რამდენიმე საათის შემდეგ, ერთმანეთის მოსურვილებით გული რომ ვიჯერეთ, დინას ვთხოვე, მოეთხრო, როგორ ცხოვრობდა განვლილი წლების მანძილზე. მან ღრმად ამოიოხრა, სხვა დროისთვის ხომ არ გადავდოთო. იმდენად მაინტერესებდა, ნამდვილად ვერ გადავდებდი სხვა დროისთვის. ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ჩუმი ხმით დაიწყო მოყოლა. თბილისიდან ბათუმში ჩასულა დედამისის მეგობარ ვანდასთან. ის დახმარებია საბუთების მოწესრიგებაში, ბილეთის აღებასა და გამგზავრებაშიც. მოლდოვაში ჩასულს ცუდი ამბავი დახვედრია, მამამისი ციხეში გარდაცვლილა ტუბერკულოზით. დედა განადგურებული დახვედრია, ამასთან - უმუშევარი, ნახევრად მშიერი. რა უნდა ექნა საწყალ გოგოს? მიმდგარა, მომდგარა, შემორჩენილი ფული ცოტა დაუხარჯავს და იქაური ნაცნობების დახმარებით მასაჟის შემსწავლელ კურსებზე დაუწყია სიარული, შენ ხარ ჩემი ბატონი, მშვენივრადაც აუთვისებია ეს საქმე და სამუშაოც უშოვნია კერძო კლინიკაში. კაცები თუ იშოვე-მეთქი, ხუმრობით ვკითხე. ამაზე თავი გაიგიჟა, რა კაცები, მთელი ეს წლებია, შენ გარდა სხვა მამაკაცზე ფიქრი გულშიც არ გამივლიაო. ისეთი გულწრფელი სიტყვებით დაიწყო თავის მართლება, შემეცოდა. დამშვიდება დავუწყე, ისე გითხარი, თორემ შენი წყენინება არც მიფიქრია-მეთქი. ერთხანს გაბუტულივით იწვა, მერე კი მოყოლა გააგრძელა.
ნელ-ნელა ამოისუნთქა ოჯახმა. დინას სახლშიც დაუწყია კერძო «პრაქტიკა», პაციენტები არ ელეოდა თურმე. როგორც ჩანს, ბიოდენებიც ჰქონდა (ამას ჩემით მივხვდი, თუმცა მისთვის არ მიგრძნობინებია), მოაწყდა და მოაწყდა ხალხი, იმდენად შველოდა ყველას დინას გაკეთებული მასაჟი. ორი წლის განმავლობაში თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მერე და მერე… დედა ავად გაუხდა, წყლულები გასჩენია ფეხზე. მთელი წელი უვლიდა, თავს დასტრიალებდა, მაგრამ ვერაფრით უშველა. ბოლოს დედა ლოგინად ჩავარდნილა, მოწამვლა სისხლში გადასვლია, რამაც განგრენა გამოიწვია და ეს უკანასკნელი იმედიც ხელიდან გამოეცალა ქალს. დარჩა მარტოდმარტო, ღვთის ანაბარა. იმდენად უცხო იყო მისთვის იქაურობა, იმდენად მარტოსულად გრძნობდა თავს, რომ ექვსი თვე ძლივს გაძლო. დეპრესიამოძალებულმა მასაჟზეც უარი თქვა, აღარ გამოსდიოდა ძველებურად, გულსაც ვერ უდებდა სამუშაოს. ისევ მეზობლები დაეხმარნენ დინას, მათი მონდომებით სახლი სარფიანად გაუყიდია და კვლავ ბათუმში დაბრუნებულა. კარგა ხანს იცხოვრა ვანდასთან, რომელმაც ერთი ოთახი მიაქირავა ჩალის ფასად. იმასაც რა ექნა, მარტოხელა ქალს თავისი გაჭირვება ჰყოფნიდა, მკითხაობით ძლივს გაჰქონდა თავი. დინას ბათუმშიც დაუწყია მასაჟისტობა, ცოტაოდენი თანხაც დაუგროვებია. მაგრამ ბოლოს, როცა ქალაქში სიტუაცია აირია და «ვარდების რევოლუცია» მოხდა, მიხვდა, რომ იქ აღარ დაედგომებოდა და ისევ თბილისისკენ გამოუწია გულმა, ჩემთან შეხვედრის იმედით. ერთადერთ მხსნელად თუ მშველელად მე ვეგულებოდი. თურმე თითქმის ორი წელია აქ არის, ბაზრობაზეც რამდენჯერმე დავუნახივარ და ვერ გაბედა, მოსულიყო და დამლაპარაკებოდა. ყოველივე ამას ისეთი ტონით ჰყვებოდა, ქალი რომ ვყოფილიყავი, ცრემლებად დავიღვრებოდი.
- დინა, შე სულელო გოგო, რატომ იწამებდი ასე თავს, ხომ იცოდი, შენი დანახვა რომ ყოველთვის გამიხარდებოდა? - თავქვეშ ამოვდე ხელი და მკერდზე გადმოვიწვინე.
- ნე ზნაიუ, დურა ია.
- ესე იგი, მასაჟისტობა გეხერხება?
- ოჩენ დაჟე.
უცებ რაღაც აზრი მომწიფდა თავში.
- გინდა დაგაწყებინო მუშაობა?
- ტი ჩტო, სუმა საშიოლ?!
- რატომ, რატომ? აბა, ის ჯობია, ბაზრობაზე რომ დაწანწალებ და კაცებს დასდევ, გიმკითხავებო?
- მნე ნრავიტსია.
- სამაგიეროდ, მნე არ ნრავიტსია. შენ ახლა ახალი ცხოვრება უნდა დაიწყო, გესმის?
- ნიჩევო ნე ვიიდეტ. ზდეს ნევაზმოჟნა ეტა სდელატ.
- ვითომ რატომაო?
- ია ჟე ციგანკა, ნე პავერიატ.
- ეგ საქმე მე მომანდე. ნუ გეშინია, შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ. ისე მოვაწყობ ყველაფერს, აქეთ გეხვეწებოდნენ კლიენტები. არც შენი ციგანკობა იქნება დასაძრახი და ვერც ვერავინ დაგცინებს.
გაისუსა. ცოტა ხანს დავიცადე და პასუხი რომ არ გამცა, გავაგრძელე.
- შენ ახლა პატარა გოგო აღარ ხარ უკვე. დროა, ნორმალურ საქმეს მოჰკიდო ხელი. თმა შევიჭრათ, ჩაცმის სტილიც შევიცვალოთ, ცოტა ქართულშიც წავიმეცადინოთ და ნახე, რა ქალი დადგება შენგან. ერთი სიტყვით, იმიჯი შევიცვალოთ. ხომ მენდობი?
ისევ დუმილით შეხვდა ჩემს წინადადებას.
- კარგი. ჯერჯერობით არაფერს დაგაძალებ. შენ თვითონ იფიქრე, გადაწყვიტე და პასუხი მერე მითხარი. თანახმა ხარ?
- ნე ხაჩუ! - წამოიძახა უცებ.
გაოცებულმა დავხედე ჩემს მკლავებში მოქცეულს.
- რატომ?
- უ ტებია სვაი პრაბლემი. მნე ი ტაკ ხარაშო.
- შენ გგონია, პრობლემებს შემიქმნი და ტვირთად დამაწვები?
- და.
- ნუ სულელობ, ჯერ ერთი, შენი რჩენა არ გამიჭირდება, მეორეც - როცა შენი შემოსავალი გექნება, ჩემი რჩენაც აღარ დაგჭირდება. პანიალა?
- ზდეს ტრუდნა ნაიტი რაბოტუ.
- ხომ გითხარი, ეგ საქმე მე მომანდე-მეთქი, მეტი რაღა გითხრა? ჩემთან ერთად რისი გეშინია?
ერთხანს შეყოყმანდა, მერე ხმა დაურბილდა და მორიდებით მკითხა.
- ი გდე ია ბუდუ ჟიტ?
- მაგასაც მოვიფიქრებთ. ოღონდ ქართული უნდა ისწავლო, კარგი?
- კარგი, - გამართული აქცენტით მიპასუხა და მკერდზე მაკოცა.
- ასე არ ჯობია? ხედავ, რა კარგად «გეკერკება», როცა მოინდომებ?
გულიანად გადაიკისკისა და ისევ მაკოცა.
7 7 7
საღამომდე ერთად ვიყავით მე და დინა. გიორგის ფოტოები გამოვუტანე. ვერ წარმოიდგენთ, რა სახე ჰქონდა, როცა ათვალიერებდა. თითქოს მოწყდა ქვეყნიერებას, თითქოს სხვა სამყაროში მოგზაურობდა იმწუთას. ხანდახან ღიმილი გადაურბენდა სახეზე, ხანაც - ჩრდილი, თვალები ჩაუქრებოდა წამით, მერე ისევ აენთებოდა. ინტერესით ვაკვირდებოდი მის ცვალებადობას, მის ყველა მოძრაობას. დიდხანს გაგრძელდა «მოგზაურობის» ეს პროცესი. ბოლოს, როგორც იქნა, დაიკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა და შემომხედა.
- სლავნი პარენ.
- ოჩენ დაჟე. ი ონ ნაშ მალჩიკ.
- ნეტ, ონ ტვოი სინ.
- მერე რა, სამაგიეროდ, შენ გააჩინე.
- ეტა ნე სჩიტაეტსია.
- კარგი ახლა, არ დამიწყო ეგეთები.
- ონ ჟე ნიჩევო ნე ზნაეტ პრა მენია?
- მერე რა, მოვა დრო და გაიგებს.
- ნე ნადა, პრაშუ.
- რატომ, რატომ?
- ია პლახაია მატ. მე ცუდი დედა ვარ.
- რათა, რათა?
- ია ჟე პროდალა ევო.
- არაფერიც! მეორედ არ გაიმეორო მსგავსი რამ, იცოდე. გაიგე? მეორედ არ თქვა, თორემ მეწყინება.
- ეტა პრავდა.
- მომისმინე. მაშინ სხვა დრო იყო, მეც სხვა სიტუაცია მქონდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა. მაცალე რამდენიმე დღე, რაღაცას მოვიფიქრებ და ამ თემაზე მერე გავაგრძელოთ საუბარი. გასაგებია?
- კარგი.
- აი ასე. ხედავ, როგორ გიხდება, როცა ქართულად მეტყველებ? ავდგეთ ახლა, რამე ვჭამოთ, თორემ კუჭი მიხმება შიმშილისაგან.
7 7 7
არ მახსოვს, ასე გემრიელად ბოლოს როდის ვივახშმე. თითქოს ხელმეორედ დავიბადე. დინას ვთხოვე, ღამე ჩემთან დარჩი-მეთქი. არაფრით არ ქნა, თავი გაიგიჟა, უნდა წავიდეო. სად ცხოვრობ-მეთქი, ვკითხე. ხუდადოვზე აქაურმა ბოშებმა შემიფარესო. გული დამეთუთქა. საცოდაობა არ არის, ჩემი შვილის დედა ღამეს სამოწყალოდ, ვიღაც ქურდბაცაცა ბოშებთან ათევდეს? საოცრებაა პირდაპირ. სამი ქალი არსებობდა ჩემს ცხოვრებაში და ვერც ერთს სიხარული ვერ მოვუტანე, ვერც ერთს ვერ მივანიჭე ბედნიერება. ახლა მაინც ხომ შემიძლია გამოვასწორო ჩემი შეცდომა? ლიზიკოსთან უკვე ყველაფერი დამთავრებულია, მაგ საქმიდან არაფერი გამოვა, მაგრამ დინას და მერის ხომ შემიძლია სიცოცხლე გავუხალისო? თუ კაცი მოინდომებს, ყველაფერსაც შეძლებს, მაგრამ… ორივეს მოსაწონი როგორ გავაკეთო? რა უნდა მოვიმოქმედო? ამის გაფიქრებაზე ცივმა ოფლმა დამასხა, თითქოს დავიბენი კიდეც. უნებურად მერი ამომიტივტივდა გონებაში. აქამდე ერთხელაც არ გამხსენებია, ისე ჩამითრია დინასთან ნებივრობამ. არა, ნიკუშას უნდა დაველაპარაკო. ის იდეების გენერატორია, რაღაც ჭკვიანურს მირჩევს.
7 7 7
კარგა ხნის შეღამებული იყო, შინიდან რომ გამოვედით. ცოცხალი თავით არ ჩაჯდა ჩემს მანქანაში, ტაქსით გამიშვი სახლშიო. არ უნდოდა მენახა, სად ცხოვრობდა. დიდად არც დამიძალებია, გული მეტკინა, ასეთ უმწეოს და დათრგუნულს რომ ვუყურებდი. ტაქსი გავუჩერე, ჩავსვი და ფულიც გადავუხადე. თან დავპირდი, რომ მეორე დღეს ბაზრობაზე გავუვლიდი. დროც დავთქვით, რომელ საათზე და სად შევხვედროდით ერთმანეთს.
დინა გავაცილე და კაზინოსკენ გავეშურე. ერთი სული მქონდა, ნიკუშას როდის ვნახავდი.
სამორინეში ბლომად ხალხი ირეოდა. ამ ბოლო დროს რატომღაც ქალები მომრავლდნენ ჩემს «სათამაშო სახლში». თანაც რა აზარტულები არიან! განსაკუთრებით მაშინ, თუ კაცებით ახლავთ თან. გასაქანს არ აძლევენ კავალერებს, სანამ ბოლო თეთრამდე არ დაახარჯვინებენ სიმწრით თუ სიამტკბილობით ნაშოვნ «ხელის ჭუჭყს». მერე კი ისეთი «მაძღარი» იერით დატოვებენ კაზინოს, სულ არ ადარდებთ, მათ თანმხლებ «ფულის ტომრებს» კმაყოფილი სახე აქვთ თუ სასოწარკვეთილი…
ჩემს კაბინეტში შევედი. ნიკუშა კომპიუტერში შემძვრალიყო და «ჩხირკედელაობდა».
- ვაჰ, «მთლად» უფროსს გაუმარჯოს. სად დაიკარგე, გიორგიევიჩ, სულ აიღე ხელი ჩვენზე? რას მოგვანატრე თავი, თუ იცი? - ჩემ დანახვაზე ღიმილი გადაეფინა სახეზე.
- მაგარ გაჭედილში ვარ, ნიკა, უნდა მიშველო.
- ვიცი, ვიცი, - ისე ორაზროვნად მიპასუხა, თითქოს ვიდეოკამერით ადევნებდა თვალს ჩემს პირად ცხოვრებას.
- შენ რა იცი? - გამიკვირდა, ხელი ჩამოვართვი და გადავეხვიე.
- ეს წუთია, ლიზა იყო მოსული და ყველაფერი მომიყვა.
- ლიზა? - კიდევ უფრო გავოცდი, - რა უნდოდა?
- განქორწინებას ითხოვს.
- აუჰ! - ყასიდად შევიცხადე.
- რა, არ იცოდი?
- შენგან მესმის პირველად. აქ რას გამორბოდა, მე ვერ დამირეკა? საინტერესო შემთხვევაა, გაგიჟდები პირდაპირ! - ძალიან ირონიულად გამომივიდა შეცხადება.
- ხვალ შემაქვსო განცხადება, ასე თქვა.
- რაო, ქონების გაყოფასაც ხომ არ მთხოვს?
- მაგაზე არაფერი უთქვამს.
- აგაშენა ღმერთმა. მაშინ თანახმა ვარ.
- რა დაგემართათ, რა ბზიკი შეგიჩნდათ ამ სიბერეში?
- აღარ დაგვედგომება ერთად და სწორედ რომ სიბერის გამო, - გავიცინე.
- ხუმრობ?
- ასეთი სერიოზული არასდროს ვყოფილვარ.
- არ იტყვი, რა მოხდა?
- ძალიან ბევრი რამ მოხდა, ჩემო კარგო, იმდენად «ბევრი რამ», რომ მოგიყვე, დიდხანს მოგიწევს მოსმენა.
- მერე ბავშვს რას უპირებთ?
- სწორედ მაგ თემაზე მინდოდა შენთან დალაპარაკება.
- ჩემთან?
- შენთან, ჰო, აბა სხვა ვინ გეგულება კიდევ?
- რომელი კომპეტენტური იურისტი მე მნახე, კი მაგრამ?
- იურისტობა რა შუაშია, შენ ჩემი მეგობარი ხარ თუ დათვის?
- რა შუაშია და იმ შუაშია, რომ, თუ კანონებით ვიმსჯელებთ, ბავშვს დედას მიაკუთვნებენ, მას ხომ აქვს თავისი შემოსავალი, ბავშვის რჩენა შეუძლია, ძმაო, - თავი გამოიდო ნიკამ.
- ეგ ჯერ კიდევ საკითხავია.
- რა არის საკითხავი?
- ის, რომ ლიზიკოს ბავშვი საერთოდ არ აინტერესებს, სიმართლე თუ გინდა. აი, ეს არის შუაში.
- რას ამბობ, სრულ ჭკუაზე ხარ, მერაბ?! რამ გადაგრია?
- რასაც ვამბობ. თვალის დასანახავად ვერ იტანს გიორგის. შენ არ იცი, რა სცენები გამიმართა. ერთი მაგის დედაც ვატირე!
- ისიც გაგიჟებულა.
- უარესი. ამ ერთ ბეწო ბავშვს სულ ნაბიჭვარი უძახა, თან ჩემი თანდასწრებით. მიკვირს, აქამდე როგორ ვითმენდი ამდენს. თუმცა ეგ არ არის ჩემთვის პრობლემა. ახლა სხვა რამე მაწუხებს.
- რაღა დროს ბავშვის ამოჩემებაა, ამდენი წელია ზრდის, ნუ შემშალე.
- შენ წარმოიდგინე! როგორ ვერ ვხვდებოდი, როგორ ვერ ვხდებოდი აქამდე, ჩემამდე არ დადის, როგორ გამომეპარა ეგ ყველაფერი!
- არ მეტყვი ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა?
- სასწაული მოხდა, ნიკუშ, სასწაული! ის დაბრუნდა.
- ვინ ის? - მთლად წაეშალა ნიკას სახე.
- დინა, სხვა ვინ?!
გველნაკბენივით შეხტა.
- რა თქვი? - დაუჯერებლად ეჩვენა ჩემი ნათქვამი.
- დინა ვიპოვე ელიავას ბაზრობაზე.
- სერიოზულად ამბობ?
- ჰო, არასერიოზული რა ვთქვი?
- როგორ, რანაირად? საიდან? - მომაყარა კითხვები.
- ჩვეულებრივად. შენ კი არა, მეც კი გადავირიე, რომ დავინახე.
- ლიზამ თუ იცის ეგ ამბავი? რაღაც ვერ შევატყვე. ამიტომ ხომ არ იჩხუბეთ?
- ადამიანო, რა გჭირს! დღეს ვნახე-მეთქი, რით ვერ გაიგე! ლიზას საიდან ეცოდინებოდა.
- ჰო, მაგდენი ვერ მოვისაზრე, ისე ამერია «რამსები» შენი მონაყოლიდან. მერე, მერე?
- მერე უკვე აღარ ვიცი. აგერ ვარ და მირჩიე რამე.
- რას აპირებ ახლა?
- ხომ გითხარი, არ ვიცი-მეთქი, ამიტომაც მინდა შენი დახმარება, ყურუმსაღო. ბოლო-ბოლო დავიდა შენამდე? - შევღიმე ბავშვობის მეგობარს და მხარზე ხელი მსუბუქად დავკარი.
- მგონი კი, - წამით ჩაფიქრდა ნიკუშა.
- ჰა, რას მირჩევ?
- რა ვიცი, აბა?! მე რა უნდა გირჩიო?
- რამე უნდა მირჩიო, ძმაო. ვერ არის ჩემი საქმე კარგად. ამ ყველაფრის გარდა, კიდევ ერთი უბედურება მჭირს. მაგას ცალკე მოგიყვები, ოღონდ სკამზე მაგრად დაჯექი, არ წაიქცე, - აქ კი გამეცინა, მაგრამ ვაი იმ სიცილს.
ნიკუშა სმენად იქცა. ისეთი დაბნეული სახე ჰქონდა, თითქოს ქვეყნიერების დანგრევის ამბავი უნდა გაეგო. გამიჭირდა საუბრის დაწყება. ნიკამ ვეღარ მოითმინა.
- მეტყვი თუ პოლიციას გამოვუძახო? - აცმუკდა სკამზე.
- მაცალე, მოგიყვები.
და მოვუყევი მერის და გოგას ამბავი, დაწვრილებით მოვუყევი. ლამის იყო, ავტირდი კაცი.
ამ ამბავმა მთლად დაშოკა ნიკა, საგონებელში ჩავარდა.
- ასე მგონია, ბრაზილიურ სერიალს მიყვები, მერაბ. სხვას რომ ეთქვა, არ დავიჯერებდი, ძმობას ვფიცავარ.
- შენ კი არა, მეც არ მჯერა ხანდახან. ასე მგონია, სიზმარია ეს ყველაფერი და ერთ მშვენიერ წამს გამეღვიძება.
- მართლა ორ ცეცხლს შუა ყოფილხარ, ჯიგარო. რას აპირებ?
- ეგ რომ ვიცოდე, შენთან არ მოვიდოდი. ჯანდაბას ვაპირებ და დოზანას.
- რამე უნდა მოვიფიქროთ, - ნიკამ კეფა მოიქექა და ჩაფიქრდა.
- აქ რა ხდება? - როგორც იქნა, სამსახურიც გამახსენდა.
- გაინტერესებს რო?
- რა ვიცი, რა ვიცი, - ჩავიცინე.
- ისეთი არაფერი, ჯერ სიმშვიდეა, მაგრამ უკვე სერიოზულად ალაპარაკდნენ კაზინოების დახურვაზე.
- ეგ ვიცი. მერე რას ვშვრებით?
- რა ვიცი, სხვა რამის გახსნა მოგვიწევს. თუ ასე არ გავაკეთებთ, შეიძლება შენობაც დაგვაწერონ.
- დაგვაწერონ რას ჰქვია, ამ შენობაში მათი წონა ფული მაქვს გადახდილი.
- ჰოდა, მაგაშია საქმე, შეისყიდიან.
- მაგ ჭკუაზე ვარ ზუსტად. შენ რას ფიქრობ, რა უნდა გავაკეთოთ?
- სხვათა შორის, ბევრი ვიფიქრე მაგაზე. ორი ვარიანტი მაქვს - ან რესტორნად გადავაკეთოთ, ან პოკერკლუბი გავხსნათ. რას იტყვი?
- ჭკვიანურია, მაგრამ მაგას ბაზა უნდა.
- ჰოდა, ჩვენი ბაზა იმათ მივყიდოთ, ჩვენ კი ახალი შევიძინოთ.
- ვის, იმათ?
- ამბობენ, მერე, ცოტა დრო რომ გაივლის, ერთ-ორ კაზინოს ისევ გახსნიან, ვინც მეტ ფულს გადაიხდისო.
- ჰოო, ჭკვიანურადაა გათვლილი.
- მომაფიქრდა! - წამოიძახა უცებ ნიკუშამ, - არის! ევრიკა!
- რა ევრიკა? - ვერ მივუხვდი.
- ვიცი, რაც უნდა გავაკეთოთ.
- რაზე მეუბნები? - დავიბენი.
- დინა ძიძად აიყვანე და დამთავრებულია საქმე.
- რა ძიძად, ვერაფერი გავიგე. საიდან სად გადახტი, თუ ხვდები?
- რომ ვხვდები, იმიტომაც გეუბნები. ცოლი ხომ არ გყავს? არ გყავს. ბავშვს გამზრდელი ხომ სჭირდება? სჭირდება. ჰოდა, მოკიდე იმ შენს დინას ხელი და ძიძად «გამოაცხვე». ბავშვიც შეეჩვევა, შენებთანაც არ შეგექმნება პრობლემები და ყველაფერი მოგვარდება.
ამან მთლად დამაბნია. ნიკას «პროექტი» იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, თავიდან ვერც გავიაზრე, რას მთავაზობდა. მერე და მერე მოვედი გონს. თან დამიჯდა ჭკუაში, თან - არა. რამდენად მისაღები იყო ჩემთვის ეს ყოველივე? ჯერ უნდა გამეანალიზებინა.
- იქნებ სხვა რამეც მოიფიქრო, უფრო…
- უფრო ჭკვიანური? - გაეცინა ნიკუშას.
- არა, ურიგო არც ეს არის, მაგრამ იქნებ სხვა გამოსავალი ვიპოვოთ-მეთქი.
- ამწუთას მეტი არაფერი მომდის თავში. რა ვიცი, კიდევ ვიფიქრებ, მაგრამ მთლად ჩემს იმედზე ნუ იქნები, ცოტა შენც «შეარხიე» გონება, - გამეხუმრა ძმაკაცი.
- რა თქმა უნდა, მეც დავიწყებ ტვინის ჭყლეტას, მაგრამ ხომ იცი, უშენოდ მაინც ვერაფერს გავხდები. ისე, მაგაზეც ვიფიქრებ, თითქოს არ უნდა იყოს ცუდი იდეა.
- მიდი, მიდი, კარგად დაამუშავე ეგ აზრი და მერე ერთად გადავწყვიტოთ, - შემაგულიანა ნიკუშამ…
გაგრძელება იქნება