„ძალიან მიზიდავს ცუდი გემოვნება. ეს ბევრად უფრო ამაღელვებელია, ვიდრე ის, რასაც ჩვეულებრივ კარგ გემოვნებას უწოდებენ, რაც მხოლოდ სტანდარტული გზაა“ - ნიუტონის ეს ციტატა საუკეთესოდ ხსნის მის აზროვნებასა და ხედვას.
ნათელი მაკიაჟი, სრული სიშიშვლე, ინტენსიური დადგმული პოზები, იაფფასიანი მოტელების ან საძინებლების ინტერიერი, უხერხული მიზანსცენები, არის ის, რაც მის სურათებს სხვებისგან განასხვავებს.
მისი ფოტოები შოკში აგდებდა როგორც კონსერვატორებს, ასევე პროგრესულად განწყობილ საზოგადოებას. მიუხედავად მისი ფოტოების პროვოკაციული ხასიათისა, ის მთელი თავისი კარიერის მანძილზე არასოდეს ყოფილა სექს-სკანდალში ჩართული. დღესაც კი, ახალი ეთიკისა და #MeToo-ის ეპოქაში, ყველა მოდელი და ვარსკვლავი, რომლებთანაც უმუშავია, მასზე ძალიან დადებითად საუბრობს.
ჰელმუტი ფოტოგრაფიით ბავშვობაში დაინტერესდა. მამა ეწინააღმდეგებოდა, სურდა, რომ მის შვილს მემკვიდრეობით მიეღო ოჯახის ღილაკების ქარხანა. „მამაჩემმა მითხრა, რომ ამ გზით ვერაფერს მივაღწევდი.” - ამბობდა ნიუტონი.
გადასაღებ მოედანზე პირველად 14 წლის ასაკში აღმოჩნდა. 1938 წელს ებრაელების დევნისა და მამის დაპატიმრების შემდეგ ნიუტონი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ბერლინი და სინგაპურში დასახლებულიყო, სადაც მცირე ხნით მუშაობდა ადგილობრივ გაზეთში რეპორტიორად: „საშინელი რეპორტიორი ვიყავი. შემთხვევის ადგილზე ყველაზე გვიან მოვდიოდი”, - იხსენებს ის.
მისი გზა მოდის ფოტოგრაფიისკენ ავსტრალიაში გადასვლის შემდეგ დაიწყო. სხვადასხვა ჟურნალისთვის მუშაობის დროს შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, ჯუნს. მათ ერთად 56 წელი იცხოვრეს.
ნიუტონმა ფრანგული Vogue-ისგან თანამშრომლობის შემოთავაზება მიიღო. სწორედ ამ ჟურნალისთვის გადაღებამ მოუტანა მას ეპოქის ყველაზე მოთხოვნადი ფოტოგრაფის სტატუსი.
მოდის ფოტოგრაფიის გენიოსი სიბერემდე პროფესიის ერთგული დარჩა. 2004 წლის 23 იანვარს ავტოავარიაში მოყვა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ნიუტონი Cedars Sinai-ს სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.