მთელი სისწრაფით მივქროდი სანაპიროზე, მაგრამ ელიავას ბაზრობას რომ მივუახლოვდი, ძალაუნებურად სვლა შევანელე. ბოლო ხანებში ასე დამჩემდა. მხოლოდ აქ ვყიდულობ სიგარეტს. იმ ბოშა გოგონას გაცნობა მინდა, წინ და უკან რომ დადის სანაპიროს ტერიტორიაზე და «სიგარეტი, სიგარეტი, ბრიტვა, ლეზვიას» ძახილით იპყრობს ხალხის ყურადღებას. თვალი სწრაფად მოვავლე იქაურობას. რატომღაც, ვერ შევამჩნიე. არადა, ისეთია, არ შეიძლება შეუმჩნეველი დაგრჩეს. ბოშური კაბაც კი გამორჩეული აცვია - ალუბლისფერი ქვედაბოლო ლურჯი ზედატანით. ოქროს უზარმაზარი რგოლები ჰკიდია ყურის ბიბილოებზე. როგორც ყველა სხვა ბოშა, ისიც შავგვრემანია, ოღონდ მუქი მწვანე თვალები აქვს, შავი ხაზებით დასერილი. ასეთი თვალები მხოლოდ ვეფხვზე მინახავს. არა, კატაზეც.
აი, დავინახე! მგონი, მკითხაობს ვიღაცას. რა ეშმაკები არიან, მაინც ახერხებენ ზოგიერთების მოტყუებას. გამეღიმა. დავუსიგნალე. წელში გაიმართა. ჯერ მარჯვნივ გაიხედა, მერე - მარცხნივ, ბოლოს უკან მოიხედა და, როგორც იქნა, შემამჩნია. ხელი დავუქნიე. ჩემკენ გამოეშურა.
- სიგარეტი გინდა, ლამაზო? - ეშმაკურად შემომცინა და ქათქათა კბილები შემომანათა.
- არა, ამჯერად სიგარეტი არ მინდა.
- ა ჩევო ხოჩეშ? - ცოტა არ იყოს, გაუკვირდა.
- შენ მინდიხარ, - თვალი ჩავუკარი და დაკვირვებით შევხედე, რა რეაქცია ექნებოდა ჩემს ნათქვამზე.
- იშჩო ჩევო, - ამრეზით ამიქნია ხელი და გამეცალა. მანქანიდან გადმოვხტი.
- ეი, ეი, მოიცა. გეხუმრე, გოგო, რა იყო. მაიტა სიგარეტი.
მოტრიალდა.
- ტი ნე იგრაი სა მნოი, კრასავჩიკ, მე პატრონი მყავს, - თითი დამიქნია მუქარის ნიშნად და «მალბორო» დააძრო ყუთიდან.
- მეორეც, - ორი თითი დავანახე და ხუთლარიანი გავუწოდე.
- ვსიო?
- ვსიო. თუმცა, არა. წეღან იმ მანქანასთან რას აკეთებდი?
- კარტი გავუშალე კლიენტს.
- მე არ გამიშლი?
- შენ რა, ვლუბლიონი ხარ? - გაიღიმა.
ეს ღიმილი მერამდენე დღეა, თავბრუს მახვევს.
- ტაკ სკაჟემ, - მეც «გავირუსულე».
- კაკოი ხიტრი პარენ. ხომ იცი, რაც უნდა მომცეს კრასავჩიკმა? - გამომცდელად შემომხედა და ცერა თითი საჩვენებელ და შუათითს გაუსვ-გამოუსვა.
- ვიცი, ვიცი…
- იქით გავიდეთ.
- სად იქით, გაგიჟდი? ვიღაცა მასხრად ამიგდებს, წამო, მანქანაში დავსხდეთ.
უცებ რისხვით აენთო თვალები.
- ე-ე-ე! - კვლავ ხელი ამიქნია და წასვლა დააპირა.
- ათ ლარს მოგცემ, არ გეყოფა? თუ კარგად მიმკითხავებ, კიდევ დაგიმატებ.
უცებ ვუპოვე სუსტი წერტილი. შეყოვნდა. თვალები გამისწორა. კარგა ხანს მზვერავდა, თითქოს ჩემს ზრახვებს სურდა ჩასწვდომოდა. ისეთი სათნო ღიმილი გადავიფინე სახეზე, თითქოს ჩემზე პატიოსანი და კეთილგანზრახვიანი მამაკაცი მეორე არ დადიოდა თბილისში.
- ხარაშო, ოღონდ უკანა სიდენიაზე დავჯდეთ, - თქვა ბოლოს.
რა უცებ დავითანხმე. სიხარულისაგან კინაღამ ავკუნტრუშდი.
დავსხედით. ბოშას ბანქოს უცხო, მაგრამ ლამაზი დასტა ჰქონდა. შავ ფონზე ლამაზი ფიგურები იყო გამოსახული.
- ეს ქალი შენი ბედი იქნება, - თითი დაადო აგურის დამას, - მაგრამ გვერდით შავი ქალიც არის. შენ მასკა გიკეთია. იმალები. ნე ნადა. ეს ცუდად დამთავრდება. შავი ქალი გატყუებს, არ ენდო, ანა ლიცემერკა. ფული უყვარს.
- ესე იგი, ეს აგურის ქალი ჩემი ცოლი გახდება და ის შავი ქალი ხელს შემიშლის? - სიცილს ძლივს ვიკავებდი.
- მა რა. ტაკ ტოჩნა.
- შენ რა გქვია სახელი? - ვკითხე მოულოდნელად.
- ძინა.
- ძინა თუ დინა?
- დინა, მაგრამ რუსულად ძინა ვიხოდიტ.
- მერე? რატომ ლაპარაკობ რუსულად, ქართულად იმეტყველე.
- ეგ შენი საქმე არ არის, ლამაზო. შენი თავი მიხედე, - თქვა და დასტის აჭრას შეუდგა.
- ვინ შეგარქვა ეს სახელი?
- არავინ, - მოკლედ მოჭრა და კარტის ჩამორიგება დაიწყო.
- როგორ არავინ, ასე არ ხდება.
- ასე დავიბადე.
- ასე?
- ხო, ასე. სახელიანად, - გაიცინა, - ახალი ცხოვრ…
- დინა, - გავაწყვეტინე, - რამდენი წლის ხარ?
- გდე-ტა ოცის, - თავაუღებლად მიპასუხა და სათითაოდ შეუდგა კარტის ამოტრიალებას.
- შეყვარებული გყავს? - არ ვეშვებოდი.
- ნე ნადა, რა. ნიჩივო ნე ვიიდეტ, - ხელი ისე გაშალა, თითქოს ჩემ შეჩერებას აპირებსო.
- არა, ისე მაინტერესებს.
- შენი ბედი არ გაინტერესებს?
- არა, არ მინდა ეგ კარტია თუ კარაბადინი. მოდი, შენზე ვისაუბროთ.
- ე! ვითომ რატომ?
- ისე, უბრალოდ. არ შეიძლება ვიმეგობროთ?
წარბები აზიდა და გაოცებულმა ამომხედა.
- და ტი პასმატრი ნა სებია, სლუშაი! - დოინჯი შემოიყარა წელზე.
- რა იყო, რატომ ბრაზდები?
- მე პატიოსანი ქალი ვარ, შენ რას უბერამ! - უფრო აუწია ხმას.
გამეცინა, თან, ცოტა არ იყოს, შემეშინდა კიდეც, ყვირილი არ ატეხოს და ამდენ ხალხში თავი არ მომეჭრას-მეთქი.
- მერედა ვინ გითხრა, არა ხარო? ცუდი რა გითხარი? სხვა ხომ არაფერი მითხოვია?
- დღეს არა, ხვალ მთხოვ. ვიცი მე თქვენი მეგობრობა რა არი, - მისი დამტვრეული ქართული საოცრად მსიამოვნებდა. უხდებოდა კიდეც.
- მოიცა, მოიცა, დინა. ნაადრევ დასკვნებს ნუ აკეთებ. ახლა ნამეტანი მოგდის. უბრალოდ, მინდა უფრო ახლოს გიცნობდე, თორემ ქალი რომ მინდოდეს, შენთან კი არ მოვიდოდი, ქალაქში ქალის მეტი რა არის. თანაც, მე ცოლიანი ვარ, - ვიპოვე გამოსავალი ჩემი საქციელის გასამართლებლად.
- ცოლიანი? აბა, კარტში რომ არ გამოვიდა? - არ დაიჯერა.
- ეგ შენი კარტი ტყუის. შენ ის მითხარი, შეყვარებული გყავს?
- არა.
- მშობლები?
- არა.
- აბა, ვინ გაგზარდა?
- მე თვითონ.
- როგორ შენ თვითონ?!
- პროსტა, ჩემით გავიზარდე.
- სად ცხოვრობ, ეგ მაინც მითხარი.
- ხან სად, ხან სად.
- მატყუებ.
- რა გინდა, კრასავჩიკ? ატსტან ატ მენია, რა! - კარი გააღო და მანქანიდან გადასვლა დააპირა.
- აჰა შენი ათი ლარი, - საფულე დავაძრე და ათლარიანს დავუწყე ძებნა, - კიდევ ათს დაგიმატებ, ცოტა ხანსაც თუ დარჩები. უბრალოდ, ვისაუბროთ.
ფულს ხარბად დახედა. როგორც ჩანს, ძალიან უყვარს.
- კიდევ რა აინტერესებს კრასავჩიკს?
- დღეში რამდენს შოულობ?
- კაგდა კაკ - ხუთი, ათი, ორი, სამი… აბა, რა ვიცი, - მხრები აიჩეჩა.
- არ გინდა, მეტი გქონდეს?
- როგორ? კაკ?
- სამსახურს გიშოვი.
- შე-ენ?
- ჰო, მე. არ გინდა?
- ჩტო ზა სამსახური?
- დღეში ოცი ლარი გექნება, - ვუთხარი და პასუხის მოლოდინში სუნთქვა შემეკრა.
- მერე? რა უნდა გავაკეთო?
- არაფერი, ერთ ოთახში უნდა იჯდე და ერთ კაცს უნდა უმკითხაო.
- მთელი დღე?
- არა, არა, - გულიანად გამეცინა, - დღეში ერთხელ, საღამოს. დანარჩენი დრო თავისუფალი იქნები, რასაც გინდა, იმას გააკეთებ.
- რაღაც არ მომწონს შენი რაზგავორი. ტი ჩტო-ტო ბლეფუეშ, - თვალი მოხუჭა და შემომხედა.
- მართლა, მართლა. აი, შენ დაფიქრდი მაგაზე და ხვალ რომ მოვალ, მერე მითხარი პასუხი. ბინა და საჭმელი უფასოდ გექნება. არავინ შეგაწუხებს. «სიგარეტი, სიგარეტი» და «ბრიტვა, ლეზვიაც» არ გექნება საყვირალი. ფულსაც დააგროვებ.
- არ მიყვარს ასეთი რაზგოვორჩიკები. ბოლშე ნე ნადა, - ჩაიქნია ხელი და მანქანიდან გადავიდა.
- ესე იგი, ხვალ არ გამოვიარო? - გავძახე ღია სარკმლიდან.
უცებ მოტრიალდა, თავი ფანჯარაში შემოყო და მეკითხება:
- კაკ ტებე ზავუტ? სახელი როგორ არი შენი?
- მერაბი.
- ი ხარაშო, მერაბ, პრაშჩაი-დასვიდანია.
777
მას შემდეგ ერთი კვირა არ გამივლია სანაპიროზე. ვიფიქრე, იქნებ ცოტათი მაინც განერვიულდეს, მოლოდინში რომ იქნება-მეთქი. არ შევმცდარვარ. ჩემმა მეთოდმა გაჭრა. როგორც კი ჩემს მანქანას თვალი მოჰკრა, სიგარეტიანი ბოხჩა გვერდით მდგომ შუახნის ბოშას მიაჩეჩა და ჩემკენ გამოიქცა. თვალებს არ ვუჯერებდი… ნუთუ ასე გაუხარდა ჩემი დანახვა?…
…დინა სულ რაღაც სამი კვირაა, ქალაქში გამოჩნდა. უფრო სწორად, რაც მე შევამჩნიე. ალბათ მართლაც ახალი ჩამოსულია, თორემ შეუძლებელია, აქამდე არ მენახა. სანაპიროზე ხშირად მიხდება გავლა. ასე რომ, ბაზრობა აუცილებლად უნდა გავიარო. პირველად თვალი რომ მოვკარი, ინდური კინოს გმირივით დამემართა. თვალი ვერ მოვწყვიტე. არ ვიცი, მე მემართება ასე თუ სხვის თვალშიც ასეთი ლამაზია, მაგრამ… ვნახე თუ არა, მას შემდეგ ვერ ვივიწყებ. ამ ხნის კაცს არ ვიცი, რა მემართება. არა, იმიტომ კი არა, რომ შემიყვარდა ან მასზე ფიქრში ვათენ-ვაღამებ. უბრალოდ, ცხოვრებაში პირველად, სურვილი გამიჩნდა, გავიცნო, დავუახლოვდე… რა ვქნა, ჩემი მინდა იყოს. საიდან მოვიდა ეს აზრი, როდის მომწიფდა თავში, ვერ გეტყვით, მაგრამ იყო მიზეზი, რამაც ეს მაფიქრებინა. ამ მიზეზს ჩემი ცოლი ჰქვია…
…ღია ფანჯარასთან მოიჭრა და ხელებით დაეყრდნო.
- პრივეტ, კრასავჩიკ, როგორ ხარ? - აქოშინებული ძლივს სუნთქავდა.
სათვალე მოვიხსენი და მას გავუკეთე.
- აი, ახლა აღარ ჰგავხარ ველურ გოგონას, - გავუღიმე.
- ველური? ეტა ჩტო?
- ეტა დიკარკა, - სიცილი ამიტყდა.
- კარგია, რომ იცი. სიგარეტი მიატოვე?
- რაზე შემატყვე? - მოხრილი მკლავი დავადე მის თითებს, ჩამოწეულ სარკმელს რომ ჩაბღაუჭებოდა.
- დაიკარგე და… ატკუდა ია ზნაიუ, - მხრები აიჩეჩა და ხელები მოაშორა მინას.
- რა იყო, შეგეშინდა?
_ ნეტ!
_ აბა, რას გასწიე ხელები, შეგჭამდი?
- ია ჟე დიკარკა...
- ტი სამაია კრასივაია დიკარკა ნა სვეტე, - პოეტურად წარმოვთქვი, - მოდი, დაჯექი მანქანაში, გავისეირნოთ ცოტა, არ გინდა?
წარბშეკრულმა უკან დაიხია.
- ჰმ, რატომ გეშინია ჩემი, არ მეტყვი? ჰა, დინაჩკა, ასეთი უჟასი ვინმე ვარ?
- ი ნე ბაიუს! - ჯიბრიანად მიპასუხა.
- აბა, რატომ გარბიხარ? დაჯექი და დამიმტკიცე, რომ არ გეშინია.
გამჭოლი მზერა მესროლა.
- გინდა კაცური სიტყვა მოგცე? უბრალოდ, ისე გავისეირნოთ, არაფრის გულისთვის.
- აკი სამსახურს მოგიტანო? - შემახსენა.
- კი «მოგიტანო», მაგრამ უარი მითხარი და აბა, როგორ!
- კიდევ არი სამსახური?
- მა რა!
- როდის იქნება?
- როცა შენ იტყვი. თუ გინდა, დღესვე.
- ნეტ, დღეს არა.
- მაშინ ხვალ! - დავთანხმდი.
- ტოჟე ნეტ.
- აბა, როდის?
- პატომ სკაჟუ. ჯერ იფიქროს დინამ.
- კი მაგრამ, რა წესია, მე მანქანაში ვზივარ, შენ გარეთ დგახარ, თანაც ამდენი ხანი. რას იფიქრებენ შენი ნაცნობები?
- მკიდია, - ისე უდარდელად თქვა, სიცილი ვერ შევიკავე.
- თუ გკიდია, მაშინ წამო, გავისეირნოთ, - არ ვეშვებოდი.
- ვიკატაოთ, კრასავჩიკ?
- ჰო, ვიკატაოთ, არ მენდობი?
- არ ვიცი.
- დანა არა გაქვს?
- მერე?
- მერე და წამოიღე. თუ რამეს დაგიშავებ, ეგრევე დამარტყი.
- ხარაშო.
- ჰოდა ეგრე. რაღას უცდი, ჩაჯექი.
- პადაჟდი, - ადგილიდან მოწყდა უცებ და იმ ქალისკენ გაიქცა, წეღან ბოხჩა რომ მიაჩეჩა.
რა კარგი ვიღაცაა. მოკიდე კაცმა ახლა ამას ხელი, დაბანე, დავარცხნე, ჩააცვი, დაახურე და რომელი ქალი აჯობებს? მოუვლელი რომაა, იმიტომაც რჩება მამაკაცების ყურადღების მიღმა. დავიჯერო, წესიერია? ვითომ კაცი ნანახი არ ჰყავს? ეჭვი მაქვს, რომ ასეა. ეგ რომ ქალიშვილი არ იყოს, ამდენი შებმა არ დამჭირდებოდა. ალბათ, ეგრევე ფულზე დამიწყებდა ვაჭრობას. რა მინდა ახლა, რას ვუტრიალებ ამ ერთი ბეწო გოგოს. რაღა მე ჩავდგა მის ცოდვაში ფეხი? რაღაც მომენტში გატრიალებაც გადავწყვიტე, მაგრამ ისევ ჩემი ცოლი გამახსენდა და… დინას დაველოდე.
კვლავ მოირბინა.
- ერთი ორასი მეტრა წინ წადი, აქ ვერ ჩავჯდები, - ჩუმად მითხრა და სწრაფად გამშორდა.
მინდოდა მეკითხა, საით წავიდე-მეთქი, მაგრამ აღარ დამჭირდა. დიდუბის მხარეს დაუყვა სანაპიროს, თან უკან-უკან იყურებოდა.
გავუსწარი, კარგა მანძილი გავიარე და დავამუხრუჭე. დაველოდე. კარი გამოვაღე. მოირბინა და მანქანაში შემოხტა. სანამ დაჯდებოდა, კაბა აიწია და ფეხები გამოაჩინა. წვივები გაუპარსავი ჰქონდა. არ მესიამოვნა. როგორ აკლია ამ ანგელოზივით გოგოს ადამიანის ხელი - კაცისაც და ქალისაც! - გავიფიქრე.
მანქანა დავძარი.
- სად წავიდეთ? - არ შემიხედავს, ისე ვკითხე. შემეშინდა, არ დამფრთხალიყო.
- მარტო ტრასაზე, - საჩვენებელი თითი გაფშიკა ბრძანების ნიშნად.
გამეცინა.
- დანა წამოიღე? - ალმაცერად გავხედე.
- ა კაკჟე!
- მაშინ შენ სადაც მეტყვი, იქ წავიდეთ.
- პირდაპირ, - მიბრძანა.
- არის, უფროსო, - ღიმილით ვუთხარი და სიჩქარეს მოვუმატე.
ერთხანს დაძაბული იჯდა. ხმას არ იღებდა.
- დინა, ჩუმად რატომ ზიხარ?
- ა ჩტო სკაზატ?
- მოგწონს სეირნობა?
- ჯერ არ ვიცი.
- აბა, როდის გეცოდინება?
- პატომ, - მოკლედ მოჭრა.
- შენ სექსი თუ იცი, რა არის?
- გააჩერე მანქანა! - იყვირა უცებ.
- ნუ გეშინია, ისე გეკითხები, გოგო, რამ დაგაფეთა? - მეც კი შემეშინდა, ისეთი განწირული ხმით იკივლა.
- ასტანავი სვოლოჩ! - სახელურს დაეტაკა.
სხვა რა გზა მქონდა, გავაჩერე. თან სად! ასიოდე მეტრში ავტოინსპექტორები იდგნენ. ეს მინდოდა ახლა? მკლავში ვტაცე ხელი.
- დინა, მომისმინე! პატარა ბავშვივით ნუ იქცევი, გთხოვ, მხეცი კი არა ვარ, გოგო, რა მოგივიდა. შენი გაუპატიურება რომ მინდოდეს, დღისით კი არ მოგაკითხავდი. ღამით ჩაგაგდებდი მანქანაში და კაციშვილი ვერაფერს გაიგებდა. მე ეს არ მინდა. მე მინდა, უბრალოდ ვიმეგობროთ. ამიტომ გეკითხები ეგეთ რამეებს. ხომ უნდა ვიცოდე, როგორი ხარ? თუ გინდა, შენც შემეკითხე, რაც გაინტერესებს. მეც გიპასუხებ.
- არ მჯერა შენი.
- რატომ? ცუდი რა გავაკეთე?
- სექსი მკითხე.
- მერე რა? - სიცილი ამიტყდა, - რომ გკითხო, არ შეიძლება?
- არ შეიძლება.
- ესე იგი, ცუდად მოვიქეცი?
- ხო.
- მაშინ დამარტყი დანა… ხომ შევთანხმდით, თუ ცუდად მოვიქცეოდი…
- დანა არ არის.
- არ არის? რატომ?
- არ წამოიღო დინამ.
თვალები გამიფართოვდა გაოცებისაგან. რატომ? ახლა ეს აზრი მაწვალებდა.
- დინა, აგერ, ხომ ხედავ, პოლიციელები დგანან. მე აქედან არ დავიძვრები. თუ გინდა, გადადი და წადი. ოღონდ მითხარი, დანა რატომ არ წამოიღე?
- კარტმა თქვა, კარგი ბიჭიაო.
- ის შენი კარტი არ ტყუის? ჩემი ცოლის ამბავი ხომ დაგიმალა?
- მე არ მატყუებს.
- აჰა, გასაგებია. მაშინ, თუ ასეთი კარგი ბიჭი ვარ, რატომ იყვირე ასე მწარედ?
დინამ თავი დახარა. სახე მოექუფრა.
გაგრძელება იქნება