"...2005 წელს პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე რომ ვიმყოფებოდი, ჩამონათვალში წინა დღეს ვალენტინოს კოლექციის ჩვენება იყო და მეორე დღეს - ირაკლი ნასიძის..." - იხსენებს უმშვენიერესი მოდელი თიკო ნატროშვილი, რომელიც უკვე მეშვიდე წელია მეუღლესთან - გაბრიელ ხაბულიანთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. წყვილს სამი ვაჟი: მათე, კახი და ლუკა ჰყავთ...
- ქართველი საზოგადოებისთვის დასამახსოვრებელი იყო პარიზის მოდის კვირეულზე თქვენი გამოჩენა 2005-2006 წელს... მაშინდელ ქართულ პრესაში ამას ფართო გამოხმაურება მოჰყვა...
- დიახ, ჯერ კიდევ ახალბედა მოდელი პარიზში, მაღალი მოდის კვირეულზე აღმოვჩნდი... უკვე მსოფლიოში წარმატებული დიზაინერი - ირაკლი ნასიძე საქართველოში ჩამოვიდა მოდის კვირეულზე წარსადგენი კოლექციის შესაქმნელად და მოდელების ასარჩევად. მან სხვებთან ერთად, ჯერ კიდევ ახალბედა რომ შემარჩია, ჩემთვის ეს დიდი და სასიამოვნო მოულოდნელობა იყო...
პარიზის მოდის კვირეულის შემდეგ ირაკლი და მე ოჯახებით დავახლოვდით. მალე მას საქართველოში საინტერესო გამოფენა ექნება და გული მწყდება, ჩამოსვლას რომ ვერ შევძლებ...
სამწუხროდ, იმ თაობის ბევრი ქართველი მოდელი "დავიკარგეთ". არავისზე ნაკლებად ეშხიანი და ეფექტურები არ იყვნენ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ვერ გააღწიეს. არადა, შეიძლებოდა შთამბეჭდავი, საერთაშორისო კარიერა აეწყოთ. ახლა ძალიან ბევრი სამოდელო სააგენტოა, რომლებსაც საერთაშორისო კონტაქტები აქვთ. ბევრი მოდელი წავიდა საზღვარგარეთ და აღარავის უკვირს ევროპაში, ამერიკაში თუ ქართველი მოდელები პოდიუმზე დგანან... ადრე კი ასე არ იყო და დღეს უფრო ვაცნობიერებ, თუ რამდენად დიდი პატივი მხვდა წილად. ნატა სამადალაშვილმა შეუძლებელი შეძლო, ეპოქა შექმნა, ძალიან ბევრი სიახლე შემოიტანა, მაგრამ მისი მოღვაწეობა ადგილობრივ ბაზარზე იყო გათვლილი, საერთაშორისო კონტაქტები არ ჰქონდა. მოდელებს, დამწყებ დიზაინერებს ძალიან უწყობდა ხელს. საქართველოში რომ მოდის კვირეული გამართულიყო, ესეც ნატას იდეა გახლდათ.
- თქვენი და ირაკლი ნასიძის მეგობრობა რა სახით გრძელდება, ეს მოდის სფეროს აღარ უკავშირდება?
- დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ, სხვადასხვა მიმართულებით წავედით, მაგრამ ოჯახებით იმდენად დავახლოვდით, რომ დღეს ირაკლი საუკეთესო მეგობრად მიმაჩნია... ირაკლის არაჩვეულებრივი დედა ჰყავდა, რომელიც მისი შთაგონების ერთ-ერთი წყარო იყო. გული მწყდება, სიცოცხლით სავსე ქალბატონი ნაადრევად რომ გარდაიცვალა.
- გვიამბეთ თქვენზე, როგორც ჟურნალისტზე...
- ახლა ბევრი რამ კარგად, სასიამოვნოდ მახსენდება, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც ძალიან გადატვირთული რეჟიმი მქონდა. რადიოშიც, ბოლო ერთი წელი ტელევიზიაშიც ვმუშაობდი... განსაკუთრებით რთული იყო რეპორტიორობა. დღე და ღამე გასწორებული მქონდა, ტელეფონის გამორთვაც არ შეიძლებოდა. სასამართლო პროცესებზეც მიწევდა ყოფნა, პოლიტიკური ამბების გაშუქება, აქციების და ასე შემდეგ... მოკლედ, ყველგან ვიყავი.
ერთხელ ასეთი შემთხვევა მქონდა: ბათუმში კინოფესტივალის გასაშუქებლად ვიმყოფებოდი, მეორე დღეს კი ქართველი დიზაინერის, ლაკო ბუკიას კოლექციის ჩვენება იყო... კინოფესტივალზე შესვენების დროს ბათუმიდან მატარებლით გამოვიქეცი, დილის რვის ნახევარზე ჩამოვედი, პირდაპირი ჩართვა მქონდა. მერე სახლში წამოვედი, შუადღეს სილამაზის სალონში მივედი მაკიაჟის და ვარცხნილობის მოსაწესრიგებლად, საღამოს ჩვენებაზე გავედი და იქიდან პირდაპირ ბათუმში, მატარებლით წავედი, რომ დილით უკვე კინოფესტივალზე ვყოფილიყავი... ძალიან დიდი ენერგია მქონდა.
- ახლა რას საქმიანობთ?
- დღეს პროფესიული კუთხით არ ვმუშაობ. გერმანულს მაღალ დონეზე ვსწავლობ, კურსები გავიარე...
- როდესაც გერმანიაში საცხოვრებლად გადახვედით, ენას გარკვეულწილად ფლობდით?
- გერმანულად სიტყვაც კი არ ვიცოდი... ვერ წარმომედგინა საქართველოს გარდა სხვა ქვეყანაში თუ ვიცხოვრებდი, ჩემთვის სხვაგან გატარებული ერთი კვირაც კი ბევრი იყო. ხანდახან თვითონ მიკვირს, სხვაგან ცხოვრებას როგორ შევეგუე... დღეს ვარ ისეთ ქვეყანაში, სადაც ხვალინდელი დღის არ გეშინია... მთელი დღის მანძილზე ვეცნობი ახალ ამბებს. ყველაფერი უნდა ვიცოდე, რაც საქართველოში ხდება, ისევ ჩემი ქვეყნის ამბებით ვცხოვრობ. ვამბობ, რომ გერმანიას, წესრიგს ძალიან შევეჩვიე, აქაურ გარემოს მოვერგე და საქართველოს ყოველდღიურობაში ჩემთვის რაღაცები უკვე რთული იქნება, მაგრამ იმას ვერაფრით გადავეჩვიე, რომ გონებით საქართველოში არ ვიყო. არჩევნებზე ან დაძაბული სიტუაციისას ვნატრობ: ნეტავ ახლა საქართველოში ვიყო-მეთქი. ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება სულ მახსოვს...
- თქვენი შვილები რა ასაკის არიან?
- უფროსი - მათე 12 წლისაა, კახი 10-ის და ლუკა ჯერ 4-ის გახლავთ... ძირითადად სულ პატარაზე ვარ მიჯაჭვული, რადგან გერმანული ბაღები სტაბილურობით არ გამოირჩევა. თანამშრომლების სიმცირის გამო შეიძლება, ბავშვის გამოყვანა ბევრად ადრე მომიხდეს... ამიტომაც სამსახურის დაწყებისგან თავს ვიკავებ. თუმცაღა, ახლა ყველაზე საუკეთესოს, შვილებს, ოჯახს ვემსახურები...
მესამე ვაჟი - ლუკა რომ ჩვენს ცხოვრებაში გაჩნდა, გერმანულის კურსებს გავდიოდით. დღის პირველ ნახევარში გაკვეთილები ჩემს მეუღლეს, მეორე ნახევარში მე მიწევდა. გაკვეთილის მსვლელობის დროს კართან პატარას მომიყვანდნენ, გამოვკვებავდი და მიჰყავდათ... მარტო ვართ, ერთი დამოუკიდებელი ოჯახი სრულიად მარტო ვვითარდებით. არც მშობლები, ბებია-ბაბუა, ძიძა გვყავს. გერმანია ასეთ ოჯახებს ხელს უწყობს და ამიტომაც, აქაური სისტემის მიხედვით, 11 თვის ლუკა ძიძას მივაბარეთ. მეკითხებოდნენ, არ გეცოდებაო?.. არაფერი სჭირდა შესაცოდი, არაჩვეულებრივად შეეგუა. ბაღის სისტემასავით არის, სადაც დღის დედა, დღის მამა არიან... მამაკაცებიც მუშაობენ. ხუთი ბავშვის დატოვების უფლება აქვთ. უსაფრთხოების ნორმები, ყველაფერი მკაცრად არის შემოწმებული, კონტროლის ქვეშ არიან...
- როგორც კი შესაძლებელი იქნება, ჟურნალისტურ საქმიანობას დაუბრუნდებით?
- თავისუფალ დროს იმისთვის ვიყენებ, რომ გერმანული ენა მაღალ დონეზე ვისწავლო. ჩემი პროფესია - ჟურნალისტიკა გერმანიაში აღიარებული, დადასტურებული მაქვს. შემიძლია ამ პროფესიით ვიმუშაო, თუმცა აქ ამას თავის სპეციფიკა აქვს.
გერმანიაში არსებობს სპეციალური ორგანიზაცია, რომელიც მიმართულებას იძლევა. მათ გასაუბრებაზე ავუხსენი, რომ ის საქმე უნდა ვაკეთო, რომელიც სიამოვნებას მომანიჭებს. მხოლოდ ხელფასის გამო მუშაობა არ შემიძლია.
- ბავშვებმა ქართული იციან?
- ბავშვებს ქართულად ვესაუბრებით, მაგრამ ცოტა არ იყოს, ლუკა "აიჭრა"... ჯერ ქართული ესმოდა, მერე ძიძასთან გერმანული და ახლა სპეციალისტის რჩევაა, ერთი ენა ავირჩიოთ. ინგლისურსაც კი ურევს, ამ ენაზე კი საერთოდ არ ვესაუბრებით. უბრალოდ, ტელეეკრანიდან ესმის და ბევრი სიტყვა დაიმახსოვრა. შეიძლება წინადადება ერთი ქართული, სამი გერმანული და დანარჩენი ინგლისური სიტყვებით ააწყოს. ასე რომ არ აერიოს, გამოყოს და ენები ერთმანეთისგან განასხვაოს, ჯობია ერთი ენა ესმოდეს... რადგან გერმანულ ბაღში დადის, მასთან სასაუბროდ გერმანული ავირჩიეთ, თუმცა ქართულიც თავისთავად, ესმის...
თავიდან ძალიან განვიცდიდი, აქ ქართველ ბავშვებს რომ ვხედავდი, რომლებიც ქართულად გერმანული აქცენტით საუბრობდნენ. ახლა კი მივხვდი, ეს ის რეალობაა, რომელსაც ვერ გაექცევი და უნდა მიიღო.
ჩემი შვილი - მათე თხემით კიდემდე ქართველია. საქართველოს იქით არაფერი ახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ ამბობს, მე მეტი ხანია აქ ვცხოვრობ, ვიდრე საქართველოში, გერმანიაში თავს მაინც სტუმრად ვგრძნობო... ქართული ანბანი იცის, კითხვა შეუძლია. საქართველოდან შვიდი წლის წინ წამოვედით და მას მერე აღარ ვყოფილვართ... წელს ძალიან გვინდოდა ჩასვლა, მაგრამ ვერ ხერხდება, რადგან სასკოლო არდადეგები ჩვენს გეგმებს ცუდად ემთხვევა. ამიტომაც ეს ამბავი ისევ მომავალი წლისთვის გადავდეთ. აქ რამდენ ხანსაც უნდა ვიყოთ, მთელი ოჯახი ქართველებად ვრჩებით და მუდამ ასე იქნება! ამიტომაც არ მსიამოვნებს, როცა შვილები ქართულად აქცენტით მესაუბრებიან ან ქართული სიტყვის მნიშვნელობას ვერ ხვდებიან. სულ მახსოვს, რომ ქართული სრულყოფილად უნდა იცოდნენ!
სამწუხაროდ, რომელ ქვეყანაშიც ხარ, იმ ქვეყნის ქუდი უნდა დაიხურო! ეს ემიგრაციის ყველაზე დიდი სევდაა. თან ქართველებს განსაკუთრებულად გვაქვს სამშობლოს განცდა, ჩვენი ქვეყანა სხვანაირად გვიყვარს.
- მოდელობა გენატრებათ?
- ვაღიარებ, მენატრება... თუმცა იმას ვაცნობიერებ, რომ ასაკი ხელს აღარ მიწყობს.