ის ხშირად აგვიანებდა რეპეტიციაზე, ან ქრებოდა რეპეტიციიდან და მერეღა აღმოაჩენდნენ რომ მასთან ერთად ქრებოდა კიდევ ერთი, რომელიმე არტისტი ქალი… მის პირად ცხოვრებას არც გატაცებები აკლდა და არც სერიოზული გრძნობები.
გამორჩეული ქართველი მსახიობი და სპორტული კომენტატორი კონსტანტინე (კოტე) მახარაძე 1926 წლის 17 ნოემბერს, თბილისში დაიბადა. სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, თბილისი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, რომლის დასრულების შემდეგაც, რუსთაველის თეატრის მსახიობი გახდა, სადაც 23 წელი მუშაობდა.
თეატრში მოღვაწეობის პარალელურად, გატაცებული იყო სპორტით. იგი საქართველოს კალათბურთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი იყო და 1945 წელს საბჭოთა კავშირის კალათბურთის თასი მოიპოვა. სპორტულ კომენტატორად მოღვაწეობა 1957 წლიდან დაიწყო. მოგვიანებით რადიოსა და ტელევიზიაშიც გადაინაცვლა.
სწორედ კოტე მახარაძეს მიჰყავდა თბილისი „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდის თამაშის ორი ისტორიული რეპორტაჟი - როცა „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, ხოლო მეორე, როცა ევროპის თასების თასი მოიპოვა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სხვადასხვა დროს კომენტატორების მიერ ნათქვამი საუკეთესო ფრაზები. მათ შორის ლეგენდარული ქართველი კომენტატორის, კოტე მახარაძის ფრაზაც მოხვდა: „ზეიმობს საქართველოს დედაქალაქი, ზეიმობს მთელი ჩვენი ქვეყანა _ თბილისელებმა ეს თასი მოიპოვეს.“
კოტე მახარაძის ცხოვრებაში პირველი სიყვარული მედეა ჩახავა იყო. ისინი ერთმანეთს პირველად რუსთაველის თეატრში შეხვდნენ. მედეას პირველი ქორწინებიდან ვაჟი, თემური ჰყავდა. მოგვიანებით, თემურ ჩხეიძე კოტე მახარაძეს ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა:
„ძალიან ჭკვიანი კაცი იყო კოტე მახარაძე. 6 წლის ვიყავი ის რომ შემოვიდა ჩვენს ოჯახში. ჩვენ იდეალური ურთიერთობა გვქონდა. მაშინაც, როცა გავიზარდე და მაგალითად, შემოქმედებითი თვალსაზრისით სხვადასხვა აზრზე ვრჩებოდით, მისი აზრი უმნიშვნელოვანესი იყო ჩემთვის. ძალიან გაიმართლა ცხოვრებაში. მამინაცვალი ჰქვია, თორემ მამინაცვალი არ ყოფილა ჩემთვის. ჩემს და ძმებს ვუთხარი კიდეც, თქვენზე არ აქვს კოტეს ისეთი ამაგი, როგორც ჩემზე - მეთქი. იქნებ იმიტომაც, რომ პირველი ბავშვი მე დავხვდი ოჯახში.“
კოტე მახარაძისა და მედეა ჩახავას ოჯახი ოცწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაინგრა. იყო პერიოდი, როცა ერთმანეთს ხმას აღარ სცემდნენ, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ყველაფერი დალაგდა და სიცოცხლის ბოლომდე კარგი ურთიერთობა შეუნარჩუნდათ.
„ცხოვრებაში, მითუმეტეს პირად ცხოვრებაში არ მოქმედებს არანაირი კანონები, მე მეწერა რომ ორჯერ მეყვარებოდა…”- ამბობდა სოფიკო ჭიაურელი, რომელმაც კოტე მახარაძესთან ერთად 30 წელი იცხოვრა. კოტეს და სოფიკოს სიყვარულის ისტორია „ურიელ აკოსტას“ რეპეტიციებზე დაიწყო. კოტე მახარაძე სოფიკოზე 11 წლით უფროსი იყო, მაგრამ მათ ურთიერთობას ყველაზე მეტად ის ფაქტი უშლიდა ხელს, რომ ორივე დაოჯახებული იყო. უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწიათ, მაგრამ საბოლოოდ, 1980 წელს მაინც იქორწინეს.
კოტეს დონჟუანის სახელი ჰქონდა, მაგრამ სოფიკო არც ამას შეუშინებია. როცა დაქორწინდნენ, მეგობრებმა კოტეს თუჯის დიდი ღუზა მოუტანეს საჩუქრად, რათა ოჯახურ ცხოვრებაში ბოლოს და ბოლოს ჩაეშვა ღუზა. მათმა სიმბოლურმა საჩუქარმა გაამართლა - კოტე მახარაძეს სხვისკენ აღარ გაუხედავს...
„შეიძლება ვიღაცას ისეთი ბედნიერება ეწვიოს, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთ ადამიანზე იყოს შეყვარებული. ვიღაცას სიყვარულის არსებობის არ სჯერა და საერთოდ უსიყვარულოდ მიდის ამ ქვეყნიდან, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში რამდენჯერმე უყვარს. მამა სწორედ ასეთთა რიცხვს განეკუთვნებოდა. ყოველთვის თავგანწირულად უყვარდა.
მედიკომ და კოტემ 20 წელი იცხოვრეს ერთად, მარინა ფიშერთან ქორწინება ძალიან ხანმოკლე გამოდგა. მერე იყო სოფიკოსთან სრულიად თავბრუდამხვევი სიყვარული. კოტესთან ქორწინება მეუღლისა და ორი შვილის პატრონისთვის საოცრად გმირული და ამასთან რისკიანი ნაბიჯი იყო. სოფიკომ ეს ნაბიჯი გადადგა, რადგან მასაც თავგანწირულად უყვარდა. საზოგადოებაში სასწაული ხდებოდა...
ყველაფერთან ერთად, სოფიკოს და გიორგის ძალიან ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ოჯახი ჰქონდათ და ხალხს ამ ოჯახის დანგრევა არ უნდოდა. ძალიან ძნელია, როცა მხოლოდ საკუთარ თავს არ ეკუთვნი და ყველას ანგარიში უნდა გაუწიო. კოტემ და სოფიკომ თანაცხოვრების პირველი 10 წელი ძალიან დიდი წინააღმდეგობები გადალახეს. ჯვარი რომ დაიწერეს, უკვე ჭარმაგები იყვნენ" - იხსენებს მაკა მახარაძე.
კოტე მახარაძე 2002 წელს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ძალიან მალე, სოფიკო განუკურნებელი სენით დაავადდა და 6 წელში ისიც წავიდა.
„ძალიან ცუდად რომ იყო, მაშინ მივხვდი, როცა 2007 წელს, 17 ნოემბერს კოტეს დაბადების დღეზე სასაფლაოზე ვერ წამოვიდა. სოფიკოსგან ეს წარმოუდგენელი იყო. უშუქობა, უწყლობა და უგაზობა რომ იყო, მაშინ ახერხებდა და კოტეს გრანდიოზულ დაბადების დღეებს და დღესასწაულებს უწყობდა... მივხვდი, რომ უკვე ძალიან ცუდად იყო. იმ დღეს მამას საფლავიდან მე და ივიკო სოფიკოსთან მივედით. სოფიკო თავისი ოთახიდან ხალათით გამოვიდა, ჩამოჯდა, კოტეს სურათს გახედა და უთხრა - ვერ ძლებ ხომ უჩემოდ? მერე ჩვენ მოგვიბრუნდა - მივყავარ თავისთანო“ - მაკა მახარაძე.
სოფიკო ჭიაურელი 2008 წლის 2 მარტს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.