ცოტა ხანში მაიაც შემოვიდა. ცხვირი ასწითლებოდა. თვალებიც. თუმცა შედარებით დამშვიდებული ჩანდა. კახის საწყალობელი მზერა მიაპყრო, მერე სველ სახეზე ხელები ჩამოისვა და საწოლზე ჩამოჯდა. მამაკაცმა სავარძელი მოაჩოჩა და პირისპირ დაუჯდა.
- დაიწყე! მთელი გულისყურით გისმენ, მაკო, - თბილად უთხრა, ყოველგვარი ბრძანების გარეშე.
ქალმა ამოიკვნესა და წარმოთქვა:
- ეს გუგა…
- რა გვარია გუგა! - მკაცრად გააწყვეტინა კახამ.
- გვარი? გვარი… - მაია ისე იყო რეტდასხმული, წამით გუგას გვარიც დაავიწყდა და დუტასიც, - გუგა გობრონიძეა გვარად, დუტა კი… ბარამიძე.
- და ვინ არიან, რას წარმოადგენენ, საიდან იცნობ. თავიდან დაიწყე ყველაფერი.
- კახი, ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა, შენ რაში გაინტერესებს? - როგორც იქნა, საბოლოოდ მოვიდა აზრზე და შეწინააღმდეგება სცადა, - მე ხომ არ გეკითხები შენ, ჩემამდე ვის ხვდებოდი და რომელ ქალთან რა გაკავშირებდა?
- მაკო, თუ დაინტერესდები, მოგიყვები, მაგრამ ამწუთას ჩემზე კი არა, შენზეა ლაპარაკი. შენ უნდა გენახა, რა სახე გქონდა, როცა ესენი დაინახე, - კახამ საჩვენებელი თითი გამორთული ტელევიზორისკენ გაიშვირა, - მათთან ნაცნობობა შენთვის ჩვეულებრივი ამბავი რომ არ არის, კარგად ვხვდები, ამიტომ ყველაფერი უნდა მიამბო. პირობას გაძლევ, ჩვენს ურთიერთობაზე ეს გავლენას არ მოახდენს. უბრალოდ, მინდა ვიცოდე, ვინ, რატომ და რა გაწყენინა. განა რა ტკივილი მოგაყენეს ამისთანა, რომ ლამის ხელში ჩამაკვდი?
მაიამ ღრმად ამოისუნთქა, მაგრამ პასუხი არ გაუცია.
- გელოდები, მაკო. უნდა მითხრა, მთელი ღამე რომ გამათენებინო, მაინც გათქმევინებ, იცოდე! არც შენ გიწერია ამაღამ ძილი და არც მე, თუ არ მეტყვი! რა ქნეს, გაგაუპატიურეს? იძალადეს? გცემეს? გთხოვ, მითხარი, არაფერი დამიმალო.
- როგორ გამაუპატიურებდნენ, კახი. შენ ხომ იცი, რომ მე… მე ქალიშვილი ვიყავი.
- და მერე რა? - მამაკაცმა ფეხები გაფარჩხა და მარჯვენა ფეხი ნერვიულად აათამაშა, - იქნებ სხვანაირად გაგაუპატიურეს?
მაია მიხვდა, კახამ რაც იგულისხმა და მწარედ გაიღიმა, თან თავი გადააქნია უარის ნიშნად.
- მსგავსი არაფერი მომხდარა. არანაირი გაუპატიურება, არანაირი ცემა.
- აბა, ასე რამ დაგზაფრა?
როცა მიხვდა, კახი საშველს არ მისცემდა, იძულებული გახდა, ალაპარაკებულიყო.
- მე და გუგას ერთმანეთი გვიყვარდა… - სულ თავიდან დაიწყო მოყოლა.
კახი სულგანაბული უსმენდა. შიგადაშიგ ცხვირზე მოისვამდა ხელს, განერვიულებულს როგორც სჩვეოდა.
მაია ჰყვებოდა, კახი უსმენდა. ერთხელაც არ შეუწყვეტინებია.
- მერე დუტა გამაცნო, ამ ბიჭს მაგრად მოსწონხარო… - ბოლომდე გადაუხსნა გული მამაკაცს.
უთხრა, რა საშინელი საღამო მოუწყო გუგამ, როგორ გადააღებინა ძმაკაცს ფოტოები და ეს ცრუკომპრომატი როგორ მიუგდო დუტას.
- და იმანაც დაიჯერა?
მაიამ თავი დააკანტურა და კვლავ ცრემლით აევსო თვალები.
- აღარ იტირო, გთხოვ.
- აღარ ვტირი, - მაიკომ ცხვირზე მოიჭირა ცერი და საჩვენებელი თითი, თითქოს ამ ჟესტით სურდა ცრემლის შეკავება.
- მოიცა, არ მოვიდა? არ გკითხა, ეს ფოტოები რას ნიშნავსო?
- არა, - ჩურჩულით წარმოთქვა ქალმა და ნიკაპი აუკანკალდა.
- ჰმ… - ხელისგულები ამოატრიალა კახიმ, - სად გაჩითე ეგეთი არაკაცები, ა?
- მე ასეთი ბედი მაქვს… - მიუგო მაიამ, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რომ მის პასუხში დიდწილად კახაც მოიაზრებოდა და სასწრაფოდ გადააკეთა, - მქონდა, სანამ შენ შეგხვდებოდი.
- კარგი, ახლა დამშვიდდი და დავიძინოთ, ჰო? მითხარი, ხომ აღარ იტირებ?
- რას აპირებ? - შეშინებული მზერა შეანათა ქალმა.
- მე? რა უნდა დავაპირო? არაფერსაც არ ვაპირებ. ეგეთებთან თავის გაყადრება არ ღირს. შეიძლება არც ახსოვთ, რა ჩაიდინეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ დუტას უნდოდა შენი ჩამოშორება და უბრალოდ, ძმაკაცებმა სპექტაკლი მოაწყვეს.
- მაგრამ დუტას მართლა მოვწონდი, ჯვრის დაწერას ვაპირებდით.
- რა იცი, იქნებ იმანაც გაჩითა სხვა, უკეთესი და ამ გზით სცადა შენი ჩამოშორება? აბა, რა გულმა გაუძლო, რომ პასუხი არ მოგთხოვა?
- არ ვიცი. აღარაფერი არ ვიცი და არც მაინტერესებს. მხოლოდ ის ვიცი, რომ მას შემდეგ კაცს აღარ გავკარებივარ.
- ჩემი საბრალო გოგო, ჩემი დაჩაგრული, - მამაკაცმა მკერდზე მიიხუტა ქალი და თვალები ამოუკოცნა.
კახა გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებდა, მაგრამ შინაგანად ისე ბობოქრობდა, დიდი სიამოვნებით დალეწავდა ირგვლივ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდა. როცა წარმოიდგინა, რა დღეებს გამოივლიდა მისი სანუკვარი ქალი, კბილი კბილს დააჭირა, რომ სიმწრით არ ეყვირა. ის აუცილებლად იძიებდა შურს გუგაზე, მაგრამ არა ახლა, რათა მაიას მასზე ეჭვი არ გასჩენოდა.
შესაფერის დროს უნდა დალოდებოდა… წინ ჯერ მივლინება ელოდა… საშიში, დაძაბული, ბნელით მოცული…
შეცდომა არ უნდა გაემეორებინა…
***
დილით კახი ადრე ადგა და წასასვლელად გაემზადა. მაიკომ მანამ არ გაუშვა, სანამ არ ასაუზმა, მერე კი კარამდე მიაცილა. კი შესთავაზა, ალემდე მანქანით გაგიყვანო, მაგრამ მამაკაცმა იუარა. მაიამ შეამჩნია, რომ რაღაც ვერ იყო ხასიათზე. იფიქრა, ალბათ, ჩემმა წარსულის ამბებმა გაუფუჭა გუნებაო. სულაც არ უნდოდა წუხელ რამე მოეყოლა, მაგრამ კახის ბრალი იყო, არა და არ მოეშვა, სანამ ყველაფერი არ დააფქვევინა.
- ვინ იცის, როდის დაბრუნდები, - ნაღვლიანად უთხრა, სანამ გავიდოდა.
- გეტყვი, როგორც კი გავიგებ. - სახეზე ჩამოუსვა ხელი მამაკაცმა.
- ყველაფერი ჩადე? რამე ხომ არ გრჩება?
- არა, არაფერი, ყველაფერი მიმაქვს, რაც მჭირდება.
- სულ ორი ხელი ტანსაცმელი ჩადე, თან არც იცი, რამდენ ხანს მოგიწევს მოსკოვში ყურყუტი, - უსაყვედურასავით.
- არაფერია. თუ რამეა, იქ ვიყიდი, რა პრობლემაა. - ამ სიტყვებით ხელი მოხვია და ყვრიმალთან აკოცა.
- დამირეკავ?
- ვეცდები. უფრო, ალბათ, დაგირეკავ. ისე, ხომ გითხარი, როცა მივლინებაში ვარ, ტელეფონი, ძირითადად, გამორთული მაქვს.
- და როგორ ეკონტაქტები შენს ბიზნესპარტნიორებს? - დაეჭვდა მაიკო.
კახის ნაკვთი არ შერხევია.
- სადაც ვარ, იქაური ტელეფონით ვსარგებლობ.
ქალმა ამოიოხრა.
- მაკო, იმდენ კითხვას მისვამ, თითქოს რაღაც გეეჭვება. ნუ გეშინია, ქალებში არ მივდივარ. - ნაძალადევად გაიცინა მამაკაცმა.
- ეგ არც მიფიქრია. მარტო იმას ვდარდობ, რომ რამდენიმე დღე ვერ გნახავ. მით უფრო, როცა არ ვიცი, ზუსტად რამდენი დღე.
- მაქსიმუმ, ერთი კვირა. შეიძლება არც. მორჩი ახლა, თორემ ასეთი სახით რომ მემშვიდობები, მეც გამიჭირდება. შენ რა გგონია, ქვისგულა ვარ? - ხუმრობას ღიმილი დააყოლა.
- კარგი, არ დაგაგვიანდეს. ალემ გითხრა, ცხრაზე აქ იყავიო. სულ რაღაც თხუთმეტი წუთი დაგრჩა, არა, თექვსმეტი, - მაია ფეხის წვერებზე აიწია და მამაკაცს ჩაეხუტა.
კახიმ ცხვირ-პირი ხარბად დაუკოცნა ქალს და აჩქარებული ნაბიჯებით გავიდა სადარბაზოში. კიბეზე ისე ჩავიდა, უკან არ მოუხედავს.
მაიკო მანამ გასცქეროდა, სანამ მამაკაცი თვალს არ მიეფარა, მხოლოდ მერე მოხურა კარი და ზურგით მიეყრდნო.
ეს რა უბედურებაა! როგორ შეეჩვია. რა გააძლებინებს მის გარეშე ამდენი დღე? დაურეკავდეს მაინც, თუმცა ამის იმედი დიდად არ აქვს. მოუწევს მოცდა და ლოდინი, თუ გაუძლო.
უნდა გაუძლოს, სხვა რა ჩარაა!
მერე თვითონაც გაემზადა და სამსახურის გზას დაადგა.
***
სამი დღე გავიდა და კახისგან არაფერი ისმოდა. მაიკო ვერ ისვენებდა. დაერეკა და ის მაინც ექვა, რამდენი ხნით მიდიოდა. ესაა, გაგაგებინებო? უსინდისო!
თუ სახლში იყო, აქეთ-იქით დაწრიალებდა, გულს ვერაფერს უდებდა. სამსახური ცოტათი შველოდა, უამრავი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი და უნდოდა თუ არ უნდოდა, უნდა გაეკეთებინა, რადგან ეს მის მოვალეობაში შედიოდა და გაუკეთებლობას არავინ აპატიებდა.
განსაკუთრებით მძიმე ხუთშაბათი გამოდგა. საელჩოში მორიგი სტუმრები ჰყავდათ, ამჯერად სინგაპურიდან. ექვსკაციანი დელეგაცია იყო. დაიღალა მაია აქეთ-იქით სირბილით. მათი სასტუმროში დაბინავება, მერე შეხვედრების განრიგის შედგენა, დროის შეხსენება, რომელ საათზე სად უნდა ყოფილიყვნენ, უფროსობასთან “პატაკის” ჩაბარება, ოფიციალური სადილები, შეხვედრები, ექსკურსიები, ბანკეტები…
კიდევ კარგი, შაბათს გაემგზავრნენ. როგორც ყოველთვის, მათ ავიაბილეთებზეც მაიამ იზრუნა და რეზისთან ერთად აეროპორტშიც მან გააცილა. უკანა გზაზე რეზიმ კახიზე ჩამოუგდო საუბარი:
- დიდი ხანია შენს საქმროს იცნობ?
ო, როგორ არ სიამოვნებდა მაიას ამ თემაზე ლაპარაკი, რამდენი ტყუილის თქმა მოუწევდა, მაგრამ კოლეგას უხეშად ვერ მოიცილებდა.
- საკმარისად. რატომ მეკითხები?
- რა ვიცი, ადრე არასდროს გიხსენებია.
- როგორ უნდა მეხსენებინა? - გაიცინა მაიამ, თან ლამპიონებით განათებულ გზას გაჰყურებდა, - მაინცდამაინც სკამზე უნდა შევმდგარიყავი და ხმამაღლა მეყვირა, შეყვარებული ვარ-მეთქი?
- არა, რატომ, - მისმა რეპლიკამ რეზო დააბნია, - რა ვიცი. შეყვარებულობა ქალს სახეზე ეტყობა, შენ კი არ გეტყობოდა.
- იმიტომ, რომ კარგად ვიცი შენიღბვა. არ გაგიგია, სიყვარულსა მალვა უნდაო?
რეზის გაეცინა.
- კი, როგორ არა, ეგ გამიგია.
- რეზიკო, თუ ძალიან გაინტერესებს, შემიძლია გითხრა, რომ მაგარი ტიპია. აი, შენ რომ მოგეწონება, ისეთი. ვუყვარვარ, პატივს მცემს და, საერთოდაც, ყველანაირად კარგი ადამიანია.
- რა პროფესიისაა?
მაიკო ცოტათი დაიბნა, მაგრამ რიხიანად უპასუხა მეგობრის შეკითხვას:
- ყოფილი სამხედროა, ახლა თავისი ბიზნესი აქვს. უი, აქ გამიჩერე, საბა, რაა? - ხმამაღლა გასძახა უცებ მძღოლს და წინ გადაიხარა.
სამსახურის მინივენით იყვნენ წამოსულები. საბამ მყის დაამუხრუჭა.
- აქ, ქალბატონო მაია?
- კი, კი, დაქალს უნდა გავუარო, ამაღამ მასთან ვრჩები, - სხაპასხუპით მიაყარა და მანქანიდან კი არ გადავიდა, ლამის გადახტა.
სახტად დარჩენილმა რეზომ, რომელიც მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან, კარგა ხანს უცქირა ქუჩაში სწრაფი ნაბიჯით მიმავალ თანამშრომელს, ბოლოს წინა სალონის კარი გააღო და მძღოლის გვერდით დაჯდა.
- უცნაური არსებები არიან ეს ქალები. შენ რას იტყვი, საბა? - ღიმილით დაჰკრა ბიჭს მხარზე ხელი და სავარძელზე მოხერხებულად მოკალათდა.
- ეგრეა, ბატონო რევაზ, ეგრე, - დაეთანხმა მძღოლი და სიჩქარე აკრიფა…
მაიკო კმაყოფილი დარჩა. ერთი დარტყმით ორი კურდღელი მოკლა. ჯერ ერთი, რეზოსთან საუბარს თავი აარიდა და მეორეც - დიდი ხნის უნახავ თამთასა და მათიკოს ნახავდა. როგორ უნდოდა თავისი გოგოები შეეკრიბა რემონტის შემდეგ, ერთი გემრიელად ექეიფათ, მაგრამ კახის გამოჩენამ მისი გეგმები ჩაშალა. თამთამ და მათიკომ ისიც კი არ იცოდნენ, მაიკო ახლა კაცთან ერთად რომ ცხოვრობდა და “სექსის გემოც იწვნია”.
აუ, რა საჭორაო ღამე ელოდა წინ მაიას!
მათიკო და თამთა ტყუპი დაა. მათიკოს სინამდვილეში მათე ჰქვია და ისე რცხვენოდა თავისი სახელის, რომ ბოლოს მათიკო დაირქვა. ამის გამო მამის გარდაცვალების შემდეგ საბუთებშიც კი შეიცვალა სახელი. მათე მამამისის ახირება იყო. ისე უნდოდა ბიჭი ჰყოლოდა, მთელ გეგმებს აწყობდა თურმე. არადა, ორი გოგო ერთად შეეძინა მის ცოლს, ამელიას. ამან ძალიან გაამწარა, მაგრამ გამოსავალი მაინც იპოვა. ერთს თამთა დაარქვა, რახან მეუღლეს ასე სურდა, მეორეს კი მათე და მართლაც ბიჭივით ზრდიდა ტყუპისცალს. ამიტომაც დები ძალზე განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თამთა ნაზია, რბილი ხასიათისა და მხიარული, მათიკო კი დინჯი, ცოტათი მძიმე და მოუხეშავი. კაცური საქმეები უფრო ეხერხება, ვიდრე ქალური. შეუძლია ააწყოს უთო, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა. ნათურა გამოცვალოს, მანქანის ნაწილები შეაკეთოს და ასეთი რამეები. ერთი ეგაა, კაცის “მთავარი იარაღი” აკლია, თორემ სხვა მხრივ, გეგონება, კაცთან ურთიერთობ. სიარულის მანერაც კი მამაკაცური აქვს.
მაიამ ზარის ღილაკს თითი მიაჭირა და კარგა ხანს არ აუშვა. ჯერ ცხრა საათი იყო, გოგოების ძილის დრო არ მოსულიყო.
- ვინ არის? - მოისმა შიგნიდან, - ვაიმეე! მათიკო, მაკუშკი მოსულა! - იყვირა ტყუპისცალმა, სათვალთვალოდან დაქალი რომ დაინახა და კარი მაშინვე გააღო.
მათიკოც ორ წამში ჰოლში გაჩნდა და მამაკაცურად ჩაიღიმა. მაია ჯერ თამთას გადაეხვია, მერე მათეს.
- აბა, რასა იქმთ? - იკითხა, როცა ხვევნა-კოცნას მორჩა.
- როგორ დაგვივიწყე, გოგო, ასე უნდა? სად დაგვეკარგე? - დაიწყო საყვედურების კასკადი.
- რა ვიცი, აბა. ჩემი სამსახურის გადამკიდე ვერაფრისთვის ვერ ვიცლი. თქვენ რატომ არ შემომეხმიანეთ? იქნება და ცოცხლებში აღარ ვეწერე, ჰა? - მხიარულად იკითხა და პირდაპირ სამზარეულოში შეაჭრა. მათთან როცა მოდიოდა, სწორედ სამზარეულოში უყვარდა გამოჯდომა, აქ სულ სხვა აურა ტრიალებს და მომწონსო, - აუ, რა კარგი სურნელი მეცა ცხვირში, რა მომიმზადეთ? მუცელი არიას მღერის, ისე მშია.
- ამ შუაღამისას რომელმა ქარმა გადმოგაგდო ჩვენკენ, მაკუშკი? - მათიკომ დოინჯი შემოიყარა და მამაკაცივით გამომცდელად შეათვალიერა.
_ დელეგაცია გავაცილე აეროპორტში და აქეთობისას ვიფიქრე, გავუვლი ჩემს გიჟებს-მეთქი. მომიყევით ახლა, რას შვრებით, თხოვდებით, არ თხოვდებით. როგორაა თქვენი საქმე, ა?
_ ვთხოვდებით არა! _ გადაიკისკისა თამთამ, _ არაფერსაც არ ვშვრებით. ტოლმას ხომ შეჭამ? მათიკომ გააკეთა. უგემრიელესია.
_ ეჭვიც არ მეპარება. ამას ისეთი ხელი აქვს, მკვდარს წამოახტუნებს საფლავიდან. შევჭამ რომელია, გული მიმდის უკვე. _ ხელისგულები ერთმანეთს გაუსვა მაიამ კმაყოფილების გამოსახატავად.
_ რაღაც სხვანაირად კუნტრუშებ შენ, _ შენიშნა მათემ, _ შემთხვევით, პაემნიდან ხომ არ მოდიხარ? გამოტყდი ახლა, სადაური უცხოელი შეაბი?
_ კაი რააა! რის უცხოელი. მაგის შნო მე ვინ მომცა. გამიცხელებ ტოლმას, თამთა?
_ ცხელია, ჩვენც ამწუთას ვჭამეთ. ახლავე გადმოგიღებ, _ თამთა დაფაცურდა, ღრმა თეფში გამოიღო კარადიდან და მეგობარს სამი ვეებერთელა ტოლმა დაუდო ზედ.
_ გოგო, რას აკეთებ, რა ამბავია, მაგდენს რა მაჭმევს. ერთი მეყოფა, ჩააბრუნე დანარჩენი! _ სიცილით მიმართა მეგობარს.
_ რა ვიცი, მშიერი ვკვდებიო და ერთი რას გეყოფა? ჰა, ორი იყოს, არც შენი და არც ჩემი, _ თამთამ ერთი ტოლმა ქვაბში ჩააბრუნა და თეფში მაიას წინ დაუდო, _ შეჭამე ეს ორივე, თორემ არ ვიცი რას გიზამ! _ მერე დაჭრილი პური და დანა-ჩანგალიც მოუტანა დაქალს, ბოლოს კი წინ დაუჯდა.
მათიკოც უხმოდ მიუჯდა მაგიდას და კიდევ უფრო გამომცდელად მიაჩერდა მაიას.
_ მართლა სხვანაირი ხარ. ასეთი არ მახსოვხარ, _ ეჭვიანი ტონით წარმოთქვა.
მაიას უნებურად გაეცინა. როგორ უნდოდა არ გასცინებოდა, მაგრამ ტუჩები არ დაემორჩილა.
_ აიიი, ხომ ვამბობდი! თამთა, ამის თავს რაღაც ამბავია და გვიმალავს! _ გამარჯვებულის იერით წამოიძახა მათემ და დას შეაჩერდა.
_ მართლა, მაკუნა? რამე ხდება? _ თამთამ მისკენ გადაიწია და ნახევრად ჩურჩულით მიმართა.
მაიას ისევ და ისევ ეცინებოდა. ვერც პირველმა ლუკმამ უშველა, ისეთი ფხუკუნი აუტყდა, ლუკმა ლამის გადმოუვარდა პირიდან.
_ მაცალე ახლა ჭამა, რა დღეში ჩამაგდეთ, თქვენ ვინ ყოფილხართ!
მათიკო დინჯად წამოდგა, მაცივრიდან ბოთლით წვენი გამოიღო და მაგიდაზე შემოდგა.
_ დაისხი და დალიე, არ დაგახრჩოს მაგ ლუკმამ.
_ ჭამის დროს სითხეს არ ვიღებ, გენაცვალე! ასეთ წესებს მკაცრად ვიცავ!
_ და რატომ?
_ იმიტომ, რომ ჭამამდე და ჭამის შემდეგ კარგა ხანს სითხე არ უნდა დალიო. ამერიკელებმა მასწავლეს.
_ აუფ! _ ხელები ჯერ გაშალა მათემ, მერე გულზე დაიკრიფა, _ უსმინე შენ ამერიკელებს და კარგად გექნება საქმე.
_ ხო, აბა! იცი რამდენ რამეს ვსწავლობ ამ უცხოელებისგან?
_ ის არ გასწავლეს, შენი ასაკის ქალს თუ ქმარი არ ჰყავს, მინიმუმ, სამი პარტნიორი მანც უნდა ჰყავდეს გამოცვლილიო?
მაია გაწითლდა. ისე ეხამუშა მათიკოს შენიშვნა, რომ მეგობარს თვალი აარიდა.
_ შევჭამ და მერე რაღაცას მოგიყვებით.
_ აჰა, უშველია თავისთვის ამ საცოდავს, _ კაცივით ჩაიცინა მათემ, სკამი უკან გასწია და ფეხებიც კაცივით გაჩაჩხა…
მაიას არაფერი დაუმალავს. მეგობრებს ყველაფერს მოუყვა იმ ღამიდან დაწყებული, კახის მანქანა რომ დაეჯახა. ორივე და სულგანაბული უსმენდა. აღტყინებული თამთა ხანდახან წამოხტებოდა და ტაშს შემოჰკრავდა, მათე კი მხოლოდ ჩაიღიმებდა, ერთხელაც არ შეუცვლია პოზა.
როგორც კი მაია ჭამას მორჩა, სამივემ სასტუმრო ოთახში გადაინაცვლა.
_ ყავა გაგიკეთო, შე არაქალიშვილო? _ გაეხუმრა მათე.
_ არა, არ მინდა. დღეს უკვე სამჯერ დავლიე. ამაღამ არ დამეძინება.
_ ხომ რჩები ჩვენთან?
_ აბა სად წავალ, ვრჩები რომელია. რომც გამაგდოთ, ფეხს არ გავადგამ აქედან. _ მზერით მიესიყვარულა ორივეს, _ მაგრად მომენატრეთ. ერთი სული მქონდა, როდის გნახავდით, რომ ჩემი ამბები მომეყოლა.
_ როდის უნდა გაგვაცნო ის შენი სამხედრო? _ ვერ ისვენებდა თამთა, _ ფეისბუკი არ აქვს? ან სურათი არ გაქვს?
_ არა, გოგო, რა ფეისბუკი, სულ სხვა ტიპია. კომპიუტერს არც ეკარება. ტელეფონშიც კი არ იქექება სხვებივით. მე თუ ვაყურებინებ ხოლმე ტიკ-ტოკიდან სასაცილო ვიდეოებს და ისიც არ აინტერესებს. არც სურათი არ მაქვს. არცერთხელ არ გადაგვიღია. სიმართლე გითხრა, თავში აზრადაც არ მომსვლია. აწი გადავუღებ და გადმოგიგზავნით. მალე გაგაცნობთ. აი, ჩამოვა და დავგეგმოთ ჩემთან შეხვედრა. რემონტი დასასველებელი მაქვს, ძმაო, ეგრე კი არ არის! _ მოჩვენებითად წაიტრაბახა.
_ რემონტი კი არა, პირველ რიგში, კაცი გყავს დასასველებელი, შე არაქალიშვილო! _ გააშაყირა მათემ.
_ აუ, მათიკო, რანაირი ხარ, რაა! თამთა, უთხარი შენს დას, ნუ დამცინის.
_ დაგცინი კი არა, შურით ვსკდები! შენი ტოლი ვარ მეც და კაცი რა ხილია, არ ვიცი. ესაა საქმე?
_ სამაგიეროდ, მე ვიცი! _ ამაყად მოიღერა ყელი თამთამ, _ თუმცა დიდად ნუ დაგწყდება გული, დიდი ვერაფერი, _ დაიჯღანა საკაცეთის მისამართით და ხელებიც გაასავსავა “დიდი ვერაფერის” გასაფორმებლად.
_ თქვენ მოუკვდით თქვენს პატრონს, რა ლენჩები ხართ, _ ჩაიღიმა მათემ, _ კაცი რომ რამედ ღირდეს, თქვენ დამასწრებდით? რას ტრაბახობ, ნეტავი, _ მიუტრიალდა ტყუპისცალს, _ “სამაგიეროდ, მე ვიცი!” _ გამოაჯავრა, _ რომ იცი მაგიტომაც დაგადეს და მიგაგდეს! _ ნიშნი მოუგო დას და ფეხი მტკივნეულ ადგილას დააჭირა.
_ რაო? მართლა, თამთა? დაშორდით შენ და ბაკო?
თამთას ლამაზი სახე მოეღუშა.
_ ჰო. პოლონეთში წაბრძანდა ბიჭი! ფულს გავაკეთებ და ჩამოვალო. ერთხანს კი მეკონტაქტებოდა, მაგრამ მერე საერთოდ გაქრა.
_ რას მეუბნები! დიდი ხანია?
_ ექვსი თვე იქნება უკვე.
_ მაგით რა გინდა მითხრა, რომ ექვსი თვეა ერთმანეთი არ გვინახავს?
_ შენ წარმოიდგინე! აბა, გაიხსენე, ბოლოს როდის ვიყავით ერთად.
მაიკო დაფიქრდა და მართლა ვერ გაიხსენა. ღმერთო, როგორ აურია თავგზა კახიმ, საკუთარი მეგობრებიც კი დაავიწყა.
_ ე! მაგიტომაც არ გეხმიანებოდით. შენი თავი ვის ჰქონდა, ისეთ დეპრესიაში იყო, კინაღამ გააფრინა, _ აუხსნა მათემ, _ ნიტა კი მოდიოდა ხოლმე და სოფოც, მაგრამ მერე ისინიც იფრინა, აღარ მოხვიდეთ, მარტო მინდა ყოფნაო. ახლა რა უჭირს, მშვენივრადაა, მაგრამ იმ პერიოდში სერიოზულად შემეშინდა, არ გარეკოს-მეთქი.
მაია გაოცდა. თურმე რამდენი რამ გადახდენია მის მეგობარს და თვითონ ბაიბურშიც არ იყო. უხერხულად იგრძნო თავი. ბოდიში ჰქონდა დაქალებთან მოსახდელი, მაგრამ ხმას ვერ იღებდა.
_ შენს ყოფილს რა გაუჩალიჩეს ისე! _ წამოიწყო უეცრად მათემ, _ მასე მოუხდება, ახი იყო მაგაზე!
_ ვინ ყოფილს? _ კოპები შეიკრა მაიკომ, _ ვისზე ამბობ?
_ არ იციიი? _ თვალები გაუფართოვდა თამთას, _ მართლა არ იცი? არ გადამრიო!
_ რა გადაგრიოთ, არ ვიცი, რაზე მელაპარაკებით, _ დაიბნა მაია.
_ მაგ შენი გუგა და დუტა ერთად ჩაცხრილა ვიღაცამ სამი საათის წინ მაგათ ოფისთან.
მაიკო ადგილს მიეყინა. სახე გაუშეშდა. გაფითრდა.
_ საიდან მოიტანეთ, მაშაყირებთ? _ ხმა წაერთვა.
_ არ გჯერა? დედას გეფიცები, მართლა! _ თამთა წამოხტა, _ ახლავე გაყურებინებ! _ პულტი აიღო და ტელევიზორი ჩართო.
მერე კარგა ხანს ეძება საჭირო ინფორმაცია, კადრებს ჩქარ-ჩქარა უკან ახვევდა. ბოლოს გააჩერა.
კადრი კადრს ცვლიდა. ორი ცხედარი ერთმანეთთან ახლოს ესვენა, ორივე გულაღმა. გუგას ფეხი მოკეცვოდა, დუტას კი ხელებიც გაეშალა და ფეხებიც, თითქოს მიწაზე გართხმულა და ცას ასცქერისო. მათ ირგვლივ სისხლის გუბეები იდგა.
მაიას თვალთ დაუბნელდა.
_ ცოტა ხმას აუწიე, რა! _ ძლივსგასაგონად წარმოთქვა.
თამთამ ხმას აუწია.
_ “…პროზექტურაში გადაასვენეს. პირველი ტყვია ორივეს გულში აქვს მოხვედრილი, მეორე კი, საკონტროლო გასროლა, თავში. თვითმხილველების თქმით, უცნობი მამაკაცი კაპიუშონიანი ქურთუკით იყო, მოტოციკლით იდგა და იცდიდა. როგორც კი ბარამიძე და გობრონიძე ოფისიდან გამოვიდნენ, მოტოციკლეტი დაქოქა, მათკენ ნელი სვლით წავიდა და ზედიზედ ოთხი გასროლა განახორციელა”.
მაიკო მიხვდა, რომ გული მისდიოდა. დივანს ხელით დაეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო.
_ წყალი… _ დაიხრიალა ბოლოს გვერდზე გადახრილმა.
გაგრძელება იქნება