ეტყობა, დიზაინერებს უწინდებურად არ შთააგონებთ ახალგაზრდა გოგონები, რადგან დღეს მათ ასაკოვანი მოდელები უწევენ კონკურენციას.კარმენ დელ,ორეფისს თავისი ასაკის არ რცხვენია. დიზაინერები მას ლამაზი თვალების გამო კი არ ირჩევენ, არამედ იმიტომ, რომ იგი ნამდვილი პროფესიონალია.
კარმენ დელ,ორეფისი, რომელიც მოდელად უკვე 66 წელია მუშაობს, ტოლს არ უდებს თავის უმცროს კოლეგებს. ”გადაწყვეტილი მაქვს, მაღალ ქუსლებზე შემდგარი პირდაპირ პოდიუმზე მოვკვდე”, - აღიარა ამას წინათ 80 წლის კარმენმა, რომელმაც მოდელად მუშაობა 15 წლის ასაკიდან დაიწყო.
მას შემდეგ, როცა პატარა კარმენი ”ვოგის” გარეკანისთვის გადაიღეს, იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი გახდა. მხცოვანი მოდელი დღემდე იღებს მიწვევებს პოპულარული ჟურნალებისგან და პოდიუმზე ცნობილი დიზაინერების სამოსით აგრძელებს გამოსვლას.
ვერავინ გაბედავს მოდელს ბებერი უწოდოს. ამ დახვეწილ, ეფექტურ და ელეგანტურ ქალბატონს თავისი ასაკი მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც ნათესავები და ახლობლები მორიგ იუბილეს ულოცავენ. ახლახან ერთ-ერთმა პირველმა მოდელმა, რომელიც მოდის ბიზნესის სათავეებთან იდგა, ვიწრო ოჯახურ წრეში ოთხმოცი წლის იუბილე აღნიშნა.
კარმენის ვარსკვლავური კარიერა ჯერ კიდევ 1941 წელს დაიწყო. კარმენი სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელმა ნიუ-იორკის ავტობუსში შეამჩნია და უკვე რამდენიმე კვირის შემდეგ გოგონამ Conde Nass-თან ექსკლუზიურ სარეკლამო კონტრაქტს მოაწერა ხელი.
კარმენი ჟურნალისტებს საკმაოდ გულახდილად მოუყვა მოდის ბიზნესში თავისი პირველი ნაბიჯებისა და ცხოვრების შესახებ.
ბალერინობიდან მოდელობამდე
”1945 წელს, როდესაც ადამიანებს შინ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ტელევიზორი, მე ბეჭდვითი რეკლამებისთვის ვპოზირებდი. მაშინ მეტროთი მგზავრობა 5 ცენტი ღირდა, ერთი ლიტრი რძე - 10 ცენტი. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი რამის მომსწრე ვარ ამ ხნის განმავლობაში! ბევრი რამე ვისწავლე და დღემდე ვაგრძელებ სწავლას.
არასოდეს მიოცნებია მოდელის კარიერაზე. ბალეტზე დავდიოდი და სტიპენდიას ვიღებდი. სამწუხაროდ, რევმატიზმით დავავადდი, ერთი წლით ცეკვა ამიკრძალეს, ამ ფაქტმა მომავლის გეგმები ჩამიშალა.
მოდელი კი სრულიად შემთხვევით გავხდი. ნიუ-იორკის ავტობუსით 57-ე ქუჩაზე მივდიოდი, როდესაც ჟურნალ Junior Bazaar-ის ფოტოგრაფის ცოლმა დამინახა და მათთან სტუდიაში შევლა მთხოვა.
რამდენიმე ფოტოსინჯი გავაკეთეთ, ცოტა ხანში დედაჩემმა მათგან წერილი მიიღო, სადაც ეწერა: ”კარმენი ძალიან კარგი გოგონაა, მაგრამ ამჟამად იგი საერთოდ არაა ფოტოგენური. მოდით, კიდევ ერთხელ ვცადოთ, რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც გაიზრდება”.
მიუხედავად ამისა, ჩემი კარიკატურისტი ნათლიები ასეთ მახინჯად არ მთვლიდნენ. მათ ”ვოგის” ჟურნალში მომუშავე მეგობარს დახმარება სთხოვეს. ეს მოხდა 1945 წელს, ”ვოგში” სამუშაოდ მიმიწვიეს. მაშინ 14 წლის ვიყავი.
რე დღეს ირვინ პენმა და ასე დაუსრულებლად. მაშინ ძალიან ახალგაზრდა და მორცხვი ვიყავი. მეჩვენებოდა, რომ ორივე ფოტოგრაფი მიყვარდა. იმდენად მეჩქარებოდა ფოტოსტუდიაში მოხვედრა, რომ ყველა ჩემს ფოტოსესიას უძილო ღამეები უძღოდა წინ.
ჰორსტმა ”ვოგისთვის” გადაღების დროს მითხრა, რომ ისეთი გოგონა უნდა განმესახიერებინა, რომელზეც კოსმეტოლოგები ზრუნავენ. გაუნძრევლად ჯდომამ მომიწია, რადგანაც მაშინ არ იყო კაშკაშა და სტრიბოსკოპიური ნათურები - მხოლოდ ძალიან მცხუნვარე სოფიტები ანათებდა.
გასული საუკუნის 40-იან წლებში მოდელებისთვის არ არსებობდა სტილისტები და ვიზაჟისტები. ჰოლივუდში კინოვარსკვლავებს გრიმიორები ჰყავდათ. ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ ვიყენებდი კოსმეტიკას, ფოტოსესიების დროს გრიმს დედა მიკეთებდა.
ჟურნალის რედაქტორები მოდურ ვარცხნილობას მიკეთებდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ფოტო დაიბეჭდა, ვიტირე, რადგანაც გავიფიქრე: ”აი, ახლა ყველა გაიგებს, რომ ძალიან პატარა მკერდი მაქვს”.
იგივე განმეორდა 1947 წელს, როცა ჩემი ფოტო პირველად გამოჩნდა უკვე ჟურნალ ”ვოგის” გარეკანზე. კარგად მახსოვს, როდესაც გაზეთების ჯიხურთან ჟურნალებს შორის ჩემი ფოტო დავინახე. კვლავ ცრემლად დავიღვარე. ვერ ვიტანდი ამ ფოტოს, რადგანაც თმა გადაჭიმული მქონდა და ბიჭს ვგავდი.
”თუ შეიძლება, ამ გოგონას მიმიხედეთ”
დედა მარტო მზრდიდა. ჩვენ არ გვქონდა ცხელი წყალი და ლიფტი. ფული არ გვყოფნიდა ელექტროენერგიის გადასახადისთვის და საკერავი მანქანა დავაგირავეთ.
მიუხედავად ყველაფრისა, ბედის მადლობელი ვარ. მოდელად მუშაობის პირველ დღეს 60 დოლარი გამოვიმუშავე, შემდეგ
- კიდევ 60. სულ ხუთი დღე ვიმუშავე. ეს თანხა ჩვენთვის მთელი ქონება იყო. ფოტოგრაფმა ერვინ ბლიუმენფელდმა აილინ და ჯერი ფორდები გამაცნო და უთხრა: ”თუ შეიძლება, ამ გოგონას მიმიხედეთ”.
აილინს თავისი სამოდელო სააგენტო ჰქონდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მას პერსპექტივის სწრაფი შეფასება შეეძლო. მთელი ცხოვრება აილინი ჩემი შეუცვლელი მასწავლებელი იყო. იგი დამეხმარა, განსაკუთრებული კუთხით შემეხედა ეთიკის ასპექტების, ოჯახური ღირებულებებისთვის და იმისთვის, როგორ უნდა მეცხოვრა.
ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო, ქვეყანა ასკეტიზმის პერიოდიდან გამოდიოდა, ქალური სილამაზის გამომჟღავნების ახალი ეპოქა იწყებოდა. ერთხელ, იქ, სადაც უნიფორმა იყო გამოფენილი, დიორის ქალის პერანგების კოლექცია დავინახე.
ჩვეულებრივი დაბალძირიანი ფეხსაცმელები ფერაგამოს მაღალქუსლიანმა შეცვალა. ეს შესანიშნავი იყო.
მე შეუსვენებლად ვმუშაობდი, მესამე ქორწინებამდე, 1963 წლამდე. მაშინ აილინს დავურეკე და ვუთხარი არ მოეცა შეკვეთები.
მან მკითხა: რამდენი ხნით? ვუპასუხე: სამუდამოდ. პასუხად აილინმა გაიცინა. ის მართალი აღმოჩნდა. შემდეგი 15 წელი ჩემი ქალიშვილის აღზრდას მივუძღვენი.
ქმართან განქორწინების შემდეგ სამუშაო დამჭირდა. და აი, ორმოც წელს გადავცილდი, ჭაღარა შემომერია! ჩემი თაობის სხვა ქალებისგან განსხვავებით, გადავწყვიტე თმა არ შემეღება, პირიქით, მთლიანად გავითეთრე. ესთეტიკური თვალსაზრისით ასე უფრო კარგად გამოვიყურებოდი, არაფერი მქონდა ასაკის საწინააღმდეგო.
ძველი საფულე
1978 წელს წიგნის პრეზენტაციაზე გამოჩენილ ფოტოგრაფ ნორმან პარკინსონს შევხვდი. ვერასოდეს დავივიწყებ იმ სიტყვებს, რაც მაშინ მითხრა: ”იცი, შენი ასაკისთვის ცუდად არ გამოიყურები. არ გინდა ჟურნალისთვის რამდენიმე ფოტო გადაგიღო? წავიდეთ პარიზში”.
ჩვენ წავედით პარიზში და French Vogue-სთვის ექვსი ფოტო გადავიღეთ. დაბრუნებისას ნორმანმა ფოტოები ”თაუნ ენდ ქანთრის” აჩვენა, მათ უთხრეს: ”ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენ გვჭირდებოდა”. ზრდასრული, დახვეწილი მოდელის კონცეფცია ერთხმად მიიღეს.
იმათ ფონზე, ვინც სამოდელო ბაზარზე ეტალონად ითვლებოდა, ჩემი გარეგნობა არატიპური იყო, მიუხედავად ამისა, მე პროფესიონალ ფოტოგრაფებს მოვწონდი.
ცუდად მახსენდება 1991 წელი. ჩემი ფინანსების განსაკარგავად მმართველი დავიქირავე, რომელმაც გამაკოტრა. მაშინ 60 წლის ვიყავი, ჩემ წინაშე სიბერეში უფულოდ დარჩენის პერსპექტივა დადგა. ახლა უკვე ვიცი, რომ საჭიროა, აუცილებელად თავად მოაგვაროთ მნიშვნელოვანი საქმეები.
უსიტყვო მსახიობი
ჩემი კარიერის ბოლო შვიდი წელი სიურპრიზებით იყო აღსავსე. არასოდეს იცი, წინ რა გელის. ამ დროის განმავლობაში გამოჩენილი მოდელიერების ჩვენებებში ვმონაწილეობდი. არც ისე დიდი ხნის წინ შევქმენი ფოტოსახეები, რომლებსაც კარიერის განმავლობაში ყველაზე წარმატებულად მივიჩნევ.
ერიკ ვინუს საღამოს კაბაში გადაღებული ფოტოს ჩათვლით. იმ მომენტში, როდესაც თმიდან ”ბიგუდებს” ვიღებდი, მან მთხოვა გავჩერებულიყავი და სურათი გადამიღო, მის თვალებს ვხედავდი და მივხვდი, რომ რაღაც განსაკუთრებული დაინახა. მე ბოლომდე ვენდე მას. ამ მომენტში ჩვენ თანაავტორები გავხდით.
თუკი ჩემი კარიერის შედეგებს შევაჯამებ, უნდა ითქვას, რომ ყველაზე მოულოდნელი და შესანიშნავი შემთხვევები ცხოვრებაში მაშინ ხდება, როცა მათ არ ემალები. მე ყოველთვის მიყვარდა ლამაზი ტანსაცმელი და უსიტყვო მსახიობის როლი, როგორც მოდელის პროფესიის ერთ-ერთი ასპექტი. ამიტომ საკუთარ თავში სხვა შესაძლებლობების აღმოჩენის იმედს არ ვკარგავ...
ჟურნალი ”რეიტინგი”