ლეგენდარული, მომხიბვლელი, შეუდარებელი - ტინა ტერნერის დასახასიათებლად საკმარისი სიტყვები არ არსებობს… მომღერალი, რომელმაც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გული მოიგო თავისი გიჟური ენერგიით და საოცარი ხმით, 2023 წლის 24 მაისს გარდაიცვალა.
„ოჯახში, სადაც მე გავიზარდე, სიყვარული არ იყო. არასასურველი ბავშვი ვიყავი, რადგან დედაჩემს, რომელსაც მამასთან გაშორება უნდოდა, ჩემი დაბადების შემდეგ მაინც მასთან დარჩენა მოუწია.” - ასე იწყებს თავის ისტორიას ტინა ტერნერი.
ვინ იცის, ალბათ სწორედ სითბოს და სიყვარულის ნაკლებობამ აიძულა ახალგაზრდა ანა მეი ბალოკი (ტინა ტერნერის ნამდვილი სახელი), კაცთან, სახელად აიკ ტერნერთან, ერთად ემუშავა. გოგონას განსხვავებულმა ხმის ტემბრმა აიკის ყურადღება მიიპყრო და სთხოვა, მისი ჯგუფის, Kings of Rhythm-ის ბექ-ვოკალისტი გამხდარიყო. ბენდში ყოფნის დროს ტინამ რომანი გააბა საქსოფონისტთან, რომლისგანაც ვაჟი, კრეგი შეეძინა. ახალგაზრდა მამას არ სურდა მოვალეობის შესრულება და ახალშობილსა და მის დედაზე ზრუნვა აიკმა დაიწყო. მალე ისინი შეყვარებულები გახდნენ, შემდეგ კი მშობლები - 1960 წელს დაიბადა მათი შვილი, რონი.
აიკმა მუსიკალური დუეტის შექმნა გადაწყვიტა. ერთადერთი პირობა იყო, რომ ანას სახელი შეეცვალა და ტინა დაერქვა. გოგონას არ მოეწონა ეს იდეა და გააპროტესტა. დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე ქმარმა ტინაზე ხელი პირველად ასწია.
მას შემდეგ ტინას გულში სიყვარულის ადგილი შიშმა დაიკავა - ეშინოდა აიკის დატოვების, იმედების გაცრუების, არასწორის თქმის, არასწორი მოქმედების… გაუძლო ცემას და ბულინგს.
არავინ აქცევდა ყურადღებას ტინას სისხლჩაქცევებსა და დაჟეჟილობებს. ეს ყველაფერი 16 წელი გაგრძელდა! მორიგი თავდასხმის შემდეგ ტინას მოთმინება საბოლოოდ გაუქარწყლდა. ან იქნებ უბრალოდ მიხვდა, რომ მოკვდებოდა. ამიტომ, როცა ქმარს სასტუმროში ეძინა, გაიქცა.
ტინა ტერნერმა ახალი ცხოვრება 4 ივლისს - დამოუკიდებლობის დღეს დაიწყო.
მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში მომღერალი მეგობრებისა და ნაცნობების სახლებს ასუფთავებდა. განქორწინების შემდეგ მოახერხა ყოფილი ქმრისგან თავისი შემოქმედებითი ფსევდონიმის დაბრუნება, რათა გაეგრძელებინა მოღვაწეობა. მაგრამ შემდეგ მოულოდნელი პრობლემა წარმოიშვა - ოთხმოციანი წლების დასაწყისში ტინა აღიქმებოდა, როგორც აიკ ტერნერის დუეტის ნაწილი და მის გარეშე არავის სჭირდებოდა.
დახმარების ხელი ტინას პირველად ასევე ლეგენდარულმა მომღერალმა შერმა გაუწია, რომელმაც ის თავის შოუში მიიწვია. სწორედ მისი წყალობით შეძლო ტინამ ფულის გამომუშავება, რაც საკმარისი იყო პატარა სახლის დასაქირავებლად და საკვების საყიდლად. მალევე გაიცნო მენეჯერი როჯერ დევისი, რომელმაც ის ტინა ტერნერი შექმნა, რომელსაც დღეს იცნობენ და უყვართ.
პირველი სოლო-ალბომის ჩაწერაში ტინას დევიდ ბოუი, მიკ ჯაგერი და რონ ვუდი დაეხმარნენ - ზოგი ფულით, ზოგი რჩევით, ზოგიც სიმღერით. სანაცვლოდ კი არავის არაფერი მოუთხოვია, რაც თინასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო - მამაკაცებს მაინც ვერ ენდობოდა და ახლოს არ უშვებდა.
”მამაკაცების გარეშე ბედნიერად ყოფნა ვისწავლე. ეს საკმაოდ იშვიათია რეალურ ცხოვრებაში“ - ამბობდა მომღერალი.1989 წელს, ვარსკვლავის 50 წლის იუბილემდე ცოტა ხნით ადრე, ერვინ ბახმა ტინას ცოლობა სთხოვა. მისი პირველი ქორწილიდან ბევრი წელი იყო გასული, მაგრამ ტინას იმდროინდელი საშინელებები ჯერ არ დავიწყებოდა. შეშინებულმა მომღერალმა მეგობარ ბიჭს დალოდება სთხოვა. და ისიც 24 წელი ელოდა... წყვილი 2013 წლის 4 ივლისს დაქორწინდა.
ქორწილიდან სამი კვირის შემდეგ 74 წლის მომღერალს ინსულტი დაემართა. ყველაფერი მკვეთრი თავის ტკივილით დაიწყო, რასაც საბოლოოდ, მეტყველების დაკარგვა მოჰყვა.
2016 წელს ნაწლავის კიბო დაუდგინეს, რამაც თირკმელებში გართულება გამოიწვია. მომღერალი, რომელიც თაყვანისმცემლებს მუდამ თავისი გიჟური ენერგიით მუხტავდა და სცენაზე ქარიშხალივით ჩნდებოდა, საავადმყოფოში წოლას ვერ ეგუებოდა.
როგორც გაირკვა, ერვინი რამდენიმე თვის განმავლობაში კონსულტაციას უწევდა ექიმებს და ყველა საჭირო ტესტის გავლის შემდეგ გაარკვია, რომ მას შეეძლო ცოლისთვის დონორი გამხდარიყო. ოპერაცია, რომლის შესახებ მხოლოდ უახლოესმა ახლობლებმა იცოდნენ, 2017 წლის 7 აპრილს შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მომღერლის სხეულმა მაინც უარყო ორგანო.
2018 წლის 3 ივლისს ტინა პარიზში, მისი საყვარელი მეგობრის, არმანის კოლექციის სანახავად გაემგზავრა. იმავე საღამოს მისმა უფროსმა ვაჟმა კრეიგ რაიმონდ ტერნერმა თავი მოიკლა.
მომღერალს ამ ტრაგედიის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. მხოლოდ 16 დღის შემდეგ განაცხადა, რომ გარდაცვლილი შვილის ფერფლი კალიფორნიის სანაპიროზე მიმოფანტა. "ტვიტერზე" გამოაქვეყნა თავისი ფოტო ალისფერი ვარდით ხელში: „ჩემთვის, როგორც დედისთვის, ყველაზე სევდიანი მომენტი.“
2022 წლის 9 დეკემბერს მომღერლის უმცროსი ვაჟი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ამან დაუძლურებულ ტინაზე ძალიან იმოქმედა.
ტინა ტერნერი უმცროსი შვილის სიკვდილიდან 6 თვის შემდეგ, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.