1983 წლის 14 სექტემბერს გამორჩეული მომღერალი ემი უაინჰაუსი დაიბადა, რომელმაც მუსიკალურ სამყაროზე წარუშლელი კვალი დატოვა და 2000-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნიჭიერ ბრიტანელ მომღერლად აღიარეს. მას 8-წლიანი წარმატებული კარიერა ჰქონდა. მისი პირველი ალბომი " Frank" Mercury Prize-ს ჯილდოზე იყო ნომინირებული, შემდეგ Brit Award-ის ჯილდო მიიღო და "საუკეთესო ბრიტანელ ქალ შემსრულებლად" დაასახელეს. ხოლო, მეორე ალბომმა "Back to Black" გრემის 6 ნომინაცია მოუტანა, საიდანაც 5-ში გაიმარჯვა. ეს ალბომი დიდ ბრიტანეთში 21-ე საუკუნის ყველაზე წარმატებულ ალბომად აღიარეს. თავბრუდამხვევ წარმატებას თან უამრავი სევდა და ტანჯვა სდევდა და სამწუხაროდ, ემი უაინჰაუსი საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა.

ემისთვის ბებია მისაბაძი მაგალითი იყო და ამბობდა, რომ მისგან იღებდა შთაგონებას. უაინჰაუსის ბებია სინტია კაბარეს მომღერალი იყო, თავისი გამორჩეული სტილი ჰქონდა და ემიც ამ შტრიხებს ხშირად იყენებდა. სამწუხაროდ, სინტია 2006 წელს გარდაიცვალა და მომღერალმა ეს ფაქტი ძალიან განიცადა.
როდესაც ემი 10 წლის იყო, საუკეთესო მეგობართან, ჯულიეტ ეშბისთან ერთად საკუთარი რეპ-კგუფი შექმნა, რომელსაც Sweet'n'Sour დაარქვა. ხოლო პირველი წარმატების შემდეგ უაინჰაუსი უამრავი დიზაინერის შთაგონებად და სტილის ხატად გადაიქცა. კარლ ლაგერფელდმა 2008/2009 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ემი უაინჰაუსის შთაგონებით შექმნა, რომელიც 60-იანი წლების ესთეტიკას ეფუძნებოდა, ხოლო ჟან-პოლ გოტიემ 2012 წელს მომღერლის ხსოვნას პატივი მიაგო და გაზაფხული-ზაფხულის შოუ მიუძღვნა.
2008 წელს ემიმ გრემის 5 ნომინაციაში გაიმარჯვა. იგი ლოს-ანჯელესში გრემის 50-ე საიუბილეო დაჯილდოებას ვერ დაესწრო, რადგანაც ვიზა არ მისცეს და ამ გამარჯვებების შესახებ ლონდონში, სოლოკონცერტის დროს გაიგო.
Rehab - ემი უაინჰაუსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა და თავდაპირველად ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა ირონიული ხუმრობა. " ქუჩაში მარკ რონსონთან ერთად მივდიოდი, რომელმაც ჩემი ბოლო ალბომი გამოუშვა და რამდენიმე სტრიქონი ხმამაღლა ვიმღერე. საკმაოდ სულელურად ჟღერდა - მარკმა ჩაიცინა და მკითხა, ვინ დაწერა, რადგან მოსწონდა. მე ვუთხარი, რომ უბრალოდ იმწამს მოვიგონე და ეს მართალი იყო. ჩვენ ჩავწერეთ მთელი სიმღერა, რომელსაც ხუთი წუთი დასჭირდა." - თქვა ემიმ.
წაიკითხეთ სრულად