ღმერთო, ნეტავ არ შეეხედა! სოსოს თითქოს რამდენიმე წლით დაჰბერებოდა მზერა, მისი სახე მთლიანად იმედგაცრუებასა და ნაღველს გაევსო.
- რა გჭირს? - მისდა უნებურად გაექცა შეკითხვა.
- მე თუ შენ? - მამაკაცმა კითხვა შეუბრუნა.
- მე-ე? მე რაღა მჭირს? - ყასიდად გაოცებულმა მაიამ ხელები გაშალა და ზედ დაიხედა.
- რეზომ მითხრა…
- აუუუ! შენც გარეკე, არა? რას უსმენ მაგის ბჟუტურს, არ იცი, რა ტიპია? არა, ბატონო, არ ვარ შეყვარებული, თუ ეს გაინტერესებთ. რა ვქნა, მთელი საელჩოს გასაგონად ვიყვირო? - აევსო ბოლოს და ბოლოს მოთმინების ფიალა, მაგიდას ხელები ტყუპად დაარტყა და წამოხტა.
სოსო სიტყვის უთქმელად გატრიალდა და გავიდა.
რადგან გაბრაზების მიზეზი მიეცა, მაიას მთელი დღე შუბლი არ გაუხსნია. თეასაც კი მტრულად შეხვდა, როცა დერეფანში შეხვდა და გოგომ თბილად მოიკითხა.
საღამოს, გახდა თუ არა ექვსი საათი, დაჰკრა ფეხი და შინისკენ გამოეშურა.
როგორც კი გარეთ გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდა, მაშინვე გახსნა შუბლი და სიცილი აუტყდა. რას დაესივნენ დღეს? ნუთუ შუბლზე აწერია, რაც გადახდა, რამაც ასეთი ბედნიერი გახადა? რატომაა, რომ ვერასდროს ვერაფრის დამალვას ვერ ახერხებს? მართლა გადაშლილი წიგნია, როგორც უახლოესი დაქალი თამო ეტყვის ხოლმე, მის სათქმელს თვალები და ტუჩები ეგრევე ამხელენ თურმე. ამხელენ და ამხელენ! აი, დარდი! დიდი ამბავი, ვინმე თუ შეუყვარდა და… მისცა! არა, არა, ეს სიტყვა არ უყვარს. ამ სიტყვის გამოყენებას მაშინაც ერიდება, როცა სხვა ქალებზეა საუბარი. აჯობებს თქვას, ლოგინში ჩაუგორდა, შენ ხარ ჩემი ბატონი. ან კიდევ… დაუწვა… ესეც მოსულა! მისცა რა, საქალწულე აპკი ხელში დააკავა თუ რა? ამაზრზენი სიტყვაა, მაიას თუ ჰკითხავთ!
კორპუსთან მისულმა მანქანა თავის კუთვნილ ადგილას დააყენა და სირბილით შევარდა სადარბაზოში. გასაღები სწრაფად გადაატრიალა, ჰოლში შევიდა და თავის უკან მთელ სამყაროს ჩაუკეტა კარი. ახლა მხოლოდ კახისთან სურდა ყოფნა, სხვა არავინ აინტერესებდა.
მოულოდნელობისგან ადგილზე გაშეშდა. ბინაში ქალის ხმა ისმოდა. ნაცნობი ხმა.
ნეტავ ვინ ჯანდაბაა? ერთიანად დაძაბულმა უხმაუროდ გაიხადა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და დაღლილი ფეხები ფლოსტებში ჩაყო. მერე ფრთხილი ნაბიჯებით მიჰყვა ქალის ხმას და საკუთარი ბინის სამზარეულოსთან შეჩერდა. სმენა დაძაბა.
ვაი, შენს მაიას! აზას ხმა იცნო. ის იყო, “გომბეშო”, თავისი ექვის ნომერი მკერდით! ან კი თავიდანვე როგორ ვერ მიხვდა? ამ ქალმა ხომ გაუმწარა სიცოცხლე!
ყელი მოიღერა, სახეზე ღიმილი მიიკერა და კარი შეაღო.
- ა! მოვიდა ჩვენი მზეთუნახავიც! - სახე გაებადრა მეზობელს მის დანახვაზე, წამოდგა და ხელებგაშლილი მიეგება, - რა კარგ დროს მოხვედი, რომ იცოდე! ვიფიქრე, ცოდოა ეს გოგო, შინ გვიან მოდის, საჭმელს ეგ არ იკეთებს თავისთვის, რაღაცას გავუტან-მეთქი, - დაიწყო აზამ ჩვეული და უკვე კარგა ხნის გაცვეთილი მონოლოგი, - დავრეკე ზარი და ამას ვის ვხედავ! ანგელოზივით ბიჭმა არ გამიღო კარი? გამიხარდა შენი ამბავი, ჩემო მაია, სიხარულით აღარ ვარ. აი, ნახე, რა ბლინები მოგიტანეთ, მაგრამ რად გინდა, გამოტენილი კი გქონიათ მაცივარი და… - ქადაგად დავარდა “გომბეშო”, მაიკოს სიტყვის ჩაგდების საშუალება არ მისცა.
- ქალბატონო აზა!
- აწი რაღას მოაკლებ ამ ბიჭს, შენი გულის ამბავი რომ ვიცი, - არ ჩერდებოდა ქალი.
- ქალბატონო აზა! - ხმას აუწია მაიამ და ჩაახველა, - დიდი მადლობა ბლინებისთვის, რატომ წუხდებით ხოლმე ასე?
მეზობელს ენა ჩაუვარდა. მიხვდა, რომ ზედმეტს ქაქანებდა და ხმა გაკმინდა. მაიკოს ცოტათი შეეცოდა კიდევაც ცნობისმოყვარე მეზობელი. ჯერ ერთი, თვითონ იმაზე ადრე წამოვიდა სამსახურიდან, ვიდრე სხვა დროს. აზამ მშვენივრად იცოდა, რომ ამ დროს მაია შინ არ იქნებოდა და სპეციალურად იმ დროს დარეკა ზარი, როცა მის ბინაში სხვას აღმოაჩენდა. ალბათ მთელი კვირაა, ცალი თვალი თავისი კარის მრგვალი ჭუჭრუტანისთვის არ მოუცილებია, რათა კახი კარგად შეეთვალიერებინა. აჰა, სალაპარაკოც მიეცა. იმედია, თვალი არ დაიზიანა ამდენ თვალთვალში. ხვალიდან ალბათ მთელ სადარბაზოს ეცოდინება ეს ამბავი, თუ კორპუსს არა.
მაიკოს ბრაზი მოაწვა ამის გაფიქრებაზე, მაგრამ მეზობელი მაინც დაინდო:
- ყავაზე ხომ დაგვეწვევით?
- არა, შვილო, არა! - ხელები გაასავსავა აზამ, - ისედაც დიდხანს შემოვრჩი, მაგრამ ისეთი კარგი მოსაუბრე გამოდგა შენი მეგობარი, რომ ვერც გავიგე, დრო როგორ გაიპარა. ჰამლეტის ამბავი ხომ იცი, არ უყვარს, დიდხანს რომ ვტოვებ მარტო. ვინ იცის, იქნებ მეძებს კიდევაც, - ღიმილად დაიფრქვა “გომბეშო” და თავის ექვის ნომერ მკერდზე ხელები გადაიჯვარებინა.
მაიამა “რა გაეწყობა” გამომეტყველება აიფარა სახეზე და განზე გადგა, რითაც მეზობელს ანიშნა, შენი წასვლის დროაო.
მთელი ამ ხნის განმავლობაში კახა ორაზროვანი ღიმილით მისჩერებოდა მოსაუბრეებს.
- თეფშს მერე წავიღებ, ან შენ მომაწოდე, შვილო, არსად მეჩქარება, - დაამთავრა “გომბეშომ”, თითები მოისრისა და “ანგელოზივით ბიჭს” ანგელოზის ღიმილით დაემშვიდობა.
როგორც კი ქალი გარეთ გაიგულა, მაიკომ სასწრაფოდ ჩარაზა კარი, იმის შიშით, არ გადაიფიქროს და უკან არ შემობრუნდესო.
- ეს ვინ იყო, კაცო, გამასავათა, - კახი სიცილით იგუდებოდა, - მანამ არ მომეშვა, სანამ ორი ბლინი არ შემაჭამა. გინდა თუ არა, გასინჯე, რა გემრიელები გამომივიდაო. მერე კიდევ გადამეკიდა, ვინ ხარ მაიასი, აქ ცხოვრობ თუ სტუმრად ხარო. რა მექნა, შეყვარებული ვარ-მეთქი, ვაღიარე.
- შენც რას უღებდი კარს, - თან იცინოდა მაია, თან უკმაყოფილებას ვერ მალავდა.
- მე რა ვიცოდი, ვინ იყო. - შეცბა მამაკაცი.
- მე ასე ადრე რომ არ მოვიდოდი, ხომ იცოდი?
- კი, მაგრამ ვიფიქრე, იქნებ ვინაა, რა საქმე აქვს-მეთქი, - კახის ხასიათი წაუხდა.
- ვინაა და ყველაზე დიდი ჭორიკანაა მთელ სადარბაზოში, აი, ვინაა! - აუხსნა მაიკომ და გაზქურას მიადგა, - მუცელი ამიჯანყდა, ისე მშია. მართლა კარგი ბლინებია თუ სხვა რამე გავაცხელო?
- მართლა გემრიელია. კარგი ხელი კი ჰქონია მაგ შენს აზას, ვერაფერს იტყვი.
- შენ არ გშია?
- რაღა მშია! ისედაც ახალი ნაჭამი ვიყავი, ეს რომ დამაცხრა თავს და მერე გინდა თუ არა, ჭამე და ჭამეო. ახლა მარტო ყავას დავლევ.
- მაშინ აღარ გავაცხელებ სადილს, ბლინებიც მეყოფა. ყავა მეც მინდა.
- მიდი, შენ ჭამე, ყავას მე მოვადუღებ, - კახა წამოდგა და… ჰოი, საოცრებავ! უჯოხოდ გაიარა.
- კახი! - აღტაცებული ხმით შესძახა მაიკომ, - უკვე?
- რა უკვე? - გაუკვირდა მამაკაცს და მადუღარას წამოავლო ხელი.
- დამოუკიდებლად დადიხარ უკვე? ტროსი აღარ გჭირდება?
კახას სახეც და თვალებიც ღიმილმა გაუნათა.
- უკვე აღარ. აი, დავდივარ, - და თავის მოწონების ნიშნად აქეთ-იქით გაიარ-გამოიარა.
- დედა, რა ბედნიერებაა! - ტაში შემოჰკრა მაიამ, - მართლა ჯადოქარი ყოფილა ის შენი ვაჟა.
- კი, ასეა, ოღონდ მთლად არ გაუთამამდეო, გამაფრთხილა, მაგრამ ეს სექსს არ ეხებაო, - ეშმაკური მზერით დააყოლა, - შენი ფეხი მაგ სასიამოვნო დატვირთას თავისუფლად გაუძლებსოოო, - თითქოს ნიშნს უგებდა ქალს, ისეთი ტონით წარმოთქვა.
მაიკოს სახე აუფორაჯდა. ენით უთქმელმა სიხარულმა მოიცვა. ლამის სუნთქვა შეეკრა, ისე ესიამოვნა მამაკაცის სიტყვები.
არა, განა იმის გამო, რომ სექსი არ ეკრძალებოდა, თვითონ კახის რომ მოსძალებოდა მასთან სიახლოვის სურვილი, ის უხაროდა.
რამდენიმე წუთში სახელდახელოდ ივახშმა, ყავაც მიაყოლა და კახას მოუყვა, რაც სამსახურში მოხდა. მამაკაცი სიცილით იგუდებოდა, როგორ უცებ გაგშიფრეს თანამშრომლებმაო. კარგა ხანს იანგლეს, მერე მაიკომ მაგიდა აალაგა, ჭურჭული დარეცხა და როცა საქმეს მორჩა, სააბაზანოს მიაშურა წყლის გადასავლებად…
ლოგინში კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა, ამჯერად სასიამოვნო. მამაკაცი ისეთი გზნებით ეალერსებოდა მთელი ღამე, ისე ნაზად ეფერებოდა, რომ მაიას მართლაც დაუვიწყარი ღამე აჩუქა, რის გამოც დილის ექვსზე ძლივს მოახერხა დაძინება.
აი, ახლაც თქვან სამსახურში, თვალები გიბრჭყვიალებსო. ღამენათევს ნაპერწკლებიც აღარ შერჩება მზერაში, თუმცა მის კოლეგებს არც ეს გამოეპარებათ. ეს მაიამ დანამდვილებით იცოდა და იმის შიში გაუჩნდა, ახლა ამაზე არ დამაყარონ შეკითხვებიო.
საბედნიეროდ, მსგავსი არაფერი მომხდარა. ის კი არა, სამუშაო დღეც კი სიუპრიზით დაიწყო. სანთებელა არც რეზოს მოუკითხავს და არც სოსოს. მის კაბინეტში არცერთი არ შემოსულა. ამან, ცოტა არ იყოს, საგონებელში ჩააგდო. რა პირი შეკრეს? ასეთი რა აწყენინა? თვითონ გამოულაყეს თავი უაზრო შეკითხვებით და აქეთ ებუტებიან?
ოხ, ნეტავ რას დარდობს. არ უნდათ და ნუ უნდათ. მართალია, სანთებელა არ ჰქონდა, მაგრამ დილით ჩანთაში ასანთი მაინც ჩააგდო, თუ ვინიცობაა და ისევ მომადგებიან, ამით მოვიშორებ თავიდანო.
არავინაც არ მიადგა. არადა, დღეს ცოტა გვიან აპირებდა სახლში წასვლას. გამოსვლის წინ კახიმ უთხრა, საღამოს ალესთან უნდა შევიარო, ამიტომ შეიძლება ცოტა შემაგვიანდესო. იმ კაცის ხსენებაზე კი შეუხტა უსიამოვნოდ გული, მაგრამ არ შეიმჩნია. უძილობით ამოღამებული თვალების წამიერი დახუჭვით აგრძნობინა მამაკაცს, ყველაფერი გასაგებიაო და კარი გაიხურა.
რადგან ბიჭებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, როგორც კი სამუშაო საათები დამთავრდა, ჩანთა მხარზე გადაიკიდა და კაბინეტი ჩაკეტა. სოსოსა და რეზის ოთახისკენ არც გაუხედავს, ისე გავიდა გარეთ. გუნება კი გაუფუჭდა, მაგრამ არად ჩააგდო, ხვალ მე თვითონ შემოვირიგებო, გაიფიქრა და საჭეს მიუჯდა.
არადა, რას იფიქრებდა, რომ შინ მისულს კიდევ ერთი სიუპრიზი ელოდა, კიდევ ერთი უსიამოვნო სიურპრიზი…
***
სანამ თავის ბინას მიადგებოდა, ფეხები უკან რჩებოდა. რატომღაც, ცუდს უგრძნობდა გული. ყველაზე მეტად აზას დანახვას გაურბოდა. იცოდა, ქალი აუცილებლად კახიზე ჩამოუგდებდა ლაპარაკს, ეს კი ყველაზე ნაკლებად სურდა. უფრო მეტიც, საერთოდ არ სურდა.
აი, მისი ბინის კარიც. რა კარგია, აზა არსად ჩანს. იმედია, ჭუჭრუტანიდან არ უთვალთვალებს! მოიცა! ეს ვინღაა? მაიკო მოწყვეტით შედგა. მის კართან ვიღაც იყო ჩაცუცქული და თავი ჩაექინდრა, თითქოს სძინავსო. გვერდულად მიყრდნობოდა კარს, მაიასკენ ზურგით, ამიტომ ვერ იცნო, რომელი დაუპატიჟებელი სტუმარი ეწვია. რაც მთავარია “გომბეშო” არ იყო თავისი ეჭვგარეული მზერით.
ფეხის ხმაზე უცნობმა თავი ასწია და მის დანახვაზე მსწრაფლ ფეხზე წამოიჭრა. მაიკო ადგილზე გაქვავდა, სახეზე ცივმა ოფლმა დაასხა. დაუპატიჟებელი სტუმარი, არც მეტი, არც ნაკლები… ნუნუკა იყო, კახის ყოფილი!
იმდენად გაშრა მოულოდნელობისგან, ვეღარ მოისაზრა, რა შეიძლებოდა ეთქვა. სამაგიეროდ, ნუნუკას არ გასჭირვებია, რადგან აშკარად დიდი ხნის ნაფიქრი ჰქონდა, რით დაეწყო:
- როგორც იქნა, გვეღირსა ქალბატონის ხილვა! - ცივი ქარის სისინივით გაისმა მეტოქის ხმა, - ვაჟბატონი სად ბრძანდება? - თვალები ზიზღით მოჭუტა ნუნუკამ და დოინჯი ისე შემოიყარა, როგორც აზას სჩვეოდა ხოლმე ჰამლეტისთვის შენიშვნის მიცემისას.
მაიკოს ტანში გასცრა, მაგრამ თავი დროზე აიყვანა ხელში, თმა უკან გადაიყარა და წინწამოწეული ნიკაპით ამრეზით გახედა ქალს:
- ვინ ვაჟბატონი? აქ ვის ეძებ, ნუნუკა?
- მშვენივრად იცი, ვისზეც გეკითხები, ქალბატონო! კახა სადაა?
მაიამ, რაც კი სამსახიობო მონაცემები ჰქონდა, ყველა ერთად მოიშველია და მხრები უდარდელად შეათამაშა:
- შენს ქმარს ჩემთან რატომ ეძებ?
- ვიის? - დაიწივლა ნუნუკამ.
- შენს ქმარს. - იმავე ტონით მიუგო მაიკომ, ჩანთიდან გასაღები ამოიღო, კარს მიადგა და აცახცახებული თითებით გაღებას შეეცადა.
- დამცინი, ხომ? - ნუნუკას აკივლებას ცოტა აკლდა, თვალები გადმოკარკლოდა.
მაიამ კარი ფართოდ გამოაღო და განზე გადგა:
- მობრძანდი, სტუმარი ღვთისაა.
ქალს ხმა არ გაუღია, უსიტყვოდ შეაბიჯა ჰოლში და “დაზვერვითი სამუშაოების” ჩატარებას შეუდგა - ცნობისმოყვარე მზერა ირგვლივ მიმოატარა.
- და აქ რატომ ეძებ? - ახლა უფრო მშვიდად იკითხა მაიკომ, რახან უსიამოვნო სტუმარი შიგნით შეიტყუა. აქ რომც ეკივლა, აზა მაინც ვერ გაიგონებდა. გვერდით ბინა კი დაკეტილი იყო, იქ არავინ ცხოვრობდა.
მერე კიდევ უფრო მშვიდად გაიძრო ფეხსაცმელი და ფეხი ჩუსტებში ჩაყო.
- არ გინდა ჩემთან ასე ლაპარაკი, მაია! - ნუნუკამ მზერა სასტუმრო ოთახში შეაპარა, - ვიცი, რომ შენთანაა.
მაიკო მკვეთრად შეტრიალდა მისკენ და თვალები დააბრიალა:
- კი მაგრამ, რატომ უნდა იყოს ჩემთან შენი ქმარი, იქნებ ამიხსნა? - და ზუსტად ისე შემოირტყა წელზე დოინჯი, როგორც რამდენიმე წუთის წინ კახას ყოფილმა.
ნუნუკამ გულსაკლავად ამოიოხრა.
- ჯერ ერთი, ის ჩემი ქმარი არ არის, მეორეც…
- რატომ, აკი ჯვარს ვიწერთო? მგონი, მეპატიჟებოდით ორივე! - სარკაზმით კახისაც მისწვდა, რათა ასე უფრო გაექარწყლებინა ნუნუკას ეჭვები.
ქალი დაიბნა. ვერ მოისაზრა, რა ეპასუხა. მაიკომ ისარგებლა მისი დაბნეულობით და სასტუმრო ოთახში შეიპატიჟა. ერთადერთი, რასაც ღმერთს შესთხოვდა, ოღონდ დროზე ადრე არ დაბრუნებულიყო კახი და ნუნუკას სალაპარაკო არ მისცემოდა. აი, მაშინ კი მოუწევდა ჭიდილი. გაცოფებულ ნუნუკას შეიძლება თმითაც ეთრია.
- ყავას მოვადუღებ, - თქვა მაიამ და სამზარეულოში გასვლა დააპირა.
- არა, ნუ შეწუხდები, არაფერი არ მინდა.
- დაჯექი, რატომ დგახარ? - გულგრილად წარმოთქვა მაიკომ და ქალს სკამზე ანიშნა.
ორივენი დასხდნენ. ნუნუკა თითქოს ეკლებზე იჯდა, კრინტს არ ძრავდა.
- რატომ არ დაქორწინდით? - ბოლოს მაიამ დაარღვია დუმილი.
ნუნუკა მოიკუნტა. გეგონებოდა, დაპატარავდაო.
- იმიტომ, რომ არაკაცია! - მოულოდნელად წამოიყვირა ქალმა და სახე ჭარხლისფერი გაუხდა, - აწყინა ზედმეტმა პატივისცემამ! ყველაფრის ღირსი ვარ, მაგისნაირს თავი რომ გავუყადრე! კაცად ვაქციე! და რა მივიღე სამაგიეროდ? თავი მომჭრა მთელ სანათესაოში!
მაიკოს ჩაეღიმა.
- მაშინ რატომ ეძებ ასე გამწარებული? ან მე რა შუაში ვარ?
ნუნუკა შეცბა. ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა, ხელები და თვალები სად წაეღო, არ იცოდა.
- მე… ვიფიქრე…
- რა იფიქრე? - მაიკომ შეკითხვა ამოოხვრასთან ერთად დასვა და ფეხი ფეხზე შემოიდო.
ქალი წამით შეყოყმანდა, მერე კი კვლავ ენერგიულად გააგრძელა:
- მეგონა, შენთან გადმოსახლდა. კი არაფერი მინდოდა, მაგრამ ვიფიქრე, ერთს შევარფურთხებ სახეში და წავალ-მეთქი.
მაიას ლამის სიცილი წასკდა. ძლივს მოახერხა თავის შეკავება და რომ არ გასცინებოდა, ლოყები გამობერა.
- ნუნუ, ის ჩემთან არ ყოფილა. თავისი მეგობრის ხელით გამომიგზავნა ჩემი ფული და მორჩა. სულ ეს იყო.
- არც დაურეკავს?
- არა, არც დაურეკავს, - უარი თავის გაქნევითაც გაამყარა, - თუ არ გჯერა, ოთახები დაათვალიერე. იქნებ გატყუებ და მისი ნივთები ჩემს გარდერობში იმალება! - ჯიბრიანად კი გამოუვიდა, მაგრამ სამაგიეროდ - დამაჯერებლად.
სულაც ერ ეპიტნავებოდა, ნუნუკას რომ ატყუებდა, მაგრამ სიმართლეს ვერ ეტყოდა. სკანდალის თავი არ ჰქონდა, მეზობლების ყბაში თავს ვერ ჩაიგდებდა.
- კარგი, წავალ მაშინ მე, ტყუილად შეგაწუხე, თუმცა არ გამემტყუნება, - ნუნუკა შეწუხებული სახით წამოდგა.
მაიკომ უკმაყოფილო სახით მხრები აიჩეჩა მხოლოდ, თქმით არაფერი უთქვამს. კარამდე მიაცილა სტუმარი და დაემშვიდობა.
გაწუწული ქათამივით ჩაუყვა კიბეს ნუნუკა, უკან ერთხელაც არ მოუხედავს. მაიკომ კარი ჩაკეტა და იქვე, იატაკზე ჩაჯდა.
- ღმერთო, რა დავაშავე ასეთი! - ამოიჩურჩულა და სახე ხელებში ჩარგო…
გაგრძელება იქნება