დურუშეჰვარ სულთანი ოსმალეთის უკანასკნელი სულთნის აბდულმეჯიდ II-ის ქალიშვილი იყო. იგი სტამბოლში დაიბადა.1924 წლის 3 მარტს თურქეთში ოსმალეთის დინასტიის ისტორია დასრულდა. მარტის იმ დღეს აბდულმეჯიდის სასახლეში ათათურქის დელეგაცია მივიდა და სულთანს ხალიფატის ინსტიტუტის გაუქმება აცნობა. რამდენიმე საათის შემდეგ, სულთანმა და მისმა ყველა ნათესავმა თურქეთი სამუდამოდ დატოვეს.
დურუშეჰვარ სულთანი იმ დროს ათი წლის იყო. მამა დიდ ყურადღებას აქცევდა მის განათლებას, ამიტომ გოგონას მშვენივრად ესმოდა და იცოდა რა ხდებოდა.
თავის მოგონებებში სულთანი მოგვიანებით წერდა: „... მთელი ჩემი იმედი დაინგრა და ბედნიერების შუქი ჩაქრა. ბნელ კუთხეში დავიმალე და ცრემლებით ვცდილობდი ამ კატასტროფული დღეების მოგონებების წაშლას. ჩვენ დავემშვიდობეთ ჩვენი წინაპრების საყვარელ სამშობლოს, დავტოვეთ შვიდი საუკუნის განმავლობაში გამეფებული ოსმალეთის ისტორია და სულთნების ტახტი. პირველი ღამე საზღვარგარეთ უძილოდ გავატარე, ვფიქრობდი ჩვენი წარსული ცხოვრების კარგ მომენტებზე...“
"სერიალს რეალობისგან ბევრი რამ განასხვავებს" - საშინელი ფაქტი ჰარამხანის შესახებ
რომანოვებისგან განსხვავებით, ოსმალებს გაუმართლათ. რესპუბლიკის მთავრობამ სამეფო ოჯახის წევრებს გადასცა მატარებლის ბილეთები, შედარებით მცირე თანხა საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის და შვეიცარიაში გაუშვა. ყოველგვარი ძვირფასი ნივთებისა და ქონების გარეშე, ოჯახი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. შვეიცარიიდან აბდულმეჯიდი ნიცაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ცოტა იაფად იყო შესაძლებელი ცხოვრება, მაგრამ ყოფილ სულთანს უბრალო ცხოვრებისთვისაც კი არ დარჩა ფული. მისი მთავარი ღირებულება და ოჯახის კეთილდღეობის იმედი იყო ახალგაზრდა პრინცესა დურუშეჰვარი.
სულთნის ერთადერთი ქალიშვილი ყველაზე სასურველი პატარძალი იყო მუსლიმი მმართველისთვის. აბდულმეჯიდმა ირანიდან, ეგვიპტიდან და ისლამური სამყაროს სხვა ქვეყნებიდან უამრავი წინადადების მიღება დაიწყო, მაგრამ ჰაიდერაბადის ნიზამი ყველაზე მოსაწონი აღმოჩნდა.
ჰაიდერაბადი, ბრიტანული ინდოეთის ყველაზე დიდი და მდიდარი სამთავრო იყო, სათავეში მუსლიმი მმართველებით - ნიზამები. ჰაიდერაბადის ბოლო ნიზამი, ასაფ ჯაჰ VII, 1920-იან წლებში მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. ზოგადად, აბდულმეჯიდთან ურთიერთობა ჰაიდერაბადის ნიზამისთვის სტრატეგიული აქტი იყო.
წინადადებების სიმრავლის მიუხედავად, ახალგაზრდა ჩვიდმეტი წლის დურიუშჰვარ სულთანი დაქორწინდა ჰაიდერაბადის ნიზამის ვაჟზე, მეფისნაცვალ აზამ ჯაჰზე. პრინცესას სანაცვლოდ მოითხოვეს უზარმაზარი თანხა - ამან გაღატაკებული სულთანი გადაარჩინა.
1931 წლის ნოემბერში საქორწინო კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა ფორმალობა მოგვარდა და ქორწინება შედგა ნიცაში, თუმცა დიდი პომპეზურობის გარეშე; უკვე 1933 წელს, პრინცესას შეეძინა მემკვიდრე - მუკარამ ჯაჰა, ხოლო 1939 წელს - მისი მეორე ვაჟი დაიბადა.
გარყვნილი და უსაქმური აზამ ჯაჰი აზარტული თამაშების მოყვარული იყო და უამრავ ხარჭას ინახავდა, მისი ქცევა და დამოკიდებულება არანაირად არ შეესაბამებოდა ევროპულ აზროვნებას და დურუშეჰვარის სიამაყეს. 1954 წელს ისინი განქორწინდნენ. განქორწინების შემდეგ, დურუშეჰვარი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა.
ჰაიდერაბადში ცხოვრების პირველივე წლებში ახალგაზრდა პრინცესამ დაიწყო უბრალო ხალხის დახმარება და ქალების ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა, მან გახსნა საავადმყოფო, და სამშობიარო (დღემდე მის სახელს ატარებს), ააშენა და შეინარჩუნა გოგონათა სკოლები.
მას გულწრფელად სჯეროდა, რომ ქალებს თავად შეეძლოთ ფულის შოვნა და და აქტიურად ებრძოდა ქალების სახლში ჩაკეტვის პრაქტიკას, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ჰაიდერაბადში,
ჰაიდერაბადს იგი ბოლოს 2004 წელს, 90 წლის ასაკში ეწვია. დურუშევარ სულთანმა ხანგრძლივი, ღირსეული ცხოვრებით იცხოვრა და 2006 წელს, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა. იმ დროისთვის იგი ოსმალეთის იმპერიის უკანასკნელ პრინცესად ითვლებოდა.