1916 წლის შემოდგომაზე მეზღვაურისა და ბოცმანის, მეტსახელით "ზღვის მგლის", შაბან გოგიტიძის ოჯახში მეცხრე ბავშვი იბადება. ნაბოლარას ფადიკოს არქმევენ. დღეს არავინ იცის, როდის, როგორ და რა ვითარებაში გაუჩნდა გოგონას ფრენის სურვილი, მაგრამ მიზნის მისაღწევად, მშობლების თანხმობის გარეშე იმოქმედა. მეტიც, თქვა, რომ დედაქალაქში სამედიცინო განათლებას მიიღებდა, სინამდვილეში კი აჭარიდან თბილისში მფრინავის პროფესიის დასაუფლებლად გაეშურა. მისი საქციელის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს საკმაოდ მტკიცე და გაბედული გადაწყვეტილება იყო, თან იმ დროს, როცა ჩვენში მამაკაცი მფრინავებიც ცოტა იყვნენ, არათუ ქალები...
ალამბარი ზღვის დონიდან 60 მეტრის სიმაღლეზე გაშენებული სოფელია, რომელიც ქობულეთიდან 14 კილომეტრში მდებარეობს. ალამბარში დაბადებული ფადიკო გოგიტიძე, მამამისის სამსახურებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ოჯახთან ერთად ჯერ ფოთში ცხოვრობდა, შემდეგ ბათუმში. წარჩინებული მოსწავლე, ცოცხალი, აქტიური ბავშვი იყო, ყველაზე დადებით შთაბეჭდილებას ახდენდა და სადაც უნდა ყოფილიყო, ყურადღების ცენტრში ხვდებოდა.
მშობლებს სურდათ, მათ უმცროს შვილს სამედიცინო განათლება მიეღო, მაგრამ მათგან ფარულად, გოგონამ აბსოლუტურად განსხვავებული გზა აირჩია და 1936 წელს თბილისის საფრენოსნო სკოლა დაასრულა. იმ დროის პერიოდულ პრესაში წერდნენ: „ერთ წელში უნდა დაუფლებოდა მანქანის მართვას. ერთ წელში უნდა გამხდარიყო მფრინავი. ჯერ ერთი წელი არ იყო მოთავებული, რომ ფადიკო გოგიტიძე უკვე დამოუკიდებლად ფრენდა, დამოუკიდებლად მართავდა ფოლადის შევარდენს, მართავდა საოცარი სიზუსტითა და სილამაზით".
პირველ და საკმაოდ რთულ საცდელ ფრენას თავი კარგად გაართვა: ღრუბლიან ამინდში, ნისლში გახვეულ სურამის უღელტეხილს გადაუფრინა და თბილისიდან ბათუმში შევარდენივით გადაფრინდა თურმე. ეს ისტორიული ფაქტი 1936 წლის გაზეთ "საბჭოთა აჭარაში" ასეა დაფიქსირებული: "შარშან, 18 აგვისტოს, დილით 10 საათისთვის დაეშვა თვითმფრინავი "უ-2". ამ თვითმფრინავით ტფილისიდან ჩამოფრინდა პირველი აჭარელი მფრინავი გოგონა ფადიმე გოგიტიძე".
ბუნებრივია, მისი მშობლები და ახლობლები გაოცებულეი დარჩნენ, როცა სამთავრობო დონეზე დაგეგმილ საზეიმო დახვედრაზე დედაქალაქიდან საზღვაო ქალაქში ჩაფრენილი თვითმფრინავიდან ფადიკო გადმოვიდა. დედ-მამას სწორედ მაშინ გაუგია, რომ მათი შვილი ექიმი კი არა, მფრინავი გახდა.

ფადიკო გოგიტიძემ საფრენოსნო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა ბათუმის აეროკლუბში ინსტრუქტორად დაიწყო. იმ ადგილას მფრინავთა, პლანეტართა, პარაშუტისტთა და ავიამოდელისტთა კადრების მომზადება ხდებოდა და ისიც მსურველებს რთული პროფესიის დეტალების ათვისებაში ეხმარებოდა. ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა მისი კარიერა, რომ არა ტრაგედია: ერთ-ერთი პირველი მფრინავი ქალი საქართველოში და პირველი მფრინავი მანდილოსანი აჭარიდან, ფადიკო გოგიტიძე, 24 წლის ასაკში ბათუმში, საცდელი ფრენისას დაიღუპა. იმ დროს მისი შვილი მხოლოდ 3 თვის იყო...
ნუგზარ გოგიტიძე (ექიმი):
- ქობულეთში 1985 წლიდან ბავშვთა ქირურგად ვმუშაობ. გოგიტიძეები წარმოშობით ოზურგეთიდან ვართ, მაგრამ ალამბარში ვცხოვრობ, ანუ იქ, სადაც ფადიკო გოგიტიძე და ჩემი წინაპრები დაიბადნენ. მყავს შვილი და შვილიშვილები, რომლებიც აქ უკვე მეექვსე თაობად ითვლებიან... ალამბარში რომ ჩამოვედი, აქტიურად ჩავები როგორც სამედიცინო, ის საზოგადოებრივ საქმიანობაში. თანდათან ინტერესი გამიჩნდა ჩემი გვარის წარმომადგენლებზე მეტი ინფორმაციის მოძიებასა და კავშირების აღდგენის, მათ შორის, ფადიკო გოგიტიძის შთამომავალთან. გვარში გვყავს ისტორიკოსი, რომელთან ერთადაც დაგეგმილია გოგიტიძეების შესახებ წიგნის გამოცემა და ალბათ, ის უახლოეს მომავალში იქნება მზად...
იმავე პერიოდში ჩვენი გვარის წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ, საგვარეულო ეკლესია აგვეშენებინა, რომლისთვისაც ადგილი კინტრიშის ხეობაში გამოვნახეთ. წლების განმავლობაში ტაძრის მშენებლობას ვხელმძღვანელობდი. ცხემვანის წმინდა გიორგის ეკლესია მოგვიანებით მამათა მონასტრად გადაკეთდა და ფუნქციონირებს. ეს მოვლენა კინტრიშის ხეობაში მონასტრული ცხოვრების და ძველი ქრისტიანული კერის აღორძინებას დაედო საფუძვლად. ამ წლების განმავლობაში არაერთი ასეთი ნაგებობა აშენდა და რაც მთავარია, აქ მდებარეობს ხინოწმინდა, საეპისკოპოსოს საკათედრო ტაძარი, რომლის აღდგენა და აღორძინებაც მიმდინარეობს. ვფიქრობ, ამას სტიმული, გარკვეულწილად, ცხემვანის წმინდა გიორგის მამათა მონასტრის ფუნქციონირებამ მისცა.
- ამ საინტერესო ექსკურსის შემდეგ, თუ შეიძლება ფადიკო გოგიტიძესა და თქვენს ნათესაურ კავშირზე მიამბეთ; ის დეტალებიც გამიზიარეთ, რაც ინტერნეტში არ ფიქსირდება...
- ფადიკო გოგიტიძის მამა და ბაბუაჩემი ძმები იყვნენ. მამაჩემს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა ფადიკოს დედმამიშვილთან. პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, მამაჩემმა სტუმრად ფადიკოს შვილი ჯულიეტა რომ დაპატიჟა. ასევე ელიზბარ გოგიტიძის სტუმრობაც მახსოვს, ფადიკოს ძმის, რომელიც სახელოვანი მეზღვაური გახლდათ, შორეული ზღვაოსნობის კაპიტანი. მას მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკიდან საბჭოთა კავშირის ნავსადგურებში ტვირთი გადაჰქონდა. ელიზბარ გოგიტიძე არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ მსოფლიოში ცნობილი კაცი იყო იმითაც, რომ იმ ერთეულებს შორის ითვლებოდა, ვისაც მსოფლიოს ნებისმიერ საზღვაო პორტში გემის შეყვანა ლოცმანის გარეშე შეეძლო...გაგრძელება