„დედა სიცოცხლის ბოლომდე იყო ქართველი, გარდაიცვალა, როგორც ქართველი და სურდა, მთელი თავისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, ყველაფერი, რაც მან შექმნა, ყოფილიყო საქართველოში“ – ასე უთქვამს ზოლტან ჟორდანიას, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ვაჟს ხელოვნების სახლის დირექტორი გიორგი კალანდიასთვის. წლების შემდეგ ქართველი ემიგრანტის, დიდი ხელოვანის სურვილი შესრულდა და ხელოვნების სასახლეს, საქართველოს ბანკის ეგიდით, უკვე შეუძლია თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე საზოგადოებას უფრო ახლოდან გააცნოს.
თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე მე-20 საუკუნის მოდისა და თეატრის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სახელგანთქმული მოღვაწეა, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ის Christian Dior-ისთვის ესკიზებს ქმნიდა. გარდა ამისა, ის დაკავებული იყო ოპერისა თუ თეატრის სპექტაკლების გაფორმებითაც: „ის საბალეტო დადგმებს ქმნიდა – წერდა ამბავს, არჩევდა მუსიკას, ხატავდა სცენარებს, ქმნიდა კოსტიუმებს და ტექნიკურ დეტალებს, რომლებიც სანახაობას მაყურებლისთვის დაუვიწყარს ხდიდა“ - ვკითხულობთ საარქივო დოკუმენტებში.
მისი შემოქმედება არაერთხელ იხილა ფრანგმა დამთვალიერებელმა პარიზის პრესტიჟულ გალერეებში გამართულ გამოფენებზე, მათ შორის "Gallery of the XVI arrondissement", "Salon Sofitel Group 36, National Society of the Aviation and Space Industry და Center of French Culture in Luxembourg. მისმა ნამუშევრებმა და დიზაინებმა მოწონება დაიმსახურა როგორც დამთვალიერებელში, ასევე კრიტიკოსებში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, Christian Dior-ისთვის შესრულებული ნამუშევრები ბრაზილიაში, რაც, ფაქტობრივად, საყოველთაო აღიარება მოიპოვა და ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საკულტო მოდის სახლის ისტორიაში.
„რასაც ახლა მოვყვები, ვიცი, რომ დასაჯერებლად ძნელია, თუმცა სიმართლეა, თანაც მომხიბვლელი სიმართლე… დიახ, ქართველებს გვყავდა მხატვარი, რომელიც კრისტიან დიორის საქვეყნოდ განთქმული სამოდელო სახლისათვის შესანიშნავ ესკიზებს ხატავდა, ეს მხატვარი თამარ დე ლეტე-ვაჩნაძეა. ნოე ჟორდანიას რძალი, სან პაულოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, პარიზული შემოქმედებითი ელიტის გამორჩეული წევრი. 1960 წელს თამარმა ბრაზილიაში თანამშრომლობა დაიწყო საქვეყნოდ განთქმულ Christian Dior-ის ფირმასთან, ამის დასტურად მხატვრის არქივს 3 ესკიზი შემორჩა, ორი მათგანი ფერადია, ერთი კი კალკაზეა (გამჭვირვალე ქაღალდი) შესრულებული. სამწუხაროდ, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე სამშობლოსთვის, საყვარელი საქართველოსთვის დღემდე უცნობი და უსამართლოდ დავიწყებულია“, – განმარტავს ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი, გიორგი კალანდია.
თამარ დე ლეტე-ვაჩნაძემ შექმნა კოსტიუმების სერია „რეალმონტისათვის", გააფორმა წარმოდგენა "რომეო და ჯულიეტა", "მედეა", "კალიგულა"... სპექტაკლებს თავადაც დგამდა და 1980 წელს გახსნა საკუთარი გამოფენა, რომელმაც გაზეთ "ფიგაროს" ყურადღება მიიპყრო. 5 წლის შემდეგ მისი გამოფენები მოეწყო ისეთ ცნობილ გალერეებში, როგორებიცაა „მონპარნასი“, „შემოდგომის სალონი“, „მწიგნობარი“…
მიუხედავად მისი ამ შთამბეჭდავი მიღწევებისა, თამარ დე ლეტაი-ვაჩნაძე შეუმჩნეველი და დავიწყებული დარჩა სამშობლოში. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა მხარი დაუჭირა ამ კულტურულ პროექტს, რომ რომ შეცვალოს არსებული რეალობა ქართველი მხატვრის ნამუშევრების დღის შუქზე გამოტანით და ქართული კულტურისადმი მისი წვლილის პატივისცემით.