ბოშა - თავი 16 - მეორე ნაწილი - Marao

ბოშა - თავი 16 - მეორე ნაწილი

2023-06-09 09:38:57+04:00

წინა თავი

ნიკა განკარგულებებს იძლეოდა. მაგიდები უკვე გაეწყოთ. ისეთი ლამაზი სუფრა დამხვდა გაშლილი, გულზე მომეფონა.

- საღოლ, ძმაო, ამას ყველა ვერ შეძლებდა, - მხარზე დავკარი ხელი ძმაკაცს.

- რა ვიცი, ახლოს არ გამეკარე და… - საყვედური არ ამცდა.

- იზვინი, დამნაშავე ვარ, მაგრამ არ იცი, რაები გადავიტანე ამ დღეებში.

- შენი პრობლემები ხომ არ დაილია, აი, - გაიხუმრა ნიკამ, მაგრამ ფარული ირონია გაისმა მის ხმაში.

- ახლა ნუ გამასწორებ მიწასთან, ძმობას გაფიცებ, თორემ ლამისაა, გავიქცე აქედან, - მოღუშულმა ვთქვი.

- კარგი, კარგი, მერე ვილაპარაკოთ. ჰა, როგორ მოგწონს აქაურობა?

- გადასარევია, რა მეთქმის.

- ვაჟა გადმოვიბირე, იცი?

- ვინ ვაჟა?

- «პანორამის» შეფ-მზარეული.

- ის მოხეული კლიენტი?

- ჰო.

- მაგარი ხარ, საღოლ შენ, როგორ მოახერხე? - აღტაცება ვერ დავმალე.

- ეგ მე ვიცი. საკაიფო რესტორანი გვექნება, სუპერმზარეულია.

- ვიცი, გამიგია. გამიგია კი არა, მის ნახელავი რამდენჯერ გამისინჯავს, ვინ იცის.

- ხომ გახსოვს, შარშან, ჩემი დაბადების დღე რომ გადავიხადე «პანორამაში»? რა საჭმლები იყო?! ბოლოს ხინკალი რომ მოიტანა, გახსოვს, რა დღეში ვიყავით? თითებს ვილოკავდით ლამის, - გულიანად გაიცინა ნიკამ.

- მახსოვს, მახსოვს. არ მეგონა, თუ დაიყოლიებდი. იქ კარგად უხდიდნენ, როგორც ვიცი.

- არც ისე კარგად. ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე. თავისი ხალხი სულ აქ წამოიყვანა.

- ტელევიზიებიც მოვლენ?

- აბა რა, მაგათ გარეშე რა ეშხი ექნება რესტორნის გახსნას? ჩვენ ყველა გაგვიცნობს, ნახე, რა კლიენტურას მოვიზიდავთ. საღამოს შადრევანსაც ავამუშავებთ და სულ აუზში, აქვე დაჭერილი ზუთხის მწვადებს შევთავაზებთ სტუმრებს.

- შენ რა, აუზში ზუთხი გაუშვი?

- მაშა, მაშა. ეგრე იცის «ჯაყომა», - გაიხუმრა ნიკამ, - მგონი, სტუმრებზე მეტი სიურპრიზი შენ გელის, არაფრის აზრზე არა ხარ ჯერ.

- ეგ მართალია. შენები მოვლენ?

- რა თქმა უნდა. შენები?

- დედაჩემმა უარი თქვა, წნევა აქვს და ვერ არის კარგად. დინა მოვა ბავშვთან ერთად.

- მერი?

- მერიც… გოგასაც წამოიყვანს.

- აბა, გვიგულავია და ეგ არის.

- მაგის რა მოგახსენო. ცოტას ვნერვიულობ, რომ იცოდე.

- სანერვიულო რა გაქვს, შე კაცო, ასარჩევად გყავს ქალები, - გაიცინა ნიკუშამ.

- სწორედ ეგ მანერვიულებს, სხვა კი არაფერი. არ ვიცი, რით დამთავრდება ეს ჩემი «შაჰობა», - შევჩივლე მეგობარს და ამოვიხვნეშე.

 

ბ20

 

ორივე ერთმანეთზე ლამაზი იყო… დინას ჩემი ნაჩუქარი შინდისფერი კაბა ეცვა, მერის - სალათისფერი, დეკოლტირებული, წელს ქვემოთ გაშვებული და უკან ღრმად ჩახსნილი. ერთიც ბრწყინავდა და მეორეც. სტუმრებს შორის ბევრი ლამაზი ქალი იყო, ცნობილი ადამიანების ცოლებიც, მაგრამ ეს ორი განსაკუთრებით გამოირჩეოდა მათ შორის. არ ვიცი, შეიძლება მე მეჩვენებოდა ასე. რაღაცნაირ კმაყოფილებას ვგრძნობდი, თითქოს თავსაც ვიწონებდი, რომ ორივე ლამაზმანი «ჩემიანი» იყო. ნიკამ დინას დანახვისთანავე აწეული ცერი დამანახვა, მაგარიაო, ხოლო მერი რომ მოვიდა, კიდევ უფრო აღფრთოვანებული დარჩა.

- მე მერის გირჩევ, - გადმომიჩურჩულა, ორივეს «შედარებითი დახასიათება» რომ გააკეთა, - უფრო თანამედროვეა, მდიდრული, დახვეწილი, თანაც…

აღარ გააგრძელა, მაგრამ მივუხვდი, რასაც გულისხმობდა. მერი ქართველი იყო, ჩვენი წრის ქალი, დედაჩემივით ეს ჰქონდა მხედველობაში.

ჩემდა უნებურად, ჯიუტად გადავაქნიე თავი. ნიკა ალბათ მართალიც იყო, მაგრამ მე დინა უფრო მიზიდავდა. რატომ? მერის დაყენებული მანერები მაღიზიანებდა, ყალბი ღიმილი, რომელსაც «უფასოდ» არიგებდა ყველას მისამართით. გარშემო მყოფთა რეაქციას აკვირდებოდა, როცა გაივლ-გამოივლიდა, აბა, როგორ შთაბეჭდილებას ვტოვებო. მაკიაჟი სქლად დაედო სახეზე, ეს კი ოდნავ ვულგარულ იერს მატებდა. ვარცხნილობაც საგანგებოდ შეერჩია, მოდური, ფრთებივით უკან გაშვერილი თმა ლაქით ჰქონდა «დაყენებული». დინა კი… უბრალო იყო, თავისუფალი, მის ქცევაში ბუნებრიობა იგრძნობოდა. შავი თმა, როგორც ყოველთვის, მაღლა აეწია და კეფაზე დაემაგრებინა. არავითარი მაკიაჟი. სადა იყო, ოდნავ ველური, რაც მის ცეცხლოვან თვალებს მეტ ეშხს სძენდა.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ყურადღება მეტ-ნაკლებად მაინც მერისკენ იყო მიპყრობილი. ეს ალბათ ქვეცნობიერად ხდებოდა, მისი სხეული ჩემთვის ხომ თითქმის «აუთვისებელი» იყო, ჯერ კიდევ დასაპყრობი, დინა კი… უკვე მრავალჯერ განვლილი ბილიკი, უკუნ სიბნელეშიც რომ გაივლი წაუბორძიკებლად…

საოცარ განცდებში ვიყავი. არ მინდოდა, რომელიმე მათგანის მიმართ გადამეტებული თავაზიანობა გამომეჩინა, რომ ერთმანეთზე არ ეეჭვიანათ, ამიტომაც დავიძაბე. სამაგიეროდ, ბავშვები დამვიწყებია. გოგა «კაცურ» ფორმაში იყო, თავი საკმაოდ თამამად ეჭირა. პატარა გიორგი კი დინას მიტმასნოდა და გვერდიდან არ შორდებოდა. მინდოდა ბიჭები ერთმანეთისთვის გამეცნო, ამ დღეს დიდი ხანია, ველოდი და, როგორც იქნა, მომეცა შანსი. გოგა თითით მოვიხმე.

- წამო, ჩემი ბიჭი უნდა გაგაცნო, - ვუთხარი და გიორგისკენ გავემართე. გოგაც გამომყვა. გიორგიმ ჯერ გოგა შეათვალიერა, მერე მე ამომხედა გაკვირვებული თვალებით. ორივეს მხარზე დავადე ხელი და ერთმანეთის პირისპირ დავაყენე.

- აბა, გაიცანით ერთმანეთი, ეს ჩემი შვილია, გიორგი, ესეც… - პაუზა გავაკეთე, - გიორგია, ოღონდ გოგას ეძახიან, - ვთქვი ღიმილით. როგორ მინდოდა მეთქვა, ესეც ჩემი შვილია-მეთქი, მაგრამ…

გიორგიმ მორცხვად გაუწოდა ხელი უფროს ძმას. იმანაც ვაჟკაცურად დაუხვედრა მარჯვენა.

- აბა, შენ იცი, მიმიხედე, ხომ ხედავ, ყველაზე პატარაა, არავინ დამიჩაგროს, - გავეხუმრე გოგას და თვალი ჩავუკარი.

ექვს საათზე თითქმის ყველა სტუმარმა მოიყარა თავი. ნიკა «შესავალი სიტყვით» გამოვიდა, ილაპარაკა ჩვენს ფირმაზე, წარსულს ჩაბარებულ კაზინოზე, ახალ რესტორანზე, სტუმრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და ქეიფი «გახსნილად გამოაცხადა».

ორ ცეცხლს შუა ვიყავი. «ჩემი ქალები» არ ვიცოდი, როგორ დამესვა. ნიკას ვთხოვე შველა. ახლავე მოგიგვარებ მაგ საკითხსო, დამამშვიდა და… ორივე გვერდით მოისვა. გამეცინა. მოხერხებულად კი გამოუვიდა. გიორგი და გოგა დინას გვერდით აღმოჩნდნენ. უფროსმა შვილმა ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და უმცროს ძმას არ მოშორდა.

ქეიფი გაჩაღდა. მე არ დავმჯდარვარ, სტუმრებს შორის მიმოვდიოდი, რომ ყურადღება მიმექცია სუფრისთვის. ასე ჯობდა, უფრო თავისუფლად ვგრძნობდი თავს, დინას და მერისაც არ ვაწყენინებდი. ისე, ჯერჯერობით არც ერთი არ დაინტერესებულა ერთმანეთით, არც უკითხავთ, ვინ არის, საიდან მოვიდა, რატომ… თუმცა ვიცოდი, ეს კითხვა არ ამცდებოდა. შიგადაშიგ სადღეგრძელოებს მუსიკა ცვლიდა. ხანდახან ნიკაც მიატოვებდა ჩემებს და ისიც გაივლ-გამოივლიდა ხოლმე მოქეიფეებს შორის, გადაულაპარაკებდა, მოიკითხავდა და კვლავ თავის ადგილს უბრუნდებოდა.

სასიამოვნო სიტუაცია შეიქმნა. ყველას კმაყოფილება ეწერა სახეზე. სტუმართა მხიარულების ხმას დანა-ჩანგლის წკრიალიც ერწყმოდა თან. მომშივდა, მაგრამ ჭამის თავი არ მქონდა. სადღეგრძელოებს შორის იძულებული ვიყავი, სამადლობელი მომეხადა და ამასობაში რამდენიმე ჭიქაც გადავკარი. სასმელი მალე მომეკიდა, შუბლი გამიხურდა. ცოტა მოგვიანებით, გოგა და გიორგი რომ დანაყრდნენ და სუფრიდან ადგნენ, მეც შევუერთდი ნიკას და მის მშვენიერ «ამქარს», დინას გვერდით მოვკალათდი.

- როგორ მიდის საქმეები? - ქალებს გადავხედე, - რამეს ხომ არ ისურვებდით? - შევღიმე ორივეს.

- ყველაფერი არაჩვეულებრივია, უგემრიელესი კერძებია, - თქვა მერიმ.

- დინა, შენ როგორ ხარ? - პერსონალურად მივმართე «კალდუნიას».

მხრები აიჩეჩა, აშკარად რაღაცით უკმაყოფილო თუ დათრგუნული ჩანდა. გასაგებიც იყო, ვერ გრძნობდა თავს შინაურულ გარემოში.

ამ დროს მერიმ რაღაც უჩურჩულა ნიკას. ამ უკანასკნელმა მე გადმომხედა.

- სულ გადამავიწყდა, როგორ არ გაგაცანით ერთმანეთი. რატომღაც მეგონა, ნაცნობები იყავით, - თავი იმართლა ნიკუშამ და ქალები ახლაღა წარუდგინა ერთმანეთს, - დინა გიორგის ძიძაა, მერი კი… - აქ დაიბნა, - ჩვენი საერთო მეგობარია, - დაამთავრა და კითხვით სავსე მზერა მესროლა, ხომ კარგად გამომივიდაო.

- ისე, ხომ არ გვეცეკვა? გთხოვთ, ქალბატონო მერი, - ნიკა წამოდგა და მერის ხელი გაუწოდა. ქალს თავპატიჟი არ დაუწყია, უთქმელად გაჰყვა ჩემს პარტნიორს. თვალი გავაყოლე მიმავალთ და მერე დინას მივუბრუნდი.

- რაღაც მოწყენილი მეჩვენები…

- და ტაკ, ცოტა ნეუდობნა. უცხო ხალხია, - მორცხვად გამიღიმა.

- მერე რა, სამაგიეროდ, მე ვარ შენიანი, - გავუცინე და მკლავზე გავეხახუნე.

- ეტა… - დაიწყო დინამ მოულოდნელად.

გულმა რეჩხი მიყო, ვიცოდი, რასაც მკითხავდა.

- ეტა ანა? - გამჭოლი მზერა მესროლა.

- კტო ანა? - გაკვირვებული სახე მივიღე.

- ტა ჟენშჩინა…

- ოჰ, დინა, დინა, რა ეჭვიანი ხარ…

- კრასივაია, დაჟე ოჩენ, - გააგრძელა, ჩემი სიტყვებისთვის არც მიუქცევია ყურადღება.

- არ გინდა, რა, ლამაზი საღამოა და ნუ გააფუჭებ, გთხოვ. წამოდი, ვიცეკვოთ მე და შენ.

- ნე ხაჩუ.

- მაშინ დავლიოთ.

- დავლიოთ, - დამეთანხმა და ჭიქა გამომიწოდა.

შევუვსე.

- რისი სადღეგრძელო დავლიოთ?

- ქალების, - თქვა.

- იყოს ქალების. შენ გაგიმარჯოს და შენი თამადობით - მთელ საქალეთს, - მივუჭახუნე და დავლიე.

დინამაც დალია, მაგრამ სადღეგრძელო არ უთქვამს.

- ნალეი იშჩიო, - ისევ გამომიწოდა ჭიქა.

- კიდევ? კი ბატონო, რა პრობლემაა, - გაოგნებულმა კვლავ შევუვსე სასმისი.

- ზა ტებია, - დამლოცა და მეორეც დალია.

- რა გემართება? - არ მესიამოვნა მისი საქციელი, ასე შეიძლებოდა დამთვრალიყო და რას მოიმოქმედებდა, კაცმა არ იცოდა.

- ნიჩივო, ტვაი მუზიკანტი ციგანსკი ზნაიუტ?

- ზნაიუტ. მერე რა?

- არაფერი, პროსტა ტაკ, - თავჩაღუნული იჯდა და ცარიელ ჭიქას უაზროდ ატრიალებდა ხელში.

- გინდა დავაკვრევინო?

- მინდა.

- კარგი, ეს სიმღერა მორჩება და მივცემ შეკვეთას შენს პატივსაცემად. იქამდე ცოტას შევჭამ, თორემ კუჭი გამიხმა.

უგემურად ვილუკმებოდი. თან იმას ვაანალიზებდი, რა ჰქონდა დინას ჩაფიქრებული. სკანდალს ხომ არ მომიწყობს? ამის გაფიქრებაზე ავფორიაქდი. იქნებ არ უნდა მომეყვანა?

- ბიჭები სად არიან, ხომ არ იცი? - მივიხედ-მოვიხედე.

- ვონ ტამ სტაიატ, ოკოლა არკესტრა, - თავით მანიშნა.

მეც შევამჩნიე. ორივენი სცენასთან ახლოს იდგნენ და მოცეკვავეებს ათვალიერებდნენ. გულში სასიამოვნო სითბო ჩამეღვარა. ჩემი შვილები… ჩემი ვაჟები… მათ კი არაფერი იციან ამის შესახებ.

- დინა, იცი, რა? - უცებ გიჟურმა აზრმა წამომიარა.

- ჩტო? - დინამ თავი ასწია.

- გოგაც ჩემი შვილია, - არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვუთხარი.

- ია ზნაიუ, - ისე მშვიდად მითხრა, თითქოს ისეთი არაფერი მეთქვას.

- საიდან? - თვალები გამიფართოვდა.

- პახოჟ ნა ტებია. ია ნე დურა, დინა ვსიო ხედავს.

აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. არ მეგონა, ამას თუ მიხვდებოდა.

- მერე?

- ჩტო მერე?

- არაფერს მეტყვი?

- ჩტო მაგუ სკაზატ, ხაროში მალჩიკ.

- რატომ არ მსაყვედურობ, აქამდე რომ არ გითხარი?

- ეტა ნე მაიო დელა.

ამასობაში მუსიკა დამთავრდა. მერი და ნიკა ადგილს დაუბრუნდნენ. ხასიათი გამიფუჭდა, დინა შემეცოდა. წარმოვიდგინე, რა ხდებოდა ახლა მის გულში, თუმცა ვერაფრით ვუშველიდი.

- მერაბ, ერთი წუთით გავიდეთ, რა, - მთხოვა ნიკამ.

გარეთ გავედით.

- რა იყო? - ვიცოდი, რაღაც ისეთი უნდა ეთქვა.

- მერიმ მკითხა დინაზე რაღაცები და შენც გეტყვი, რომ ტყუილი არ გამომივიდეს. ალბათ შენც გკითხავს.

- რა აინტერესებდა? - მკერდში ჩხვლეტა ვიგრძენი, უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა.

- ვინ არისო, ქართველს არ ჰგავსო, ასეთი ლამაზი ქალი საიდან მოიყვანაო და რა ვიცი.

- შენ რა უპასუხე?

- ჩემმა ცოლმა გააცნო-მეთქი, სხვა რა უნდა მეთქვა? მეტი ვერაფერი მოვიფიქრე.

- ჰო, მართლა, შენი მეორე ნახევარი რაღაც არ ჩანს…

- ბავშვს სიცხე აქვს და ვერ მოვიდა.

- აკი მოვლენო?

- გაცივდა ის შობელძაღლი, წყალბურთზე ხომ დადის და აუზიდან ამოსული სველი თმით ბრუნდება სახლში, ქუდს კი არ იფარებს. ოცდაცხრამეტი აქვსო ტემპერატურა.

- აუჰ! - შევიცხადე.

- ეგ არაფერი, ამ საქმეს რა ვუყოთ?

- რა საქმეს?

- მერიზე გეკითხები.

- არაფერი, რა უნდა ვუყოთ. დინა მართლა ჩემი შვილის ძიძაა, რა არის აქ განსაკუთრებული? ვისაც არ მოსწონს, ცივი წყალი დალიოს. ანგარიშის ჩაბარებას არავისთვის ვაპირებ.

- მე ვუთხარი, მოლდაველია-მეთქი. ხომ ასე უნდა მეთქვა?

- კარგად მოქცეულხარ. უნდა გეთქვა, აბა რა, მოლდაველია და რუსიაო ხომ არ ეტყოდი? კარგი, წავედი, მე ბოშური უნდა შევუკვეთო მომღერლებს, შენ კი იმათ მიხედე.

ცოტა ხანში ჰაერში სასიამოვნო ბოშური ჰანგები გაისმა. დინასკენ გავიხედე. ნელა მოატრიალა თავი ჩემკენ, კარგა ხანს მიყურა გამომცდელი მზერით, თითქოს რაღაცას მეუბნებოდა, მერე უცებ წამოიმართა, სკამი გამოსწია და დარბაზის შუაგულისკენ დაიძრა. ერთ ადგილზე გავშეშდი. რას აკეთებს? თვალი არ მოუშორებია ჩემთვის, მოულოდნელად ფეხსაცმელი გაიხადა, ხელის ერთი მოსმით თმის სარჭი მოიძრო და… რიტმულად ამოძრავდა. თმა მხრებზე ჩამოეშალა, თვალები ჟინიანად ანთებოდა, თითქოს ნაპერწკლებს ისროდა…

დინა ცეკვავდა. საოცარი სანახავი იყო. ისე ვნებიანად არხევდა ტანს, ისეთ ილეთებს ასრულებდა, მაყურებლებიც კი აჩოჩქოლდნენ. ხმაურმა ტალღასავით გადაუარა დარბაზს და ერთბაშად სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, მხოლოდ მუსიკის ხმა ისმოდა და მხოლოდ დინა მოძრაობდა, სხვა ყველა და ყველაფერი თითქოს ადგილზე გაქვავდა. ასე მეგონა, მხატვრულ ფილმს ვუყურებდი. ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში თუ წარმომედგინა. რიტმები აჩქარდა, დინას სხეულმა უმატა რხევას. მერე მუხლებზე დაეშვა და მხრების რხევით ნელ-ნელა უკან გადაიწია. ეს კულმინაცია იყო, დარბაზი ტაშისცემით დაინგრა. რა თქმა უნდა, ამ სანახაობით მეც მოვიხიბლე, მაგრამ დაძაბულობა არ მომხსნია. გამუდმებით რაღაც საშინელების მოლოდინში ვიყავი, თუმცა არაფერი მომხდარა. მუსიკა გაჩერდა, დინამ ცეკვა დაამთავრა, ფეხზე ჩაიცვა, თმა აიწია და ღიმილით დაუბრუნდა თავის ადგილს. გიორგი გამოიქცა და დედას გვერდით მიუჯდა.

ოვაციები არ ცხრებოდა. სტუმრები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ვინ იყო ეს იდუმალი ქალი, ასე რომ აღაფრთოვანა ყველა. მერის შევხედე, სახეზე დამცინავი ღიმილი აღბეჭდვოდა. რაღაც შურის მომენტი დავიჭირე მის ღიმილში. ეს კი მესიამოვნა. რა თქმა უნდა, იეჭვიანებს, დამიწყებს გამოკითხვას, დაინტერესდება, რა ხდება… ძალიანაც კარგი, მე დასამალი არაფერი მაქვს. ალკოჰოლმა ისე გამათამამა, ახლა ყველას ყველაფერს ვეტყვი, სულ არ მადარდებს, ვინ როგორ შეხვდება ამ ამბავს, თუნდაც მერი.

ამაყად გავემართე დინასკენ. მისი გამოსვლა უჩვეულო ნომერი იყო, ყველასთვის მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო. მადლობას ნამდვილად იმსახურებდა ჩემგან. მხარზე ხელი მოვხვიე და ლოყაზე ვაკოცე.

- არაჩვეულებრივი იყავი, დიდი მადლობა, - ხმამაღლა ვუთხარი, რომ მერისაც გაეგონა.

როგორც ჩანს, თამადის ყურამდეც მიაღწია, დინა რომ გიორგის ძიძა იყო და იმანაც არ დააყოვნა, პერსონალურად წარმოთქვა «მოცეკვავე ძიძების» სადღეგრძელო. სტუმრებმა ერთხმად აიტაცეს სუფრისთავის წარმოთქმული და ლამაზი სიტყვების ზღვა წამოვიდა. დინა მერიმაც ადღეგრძელა, თუმცა მისი სიტყვების შინაარსი არ მომისმენია…

დაახლოებით ოცი წუთი რომ გავიდა, მერი წამოდგა, შინ წასვლის დროაო. გასაგები იყო ყველაფერი. როგორც «თანამედროვე» ქართულით იტყვიან, «დაიგრუზა». მე და ნიკამ ვთხოვეთ, ცოტა ხანს კიდევ დარჩენილიყო, მაგრამ ვერ დავიყოლიეთ. ნიკამ, როგორც ყოველთვის, ჯენტლმენობა გამოიჩინა და მძღოლი მოიხმო, ეს ხალხი სახლამდე მიმიყვანეო. კარამდე მივაცილე ორივე. გოგა თბილად დამემშვიდობა, მერი - საკმაოდ ცივად.

- ყველაფრისთვის დიდი მადლობა, ბრწყინვალე სიურპრიზი დაგვახვედრე, - ორაზროვნად თქვა.

- ეს ჩვენს გეგმებში არ შედიოდა, მართალი გითხრა, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, - რა უნდა მექნა, თავი ვიმართლე.

- ჰო, ცხოვრება მოულოდნელობებით და სიურპრიზებით არის სავსე, - ირონიულად ჩაიცინა და ხელი გამომიწოდა, - ეს საღამო არასდროს დამავიწყდება.

- დაგირეკავ, - ჩამოვართვი ხელი და ოდნავ მოვუჭირე. საპასუხო რეაქცია არ მიგრძნია. დინამ მიზანში მოარტყა. «ტექნიკურად» იძია შური მეტოქეზე.

- ვფიქრობ, არ ღირს, შენ სად გცალია ჩემთვის, - ეს მსუბუქ საყვედურს ჰგავდა.

- მე ბევრი რამის ახსნა მომიწევს, შენ კი უნდა მომისმინო. სხვანაირად არაფერი გამოვა.

- ეს აუცილებელია?

- აუცილებელია. გოგა, აბა, შენ იცი, დედიკო არ გააბრაზო, - თავზე გადავუსვი ხელი.

ბიჭს გაეღიმა, კიდევ ერთხელ დამემშვიდობა და ორივენი გავიდნენ რესტორნიდან… თითქოს დარბაზი დაცარიელდა… რაღაც დამაკლდა…

ეს რაღაც კი ის ორი ადამიანი იყო, რომელმაც ახლახან დატოვა აქაურობა…

დარბაზში რომ შემოვბრუნდი, დინას გამომცდელ მზერას წავაწყდი. თითქოს ნიშნის მოგებით მიყურებდა. შევეცადე, უგუნებობა არ დამტყობოდა, მხიარულად დავუქნიე ხელი და თამადის მაგიდისკენ გავემართე. ბატონი გივი ფეხზე წამოდგომით შემხვდა, დიდი მადლობა გადამიხადა კარგი მასპინძლობისთვის და ხელი ღონივრად ჩამომართვა. აივანზე გავედი, თბილისის ხედს გადავხედე. მღვრიე მტკვარი მდორედ მიედინებოდა…

უცნაური რამ მემართებოდა - ჯერ არგანცდილი, აქამდე არარსებული. თითქოს არაფერი მჭირდა სანერვიულო, მაგრამ შინაგანად მაინც ვნერვიულობდი; თითქოს მიხაროდა კიდეც, რომ ასე მოხდა, მაგრამ ამავე დროს მწყინდა. ერთი მხრივ კმაყოფილი ვიყავი მერის განაწყენებით, მეორე მხრივ - უკმაყოფილო. ვერ გადავწყვიტე, რა უფრო სასარგებლო იქნებოდა ჩემთვის - დინასთან ურთიერთობის გაგრძელება თუ მერისთან დაახლოება. არადა, ყოველდღე იცვლებოდა სიტუაცია. საბოლოოდ, რომ დავფიქრდებოდი, ვერც ერთს ვერ ველეოდი, არც დინა მემეტებოდა მისატოვებლად და არც მერი. იქ კი, სადღაც, სულის შორეულ კუთხეში, ყველაზე დიდი საიდუმლოებების «საკუჭნაოში», მერი მეტი უპირატესობით სარგებლობდა, მიუხედავად იმისა, რომ ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, დინასავით ერთგული იგი ვერასდროს იქნებოდა. იქნებ სწორედ ეს იყო მასში დამაინტრიგებელი? ამოუცნობი ქალის ფენომენი? დინა ბოშა იყო, ქუჩაში გაზრდილი ქალი, მაგრამ არასდროს მოვუტყუებივარ, თუმცა კი მისგან ეს მოსალოდნელი იყო და არც გამიკვირდებოდა, ხოლო მერიმ ვინ იცის, უკვე მერამდენედ მომატყუა, ქამელეონივით იცვლებოდა. რა მომატყუა? თუნდაც ის, საყვარელი მყავსო, თავიდან რომ მითხრა. ან კიდევ ყველაზე უარესი - გოგა შენი შვილი არ არისო, მიმტკიცებდა. სად იყო გარანტია, რომ ერთად ყოფნის პერიოდში ტყუილს ცხოვრების წესად არ გაიხდიდა? ქალი ოხერია, ბოლომდე მაინც არ არის სანდო. არა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადამეწყვიტა, რომელზე შემეჩერებინა არჩევანი - ან ერთი, ან მეორე, ან კიდევ, რჩებოდა მესამე, უკიდურესი გამოსავალი - არც ერთი… დრო არ იცდიდა, «განაჩენი» თავად უნდა გამომეტანა საკუთარი თავისთვის…

 

8 8 8

 

როცა ყველაფერი ჩამთავრდა, დინა და ბავშვი სახლში გავამგზავრე, მე კი ნიკასთან დავრჩი, რომ იქაურობისთვის მიგვეხედა. გვიან ღამით მოვრჩით საქმეს და დაღლილებმა ცოტა «ჩავუფინეთ». მთელი დღის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ წაგვიხემსია, ფეხზე ვიდექით, რომ სტუმრებისთვის ყურადღება არ მოგვეკლო, ამიტომაც ორივეს მაგრად მოგვშიებოდა.

- რას იტყვი, ცუდი სუფრა არ იყო, არა? - მკითხა ნიკამ.

- ცუდი? ცუდი კი არა, მეფური იყო, პრეზიდენტსაც კი შეშურდებოდა, - გავიცინე, - ხუმრობა იქით იყოს და, მართლა გემრიელი გამოვიდა ყველაფერი, უკმაყოფილება არავის გამოუთქვამს.

- მაგრები ვართ, - წაიტრაბახა ნიკუშამ და ჭიქა მომიჭახუნა, - ჩვენს წამოწყებას გაუმარჯოს, ჩვენ გაგვიმარჯოს და ვინც ჩვენ გვიყვარს, ყველა იმათ გაუმარჯოს, - წარმოთქვა და დალია.

- შენს წარმოთქმას ვუერთდები, ძმაო, - «ავიტაცე» მისი სადღეგრძელო და მეც შევსვი. სასმელი ისედაც მოკიდებული მქონდა, ახლა უკვე ვთვრებოდი, ამიტომაც ლაპარაკის საღერღელი ამეშალა.

ნიკამ დამასწრო.

- ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ შენს პირად ცხოვრებას რას უპირებ? - თითქოს ჩემს გულში იჯდა.

- «გაგნებაში» არა ვარ, თვითონაც არ ვიცი, «სადა ვბანაობ», - მისი საყვარელი ფრაზები გამოვიყენე.

- მე თუ მკითხავ, შესახედავად დინას მერი ვერ შეედრება, მართლა არნახული ქალია, ძმაო, მაგრამ…

- ვერც სხვა თვისებებით შეედრება, რომ იცოდე.

- მართლა? ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ შენი მჯერა. ისე, რა მოქნილად ცეკვავდა, სულ ბურძგლებმა დამაყარა, ყველა გააგიჟა, ხედავდი?

- ჰო, რა თქმა უნდა.

- მერის რეაქცია შეამჩნიე?

- მაგას რა გამომაპარებდა, ცოტა ახლოს რომ ვყოფილიყავით ერთმანეთთან, თავზე დამახურავდა ყველაფერს, - თავი გავაქნიე.

- მერე? რას აპირებ?

- შენ რას მირჩევ?

- ბიჭო, მთელი ცხოვრება მე როგორ უნდა მეკითხებოდე რჩევას, საკუთარი აზრი არ გაგაჩნია? - «დამასამარა» ძმაკაცმა და ღვინო ჩამოასხა.

- აზრი კი არა, არაფერი არ გამაჩნია, მთლად «დავდაუნდი» მგონი. დამერხა ამ სიბერეში.

- მოიცა, რა, რა დროს სიბერეა, ახლა იწყება თავდავიწყება. ვერ ხედავ, ქერის ორმოში რომ ხარ ჩავარდნილი? - მხარზე დამკრა ხელი.

- ჰო, როგორ არა, რა კარგია ქერის ორმო, როცა ორი მტაცებელი ფრინველი გივლის ირგვლივ, - მწარედ ჩამეცინა.

- შენც ადექი და ორივეს თავისი ადგილი მიუჩინე. ეგ იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი.

- როგორ?

- როგორ და… ერთი ცოლად მოიყვანე, მეორე საყვარლად დაიტოვე, მორჩა და გათავდა.

- შენ ხუმრობ, ძმაო, მე კი ყულფში მაქვს თავი გაყოფილი.

- სულაც არ ვხუმრობ, რა მეტყობა სამაგისო? - შორს დაიჭირა ნიკამ.

გამომცდელად შევხედე, მაშაყირებს თუ სერიოზულად ამბობს-მეთქი. შაყირის ვერაფერი შევატყე.

- მიდი, აბა, შენებურად დამაკვალიანე, როგორ იცი? - შევაგულიანე.

- როგორ და… დინა, ჩემი ღრმა რწმენით, ცოლად არ გამოგადგება, ამასთან… ისეთი ტემპერამენტიანი ქალი ჩანს, რომ… აი, მერი კი ალბათ კარგ მეუღლეობას გაგიწევს.

- არა, ეგრე ვერ ვიზამ. თუ ცოლს შევირთავ, საყვარელზე ფიქრი ზედმეტია. არ გამოვა, პატარა ბიჭი ხომ არა ვარ, ამხელა შვილები მეზრდება.

- აბა, რა უნდა ქნა? ვერ წარმომიდგენია შენ გვერდით ბოშა ცოლი, რა ვქნა, მომკალი თუ გინდა. მაინც ბოშაა, რა. ყველა მიხვდება, ხომ იცი, გაგჭორავენ და მერე რა დონეზე…

ნიკამ ბოლომდე ვერ გამიმეტა და უარესი არაფერი თქვა დინაზე.

- ჭორები არ მაღელვებს, სხვისი აზრი ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ ეს არ არის მთავარი.

- აბა რა გიშლის ხელს?

- თვითონაც არ ვიცი, რაღაც მეწევა უკან და რა, ვერ მივმხვდარვარ.

- უნდა გადაწყვიტო, რა ან ვინ უფრო მთავარია შენთვის. ბიჭებსაც ხომ უნდა გაუწიო ანგარიში.

- სწორედ მაგაშია საქმე, მე ახლა ბავშვები უფრო მადარდებს, ვიდრე ქალები.

- კი მაგრამ, ვერ ხვდები, რომელი უფრო გიყვარს?

- მიყვარს? სიყვარულით ალბათ არც ერთი არ მიყვარს ისე, როგორც უნდა მიყვარდეს, განსაკუთრებით მერი, მაგრამ რაღაც სიმპათიები მაქვს მის მიმართ. რაც შეეხება დინას, მასთან თავს გადასარევად ვგრძნობ, ყველაფრით მავსებს. ერთადერთი პრობლემა მაქვს მხოლოდ…

- რა პრობლემა?

- პირველ რიგში, ალბათ ის, რასაც შენ გულისხმობ - ბოშაა, თანაც… - გავჩერდი.

- რა თანაც? - დაინტერესდა ნიკა.

- არ ვიცი, ოჯახურ ცხოვრებას როგორ დაუდებს გულს, რადგან გარე-გარე წანწალს არის მიჩვეული. მათ სისხლი სხვანაირად უდუღთ, ხომ იცი. ერთ მშვენიერ დღესაც რომ აიკრას გუდა-ნაბადი და მოტყდეს, მერე სად ვდიო, ან თავი როგორ გამოვყო სირცხვილით ვინმესთან?

- აკი სხვისი აზრი არ მადარდებსო? - «გამომიჭირა» ნიკამ.

- რაღაც დონეზე ალბათ მადარდებს, უბრალოდ, საკუთარ თავსაც არ ვუტყდები ამაში. არადა, დინას მოტყუება ღალატის ტოლფასი იქნება.

- უნდა გადაწყვიტო, მერაბ. ვიცი, ადვილი არ არის, მაგრამ მაინც შენ უნდა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. მოდი ახლა, ერთიც დავლიოთ და ამ სასმისით ქალებს გაუმარჯოს, ლამაზ, ჭკვიან და წესიერ ქალებს. მე და შენ რომ გაგვიხარდება, ისეთებს, - მივუჭახუნეთ ერთმანეთს და დავლიეთ…

…შინ გვიან დავბრუნდი. დინას უკვე ეძინა. შეიძლება არც ეძინა და ჩემ დასანახავად მოიმძინარა თავი. ყოველ შემთხვევაში, არ შერხეულა, მის ოთახში რომ შევედი. როგორც ჩანს, ჩემთან საუბარს აარიდა თავი. კარი ფრთხილად გამოვხურე და საძინებლისკენ ბარბაცით გავემართე…

7 7 7

თითქოს ყველამ პირი შეკრა ჩემ წინააღმდეგ. ის დღეები დინა გაბუტული დადიოდა, თითქმის არ მელაპარაკებოდა, მერი ჩემს ზარებს არ პასუხობდა, დედაჩემი კი… საეჭვოდ დუმდა, ერთხელაც არ შემხმიანებია. ყველა მხრიდან მომეჭრა გზა და მივხვდი, დადგა დრო, როცა ყველასთვის ყველაფერი უნდა მეთქვა. ერთ საღამოსაც მტკიცედ გადავწყვიტე ეს და «შემოვლაც» დავიწყე.

პირველად დედას მივადექი. უხალისოდ შემხვდა.

- როგორ ხარ? - მოვიკითხე.

- კარგ დროს გაგახსენდი. ერთხელ არ უნდა დაგერეკა? იქნებ ვკვდებოდი?

- სამაგისო რა გჭირდა, ნიკალაევნა? - ხუმრობაში გავატარე მისი საყვედური.

- არ იცი, რა მჭირდა? ისეთ წნევები მქონდა, ლამის თავი ამეხადა ტკივილისაგან. არ გითხარი იმ დღეს?

- რომელ დღეს? - მთლად გამოვიშტერე თავი.

- რესტორანში რომ მიდიოდით «სატანცაოდ» და რომ დამირეკე, რა გითხარი?

- ჰო-ო-ო! ვიფიქრე, მატყუებდი, რომ წამოსვლა აგერიდებინა თავიდან.

- როდის ერთხელ მომიტყუებიხარ, ბიჭო, არ გრცხვენია?

- კარგი, კარგი, ძალიან გთხოვ, სცენებს ნუ გამიმართავ, ისედაც არეული მაქვს ყველაფერი.

თითქოს ამას ელოდაო, უცებ სმენად იქცა და დაკვირვებით შემომხედა, მართლა ასე თქვა თუ მომესმაო.

მეც შევხედე და თვალი გავუსწორე.

- რა იყო, რას მიყურებ, გარკვევით ვერ ვთქვი რამე? - ჩემდა უნებურად აგრესია მომეძალა.

- შენმა უტვინობამ აგირია ცხოვრება, მეტმა კი არაფერმა, - აქეთ შემომიტია ნუნუკამ.

- რა გინდა, დედა, რას მერჩი?

- თვითონ ერჩი საკუთარ თავს, მერაბ, თვითონ, მე არაფერ შუაში ვარ. აბა, ერთი წუთით საკუთარ გულში ჩაიხედე, რა ხდება და მე მერე წამომიყენე პრეტენზიები.

- არანაირ პრეტენზიას მე არ გიყენებ, ეგ რა შუაშია?

- გეყოფა ახლა შორიდან მოვლა, მითხარი, რა ხდება!

- ბევრი რამ.

- დაიწყე, რა უცდი?

- მეშინია, გული არ გაგისკდეს.

- ნუ გეშინია, შენ რომ მაგის შეგშინებოდა, მაგ ქალს სახლში არ მოიყვანდი. შენ გგონია, მე შტერი ვარ, დავბერდი და ვერაფერს ვხვდები?

- რას ხვდები, იქნებ მეც მითხრა?

- რა-ას? რას და იმას, რომ გიორგუნა მაგ ქალისგან გყავს. არა ვარ მართალი? იქნებ მითხრა, რომ ვცდები?

სიგარეტიანი ხელი ჰაერში გამიშეშდა. ამას ნამდვილად არ ველოდი. ნუთუ ამდენ ხანს იცოდა, ყველაფერს ხვდებოდა და არ მეუბნებოდა? იქნებ ვინმესგან გაიგო? არა, ეგ გამორიცხულია, ვის უნდა ეთქვა?

- რას გაჩუმდი, არა ვარ მართალი? - გამიმეორა კითხვა.

- ჰოდა… გცოდნია, შე ქალო, ყველაფერი და რას მალაპარაკებდი, - მეტი ვერაფრის თქმა მოვახერხე.

- მცოდნია კი არა, დაჯექი ახლა აგერ და თავიდან ბოლომდე მომიყევი, რაც მოხდა. მე მეტი აღარ შემიძლია, ლამისაა ინფარქტი მივიღო, - მკაცრად მითხრა დედამ.

სხვა რა გზა მქონდა, რადგან იგი ყველაფრის აზრზე იყო, უფრო გამიადვილდებოდა კიდეც ყველაფრის თქმა… და მოვუყევი - თავიდან დავიწყე და ბოლომდე ისე ჩავედი, ერთი არ შემისვენია. ნუნუკა ყურადღებით მისმენდა, არც ერთხელ არ გამაწყვეტინა სიტყვა.

- აი, ასე იყო ეს ამბავი. კმაყოფილი ხარ?

- შენ? - შემომიბრუნა კითხვა.

- რა მე?

- შენ თავად ხარ კმაყოფილი შენი საქციელით?

- გააჩნია, რომელ საქციელს გულისხმობ.

- რომელი ერთი ჩამოგითვალო? ბოშების მეტი ვერავინ ნახე, შვილი რომ გაგეჩინა? ქალი გაწყდა ქვეყანაზე? გამაგებინე, რამ გაფიქრებინა ეგ? ან სახლში მისი დასმა რაღა იყო? არ იცი, რომ აწი ასე ადვილად ვერ მოიცილებ? ვერ გრძნობ, რომ საკუთარი შვილი ხელიდან გეცლება? რომ მოკიდოს ხელი და ცხრა მთას იქით გადაიხვეწოს, მერე რას შვრები? სად უნდა ეძებო? მე შენ გეტყვი, სახლი ექნება და კარი. მაგნაირი მაწანწალების თავშესაფარი ქუჩაა და მეტი არაფერი, ვინ იცის, რა წარსული აქვს, ვისთან დაეთრეოდა. ახლა არ მითხრა, რომ ქალიშვილი იყო და შენს ხელში…

- დედა! - გავაწყვეტინე ნუნუკას, - მე შენ ვინ გგონივარ? - ვიგრძენი, როგორ გავფითრდი.

ისიც მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა, ვერ გამოზომა და ცოტათი დაწყნარდა.

- ერთი ნაბიჯიც არ გადამიდგამს გაუაზრებლად, ნიკალაევნა. სპეტაკი რომ იყო, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, იმიტომაც გავაჩენინე ბავშვი. ფული გადავუხადე ამაში, გესმის? მერე წავიდა აქედან, დაიკარგა, წლების განმავლობაში არაფერი ვიცოდი მის შესახებ. მერე ისევ ჩამოვიდა, მაგრამ არა იმისთვის, რომ ჩემი ქონება და ბავშვი დაეთრია, უბრალოდ, არ ჰქონდა სხვა გამოსავალი. მას ჩემს მეტი არავინ დარჩა ქვეყანაზე, არც წასასვლელი ჰქონდა სადმე. მისთვის ყველაზე მშობლიური მაინც აქ ყოფნა იყო. გასაგებია?

- გასაგებია, შვილო, მაგრამ… მერე რა იქნება? ხვალ რას აპირებ? ამაზე ხომ უნდა იფიქრო? შენც ხომ იცი, რომ ცოლად ვერ მოიყვან, არავინ გაგამართლებს, თუ ამას იზამ. რას უპირებ? გიფიქრია ამაზე?

- მიფიქრია და ძალიანაც ბევრი მიფიქრია.

- და რა მერე? შედეგს ვერ ვხედავ.

- ეჰ, დედიჯან, დედიჯან, შენ მარტო მაგ ქალში ხედავ პრობლემას, მაგრამ…

- რა მაგრამ, მერაბ, რა მაგრამ, ლამისაა, ბავშვი წაგართვას, ვერ ამჩნევ, როგორ არის მიტმასნილი? გვერდიდან არ შორდება. ორი საათი ვერ გავაჩერე ჩემთან, იქით მიიწევდა, დინასთან მინდაო. ვერ ხვდები, ეს რას ნიშნავს?

- ალბათ ისიც გრძნობს, რომ დინა დედამისია, რა ვუყო, არ შეიყვარო-მეთქი, ვურჩიო? არ მირჩევნია, მის გვერდით იყოს, გაზარდოს და მოუაროს, როგორც წესი და რიგია, ვიდრე დედინაცვალს ჩავუგდო ბრჭყალებში?

- მეორედ ეგ არ გამაგონო, თუ გინდა, რომ არ მოვკვდე! მაგ ქალს თუ ცოლად შეირთავ, ჩემკენ არ გამოიხედო იცოდე. თავი არ გამომეყოფა ხალხში, ყველას დასაცინი გავხდები, - ისევ აღელდა დედა.

- და ვინ იცის, რომ ბოშაა, შუბლზე აწერია?

- არ ეტყობა? რომ შეხედავ, ეგრევე მიხვდები, რომ ქართველი არ არის. პირს რომ გააღებს და დაილაპარაკებს, ხომ საერთოდ…

- მერე რა, არაქართველი ქალი ცოლად არ მოჰყავთ?

- არ გადამრიო, არ გადამრიო! არ გამაგონო მსგავსი რამ! - ხელები გაასავსავა ნუნუკამ.

- კარგი, მაშინ ახლა კიდევ ერთ ამბავს გეტყვი, ოღონდ, იმედია, გული არ წაგივა.

- ამაზე უარესი რა უნდა მითხრა, ხელი ხომ არ მოაწერეთ უკვე?

- არა, ეგ არც მიფიქრია. სხვა რამის თქმას ვაპირებ.

- გისმენ.

- მინდა, რომ მშვიდად შეხვდე იმას, რასაც ახლა გეტყვი.

- თქვი, ნუ ამომხადე სული, - მოთმინება დაელია ქალს.

- მე მეორე შვილიც მყავს…

და… დედაჩემმა თავში შემოირტყა ხელი.

- მეორე როდისღა მოასწარი, თუ ეს წლები თბილისში არ იყო, როდის, როდის?

ხელები დავუჭირე, სანამ ხელმეორედ წაიშენდა თავში.

- მისგან არა მყავს, ნიკალაევნა, დაწყნარდი. სხვისგან მყავს, თხუთმეტი წლისაა უკვე, ისიც ბიჭია და იმასაც გიორგი ჰქვია, გოგა - უფრო სწორად.

ახლა მთლად გადაირია ქალი, თავი სიზმარში ეგონა.

- წესიერად გამაგებინე, რისი თქმა გინდა. რა სხვა ქალი, რა თხუთმეტი წლის… რა ხდება, შვილო, შენს თავს, ვინმე ხომ არ გეტენება ტყუილუბრალოდ?

- არავინაც არ მეტენება. რაც გითხარი, იმაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. მომისმინე და ყველაფერს აგიხსნი.

მისი ხელები ჩავბღუჯე და რაც შეიძლებოდა მშვიდი ხმით მოვუყევი მერის შესახებ. ბოლომდე წყნარად მომისმინა. თხრობა რომ დავამთავრე, მომეჩვენა, თითქოს შვებით ამოისუნთქა.

- კარგი ქალია? - პირველ რიგში, ეს მკითხა.

- ქალად ქალს არა უშავს, არ დაიწუნება, - გავიღიმე.

- რაც მთავარია, ქართველია, ასე არ არის?

- კი, ქართველია.

- ოჯახი? მშობლები? გათხოვილი ხომ არ არის?

- არა, გათხოვილი არ არის, მშობლების ჯერ არაფერი ვიცი. «პლეხანოვზე» ცხოვრობს, მარტო. არა, მარტო არა, გოგასთან ერთად.

- დარწმუნებული ხარ, რომ ბიჭი შენია?

- ხომ გითხარი, წყალი არ გაუვა-მეთქი.

- ასე მგონია, სხვის ამბავს მიყვები. ამდენი რამის ერთად მოსმენა ნამეტანია ჩემთვის, მერაბ. გული მტკივა, შვილო.

- მეც მტკივა გული, ნიკალაევნა, შენ გგონია, ჩემთვის ადვილია ეს ყველაფერი? არ იცი, რა ცუდად ვარ, გამოსავალი ვერ მიპოვია.

დედამ თანაგრძნობით შემომხედა. ესმოდა ჩემი.

- რა უნდა ქნა?

- შენ რას მირჩევ?

- არ ვიცი, ისე ვარ გაოგნებული, არ ვიცი, რა გიპასუხო.

- დინას დიდი ამაგი აქვს ჩემზე, ძალიან დიდი. მინდა შენ ეს იცოდე. იგი ძალიან კარგი ადამიანია. ასე, ერთი ხელის მოსმით სანაგვეზე ვერ მოვისვრი.

- ჰო, მაგრამ…

- მერის ჯერ ისე კარგად არ ვიცნობ. არ ვიცი, ცოლად გამომადგება თუ არა. არ მინდა კიდევ ერთხელ დავუშვა შეცდომა. ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებით რა მოვიგე, შენც კარგად იცი, ლიზიკო არ გამომადგა არც მე და არც შენ. ხომ ასეა? ამიტომაც უნდა დავიცადო. შენც უნდა მაცალო, ნუ დამახრჩობ. პირობას გაძლევ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მეც ბედნიერი ვიყო, შენც და ჩემი შვილებიც.

- შვილები… როგორ მეუცხოვება ამის გაგონება, რომ იცოდე. აქამდე ერთიც არ გყავდა, ახლა უკვე ორი გახდა. ღმერთო, რას არ გაიგებ ადამიანი, - თვალები ჭერს მიაპყრო დედამ.

შევეცადე, დამემშვიდებინა აღელვებული მშობელი, დავუყვავე, მოვეფერე, მერე გნახავ-მეთქი, შევპირდი და წამოვედი.

დედაჩემთან საუბრის შემდეგ ჯერი მერიზე მიდგა. იგი კვლავინდებურად უპასუხობ ტოვებდა ჩემს ზარებს. ცოტა არ იყოს, გავღიზიანდი, რა პატარა ბავშვივით მებუტება ან კი რატომ? ყველაზე მეტად მისი დუმილის მიზეზი მაინტერესებდა. ავდექი და საღამო ჟამს შინ მივადექი.

კარი გოგამ გამიღო. ჩემ დანახვაზე ღიმილი გადაეფინა სახეზე, თავაზიანად მომესალმა და შინაურულად შემიპატიჟა.

- დედა სახლშია? - ვკითხე.

- მობრძანდით, სამზარეულოშია. დე, სტუმარი გვყავს, - გასძახა ბიჭმა.

მერიმ გამოიხედა, ხელში კოვზი ეჭირა, ალბათ ვახშამს თუ ამზადებდა. ჩემ დანახვაზე უსიამოვნება და გაკვირვება ერთდროულად აღებეჭდა სახეზე.

- გამარჯობა, მერი, - მივესალმე და გავუღიმე.

- გაგიმარჯოს, - საკმაოდ ცივად დამიბრუნა სალამი.

- მგონი, ცუდ დროს შემოგეჭერით.

- არა, რატომ. სწორედ რომ კარგ დროს მოხვედი, ვახშმობას ვაპირებდით. სიდედრს ეყვარები, - ცინიკურად შენიშნა.

- ეგ კარგია, მაგაში არასდროს მიმართლებდა, - ნაძალადევად გავიცინე, - მაგრამ ვერ დავრჩები. რაღაც მინდა გითხრა, ორიოდ წუთს თუ დამითმობ, კარგს იზამ.

- როგორც გინდა. გოგა, ჩადი, დედი, მარკეტში და პური ამოიტანე, - მივხვდი, მერიმ შვილი ჩვენს საუბარს გაარიდა.

- ფული სად არის, დე?

- კამოდზე დევს ორლარიანი და აიღე.

…გოგა გავიდა თუ არა, მერი გამეხებული მომიტრიალდა.

- სალაპარაკოდ სხვა დრო ვერ გამონახე?

- მე კი გამოვნახე, მაგრამ შენ არ ისურვე, გავსკდი რეკვით, პასუხის ღირსიც არ გამხადე. რატომ არ იღებდი ყურმილს, რა გაწყენინე?

- არაფერი, საიდან მოიტანე, რომ მაწყენინე? უბრალოდ, მობილური დამრჩა სამსახურში და…

უნდობლად შევხედე, მისი აღარ მჯეროდა, აშკარად გაბრაზებული იყო, ვერ ახერხებდა ამის დამალვას, თუმცა კი ძალიან ცდილობდა.

- არ გჯერა, არა? დარეკე და მიხვდები, რომ არ გატყუებ.

- კი მაგრამ, სამი დღეა გირეკავ, დავიჯერო, ამდენი ხანი მობილური სამსახურში გაქვს?

- სოფელში ვიყავით წასული, ბებია გარდამეცვალა, დღეს გავასვენეთ. ერთი საათია, რაც ჩამოვედით.

დავიბენი. ასეთ პასუხს არ ველოდი.

- ვწუხვარ, მაპატიე, არ ვიცოდი. ისე, რომ გეთქვა…

- არ იყო საჭირო, გმადლობთ. შენ ის მითხარი, აქ რისთვის ხარ მოსული, გოგა უნდა «დაგრუზო»?

- არა, არა მე… სხვა რამის თქმა მინდა, თუმცა…

- არა უშავს, თქვი, გოგა ჯერ არ ამოვა.

- რა იცი?

- ვიცი, ჩემი შვილია და კარგად ვიცნობ. რაღაც-რაღაცებს კარგად ხვდება. იცის, როდის როგორ მოიქცეს. ისე, თუ დროზე იტყვი სათქმელს, ალბათ აჯობებს.

ჩავახველე, არ ვიცოდი, საიდან დამეწყო. გავაჭიანურე საუბრის დაწყება.

- რა იყო, რაღაც ძალიან გიძნელდება. რაშია საქმე, ცოლი ხომ არ მოგყავს და მეჯვარედ ხომ არ გინდივარ? - მწარედ მიკბინა.

- ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ როცა ეგ დრო დადგება, შენს წინადადებას გავითვალისწინებ. კარგი მეჯვარე იქნები.

- ამის სათქმელად, იმედია, არ მოსულხარ.

- არა, რა თქმა უნდა. ერთი რამ მინდა გკითხო. რატომ გამოიქეცი იმ ღამეს რესტორნიდან, რა არ მოგეწონა?

- რას ლაპარაკობ, პირიქით, მშვენიერი დრო ვატარე. უბრალოდ, ძალიან გადავიღალე და ამიტომ წამოვედი.

- მე კი მეგონა, რომ დინას ცეკვამ გაგაღიზიანა. იქნებ ვცდები?

- ცდები, - ისე უცებ მომიჭრა, მივხვდი, რომ არ ვცდებოდი. მტკივნეულ ადგილზე დავადგი ფეხი.

- ღმერთმა ქნას, ასე იყოს, - მხრები ავიჩეჩე.

- რატომ უნდა გავღიზიანებულიყავი? დინა ვინ არის, რომ მის გამო ნერვები ვიშალო? ერთი ჩვეულებრივი ძიძაა და მეტი არაფერი, - აქ უკვე საბოლოოდ გაყიდა მერიმ თავი. ღიმილი ვერ შევიკავე, - ან იქნებ ვცდები?

- ცდები, - ვთქვი და ამ სიტყვით სამაგიერო გადავუხადე, შანსი მომეცა.

- მართლა? მაშინ შენ მითხარი, როგორ არის სინამდვილეში.

- გეტყვი, რა პრობლემაა. სწორედ მაგის სათქმელად ვარ მოსული. დინა ჩემი შვილის დედაა.

ისე გაფითრდა, თითქოს დანა ჩაარტყესო, კიდევ უფრო გაუმკაცრდა ნაკვთები.

- ანუ? - ესღა იკითხა.

- ანუ დინა გიორგის დედაა.

- ესე იგი, შენი ცოლია?

- არა, ცოლი არ არის, ჯერჯერობით მხოლოდ ჩემი შვილის დედაა და მეტი არაფერი.

- ეგ როგორ? ერთ სახლში ცხოვრობთ, ბავშვს ზრდის და მეუბნები, მეტი არაფერიო?

- ეგრეა. ჩემი ცოლყოფილი უშვილო იყო, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობდა, ბავშვი დინამ გამიჩინა. ეგ არის და ეგ.

- ვერაფერი გავიგე. გაგიჩინა და ამის გამო ცოლს გაშორდი?

- არა, ამის გამო არა. მის მერე შვიდი წელი ვიცხოვრეთ ერთად, ახლახან დავშორდით, ბავშვი აითვალწუნა და იმიტომ.

- და დინა მთელი ეს წლები თქვენთან ცხოვრობდა?

გამეცინა.

- დინა მოლდავეთში ცხოვრობდა თავის მშობლებთან. რამდენიმე თვეა, რაც ჩამოვიდა. ხელახლა რომ შევხვდით ერთმანეთს, მაშინ გადავწყვიტე, შინ მომეყვანა და გიორგის გაზრდა მისთვის მიმენდო.

- და მიანდე, არა?

- რა თქმა უნდა. ამასთან, მშვენივრად გამოსდის. ბრწყინვალე დედაა, მინდა გითხრა.

- ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს. ერთი რამ ვერ გავიგე მხოლოდ, მე რა შუაში ვარ ამ ყველაფერში?

- შენც ჩემი შვილის დედა ხარ.

- ეს დიდი პატივია ჩემთვის, არა?

- მე ეგ არ მითქვამს.

- აბა, რა გინდა, მეც ხომ არ გადმოვიდე შენთან საცხოვრებლად? იქნებ მეც შენი შვილების ძიძა გინდა გავხდე?

- გოგა დიდი ხანია იმ ასაკიდან გამოვიდა, ძიძას საჭიროებდეს, გიორგის კი უკვე ჰყავს. ასე რომ, ვაკანსია არ გაქვს, - ახლა მე ვუკბინე.

- მაშინ რა გინდა ჩემგან, რას ითხოვ?

- ჯერ არ ვიცი. აქ იმისთვის მოვედი, რომ ეს ამბავი მომეყოლა შენთვის. მაინტერესებდა შენ რეაქცია.

- და რა დასკვნა გამოიტანე, დაგაკმაყოფილა ჩემმა რეაქციამ?

- სავსებით. ჩემთვის ბევრი რამ გახდა ნათელი.

- ვერ დააკონკრეტებ?

- რატომაც არა. პირველ რიგში ის, რომ ეჭვიანობ. ეს კარგია. მერე კიდევ ის, რომ იმაზე მშვიდად შეხვდი ამ ამბავს, ვიდრე მოველოდი. ესეც კარგია, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი. ვფიქრობ, ჩვენ გავუგებთ ერთმანეთს, მერი. შანსი ორივეს გვაქვს, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.

- თავიდან? როდის რა დაიწყო, რო?

- რაღაც მცდელობის მაგვარი ხომ იყო, თითქოს არაფრის, მაგრამ საბოლოო ჯამში - ყველაფრის.

- ვერ გავიგე.

- იმ შემთხვევითობამ ჩვენ წლების შემდეგ მჭიდროდ დაგვაკავშირა ერთმანეთთან. დღეს ჩვენ ერთი რამ გვაერთიანებს - გოგა.

- შენ რა, ცოლობას მთხოვ?

- ჯერ არა, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ რამეს გთავაზობ - უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. ვნახოთ, რა გამოგვივა, სანამდე მიგვიყვანს ეს დაახლოება.

- მერე დინა? რას უპირებ? არ მითხრა, შინამოსამსახურედ დავტოვებო.

- ეგ ჩემი საქმეა, როგორმე მოვიფიქრებ.

- რა, ჯერ მოფიქრებულიც არა გაქვს? უცნაურია.

- ამაზე არ მსურს ლაპარაკი, შენ ის მითხარი, ჩემს წინადადებაზე რა აზრის ხარ.

ამ დროს გოგამ შემოაღო კარი…

 

გაგრძელება იქნება