ტელესახე თამუნა მუსერიძე და მსახიობი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე რამდენიმე წელია, რაც ცოლ-ქმარნი არიან. მათ ორი საერთო გოგონა ჰყავთ. წინა ქორწინებიდან სანდროს გოგონა, თამუნას კი ვაჟი ჰყავს. ტელეწამყვანი პირველად მუსიკოს გურამ მაკალათიაზე იყო დაქორწინებული, რომელსაც ბავშვის გაჩენამდე დაშორდა.
ამჯერად თამუნა მუსერიძემ გიორგი ღოღობერიძის გადაცემაში მარტოხელა დედობის გამოცდილებაზე ისაუბრა და გაიხსენა შემთხვევა, როცა მას პირველი ორსულობისას აბორტის გაკეთება შესთავაზეს:
„მირჩევდნენ, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა, რადგან ქმარს ვიყავი გაშორებული. მეუბნებოდნენ, ეს პრობლემა უცებ მოგვარდება და ვერავინ გაიგებს, რომ ორსულად ხარ, ზედმეტი ტვირთიც არ გექნებაო. მეუღლეს რამდენიმე თვის შემდეგ შევურიგდი, თუმცა ისევ დავშორდით. როცა ბავშვი გავაჩინე, მარტო ვიყავი. ბავშვი რომ გააჩინო მეუღლის გარეშე, დიდი გმირობა არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მართლა, რთული იყო, თუნდაც ფინანსურად, რადგან აღარ ვმუშაობდი. მეშვიდე თვეში რომ ვიყავი, გამომიშვეს სამსახურიდან, რომ დეკრეტის თანხა არ გადაეხადათ, მერე უკან დამაბრუნეს და ხელფასი მქონდა 150 ლარი. ჩემმა შვილმა პირველი ერთი წელი გაატარა რადიოში, თან ვაჭმევდი, თან ეთერში გავდიოდი. დედა კი ცოცხალი იყო, მაგრამ ბუნებრივ კვებაზე რადგან მყავდა, ვერ ვტოვებდი. ფაქტობრივად, სკამზე ეძინა ხოლმე“ - იხსენებს თამუნა მუსერიძე.
თამუნა მუსერიძემ რამდენიმე წლის წინ სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძეზე იქორწინა. მათ ორი ქალიშვილი შეეძინათ და ბედნიერი ოჯახი აქვთ:
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ერთად ყოფნა დიდმა სიყვარულმა განაპირობა, მაინც გვქონდა რთული პერიოდები და მცირე უთანხმოებები, რაც ყველა ოჯახში ხდება. თუმცა წლებმა ყველაფერი დაალაგა და გვიჩვენა, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ძალიან ძვირფასები ვართ. ამის შემდეგ ჩვენი სიყვარული უფრო გამძაფრდა, ახლა შეკრული ოჯახი ვართ", - ამბობდა თამუნა.