ირაკლის დაბადება
- გაჩენის პირველი შანსი, ირაკლის, 1958 წლის 20 მაისს მიეცა, როდესაც მე ნანა გავიცანი. მასში ჩარკვიანებისა და თოიძეების გენეტიკა ჩაიდო. ირაკლის დიდი ბაბუა, გამოჩენილი მხატვარი მოსე თოიძე გახლდათ, მამაჩემი - კანდიდ ჩარკვიანი კი მოგეხსენებათ, 14 წლის მანძილზე საბჭოთა საქართველოს პირველი პირი იყო. ირაკლი თავის რომანში წერს, - ჩემზე ამბობდნენ, მოსე-კანდიდი უნდა გამოვიდესო. ირაკლი 1961 წლის 19 ნოემბერს დაიბადა. ამ ქვეყანას ძნელად მოევლინა - მაშებით, თანაც სახეზე, ცალ მხარეს პარეზისაგან ლოყა მოღრეცილი ჰქონდა. პირველი ორი კვირა ძალიან მძიმედ იყო, ფილტვების ანთებაც დაემართა, თუმცა საბედნიეროდ, "პენიცილინმა" გადაარჩინა. მე ექვს თვემდე ბავშვებს ხელში ვერ ვიყვან, მეშინია. 6 თვის მერე ირაკლი თანდათანობით უკეთესი შესახედი გახდა, ემოციების პირველი ნიშნებიც დაეტყო... ჩემს ოჯახში ზოგს ძალიან კარგი სმენა ჰქონდა, ზოგს - საერთოდ არა, ამიტომ ირაკლი რომ რაიმეს წაიღიღინებდა, ჩუმად ვუსმენდი - ძალიან მინდოდა, მუსიკალური ნიჭი გამოჰყოლოდა. მამაჩემს სმენა საერთოდ არ ჰქონდა, დედაჩემს კი - ბრწყინვალე. მუსიკალური განათლება არ მიუღია, მაგრამ სწორედ მან მაზიარა ქართულ მრავალხმიანობას. როცა ირაკლი 6 წლის შესრულდა, დავწყნარდი, - მისმა სიმღერამ დამარწმუნა, რომ სმენა ნამდვილად ჰქონდა, თუმცა საინტერესო მუსიკას თუ დაწერდა, ვერ წარმოვიდგენდი.
სკოლა და ოჯახის გავლენა ცნობიერებაზე
- დისციპლინა და მომთხოვნელობა ყველა სკოლაშია, მაგრამ ბავშვებს რატომღაც ჰგონიათ, რომ არსებობს ისეთი სკოლები, სადაც არაფერს ითხოვენ (იცინის). ირაკლიმ 4 სკოლა გამოიცვალა, თუმცა ცოდნა და ჩვევები ყველგან შეიძინა. პირველად ჩვენს მეზობლად მდებარე სკოლაში წავიდა. მაშინ ვაკეში ვცხოვრობდით, კინოთეატრ "ყაზბეგის" გვერდით. მუსიკაზეც მივაბარეთ, თუმცა ზარმაცობდა, ეტიუდებისა და გამების დაკვრა ეზარებოდა, მაგრამ როცა მე მუსიკას ვწერდი, იდგა და ყურადღებით მისმენდა. მოგვიანებით ინტერვიუში წერს: მამაჩემის მთელი მუსიკალური შემოქმედება, როკ-ოპერები, "ნარგიზა და ქალბატონი ნელი", ჩემ თვალწინ იწერებოდა, სრულდებოდა და აბსოლუტურად კონფრონტაციულ პროდუქტს წარმოადგენდა. იმ დროის, 1970-იანების ჰიპურ წლებში მუსიკალური კონტრკულტურის კერა ჩემი საკუთარი სახლი იყო და ჭეშმარიტი "ანდერგრაუნდი", თანამედროვე ქართული ტექსტებით ჩემს ოჯახში იშვაო. "ნარგიზა" ახლა წიგნად გამოვიდა და დისკიც მოჰყვება. როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფერმა ირაკლიზე გავლენა იქონია.
რევოლუციურ-ახალგაზრდული მუხტის "აფეთქება"
- ირაკლი რა გზითაც აპირებდა წასვლას, ამას მას მერე მივხვდი, რაც მასში რევოლუციური მუხტი ვიგრძენი. დასაწყისში ეს, ბუნებრივია, მშობლების წინააღმდეგ იყო მომართული. 13 წლის იქნებოდა, როცა ჩანთა ჩაილაგა და ბაკურიანში მივდივარო, - გამომიცხადა. რასაკვირველია, აღვშფოთდი, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა და წავიდა. რევოლუცია აქედან იწყებოდა, მაგრამ ჯერ არ ვიცოდი, რა განხრით. თუ გინდა, მომავალში მთავრობას აუჯანყდე, ჯერ მშობლებს უნდა აუჯანყდე (იცინის). როდესაც ირაკლის დაწერილი სიმღერა პირველად მოვისმინე, მივხვდი, რის გაკეთებას აპირებდა. მელოდია არ მახსოვს, მაგრამ მის პირველ ანსამბლთან - "არიშთან" ერთად შეასრულა. მაშინ ირაკლი 15 წლის გახლდათ. როცა შევიტყვეთ, რომ "არიშში" უკრავდა, რომლის ბაზა რუსთავში გახლდათ, მე და ნანა მანქანაში ჩავსხედით და წავედით, რომ გვენახა, ჩვენი შვილი სად დადიოდა და რას აკეთებდა. კლუბში სიტუაცია მოგვეწონა. მეც ჩემი პირველი მუსიკალური ოპუსები მაუდ-კამვოლის კომბინატის კლუბში შევქმენი. ორკესტრს ვხელმძღვანელობდი და ამაში ფულს მიხდიდნენ. მამაჩემი, რა თქმა უნდა, გარკვეულ თანხას მაძლევდა, მაგრამ ეს არ მყოფნიდა - მე და ნანა სტუდენტები ვიყავით და დამატებითი შემოსავალიც გვჭირდებოდა.
"არიში" და გასტროლები
- ერთ დღეს ირაკლიმ გამოგვიცხადა, გასტროლები იწყებაო. გული შემიწუხდა, - 15 წლის ბიჭი, გასტროლზე, საქართველოს მასშტაბით, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ იქნებოდა - მშიერი, გადაღლილი და ა.შ. საკმაოდ რთული დრო იყო, მაღაზიებში ბევრი არაფერი იყიდებოდა, აქ ბაზარში დავდიოდით და ყველაფერს მზამზარეულს მივართმევდით ხოლმე. მოკლედ, მაინც წავიდა. ზაფხული იყო და წყნეთის შემდეგ, ყოველთვის ზღვაზე მივემგზავრებოდით. თეონა ხომ უნდა წაგვეყვანა და გზადაგზა "არიშის" აფიშა ბევრგან შეგვხვდა, რაც ბუნებრივია, გაგვიხარდა. მოკლედ, გაგრაში ვართ პლაჟზე და ვხედავ, ირაკლი მოდის. გამხდარი და გამწვანებული იყო. მივხვდი, გადაღლილი და მშიერი იყო (იცინის). სად უნდა ჰქონოდა იმდენი დრო და ფული, რომ ისეთი კვება ჰქონოდა, როგორიც ოჯახში?! საგზური იქვე ავუღე, ჩვენთან დავტოვე და ცხადია, მომაგრდა კიდეც. მოკლედ, "არიში" ამით დამთავრდა.
ქუჩა და მოდური მოტაცებები
- არ ვიცი, როგორი იყო ირაკლი ქუჩაში, მაგრამ შედეგი შემიძლია გითხრათ - 2-3-ჯერ სახლში საშინლად ნაცემი მოვიყვანეთ. ერთხელ, ირაკლი და გეგა წყნეთის კინოთეატრიდან რომ წამოვიყვანეთ, ნახევრად ცოცხლები იყვნენ, სხეულზე ერთი ადგილიც კი არ იყო დარჩენილი, გაშავებულ-ჩალურჯებული რომ არ ჰქონოდათ. ზოგჯერ მათი ქცევა ალბათ გამომწვევი იყო. ისედაც, მოგეხსენებათ, ახალგაზრდებში შურის მომენტიცაა: ირაკლი და გეგა გოგონებში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ და ალბათ ჩხუბების მიზეზი ესეც იყო. ამით ცოტა შეგვაწუხა კიდეც - მეგობრებს გოგონების მოტაცებაში ეხმარებოდა ხოლმე, ოღონდ - ძალადობა არ იგულისხმება, რა თქმა უნდა. სხვათა შორის, პირველი ცოლი ქეთიც მოტაცებული ჰყავს და ერთხელ, გეგასაც მოატაცებინა გოგონა. ამის გამო ვაკის მილიციაში გამომიძახეს, სადაც იმ გოგონას საქმრო დამხვდა. მაგრამ ირაკლიმ არაფრით გვითხრა, სად იყვნენ და გეგას და იმ გოგონას მთელი ღამე ვეძებდი ჩემი მანქანით, მხატვარ თენგიზ მირზაშვილთან ერთად და ბოლოს ახმეტაში, სასტუმროში მივაგენით. წამოვიყვანეთ და როგორც ჰოლივუდში ხდება ხოლმე, ყველაფერი "ჰეფი ენდით" დასრულდა - შეუღლდნენ. ირაკლის თინეიჯერობის ამბებში ჩემთვის ყველაზე უფრო მძიმე ეს მოტაცებები იყო. XX საუკუნეში, როცა ხელოვნებაში არსებული პარადიგმის გარღვევაზე გაქვს პრეტენზია, ქალების გატაცება ცოტა არ იყოს, სასაცილოა. ეს რაღაც ეგზოტიკური ფორმა იყო და შეიძლება, გოგონებს მოსწონდათ კიდეც (იცინის).
1980-იანები და ირაკლის პოეზია
- ეს ის დროა, როდესაც ირაკლის უკვე პოეზია იტაცებს. მისი ლექსების კრებული რომ ნახოთ, ლექსების უმეტესობაც სწორედ მაშინაა დაწერილი, როცა იგი 18-19 წლის იყო, თანაც - კლასიკურ სტილში, რითმიან, გულწრფელ ლექსებს წერდა, მაგრამ ჩვენ ეს ჯერ არ ვიცოდით. თემატიკა სხვადასხვაგვარი იყო - სიყვარულიც, პატრიოტიზმიც, ცოტა ნარცისიზმიც (იცინის). შემდეგ, მოთხრობების წერაც დაიწყო და პირველი, რომელიც მაშინ დაიბეჭდა კიდეც, იყო - "ცალფეხშიშველი ბავშვი", რომელიც ძალიან მომწონს. აღსანიშნავია, რომ ირაკლის მამაჩემთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, პირველი შვილიშვილი იყო და ყველაზე მეტ დროს ბებია-ბაბუასთან ატარებდა, ზაფხულობით კი დასასვენებლად ყოველთვის ლიკანში მიჰყავდათ ხოლმე. მოკლედ, ირაკლი კანდიდთან ძალიან ახლოს იყო. მისი ხელის სითბო ახსოვდა და ამას მოთხრობაშიც წერს, სადაც ფანტაზიით შექმნილი ბაბუა, სწორედ ბაბუა კანდიდის ბევრი თვისების მატარებელია. ასევე, ბიძია მერაბი. პერსონაჟები ოჯახის წევრებისგან შექმნა. სხვათა შორის, მეფობის მომენტი ამ მოთხრობაშიცაა, ოღონდ - თავისებურადაა გაჟღერებული. ამ პერიოდში მისი მხატვრული ინტერესი მთლიანად ლიტერატურაზე გადაერთო, მუსიკას ნაკლებად წერდა, მაგრამ ის, რაც ირაკლიმ მერე შექმნა, ორივეს სინთეზია. ზოგჯერ მას მომღერლად მოიხსენიებენ, მაგრამ მომღერალი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ხმა ჰქონდა - თავისებური და ცოტა ტრაგიკულიც. ირაკლი იყო ავტორი, ადამიანი, რომელიც კომპლექსურად ქმნიდა დიდ ნაწარმოებებს და თვითონვე ასრულებდა.