ეკონომიკის ექსმინისტრის, კახა ბენდუქიძის შვილი ანასტასია ბენდუქიძე საზოგადოებამ მამის გარდაცვალების შემდეგ გაიცნო. იმთავითვე გაჩნდა ეჭვები, რომ იგი მდიდარი კაცის შვილობას ფინანსური ინტერესების გამო იბრალებდა და სინამდვილეში კახა ბენდუქიძესთან ნათესაური კავშირი არ ჰქონდა. ანასტასია სანამ მამის გვარზე ოფიციალურად გადავიდოდა, და ეს კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, გონჩაროვას გვარს ატარებდა.
სკანდალური სასამართლო პროცესების შედეგად, რომლებზეც უცხოური მედიაც აქტიურად წერდა, ლონდონის სასამართლოში ანასტასიამ დაამტკიცა, რომ ის მართლაც კახა ბენდუქიძის შვილი იყო და ამის შემდეგ მიიღო კიდეც მემკვიდრეობა.
ახლა კი არის მამის მიერ დაარსებული "თავისუფალი უნივერსიტეტის" თანადამფუძნებელი და "ცოდნის ფონდის" დირექტორი. ანასტასია ბოლო დრო განსაკუთრებით ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზეც, როცა კულინარიული შოუს, „სამზარეულოს ომების“ ჟიურის წევრის ამპლუა მოირგო. მან თავისი გულწრფელობითა და უშუალობით საზოგადოებას კიდევ უფრო შეაყვარა თავი.
ამჯერად ანასტასია ბენდუქიძე ბლიც-კითხვებს Forbes Woman Georgia-სთან ინტერვიუში პასუხობს და ამბობს, რომ მისთვის ცხოვრების მთავარი მიზანი ბედნიერებაა:
"მიზანი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევ, ბედნიერებაა. მგონია, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. როცა ვხედავ ჩემს შვილს, იმას არ ვუყურებ, რამდენ ენაზე საუბრობს ან რა ნიშნები აქვს სკოლაში, უბრალოდ, მინდა, რომ იყოს ბედნიერი და ეს არის ცხოვრების მიზანი", - ამბობს ანასტასია.
"სამწუხარო მომენტი, რომელიც გონებაში ჩამებეჭდა, ეს არის მამაჩემის გარდაცვალება, იმიტომ, რომ ვიყავი მარტო და არ ვიყავი ამისთვის მზად. კარგი მომენტი კი - ჩემი შვილის გაჩენა. მას შემდეგ ჩემი ცხოვრება სულ შეიცვალა", - თქვა მან.