"...2005 წელს პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე რომ ვიმყოფებოდი, ჩამონათვალში წინა დღეს "ვალენტინოს" კოლექციის ჩვენება იყო და მეორე დღეს - ირაკლი ნასიძის..." - იხსენებს უმშვენიერესი მოდელი თიკო ნატროშვილი, რომელიც უკვე მეშვიდე წელია მეუღლესთან - გაბრიელ ხაბულიანთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. წყვილს სამი ვაჟი: მათე, კახი და ლუკა ჰყავს...
თიკო ნატროშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ გერმანიაში წასვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი იყო:
„ერთი, რაც დანამდვილებით ვიცოდი შვიდი წლის წინ, ის იყო, რომ დიდი ხნით მივდიოდი გერმანიაში. მთავარი მიზანი იყო ჩემი შვილის, კახის კეთილდღეობა, სხვა არაფერზე ვფიქრობდი. ჩვენ არც მორალური და არც ფინანსური მდგომარეობა ისეთი არ გვქონია, რომ აუცილებლობა ყოფილიყო, საზღვარგარეთ გვეცხოვრა. ჩვენი შვილის ჯანმრთელობის პრობლემებმა გვაიძულა და როგორც იტყვიან, ზუსტად ერთ დღეში გადავწყვიტეთ, წავსულიყავით იმ ქვეყანაში, სადაც კახის ჯანმრთელობაზე უკეთესად იზრუნებდნენ. მე და ჩემი მეუღლე დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ საქართველო არ იყო ის ქვეყანა, სადაც კახის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შევძლებდით.
კახის რაც გერმანიაში სამედიცინო მოვლა და მკურნალობა უნაზღაურდება, შეუძლებელი იქნებოდა, საქართველოში ვინმეს ამის საშუალება ჰქონოდა...
კახი ამჟამად ეტლით მოსარგებლეა. შეუძლია ყავარჯნებით გადაადგილება. არ მინდა, კახის სამედიცინო საკითხებზე ხმამაღლა ვისაუბრო, მაგრამ თავის დროზე არ გვქონდა წარმოდგენა, რაოდენ სერიოზული იყო ეს პრობლემა. გერმანიაში ჩამოსულმა გავარკვიე, თუ სწორად არ ვუმკურნალებდით, შეიძლებოდა, მის სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებოდა. როცა საქართველოდან მოვდიოდით, ვფიქრობდით, რომ კახისთვის უკეთესი რამ გაგვეკეთებინა, მაგრამ რეალურად, აქ ჩამოსვლით ჩვენი შვილი გადავარჩინეთ…“, - ამბობს თიკო ნატროშვილი.