თათია შარანგია საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო. გარდა იმისა, რომ უმშვენიერეს პიანისტს წარმატებული კარიერა ჰქონდა, ის ცნობილი ოჯახის, კერძოდ, ედუარდ შევარდნაძის ყოფილი რძალია და მისი ერთ-ერთი შვილი სწორედ ბაბუის სახელს ატარებს.
თათია შარანგიამ და ლაშა შევარდნაძემ რამდენიმე წლის წინ იქორწინეს. მათ ორი ვაჟი, ედუარდი და სანი შეეძინათ. როგორც მაშინ ამბობდნენ, თათიას განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა ყოფილ პრეზიდენტთან. თავად ედუარდ შევარდნაძეს კი განსაკუთრებით უყვარდა პატარა ედუ და ამბობდა, რომ ის საკუთარ ბავშვობას ახსენებდა. მიუხედავად კარგი ოჯახური ურთიერთობებისა, ლაშა და თათია ერთმანეთს ხმაურიანად დაშორდნენ. თათიამ კი ახალი სიყვარული ამერიკაში იპოვა.
თათია შარანგიამ მეორედ ბიზნესმენ სანდრო შელიაზე იქორწინა. მათ ერთი ვაჟი შეეძინათ. ეს სანდროსთვისაც მეორე ქორწინება იყო და მას ერთი შვილი პირველ მეუღლესთან უკვე ჰყავდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სანდრო და თათიაც დაშორდნენ ერთმანეთს. მიზეზებზე წყვილს საჯაროდ არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნეს, რომ ცივილურ ურთიერთობას ინარჩუნებენ.
განქორწინებიდან მალევე, თათია შარანგიამ საზოგადოებას ჯარჯი თორაძე წარუდგინა, რომელზეც მალევე, 5 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე იქორწინა. მათი თანაცხოვრება ხმაურიანად დაიწყო, რადგან ქორწინებიდან რამდენიმე თვეში, სულ ცოტა ხნის წინ, თათია წერდა, რომ მისი და ჯარჯის სიყვარული დასრულდა. მოგვიანებით კი განმარტა, რომ ეს განცხადება, კამათის ნიადაგზე, გაბრაზებულმა დაწერა და მეუღლეს არც ერთი წუთით არ დაშორებია.
როგორც ცნობილია, ჯარჯი თორაძე ვერელი თორაძეების ოჯახის წარმომადგენელია. ის აქამდე უკვე იმყოფებოდა ქორწინებაში და ორი გოგონა ჰყავს. როგორც თათია ამბობს, მას ჯარჯის შვილებთან, ჯარჯის კი მის შვილებთან იდეალური ურთიერთობა აქვთ. ამას მოწმობს მის მიერ გამოქვეყნებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ ატარებს დროს მთელი ოჯახი ერთად: "ჯარჯის ანგელოზები... ბედნიერი ოჯახი გამოიყურება ასე" - წერს ის.