სარეცელი ვარსკვლავებთან - დასასრული - Marao

სარეცელი ვარსკვლავებთან - დასასრული

2023-05-19 10:16:27+04:00

წინა თავი

ჯეინი ბევრს მოგზაურობდა. მთელი მისი დრო ქალთა უფლებების დაცვაზე იხარჯებოდა, იგი ექომაგებოდა ინდიელ ქალებს, «შავ პანტერებს», განსაკუთრებით ვიეტნამის ომში დაზარალებულებს. ის ვიეტნამელთა სახალხო მოძრაობასაც კი შეუერთდა და სოლიდარობა გამოუცხადა. გამუდმებით სადღაც მიდიოდა. დღეს რომ ვიეტნამში იყო, ხვალ შტატებში ამოყოფდა თავს, ზეგ რომ ინდოეთში გადაფრინდებოდა, მომდევნო დღეს კვლავ საფრანგეთში ბრუნდებოდა და ასე გრძელდებოდა გაუთავებლად.

მიუხედავად ასეთი გრაფიკისა, პოლიტიკის გამო სამსახიობო კარიერა არ დაუთმია. იმხანად უკვე მიმდინარეობდა მომზადება ფილმ «კლიუტის» გადასაღებად. საინტერესო სურათი გამოვიდა. კლიუტი გამომძიებელია, რომელიც დამნაშავეს ეძებს. ძიების პროცესში გაიცნობს მეძავს, რომელმაც ყველაზე ბოლოს ნახა დანაშაულში ევჭმიტანილი… მეძავის როლს ჯეინი თამაშობდა… სწორედ ამ როლმა მოუტანა მას პირველი «ოსკარი», სწორედ ეს როლი გახდა მისი კარიერის მწვერვალი. მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი დონალდ საზერლენდი სურათში მისი პარტნიორი, ხოლო ცხოვრებაში პოლიტიკური ამხანაგი გახლდათ…

 

8 8 8

1972-73 წლების ზამთრის დასაწყისში ნორვეგიაში მომიწია გამგზავრებამ, პეოპსში, სადაც ჯეინს იღებდნენ ფილმში _ «თოჯინების სახლი». რეჟისორი გახლდათ ჯოზეფ ლოუზი. ლოუზს ვიცნობდი და ამიტომ მას «არაოფიციალური ვიზიტით» ვესტუმრე.

_ თქვენ ჯეინ ფონდას მეუღლე ექვსი წელი იყავით? _ მკითხა მან.

_ დიახ.

_ მაგრამ არაჩვეულებრივ ფორმაში ხართ, _ ორაზროვნად მითხრა.

მისი მსუბუქად სარკასტული კომენტარი რაღაც ასპექტში გამართლებულიც იყო. მეორე მსახიობი ქალი, რომელიც «თოჯინების სახლში» თამაშობდა, დელფინ სეირიგი იყო. ისიც ქალთა ემანსიპაციის ერთ-ერთი აქტივისტი გახლდათ საფრანგეთის ქალთა მოძრაობაში. ლოუზის ალბათ, ადვილად შეეძლო ცალ-ცალკე მათი ატანა, მაგრამ ორი სუპერფემინისტის ერთად მოთოკვა _ ეს მის ძალებს აღემატებოდა.

_ ყველა კადრის გამო მეკამათებიან, _ შემომჩივლა რეჟისორმა, _ ხანდახან არ მესმის, რას ითხოვენ ჩემგან. ამას წინათ დელფინმა მითხრა, ამ პოზაში ნუ მთხოვ ჩაის დალევას, ძალიან სექსუალური ხასიათის კადრი გამოდისო. ძლივს შევიკავე თავი, რომ გადასაღები მოედანი არ მიმეტოვებინა და არ გავქცეულიყავი. გარეთ გავედი და სანამ ბოლომდე არ დავწყნარდი, თოვლში ვიარე აქეთ-იქით.

ლოუზის გაეცინა.

იმავე დღეს ჯეინი შეეცადა, ჩემთან მარტო დარჩენილიყო. გადაღებები გვიან მორჩა და სანამ სასტუმროში წავიდოდი, ჯეინმა მთხოვა, ცოტა გავისეირნოთო.

სუსხიანი ამინდი იყო, ამიტომ კაფეში შევედით და დასალევი მოვითხოვე. ჯეინმა სასმელზე უარი თქვა.

_ რაღაც მინდა გითხრა, _ ძლივს გასაგონი ხმით დაიწყო.

_ ორსულად ხარ, _ დავასწარი, თუმცა გაოგნება ეგრევე შემეტყო. რატომღაც, გულმა მიგრძნო, რომ ასე უნდა ყოფილიყო.

გაოცებულმა გამომხედა.

_ საიდან იცი?

_ მე და შენ 6 წელი ერთად ვიცხოვრეთ, ჯეინ და მგონი, კარგად გიცნობ. შენი სახის გამომეტყველებით ვხვდები, როდის რა გჭირს.

_ ჰო, _ თვალები დახარა, _ მაგრამ მაინც ძალიან გაგიკვირდა.

_ გამიკვირდა, იმიტომ, რომ არ ვიცი, შენთვის ეს კარგი ამბავია თუ ცუდი. თავი შევიკავე, მომელოცა, ამიტომაც გაკვირვებული სახე მივიღე, სანამ გეტყოდი, რაც გაწუხებდა თუ გახარებდა.

_ გათხოვება გადავწყვიტე, _ დაამატა მან.

_ მშვენიერი აზრია, _ მხრები ავიჩეჩე.

_ მაგრამ არ შემიძლია.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ჩვენ ოფიციალურად არ ვართ გაყრილები.

ამ დეტალზე არც გამიმახვილებია ყურადღება. უფრო მეტიც, საერთოდაც გადამავიწყდა, რომ ოფიციალურად ჩვენ ჯერ კიდევ ცოლ-ქმრად ვითვლებოდით. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ შორის ფინანსური პრობლემა არასდროს წამოჭრილა, არც ვანესას გამო გვიდავია. როცა განშორება გადავწყვიტეთ, აუცილებელ ფორმალურ მხარეზე არც ერთს არ გვიფიქრია.

_ მამა ვინ არის? _ ცინიკურად ვკითხე.

ყოველთვის მიჭირდა თავის შეკავება, არ დამეცინა მისთვის, ყველაზე დელიკატურ და დრამატულ მომენტშიც კი. მაინც წამომცდებოდა ხოლმე რაღაც, თუნდაც მსუბუქი ირონით. მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის მპატიობდა. ვინ იცის, რატომ.

მე, რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ბავშვის მამა ტომ ჰეიდენი იყო. ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკული პრესა ბევრს წერდა ჯეინ ფონდასა და ტომ ჰეიდენის რომანის შესახებ, ამიტომაც მისთვის ეს შეკითხვა არ უნდა დამესვა, მაგრამ ხომ გაგიგიათ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. ვერ მოვითმინე.

რაღაცნაირად წარმოვიდგინე კიდეც პოლიტიკური მოძრაობის ამ ორი ლიდერის პირველი შეხვედრა: მაგალითად, როგორც კეისარი და კლეოპატრა, ჟანა დარკი და დე გოლი _ რაღაც ამდაგვარი და ამის შესახებ ვუთხარი კიდეც. ჯეინმა ჩემი დამცინავი კილო არ შეიმჩნია, არც გაბრაზებულა, სრულიად მშვიდად მომიგო:

_ მსგავსი არაფერი. ჩვენ ერთმანეთი მიტინგზე გავიცანით, პროჟექტორების შუქზე, _ სევდიანად წარმოთქვა და ასევე სევდიანად გაიღიმა.

_ და გათხოვება რატომ გადაწყვიტე? _ დავინტერესდი, ახლა უკვე ირონიის გარეშე.

_ რატომ არ უნდა გავთხოვდე? მე ოდესმე ვყოფილვარ ქორწინების ინსტიტუტის წინააღმდეგი? _ ამოოხვრით დამისვა კონტრშეკითხვა.

_ ალბათ არა… არ ვიცი, არ მახსოვს… _ კონკრეტულ პასუხს თავი ავარიდე…

 

8 8 8

როცა ჯეინი პარიზში ჩამოვიდა, საცხოვრებლად ჩვენთან დარჩა. მას ყველაზე დიდი ოთახი დავუთმე, რადგან პოლიტიკური მოძრაობის ლიდერებთან ჰქონდა ხოლმე შეხვედრები, განსაკუთრებით უკიდურეს მემარცხენეებთან.

უცნაური რამ ხდებოდა ასეთ დროს ჩემს სახლში. ერთ საღამოს, მაგალითად, იმ დროს, როცა ჯეინი რეჟის დებრეისთან ერთად თავის ოთახში გეგმებს აწყობდა, მეორე ოთახში საფრანგეთის პრზიდენტი, ვალერი ჟისკარ დესტენი ჩაის მიირთმევდა ჩემს მორიგ ცოლთან კატრინ შნეიდერთან ერთად, რომელსაც მთელი ათი წელი იცნობდა და ძალიან უყვარდა.

_ ვისთან აქვს შეხვედრა ჯეინს? _ შეეკითხა ჟისკარი კატრინს.

_ ტერორისტთან, მაოისტთან და ტროცკისტული მოძრაობის წარმომადგენელთან, _ ექიდნური ტონით უპასუხა ჩემმა ცოლმა, თან ჩაის უსხამდა პრეზიდენტს.

ჩემსავით მასაც უყვარდა ადამიანების გაკილვა…

 

8 8 8

ჯეინი და ჰეიდენი ახალი ჩამოსულები იყვნენ ჰანოიდან. იმ პერიოდში ვიეტნამში მიმდინარე მოვლენებმა ბევრი კამათი გამოიწვია. გაუთავებელი დისკუსიები იმართებოდა ამის შესახებ მთელ მსოფლიოში. ორი ღამე ტომმაც ჩვენს სახლში გაათენა.

ერთ საღამოს კვლავ გვესტუმრა პრეზიდენტი ჟისკარ დესტენი. ამჯერად მას ჯეინთან სურდა დალაპარაკება. აინტერესებდა ჯეინის თვალით დანახული ვიეტნამი, ამასთან, მოაყოლა, რა შედეგი გამოიღო მისმა შეხვედრებმა კომუნისტური პარტიის ლიდერებთან.

ამ დროს სამზარეულოს კარი გაიღო და ტომი გამოვიდა. მას ხელში ქათმის ბარკლის წვნიანით სავსე თეფში ეჭირა. ნელა მოდიოდა, რომ წვნიანი არ დაღვროდა. იგი ჩვენ წინ იატაკზე დაჯდა და ხელებით დაიწყო ჭამა. კატრინს შიშისგან სახე გაუფითრდა. ის თვალს არ აშორებდა ცხიმის წვეთებს, რომელიც შეიძლებოდა მის მშვენიერ ხალიჩას დასცემოდა _ ახლახან ნიუ-იორკში მამასისხლად ნაყიდს. ჟისკარიც, თავისთავად, მალულად გააპარებდა ხოლმე მზერას ჰეიდენისკენ, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა ჯეინის შიშს.

_ ეს ახალგაზრდა ამერიკელი პოლიტიკოსები ძალიან უდიერად იქცევიან, _ შენიშნა პრეზიდენტმა, როცა ტომი ჭამას მორჩა და დასაძინებლად გაეშურა.

ჯეინიც იზიარებდა მის შენიშვნას, მაგრამ იმ წუთას ხმა არ გაუღია. აშკარა იყო, სასტიკად გააღიზიანა ქმრის საქციელმა. არ ვიცი, რისი დამტკიცება უნდოდა ამით ტომს, ეს ჩემი განსასჯელი არ არის. ერთი კია, როცა პრეზიდენტი გყავს სტუმრად, რომელი ქვეყნისაც უნდა იყოს, დელიკატურობის გამოჩენაა საჭირო. ცოტა დიპლომატიური ნიჭი უნდა გქონდეს. ფაქტია, ჰეიდენს იგი არ ჰქონდა, ან ჰქონდა და შეგნებულად მოიქცა ასე, რითაც ხაზი გაუსვა, რომ იგი ამერიკელი იყო და სხვა «ძლიერებს ამა ქვეყნისას» არად აგდებდა…

საფრანგეთის ნომერ პირველ პოლიტიკოსს მოულოდნელად თავში უცნაურმა იდეამ გაუელვა, წარბები შეყარა და შეცბუნებული სახით მე მომიბრუნდა:

_ ვადიმ, არ გეჩვენებათ, რომ იგი ერთ მშვენიერ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდება?.. _ საკუთარმა ვარაუდმა თავადვე გააკვირვა.

მე არ გამკვირვებია.

 

8 8 8

ჯეინმა რთული მისია იკისრა. მისი ცხოვრებისეული როლი კინოს ვარსკვლავის კარიერის ყოველგვარ საზღვრებს სცილდებოდა. სიმბოლურად აუხდინო თანამედროვე ქალს ოცნება, იარო კარდაკარ, იქადაგო მისი კეთილდღეობისთვის, არც ისე ადვილია. უფრო მეტიც, ძალიან რთული სამუშაოა.

პოლიტიკოსი, აქტიური საქმიანი ქალი, ქმრის შეხედულებების გამზიარებელი, ერთგული დედა, პროდიუსერი, მწერალი, საერთაშორისო მნიშვნელობის ვარსკვლავი _ ნუთუ ბევრი არ არის ერთი ადამიანისთვის? ყოფილა შემთხვევები, რომ აქ ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთ ვალდებულებას მოუმწყვდევია დიდი მსახიობი ჩიხში. პირადად მე ვერასდროს შევძლებდი მეცხოვრა ისე, როგორც ამას ჯეინი ახერხებდა.

ასე მხოლოდ მას შეეძლო, მას, ერთადერთს _ ჯეინ ფონდას.

 

8 8 8

იმ პერიოდში ჯეინის დღის წესრიგი თითქმის ერთნაირად გამოიყურებოდა. მაგალითად, 23 საათზე ჩამოფრინდა ნიუ-იორკიდან, ჩიკაგოდან ან კანზას-სიტიდან, სადაც პოლიტიკურ მიტინგს მართავდა თავის თანამოაზრეებთან ერთად. ჩამოსვლისთანავე, როგორც კი თავის მოწესრიგებას მორჩებოდა, ფოსტას გადაათვალიერებდა. აუცილებლად ყველა წერილს გაეცნობოდა, არც ერთს წაუკითხავს არ ტოვებდა. შემდეგ დაურეკავდა ქმარს საკრამენტოში (კალიფორნიის შტატებში მიმდინარე არჩევნების გამო ტომი კვირაში რამდენიმე დღეს შტატის დედაქალაქში ატარებდა) და ამის შემდეგ იწყებდა მეორე დღისთვის მზადებას.

როგორც კი ლოგინში შეწვებოდა, ცდილობდა, წაეკითხა რომელიმე სტატია ან ახალი სცენარი, მაგრამ პირველსავე წინადადებაზე ძილი ერეოდა. თუმცა დილის 6 საათზე უკვე ფეხზე იყო.

სახლში მოსამსახურე არ ჰყავდა, თვითონ აკეთებდა ყველაფერს. ის თან ხილის წვენს სვამდა, თან ზეზეულად მიირთმევდა მშრალ საუზმეს, ამავდროულად, კიდევ ერთხელ გადაავლებდა თვალს თავისი მომავალი წიგნის სტრიქონებს ან მიტინგზე წარმოსათქმელ სიტყვას.

სახლიდან გამოსული რამდენიმე კილომეტრს გაირბენდა, რათა სპორტული ფორმა არ დაეკარგა, შემდეგ კვლავ სახლში მიბრუნდებოდა, წყალს გადაივლებდა და საქმიანი ქალის იმიჯით შეიმოსებოდა.

8 საათზე ერთად შევიყრებოდით _ სანტა-მონიკას დაწყებით სკოლაში, სადაც ვანესა სწავლობდა. ჯეინი გამოელაპარაკებოდა მასწავლებლებს, იკითხავდა თავისი შვილის აკადემიური მოსწრების ამბებს და ბოლოს უდიდესი თხოვნით მიმართავდა დამრიგებელს, რომ ვანესას დღიური მისთვის ყოველთვიურად კი არა, ორ კვირაში ერთხელ მიეწოდებინათ, რათა მეტი ყურადღება დაეთმო ქალიშვილისთვის. დამრიგებლისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა.

მასწავლებლები კმაყოფილები იყვნენ ვანესათი. მას ბრწყინვალე ნიშნები ჰქონდა _ ყველა საგანში ხუთიანი, თუმცა სკოლაში სიარული დიდად არ ეხატებოდა გულზე, როგორც ყველა მოსწავლეს.

მასწავლებლებთან შეხვედრა რვის ნახევარზე მთავრდებოდა. ჩვენ მის «ფოლკსვაგენში» ვსხდებოდით და გზას ვაგრძელებდით.

_ რატომღაც, განხიბლული ვარ, _ იტყოდა ჯეინი გზაში, _ როგორც ჩანს, ვანესა უფრო მოწესრიგებულია, როცა შენთან ცხოვრობს.

_ ვიცი, _ უკვე მერამდენედ ვპასუხობდი მეც, _ იმიტომ, რომ იგი ჩემზე არ არის დამოკიდებული და არ ელოდება, როდის გააღვიძებენ დილით და სწრაფად ჩაცმას მოსთხოვენ. მე დილით მძინავს, ის კი თავისით იღვიძებს, მშვიდად იცვამს, საუზმობს, მიდის სკოლაში და არასდროს აგვიანებს.

9 საათზე ჯეინი აერობიკის ერთ-ერთ ცენტრს სტუმრობდა. იქ ერთი საათის განმავლობაში ვარჯიშობდა და არ აძლევდა საკუთარ სხეულს დაბერების საშუალებას. შემდეგ კვლავ ბრუნდებოდა სახლში, კვლავ იბანავებდა, მოწესრიგდებოდა, მსუბუქ მაკიაჟს გაიკეთებდა და ტელეფონს მიუჯდებოდა.

11-ის ნახევარზე ის უკვე თავის ოფისში იყო. მდივან ქალთან ერთად, რომელსაც დები ერქვა, რამდენიმე სერიოზულ საქმეს განიხილავდა, ორივენი გაეცნობოდნენ ფოსტას და ხელს მოაწერდნენ საქმიან ქაღალდებს. ამას მოსდევდა თათბირი სხვა თანამშრომლებთან ერთად, ახალი ფილმის გადაღებებთან დაკავშირებით.

13 საათსა და 30 წუთზე იგი მსუბუქად სადილობდა სტუდიის სასადილოში ფილმის სცენარისტთან და მასთან საქმიან საუბარში ერთვებოდა.

ჯეინს დღის მეორე ნახევარიც ასეთი დატვირთული ჰქონდა. ტელეგადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მისგან ინტერვიუ უნდა აეღოთ. იგი ხვდებოდა მეგობარ ქალს, რომელსაც უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია რეიგანის ადმინისტრაციის ახალი კანონების შესახებ, რათა შემდეგ მის წინააღმდეგ ბრძოლა წამოეწყოთ. რეიგანს ფემინისტებთან თავისი «მიდგომა» ჰქონდა, შეუმჩნევლად აპარებდა მათ ახალ-ახალ ცვლილებებს კანონში.

18 საათზე ჯეინი შინ ბრუნდებოდა და ცოტა ხანს შვილებთან ატარებდა. მებაღეს დავალებას მისცემდა, რა უნდა გაეკეთებინა მეორე დღისთვის, მერე კი კვლავ ტელეფონზე იწყებდა რეკვას. შემდეგ სამზარეულო, რათა ვახშამი ან სადილი მოამზადებინა შვილებისთვის. მენიუ ძალიან უბრალო იყო, მაგრამ გემრიელი და სასარგებლო. თუმცა, ფრანგულ აზიზ სადილებს მიჩვეული ვანესასთვის ცოტა «მიუღებელი» იყო ამერიკულ სტილში მომზადებული კერძები და ამის გამო ჯეინს მასთან «ჭიდილი» უწევდა.

შემდეგ საკრამენტოდან ტომ ჰეიდენი ჩამოდიოდა. ვახშამს მოსდევდა შეკრება ტომის თანამშრომლებთან, რათა ნოემბრის არჩევნებისთვის შემდგომი სტრატეგიები შეემუშავებინათ.

23 საათზე ჯეინი სასწრაფოდ იწყებდა ჩემოდნის ჩალაგებას _ დილით 7.45 სააათზე იგი მაიამიში უნდა გაფრენილიყო.

არ ვიცი, ჯეინი როგორ შეაფასებს სუპერქალის ჩემეულ პორტრეტს, მაგრამ ეს იყო ტიპური დღე მისი ცხოვრებიდან. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ «რემისიებიც» ჰქონდა ხოლმე. ის ხშირად გამონახავდა დროს, რომ მეგობრებთან შეევლო, რომელთაგან ყველა როდი იყო ჩართული პოლიტიკაში. სიამოვნებით დადიოდა როკმუსიკის კონცერტებზე და დაჰყავდა ბავშვები კინოში. იყო შემთხვევები, როცა ის ჩემთან შემოივლიდა (ძირითადად, წიგნის სათხოვნელად, რათა ვანესას ბევრი წაეკითხა) და ჩვენ საათობით ვლაყბობდით ყველაფერზე, რაც გაგვახსენდებოდა. ორი საათი უსაქმოდ! _ ეს მისთვის დაუჯერებელი ფუფუნება გახლდათ. შემდეგ იგი აღგზნებული წამოხტებოდა და შეიცხადებდა.

_ ისევ მოვწყდი საქმეებს, ღმერთო, რა სულელი ვარ!

ზოგიერთებისთვის ჯეინი საშიში ექსტრემისტი იყო, ფანატიკური ფემინისტი, ზოგიერთებისთვის კი მოწინავე ქალი, რომელიც სოციალური სამართლიანობისთვის იბრძოდა. მაგრამ ერთნიც და მეორენიც გამუდმებით სვამდნენ შეკითხვას _ აქვს კი გული ამ საოცარ «მანქანას», რომელმაც ყველა თავისი წამოწყება ბოლომდე მიიყვანა და ცხოვრებაში ვყელაფერს მიაღწია, რაც სურდა?

ამ კითხვას მე გავცემ პასუხს და მაგალითად ჯეინის მამასთან ურთიერთობას მოვიყვან.

ჰენრი ფონდა ექსპანსიური ბუნების არ იყო, მაგრამ წლების მატებასთან ერთად, უფრო და უფრო გულახდილი ხდებოდა ქალიშვილთან. ჯეინი 30 წელიწადი ელოდა ამ სასწაულს. მას იმედი არასდროს დაუკარგავს, რომ ოდესმე მამა ნამდვილ მამობას გაუწევდა. და მართლაც, ბოლო წლებში ისინი ძალიან დაახლოვდნენ. თუმცა, ბედისწერას ვერ გაექცევა ადამიანი. ჰენრი განუკურნებელი სენით დაავადდა და დიდხანს იყო ლოგინად ჩავარდნილი. მას ლაპარაკი არ შეეძლო, მხოლოდ გამოხედვით თუ მიხვდებოდი, როდის რა აწუხებდა. როცა ვაკვირდებოდი, როგორ უყურებდა იგი თავის ქალიშვილს, ადვილად ვხვდებოდი, როგორ უყვარდა შვილი და როგორ სთხოვდა თვალებით პატიებას განვლილი წლების გამო.

ჰენრის გარდაცვალება ჯეინმა ძალიან განიცადა. გარეგნულად არ იმჩნევდა, მაგრამ სულის სიღრმეში ძალიან სტკიოდა. მისი მწუხარება _ ეს იყო მწუხარება ქალისა, რომელსაც სიყვარული შეუძლია.

ერთ საღამოს დამირეკა, გავისეირნოთო, მთხოვა. მე მას სანტა ბარბარასთან ახლოს მდებარე რანჩოში ვეწვიე. მის შემოგარენში გავისეირნეთ საღამო ხანს. სასიამოვნო ნიავი ქროდა. ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ, წარსულიც გავიხსენეთ, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასაც შევეხეთ… სწორედ მაშინ ვკითხე.

_ ჯეინ, შენ პრაქტიკულად ყველაფერს მიაღწიე, რაც გინდოდა. მაგრამ აი, ახლა, კიდევ ერთი სურვილის ახდენის საშუალება რომ მოგცენ, რას ინატრებდი?

იგი შეჩერდა და გამომხედა. ერთხანს უსიტყვოდ მიყურებდა. შემდეგ იქვე, ბუჩქის ძირას ჩაცუცქდა, ხელები თავზე შემოიწყო და ჩაფიქრდა. ბოლოს კი მიპასუხა:

_ მინდა გავიზარდო… მაგრამ არა გარეგნულად. შინაგანად მინდა გავიზარდო. ცხოვრების ლაბირინთებში ასე უკეთესად გავიკვლევდი გზას…

 

8 8 8

მიუხედავად იმისა, რომ კატრინ დენევი ფრანგია და ჩვენ საერთო შვილი გვყავდა, ნაკლები შესაძლებლობა მქონდა მისი ნახვის, ვიდრე ჯეინ ფონდასი.

კატრინთან ბოლო შეხვედრამ განსაკუთრებულად სასიამოვნო მოგონებები დამიტოვა.

ეს იყო 10 წლის წინ. იმ პერიოდში იგი ყველგან მარჩელო მასტროიანისთან ერთად ჩნდებოდა, რადგან ეს უკანასკნელი ყურებამდე იყო მასზე შეყვარებული.

ერთ საღამოს კატრინმა დამირეკა და ვახშმად დამპატიჟა მარჩელოსთან ერთად. სენის მარცხენა სანაპიროზე, ერთ «სიმპათიურ» რესტორანში შევიკრიბეთ სამივე.

მასტრონიანი ძალიან მომწონდა. მომაჯადოებელი ადამიანი გახლდათ _ ხუმარა, თბილი და კეთილგანწყობილი, მის ნიჭზე ხომ აღარაფერს ვამბობ.

იმ ღამეს მაგრად დავლიეთ. კატრინი ყველაზე მეტს მხიარულობდა. როცა ქეიფს მოვრჩით, ოფიციანტ ქალს ვთხოვე, ბარის ლარნაკს რომ უზარმაზარი თაიგული ამშვენებს, იქნებ მომცეთ-მეთქი.

ქალმა უყოყმანოდ შემიფუთა ბუკეტი და მომიტანა, მე კი კატრინს ვაჩუქე. ამაზე მარჩელო დაიბოღმა, ასეთი ადვილი რამე მე როგორ ვერ მოვიფიქრეო.

_ ფაქტობრივად, შენ მე ყვავილები კბილებიდან გამომგლიჯე, _ გამეხუმრა იგი.

გარეთ გამოვედით და სამივენი ჩემს მანქანაში ჩავსხედით. კატრინმა მთხოვა, მარჩელო თავის სასტუმრომდე მიგვეყვანა. რა თხოვნა მინდოდა, ამას ისედაც ვაპირებდი. მასტროიანი სასტუმროს შესასვლელთან ჩამოვსვით, ჩვენ კი გზა გავაგრძელეთ. კატრინიც სახლამდე მივიყვანე და დამშვიდობების წინ ერთმანეთს ვაკოცეთ.

თუკი კატრინს ამით უნდოდა, მარჩელო გაეღიზიანებინა და მას ეეჭვიანა, უნდა ვაღიარო, რომ ბრწყინვალედ გამოუვიდა. როცა მე და მასტროიანი მეორედ შევხვდით ერთმანეთს, მან სწორედ ეს საღამო გამახსენა და მითხრა, მაშინ, ვახშმობისას, რატომღაც, ზედმეტადაც ვიგრძენი თავიო.

_ ორ შეთქმულს მაგონებდით, რომ გიყურებდით, _ გულახდილად აღიარა, _ იცინოდით და ერთმანეთის უსიტყვოდ გესმოდათ. ის კი არა, რაღაც მომენტში ისიც კი ვიფიქრე, ისევ ხომ არ უყვარს-მეთქი კატრინს ვადიმი.

ამაზე გულიანად გამეცინა.

_ შეგიძლია ნებისმიერ მამაკაცზე იეჭვიანო, მარჩელო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ჩემზე. ამ მხრივ, ჩათვალე, რომ მე გამონაკლისი ვარ, _ დავამშვიდე დიდი მსახიობი.

მასტროიანი მიმტკიცებდა, რომ ყოველთვის ქალი აძევებს მამაკაცს სახლიდან, როცა სიყვარული მთავრდება. მან საიდუმლოდ გამანდო, როგორ მოექცა ფეი დანაუეი.

_ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა. ნიუ-იორკში ვცხოვრობდით. ის ჩემთან მოდიოდა და ერთად ვატარებდით დროს, მაგრამ სულ გარბოდა. გამუდმებით ერთსა და იმავეს იმეორებდა: «ადგილს ვერ ვპოულობ, როცა შინ არ ვარო». ამას იმიზეზებდა. მინდოდა დამემშვიდებინა, ამიტომ საკუთარი ბინა ვუყიდე, ცალკე, თავისთვის რომ ჰქონოდა და მეც მასთან გადავსახლდი, მაგრამ შენ წარმოიდგინე, არაფერი შეცვლილა. ის კი არა, რამდენიმე დღის შემდეგ დამიძახა, დერეფანში გამიყვანა და ჩალაგებულ ჩემოდნებზე მიმითითა. ისე დამითხოვა სახლიდან, არც კი ამიხსნა, ასე უცერემონიოდ რატომ გამაგდო. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ კატრინიც ასე გამსვამს კარში ერთ მშვენიერ დღეს.

_ ეგ არავინ იცის, _ გული გავუკეთე.

_ შენ არ მიცნობ კარგად, ვადიმ… მთლად ფრთიანი ანგელოზი არც მე ვარ, _ ეშმაკურად შემომღიმა.

 

8 8 8

ჩემს ვაჟს კრისტიანს, როცა ჩვენთან დასარჩენად მოდიოდა, ვეებერთელა ჩემოდანი მოჰქონდა თან და კიდევ _ ქაღალდზე ჩამოწერილი გრძელი სია, რა ელაგა იმ ჩემოდანში. უკან დაბრუნებულს თუ იმ სიიდან რამე დააკლდებოდა, კატრინი ისტერიკებს გაუმართავდა ბიჭს, მოუწესრიგებელი ხარო. და ამაში მე მადანაშაულებდა, უწესრიგობას შენ აჩვევ კრისტიანსო. იმდენად ამომივიდა ყელში მისი შენიშვნები, რომ მე და კრისტიანმა მოვილაპარაკეთ _ როცა ის ჩვენთან ჩამოვიდოდა, მისი ჩემოდანი საწოლის ქვეშ შეგვეგდო, საერთოდ არ გაგვეხსნა, მისთვის კი ახალი ტანსაცმელი გვეყიდა. მას შემდეგ სულ ასე ვიქცეოდით და კრისტიანს გაუხსნელი ჩემოდანი მიჰქონდა უკან. ამით ისტერიკებიც ავიცილეთ თავიდან, რადგან უკვე აღარაფერი იკარგებოდა.

 

8 8 8

არ ვიცი, თავის ქებაში ჩამეთვლება თუ არა, მაგრამ რომ გადავხედე ჩემს ყოფილ ქალებს, ერთი მნიშვნელოვანი რამ აღმოვაჩინე. ჯერ იყო და, ბრიჟიტ ბარდო აირჩიეს მარიანად _ საფრანგეთის სიმბოლოდ და მისი ბიუსტი ჩამოასხეს პარიზში. ბრიჟიტის შემდეგ ეს პატივი კატრინ დენევის ერგო წილად. რა გამოვიდა? რომ ცხოვრების თანამგზავრად მყავდა ორი ფრანგი ქალი, რომელთაც თავიანთი სახე აჩუქეს რესპუბლიკას _ 190-წლიანი არსებობის განმავლობაში ეს უნიკალური შემთხვევა იყო. აი, როგორი გზა ავირჩიე, რესპუბლიკელი გავმხდარიყავი. რა თქმა უნდა, ამას ხუმრობით ვამბობ.

არადა, ჯეინიც არანაკლებ დაფასებული გახლდათ თავის ქვეყანაში. მას ერთი ნაბიჯი დააკლდა მხოლოდ, რომ პირველი პრეზიდენტი ქალი გამხდარიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

8 8 8

მარიანას «გვირგვინჩამორთმეულმა» ბრიჟიტ ბარდომ, როგორც ჩანს, ვერ შეძლო ბავშვობის ასაკიდან გამოსვლა და «დაღვინება». ამას ერთი რამის გამო ვამბობ მხოლოდ _ პლუშის სათამაშოებიდან იგი ზრდასრულ ასაკში ნამდვილ ცხოველებზე გადავიდა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველა ჟურნალ-გაზეთი მისი «ჯვაროსნული ლაშქრობის» შესახებ წერდა, როგორ ესარჩლებოდა იგი უპატრონო ძაღლებს თუ მაიმუნებს, რომლებზეც ათასნაირ სამეცნიერო ცდას ატარებდნენ. იგი იცავდა ყველას, ვინც იტანჯებოდა და გასაჩივრება არ შეეძლო.

ბრიჟიტი, რომელმაც უარი თქვა ჰოლივუდში წასვლასა და გამდიდრებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მგზავრობა არ უყვარს, ქვეყნის დასალიერში გაემგზავრა, ალიასკაზე, რათა ირმები გადაერჩინა. ბრიჟიტი ცხოველების დასაცავად არ იშურებდა ენერგიას, ჯეინი კი _ ქალების. და ორივე ერთნაირი მონდომებით იხარჯებოდა თავის საქმეში.

აით წლის წინ, როცა ბრიჟიტი კინოდან წავიდა, ბევრმა თქვა, რომ იგი არასწორად მოიქცა, რომ ეს მისი წამგებიანი ნაბიჯი იყო. არადა, მე ზუსტად ვიცოდი, რომ მან ეს ნაბიჯი მთელი გულწრფელობით გადადგა. მან ეკრანზეც კი ვერ შეძლო დადინჯებული ადამიანის როლი ეთამაშა, ეკრანზეც კი ვერ გაითავისა ზრდასრული ადამიანების ყოველდღიური პრობლემები. კინომაც ვერ შეცვალა პატარა ბრიჟიტი. ამიტომაც რევერანსით გამოემშვიდობა კინემატოგრაფს და… ჩემი აზრით, დროულადაც…

 

8 8 8

მემუარები აქ მთავრდება… მაგრამ როჟე ვადიმის ცხოვრება გაგრძელდა.

63 წლის ასაკში საფრანგეთის უდიდესი რეჟისორი მეხუთედ დაქორწინდა. მისი მეუღლე ფრანგი მსახიობი მარი-კრისტინ ბარო გახდა.

_ ის პირველია, რომელიც ჩემს ძირითად ცხოვრებისეულ პრინციპებს დაეთანხმა, _ აღნიშნავდა როჟე ვადიმი, _ რა არის ცხოვრებაში მთავარი? არასდროს გაიფუჭო განწყობა სულელური ჩხუბით და კამათით, მიუხედავად იმისა, ლიდერობა გსურს თუ რიგითი მოქალაქეობა. მარი-კრისტინამდე ყოველთვის ვაწყდებოდი წინააღმდეგობას ჩემს ცოლებთან. მათთან ჩხუბს ხშირ შემთხვევაში კატასტროფამდე მივყავდი. ამ წლების განმავლობაში კი, რაც ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, ერთხელაც არ გვიჩხუბია. ახლა ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. შეხედულებების სრული თანხვედრა, სექსუალური აღმავლობის ხანა. ასეთი ბედნიერება აქამდე მხოლოდ მომისმენია, განცდით კი მართლაც რომ პირველად განვიცადე!

მარი-კრისტინს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა ვადიმის ყოფილ ცოლებთანაც, განსაკუთრებით მათ შვილებთან.

როჟე ვადიმის უფროსი ქალიშვილი ნატალი, რომელიც რეჟისორს ანეტ შტროიბერგისგან ეყოლა, უკვე 50-ს გადაცილებული ქალბატონია, მუშაობს ჰოლივუდში, არის რეჟისორის თანაშემწე.

ვანესა _ ჯეინ ფონდას ქალიშვილი, სწორედ მაშინ დაიბადა, როცა დედა პოლიტიკურ ორომტრიალში ჩაება და გამუდმებით ლოს-ანჟელესსა და პარიზს შორის დაფრინავდა.

ვანესამ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა და წარმატებული ქალი გახდა.

ვადიმთან ერთ სადარბაზოში ცხოვრობდა მისი ერთ-ერთი ყოფილი მეუღლე, კატრინ შნაიდერი ვაჟიშვილ ვანიასთან ერთად, რომელმაც სპეციალობად ფილოსოფიური მსოფლმხედველობა აირჩია. ხოლო უფროსი ვაჟი, კრისტიანი, რომელიც კატრინ დენევისთან ეყოლა, მსახიობი გახდა.

_ ორი ზრდასრული ადამიანის სიყვარულის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, შეგეძლოს ბავშვად დარჩენა, _ მიაჩნდა ვადიმს, _ არასდროს უნდა გამოხვიდე ბავშვობიდან _ აი, ზეუმშვენიერესი ფორმა ზრდასრულობისა… თუკი ქალის ერთი გამოხედვით ვხვდები, რომ მას მოვწონვარ, სიბერის შიში მიქრება…

ასე ფიქრობდა იგი _ უდიდესი რეჟისორი და ერთ დროს საფრანგეთის «ნომერ პირველი მამაკაცი»…

როჟე ვადიმი გარდაიცვალა 2000 წლის 11 თებერვალს პარიზში…

ის დღესაც განუმეორებელია!..

დასასრული