საკმარისია, ახსენო ხატია ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან "მე ვხედავ მზეს", ყველას თვალწინ უმშვენიერესი ლეილა ყიფიანი წარმოუდგება.ის ფილმის რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ ასეულობით კანდიდატს შორის გამოარჩია და ამ პერსონაჟის განსახიერება ანდო. პირველივე როლმა უსაზღვრო პოპულარობა და ულამაზეს ქართველ ქალთა სიაში მნიშვნელოვანი ადგილი მოუტანა.
ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული ქართველი ქალი, ლეილა ყიფიანი 1947 წლის 16 ივლისს, ლანჩხუთში დაიბადა. მამა, გიორგი ყიფიანი, ცნობილი ქირურგი იყო. დედა, ნინო ჯავახიშვილი - დიასახლისი. 9 წლის ასაკში მშობლებმა ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიიყვანეს, სადაც მომდევნო ხუთი წელი სწავლობდა.
"ბალერინა ან ძალიან კარგი უნდა იყო, ან საერთოდ არ უნდა შეეჭიდო ამ პროფესიას. ცეკვა ძალიან მიყვარდა, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ დიდი ბალერინა ვერ გავხდებოდი. მშობლებიც ატყობდნენ, რომ სათანადო მონაცემები არ მქონდა, ამიტომ ცდილობდნენ, ცეკვას რაც შეიძლებოდა უმტკივნეულოდ ჩამოვშორებოდი. ბალეტი ძალიან მიყვარდა, ამიტომ მასთან განშორება ჩემთვის ძალიან მტკივნეულ რომ არ ყოფილიყო, ფიგურულ სრიალზე მიმიყვანეს."
ცეკვა კინოთი ჩაანაცვლა - ჯერ "მე ვხედავ მზეში" გამოჩნდა, შემდეგ "ღიმილის ბიწებში" და "ლონდრეში".
"მე და ლეილა ყიფიანს არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა გადაღებისასაც და მერეც. ეგეთი საყვარელი გოგო არა მგონია, კიდევ დაიბადოს. სულ პირმცინარი, თბილი და ლამაზი იყო. ძალიან საყვარელი ადამიანია... იმხანად ყმაწვილი ვიყავი, ასეთ ლამაზ და კარგ გოგონასთან რომ გათამაშებდნენ, შეუძლებელია, არ შეგყვარებოდა. ჰოდა, მეც შემიყვარდა, მაგრამ ლეილას არ ვუყვარდი. გადაღებისას გამოვუტყდი სიყვარულში და იმდენი იცინა, მეწყინა და გავებუტე - ნახევარი ფილმი ისე გადავიღეთ, ხმა არ გამიცია, თუმცა ეს ამბავი არავის გაუგია. მერე მოსკოვში, ფესტივალზე შევრიგდით... ახლაც მერიდება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ... ეს ყველაფერი იმდენი ხნის წინ იყო!..." - იხსენებდა "მე ვხედავ მზეში" სოსოიას როლის შემსრულებელი გელა ჭიჭინაძე ლეილა ყიფიანს.
კინომ შეახვედრა მის მომავალ მეუღლეს, რეჟისორ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის, პოეტ პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ვაჟს, რომელიც ბაგრატიონთა სამეფო შტოს შთამომავალია - ისინი ერთმანეთს ღიმილის ბიჭების" გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ.
“მე და ნუგზარს საერთო მეგობრები გვყავდა. ერთმანეთის ოჯახებში დავდიოდით. პეტრე გრუზინსკის ოჯახი საოცრად სტუმართმოყვარე იყო. ბატონი პეტრე არაჩვეულებრივი, თბილი ადამიანი იყო, ძალიან ვუყვარდი. ახალ ოჯახთან შეგუება არ გამჭირვებია. თავი უცხოდ არასოდეს მიგრძვნია, არც შეჩვევის მომენტი მქონია. ნუგზართან ერთადერთხელ ვიმუშავე და ეს იყო სპექტაკლი “იკაროსის ფრთები”. მუშაობის პროცესში ის რთულია, მსახიობების მიმართ მომთხოვნია, ჩემგან კი ყველაზე მეტს ითხოვდა. მიმაჩნია, რომ ჩვენი ტანდემი შედგა, რადგან როლი გამოვიდა და ნუგზარი კმაყოფილი დარჩა" - იხსენებდა ლეილა ყიფიანი.
ლეილა ყიფიანი ნელ-ნელა ჩამოშორდა კინოს. მას შემდეგ, რაც დედა გახდა, ნელ-ნელა კინოკარიერა მისთვის მეორე ფლანგზე გადავიდა.
"ყველა ჩემი როლი მიყვარს. განსხვავებული ხასიათის გმირი არ მითამაშია. გული არაფერზე მწყდება. კინემატოგრაფიასაც ისე უმტკივნეულოდ ჩამოვშორდი, როგორც ბალეტს. ჩემს ცხოვრებაში შვილები გაჩნდნენ და ამან ყველაფერი შეცვალა. თუმცა, ხანდახან, როცა დავფიქრდები, გული მწყდება, მგონია, რომ კინემატოგრაფს არ უნდა ჩამოვშორებოდი, თუმცა, ახლა ამაზე საუბარი გვიანია. მიმაჩნია, რომ გამიმართლა, რადგან ბედმა ბევრი საინტერესო გმირის თამაში მარგუნა" - ამბობდა მსახიობი.