ბრიტანული Vogue-ის მარტის ნომრისთვის ჟურნალისტი ედვარდ ენინფული ანჯელინა ჯოლის შეხვდა, რათა განეხილა მისი ბოლო სარეჟისორო პროექტი, წიგნი Amnesty International-თან და მისი მუდმივი ბრძოლა ქალებისა და ბავშვების უფლებებისთვის.
მსახიობმა ინტერვიუს დროს შვილებზე, დედობასა და ასაკზე ისაუბრა:
"ახალგაზრდა თაობაზე დიდ იმედებს ვამყარებ. შესაძლოა, ეს იმიტომ ხდება, რომ ექვს ბავშვთან ერთად ვცხოვრობ.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა და დედა ვყოფილიყავი, ოჯახი არ წარმომედგინა ჩვეულებრივი, ტრადიციული გაგებით. ვგრძნობ, რომ მაკლია ყველა უნარი, რომ ვიყო ტრადიციული, სახლში მყოფი დედა.

ბოლო რამდენიმე წელი საკმაოდ რთული იყო. მხოლოდ ოჯახზე ვიყავი ფოკუსირებული. მომწონს, რომ ასაკი მემატება. ორმოციან წლებში ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვიდრე ახალგაზრდობისას. შეიძლება იმიტომ, რომ… არ ვიცი… შეიძლება იმიტომ, რომ დედაჩემმა დიდხანს ვერ იცოცხლა. ასე რომ, ასაკთან დაკავშირებით არის რაღაც, რაც ჩემთვის სევდის ნაცვლად გამარჯვებასთან ასოცირდება.
მოუთმენლად ველოდები, 50 წლის როდის გავხდები - ვგრძნობ, რომ მაშინ ბევრს მივაღწევ."