიუტითაც არ ჩამომივარდება, _ გააგრძელა მესიზე საუბარი, _ დარწმუნებული ვარ, მეზობლებმა ჩემამდე სხვებსაც სთხოვეს მისი დატოვება, თავიანთ მეგობრებს, მაგრამ ყველასგან უარი მიიღეს. მე კიდევ რა სულელი ვარ.
სერგი მისკენ შემობრუნდა და გაუღიმა.
რა ღიმილი აქვს! მატი ამას ვერ გადაიტანს!
_ ჰოდა, მიუმატეთ ეს თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილების ნუსხას.
მამაკაცი სამზარეულოდან გამოვიდა და მატილდას მიუახლოვდა. მერე კიდევ… კიდევ… ქალმა იგრძნო, როგორ შეეხო მამაკაცი მხრებზე და მერე თითები კისრის კუნთებზე დააჭირა. მატიმ თავი დახარა და ამოიოხრა.
_ მოდუნდით… თქვენ არ…
_ აააჰ!
_ აქ გტკივათ? ეს ტრაპეციული კუნთია, ასე ეძახიან.
_ ხო, რა თქმა უნდა, _ ჩაილუღლუღა ქალმა და თვალები მილულა. მამაკაცის თითები უფრო მეტ ჟრჟოლას ჰგვრიდა, ვიდრე ზამთრის ცივი ქარი.
სერგიმ იგი თავისკენ შემოაბრუნა, რათა ორივე ხელი გამოეყენებინა. ქალს სხეული გიტარის სიმებივით დაჭიმვოდა, რაც მამაკაცმა მაშინვე იგრძნო. ტანსაცმლის სამი ფენის ქვეშაც კი მისი კანი თბილი ხავერდივით ხვდებოდა ხელში. ცხვირით ჰაერი შეისუნთქა. ხარბად. ისევ და ისევ ყვავილების არომატი. ნუთუ მის სხეულს მთლიანად ასეთი სურნელი ასდის?
სამზარეუულოში ელექტროჩაიდანი გატკაცუნდა. წყალი ადუღდა.
_ აქ მოგიტანოთ თუ დივანზე გადაჯდებით?
ნეტავ გაუშინაურდებოდეს, სანამ უნდა ელაპარაკოს თქვენობით? ამ ორ დღეში უკვე იმაზე მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს, ვიდრე საჭირო იყო. ვინმემ რომ შეხედოს მათ ურთიერთობას, იფიქრებს, წლებია ერთმანეთს იცნობენო.
_ მერჩივნა ლოგინში შევგორებულიყავი ან ცხელ აბაზანაში ჩავწოლილიყავი, _ რბილი ჩახითხითებით აღიარა მატიმ, _ მაგრამ არა მგონია, მეორე სართულამდე ასვლა შევძლო.
თუ ეს მინიშნებაა, არ აჰყვე, სერგი, დააიგნორე! _ გააფრთხილა საკუთარი თავი მამაკაცმა. სამწუხაროდ, მისმა სხეულმა დაკარგა კავშირი თავის ტვინთან.
_ უკვე ისაუზმეთ?
_ ასე ადრიანად როდის მოვასწრებდი? მარტო ფორთოხლის წვენი დავლიე. _ მატიმ წელზე დაიდო ხელი და სახეზე ტანჯვაგამოხატული ფეხზე წამოდგა.
სერგის გაახსენდა, გუშინ რამდენჯერმე როგორ მოიკიდა ქალმა ხელი წელზე.
_ ნამდვილად კარგად ხართ? არ მომატყუოთ.
_ რა თქმა უნდა. ახლა იბუპროფენს დავლევ და ყველაფერი გაივლის.
_ სხვათა შორის, უზმოზე არც წვენია კარგი გამოსავალი და არც წამალი. ნუ დააყენებთ თქვენს კუჭს და ტვინს რისკის ქვეშ. ჯერ ნოყიერად ისაუზმეთ და წვენი მერე დააყოლეთ. აბები კი ყველაზე ბოლოს.
მატილდას გულზე საამოდ მოეფონა. ნეტავ ოდესმე ვინმეს უზრუნია ასე მის ჯანმრთელობაზე?
_ როგორ მიდის ზემოთ საქმეები? _ დაბნეულმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა, თუმცა მშვენივრად იცოდა, რომ ახალმოსული ხელოსანი ტანსაცმლის გამოცვლის გარდა ჯერ ვერაფრის გაკეთებას ვერ მოასწრებდა.
სერგიმ მისი შეკითხვა „ჩემს საქმეში ნუ ერევი”-დ მიიღო და კვლავ სამზარეულოს მიაშურა ყავის გამოსატანად. მატი კი მისაღებში გადაბარგდა და დივანზე მოკალათდა. ყავა დიდად არ დააკმაყოფილებს მის კუჭს, მაგრამ რაღაცით მაინც ხომ უნდა აამუშაოს?
_ მაცივარში ნაღებია და ერთი კოვზი ჩამისხით, რა! _ გასძახა ქალმა.
თავაზიანი ხელოსანი. კეთილი ხელებით. ძლიერი თითებით, რომლებმაც იციან, სად და როგორ გააკეთონ მასაჟი უმტკივნეულოდ. ახლა სოფოს მის ფიქრებში შეძრომა რომ შეეძლოს, დასამახსოვრებელი დღე გაუთენდებოდა. მატის გაეღიმა.
ყავის წინააღმდეგი არ არის, თუნდაც მისმა კუჭმა ლიტრობით სიმჟავე გამოიმუშაოს. რამდენიმე კვირის წინ ყველაფერს გაეცნო, რაც სტრესსა და მის ფიზიკურ გამოვლინებებს უკავშირდება. ახლა უკვე იცის, როგორ აირიდოს იგი თავიდან, ყოველ შემთხვევაში, ებრძოლოს მაინც. ცუდი ის არის, რომ იოგაზე სასიარულოდ დრო არ აქვს. არადა, ერთი პერიოდი გვარიანად იყო გატაცებული.
კიდევ ერთი საშუალება მუსიკაა. ერთხელ დალიმ აჩუქა რაღაც დისკი, სარელაქსაციო მელოდიები იყო ჩაწერილი. მათი მოსმენა არათუ ამშვიდებდა, აღიზიანებდა კიდევაც, რის გამოც უსასრულოდ გაწელილი მუსიკის სიამოვნებით მოსმენის ნაცვლად, მისი ბოლო აკორდის ჩამოკვრას მოუთმენლად ელოდებოდა.
ყვირილი, როგორც ჩანს, ერთადერთი წამალია. უფასო და, ალბათ, მინიმალური გვერდითი ეფექტებით, მაგრამ ამით რომ ისარგებლოს, მას ისეთი ვინმე სჭირდება, ვისაც უყვირებს. აბა, გარეთ ხომ არ გავა, რომ ყვირილი ამოუშვას და დაიცალოს. საკუთარი კომპლექსები არ მისცემს ამის საშუალებას.
_ პური გაგიხუხეთ ტოსტერში.
მატილდამ თვალები გაახილა. ხმაჩახრინწული პავაროტი ისევ აქაა. ღმერთო, დაუჯერებლად მიმზიდველი მამაკაცია!
_ იქ ცხელი ფუნთუშებია, წეღან მოვიტანე.
_ ვნახე. გამოგიტანოთ?
_ არა, ამას შევჭამ. თქვენ თუ გინდათ, არ მოგერიდოთ.
_ არ მომერიდება, _ მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა სერგიმ, _ იბუპროფენის მიღება აუცილებელია?
ქალმა ამოიოხრა.
_ მგონი, არა, _ მოწყვეტილ წელს და დანგრეულ ზურგს აბები უშველის? მას სჭირდება ამ ტკივილის შეგრძნება, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვროს, რამდენად არაჯანმრთელიცაა.
_ დღეს კიდევ გიწევთ ძაღლის გაყვანა?
_ კი. საღამოსკენ.
_ მეც თქვენთან ერთად წამოვალ. მაინც მჭირდება მაღაზიაში შევლა კედლის კარადების მასალებისთვის. რა თქვით, რა ჯიშის ძაღლიაო?
_ ევროპული ნაგაზია, მაგრამ ცოტა შერეული მგონია, თორემ ასეთი უზარმაზარი არ უნდა იყოს. დათვს უფრო ჰგავს, ვიდრე ძაღლს. რომ მოიყვანეს, პატარა და ფუმფულა ყოფილა, ახლა კი, რომ მიუშვა, კაცს დაგლეჯს. ჰა-ჰა-ჰაა!
_ ჰო, ახლა ნამდვილად ფუმფულა ბურთია, საჰაერო ოღონდ!
სერგიმ შუქი აანთო. დილა მოღრუბლული და ნაცრისფერი იყო. მამაკაცი ზევით ასვლის ნაცვლად სავარძელში ჩაეშვა. მატი ცდილობდა ნახევრად მწოლიარე მდგომარეობა მიეღო.
_ როგორ მიდის იქ საქმეები? _ მატილდამ თვალებით მეორე სართულისკენ ანიშნა.
_ მგონი, იმაზე ადრე მოვრჩები ყველაფერს, ვიდრე ვვარაუდობდი. საქმე საკმარისად წინ წავიგდე. ასე რომ, დღეში რამდენიმე ხანმოკლე შესვენების დროც დამრჩება. ახლა მითხარით, რა მასალა გირჩევნიათ, ხე თუ თაბაშირ-მუყაო?
_ თაბაშირ-მუყაო რაღაა? _ თვალები დააჭყიტა ქალმა.
_ გიფსო-კარდონი არ გაგიგიათ?
_ ანუ ეს ერთი და იგივეა?
_ კი ბატონო, ქართულად ასე ჰქვია.
_ ვაი, სირცხვილო! ამხელა ქალმა ეგ როგორ არ ვიცოდი. _ დაირცხვინა მატილდამ.
_ ეგ არაფერი, ხდება ხოლმე.
_ იცით? ისე, ხე მირჩევნია. ერთხელ ვაკეთებ და ბარემ კარგი გავაკეთო, არ ჯობია?
_ იყოს ხე, ოღონდ უნდა მითხრათ, რომელი.
_ თქვენ რას მირჩევთ?
ასე შეჰყვნენ საუბარს. განიხილეს რამდენიმე სტილი, ხის მოპირკეთების ფორმები და გამოსაყენებელი ლითონის დეტალები.
_ ასე რომ, მოგიწევთ ჩემთან ერთად მაღაზიაში წამოსვლა, რათა ერთად ავარჩიოთ მასალები. _ გაიცინა სერგიმ და ერთ ჯემიან ფუნთუშას ბოლო მოუღო.
_ ვახ! ესე იგი, საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას მაძლევთ? ეს პროგრესია თქვენი მხრიდან. ანუ ისიც შემიძლია, მაღლა ამოვიდე ხოლმე და თვალი ვადევნო თქვენს მუშაობას? თუ თქვენი წასვლის მერე მეძლევა გაკეთებული საქმის დათვალიერების ნება?
_ როგორი სარკასტულები ვართ! _ მიუხვდა ირონიას სერგი.
_ სხვა რა დამრჩენია, _ ჩაილაპარაკა მატიმ და დაამთქნარა. აი, ახლა კი მოერია ძილი, ვერ იყო ისე ყოჩაღად, როგორც დილაუთენია.
თვალები მილულა. გრძნობდა ტკივილისგან მფეთქავ ზურგს და ზმანებებით ივსებოდა.
ბოლოს რაც ახსოვს, იყო შეგრძნება, თითქოს ვიღაცამ ფრთხილად გაუშალა თითები და ყავის ფინჯანი გამოაცალა.
სერგიმ შუქი ჩააქრო.
_ უჩემოდ არ წახვიდეთ ძაღლის გასაყვანად, _ რბილად წარმოთქვა ხელოსანმა.
_ მმმ, _ ძილბურანში მყოფმა მატიმ მხოლოდ ეს წაიბურტყუნა.
დაახლოებით ოთხ საათზე ორივენი გავიდნენ სახლიდან, რათა მასალები ეყიდათ, მობრუნებულზე კი მესი გაეყვანათ სასეირნოდ.
_ ამინდი გამოდის მგონი, _ შენიშნა სერგიმ.
_ აჰაა, _ დაეთანხმა მატილდა და კარი მოიჯახუნა.
როგორც კი სერგიმ ფურგონი დაქოქა, მატი მის ხელებს დააკვირდა.
კარგი ხელები აქვს ამ ხელოსანს. ძლიერი, მაგრამ მგრძნობიარე თითებით. ეს ახლა მან დანამდვილებით იცის.
_ თუ გინდათ, ცოტა კიდევ წაუძინეთ. ჩემს მანქანაში გამეფებული არეულობა ხომ არ შეგიშლით ხელს? _ შეეკითხა მამაკაცი.
…და განა მარტო ხელები აქვს მგრძნობიარე და მშვენიერი…
_ უძილობას არ ვუჩივი, _ იცრუა მატიმ, _ მშვენივრად მძინავს. ამინდი მოქმედებს ჩემზე. ალბათ რაღაც არის ჩემში დათვის. ცივ, წვიმიან ამინდში შემიძლია მთლიანად ძილს მივცე თავი.
…საინტერესოა, დათვებს წყვილ-წყვილად სძინავთ ბუნაგში? ნეტავ რით არიან იქ დაკავებულნი?..
სასიამოვნო ფიქრები ფუტკრებივით დაესია. წარმოიდგინა ნამდვილი ბუნაგი და მასში ორი… დათვი… თვითონ და თავისი ხელოსანი. მაცდუნებელი ფიქრია, ვერაფერს იტყვი…
როცა სერგიმ ყველაფერი გადაზიდა მანქანიდან, ეგრევე ძაღლს მიაშურა. სამივე ერთად გავიდნენ ეზოდან. როგორც კი ქუჩის კუთხეს მიუახლოვდნენ, მამაკაცმა მსუბუქად მოქაჩა ჯაჭვს და მარჯვენა ხელი აიქნია.
მესიმ მორჩილად გაუხვია მარჯვნივ.
მატილდა გაოცდა.
_ ეს როგორ ქენით?
_ რა ვქენი?
სერგი უქუდოდ იყო და თმაზე ქარი დასთამაშებდა. მატიმ აღმოაჩინა, რომ მის წარმოუდგენელ მიმზიდველობაში რაღაც საშიშიც გამოსჭვიოდა.
_ როგორ მოახერხეთ, რომ მარჯვნივ გადაეხვია? მე საწყალი საათობით ვეჭიდავები, სანამ მივახვედრებ, საით წამომყვეს.
_ განა ხელის ბრძანებებს არ აძლევთ?
_ მე ორივე ხელი დაკავებული მაქვს და როგორ? გგონიათ, ცალი ხელით შევძლებ ამ ტონიანი ძაღლის დაჭერას? თვითონ მიმარბენინებს იქით, საითაც გაუხარდება.
_ მატილდა, ხომ იცით, რომ მესი ყრუა? ამის შესახებ არ გაგაფრთხილათ პატრონმა? _ სერგიმ თითები გაატკაცუნა, მაგრამ ძაღლს ამაზე ოდნავი რეაქციაც არ ჰქონია.
ქალმა ნელა გააქნია თავი. როგორც ჩანს, შეგნებულად არ უთხრეს, რომ უარი არ ეთქვა ძაღლის დატოვებაზე. ეჰ, რა გვიან მიხვდა ამ ყველაფერს.
_ გარდა ამისა, ცალ თვალზე კატარაქტი ეწყება.
_ ჯანდაბა! _ შესძახა შეძრწუნებულმა მატიმ, _ კატარაქტიღა აკლდა ჩემს ბედნიერებას!
სანამ სერგი ქალს ძაღლების სნეულებების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა, მესი თავის განიერ უკანა ფეხებზე იჯდა და აქეთ-იქით იყურებოდა.
_ არა უშავს, ცალი თვალითაც კარგად ხედავს. უბრალოდ, როცა ხელით რამეს უბრძანებთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.
_ მე არასდროს მიმიცია მისთვის უსიტყვო ბრძანებები. _ წამოიძახა ქალმა.
_ როგორც ჩანს, უნებურად გამოგდით. ისიც მიჩვეულია მათ მიყოლას, ამიტომ როცა ხელებს ხან ერთი, ხან მეორე მიმართულებით იქნევთ, ის იბნევა. ის ხომ ძაღლია. ამიტომ იწყებს მოქმედებას ისე, როგორც მას სურს, რაც, ჩვეულებრივ, ტერიტორიის მონიშვნითა და სუნების აღებით შემოიფარგლება.
მატი გაბრაზდა. ყოველთვის უნდოდა ძაღლი ჰყოლოდა, მაგრამ არასდროს ჰყოლია. ამისთვის დრო არ ჰყოფნიდა. აქეთ სამსახური, იქით მომაკვდავი ქმრის მოვლა. ამას უდიდესი დრო მიჰქონდა. უსამართლობა იქნებოდა მთელი დღით ცხოველის მარტო დატოვება.
ნეტავ რა თავს იმართლებს. სინამდვილეში მთელი მისი ენერგია ბიზნესის აწყობაში იხარჯებოდა და შინაურ ცხოველებზე ფიქრისთვის არ ეცალა. ასეა დღემდე. ზოგ ქალს გამოსდის ეს, ზოგს არა. ქოთნის ყვავილებიც კი ვერ გაახარა მაშინ მოუცლელობის გამო, სულ ავიწყდებოდა მათი მორწყვა.
მესი თითქოს კმაყოფილი შევარდა თავის ფარდულში. ერთხელაც არ გასძალიანებია სერგის. სანამ მამაკაცი კარს კეტავდა, ძაღლი კუდის ქიცინით შესცქეროდა და თვალს არ აშორებდა. ბოლოს შეუყეფა, თითქოს მადლობას უხდისო და მისთვის განკუთვნილ ფარდაგზე გაწვა.
_ როგორც ჩანს, გყავდათ ძაღლები, არა? _ შეეკითხა მატი, როცა მეზობლის ეზოდან გამოვიდნენ, _ იმდენი რამე იცით მათზე…
სანამ სერგი ქალს უყვებოდა იმის შესახებ, თუ საიდან შეიძინა ცოდნა ძაღლების გაწვრთნაზე, მათ გვერდით მატისთვის ნაცნობმა „მერსედესმა” ნელი სვლით ჩაიარა.
მატილდა შეჩერდა და სერგის ხელი წაავლო:
_ ნახეთ მანქანა, ახლა რომ ჩაიარა? რა თქმა უნდა, სასაცილოა, მაგრამ… ასე მგონია, მე დამყვება უკან. ბოლო დროს ბევრჯერ შევამჩნიე.
სერგიმ თვალი შეასწრო, როგორ გაუხვია ქუჩის ბოლოში ნაცრისფერმა „მერსედესმა”.
_ მერე რა? ასეთი მანქანები ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. რატომ გგონიათ, რომ თქვენ დაგყვებათ?
_ ვიცი, რომ ბევრია, მაგრამ…
_ გეცნობათ მძღოლი?
_ არ ვიცი. ერთხელ მოვკარი თვალი, ისიც წამით. ჩვენი ქალაქი პატარაა, სახეზე მაინც ყველას ვიცნობ. ვფიქრობ, აქაური არ უნდა იყოს, თორემ მეცოდინებოდა, თუმცა…
_ თუმცა რა?
_ თითქოს მეცნო მისი სახე, უფრო სწორად, თვალები. არ ვიცი, საიდან, ვერაფრით ვერ გავიხსენე.
_ იქნებ ჩამოსულია? მაგალითად, დასასვენებლად.
_ რას ამბობთ! წელიწადის ამ დროს? ვინ ჩამოდის ზღვაზე შუა ზამთარში? გამორიცხულია.
_ ხომ შეიძლება თევზაობით იყოს ვიღაც გატაცებული? სათევზაოდ აქ ბევრი ჩამოდის, ეგ ზუსტად ვიცი, _ უმტკიცებდა სერგი.
_ შეიძლება, _ ეჭვნარევი ტონით დაუდასტურა ქალმა.
_ კარგი, დავუშვათ, თქვენ გზვერავთ. ვინ უნდა იყოს? იქნებ უარყოფილი თაყვანისმცემელია? მოსწონხართ ვინმეს? ის ხომ არაა, გუშინ ორჯერ რომ დარეკა და მერე გათიშა?
მატის უცებ გაუცნობიერებელი შიში დაეუფლა.
_ არა, ეს შეუძლებელია. _ დაიჩურჩულა, _ მე მტერი არ მყავს, არც თაყვანისმცემლებით ვარ განებივრებული. არც მახსოვს, ბოლოს ვინმეს შეხვედრა ეხსენებინოს ჩემთან. ვერ წარმომიდგენია, ვინ უნდა იყოს. რა ქონების პატრონი მე ვარ, ვინმე რომ მზვერავდეს? ალბათ მომეჩვენა. სისულელეა. მე რატომ უნდა დამყვებოდეს. არც ვიცი, რატომ გამიელვა ამ აზრმა. უბრალოდ, რამდენჯერმე შემხვდა და… შეიძლება მართლა ვინმესთანაა სტუმრად ჩამოსული. რომელი მეზობლებში გარეული მე ვარ, არც კი ვიცნობ წესიერად მათ, თუ მივესალმები ხოლმე და ეგაა. აქ მაინცდამაინც დიდი მეზობლობა არ იციან, ყველა თავისთვის ცხოვრობს.
_ ჰოდა, დამშვიდდით. რაღაც მანქანის გამო ნერვიულობა არ ღირს. წამო, აჯობებს, მასალები დავათვალიეროთ. ვნახოთ, როგორი კარადები გამოგვივა, _ გაუღიმა მამაკაცმა და შეშინებულ ქალს ხელკავი გამოსდო.
ძაღლის გამო მატილდა ჯერ კიდევ ბრაზობდა თავის თავზე. როგორ არ უნდა შეემჩნია, მესის ამდენი დეფექტი თუ ჰქონდა? არადა, ყოველთვის დაკვირვებული იყო, ყველაფერს დეტალურად აკონტროლებდა ხოლმე. ეს თვისება ქალების უმრავლესობას თანდაყოლილად აქვს. როცა მატი პირველად გათხოვდა, მთელი წლის განმავლობაში უმალავდა ალექსის თავისი ბუნების ამ მხარეს და ქმარს ისე აჩვენებდა თავს, როგორც სუსტი არსება მოჩვენებითი უმწეობით. არადა, სინამდვილეში იმ ლამაზყვავილებიან მცოცავ მცენარეს ჰგავდა, რომელიც დროთა განმავლობაში ყველგან გაიკვლევს გზას.
სერგიმ მასალის სახლში შეტანა დაიწყო, თან მატიზე ფიქრობდა. მებრძოლი და დამოუკიდებელი ქალი, საკმარისად ჭკვიანი, იცის, როდის უნდა დაიმოკლოს ენა და მოუსმინოს სხვას, თან არ ეშინია იმის აღიარების, როცა რაღაც არ გამოსდის ან არ იცის. ჰმ… როგორ უყურებდა და უსმენდა, როცა ძაღლებზე უყვებოდა. თან რა მალე ისწავლა სულელური გაკვეთილები მესის მოსათოკად. ბევრი ამას ვერ მოახერხებდა. ასეთი ქალით აღფრთოვანება შეიძლება!
როცა შეტანას მორჩა, მატილდას მიუბრუნდა.
_ თუ წინააღმდეგი არ იქნებით, გვიანობამდე ვიმუშავებ ხოლმე, რათა დაკარგული დრო ავინაზღაურო, დილით კი მეც გამოგყვებით ძაღლის გასასეირნებლად. მინდა დავრწმუნდე, რომ მესისთან გამკლავება შეგიძლიათ. ყრუ ძაღლთან კომუნიკაციის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ თუ ის გარბის, არც დაძახება მოქმედებს მასზე და არც სასტვენი.
_ თუ დამიჯერებთ, ამაზე უკვე დავფიქრდი, _ მწარედ ჩაილაპარაკა ქალმა.
_ მჯერა, მაგრამ დამატებითი სიფრთხილის ზომები ზედმეტი არ იქნება.
თითქმის შეღამდა, როცა სერგი მასალის დალაგებას მორჩა, ამიტომ მატილდამ დაჟინებით მოითხოვა, ყველაფერს შეეშვი და საჭმელი ვჭამოთო.
_ ეს ყველაზე მცირეა იმ სიკეთის სამაგიეროდ, რაც დღეს ჩემთვის გააკეთეთ. მესის გაკვეთილებს ვგულისხმობ, _ გაიღიმა მატიმ, _ რამე მარტივს მოვამზადებ. უცებ-უცებ. დიდი დრო არ დამჭირდება. გაყინული ხინკალი მაქვს და იმას მოვხარშავ. სალიამის ძეხვიც მაქვს. ხომ გიყვართ?
_ როგორ შეიძლება სალიამის ძეხვი კაცს არ უყვარდეს, _ გაეცინა სერგის. დიასახლისს უარი ვერ უთხრა, მაგრამ გულში კი გაივლო, დიდი შტერული ნაბიჯია დარჩენა ჩემი მხრიდანო. უფრო სწორად, უგუნური. სულ რაღაც სამი დღეა ამ ქალთან მუშაობს და სულაც ვერ გრძნობს, რომ მატილდა მისი დამქირავებელია.
ეს არ უნდა გააკეთოს სერგიმ. გზად გაივლის და რამე მზა საჭმელს იყიდის. შემწვარ ქათამს, პურს და რამე ბოსტნეულს. მან ხომ კარგად იცის, როგორ იზრუნოს საკუთარ თავზე. ბოლოს და ბოლოს, თითქმის ორმოცი წელია ამას აკეთებს.
მიუხედავად ამისა, ვახშმად მაინც დარჩა და მატის სამზარეულოში შეჰყვა.
მატილდამ მაცივრის ქვედა კარი გამოაღო, გასაყინი პროდუქტების განყოფილება და დაიხარა, რათა ხინკალი გამოეღო. სერგის თვალი გაექცა მოტკეცილი ჯინსით დაფარული მისი უკანალისკენ და თავი აიძულა, მატილდასთვის მზერა მოერიდებინა. მჭიდროდ დაჭიმული ქსოვილიდან ქალს ტრუსის კონტურები მოუჩანდა.
გონს მოდი, სერგი!
თავს ძალა დაატანა და მზერა სამზარეულოს მოავლო, თითქოს მისი შესწავლა ჰქონოდა განზრახული. თითქოს ძალიან აინტერესებდა ნიჟარის ზემოთ გამოჭრილი ფანჯარა, რაფებზე ჩამწკრივებული ოთახის ყვავილები და კარნიზზე დაკიდებული ჟალუზები. ყვითელი და თეთრი ფერებით შეხამებული კუბოკრული ფარდები გემოვნებით ერწყმოდა მაგიდის გადასაფარებელს. აშკარაა, მატილდას მოსწონს ყვითელი ფერი, რომელიც ზამთრის ამ პირქუშ ამინდში ოთახში თბილ, მყუდრო ატმოსფეროს ქმნის.
_ აი, ვიპოვე! მახსოვდა, რომ მქონდა! _ შესძახა ქალმა და ხინკლით სავსე ცელოფანის პაკეტი გამოიღო.
ვახშმისას დიდად არ უსაუბრიათ. ბოლოს თეფშზე ერთი ხინკალი დარჩა.
_ კარგად კი მოვულხინე, _ მორიდებულად შეხედა სერგიმ, _ დიდი მადლობა.
_ რას ამბობთ, ექვს-ექვსი ხინკალი ვჭამეთ, მეტი კი არა, თუმცა მე ხუთი გადავიღე, მეტს მაინც ვერ მოვერეოდი. ესეც მიირთვით, რა, ცოდოა. რომ გაცივდება, მერე აღარ ივარგებს. მართალია, ბოლო ლუკმა უსინდისოსიაო, ფიქრიამ იცის ხოლმე თქმა, მაგრამ ის ხომ ახლა აქ არ არის, არა? გთხოვთ.
_ მეტი აღარ მინდა, საკმარისად ვჭამე, _ იუარა სერგიმ, თუმცა იმ ერთ ცალსაც სიამოვნებით მიახვევდა, უფრო თამამად რომ ყოფილიყო, _ დილით შეაფიცხეთ და თავად მიირთვით. გაფიცხებული უფრო გემრიელია, მე თუ მკითხავთ.
სერგიმ კარგად იცის, რომ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ბარიერი არასდროს არ უნდა გადალახოს.
მატის გაეცინა. გაეცინა სერგისაც. მამაკაცი შეჰყურებდა, როგორ ანათებდა ქალის თვალები სიცილის დროს, ტუჩის კუთხეებში კი ნაოჭები უჩნდებოდა. მამაკაცი ტკბებოდა მისი ცქერით და ისეთ სიამოვნებას განიცდიდა, როგორც კატა რძის ხვრეპისას. დარწმუნებული იყო, რომ ეს ქალი იშვიათად იცინოდა. არ ჰქონდა სახალისოდ ცხოვრება აწყობილი და იმიტომ. ამის გაფიქრებამ ცოტათი გააბრაზა.
როცა მატილდა წამოდგა და მაგიდის ალაგებას შეუდგა, სქელი თმა მხრებზე ჩამოეყარა. მამაკაცმა კვლავ იგრძნო ნაცნობი იდუმალი სურნელი. ყვავილების. რაღაც ნაზი, ძლივს შესაგრძნობი ტკბილი სუნი. შესაძლოა შამპუნია ან ხელის კრემი. ნაკლებსავარაუდოა, მატის სუნამო დაეპკურა. რაღაც ვერ ამჩნევს, რომ იპრანჭებოდეს. მით უფრო, მას ეპრანჭებოდეს.
ვახ! განა რამდენი ხანია ერთმანეთს იცნობენ? სულ რაღაც სამი დღეა. საღად მოაზროვნე ადამიანი ფეხს არ აითრევდა, ადგებოდა და დროზე წავიდოდა აქედან, სანამ რაიმე სიგიჟეს ჩაიდენდა _ მაგალითად, წელზე ხელს მოხვევდა ქალს, ან მის თმას შეეხებოდა იმის გასაგებად, მართლა იყო თუ არა ეს ყავისფერი თმა აბრეშუმივით რბილი და სალუქი. უნდა აღიაროს, რომ მისი უქალო პერიოდი კარგა ხანია გაჭიანურდა, რის გამოც ტესტოსტერონი ჭარბი დოზით დაუგროვდა. სამაგიეროდ საღი აზრი არ დაუკარგავს, ამიტომ თავის შეკავება ჯერ არ უჭირს.
გაგრძელება იქნება
ასევე წაიკითხეთ: