ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოპ-ვარსკვლავი, რიანა, მეორე შვილს ელოდება. ზედმეტი კილოგრამები და სხეულის შეცვლილი ფორმები მისთვის სულაც არ აღმოჩნდა დაბრკოლება, რომ ეს მნიშვნელოვანი პერიოდი ულამაზესი კადრებით შემოენახა.
ერთ-ერთი ასეთი ფოტოსესია Savage x Fenty-სთვის მოეწყო, სადაც უმშვენიერესი მუსიკოსი წითელ თეთრეულშია გამოწყობილი. „ჩემი ახალი ფავორიტი“ - დაწერა მან.
ეს ორსული რიანას პირველი თამამი გამოჩენა არ არის. ის პირველი ფეხმძიმობის დროსაც უპირატესობას ღია სამოსს ანიჭებდა და მოსწონდა, როცა მისი მუცელი დაფარული არ იყო. ეს მის ზოგიერთ გულშემატკივარში გაღიზიანებას იწვევს, თუმცა თავად მომღერალი თვლის, რომ ორსულობა ქალის ყველაზე ლამაზი მდგომარეობაა, მისი წარმოჩენა კი - სილამაზე.
პირველ შვილზე ფეხმძიმობისას რიანამ PEOPLE-თან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აგრძნობინებს საორსულო სამოსი მას თავდაჯერებულობას. "ახლა, როცა ორსულად ვარ, არის დღეები, როცა უბრალოდ საწოლში წოლა და არაფრის კეთება მინდა, მაგრამ საკმარისია ცოტა მაკიაჟი და კარგი ტანსაცმელი, რომ სრულიად გარდავიქმნა. როცა კარგად გამოვიყურები, თავსაც კარგად ვგრძნობ, ლამაზი სამოსი თავდაჯერებულობას მმატებს და მაიძულებს, გარეთ გავიდე, ვაკეთო საყვარელი საქმე".
2022 წელს Vogue-თან საუბრისას მან თქვა: „როდესაც გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, ვფიქრობდი, რომ საორსულო ტანსაცმელს არ ვიყიდდი და ისევ ჩვეულებრივად ჩავიცვამდი, მაგრამ შემდეგ აზრი შემეცვალა. ორსული ქალის სამოსი ძალიან ლამაზი და მიმზიდველია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სხეული, ჩემი ფორმები იცვლება, არ ვაპირებ, მოსაწყენად მეცვას“.