შერონ ტეიტი ამერიკელი მსახიობი და მოდელი იყო. ჰოლივუდში წარმატებული კარიერის მიუხედავად, მისი სახელი ყოველთვის ჩარლს მენსონის კულტთან და მათ მიერ ჩადენილ საშინელ მკვლელობებთან ასოცირდება - 9 თვის ფეხმძიმე შერონი მენსონის კულტის წევრებმა სასტიკად მოკლეს.
ტეიტი ბავშვობიდან ლამაზი გარეგნობით გამოირჩეოდა. ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო, როცა ბებიამ Miss Tiny Tot of Dallas- ს მისი ფოტოები გადასცა - შერონმა სილამაზის კონკურსი მოიგო და თავის პირველი ტიტულიც მოიპოვა.
შერონის მამა შეერთებულ შტატებს არმიის ოფიცერი იყო, სამსახურის გამო ოჯახი საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდა. თინეიჯერობის წლებში ტეიტმა კიდევ ერთ სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა და მოდელად დაიწყო მუშაობა. პირველი სამსახიობო როლები იტალიურ ფილმებში შეასრულა - სწორედ იტალიაში გაიცნო ამერიკელი მსახიობი რიჩარდ ბეიმერი, რომელმაც შერონს თავისი აგენტის, ჰალ გეფსკის ბარათი გადასცა.
1963 წელს მამის შეერთებულ შტატებში გადაყვანის შემდეგ, ტეიტი ჰოლივუდში გეპსკის შეხვდა. გამორჩეული გარეგნობის წყალობით მალევე მიიღო როლი სარეკლამო კამპანიაში, პარალელურად კი სამოდელო კარიერასაც განაგრძობდა. აშშ-ში პირველი დიდი როლი სატელევიზიო სერიალში მიიღო, სადაც ბანის თანამშრომლის როლს ასრულებდა.
1967 წელს, საშინელებათა ფილმის The Fearless Vampire Killers-ის გადასაღებ მოედანზე იგი ამერიკელ რეჟისორ რომან პოლანსკის შეხვდა. მათ შორის რომანი დაიწყო. წყვილი 1968 წელს დაქორწინდა.
1969 წლის ზაფხულში ტეიტი და პოლანსკი ბენედიქტ კანიონის უბანში ცხოვრობდნენ. 8 აგვისტოს კულტის ლიდერმა ჩარლზ მენსონმა თავის ერთ-ერთ მიმდევარს, ტექს უოტსონს მსახიობის მოკვლა უბრძანა.
აგვისტოს იმ ღამეს პოლანსკი ევროპაში იყო და მისი მეგობრები ვოიცეხ ფრიკოვსკი და აბიგაილ ფოლგერი, ტეიტთან იმყოფებოდნენ; როდესაც კულტის წევრები შუაღამით სახლს მიუახლოვდნენ, პირველად 18 წლის სტივენ პარენტს შეხვდნენ, რომელიც ტეიტთან სტუმრად იმყოფებოდა - უოტსონმა სტივენი ადგილზე მოკლა. შემდეგ სახლში გადაინაცვლეს და შერონ ტეიტი თავის სტუმრებთან ერთად დააბეს. შერონის ერთ-ერთი მეგობარს, სებრინგი კულტის წევრებმა დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი ესროლეს. ფრიკოვსკიმ და ფოლგერმა მოახერხეს თავის განთავისუფლება და სახლიდან გაქცევა, მაგრამ უოტსონის მოკავშირეები მათ აედევნენ და მოკლეს.
კულტის კიდევ ერთმა წევრმა, სუზან ატკინსმა 9 თვის ორსულ ტეიტს მუცელზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ატკინსმა სასამართლოზე განაცხადა, რომ შერონი მთელი გულით სთხოვდა, ბავშვისთვის არაფერი დაეშავებინათ: „გთხოვთ, ძალიან მინდა დედა გავხდე“ - ეს იყო მსახიობის უკანასკნელი სიტყვები.
წლის ბოლოს ყველა მკვლელი დააპატიმრეს. მენსონისა და მისი მიმდევრების სასამართლო პროცესმა ეროვნული ყურადღება მიიპყრო. მკვლელობაში მონაწილე ყველა პირს სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჩარლზ მენსონი და სუზან ატკინსი ციხეში გარდაიცვალნენ, ტექს უოტსინი კი სასჯელს ამ დრომდე იხდის.