გასული საუკუნის დასაწყისში მდიდარი არისტოკრატული ოჯახის წევრ ქალებს ცხოვრებაში, ფაქტობრივად, ერთადერთი არჩევანი ჰქონდათ: საერო სფეროში წარმატებული დებიუტი, გათხოვება, შვილების გაჩენა და დიასახლისობა. მაგრამ ეს ბედი კატეგორიულად არ შეეფერებოდა ნენსი კუნარდს. ბრიტანელი ბარონეტისა და მდიდარი ამერიკელი მემკვიდრის ქალიშვილს ოჯახური ცხოვრების სიხარული არ აინტერესებდა - და ამიტომ აირჩია გამხდარიყო მხატვრებისა და მწერლების მუზა, სოციალური აქტივისტი და სტილის ხატი, რომელიც დიზაინერების შთაგონებას ასი წლის შემდეგაც კი ახერხებს.

ნენსი 1896 წელს, სერ ბახ კუნარდის, ბრიტანელი ბარონეტისა და მოდ ალის ბერკის, ამერიკელი სოციალისტის ოჯახში დაიბადა. ბავშვობიდანვე მიიპყრო იმ მხატვრების ყურადღება, რომლებთანაც დედამისი მეგობრობდა. პარიზში გადასვლის შემდეგ პოეზიამ გაიტაცა და მალე გახდა იმ წრის ნაწილი, სადაც ყველა ავანგარდული მხატვრული მოძრაობის - სიურრეალისტების, დადაისტებისა და მოდერნისტების წარმომადგენლები ტრიალებდნენ. მალე გაუჩნდა იდეა, გაეხსნა The Hours Press, ორგანიზაცია, რომელიც პოეტებს მოუწოდებდა ემუშავათ ექსპერიმენტულ ნაწარმოებებზე.

კუნარდი სწრაფად დაინტერესდა აქტივისტების საქმიანობით და დაიწყო აქტიური ბრძოლა რასიზმის წინააღმდეგ. გამოაქვეყნა შავკანიანი მწერლების ლიტერატურული ნაწარმოებების რამდენიმე კრებული, ასევე ცნობილი ბროშურა Black Man and White Ladyship, რომელიც დასცინოდა ამერიკასა და ძველი სამყაროს მაღალი საზოგადოების რასობრივ ცრურწმენებს. მეორე მსოფლიო ომის დროს ნენსი მთლიანად ანტიფაშისტურ საქმიანობას ეწეოდა. დაწერა მრავალი ჟურნალი და საგაზეთო სტატია, რომლებიც აკრიტიკებდა იტალიაში მუსოლინის რეჟიმს.

ცხოვრებასავით გამორჩეული ჰქონდა ჩაცმის სტილიც. ჯერ კიდევ 1920-იან წლებში აღმერთებდა ბოჰემურ სტილს, რომელიც მოდაში მხოლოდ 70-იან წლებში შემოვიდა. ნენსი თავისი დროის დიდ ნაწილს უთმობდა აფრიკული კულტურის შესწავლას და აქსესუარად აფრიკული სამაჯური და ხის, სპილენძისა და სპილოს ძვლისგან დამზადებული ყელსაბამები ეკეთა. საზოგადოება აკრიტიკებდა მხოლოდ იმის გამო, რომ განსხვავებულად ეცვა და სხვანაირად ფიქრობდა, თუმცა შემდგომში სტილის ხატად აქციეს. ამის ნათელი დასტურია Saint Laurent-ის შემოდგომა-ზამთრის 2022/23 კოლექცია.
