მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა, მაყურებელს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა. "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან", "ცისკარა", "აბეზარა", "მაია წყნეთელი", "გლახის ნაამბობი" - ეს იმ ფილმების ჩამონათვალია, რომელშიც ახალგაზრდა მსახიობმა დასამახსოვრებელი როლები შექმნა.
გოჩა აბაშიძე 1937 წელს საჩხერის რაიონში დაიბადა, მოგვიანებით ოჯახთან ერთად თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. ახალგაზრდა მსახიობის ოჯახში რთული სიტუაცია იყო - მამა დაპატიმრებული და გადასახლებული გახლდათ, როდესაც დედა მეორედ გათხოვდა. მამა რომ დაბრუნდა, შერიგებას სთხოვდა მეუღლეს, ბავშვების გამო ყველაფერს გაპატიებ, ოღონდ დაბრუნდიო, უთხრა, მაგრამ გოჩას დედა არ დაბრუნდა.
გოჩა აბაშიძე უკვე კინოვარსკვლავი იყო, ნუნუ გაბუნია ცოლად რომ მოიყვანა. მაშინ ქალბატონ ნუნუს სკოლაც კი არა ჰქონდა დამთავრებული – 16 წლის იყო, გოჩა აბაშიძე კი – 19 წლის. ერთმანეთი ნუნუს უახლოესი მეგობრის, ლია თოხაძის მამიდაშვილის დაბადების დღეზე გაიცნეს.
წყვილს მალე ქალიშვილი შეეძინა. გოჩას ძალიან უნდოდა, ბავშვისთვის ხათუნა დაერქმიათ, ნუნუს – მანანა. ცოლ-ქმარი კარგა ხანს დავობდა, ბოლოს გოჩამ დათმო, მაგრამ აკვანს რომ არწევდა, კარგა ხანს „ხა-თუ-ნა, ხა-თუ-ნას“ ეძახდა. სხვათა შორის, მანანამ გორში „მაია წყნეთელის“ გადაღებების დროს აიდგა თურმე ფეხი.
სამწუხაროდ, გოჩას და ნუნუს ბედნიერი თანაცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ ორწლიანი აღმოჩნდა. ქვეყანას მოედო ლეილა აბაშიძისა და გოჩას სიყვარულის ამბავი… ისინი დაშორდნენ….
ლეილა და გოჩა მხოლოდ მოგვარეები არ ყოფილან, ნათესავებიც იყვნენ დედისა და მამის მხრიდან. ნუნუ ლეილასთან მეგობრობდა და უხაროდა, რომ „ჭრიჭინა“ მისი ახლობელი იყო, ლეილაც მის თავს ყველას ისე აცნობდა, როგორც რძალს. ერთხელაც, თელავში იყვნენ გადაღებებზე, როდესაც ერთ-ერთმა მსახიობმა ნუნუს აცნობა, გოჩას დამბაჩა გაუვარდა, ძალიან ცუდად არის, სისხლი ეწამლებაო. გადაღებების დროს ცხენზე მჯდარა, ცხენი დამფრთხალა და გოჩას სადავე რომ მოუქაჩავს, ძალაუნებურად დამბაჩას გამოჰკრა თურმე ხელი. საფანტი მაჯასთან დაგროვებია. ექიმები რომ არ მიმხვდარიყვნენ და ეს ადგილი არ გაეჭრათ, ალბათ, მდგომარეობიდან ვერ გამოიყვანდნენ. სანამ ნუნუ გაბუნია თელავში ჩავიდოდა, ლეილამ გოჩა თავის ოთახში გადაიყვანა, რადგან მაღალი სიცხე ჰქონდა და ის უვლიდა. ისინი არავის გაუფრთხილებია, რომ გოჩასთან მისი მეუღლე ჩაფრინდა (მაშინ რაიონებში პატარა ვერტმფრენები დაფრინავდნენ). ნუნუ სასტუმროში რომ შევიდა, მთელი მომსახურე პერსონალი ლამის კედელთან აკრული დახვდა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა. ალბათ, გარდაიცვალაო, – გაიფიქრა და სიმწრით შეაღო ოთახის კარი. საბედნიეროდ, მეუღლე საღ-სალამათი იხილა, მაგრამ… პაწაწინა ოთახში ორი საწოლი იდგა, გოჩა იწვა და გვერდით ლეილა ჰყავდა ჩამომჯდარი. რომ მცოდნოდა, უკვე კარგად ხარ, ასე ვერ გავრისკავდი, ბავშვს ვერ დავტოვებდიო, უთხრა ქმარს. ლეილა ხელებზე კოცნიდა, ეფერებოდა, ამშვიდებდა, გოჩა კი ეუბნებოდა: აქედან არ გაგიშვებ, რომ წახვიდე დავიღუპებიო… წამოვიდა… გოჩა სულ ეხვეწებოდა შემირიგდიო, ერთხელ ტაქსითაც კი იტაცებდა, მაგრამ მძღოლმა მანქანიდან გადმოყარა – პრობლემები არ მჭირდებაო. „ვერაფრით დააჯერა, რომ მისი ცოლი ვიყავი“, – ამბობდა ქალბატონი ნუნუ, რომელმაც მეუღლეს ღალატი ვერ აპატია, პატარა მანანას ხელი მოჰკიდა და სახლიდან წავიდა…
გოჩა აბაშიძემ სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა - მსახიობმა თავი მოიკლა.
„გადაღებაზე დააგვიანა და ეს გახდა მიზეზი. რეჟისორმა შენიშვნა მისცა, გაბრაზებულმა ელდარ შენგელაიამ, როლიდან მოხსნა. როლიდან მოხსნის შემდეგ, უხელფასოდ დარჩა და ეს მისთვის ძალიან დიდი პრობლემა იყო, რადგან იმ პერიოდში, ძალიან სჭირდებოდა გარკვეული თანხა.
"გოჩა მივიდა კინოსტუდიაში, დირექტორთან დასალაპარაკებლად. იმ დროს, კინოსტუდიაში, ლეილა აბაშიძე და დევი აბაშიძე იმყოფებოდნენ. როცა მამა შევიდა კობახიძესთან კაბინეტში, იქიდან ხმამაღალი საუბარი გამოდიოდა.
მამა ამბობდა, დამაბრუნეთ როლზე, თორემ თავს არ ვიცოცხლებო. კობახიძეს უთქვამს, შენც ახლა ჟორა შავგულიძე არ იყოო, შენ კი არა, შავგულიძეს არავინ გადაჰყოლიაო.
დევი ჰყვებოდა, რომ გოჩა, ჩქარი ნაბიჯით გამოვიდა კაბინეტიდან და მანქანაში, განერვიულებული მანქანაში. დევის ლეილასთვის უთქვამს, გაჰყევი, თავს არაფერი მოიწიოსო.
ლეილა, მართლაც გაყოლია სახლში. მამა სახლში რომ მივიდა, მაგიდაზე ვაზის შესაწამლად გამზადებული შაბიამანი დახვედრია, როგორც ჩანს ბებიაჩემი იმ დროს, მეზობელთან იყო გასული.
აუღია შაბის რამდენიმე მარცვალი, ადუღებულ წყალში გაუხსნია, უფრო სწრაფად რომ გახსნილიყო და დაულევია. ცოტა ხანში, ცუდად გამხდარა.
ლეილა რომ მივიდა, გოჩა უკვე უგონო მდგომარეობაში დახვდა. სასწრაფო გამოიძახა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გადასხმების შედეგად, მეორე დღეს კარგად გახდა.
მეგობრებმა როცა მიაკითხეს, მხიარულად იყო თურმე, კიდეც უმღერია. უთქვამს, რა სულელი ვიყავი, ეს რა სისულელე გავაკეთე, კიდევ კარგი გადავრჩიო“ - ამბობდა გოჩა აბაშიძის შვილი, მანანა აბაშიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
როგორც აღმოჩნდა, საწამლავმა შინაგანი ორგანოები ჩაუწვა. მსახიობი სამი დღის შემდეგ, 24 წლის ასაკში გარდაიცვალა.