ბუბა ჭოღოშვილს საზოგადოება სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ იცნობს, მომღერალ ნანკა გვარიშვილს კი - პროექტ "მხოლოდ ქართულიდან“. წყვილმა ერთმანეთი თეატრში, „მე გადმოვცურავ ზღვას“ დაგეგმვისას გაიცნო და მათი ისტორიაც სწორედ აქედან დაიწყო. „უცებ კარი გაიღო და შემოანათა. მანდ მოხდა ჩემი პირველი - "ეს ვინ არის?!" ეტაპობრივად დავახლოვდით.“ - ამბობს ბუბა. წყვილი უკვე რამდენიმე თვეა, ნანკას ბაბუის სახლში, სოფელ დიდგორში გადავიდა საცხოვრებლად, რვა ძაღლთან და ორ კატასთან ერთად დაიწყეს ოჯახის შენება. ქალაქგარეთ ცხოვრება ორივეს ოცნება იყო და ამ მიზნის შესასრულებლად ყველაფერი გააკეთეს. მიუხედავად ბევრი სირთულისა, სიყვარულის დახმარებით ყველაფერი შეძლეს.
„ეს სახლი არის ჩემი დიდი დიდი ბაბუის აშენებული. ჩემი ცხოვრების მიზანი იყო, რომ ქალაქარეთ საცხოვრებლად გადავსულიყავი. ბევრად უფრო ბედნიერი ვარ, რომ ძროხის ხმა მაღვიძებს. აღმოჩნდა, რომ ბუბაც იგივეს ფიქრობდა. მე ამ მიზნისკენ ისე ვისწრაფოდი, რომ ღობეც კი გავაკეთე ამ სახლში. ამასობაში შეგვიყვარდა ერთმანეთი და გადავწყვიტეთ, ერთად გაგვეკეთებინა. ღობე რომ გავაკეთე და თავდაპირველად სახლში რომ შემოვედი, თავზე მენგრეოდა ყველაფერი. ბუბამ მითხრა, მოდი, ერთად მივხედოთ ამ სახლს და გავაცოცხლოთო. აღმოჩნდა, რომ ორი ადამიანისგან მაგარი გუნდი შეიკრა,“ - ამბობს ნანკა.
„შუადღის“ ინტერვიუში წყვილმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ისაუბრა. ყველა იმ დაბრკოლებაზე, რაც სახლის განახლებისას შეხვდათ, მაგრამ, საბოლოოდ, მოაწყეს მათთვის საყვარელი „ბუნაგი“.