2008 წლის აგვისტოს ომიდან უკვე 15 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტებსა და ქართულ ჯარს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. ომში რუსეთი ღიად 8 აგვისტოს ჩაერთო.
2008 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს დაღუპულია: შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე; პოლიციის 16 თანამშრომელი; 188 მშვიდობიანი მოქალაქე.
2008 წლის დიდი ტრაგედია მთელ საქართველოს ახსოვს. ქვეყნის ყველაზე მძიმე პერიოდი ფოტოებმაც შემოგვინახა.

ფოტოზე გამოსახული ქალი ნათელა ხურცილავაა - ჭურვის ნამსხვრევების შედეგად ხელი დაუზიანდა.
„ჩემი თვალით დავინახე, თვითმფრინავმა როგორ გადაიფრინა და ჩამოაგდო წითელი რაღაც. მერე უკუნეთმა მოიცვა იქაურობა. მაშინ პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ მათ ცოცხალს ვეღარ ვნახავდი. საბედნიეროდ, ჩვენ ყველა გადავრჩით, თუმცა შენობის ნანგრევებში ბევრი ჩვენი მეზობელი დაიღუპა“, – ჰყვება ნათელა (წყარო: reporter.ge).

ზაზა რაზმაძე დასტირის ძმას, ზვიად რაზმაძეს - ალბათ ეს ფოტო აგვისტოს ომის ყველაზე ცნობილი კადრია.
„ზაზა ვერხვების დასახლების დაბომბვის შემდეგ ცეცხლწაკიდებული კორპუსებისკენ დასახმარებლად გაქცეულა. დანგრეული შენობების დანახვაზე უფიქრია – ჩემი ძმა სახლის დაკარგვას ვერ გადაიტანსო. სწორედ იმ მომენტში აღმოუჩენია ზვიადისა და მისი 9 თვის ფეხმძიმე მეუღლის გვამები. ცნობილ ფოტოზე ზაზას სახეზე ძმის დაღუპვით გამოწვეული, პირველი მძაფრი ემოციაა აღბეჭდილი“, – იხსენებდა ნანა დვალიშვილი, ზაზა რაზმაძის ქვრივი (წყარო: reporter.ge).
ზაზა რაზმაძე 2014 წელს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
