თორმეტი ხდებოდა, კახი რომ დაბრუნდა. მაიას არ ეძინა. ან კი რა დააძინებდა ნუნუკასთან შეხვედრის შემდეგ. გულზე ლოდივით აწვა საღამოს შეხვედრა. ვერ ხვდებოდა, გაბრაზებულიყო თუ გულთან საერთოდ არ მიეტანა ყოფილი მეტოქის ვიზიტი. ერთი მხრივ, ვერც გაამტყუნებდა ქალს - ის თავისი ბედნიერებისთვის იბრძოდა, მაგრამ ასე სახლში მოვარდნას ნამდვილად ვერ გაამართლებდა. არა უშავს. კიდევ კარგი, შინ მოუვარდა და არა სამსახურში. სცენები აი, მაშინ უნდა გენახათ! მთელი საელჩოს სალაპარაკო გახდებოდა.
ამის გაფიქრებაზე შეაკანკალა. აქამდე უზადო რეპუტაციით მოაღწია, ახლა კი რას აკეთებს? ვიღაც ნუნუკას სალაპარაკოდ იხდის თავს! თუ ეს ბედისწერა არაა, რაღა მაინცდამაინც კახას შეახვედრა იღბალმა? რა, მამაკაცები გაწყდა თბილისში? ჰო, გაწყდა… მაიასთვის.
სწორედ ამ ფიქრებში იყო, კახა რომ მოვიდა.
- კახი, შენ ხარ? - შეშინებული ხმით გამოსძახა საძინებლიდან.
- სხვას ელოდი ვინმეს? - ღიმილით შემოვიდა მამაკაცი.
- უკვე აღარ ვიცი და არც არაფერი გამიკვირდება, - ამოიოხრა მაიამ, - იმდენი უცაბედი რაღაც ხდება ბოლო დროს ჩემს თავს, მგონია, სიზმარს ვხედავ.
- რა იყო, რამე მოხდა? - კოპეშეკრული კახი საწოლზე ჩამოჯდა და ქალის ხელი მუჭში მოიმწყვდია.
- იცი, საღამოს ვინ იყო აქ? - ჩურჩულით წარმოთქვა.
- ვინ?
- შენი ყოფილი.
- ვინაო? - კახიმ ისე შეკრა წარბები, შუბლზე დაოჭები დაასხდა.
- ნუ-ნუ-კა, - თვალებდახრილმა დამარცვლა.
- ნუ გაახურე!
მაიკომ თავი დააქნია.
- მოიცა და… როგორ მოგაგნო?
- არ ვიცი. არაფერი არ ვიცი. სამსახურიდან რომ მოვედი, აქ დამხვდა, კართან. ისტერიკებით, სადაა ჩემი კახუნიო.
- აჭარბებ, - არ დაიჯერა მამაკაცმა.
- არ ვაჭარბებ. უბრალოდ, კახუნი არ უთქვამს, ეგ გავაბუქე. კახაო, ასე მოგიხსენია, მაგრამ სხვა დანარჩენი სიმართლეა.
- რა, გიყვირა?
მაიამ თანხმობის ნიშნად კვლავ თავი დააქნია. ერთხელაც არ შეუხედავს კახისთვის, თავის ხელს მისჩერებოდა, იმ ხელს, მამაკაცს თავის მუჭში რომ მოემწყვდია.
მერე ამოიკვნესა, ხელი გაითავისუფლა და ყველაფერს მოუყვა, რაც საღამოს მოხდა.
კახას ხმა არ ამოუღია. იჯდა და ისმენდა.
- აი, ასე იყო, - დაამთავრა მაიამ, - ახლა მე და ნუნუს საზიარო კაცი გვყავს.
- უშნოდ ხუმრობ, მაკო, - ხმა დაეხშო მამაკაცს.
- ეს ხუმრობა არ არის, კახა! ეს რეალობაა!
- რა არის რეალობა? - მთელი ტანით მისკენ შეტრიალდა მამაკაცი, - ხომ იცი, რომ ის ქალი ჩემთვის არ არსებობს? რამდენჯერ გითხარი. კიდევ გაგიმეორო?
მაიამ თვალი თვალში გაუყარა. ერთხანს მზერა არ მოუცილებია, მერე კი ნახევრად ჩურჩულით ამოთქვა:
- თუ ასე გაგრძელდა, მთელი სამეზობლოს სალაპარაკო გავხდები, რაც ნამდვილად არ მინდა.
- ასე როგორ?
- რა გარანტია მაქვს, რომ კიდევ არ მოვა? ან ქუჩაში რომ გადაგვეყაროს ერთად, რა უნდა ვქნა, დავდგე და მაგის ისტერიკებს ვუსმინო? - საყვედური გამოუვიდა.
კახი ადგა. გაიარ-გამოიარა. მერე შედგა, თმაში შეიცურა თითები და ჭერს ახედა, თითქოს პასუხი იქ ეგულებოდა.
უცებ ისევ საწოლს მიეახლა და ჩამოჯდა. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მაიკომ დაასწრო:
- გშია? ახალი არაფერი გამიკეთებია, არ მქონდა მაგის თავი.
- არა, არ მშია, - უფრო დახშობოდა კახას ხმა, თითქოს საიდანღაც, შორიდან მოისმოდა, - მომისმინე, მაკო. სულ არ მინდოდა ასე გამოსულიყო. ვერც ვიფიქრებდი, რომ ის ალქაჯი შენს მისამართს გაიგებდა და აქ მოგადგებოდა. აზრადაც არ მომსვლია ეგ.
- ალქაჯი სულაც არაა, ერთი საცოდავი ქალია. მიტოვებული ქალი. კარგად მესმის მისი.
კახა გააოგნა მისმა სოლიდარობამ. სახეზე აშკარა დაბნეულობა შეეტყო.
- ამით რა გინდა მითხრა, რომ ერთ დღეს შენც მიგატოვებ?
მაიკომ ტუჩები მობრიცა:
- რატომაც არა. ყველაფერი ხდება. რომელი იღბლიანი მე ვარ?
მამაკაცმა ხელზე მოჰკიდა ხელი და ოდნავ მოუჭირა.
- ნუ. არ გინდა, გთხოვ. ნუნუკას მაგისთვის პასუხს მოვთხოვ.
მაია შეხტა.
- გაგიჟდი? რამე რომ აგრძნობინო, ეგრევე მიხვდება, რომ მოვატყუე. ძალიან გთხოვ, არ გინდა, არაა საჭირო. ქალისგან თავის დაცვა არ გამიჭირდება. როგორმე მე თვითონ მივხედავ მაგ საქმეს. თანაც, არა მგონია, კიდევ მოვიდეს. მგონი, შევძელი მისი დარწმუნება. ისე წავიდა, რომ… წესით, აღარ უნდა მოვიდეს. ცოტა შემეცოდა, - მაიკოს ხმა აუკანკალდა, - იმას კი ეშველა, მაგრამ მე რა მეშველება?
- შენ რა გჭირს საშველი? ვატყობ, რაღაც გაწუხებს და არ მეუბნები. მითხარი, რას მიმალავ. ხომ შევთანხმდით, ერთმანეთთან გულწრფელები ვყოფილიყავით. რას ვერ ვაკეთებ ისე?
მაიამ დაიქსუტუნა, თვალები ფართოდ გაახილა, რათა ცრემლი შეეკავებინა, მაგრამ სათქმელი ვერ თქვა. არადა, უნდოდა ეკითხა, ოდესმე შევძლებთ დაქორწინებას და ოჯახის შექმნასო? მაგრამ ამის საკითხავად ენა არ მოუტრიალდა. ჯერ სულ ახლახან დაიწყეს თანაცხოვრება, რა დროს ოჯახობანაზე იყო საუბარი?
- მაკო, რა გაწუხებს? ცოლად რომ არ მომყავხარ, ესაა შენი ჩუმი წუხილის მიზეზი? მითხარი, არ დამიმალო.
ქალმა უპასუხოდ დატოვა მისი შეკითხვა, თუმცა სწორედ დუმილით აგრძნობინა, რომ ასე იყო.
- ფფფფფ!.. - კახიმ ტუჩებიდან ჰაერი გამოუშვა, მერე ცხვირზე გაისვა საჩვენებელი თითი და მაიას მიაჩერდა.
- გასაგებია. ჩემი ბრალია ეს.
მაიკო დაფრთხა, ეგრევე გამომცდელი მზერა მიაპყრო მამაკაცს და ხმადაბლა იკითხა:
- რა არის შენი ბრალი?
- ცოტა ჩაიწიე, გვერდით მოგიწვები და გეტყვი.
მაიკომ ჩაიწია. მამაკაცი გვერდით მიუწვა, საბნის ზემოდან ხელი გადახვია ქალის მუცელს და გაბზარული ხმით დაიწყო:
- ჩვენ თავიდანვე უნდა გველაპარაკა ამ თემაზე. მე თავი შევიკავე და, როგორც ჩას, დავაგვიანე. რომ მიყვარხარ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაკო, მაგრამ… - აქ მცირე პაუზა გააკეთა, მერე კი ისევ იმავე ხმით გააგრძელა, - მაგრამ ამ ეტაპზე ცოლად ვერ შეგირთავ. ეს მაშინვე უნდა მეთქვა. მანამ, სანამ ჩვენ შორის ყველაფერი მოხდებოდა, მაგრამ ვიფიქრე, მერე ვეტყვი-მეთქი. რას ვიფიქრებდი, თუ ქალიშვილი იყავი. ეს რომ მცოდნოდა, თითს არ დაგაკარებდი.
მაია შეირხა, მაგრამ კახიმ ხელი ძლიერად დააჭირა მუცელზე:
- მოიცა, არ გამაწყვეტინო! მე ახლა პრობლემები მაქვს. ამ ჭრილობამ კალაპოტიდან ამომაგდო. სანამ მყარად არ დავდგები ფეხზე და ყველა პრობლემას არ მოვაგვარებ, ცოლს ვერ მოვიყვან. თუ ასე ძალიან გინდა, თქვი, რომ გათხოვდი, რომ ჩემი ცოლი ხარ. არ ვიცი, როგორც შენთვის ჯობია, ისე თქვი, მაგრამ ოფიციალურად ამის მოგვარებას არ ვაპირებ. უფრო სწორად, ვერ მოვახერხებ. თუ გიყვარვარ, უნდა გამიგო. თუ არადა, დავიშალოთ მაშინ და ეგ იქნება.
მაიას მისი თითოეული სიტყვა ისე ხვდებოდა გულზე, თითქოს ნემსებს ურჭობდნენ. უფრ მეტიც - თითქოს შანთავდნენ. თვალები დაეხუჭა და საბრალდებო დასკვნასავით ისმენდა მამაკაცის მონოლოგს.
ოთახში გაუსაძლისი სიჩუმე ჩამოწვა. ქალი კიდევ ერთხელ შეირხა და ძლივსგასაგონად ჩაიჩურჩულა:
- მე შენთვის ცოლობა არ მითხოვია.
- ხო, პირდაპირ არ გითქვამს, მაგრამ იგულისხმე. ვხედავ, რომ ეს ძალიან გაწუხებს, გულს გიღრღნის, მაგრამ რაც გითხარი, იმაზე მეტის გაკეთება ამ ეტაპზე არ შემიძლია. კიდევ ერთხელ გიმეორებ: ამ ეტაპზე. მერე ვნახოთ, რა იქნება.
“ვნახოთ”! ამ ერთმა სიტყვამ ყველა იმედს გამოუსვა დანა ყელში. არასდროს არ უყვარდა ეს სიტყვა, რადგან უარის დელიკატურად სათქმელად ყველაზე მიგნებულ სიტყვად მიაჩნდა - უფრო “არა”, ვიდრე “კი”. აი, რას ნიშნავდა “ვნახოთ”. ასე ეუბნებოდნენ, როცა ერთ დროს, სამსახურის დასაწყებად ერთი ოფისიდან მეორეში გადადიოდა. ვითომ ჰპირდებოდნენ, სინამდვილეში კი “დიპლომატიურ უარს” ეუბნებოდნენ.
- ვნახოთ და ვნახოთ! - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა, კახას მუცლიდან ხელი ააღებინა, პროტესტის ნიშნად გვერდზე გადაბრუნდა და მამაკაცს ზურგი აქცია.
კახი გაშრა. ასეთ რამეს მაიკოსგან არ ელოდა. მაშინვე ადგა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და კვლავ ჭერს მიშტერებულმა ამოთქვა:
- კარგი, მე წავედი. შენ კი იფიქრე. იფიქრე და დამირეკე. როგორც გადაწყვეტ, ისე იქნება.
შეშინებულმა მაიამ კბილი კბილს დააჭირა. ცოტაც და აღრიალდებოდა. უნდოდა ეყვირა, ოღონდ არ წახვიდე და ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც აქამდე იყოო, მაგრამ ამის სათქმელად ძალა არ ეყო. ისღა მოახერხა, რომ თავი საბანში შეყო და გაისუსა.
კახი გავიდა. ჯერ საძინებლის კარი გაიხურა, მერე კი… მერე მაიკოს სმენას ბინის კარის გაღება-დაკეტვის ხმაც მისწვდა.
მორჩა. დამთავრდა. როგორი სისწრაფითაც დაახლოვდნენ, ზუსტად იმავე სისწრაფით დაშორდნენ ერთმანეთს…
მაიკოსთვის ეს ყველაფრის დასასრულს ნიშნავდა… რა ცუდი კვირა ჰქონდა!..
***
რამდენი იტირა იმ ღამეს. როდის-როდის ჩაეძინა. დაშორდნენ. სწორად მოიქცა, როცა ზურგი აქცია საფიცარ მამაკაცს? ადამიანს, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა?
ნერვიულობისგან დილით სიცხემ აუწია. ტემპერატურა ოცდაცხრამეტს ასცდა. ის წავიდა. ეს დარჩა. მან მაია მიატოვა. ტკივილისა და წყენისგან ყვირილი უნდოდა. სურდა კახი გვერდით ჰყოლოდა. სურდა ერთი მაგრად გაელაწუნებინა სახეში. ნუთუ დრო განკურნავს ამ ყველაფერს? ამის იმედი არ აქვს. ამიერიდან არავინ მიესალმება დილით. არც ყავას დალევს მასთან ერთად, არც ისაუზმებს. ნუთუ ასეთი კატეგორიული იყო? ის კი მაიაზე ამაყი აღმოჩნდა?
აი, ასეთი უცნაური იყო მისი ცხოვრება სულ, სულ, სულ! და დღემდე ასე გრძელდება! ყოველთვის ისეთი რამე ემართება, რაც სხვას არასდროს დაემართება.
მაიკო ერთდროულად სხვადასხვა ემოციას მოეცვა - ბრაზს სინანული ცვლიდა, თან საკუთარი თავი ებრალებოდა, დანაშაულის შეგრძნებაც არ შორდებოდა, უცებ მარტოობის შიშმაც შემოუტია, სევდა უიმედობამ შეცვალა. უნდოდა ყველაფერი უკან დაებრუნებინა, მაგრამ სითამამე არ ჰყოფნიდა. გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საღამოს შინ დაბრუნებულს არავინ ჰკითხავდა, რა მოხდა სამსახურში, სადილს არავინ შესთავაზებდა, არც გვერდით მოუწვებოდა ვინმე ლოგინში.
გაწონასწორებული და ძლივს დალაგებული ცხოვრება თავისი ხელით ჩააბარა წარსულს. როგორ გამოესწორებინა სიტუაცია? მომაკვდინებელ მარტოობას განა კახისთან თუნდაც არაოფიციალური ურთიერთობა არ სჯობდა? რაღაცის და ვიღაცის გამო მაინც უხაროდა შინ დაბრუნება. ნუთუ ისევ ცარიელ კედლებთან მოუწევს თანაცხოვრება?
თუმცა ასე არ ცხოვრობდა? განა რა, ქვეყანა დაიქცა? არც მომავალში დაიქცევა, რადგან საწყის წერტილს დაუბრუნდა დამაგნიტებულ თოჯინასავით.
მაგრამ ჯერ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. ხომ უთხრა, მოიფიქრე და დამირეკეო?
ჰმ… დამირეკეო. სათქმელად ადვილია, მაგრამ გასაკეთებლად როგორია? ძნელზე ძნელი.
ჰო, ძნელია, მაგრამ მარტოობას მაინც სჯობია. არ უნდა მარტო ყოფნა, ცხოვრების მარტო გაგრძელება. იცის მაიკომ, რომ ერთხელაც იქნება და ყველაფერი დამთავრდება, მაგრამ ჯერ ხომ არ დამდგარა ეს ეტაპი? და სანამ არ დამთავრებულა, არ ჯობია დატკბეს იმით, რაც ბედმა არგუნა? ხომ უთხრა კახიმ, მიყვარხარო. კი, უთხრა. აბა, რაღა უნდა? მაინცდამაინც ოფიციალურად უნდა ერქვას მისი ქმარი? იქნებ მართლა დადგეს ის მომენტი, როცა შეუღლდებიან? ხომ შეიძლება დაორსულდეს და ბავშვი რომ გაჩნდება, ყველაფერი მის სასიკეთოდ შეიცვალოს? უფრო სწორად, ორივეს სასიკეთოდ? ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას? ქმარს – ქმარი, ცოლს - ცოლი!
კი, ყველაფერი შეიძლება, ოღონდ ამისთვის ერთი ზარის გაშვებაა საჭირო, მხოლოდ ერთი ზარის, თორემ ისიც ნუნუკასნაირთა რიგებს შეუერთდება - მიტოვებული ქალების რიგებს.
ექვსი დღე თვითგვემას მიეცა. ვერ გადაეწყვიტა, დაერეკა თუ არ დაერეკა. არადა, თანახმა იყო, ყველაფერი ძველებურად გაგრძელებულიყო, ისე, როგორც წინა კვირაში, იმის წინა კვირაში…
ერთი ზარი, მხოლოდ ერთი ზარი და ყველაფერი მოგვარდებოდა.
ვერაფერს გულს ვერ უდებდა. სამსახურშიც სულ ძალისძალით აკეთებდა საქმეს. არც ბიჭების შემორიგებაზე გამოუდვია თავი. ცივად მიესალმებოდა ორივეს და თავის კაბინეტში შეიკეტებოდა.
***
მეექვსე დღეც ჩამთავრდა.
კიდევ ერთი ორშაბათი. მძიმე დღე. სამსახურიდან დაბრუნებულმა გამოიცვალა და საწოლზე გაიშხლართა. მობილური მოიმარჯვა და მოემზადა. უნდა დაერეკა. კარგა ხანს ათამაშა ტელეფონი ხელში. ეკრანი ხან განათდებოდა, ხან ჩაქრებოდა. ვერ გადაწყვიტა. ბოლოს მტკიცედ შეუძახა თავის თავს, რახან მძიმე დღეა, აჯობებს ბოლომდე მძიმედ ჩათავდესო და სასურველ ნომერს თითი მიაჭირა. სპიკერზე ჩართო, გვერდზე გადატრიალდა და მობილური სახესთან ახლოს დადო, ერთმანეთს მიტყუპებული ხელისგულები კი ლოყის ქვეშ ამოიდო.
ზარი გავიდა. ერთი, ორი, სამი…
ოთხი, ხუთი, ექვსი…
- როგორ ხარ? - კახის ხმამ საძინებელი ერთიანად გაავსო.
- შენ? - კითხვა შეუბრუნა.
- ჯერ არ ვიცი.
ასეთ პასუხს არ მოელოდა. პირველი, რამაც თავში მოუფრინა, ცუდად ხომ არ გახდა, ფეხის მდგომარეობა ხომ არ გაურთულდაო. ამან დააფეთა.
- ისევ ფეხი? - შეშინებული შეეკითხა.
- არა, ფეხი არაფერ შუაშია. მაგ მხრივ სტამბოლის კაჟივით ვარ.
- მაშინ რა? რატომ არ იცი?
- იმიტომ, რომ შენი პასუხის შემდეგ მეცოდინება.
ამ წინადადებამ შვება აგრძნობინა. თურმე მის პასუხს ელოდა.
პაუზა გაიწელა.
- ალო! - კვლავ დაირხა ჰაერში კახის ხმა.
- აქ ვარ.
- რა გადაწყვიტე, მაკო? - მოუსვენრობა იგრძნობოდა მამაკაცის ხმაში.
- მოდი. გელოდები. - თქვა და გაიტრუნა.
- მოვედი. აქ ვარ, - და წყვეტილი ზუმერი.
რაო? აქ ვარო? სად აქ?
მაია დაფეთებული წამოხტა და სასტუმრო ოთახში გავარდა. შემდეგ სამზარეულოს მიაშურა, მერე სააბაზანოშიც შეიხედა. კახი არსად არ იყო. რატომღაც, იფიქრა, ალბათ ჩუმად შემოიპარა და სადღაც აქ იმალებაო. მის გულს უცნაური გუგუნი გაჰქონდა.
ამ ყოფაში იყო, კარი რომ გაიღო. ჰოლში შუქი არ ენთო. სადარბაზოდან შემოსულ სინათლეზე კახის სილუეტი გამოჩნდა.
ასე უცებ საიდან გაჩნდა? ნუთუ კართან იყო ატუზული? იცოდა, რომ მაია დარეკავდა? ამის იმედი ჰქონდა? თუმცა ამას უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარია, ის აქ იყო. ის კართან იდგა.
ჯერ გაუბედავად გადადგა ნაბიჯი, მერე უფრო თამამად, კიდევ უფრო, კიდევ… კიდევ…
ახლა პირისპირ იდგნენ და მომლოდინე მზერით მისჩერებოდნენ ერთმანეთს.
კახიმ კარი ჩაკეტა, მოტრიალდა და გაუღიმა. მაიკომაც შეაგება საპასუხო ღიმილი. მამაკაცმა მკლავები გაშალა. სიხარულით აჟიტირებული ქალი ამ მკლავებში ჩაესვენა…
ამიერიდან ისევ ერთად იქნებიან. დილით ჩვეულებრივად მიესალმებიან მაიკოს და თვალებს დაუკოცნიან. არც ყავის მარტო დალევა მოუწევს, კახისთან ერთად მხოლოდ, საუზმეც ერთად ელოდებათ და სადილიც. საღამოს გამოკითხვაც, - თუ როგორ ჩაიარა სამუშაო დღემ. ტელევიზორსაც შეავლებენ თვალს, როცა ლოგინში ჩაწვებიან. მერე ისიყვარულებენ, ნახევარ ღამეს ალერსში გალევენ, მერე დაიძინებენ.
ასე არ ჯობია? რა თავში იხლის სტატუსს? დიდი ამბავი, ცოლის სახელი თუ არ დაერქმევა! ჯანდაბამდის გზა ჰქონია დაქორწინებას! მთავარია, ის მასთანაა და ის მისია. სხვა დანარჩენი მეცხრეხარისხოვანია მაიასთვის.
კი, ასე ჯობია!..
გაგრძელება იქნება