1970-იან წლებში ნორვეგია და შემდეგ მთელი მსოფლიო შოკირებული იყო უცნობი ქალის გარდაცვალების იდუმალი ამბით, თუმცა მაშინ პოლიციამ ეს საქმე ვერ მოაგვარა: აღმოჩენილი მტკიცებულებები თითქოს ყველაფერზე ლაპარაკობდა, მაგრამ ამავდროულად - კონკრეტულად არაფერზე. ვინ იყო უცნობი? ჯაშუში? თავი მოიკლა თუ რომელიმე სექტის წევრებმა სასტიკად მოკლეს?
1970 წლის 29 ნოემბერს პროფესორი ორიარ ოინი ორ ქალიშვილთან ერთად დასასვენებლად გაემგზავრა ისდალენის ველზე, რომელიც ცნობილია, როგორც სიკვდილის ველი. შუა საუკუნეებში იქ ადგილობრივები ხშირად იკლავდნენ თავს, 1960-იან წლებში კი რამდენიმე ტურისტი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოჯახის გასეირნება მოსალოდნელზე ადრე დასრულდა: ულრიკენის მთიდან არცთუ ისე შორს ქალის დამწვარი ცხედარი აღმოაჩინეს. დანაშაულის ადგილზე მისულმა პოლიციამ აღნიშნა, რომ უცნობის დამწვრობა მხოლოდ ერთ მხარეს იყო: მისი ზურგი უვნებელი დარჩა. ქალის იდენტიფიცირება მიყენებული დაზიანებების გამო ვერ მოხერხდა. დამწვარი ტანსაცმლის ნაშთებზე არც ერთი ეტიკეტი არ იყო, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის დადგენა, რომელ მაღაზიაში იყო ნივთი შეძენილი. შესაბამისად, მყიდველის სახელის გარკვევაც შეუძლებელი იყო.
სამართალდამცველებმა ცხედრის გვერდით რამდენიმე ნივთი იპოვეს: ალკოჰოლური სასმლის ბოთლი, ორი ნაწილობრივ ნახშირბადიანი წყლის ბოთლი, საყურე და ბეჭედი, საათი, გატეხილი ქოლგა, შარფი, რეზინის ჩექმების ნაშთები, დამწვარი პასპორტის საფარი. ამ ნივთების ადგილზე განლაგებამ გააკვირვა გამომძიებლები.
„ამ ნივთების მოწყობა უცნაური იყო. როგორც ჩანს, ეს იყო რაიმე სახის ცერემონია ან რიტუალი”, - თქვა ტორმოდ ბონსმა, გამოძიების მონაწილემ.
ცხედრის ქვეშ ბენზინში დასველებული ბეწვის ქუდიც იპოვეს. გაირკვა, რომ უცნობი განზრახ დაწვეს. კისრის მარჯვენა მხარეს ცხედრის გასინჯვისას სასამართლო ექსპერტიზამ დიდი სისხლჩაქცევა აღმოაჩინა. აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილი ავად არ იყო. ერთ-ერთი საკამათო აღმოჩენა იყო საძილე აბები: ქალის მუცელში აღმოაჩინეს მინიმუმ 50 ტაბლეტი.
"ნაცრის ნაწილაკები აღმოაჩინეს მის ფილტვებში. ასე რომ, ის ცოცხალი იყო, სანამ იწვოდა“ - თქვა ტორმოდ ბონსმა. ქალი მტკივნეულად გარდაიცვალა, საძილე აბებითა და ნახშირბადის მონოქსიდით მოწამლული. პოლიციამ დაასკვნა, რომ ეს თვითმკვლელობა იყო. თუმცა ქალაქ ბერგენის მოქალაქეებს, სადაც ხეობა მდებარეობს, არ სჯეროდათ ამ ვერსიის.
ბერგენის რკინიგზის სადგურის თანამშრომლებმა გარდაცვლილის ვინაობა დაადგინეს: აღმოჩნდა, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მან სათავსოში ორი ჩემოდანი დატოვა. თითის ანაბეჭდებმა დაადასტურა, რომ ბარგი მას ეკუთვნოდა. ნივთების ერთობლიობამ გამომძიებლებს პირველად აფიქრებინა, რომ უცნობი ჯაშუში იყო. ჩემოდნებში იყო სათვალეები, ტანსაცმელი, რომლებსაც იარლიყი არ ჰქონდა; პარიკები, ფული რამდენიმე ქვეყნიდან, კოვზები, კოსმეტიკა და სხვა აუცილებელი ნივთები.
თუმცა, ერთი რამ, რაც ჩემოდანში იყო, გამოძიებისთვის სასარგებლო აღმოჩნდა. ეს იყო პაკეტი Oskar Rertved-ის მაღაზიიდან სტავანგერში. მაღაზიის მფლობელს გაახსენდა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ლამაზ ქალს რეზინის ჩექმები მიჰყიდა.
პოლიციამ დაადგინა, რომ 164 სმ სიმაღლის ქალი დაახლოებით 40 წლის იყო. უცნობს შავი, გრძელი თმა, ყავისფერი თვალები, მრგვალი სახე და პატარა ყურები ჰქონდა.
გაირკვა, რომ 1970 წლის მარტიდან ნოემბრამდე ქალი 9 სასტუმროში და ყოველ ჯერზე არაუმეტეს ცხრა დღის განმავლობაში დარჩა. ფენელა ლორჩი, კლაუდია ტიელტი, ვერა ჯარლე - ეს მხოლოდ რამდენიმე სახელია, რომლებსაც გარდაცვლილი იყენებდა. იმ დღეებში სასტუმროში შესვლისას საჭირო იყო პასპორტის წარდგენა და კითხვარის შევსება. აღმოჩნდა, რომ მან ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოადგინა.
ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ქალი ჯაშუში იყო. გარდაცვლილის უცნაურმა საქციელმა, ისევე, როგორც იმ ფაქტმა, რომ მან მდიდარი ტურისტის შთაბეჭდილება დატოვა, ბერგენის მცხოვრებლებს დააჯერა ეს თეორია.
რამდენიმე პასპორტის არსებობა მიუთითებდა, რომ იგი მუშაობდა საკმაოდ დიდ სადაზვერვო სამსახურში. გარდა ამისა, იმ პერიოდში იყო ცივი ომი და ნორვეგიას, როგორც ამბობენ, ბევრი ჯაშუში ჰყავდა. ქვეყანაში ისრაელის დაზვერვაც მუშაობდა. 1971 წელს პოლიციას საქმის დახურვა მოუწია - უცნობი ქალის ვინაობა დღემდე გაურკვეველია.