მუსიკოსი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის საკუთარ გვერდზე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით აზრს ყოველთვის ღიად აფიქსირებს და ჯანმრთელობისა და წონის კლების შესახებ მეგობრებს გამოცდილებასაც უზიარებს. ამჯერად მაიკო მენტალური ჯანმრთელობისა და პანიკური შეტევების შესახებ წერს:
"პანიკური შეტევა - ესღა მაკლდა. მე, ზოგადად, საკუთარ თავზე არ მაქვს შიში, თუ რა მომივა, სიკვდილისაც არ მეშინია, მაგრამ! ეს რა საშინელება ყოფილა, ახლა როგორ მესმის იმ ადამიანების, ვისაც ეს გადაუტანია ან გადააქვს. ვაიმე, ხალხნო, გულით თანაგიგრძნობთ. ეს სიკვდილზე უარესია - არც აქ ხარ, არც - იქ. მართლა იმ კაცის არ იყოს, “არც აქანა მიმიღონ, არც იქანეო”.
ზუსტად 2 საათის განმავლობაში მათრია, მსგავსი არაფერი გამიგია, არადა მშვიდად ვიყავი უცებ რომ მოვიდა, სულ ცხვირ-პირი მამტვრევინა. ღმერთო, ეს მეორედ რომ განმეორდეს, ვერ გავუძლებ. სასწრაფო მყავდა და ექიმმა, ყოველი მესამე გამოძახება ამ მიზეზით გვაქვსო. ეს არის წამება. კი, 3 წელს მქონდა დეპრესია, ასოციალურობა, უიმედობა, სიცარიელე, მაგრამ ეს? არა, ეს არ მინდა არანაირად კიდე რომ მოვიდეს, ვემზადები, სასტიკად უნდა ვებრძოლო, თავისას არ გავატანინებ, უბრალოდ, არ ვიცოდი, რა იყო და მაგიტომ მახოხიალა ასე.
“პანიკური შეტევები” მაქვსო, რომ იძახდნენ, ძალიან მეცინებოდა ხოლმე, რაღაც მოდა მეგონა, მაგრამ სიტყვა არ შემარჩინო, არა, სამართლიანო ცხოვრებავ, მიბრუნე უკან ყველაფერი არასწორი, რაც გამიკეთებია და მითქვამს.
მოკლედ, მართალი რომ გითხრათ, მართლა მაგრად დავიღალე, მეგობრებო" - წერს მაკო კაჭკაჭიშვილი.
ფსიქიკური, ფსიქოლოგიური და მენტალური ჯანმრთელობა დღეს მთელ მსოფლიოში აქტუალური საკითხია. ადამიანები სულ უფრო ხშირად და ღიად საუბრობენ იმაზე, რაც წლების წინ დაფარული თემა იყო. საკუთარი პრობლემის აღიარება, მისთვის სახელის დარქმევა და საჭირო დახმარების თხოვნა/მიღება ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალია.
ფსიქიკური ჯანმრთელობა გულისხმობს ადამიანის ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას. ის გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვფიქრობთ, ვგრძნობთ და ვმოქმედებთ, და ის გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდებით სტრესს. ფსიქიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია ცხოვრების ყველა ეტაპზე, ბავშვობიდან და მოზარდობიდან სრულწლოვანებამდე.
მეორე მხრივ, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა გულისხმობს ადამიანის ემოციურ და კოგნიტიურ კეთილდღეობას. ის მოიცავს ჩვენს აზრებს, გრძნობებსა და ქცევებს და გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვაყალიბებთ ურთიერთობებს და ვიღებთ გადაწყვეტილებებს. როგორც ფსიქიკური, ასევე ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია საერთო კეთილდღეობისთვის და შეიძლება გავლენა იქონიოს იმაზე, თუ როგორ ვმართავთ ჩვენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას.
თუ თქვენ განიცდით ფსიქიკური ან ფსიქოლოგიური სტრესის სიმპტომებს, მნიშვნელოვანია, მიმართოთ კვალიფიციურ სამედიცინო პირს. მათ შეუძლიათ დაგეხმარონ, გამოავლინოთ ძირითადი პრობლემები და შეიმუშაოთ მკურნალობის გეგმა, რომელიც თქვენთვის სასარგებლო იქნება.
გახსოვდეთ, ფსიქიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობა და თქვენს ემოციურ და კოგნიტიურ კეთილდღეობაზე ზრუნვა დადებითად აისახება თქვენი ცხოვრების ხარისხზე. იცოდეთ, რომ მსგავს პრობლემებთან მარტო არ ხართ. 2017 წლის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 10,7% - 792 მლნ ადამიანი სხვადასხვა ტიპის მენტალურ პრობლემას ებრძოდა.
ჩვენს ქვეყანაში არსებობს არაერთი ცენტრი, სადაც საჭირო სერვისის მიღებას შეძლებთ, მაგალითად:
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი - +995 322 30 10 53, +995 598 08 82 26
კამარა - ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი - 599 23 90 02