19 წლის ტარა კალიკო ორგანიზებული და პუნქტუალური ადამიანი იყო. გოგონა ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1988 წლის 20 სექტემბერს ტარა ველოსიპედით გასეირნებას, შემდეგ კი შეყვარებულთან, მარკ მაკკრაკენთან ერთად ჩოგბურთის თამაშს აპირებდა.
დილის 9:30 საათზე ტარამ დედას დაუბარა, რომ სახლში შუადღემდე დაბრუნდებოდა. როდესაც კალიკო სახლში ღამის 12:05 საათამდე არ დაბრუნდა, დედა შვილის მოსაძებნად წავიდა, ხოლო როცა მის კვალს ვერ მიაგნო, პოლიციას მიმართა. აღმოჩნდა, რომ სტუდენტი ბოლოს 11:45 საათზე ნახეს. მოწმეებმა განაცხადეს, რომ თეთრი პიკაპი ტარას გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისდევდა. თუმცა უბედური შემთხვევა და გატაცება არავის უნახავს. და ზუსტად ვერავინ ამბობდა, იყო თუ არა ეს მანქანა ტარას გაუჩინარებასთან რაიმე კავშირში.
ერთი დღის შემდეგ, ტარას სახლიდან ორ კილომეტრში, გზატკეცილზე ველოსიპედის საბურავების კვალი აღმოაჩინეს. პოლიციამ მოგვიანებით ველოსიპედის ნაწილებიც იპოვა.
მაგრამ გოგონას სხვა ნივთები ვერ იპოვეს. გამოძიება არ გამორიცხავდა, რომ ტარა უბრალოდ სახლიდან გაქცეულიყო.ზოგიერთი მედია იტყობინებოდა, რომ 1989 წლის 15 ივნისს უცნობმა ქალმა ტარა ორ მამაკაცთან ერთად შენიშნა. მოწმე ამბობდა, რომ ტარა მათ ბრძანებებს ასრულებდა. ვინ იყვნენ სინამდვილეში ეს ადამიანები ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება.
საინტერესოა, რომ იმავე წლის 15 ივნისს პორტ სენტ ჯოს ავტოსადგომზე აღმოაჩინეს ერთადერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება - ფოტო.
პოლაროიდის კამერით გადაღებულ ფოტოზე გოგონა და ბიჭი იყო გამოსახული. თინეიჯერები ფურგონში საბნებზე და ბალიშებზე იწვნენ, პირები ლენტით ჰქონდათ აკრული. პეტიმ თავისი ქალიშვილი ფეხზე ნაწიბურით ამოიცნო.
მაგრამ სამართალდამცავი ორგანოები ამას არ იზიარებდნენ. FBI-მ დაასკვნა, რომ სურათზე არა კალიკო, არამედ სხვა გოგონა იყო გამოსახული. საქმე ისაა, რომ 1989 წელს კალიკო 20 წლის უნდა გამხდარიყო და სურათზე გამოსახული გოგონა მასზე რამდენიმე წლით უმცროსს ჰგავდა.
გამომძიებლები, რომლებმაც შეისწავლეს ფოტო, დაინტერესდნენ, იყო თუ არა ეს დადგმული კადრი. პოლიცია დაბნეული იყო იმით, რომ გოგონას ხელები აშკარად არ ჰქონდა შეკრული, მისი მხრები კი საკმაოდ მოდუნებული ჩანდა. თუმცა ეს კითხვაც უპასუხოდ დარჩა.
ვინ იყო ფოტოზე გამოსახული ბიჭი, ასევე უცნობია. 1988 წლის 21 აპრილს, 9 წლის მაიკლ ჰენლი გაუჩინარდა. ბავშვი ზუნის მთებში მამასთან ერთად ნადირობდა, მაგრამ რაღაც მომენტში ბიჭი უკვალოდ გაქრა. ჰენლის მშობლები ამტკიცებდნენ, რომ მათი შვილი გაიტაცეს.
თუმცა, 1990 წელს მაიკლის ნეშტი მთებში აღმოაჩინეს: გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბიჭი კლდიდან გადავარდნის შემდეგ გარდაიცალა.
2003 წელს, ტარას ყოფილი შეყვარებული მარკ მაკკრაკენი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ კაცს ტარას მოკვლაც შეეძლო, თუმცა ამის დამამტკიცებელი საბუთი ვერ იპოვეს.
ტარა კალიკოს გაუჩინარების საქმე კვლავ ღიად რჩება, მაგრამ ახლა სამართალდამცავი ორგანოები უცნაურ ფოტოს მტკიცებულებად აღარ მიიჩნევენ.