ბოშა - თავი 11 - მეორე ნაწილი - Marao

ბოშა - თავი 11 - მეორე ნაწილი

2023-06-02 09:10:32+04:00

წინა თავი

კაზინოში კარგა ხანს შემოვრჩი. მერე ავიბარგე. გზაში გამალებული ვფიქრობდი სამივეზე - დინაზე, ლიზიკოსა და მერიზე. მივხვდი, ჩიხში ვიყავი მომწყვდეული.

გულმა არ მომითმინა და შინისკენ მიმავალმა დედაჩემისკენ გადავუხვიე. გიორგი რამდენი დღეა, არ მინახავს. მომენატრა შვილი. ისიც მენატრებოდა, მეორე - გოგა, ძალიან მინდოდა მომენახულებინა, მაგრამ მიზეზს ვერ ვპოულობდი, რისთვის გამოვცხადებულიყავი მერისთან, რა დამესახელებინა ჩემი ვიზიტის საბაბად…

გიორგის ეძინა. დედაჩემი საყვედურით შემხვდა, მთლად დაივიწყე ბავშვი, ასე როგორ შეიძლებაო. საქმეები მოვიმიზეზე, თავზე მაყრია ყველაფერი-მეთქი. თან გაკვრით კაზინოს ამბები ვახსენე. ქოთქოთი დაიწყო, ის რომ დაგიხურონ, დარჩები უმუშევარი, ან შენ რა გეშველება, ან მე, ან პატარას რა მოვუხერხოთო. მერე ლიზაზე ჩამომიგდო ლაპარაკი, როგორ გაგიმწარა სიცოცხლე, ხომ ვიცოდი, ვინც იყო, ხომ ვგრძნობდი თავიდანვე, როგორ გაგიმრუდებდა ცხოვრებასო.

- ლიზიკო განქორწინებას ითხოვს, - ვთქვი უცებ.

დედა გაშრა, სათქმელი პირზე შეაშრა.

- რა თქვი?

- ხვალ შეაქვს განცხადება.

ქალს ფერი ეცვალა, ეტყობა, ამას ნამდვილად არ ელოდა.

- დაგირეკა თუ მოვიდა?

- არა, ჩემთვის არაფერი უთქვამს, ნიკუშა უნახავს და იმისთვის დაუბარებია.

- მაწაკი! ეგ ხომ ქალი არ არის. ასეც მოგიხდება, შენი ბრალია ყველაფერი, ამდენ ხანს ამდენს რომ უთმენდი, - ქადაგად დავარდა დედა.

- კარგი ახლა, ჰო, ნუ შემჭამე. რაც იყო, იყო. გავშორდები და საბოლოოდ დაისვენებ შენც და მეც.

- ამ ბავშვს რას უპირებ? მე ხომ ხედავ, ძველებურად აღარ შემიძლია, შვილო. ვინმემ ხომ უნდა მიხედოს?

- ძიძას ავიყვან, - ჩემდა უნებურად წამომცდა.

- ძიძას კი აიყვან, არ არის პრობლემა, მაგრამ მაგასაც შერჩევა უნდა. ხომ იცი, დღევანდელ დღეს ძალიან ძნელია ნორმალური ადამიანის მონახვა. ყველას ვერ ენდობი.

- განცხადებას გავაკეთებ და…

- აი, სწორედ მანდ შეიძლება შეცდე. მაგას ჯობია, ნაცნობებში გავიკითხოთ, იქნებ ვინმემ იცო…

- არა, არა, - სასწრაფოდ გავაწყვეტინე, - არ გინდა. ახლა გამახსენდა, ნიკუშა შემპირდა, მაგის ცოლს ჰყავს თურმე ნაცნობი ქალი, უკმაყოფილო არ დარჩებიო. თამრიკოს ვენდობი, ცუდს არ მირჩევს.

- ეგ კიდევ შეიძლება, მერაბ, თამრიკოს შერჩეული ნამდვილად ვერ იქნება ცუდი. კარგი ქალია, თან საბავშვო ბაღის გამგე არ არის? ნამდვილად ეცოდინება ვინმე. ეჰ, ნეტავ შენც შეგხვედროდა ეგეთი ცოლი და ამ ნაგიჟარს არ გადაყროდი.

- კარგი რა, დედა, ხომ გითხარი, ამ თემაზე არ მელაპარაკო-მეთქი. ნუ გადამაყოლებ ახლა ლიზიკოს და მის ჯილაგს, - ვეღარ მოვითმინე და ვუსაყვედურე.

- მე ჩემი გითხარი და აწი შენი საქმისა შენ იცი. გშია?

- არა, არ მშია.

- ჩაისაც არ დალევ?

- აი, ჩაის კი დავლევ. ის მწვანე ჩაი დაგრჩა?

- რომელი, აბა?

- წინა მოსვლაზე რომ დამალევინე, მაგარი იყო.

- ა-ა-ა! ნინამ რომ მომიტანა? კი, როგორ არა, ახლავე მოგიდუღებ.

- მე შევალ ერთი, გიორგის დავხედავ.

ჩემი ბუთხუზა გულაღმა გაშოტილიყო და მშვიდად ეძინა. თანაბრად სუნთქავდა, თან ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. მართლა ძალიან ჰგავდა დინას. თავზე ხელი გადავუსვი და ლოყაზე ვაკოცე. «შემოგევლოს მამიკო, როგორ დაგივიწყე», - ჩავილაპარაკე და პატარა თითუნებზე მოვუჭირე ხელი. ბავშვი შეიშმუშნა, წამით გაახილა თვალები, თითქოს შემომხედა კიდეც, მაგრამ მერე ისევ დახუჭა, გვერდზე შეტრიალდა და ძილი გააგრძელა. ფეხაკრეფით გამოვედი ოთახიდან. «ნეტავ დინა თუ წამოვა ამაზე? - ვფიქრობდი ჩემთვის, - ვაითუ უარი მტკიცოს. ბავშვის ნახვაზე ატეხა ერთი ამბავი და შენ გაზარდე-მეთქი, რომ ვუთხრა, შეიძლება სულ გაგიჟდეს. უარი რომ თქვას, მერე როგორ მოვიქცე? როგორმე უნდა დავარწმუნო», - ამ ფიქრებში ვიყავი, დედამ ჩაი რომ შემომიტანა.

- ვაფლის ტორტს მიაყოლებ? - მკითხა.

- არა, არა, არაფერი არ მინდა.

- გიორგის უყვარს ძალიან, ყოველდღე მთხოვს.

- ბევრ ტკბილს ნუ მიაჩვევ, რა, არ არის მარგებელი, ხომ იცი.

- პირიქით, შვილო, პირიქით. ტკბილი ამ ასაკში სასარგებლოა, ბავშვს კარგი მახსოვრობა ექნება, - არ დამეთანხმა, - შენ და შენს დასაც სულ ტკბილეულს გატენიდით, დაგავიწყდა?

- ჰო, ამიტომაცაა, დღემდე რომ მიყვარს შოკოლადი და კბილები რომ აღარ შემრჩა, - გავიცინე და ჩაი მოვსვი.

- შაქარი ხომ არ აკლია?

- არა, კარგია.

- ახლა რას აპირებ?

- რაზე მეკითხები?

- კაზინოები თუ დახურეს, რა უნდა ქნა?

- სხვა რამეს გავხსნი, მე და ნიკუშამ უკვე ვილაპარაკეთ.

- სხვა რა უნდა გახსნა, მერაბ? - ჩამეძია დედა.

- რა ვიცი, მილიონი რაღაცის გაკეთება შეიძლება: რესტორნის, პოკერკლუბის, ტოტალიზატორის…

- საბილიარდოსი, - ჩამაწვეთა უცებ.

- საბილიარდოსი? ყოჩაღ, დედი! ეგ არ არის ცუდი ვარიანტი, ვიფიქრებ მაგაზე მე, - თუთაშხიასებურად მოვუქციე, რაზეც ორივეს გულიანად გაგვეცინა.

- კი მაგრამ, ისე როგორ ხარ დაკავებული, რომ გიორგის ერთხელ არ მოაკითხე? ბავშვი სულ შენ გკითხულობს, სულ შენს ხსენებაშია.

- აწი უფრო ხშირად მოვალ. ცოტაც მაცალე და ძიძის ვარიანტი თუ გამომივიდა, მალე წავიყვან, - ვთქვი, თან დედას თვალი ავარიდე, თითქოს დინას ამბავს მიმიხვდებოდა.

- უნდა მიხედო, შვილო, აბა, როგორ იქნება. დედა ამისთვის არ არის და შენ მაინც მიაქციე ყურადღება. ცოდოა ბავშვი. მე კი არაფერს დავაკლებ, მაგრამ მშობლის ხელი სულ სხვაა, ხომ იცი.

- ვიცი, დედი, ვიცი, მაგის სწავლება არ მჭირდება, - დატუქსული ბავშვივით ჩავილაპარაკე და ჩაის სმა გავაგრძელე.

8 8 8

მთელი ღამე მკვდარივით მეძინა, გემრიელად, ძალიან გემრიელად. როგორც ჩანს, უქალობით «დამშეული» ვიყავი. დინასთან შეხვედრა მომიხდა. დილით ტელეფონის ზარის ხმამ გამომაღვიძა. ძლივს გავახილე თვალი, საათს შევხედე - თერთმეტი ხდებოდა. რამდენ ხანს მძინებია, მე თვითონ გამიკვირდა. ყურმილს დავწვდი - ლიზიკო იყო, მისმა ხმამ მსწრაფლ გამომაფხიზლა.

- მე ვარ, - ცივად თქვა.

- მივხვდი, - იმავე ტონით ვუპასუხე.

- ჰო-ო? მეგონა, უკვე დაგავიწყდა ჩემი ხმა.

- არა, რას ამბობ, შენს ხმას რა დამავიწყებს, საუკუნეა, ყურში ჩამესმის, - არ «დავიშურე» ირონია.

- მალე დაგავიწყებ, ამიტომაც გირეკავ. ნიკუშა ალბათ გეტყოდა…

- რა თქმა უნდა, მითხრა.

- მერე?

- რა მერე?

- რა აზრის ხარ?

- შენ როგორ გგონია?

- აბა, მე რა ვიცი.

- შენი სურვილის წინააღმდეგ როგორ გავბედავ წასვლას, - ჩავიცინე, - როგორც ისურვებ, ისე იქნება, ქალბატონო ლიზა.

- ჰოდა, დღეს შემაქვს განცხადება, რომ იცოდე. მერე არ მითხრა, არ ვიცოდიო.

- მაგას როგორ გეტყვი! - ისევ ჩავიცინე.

- იცი, ალბათ, რომ განქორწინება ფული ღირს. იმედია, არ დაწვრილმანდები და ამ თანხას შენ გადაიხდი.

- როგორ? - ხმას ავუწიე.

- როგორც გაიგე.

- იცი, რას გეტყვი, ჩემო კარგო? გაყრას შენ ითხოვ და ფულიც შენ გადაიხადე. გეყო, რაც შენი გულისთვის ფულები გადამიყრია! - ახლა კი ვეღარ შევიკავე თავი.

- რა, არ გინდა დავშორდეთ? - ტონს არ იცვლიდა ცოლყოფილი.

- ახლა უფრო ძალიან მინდა, ვიდრე ოდესმე, მაგრამ არა ჩემს ხარჯზე, «უძვირფასესო»! სულ არ მადარდებს, შენთან ხელი მოწერილი მექნება თუ «გაწერილი». ეგ შენი პრობლემაა და შენ მოაგვარე.

- კარგი, ეგრე იყოს. მოვა დრო და ამას ინანებ. ამ დღეებში მოგივა სასამართლოს უწყება. იმედია, მობრძანდები. მართალია, კანონით გაიწელება ეს პროცესი, მაგრამ რას ვიზამთ, უნდა მოვითმინოთ.

- სამ დღეში მოვაგვარებ მაგ საკითხს, არ იდარდო, სამ დღეში გაგათავისუფლებ ჩემგან, - ჩავძახე ყურმილში და დავკიდე.

ახლა მივხვდი, როგორ მიკანკალებდა ხელები. ხედავთ? თურმე ავღელდი. რატომ? მისმა ტონმა გამაცოფა და იმიტომ, იმანაც გამაცოფა, ფულის გადახდას რომ მთხოვდა. პრინციპულად არ მოვიქცევი ასე. არ იმსახურებს და იმიტომ! თორემ ფული არაფერ შუაშია.

ავდექი, მოვწესრიგდი, თანდათან გამიარა ბრაზმა და დავშოშმინდი. კიდევ კარგი, ასე მოხდა, თორემ სიცოცხლის ბოლომდე რა გამაძლებინებდა ასეთ ქალთან! არ ვამტყუნებ დედაჩემს, მონსტრს რომ ეძახის. ჯობია, დროზე გავთავისუფლდე მისგან და ჩემს გზას მივხედო. მასთან დაშორებით ბევრი რამ შეიცვლება ჩემს ცხოვრებაში.

რამდენი საქმე მაქვს მოსაგვარებელი. სასამართლოში უამრავი ნაცნობი მყავს. დროზე ადრე გავაკეთებ განქორწინებას. დღეს დინასაც უნდა შევხვდე, მერე ქართულის მასწავლებელი უნდა მოვუძებნო, ძიძობაზეც დავიყოლიო და თავისივე შვილი გავაზრდევინო. კარგ ხელფასს დავუნიშნავ, მეტი რა ვქნა? დინას ისე უყვარს ფული, არა მგონია, უარი თქვას. გარდა ამისა, ხვალ მაინც ვეცდები, ჩემი გოგა ვნახო. დაველაპარაკები ბავშვს, მასთან დაახლოების გზებს მოვძებნი, გავუშინაურდები. მერისაც დაველაპარაკები, იქნებ დავიყოლიო და ბიჭთან შეხვედრის უფლება მომცეს. ან რატომ არ უნდა მომცეს? ბოლოს და ბოლოს, მამა ვარ! რატომ არ უნდა იცოდეს ჩემმა შვილმა ეს? ამას ნამდვილად ვერ ამიკრძალავს. აი, რამდენი საქმე დამიგროვდა. თანაც არც ერთი სახუმარო და გადასადები არ არის. ამ ყველაფერზეა დამოკიდებული ჩემი შემდგომი ყოფა, ჩემი და ჩემი შვილების მომავალი…

7 7 7

სახლიდან გამოვედი თუ არა, დედაჩემთან გავიარე, გიორგი მინდოდა მენახა. დღეს შაბათია, სკოლაში არ მიდის. მომენატრა, ცოტას მაინც მოვეფერები. სათამაშოების მაღაზიაში შევიარე, პისტოლეტი და რამდენიმე საკოლექციო მანქანა ვუყიდე. უცნაურია ცხოვრება. ორი ვაჟი მყავს და ორივეს გიორგი ჰქვია. განა ბედის ირონია არ არის? ვის გინდა აუხსნა ყოველივე? ქვეყნის სალაპარაკო გავხდები. რაც იქნება, იქნება. ზოგს ამაზე უარესი ამბები ემართება. რა მოხდა მერე?! ახალგაზრდული შეცდომა იყო და სხვა არაფერი. ასეთი შეცდომის გამოსწორება კი ყოველთვის შეიძლება.

…გიორგი ტახტზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. ჩემ დანახვაზე წამოხტა, ჩემკენ გამოქცევა დააპირა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა და თითქოს შერცხვაო, ადგილზე დარჩა.

- მამიკო, მოდი ჩემთან, ვერ მიცანი? - მივესიყვარულე ბავშვს.

მორიდებით გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი, თან დარცხვენილი იყურებოდა.

- ჰა, რაღას უცდი? - შევძახე.

უცებ მოწყდა ადგილს, გამოიქცა და ყელზე ჩამომეკიდა. ხელში ავიტაცე.

- აუჰ! რამხელა გაზრდილა ჩემი ბიჭი, როგორ დამძიმებულა! - მკერდზე მივიხუტე და ჩავკოცნე, - როგორ ხარ, მამი?

- კარგად, - ჩუმად მითხრა.

- იცი, როგორ მომენატრე?

გაიცინა.

- რა გაცინებს, შენ არ მოგენატრე?

თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად.

- გინდა ჩემთან წაგიყვანო?

არ მიპასუხა, უფრო მჭიდროდ მომხვია ხელები.

- ჰე, მითხარი ახლა, გინდა თუ არ გინდა?

- მინდა, - ყურში ჩამჩურჩულა.

- ცოტა ხანს მაცალე და აუცილებლად წაგიყვან, მერე კი სულ ერთად ვიქნებით. ცირკში გატარებ, ზოოპარკში, მულტფილმებზე…

ახლა უფრო გულიანად გაიცინა. მონატრებული იყო პატარა ამ ყველაფერს. დედაჩემი შორიახლოს იდგა და ცრემლმორეული უყურებდა ამ სცენას.

- ჭკვიანი ბიჭი გყავს, სულ არ მაბრაზებს, - თქვა დედამ, მოგვიახლოვდა და ბავშვს თავზე გადაუსვა ხელი, - ამას რომ წაიყვან, მერე ბებიკოს რა ეშველება უმაგისოდ?

- შენ სანახავადაც მოვალთ, ბებო, კი არ დაგივიწყებთ, - გიორგის მაგივრად ვუპასუხე ენამოჩლექით და ბავშვი ძირს ჩამოვსვი, - აგერ შენ საჩუქრები, წადი, ითამაშე, - ვუთხარი და პარკი ხელში მივაჩეჩე.

თვალები გაუბრწყინდა, დასტაცა ხელი სათამაშოებს და ტახტისკენ გაიქცა. რიგრიგობით ამოალაგა ყველაფერი, თან კმაყოფილების ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.

- ხომ მშვიდობაა? - მკითხა დედამ.

- კი, მშვიდობაა.

- აბა, ამ დროს რამ მოგიყვანა?

- ვიფიქრე, ბავშვს ვნახავ-მეთქი. წუხელ ეძინა და…

- ის არ გამოჩენილა? - ლიზიკოს გულისხმობდა.

- დილით დამირეკა.

- რაო?

- არაფერი, განცხადება შემაქვსო.

- უჰ, უჰ, როგორ შეუშინებიხარ! შეაქვს და შეიტანოს, მაგაზე დაგიდგა დარდი! - აიფოფრა დედა.

- მეც დაახლოებით ასე ვუთხარი.

- შენთვის ასე ჯობია, შვილო. შენთვის კი არა, მისთვისაც. არ ხართ თქვენ ერთმანეთისთვის გაჩენილი წყვილი. მე დიდი ხანია, ეს ვიცი.

ღრმად ამოვიხვნეშე.

- რამეს ხომ არ ნანობ, მერაბ? - არ ესიამოვნა დედას ჩემი «ოხვრა-ვიში».

- არა, არა, რას უნდა ვნანობდე, რა მაქვს სანანებელი. ჩემი შვილი რომ არ უყვარს, ისეთი ქალი ნამდვილად არ მჭირდება.

- ეგა თქვი შენ. ქალის მეტი რა არის, მილიონი უკეთესი გამოჩნდება. შენ მხოლოდ მოინდომე და აქეთ დაგიწყებენ ხვეწნას, ანგელოზივით კაცი ხარ, - დედამ ახლა მე გადამისვა თმაზე ხელი.

თავი გავწიე, მეუხერხულა, პატარა ბიჭივით რომ მომექცა. გიორგისკენ გავიხედე. რაღაც უცნაური მზერა დავიჭირე. მივუახლოვდი.

- რა იყო, მამი? - ჩურჩულით ვკითხე.

თავი დახარა და სათამაშოებს ხელი უშვა.

ნიკაპქვეშ ამოვდე ხელი და თვალებში ჩავხედე.

- რა გჭირს, არ მეტყვი?

რაღაც ჩაილუღლუღა, ვერ გავიგე.

- ცოტა ხმამაღლა, არ მესმის.

- დედასთან არ მინდა, - ძლივს ამოთქვა და თავი ისევ დახარა, ხელები ფეხებშუა მოიქცია და მოიბუზა.

გული მომიკვდა. მის გვერდით დავჯექი, კალთაში ჩავისვი და ყურში ვუჩურჩულე.

- არც მე მინდა. ის დედა წავიდა და აღარ დაბრუნდება. გაიგე?

თავი დამიქნია.

- გინდა ახალი დედა მოვიყვანოთ? - ჩუმად ვკითხე, თითქოს დიდ საიდუმლოს ვანდობდი.

უცებ ამომხედა, ხომ არ მეხუმრებაო. გამომცდელად შევხედე.

- ჰა, რას იტყვი? კარგი დედიკო, ლამაზი, ახალგაზრდა…

გულიანად გაიცინა.

- ხომ გინდა? - ჩავეძიე.

მხრები აიჩეჩა, მერე ჩემკენ მოტრიალდა, პერანგის ღილს დაუწყო წვალება და უცებ მკითხა.

- ორივე ვეყვარებით?

მღელვარებისაგან სუნთქვა შემეკრა. თურმე რას დარდობს ბავშვი. გულში ჩავიხუტე.

- სამივე ვეყვარებით, გიო, სამივე - მეც, შენც და ბებოც. ოღონდ ჯერ არა. ჯერ ვიყოთ მარტო. კაცები არ ვართ? ვიაროთ ერთად, ვისეირნოთ, დავათვალიეროთ ქალები და მერე ერთად ავარჩიოთ ახალი დედიკო. თანახმა ხარ? - გავეხუმრე.

თავისი ლამაზი თვალებით შემომხედა და ახითხითდა. მისმა ბავშვურმა სიცილმა მეც გამომიკეთა ხასიათი…

7 7 7

კარგა ხანს შემოვრჩი დედაჩემთან. წამოსვლის წინ ასი ლარი დავუტოვე და ბაზრობისკენ გავწიე. დინა დათქმულ ადგილას მელოდა. ჩემ დანახვაზე სახე გაუნათდა, ჩქარი ნაბიჯებით გამოემართა მანქანისკენ, წინა კარი გამოაღო და ჩემ გვერდით დასკუპდა.

- პრივეტ, კრასავჩიკ, - მხიარულად მომესალმა და ეშმაკურად გადმომხედა.

- ვაჰ, ისევ კრასავჩიკი გავხდი? რას მივაწეროთ ეს ამბავი? - სიცილი ამიტყდა.

- ტი სრაზუ პამალადელ, - თვითონაც გაიცინა.

- ესე იგი, გინდა თქვა, რომ შენთან შეხვედრამ გამაახალგაზრდავა?

- ტაკ ტოჩნა.

- გასაგებია. ახლა საბოლოოდ დავასკვენი, რომ ჯადოქარი ხარ.

- კალდუნია, და?

- ტაკ ტოჩნა.

ორივეს გაგვეცინა.

- რა ვქნათ, საით წავიდეთ, დინაჩკა?

- კუდა ხოჩეშ, მნე ვსიო რავნო.

- ჩვენს აგარაკზე ხომ არ ავიდეთ? - ასე მერჩივნა, შინ მიყვანა სახიფათოდ მეჩვენებოდა, არ იყო გამორიცხული, ლიზიკო დამდგომოდა თავს.

- აგარაკი ეტა ჩტო? - ვერ მიხვდა.

- ეტა დაჩა, ჩემო დინა, დაჩა.

- ეტა გდე ია რაბოტალა, და?

- ყველაფერი გახსოვს, არაფერი გავიწყდება, კალდუნია, არა? - გავუღიმე და ლოყაზე მსუბუქად ვუჩქმიტე.

- ია პაკა მალადაია, ვსიო პომნიუ.

- პომნიუ კი არა, მახსოვს.

- მასხოვს.

- მასხოვს კი არა, მახსოვს, გოგო, ასოებს ნუ ურევ ერთმანეთში.

- მახ-სოვს, - დამარცვლით გაიმეორა.

- აი, ასე.

მანქანა დავძარი და ნელა დავუყევი სანაპიროს.

- რას შეჭამ, რა წამოვიღო?

- ნიჩივო ნე ნადა, სიტა ია.

- აბა, ახლა ეგეთები არ გამაგონო. ახლა არ გშია, მერე მოგშივდება. იქ კი სრული სიღატაკეა, საიდანღა მოვიტანო საჭმელი? ახლავე მითხარი, რა წავიღოთ.

- ნე ხაჩუ ია, კლიანუს.

- გოგო, შენ ჩემი მტერი ხომ არა ხარ? - ყასიდად დავტუქსე, - შენ თუ არ გინდა, მე მინდა. მე რომ მომშივდება, შენ მაჭმევ თუ?

- მერაბი დინა შეჭამოს, - გაიხუმრა და აკისკისდა.

- დინას შეჭმა არ მიშველის, დინა კუჭს კი არ უყვარს, გულს უყვარს, შე ოხერო. გაიგე?

- პანიალა. ტაგდა კუპიმ პერაშკი ი აგურცი. ბოლშე ნიჩევო.

- ხაჭაპური ნე ხოჩიშ? - იმერულად მოვუქციე, თან სიჩქარეს მოვუმატე. ერთი სული მქონდა, ადგილზე როდის მივიდოდით.

- ტოჟე მოჟნა.

- აი, ხომ ხედავ, ხაჭაპურიც ხოჩიშ. კიდევ მოგინდება შენ რაღაცები. შოკოლადი?

- ტი ჟე ზნაეშ, ნე ლუბლუ ია შაკალად.

- მართლა? არ მახსოვს. გუშინ კარგად «მიახვიე»?

- ჩტო ტი სკაზალ? - «მიახვიეს» მნიშვნელობას ვერ ჩაწვდა მისი გონება.

- ვჩერა ჟე პაკუშალა? - «გადავუთარგმნე».

- და ეტა ტაკ, ნე ბილა დრუგოვა ვიხოდა. პოსლე კანიაკა ნადა ბილა ზაკუსივატ.

- აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. კარგი, ამას დავიმახსოვრებ. დასალევი რა გინდა?

- პეპსი.

- ხვალიუ, ხვალიუ. გემოვნება გაქვს, ჩემო პირადო მკითხავო. ჰო, მართლა, ხომ მიმკითხავებ? შვიდი წელია, ეს სიამოვნება არ მოგინიჭებია ჩემთვის.

- ნეტ, - უცებ მომიჭრა.

- რათა, რათა?

- კარტი არ არის.

- ვიყიდოთ, შე ქალო, მაგაზე დაგზარდები?

- ნე ნადა, ვრემია ნე ბუდიტ, - ეშმაკურად შემომღიმა.

- აჰა, შენს ხელებს სამკითხაოდ არ ეცლება, არა? აბა, რა უნდა აკეთონ ამ ლამაზმა თითებმა? - მის ხელს დავწვდი და ტუჩებთან მივიტანე, ვაკოცე.

პასუხი არ გამცა, მაგრამ ისეთი სიყვარულით შემომხედა, ყველაფერი ნათქვამი იყო.

- ო კეი, ასე იყოს.

პირველსავე მარკეტთან გავაჩერე მანქანა, გადავედი და რაც დამაბარა, იმაზე მეტი ვიყიდე. უცებ მარკეტის გვერდზე წარწერას მოვკარი თვალი: «სილამაზის სალონი ზიზა». გამახსენდა, ეს ის სალონი იყო, ერთხელ დინა რომ დავარცხნეს… რაღაც აზრმა გამკრა თავში. სანოვაგით სავსე პარკი მანქანაში ჩავდე, დინას დავუბარე, ახლავე მოვალ-მეთქი და პირდაპირ სალონში შევაჭერი. ყავის სურნელი ტრიალებდა ჰაერში. ვიღაც პატარძალს საქორწინო ვარცხნილობას უკეთებდნენ. ორი სტილისტი დასტრიალებდა თავს. აი, რითია შაბათი დღე ღირსშესანიშნავი.

- რა გნებავთ? - შემომეგება მაღალი, გამხდარი ქალი, ალბათ ე.წ. ადმინისტრატორი, რომელიც ყავას ადუღებდა.

- უფროსის ნახვა სად შეიძლება? - ოფიციალური დავიჭირე.

- ახლავე. ლე-ლა! შენთან არიან, - დაიძახა ქალმა და ისევ ელექტრომადუღარას მიუბრუნდა.

ოთახის სიღრმიდან სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალი გამოვიდა. მაშინვე ვიცანი. ის იყო, ვინც მაშინ დინა დავარცხნა. ცოტა ასაკი დასტყობოდა.

- გამარჯობა, - თავაზიანად მივესალმე.

- გაგიმარჯოს. გისმენთ, რა გნებავთ?

- თქვენთან სალაპარაკო მაქვს, იქნებ სადმე ცალკე გავიდეთ?

- აქეთ მობრძანდით, - იქითკენ მიმითითა, საიდანაც თვითონ გამოვიდა და წინ გამიძღვა.

სალონის ეს «განყოფილება», როგორც ჩანს, მოსაცდელის როლს თამაშობდა. დივანი, სამი სავარძელი და შუშის მაგიდა იდგა მომცრო ოთახში. დავსხედით.

- ლელა, თქვენს სალონს მასაჟისტი თუ ემსახურება? - დავიწყე გამოკითხვა.

- მასაჟისტი? არა, სამწუხაროდ, ასეთი სერვისი არ გვაქვს.

- რატომ? არ არის მომგებიანი?

- იცით? მაგაზე არ მიფიქრია. ადრე კოსმეტოლოგი მყავდა, აი, იმ კაბინეტში, - საჩვენებელი თითი კუთხის ოთახისკენ გაიშვირა, - მაგრამ მაინცდამაინც არ გაამართლა და შტატი გავაუქმე.

- მე მაქვს საქმიანი წინადადება, ოღონდ ჯერ ბოლომდე მომისმინეთ.

- კი ბატონო, გისმენთ.

- ერთი ძალიან კარგი გოგოა, მოლდავეთში აქვს გავლილი მასაჟის კურსები, თან ბიოდენებიც აქვს. საოცარ მასაჟს აკეთებს. იქ უამრავი კლიენტი ჰყავდა, ვეღარ აუდიოდა საქმეს. ვიფიქრე, არ იქნებოდა ურიგო, თბილისშიც გაეგრძელებინა თავისი პრაქტიკა. ახლა აქ ცხოვრობს. თქვენთან ხომ არ ვცადოთ? თუ გაამართლებს, ხომ კარგი, თუ არადა, თქვენც კარგად იყავით და მეც, - გავშალე ხელები და მრავალმნიშვნელოვნად გავუღიმე.

- ვერ გეტყვით… არც კი ვიცი, რა გითხრათ. ჩემი სალონი ისეთი მომგებიანი არ არის, რომ ახალი თანამშრომელი მივიღო და ხელფასი ვუხად…

- ხელფასზე არ მაქვს საუბარი. თუ თანახმა იქნებით, ჯერ ვცადოთ და მერე გამოჩნდება, რა და როგორ. მოდით, შაბათ-კვირას იაროს, რეკლამას მე გაგიკეთებთ, კლიენტების მოზიდვა ჩემზე იყოს. ფასი თქვენ დაადეთ და…

- რა ვიცი, მოვიფიქრებ… ძირითადად რა დაავადებებს მკურნალობს?

- მაგას გავარკვევ, იმ კვირაში მოვიყვან და თქვენც დაელაპარაკეთ. იქამდე მე დაგიკავშირდებით. ჩამაწერინეთ თქვენი ტელეფონი.

ლელამ მობილურის ნომერი მიკარნახა. თავაზიანად დავემშვიდობე უნებლიეთ გამოჩენილ «კეთილ ფერიას» და სალონი დავტოვე.

- გდე ტი ბილ? - დაინტერესდა დინა, მანქანაში რომ ჩავჯექი.

- მერე გეტყვი, - არ ვუთხარი, სხვა დროისთვის გადავდე. რა ვიცი, როგორ შეხვდება ამ ამბავს.

გზა ისე გავლიეთ, არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. მთელი სისწრაფით მივქროდი, რომ დროზე ავსულიყავით აგარაკზე. როგორც იქნა, ჩვენი ოღროჩოღრო «ტრასაც» გამოჩნდა. აქ კი შევანელე სვლა…

… მეორე სართულზე ავედით. რამდენი ხანია, აქ არ ვყოფილვარ, მტვერი დასდებია ყველაფერს. ოთახშიც დახუთული ჰაერი იდგა. ფანჯრები და კარები გამოვაღე, ცოტა განიავდეს-მეთქი. დინაც დიასახლისივით დატრიალდა, მტვერს დაუწყო გადაწმენდა.

- შეეშვი, დინა, დაისვრები.

- პადაჟდი, უბერუ ნემნოჟკა. კაჟეტსია, პოსლე მენია ტი ნი რაზუ ზდეს ნე ბივალ, და? - გამიცინა.

- ვიყავი, მაგრამ რომელი ქალი მე ვარ, რომ დამელაგებინა, - ვიმართლე თავი.

როგორც იქნა, ჩემმა მზეთუნახავმა დაამთავრა «გენერალური დასუფთავება» და ტანსაცმელი ჩამოიფერთხა. შევათვალიერე. ისევ ისე, ბოშურად ეცვა. როგორც ჩანს, მკვეთრი ფერები ძალიან უყვარს - ლურჯი ზედატანი და წითელი ქვედაბოლო უმშვენებდა ნატიფ სხეულს.

- ხვალ ახალ ტანსაცმელს გიყიდი, ქართველ ქალს უნდა დაგამსგავსო, - ღიმილით ვუთხარი.

- მნე ნიჩივო ნე ნადა, ი ტაკ ხარაშო, - დაიმორცხვა.

- ნადა, ნადა, მაია კალდუნია, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ, ახლა წამო, ხელებს დაგაბანინებ, - მაჯაში ჩავავლე ხელი და სასადილო ოთახში გავიყვანე.

ჩემდა გასაკვირად, წყალი ჯერ კიდევ მოდიოდა, უფრო სწორად, მოწანწარებდა ონკანიდან, მაგრამ რას დავეძებდი, ხელების გადაბანა თავისუფლად შეიძლებოდა…

- ჯერ ვჭამოთ და მერე… თუ…

- თუ, - თქვა დინამ და გადაიკისკისა.

ისეთი საყვარელი იყო, ვეღარ მოვითმინე, ჩემკენ მოვიზიდე და გულში ჩავიკარი. მისი სურნელი შევისრუტე - ისევ ისეთი, როგორც ყოველთვის - ჩაის, ბალახების თუ რაღაც ამდაგვარი.

- კაკ ია ლუბლუ ტებია, - ვნებიანად ჩურჩულებდა და თავდავიწყებით მკოცნიდა, სადაც ტუჩები მოუხვდებოდა. ხელში ავიტატე და საძინებლისკენ გავემართე. ახლა ისე აღარ ვჩქარობდი, როგორც გუშინ, ნელ-ნელა დავუწყე გახდა, თან თვალს ვაყოლებდი მის ხორბლისფერ კანს და ვტკბებოდი მისი სხეულის მშვენიერებით. ცოტა შევსებული კი იყო, სამაგიეროდ, ძალიან უხდებოდა. ბოლომდე გავაშიშვლე. საოცარი სანახავი იყო. გლუვი კანი ჰქონდა, პრიალა, სალუქი. ვნება ისე მომეძალა, თავს ვეღარ ვერეოდი. მკვრივი მკერდი სასიამოვნოდ უთრთოდა, ხელი შევავლე, ენით აუწერელ სიამოვნებას მანიჭებდა ამ ქალის ალერსი. თვალებმილულული კატასავით კრუტუნებდა, ტუჩებით ჩემს ტუჩებს ეძებდა, რომ კოცნაზე კოცნით ეპასუხა… სამარისებურ სიჩუმეში მხოლოდ ჩემი ხშირი სუნთქვა და დინას ვნებიანი კვნესა ისმოდა…

7 7 7

იმ ღამეს იქ დავრჩით. დინა ისე გაშინაურდა, შიშველმა დაიწყო ოთახებში ტანტალი. გაბრუებული ვიყავი. ასეთი გემრიელი დღეები კარგა ხანია არ მქონია. თითქოს რაღაც დიდი დანაკლისი შევივსე. გულაღმა გაშოტილი გაბადრული მივშტერებოდი ხან ჭერს, ხანაც ოთახში შიშველ მახასავით მოსიარულე სასურველ ქალს… გვიან ვივახშმეთ. ისე მადიანად ვილუკმებოდით ორივე, სიცილი წაგვსკდა, თურმე როგორ მოგვშიებია და ვერ ვგრძნობდით.

…მერე კვლავ ლოგინში შევწექით. რა უნდა გვეკეთებინა, შუქი არ იყო და რომც ყოფილიყო, ტელევიზორი მაინც არ გვქონდა. ისევ ერთმანეთი უნდა გაგვერთო. მთელი ღამე არ გვიძინია, ან კი რა დაგვაძინებდა. ორივე მოწყურებული ვიყავით ერთმანეთის ალერსს. მხოლოდ გამთენიისას, როგორც იტყვიან, პირველმა მამალმა რომ იყივლა (არადა, მართლა იყივლა), მოითენთა, კიდევ ერთხელ კმაყოფილი გაიზმორა, მაკოცა, ზურგი შემაქცია და ძილს მისცა თავი. კარგა ხანს გაუნძრევლად ვიწექი, არ გავაღვიძო-მეთქი, მერე წამოვდექი, ჩავიცვი და სასთუმალთან დავუჯექი. ვუყურებდი მძინარეს და ვტკბებოდი.

«მე ამისგან ქალს დავაყენებ, - ვფიქრობდი ჩემთვის. - კარგ ქართულს ვასწავლი, ხალხში გამოვიყვან, მოქცევის წესებს დავამხეცებინებ, სამსახურს დავაწყებინებ, ბავშვს გავაზრდევინებ, მერე კი… მერე შეიძლება მის ცოლობაზეც ვიფიქრო. რატომაც არა, რამდენ კაცს ჰყავს საქართველოში სხვა ეროვნების ცოლი? ძალიან ბევრს. ვინ იცის, დინა რომ ბოშაა? მხოლოდ მან, მე და ნიკუშამ. ნიკა ჩემი ძმაა, არსად არაფერს იტყვის. მეც გამოვაცხადებ, მოლდაველ ქალს ვირთავ ცოლად-მეთქი, ვის რა პრეტენზია ექნება? იმედია, არც არავის. ყველა სიკეთესთან ერთად, დინა მართლმადიდებელია, ამის პრობლემა მაინც არ შემექმნება». აი, ასეთ გეგმებს ვაწყობდი…

გაგრძელება იქნება