წლის ბოლოს ბრიჟიტმა გიუნტერთან განქორწინება გადაწყვიტა. არც ფული აიღო მისგან და არც ქონების გაყოფა მოუთხოვია. უფრო მეტიც _ მთელი ძვირფასეულობა, რაც კი ოდესმე მისგან საჩუქრად მიუღია, უკან დაუბრუნა ქმარყოფილს. გაყრის ინიციატივა მისგან მოდიოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ზაკსიც ელოდა ამას, იგი სრულიად მომზადებული შეხვდა ბრიჟიტის გადაწყვეტილებას.
მიუხედავად ამისა, თბილი ურთიერთობა მაინც შეინარჩუნეს.
მოგვიანებით ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს და ბრიჟიტი მომიყვა, რა უთხრა გიუნტერმა განქორწინების დროს.
_ «შენ ულამაზეს გემს ჰგავხარ, გაუხსნელი აფრებით. და თუკი არ გამოჩნდა ვინმე, ვინც აფრებს აუშვებს, გემი არასდროს შეცურავს ზღვაში…» _ თქვა ბრიჟიტმა და დაამატა, _ ქარმა საიდანმე ხომ უნდა დაუბეროს… ჩემი ცხოვრების დრამა ის არის, რომ თავად არ შემიძლია ამ აფრების აშვება…
_ იმიტომ, რომ არასდროს გიცდია… იქნებ ერთხელაც სცადო? _ შეგულიანება ვცადე.
_ არა… ვიცი, რომ არაფერი გამომივა. მე ყოველთვის სხვაზე ვიყავი დამოკიდებული და ასეთად დავრჩები.
მაგრამ სულაც არ დარჩა «ასეთად». გავიდა დრო და მან შეძლო თავად ემართა თავისი ცხოვრება. შეიძლება იდეალურად არ გამოუვიდა, მაგრამ ხომ გამოუვიდა?
8 8 8
მე და ჯეინმა ერთი კვირა გავატარეთ უდენში, ჩვენს სახლში, სანამ როსკოფში გავემგზავრებოდით. როსკოფი ბრეტანშია, სადაც «არაჩვეულებრივი ისტორიის» გადამღები ჯგუფი გველოდებოდა.
ეს ფილმი ედგარ პოს სამი ნოველისგან შედგებოდა. მას სამი სხვადასხვა რეჟისორი იღებდა: ლუი ალი (როლებში: ბრიჟიტ ბარდო და ალენ დელონი), ფედერიკო ფელინი (მთავარ როლში ტერენს სტამპი) და მე. ჩემი ნოველის მთავარი გმირების შემსრულებელი მსახიობები ერთი გვარისანი იყვნენ _ ფონდა: პიტერი და ჯეინი. და-ძმას ერთად მოუწია თამაშმა. ამასთან, პიტერისთვის ეს პირველი როლი გახლდათ. პიტერი 60-იანი წლების «ახალი ტალღის» სპეციფიკური ამერიკული პროდუქტი იყო _ უყვარდა როკი და ბობ დილანის ტიპის მომღერლებს აფანატებდა, პატივს სცემდა ნარკოტიკებს და აგემოვნებდა ქამასოკოს, საუბარში უხვად იყენებდა ჰიპების ლექსიკას, კარგად ერკვეოდა საქმეებში და დიდი მოწიწებით ეპყრობოდა დოლარს. ეს ყველაფერი საოცრად ერწყმოდა პაციფიზმითა და სპირიტული ფილოსოფიით გაჯერებულ მის ცხოვრებას, რომელიც ცოტა ჰედონიზმითაც იყო შემკული…
პიტერს გიტარაზე დაკვრა უყვარდა. შემოიკრებდა რამდენიმე ახალგაზრდას გადასაღებ მოედანზე, ჩამოჰკრავდა სიმებს და თავისი ხიბლით ირგვლივ ყველას აჯადოებდა.
8 8 8
ბრეტანი ლამაზი ადგილია, მაგრამ მკაცრი ჰავით გამოირჩევა. ისეთი დრამატული ადგილებია აქა-იქ, მოგნუსხავს და დაგძაბავს ერთდროულად.
ერთ საღამოს მე და ჯეინმა გასეირნება გადავწყვიტეთ. რატომღაც, დაფიქრებული მეჩვენა. ისე გავიარეთ კარგა მანძილი, სიტყვაც არ უთქვამს. დილიდან მოღრუბლული ამინდი იყო, ამიტომ წვიმამ რომ დაუშვა, არ გამკვირვებია. რომელიღაც ბარს შევაფარეთ თავი და ცხელი ღვინო მოვითხოვეთ. როგორც კი დალია, ცოტათი გამოცოცხლდა. ერთი ჭიქის შემდეგ კი სევდიანად ალაპარაკდა.
_ ბოლო დროს სულ დედაჩემი მახსენდება, _ თქვა და ამოიოხრა.
_ ეს ბუნებრივია, ჯეინ, ის დედაშენი იყო, რატომ არ უნდა გახსენდებოდეს?
_ არა, ბუნებრივი სულაც არ არის. აქამდე ასე არ ვიყავი…
_ და რა გგონია, რამე შეიცვალა? _ ვცდილობდი, მისი მოწყენის მიზეზს ჩავწვდომოდი.
_ მგონი, შეიცვალა… იქნებ იმიტომ, რომ მაინც ვფიქრობ ბავშვის გაჩენაზე? აქამდე მეშინოდა დედობის, ახლა, რატომღაც, აღარ მეშინია. ალბათ მზად ვარ ამისთვის, _ დაამატა და შეცბუნებულმა შემომხედა.
ჯეინი ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, როცა დედამისი მძიმე დეპრესიაში ჩავარდა. მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ იგი საავადმყოფოში მოათავსეს. ამან შვილებზე უდიდესი გავლენა მოახდინა, მკაცრი მამის ხელში დარჩენილი და-ძმა უდედოდ დარჩა, რასაც ძალიან განიცდიდნენ. ჯეინი დედას დღემდე ვერ პატიობდა ავად გახდომას და გარდაცვალებას.
_ წარმოიდგინე, 12 წლის ვიყავი. დედა საავადმყოფოში იწვა, კვირების განმავლობაში ვერ ვნახულობდი მას. ვნერვიულობდი, განვიცდიდი, ვჭირვვეულობდი. სულ ვფიქრობდი, რომ მას ჩვენი ამდენი ხნით მიტოვების უფლება არ ჰქონდა. ბავშვი ვიყავი და არ მესმოდა, რას ნიშნავდა ასეთი მძიმე ფორმის დეპრესია. ერთხელ სახლთან მანქანა გაჩერდა და დავინახე, რომ იქიდან დედა გადმოვიდა. მას ორი სანიტარი მოჰყვებოდა. იგი რამდენიმე საათით გამოიყვანეს საავადმყოფოდან, რათა შვილები მოენახულებინა. ძლივს ამოიყვანეს კიბეზე. მაგრამ ისე ვიყავი გაბრაზებული, რომ არ მინდოდა არც მისი ნახვა, არც დალაპარაკება. ჩემს ოთახში შევიკეტე და დავიმალე, პიტერიც თან მყავდა.
_ რატომ?
_ ალბათ იმიტომ, რომ მას ასე იშვიათად ვნახულობდი. თითქოს მიღალატა თავისი ავადმყოფობით. შვილები ხომ არ პატიობენ მშობლებს განშორებას. მაგრამ ვიცოდი ერთი რამ _ მე მიყვარდა იგი. მაშინ პიტერსაც ავუკრძალე ოთახიდან გასვლა. მთელი საათის განმავლობაში მესმოდა, როგორ მეძახდა, მაგრამ ადგილიდან არ დავძრულვარ. თითქოს გავქვავდი. ბოლოს ერთმა სანიტარმა თქვა, წასვლის დროაო. უეცრად დედას ყვირილი შემომესმა.
_ არა, მოიცათ! მე მას უნდა დაველაპარაკო! კიდევ ცოტა ხანს, მაცალეთ, თუ შეიძლება! _ და კიდევ ერთხელ დამიძახა. განწირული ხმით მიხმობდა, თითქოს შველას მთხოვდა…
მაინც არ გავედი ოთახიდან. ფეხი არ მოვიცვალე. ვითომ ამ საქციელით დასჯა მინდოდა მისი.
ბოლოს დედა დაემორჩილა სანიტრებს და მოკუნტული უკან გაჰყვა. ხმაური რომ მიწყდა, მივხვდი, რომ გარეთ გავიდნენ. მეც მაშინვე დავტოვე ჩემი სამალავი და ფანჯარას ვეცი, მაგრამ დედა ვეღარ დავინახე, მხოლოდ იმას ვუყურებდი, როგორ დაიძრა მანქანა და ნელ-ნელა თვალს მიეფარა… ცოტა ხნის შემდეგ კი დედამ თავი მოიკლა _ საავადმყოფოში, თავის პალატაში. მე მხოლოდ მეორე დღეს მითხრეს, რომ გარდაიცვალა, მაგრამ არ მითხრეს, როგორ. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გავიგე, ყელი გამოიჭრა თურმე.
ჯეინი ატირდა…
დამძიმებული ვუსმენდი. ბუნებრივია, ის ნანობდა, რომ იმ დღეს დედის სანახავად ოთახიდან არ გავიდა. რა ჰქონდა დედას მისთვის სათქმელი? იქნებ მაშინ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა თვითმკვლელობა? ჯეინი რომ დალაპარაკებოდა, ნუთუ არ მოიკლავდა თავს? ამ კითხვებზე პასუხი ჯეინს არ ჰქონდა და სწორედ ეს ტანჯავდა…
მან მეორე ჭიქა ღვინოც დალია და ბოლომდე გამენდო.
_ რამდენი წელია, თვალს ვადევნებ, როგორ ეპყრობი შენს შვილებს, ვადიმ. ეს კი ჩემში ნდობას აღძრავს. როგორც ჩანს, უკვე აღარ მეშინია შვილის გაჩენის, ამიტომ მინდა გავაჩინო, _ თქვა და ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა.
როგორც უკვე ვთქვი, ჩემი ქალიშვილი ნატალი ჩვენთან ცხოვრობდა, მხოლოდ არდადეგებზე თუ წავიდოდა დედამისთან სტუმრად. სამაგიეროდ, კატრინ დენევიმ დაიტოვა კრისტიანი თავისთან. თუმცა, ისიც ხშირად მოდიოდა ჩვენთან და დიდი ხნით რჩებოდა.
_ გინდა, შვილი გვყავდეს? _ მკითხა ბოლოს.
_ მე სიხარულისგან გავგიჟდები, _ გულწრფელად ვაღიარე.
_ სახლში სამი ბავშვი იქნება. ბევრი ხომ არ არის?
_ ჩვენ ხუთი კატა გვყავს, ექვსი ძაღლი, ოთხი იტალიელი მოსამსახურე. სამი ბავშვი რა ხელს შეგვიშლის? _ გავიხუმრე.
მთელი დღის განმავლობაში პირველად გაიცინა… თანაც, გულიანად…
მას მართლა უნდოდა შვილი და გააჩინა კიდეც _ ჩვენ პატარა ვანესა გვეყოლა…
8 8 8
კატრინ დენევისა და დევიდ ბეილის ქორწინება, ისევე, როგორც ბრიჟიტისა და გიუნტერ ზაკსის, ხანმოკლე აღმოჩნდა. ერთი წელიწადი ძლივს გაგრძელდა.
ეს ორი მსახიობი ქალი სრულიად განსხვავებული ტიპაჟები იყვნენ. ერთადერთი, რაც ორივეს საერთო ჰქონდა, ის იყო, რომ მელანქოლიაში არ ვარდებოდნენ, როცა მათი ცხოვრების მეგზურები ქორწინების «გზაჯვარედინიდან გადაუხვევდნენ». და კიდევ ერთი რამ _ გადასაღებ მოედანზე სხვებივით ჭირვეულობა დასჩემდათ _ როგორც თვითონ მოისურვებდნენ, ისე უნდა გაკეთებულიყო ყველაფერი. ეს ყველა აღიარებული ვარსკვლავის მოურჩენელი სენია. ვერც ბრიჟიტი და კატრინი გაექცნენ ამას.
იმ ეპოქაში, როცა ამ საოცარ ქმნილებებთან მე ვცხოვრობდი, არც ბრიჟიტი და არც კატრინი აღიარებული ვარსკვლავები არ იყვნენ… ჯერ კიდევ არ იყვნენ. თანაც, ჩემს ხელში ორივე ძალიან ახალგაზრდა იყო.
ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩემთან აღარ ცხოვრობდნენ და მათთან ხშირად არ მიწევდა შეხება, მაინც ვადევნებდი თვალს, როგორ ავადდებოდნენ ისინი ამ ვარსკვლავური სენით და როგორ ცდილობდნენ «ძალაუფლების ხელში ჩაგდებას». და ეს ეხებოდა არა მხოლოდ მათ პროფესიულ საქმიანობას, ოჯახსაც, სხვათა შორის. ოჯახშიც კი სურდათ სადავეების ხელში ჩაგდება. როგორც კატრინმა, ასევე ბრიჟიტმა წარმატებას დიდი შრომის გარეშე და ძალიან ადრე მიაღწია. და რადგანაც დიდების მწვერვალისკენ «ზეასვლა» იოლად გამოსდიოდათ, ეგონათ, რომ ყოველთვის და ყველაფერში სწორად იქცეოდნენ. მათ დაავიწყდათ, რომ წარმატების მთავარი ფაქტორი იღბალია.
აი, ჯეინი კი სრულიად განსხვავებული ქალი იყო, ის საერთოდ არ ჰგავდა ჩემს ყოფილ ცოლებს. თავის თავს გამუდმებით აკრიტიკებდა, ხოლო სხვების მიმართ ყოველთვის ყურადღებიანი რჩებოდა. არასდროს მიგრძნია სახლში, რომ ვიღაც დიქტატორის როლის მორგებას ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან კაპრიზული ვიყავი, ის კი ძალიან ფიცხი, ოჯახურ ძალაუფლებას თანაბრად ვიყოფდით.
8 8 8
1968 წელს პარიზში უცნაური რევოლუცია მოხდა, რომელიც «მაისის მოვლენებითაა» ცნობილი. ამ მოვლენამ ყველას თავზარი დასცა. იმ პერიოდში ჯეინი საბოლოდ შეიცვალა. დღესაც ამბობს, რომ სწორედ მაშინ დაიწყო გარდატეხა მის ცხოვრებაში.
_ მე ყოველთვის გამოვყოფდი ინდოჩინეთის ომს ამერიკელების მიერ ვიეტნამში გაჩაღებული ავანტიურისგან, _ ამბობდა იგი, _ მაგრამ მაისში ყველა ჩემი შეხედულება თავდაყირა დადგა. პარიზში ძალიან ბევრ მწერალს, პოლიტიკოსს და პროფკავშირის წარმომადგენელს შევხვდი, ასევე სტუდენტებს _ მემარცხენეებს, მემარჯვენეებს, უკიდურეს რადიკალებს და გამოუსწორებელ კომუნისტებსაც კი. და მივხვდი, რომ ეს ორი ომი ერთი და იგივეა, მიუხედავად იმისა, რომ მათი დაწყების მიზეზი სრულიად განსხვავებულია. სწორედ იმ რამდენიმე კვირის ამბებმა ამიხილა თვალი და მიმახვედრა, რატომ დაიწყო სახალხო მოძრაობა ვიეტნამში, რომელმაც ასეთი მკვეთრი გამოხმაურება ჰპოვა ჩემს ქვეყანაში.
ჯეინის პოლიტიკური ხედვა ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა. სწორედ ამ დროიდან გაჩნდა ბზარი ჩვენს ურთიერთობაში. ის იმ გზით წავიდა, რომელსაც მე შეგნებულად გავურბოდი მთელი ცხოვრება. მე ძალიან ბევრი მინახავს ოკუპაციის დროს და შემდეგაც, როცა საფრანგეთი თავისუფალი ქვეყანა გახდა. 16 წლის ასაკიდან ჩემს თავს განსხვავებული წესები შემოვუღე: არასდროს ჩაერიო პოლიტიკაში, არ წამოეგო სხვების ცინიზმზე, ცხოვრებიდან მიიღე მხოლოდ კარგი ან საუკეთესო _ ზღვა, ბუნება, სპორტი, მანქანა «ფერარი», მეგობრებთან ურთიერთობა, ხელოვნება, «მთვრალი ღამეები», ლამაზი ქალი და ა.შ. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს, მე შევინარჩუნე იგი (ლიბერალი ვარ, ფანატიზმს ვერ ვიტან), მაგრამ ყოველგვარ პოლიტიკურ ვალდებულებებზე უარი ვთქვი.
სამაგიეროდ, ჯეინმა იტვირთა იგი და ისე მოულოდნელად, თითქოს მთელი ცხოვრება ძიების პროცესში იყო და როგორც იქნა, სათავისო საქმე იპოვაო.
8 8 8
ფილმ «მონაპოვარში» ჯეინის გმირი თმას იჭრის, რათა საყვარელს თავი მოაწონოს. კადრი, როცა კულულები ძირს ცვივა, მსხვილი პლანით გადავიღე. ჯეინს რა თქმა უნდა, პარიკი ეკეთა. ხოლო ფილმში «ქანცგაწყვეტილ ცხენებს ხოცავენ», ჯეინმა იგივე სცენა გაიმეორა, მაგრამ ამჯერად თავისი ბუნებრივი თმა «იმსხვერპლა». ვითომ ეს დამთხვევა იყო? არა მგონია… მე მაშინ ახალი ჯეინი დავინახე _ აქამდე დაფარული პირადი ცხოვრებით.
ოჯახურ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება _ ჩხუბიც, კამათიც, ეჭვიანობის სცენებიც, განქორწინებით დამუქრებაც… ხანდახან ერთ წუთში ლაგდება სიტუაცია და რიგდებიან წყვილები, ხანდანან ამ შერიგებას დღეები, უარეს შემთხვევაში, კვირები და თვეები სჭირდება… ჩვენ შემთხვევაში კი ყველაფერი სხვაგვარად იყო. ამ კადრის ნახვის შემდეგ მე მივხვდი, რომ ჩვენი სიყვარულის გაქრობის პროცესი დაიწყო… შეუქცევადი პროცესი…
თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ დრამატული არაფერი მომხდარა. ის კი არ მაშფოთებდა, რომ ჯეინი საქმეზე გადაერთო და ყოველდღიური ურთიერთობები თითქმის დაივიწყა. მისი შეჭრილი თმის სიმბოლური ხასიათი მაშფოთებდა _ მასში სხვა ლტოლვა დავინახე _ ლტოლვა ახალი იმიჯის შესაქმნელად, ლტოლვა ცვლილებებისკენ. სწორედ ამ სიმბოლურმა თმის შეჭრამ უდიდესი განხიბვლა გამოიწვია ჩემში. მე თვალები ამეხილა და რეალობაში ის დავინახე, რომლის არსებობასაც ქვეშეცნეულად არ ვიჯერებდი… ან გავურბოდი.
8 8 8
უკვე ისე აღარ მიყვარდა ჯეინი. მისი გამუდმებული მოთხოვნილება, ემოქმედა და პოლიტიკას სერიოზულად მოჰკიდებოდა, მღლიდა. მე ხომ სხვა ქალი მიყვარდა მასში _ ხალასი, შემოქმედი, აქტიური და არა კუშტი, გაუაზრებელი ნაბიჯის გადამდგმელი, ქალი, რომელსაც შეეძლო ეთვალთმაქცა, ჩაედინა სისულელეები. და აი, მოულოდნელად საქმიანი მონსტრის გვერდით აღმოვჩნდი, რომელსაც საქმის მეტი არაფერი აინტერესებდა. რა თქმა უნდა, ცოტათი ვაჭარბებ, მაგრამი მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთ გამიგოთ.
ჰოლივუდელმა რეჟისორმა ჯეიმს პომ დაწერა სცენარი ფილმისთვის «ქანცგაწყვეტილ ცხენებს ხოცავენ» და პროდიუსერები ვიკლერი და ჩარტოფი დაიყოლია მის გადაღებაზე. მანვე მთავარი გმირის გლორიას როლზე ჯეინ ფონდა მიიწვია. ჯეიმს პო სერიოზული, თავდაჭერილი კაცი იყო. ის კარგად ეწყობოდა ჯეინს. მაგრამ მოხდა ისე, რომ გადაღებების დაწყების წინ რეჟისორი შეცვალეს და მის მაგივრად სიდნეი პოლაკი მოიწვიეს. მოხდა უცნაური რამ, ჯეინმა პროდიუსერების მხარე დაიჭირა და პოს განუდგა. მომავალში გაირკვა, რომ ეს შემთხვევითობა სულაც არ იყო.
მე აღშფოთებული დავრჩი. წაართვა ადამიანს სცენარი, მოხსნა გადაღებებიდან, შეცვალო იგი სხვა რეჟისორით, თან როცა ამ ადამიანისგან დავალებული ხარ, რადგან სამუშაო გიშოვა, ამორალობაა და მეტი არაფერი. ვერ ვიტყვი, რომ პროდიუსერების გადაწყვეტილებით გაკვირვებული დავრჩი. მე უფრო მეტად ჯეინის თანხმობამ გამაღიზიანა. ქალი, რომელიც სამართლიანობისთვის იბრძოდა, ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდა და ჰოლივუდს არადამიანურობაში ადანაშაულებდა, თვითონ მოიქცა არადაამიანურად.
საფრანგეთში რეჟისორი არასდროს შეცვლის მეორე რეჟისორს, თუ თავად მისგან არ ექნება ამის შემოთავაზება. პირველ რიგში, ეს არაკოლეგიალობაა, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ. მაგრამ ალბათ ყველა ქვეყანას თავის მორალი და კრიტერიუმები გააჩნია. სულაც არ მინდა გავაკრიტიკო ჯეინი ან განვსაჯო მისი საქციელი. თუმცა ამ ინციდენტმა ჩემი ცოლის აქამდე დამალული თვისება დამანახვა: უკეთესი შედეგის მისაღწევად მას შეეძლო გაეწირა სხვა, ყოველგვარი სოლიდარობის გარეშე. მისთვის პირველ პლანზე საქმის ინტერესმა წამოიწია. საქმის გამო მან ახლობელი ადამიანი გაწირა.
დაიწყო გადაღებები და ჯეინი მთლიანად შეერწყა როლს. თითქოს მთავარი გმირის ცხოვრებაში რეალურად შეიჭრა. იგი ხშირად ღამეები რჩებოდა სტუდიაში და თურმე გრიმსაც კი არ იშორებდა, რომ უკეთ შეეგრძნო გლორიას გმირი.
ხანდახან იძულებული ვხდებოდი, ვანესასთვის ხელი მომეკიდა და «უორნერ ბრაზერსის» სტუდიაში მივსულიყავი, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა. ბავშვს დედა ენატრებოდა.
იმ პერიოდში ჯეინმა მამასთან ურთიერთობა მოაგვარა. ჯეინი გათხოვილი იყო, ჰყავდა შვილი, მტკიცე გადაწყვეტილებით დაბრუნდა ჰოლივუდში, წარმატებით იღებდნენ ფილმებში, ხოლო პოლიტიკური საქმიანობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაწყებული. ჰენრი ამ ყველაფრით ერთობ კმაყოფილი გახლდათ.
არ ვიცი, რამდენად შეიძლება სიყვარულის დასასრული აგონიაში მყოფი მომაკვდავის ბოლო ფაზას შევადარო, მაგრამ თუ ანალოგიას გავითვალისწინებთ, შეიძლება რემისიაზე ამ შემთხვევაშიც ვილაპარაკოთ. სწორედ ამას მაგონებს 1968 წლის ის ორი კვირა, რომელიც მე და ჯეინმა ერთად გავატარეთ სენ-ტროპეში. საოცარი დღეები იყო, ასეთი ბედნიერები არასდროს ვყოფილვართ.
სანაპიროსთან ახლოს პატარა სასტუმრო მდებარეობდა. სწორედ იქ ვცხოვრობდით. ერთი დღე განსაკუთრებულად დაამახსოვრდა. არაჩვეულებრივი ამინდი იდგა. იმ წუთებს ვიდეოკამერით ვიღებდი. ყველა წამს ვაფიქსირებდი კადრში _ სეირნობა სანაპიროზე, ცარიელი ნავსაყუდელი, კამკამა, გამჭვირვალე წყალი, თეთრი ქვიშა, შიშველი ჯეინი მზეზე, აკისკისებული ვანესა გასაბერ ნავში, ტორტი ერთი სანთლით…
ვანესა იმ დღეს წლის გახდა. ჯეინი სურათებს უღებდა და გემრიელად იცინოდა. ვანესას ტუჩები შოკოლადის კრემით ჰქონდა მოთხვრილი. როცა კრემის ჭამა დაამთავრა, სანთელს მიადგა და მის ჩაკბეჩას შეეცადა.
ჩემი გადაღებული ფილმი უხმოა, მაგრამ ტუჩების მოძრაობით შეიძლება იმის გარკვევა, რას ამბობს ჯეინი.
_ როგორ ეტყობა, რომ მის ძარღვებში რუსული სისხლი ჩქეფს!
კარგად მახსოვს, რა პასუხიც გავეცი.
_ რუსები სანთლებს არ ჭამენ, ჯეინ!
_ ცდები, ძვირფასო! _ შემეწინააღმდეგა ჩემი ცოლი, _ ყველასთვის ცნობილია, რომ ჭამენ!
ეგზისტენციალური ხასიათის პრობლემებს დროებით აღარ შეუწუხებია ჯეინი, მაგრამ იმ დღეს ამან კვლავ იჩინა თავი. იგი კვლავინდებურად ეძებდა პასუხს კითხვაზე: «რა არ მყოფნის ცხოვრებაში იმისთვის, რომ ჩემი თავის სრული რეალიზაცია მოვახდინო?» ის ჯერ კიდევ ეძებდა, ეძებდა…
ჰიპურმა მოძრაობამ პირველ პლანზე ინდოეთი და მისი ბუდისტური მსოფლმხედველობა წამოსწია. ამ კონტინენტზე და მის მოსახლეობაზე უკვე ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ. ყველა, ვინც თავის თავს ეძებდა, იქით გარბოდა, თითქოს ამ ქვეყანაში მოიძებნებოდა პასუხი მათ კითხვაზე _ ბრძენებისა და სულიერი მწყემსების ქვეყანაში.
ჯეინის სკოლის მეგობარი ბომბეიში პარიზის გავლით მიემგზავრებოდა. სწორედ მან ითამაშა კატალიზატორის როლი ჯეინის ცხოვრებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, სტუმრად მოვიპატიჟეთ იგი. დღესაც არ ვიცი, ვნანობდი თუ არა მაშინ, ისინი ერთმანეთს რომ შევახვედრე. თუმცა, რას ვიფიქრებდი, თუკი მისი გამოჩენა ჩემს ოჯახურ სიმყუდროვეს თავდაყირა დააყენებდა.
როცა ჯეინის მეგობრის გამგზავრების დრო დადგა, ჩემმა ცოლმა გამომიცხადა, მეც თან უნდა გავყვეო.
_ კი მაგრამ… _ გაპროტესტება ვცადე.
_ არავითარი მაგრამ, ვადიმ! მივდივარ და მორჩა! გთხოვ, აღარაფერი მითხრა. ჩემთვის ეს აუცილებელია! იქნებ იქ მაინც ვიპოვო ჩემი თავი? შენ არ უნდა შემიშალო ხელი! და რომც შემიშალო, მე მაინც წავალ!
არც შემიშლია. მივხვდი, რაც უნდა მეცადა, მაინც ვერ გავაჩერებდი. გარდა ამისა, ვიცოდი, რომ მას ცოტა ხნით განმარტოება სურდა, უნდოდა ჩემგან და ჰოლივუდისგან შორს ყოფილიყო. ალბათ საბოლოოდ უნდა დაფიქრებულიყო, როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება _ ჩემთან თუ ჩემ გარეშე…
8 8 8
მარტო დავრჩი ბავშვთან ერთად. დოტი, ვანესას ძიძა მეხმარებოდა. მოთმინებით ველოდი მის დაბრუნებას. მტანჯველი ორი კვირა ძალიან გაიწელა და როცა ჩემი მოგზაური დაბრუნდა, ლამის ვერ ვიცანი. ისეთი გამხდარი იყო ჯეინი, გაოცება ვერ დავმალე. ეს კიდევ არაფერი, უარესი ის იყო, რომ მან ვერც იქ ჰპოვა სიმშვიდე და ვერც «თავი მისი შეიცნო». მეგონა, ამის შემდეგ მაინც დაანებებდა თავს ძიების პროცესს, მაგრამ მწარედ შევცდი. ეს მოგზაურობა დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდა. მართალია, ინდოეთმა თავისი პრობლემების გასაღები ვერ აპოვნინა, სამაგიეროდ, ძალიან დიდი ნახტომი გააკეთებინა პოლიტიკაში. ჯეინი მიხვდა, რომ სოციალურ უსამართლობასთან ბრძოლა საკუთარი სულის გადარჩენით ან მედიტაციით არ გამოვიდოდა. ის ძალიან იყო აღელვებული «ინდური სიღატაკით» და ხსნას ახლა სხვა მხრივ ეძებდა. ლამის შეშლილი სახით დადიოდა. ვეღარ ვცნობდი. ყველაფერზე ღიზიანდებოდა, არაფერი აკმაყოფილებდა, გამუდმებით ქალთა უფლებებზე ლაპარაკობდა და ამ დისკუსიებს ბოლო არ უჩანდა.
ჩვენი განშორება მხოლოდ დროის ამბავი იყო. ეს უკვე ბოლომდე მქონდა გააზრებული, ამიტომ შემეძლო, პირველი ნაბიჯი მევე გადამედგა და ჩემს თავზე ამეღო ყველაფერი. მაგრამ მაინც ვაჭიანურებდი… რამდენიმე მიზეზის გამო.
პირველ რიგში იმიტომ, რომ ხელი არ მეკრა თავად ჯეინისთვის, მისი «მე» რომ არ დაზარალებულიყო. უფრო ძნელია იყო ის, ვისაც ტოვებენ, ვიდრე ის, ვინც ტოვებს. არ მინდოდა მისთვის ტკივილი მიმეყენებინა, ალბათ ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად ვანესას ფაქტორი მაფერხებდა.
მეორეც _ სამუდამოდ დამამახსოვრდა ჰენრი ფონდას სიტყვები: «ჩვენ, ფონდებს, არ გვტოვებენ!» და დღესაც თვალწინ მიდგას ჯეინის სახე, როცა მან მამის ეს სიტყვები გამიმეორა.
იყო კიდევ ერთი, უფრო მსუბუქი მიზეზი: შექმნილი სიტუაცია სულაც არ მიშლიდა ხელს, პირველს მეთქვა ოჯახურ თანაცხოვრებაზე უარი. მაზოხისტი არ ვარ, მაგრამ ყოველთვის მომწონდა ორაზროვანი, ბუნდოვანი და დამაბნეველი სიტუაციების შექმნა. ამ საქმის დიდოსტატი ვიყავი. ეს ყოველთვის ცვლილებებს იწვევდა სასიყვარულო ფრონტზე და ბევრი სასიამოვნო წუთიც მოჰქონდა. ამით მე ვახერხებდი, რაღაც პერიოდით გაგვეხანგრძლივებინა ჩვენი განწირული სიყვარული.
8 8 8
და აი, ის დროც დადგა, როცა ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ არა ჩემი მიზეზით. ჯეინმა თავისი გზა იპოვა. დადგა მომენტი, როცა გველივით ტყავი უნდა გამოეცვალა. მე უკვე ყოველდღე ველოდი, როდის დამემშვიდობებოდა.
კარგად მახსოვს ის დღე და ის სიტყვები, რომელიც მან სასტუმრო «ბევერლი ჰილზის» ნომერში წარმოთქვა.
ზედმეტად აფორიაქებული მეჩვენა საღამოს, შინ რომ დაბრუნდა. ვახშამზეც უარი თქვა. ტანსაცმელი გამოიცვალა, ჩაი დალია და სავარძელში ჩაესვენა. თვალს მარიდებდა. მივხვდი, რომ ეს ის საღამო იყო, როცა ყველაფერი დამთავრდებოდა. მაინც არ შევიმჩნიე. ერთხელაც არ მიკითხავს, რა გჭირს-მეთქი. დაველოდე, სანამ თვითონ წამოიწყებდა.
_ ვადიმ! _ როგორც იქნა, წარმოთქვა.
_ რა იყო, ჯეინ! _ ვითომ არაფერი, როგორც ყოველთვის, ჩვეულებრისამებრ ვუპასუხე.
_ ვადიმ! _ გაიმეორა მან, _ ჩვენ უნდა დავშორდეთ ერთმანეთს. მე შენ ძველებურად მიყვარხარ, მაგრამ მე ჩემი ცხოვრება მჭირდება, ჩემი დრო, ჩემი თავისუფლება. ამის თავიდან აცილება უკვე შეუძლებელია. პროცესი ისედაც დიდი ხანია, დაიძრა. შენც სხვა ცხოვრება გჭირდება, სხვა გარემო, სხვა ქალი…
მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი მისი აღსარება, რამდენიმე წუთის განმავლობაში გაჩუმებული ვიდექი, მერე კი თვალებში შევხედე და ვკითხე.
_ მაგრამ ვანესა?
როგორც კი ბავშვი ვუხსენე, მაშინვე თავდაცვაზე გადავიდა. შვილი ჩვენთვის, ორივესთვის «აქილევსის ქუსლი» იყო, ასეთ სიტუაციებში მასზე საუბარი ორივეს გვიჭირდა. მით უმეტეს ახლა, როცა დაშორებაზე მიდგა საქმე.
ჯეინმა თავი ასწია, როგორც იქნა, თვალი თვალში გამიყარა და მაშინვე აგრესიული გაუხდა ტონი.
_ ვიცი, რომ ეს პრობლემაა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მერე გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ, _ ცივად მომიგო და უტეხად შემომხედა.
მისი გაღიზიანება იმას ნიშნავდა, რომ რაც უნდა მეთქვა, არ დამითმობდა. იმ წუთას კი «საბრძოლო მოქმედებების» დაწყების დრო არ იყო, ეს საბოლოო ჯამში ერთმანეთის მტრად გვაქცევდა, ამიტომ დათმობა ვამჯობინე და რაც შეიძლებოდა, მშვიდი ხმით მივუგე:
_ იცი? სულ მეგონა, რომ მთელ ცხოვრებას შენ გვერდით გავატარებდი, ამის დიდი იმედი მქონდა. ცოტა მოვიწყინე.
_ ცოტა მოიწყინე? _ თვალები გაუფართოვდა, _ სულ ეს არის, რაც შეგიძლია მითხრა?
ის ისე მიყურებდა, თითქოს ციდან ვყოფილიყავი ჩამოვარდნილი ან რომელიღაც შორეული გალაქტიკიდან. არ ელოდა, ასე «მსუბუქად» თუ შევხვდებოდი მის გადაწყვეტილებას. არადა, მართლა ძალიან მტკიოდა გული, საშინლად განვიცდიდი ოჯახის დანგრევას, თუმცა, რატომღაც, ვერ შევძელი ამის თქმა.
საერთოდ ასეთი ვარ. არასდროს არავისთან, უახლოეს მეგობრებთან, დედასთან, ცოლებთანაც კი არ მისაუბრია ჩემს პირად გრძნობებზე, განცდებზე. ის კი არა, ძლიერ ფიზიკურ ტკივილსაც კი არ ვუზიარებდი სხვას. შემეძლო მეთქვა, რომ თავი მტკივა ან თითი დავიწვი, მაგრამ ფეხი მოვიტეხე და ტკივილი მკლავს, მსგავსი წუწუნი ჩემგან არავის სმენია.
არ მინდა, ვინმეს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას, თითქოს ჩვენი გაყრა მხოლოდ ჯეინის გარდასახვამ გამოიწვია. ეს არ არის მართალი. მეც მაქვს ჩემი სისუსტეები და არაერთი ნაკლი, რამაც ასევე ითამაშა გარკვეული როლი. თუმცა, ახლა ამაზე არ მინდა ვილაპარაკო. მე ყველა ფაქტი გადმოგილაგეთ _ დასკვნები თქვენთვის მომინდია.
გაგრძელება იქნება