როგორ გააუქმა სიკვდილით დასჯა და რისგან გარდაიცვალა ადრე დაქვრივებული თამარ მეფე თამარ მეფის ამბები, იაკობ გოგებაშვილის მიერ მოთხრობილი:
"თამარი მეფობდა საქართველოში მეთორმეტე საუკუნეში. იგი იყო შვილისშვილის შვილი დავით აღმაშენებლისა და ერთადერთი შვილი თავისი დედ-მამისა.
როცა თამარი დაიბადა და აღიზარდა, საქართველო შეერთებული და ძლიერი სამეფო იყო. ეს ძლიერი სამეფო თამარმა თავისი გამეფების შემდეგ გარდააქცია უძლიერეს სახელმწიფოდ.
თამარ მეფეს ჩვენი ხალხი მაღლა აყენებდა და აყენებს საქართველოს ყველა მეფეზე. რვაასი წელიწადია, რაც თამარი გარდაიცვალა, მაგრამ მისი ხსოვნით სავსეა ეხლაც მთელი ჩვენი ქვეყანა. ქართველობას ეხლაც თამარი ისე ცხადად უდგას თვალწინ და ისე ადიდებს მას, თითქოს იგი გუშინ ყოფილიყოს მისი მბრძანებელი.
ასეთი უმაგალითო დიდება თამარმა მოიპოვა იმის გამო, რომ იგი იყო შემკული ყოველი უმაღლესი ღირსებითა. თამარ მეფეზე სავსებით აღსრულდა ქართული ანდაზა: დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო.
გიორგი მეფე, თამარის მამა, შვილისშვილი დავით აღმაშენებლისა, დიდად ირჩეოდა სხვებში თავისი მაღალი ჭკუითა დარკინის ხასიათით, დედამისი, ოსთა მბრძანებელის ქალი, ბრწყინავდა აუწერელი სიმშვენიერით და მეტად მოსიყვარულე გულით. თამარზე სავსებით გადავიდნენ ღირსებანი მამისაც და დედისაც, და იგი შეიქმნა უსრულეს ადამიანად; მაღალი ჭკუა, მტკიცე ხასიათი, კაცთმოყვარე გული და იშვიათი მომხიბლავი სიმშვენიერე სათაყვანო გვირგვინოსნად ჰხდიდნენ თამარსა.
როცა თამარი თავის მამის მეფე გიორგის სიკვდილის შემდეგ საქართველოს ტახტზე ავიდა, იგი იყო ოცი წლის უმშვენიერესი ქალწული. ხალხმა კარგად იცოდა იშვიათი ღირსებანი თამარისა და ამიტომ მისმა გამეფებამ იგი აღავსო გამოუთქმელი სიხარულით.
თამარის მამის დროს ბევრმა დიდი გვარის თავადმა დაჰკარგა მაღალიადგილი და მათ მაგიერ გამწესებულ იქნენ მცირე გვარის ჩამომავალნი, მაგრამ უფრო ნიჭიერნი, უფრო მხნენი და უფრო უანგარონი.
თამარის მამას, გიორგი III-ს, ჰყავდა მეორე ასულიც - რუსუდანი, რომელიც როგორც ჩანს, უკანონო შვილი იყო და საისტორიო წყაოებში იშვიათად იხსენიებოდა.
გვარის თავადებმა თამარ მეფეს მოსთხოვეს, რომ მას მათი მოადგილენი დაეთხოვა სამსახურიდან და ისინი გაემწესებინა უწინდებურად. თამარმა უარი შეუთვალა. მაშინ დიდებულებმა ჯარი შეჰყარეს და ძალით უნდოდათ თავის გულის წადილს სწეოდნენ. თამარმაც გაამზადა თავისი ჯარი; მაგრამ, რადგანაც ქართველის სისხლის დაღვრა ეზარებოდა მის კაცთმოყვარე გულს, ამის გამო ჯერ მშვიდობიან ხერხს მიმართა. აჯანყებულს დიდებულებთან გაგზავნა ორი მოხუცებული და ყველასაგან ფრიად პატივცემული მანდილოსანი მოსარიგებლად. ამათ აჯანყებულებს ურჩიეს, დაწყნარებულიყვნენ. წინააღმდეგობაზე ხელი აეღოთ, და აღუთქვეს, ვინც თქვენგანი ღირსეული აღმოჩნდება, ყველა შესაფერის ადგილს მიიღებსო. გასჭრა იმ
მანდილოსნების შუაკაცობამა და აჯანყებულნი დაშოშმინდნენ, მით უმეტეს, რომ ცხადად დაინახეს, თუ რა საშიში იყო მათთვის ბრძოლა თამარის ძლიერ ჯართან.
შემდეგ თამარი შეუდგა სამღვდელოების სრულ განახლებასა, სამღვდელოების მეთაური კათალიკოსი მიქელი თვითონ იყო ჰანგარი, მექრთამე. სამღვდელოებაშიაც გავრცელდა ეს სენი და ამან ძლიერ დაბლა დასწია სამღვდელოება. თამარმა სამღვდელო პირთა კრება მოახდინა საეკლესიო წესების გასაუმჯობესებლად და ამ კრების თავმჯდომარედ დაიბარა იერუსალიმიდან მცხეთის კათალიკოსად ნამყოფი ნიკოლოზ გულამბრიძე, რომელმაც კათალიკოსობას თვითონ თავი დაანება თავისი სიმდაბლის გამო და რომელიც განთქმული იყო თავისი წმინდა ცხოვრებითა და სწავლით. ამ კრებამ ბევრი უღირსი ეპისკოპოსი და სამღვდელო პირი გადააყენა, უპირებდა გადაყენებას თვით კათალიკოსს მიქელს, მაგრამ რადგანაც იგი სასიკვდილოდ იყო ავად, აღარ ჩააშხამეს უკანასკნელი დღენი. ამ კრებამ ქართულს ეკლესიაში დაამყარა სრული წესიერება და მისი გავლენა ზნეობაზე გააძლიერა.
სამხრეთის მხრივ გარეშე მტრები შემოესივნენ საქართველოს. ეგონათ, მბრძანებელი ქალი სისუსტეს გამოიჩენსო და საქართველოს ფეხქვეშ გავთელავთ და დავარბევთო. მაგრამ საშინლად მოტყუვდნენ. თამარის ჯარმა მტერი უფრო კიდევ უარესად დაამარცხა, ვიდრე იგი მარცხდებოდა მისი მამისა და პაპის დროსა; შიშის ზარი დასცა და შემოსევის წადილი მთლად გაუქრო.
საქართველოს სიკეთისათვის საჭირო იყო, რომ თამარს მემკვიდრე ჰყოლოდა. ამიტომ სთხოვეს თამარს, მეუღლის შერთვა ენებებინა. თამარიც ნებას დაჰყვა. ქმრად ამოურჩიეს რუსეთის ბატონიშვილი გიორგი, რადგანაც ეგონათ, რომ ეს ქორწინება განამტკიცებდა კავშირს საქართველოსა და რუსეთს შორის და გარეშე მტრებს უფრო მეტს შიშს მისცემდა. თამარი ჯერ უარზე დადგა; უცხოსა და უცნობს კაცს როგორ მივთხოვდეო, მაგრამ მერმე ერის ნებას დაჰყვა სამეფოს სიკეთისათვის და ჯვარი დაიწერა გიორგი რუსზე. ქორწილი გადაიხადეს ისე დიდებულად, რომ არც წინათ და არც შემდეგ საქართველო ამისთანა საარაკო ქორწილს არმოსწრებია.
საუბედუროდ, გიორგი რუსი მეტად უზნეო გამოდგა, სამეფოს სიკეთეზე სრულიად არ ფიქრობდა, დროს ატარებდა ქეიფსა, ლოთობასა და გარყვნილებაში. და ცუდ მაგალითს უჩვენებდა თავის ქვეშევრდომებს.
ბევრს ეცადა, გაესწორებინა თავისი მეუღლე, მაგრამ ვერას გახდა. მაშინ იგი იძულებული შეიქნა, გაჰყროდა თავის ქმარსა და გაეგზავნა საქართველოდან. მისცა საცხოვრებელი ფული და გაისტუმრა კონსტანტინეპოლში. ამის შემდეგ თამარის მეუღლეობას ეძებდა არა ერთი ტახტის მემკვიდრე გარეშე ქვეყნებისა, მაგრამ ყველას უარი უთხრა მან, რადგანაც ეფიქრებოდა: ეს უცნობნი პირნი შეიძლება ისეთივე ცუდნი გამოდგნენ, როგორც გიორგი რუსი.