თამთამ წამში გამორთო ტელევიზორი და მაიას მივარდა, მათე კი სამზარეულოში გაიქცა, საიდანაც გრაფინით წყალი შემოარბენინა და მაიკოს მთლიანად გადაასხა…
მაშინვე გონზე მოვიდა. ერთიანად იყო გაწუწული.
- ნეტავი შენ, რას განიცადე ასე? ღირსები იყვნენ. ვენაცვალე, ვინც ეს გააკეთა! დამპლები! - არ ჩერდებოდა მათიკო, როგორც კი მაია აზრზე მოვიდა, - შენ რომ კინაღამ შეგიწირეს, დაგავიწყდა?
- რატომ არ დამირეკეთ?
- რა ვიცი, არც გვიფიქრია. გვეგონა, შენც ნახავდი სიუჟეტს. მერე კიდევ, არ ჩავთვალეთ საჭიროდ. გვეგონა, გაგიხარდებოდა. სამაგიერო გადაუხადა ვიღაცამ და შენი მადლი მოისხა.
- ნუ გადამრიეთ, რა უნდა გამხარებოდა, ადამიანების ჩაცხრილვა? მათიკო, როგორ ამბობ მაგას?
მათიკოს ნირი წაუხდა.
- ვინც გინდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს. არავის სიკვდილი არ გამიხარდება. იმ დროს რომ მომხდარიყო ეგ, შეიძლება რაღაც მომენტში გამხარებოდა კიდევაც, მაგრამ მას შემდეგ იმდენი ხანი გავიდა. თავში აზრადაც არ მომსვლია შურისძიება. დავივიწყე და მორჩა.
- დაივიწყე, როგორ არა! ეგეთ რამეს ადამიანი არ ივიწყებს.
- მე დავივიწყე! - ჯიუტად გაიმეორა მაიამ, მაგრამ გაახსენდა, რა დღეშიც ჩავარდა იმ ღამეს, როცა ამდენი წლის მერე პირველად მოჰკრა თვალი ეკრანზე გუგასა და დუტას, თანაც ერთად, ერთ ბიზნესში წყვილად მოტრიალეს. ისე ცუდად გახდა მაშინაც, კახიც კი გააოცა…
მართალია მათიკო, არ დავიწყებია და ვერც ვერასდროს დაივიწყებს, მაგრამ მოსაკლავად მაინც ვერ გაიმეტებდა.
- დაიჭირეს მკვლელი? - მისუსტებული ხმით იკითხა.
- ჯერ არა, მაგრამ ეძებენო.
- ნეტავ რა მოხდა?
- ამბობენ, წილები ვერ გაიყვესო, რა ვიცი. ორი დღის წინ მოსკოვშიც მოუკლავთ ვიღაც ქართველი ბიზნესმენი, ხოშტარია თუ ხუნწარია და მარჩიელობენ, ეს მკვლელობები რამე კავშირში ხომ არ არის ერთმანეთთანო. ის ქურდულ სამყაროსთან ყოფილა კავშირში. ესენიც თურმე. რაღაც ჩანაწერებიც არსებობს, სადაც ემუქრებიანო.
- ღმერთო, რა საშინელებაა, - თავზე შემოიჭდო მაიამ ორივე ხელი.
- რომ მცოდნოდა, ასე ინერვიულებდი, სულ არ გეტყოდი. რა ტიპის ხარ, რაა! - კაცივით გაშალა ხელები მათიკომ, ცარიელი გრაფინი იატაკზე დადო და ტახტზე, მაიას გვერდით ჩამოჯდა.
- წამო ოთახში, გამოიცვალე, თორემ სულ დაგასველა ამ გიჟმა, - თამთამ ხელი გაუწოდა მაიას.
მაიკო ძლივძლივობით ადგა. მუხლები ჯერაც უკანკალებდა. ლასლასით გაჰყვა უკან თამთას…
არაფრით არ დარჩა ღამე გოგოებთან. აიჩემა, შინ უნდა წავიდე, მარტო მინდა ყოფნაო, ტაქსი გამოიძახა და წამოვიდა. თავისი სველი ტანსაცმელი პარკში ჩაუდეს და გამოატანეს.
აღარაფრის თავი არ ჰქონდა. გაბრუებული იჯდა ტაქსიში და ვერაფერსაც ვერ ფიქრობდა. ისიც არ ახსოვდა, ბინამდე როგორ ავიდა. მხოლოდ მაშინ მოვიდა ცოტა აზრზე, როცა თავის საწოლზე წამოწვა.
ღმერთო, რა საშინელი ტრაგედიაა. ნეტავ ვინ გაწირა ასე ორივე? ვაითუ ამ ყველაფერში კახის ხელი ურევია. მაგრამ ის ხომ მოსკოვშია? რა შუაშია აქ კახი? ან კი სად დადის კახი მოტოციკლით? მანქანაზეც კი უარს ამბობს. თან ფეხი ჯერაც არა აქვს მოშუშებული ბოლომდე. აუუ, რაებს ფიქრობს, მთლად გაგიჟდა! იქნებ არც გაგიჟდა? მას ხომ იარაღის მაღაზია აქვს. უამრავ ადამიანს იცნობს ალბათ, მათ შორის, თავზეხელაღებულებსაც. ვინ იცის, იქნებ ვინმეს სთხოვა… არა, არა, ეს დაუშვებელია! გამორიცხული ამბავია, კახი ამას არ იზამდა! მაგრამ ასე როგორ დაემთხვა? მაინცდამაინც მაშინ ჩაცხრილეს, როცა თავის ამბავს კახის მოუყვა.
ნეტავ სად არის ამწუთას? როდის ჩამოვა? რატომ ერთხელ არ დაურეკა? ვაითუ სამუდამოდ წავიდა მისგან. წავიდა და მიატოვა მაიკო! მას ხომ ასეთი ბედი აქვს! კაცებში არასდროს უმართლებდა.
არა, კახი დაბრუნდება. ამაში დარწმუნებულია. ისე დაემშვიდობა, რომ დაბრუნდება. ამაში არ ცდება. მისი თვალებიდან იმდენი სითბო და სიყვარული იღვრება, შეუძლებელია მიატოვოს. ხვდება მაია, რომ კახა მასზე შეყვარებულია. მერე რა, რომ ცოლად ვერ ირთავს. მაგის დროც დადგება. აი, მოგვარებს თავის პრობლემებს და…
დაიმედებულმა მაიკომ მარჯვენა ხელის არათითზე დაიხედა, სადაც მამაკაცის ნაყიდი ლამაზთვლიანი ბეჭედი უბრწყინავდა…
***
იმ ღამეს ცუდად ეძინა, სულ კოშმარები ესიზმრებოდა. დილით, როგორც კი თვალი გაახილა, მობილურის ეკრანს დახედა საათის შესამოწმებლად. ისე ცუდად იყო, სულ არ ეხალისებოდა სამსახურში წასვლა. გადაწყვიტა, დაერეკა, ეთქვა, სიცხე მაქვს და ვერ მოვალო. გამუდმებით გუგასა და დუტაზე ფიქრობდა. თვალწინ ედგა მათი ცხედრები და ამის წარმოდგენა გულს უკლავდა. მერე რა, რომ დაუშავეს, ცხოვრება გაუმწარეს და გზა გაუმრუდეს, სასიკვდილოდ მაინც არ ემეტებოდა. არავის სიკვდილი არასდროს უნატრია, არც მტრის და, მოყვარის ხომ, მით უმეტეს.
ხალათი მოიცვა და სააბაზანოში შევიდა თავის მოსაწესრიგებლად. როცა გამოვიდა, მხოლოდ ყავა დალია, ახლა ერთი ლუკმაც არ გადაუვიდოდა ყელში.
ცხრის ნახევარზე კადრებში დარეკა და უთხრა, მაღალი ტემპერატურით ვწევარ, შეიძლება ვირუსი შემეყარა და დღეს ვერ გამოვალო. ერთი დღის გაცდენაზე არავინ არაფერს ეტყოდა. მერე შაბათ-კვირა მოდიოდა და ისედაც სახლში რჩებოდა. ამასობაში იქნებ კახიც ჩამოსულიყო.
წაიკითხეთ ასევე: ანა - თავი 6
როცა ამ საქმეს მორჩა, კვლავ საძინებელს მიაშურა, ფეხმორთხმით დაჯდა საწოლზე, უკან ბალიში აიმაღლა და ზურგით მიეყრდნო. მერე პულტს დასწვდა და, ალბათ, თავის სიცოცხლეში პირველად, ტელევიზორი მოუთმენლად ჩართო. ახალი ინფორმაცია აინტერესებდა.
ცხრასაათიან საინფორმაციოზე გადართო. ახალი ამბების გადმოცემა, როგორც მოსალოდნელი იყო, წინა დღის მკვლელობის გაშუქებით დაიწყო. ყველაფერი თავიდან გაიმეორეს, რაც წუხელ ნახა და მოისმინა. ამჯერად ისე აღარ ნერვიულობდა, ამიტომ ყველა სიტყვას ჰაერივით ისრუტავდა. მერე ახალი ინფორმაციაც დაამატეს: “საგამოძიებო ორგანოებმა მიმდებარე ტერიტორიიდან კამერების ჩანაწერები ამოიღეს. ერთ-ერთ კამერაზე გარკვევით ჩანს, როგორ მიუახლოვდა მოტოციკლეტით მკვლელი, რომელსაც სახეს კაპიუშონი უფარავს, პარტნიორ ბიზნესმენებს და ერთმანეთის მიყოლებით ორივე ადგილზე ჩაცხრილა. კადრში ოთხი გასროლის ხმა ისმის. ამ ყველაფრის შემდეგ მკვლელი შემთხვევის ადგილიდან სწრაფად უჩინარდება. სამართალდამცველების აზრით, საქმე პროფესიონალ მკვლელთან გვაქვს, ისეთი სიზუსტითაა ჩადენილი ეს ორი მკვლელობა. როგორც ჩანს, ქილერი ვიღაცამ დაიქირავა და პირველ რიგში ეს უნდა გავარკვიოთო”.
მაიკოს ყურებს შუილი გაჰქონდა. გულის ბაგაბუგს საფეთქელთან გრძნობდა. ნეტავ ვისთან ჰქონდათ ამ ბიჭებს ამხელა შეხლა-შემოხლა? ასე როგორ გაწირეს?
“…პოლიციაში გუშინ ღამესვე დაიბარეს გასვიანი, მათი კონკურენტი ბიზნესმენი, ვისთანაც ბარამიძესა და გობრონიძეს ბოლო დღეებში კონფლიქტი ჰქონდათ. დაკითხვა სამი საათი გაგრძელდა. პოლიციის განყოფილებიდან გამოსულ გასვიანს პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებია”.
შემდეგ პროკურატურის თანამშრომელმა ილაპარაკა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბევრი საეჭვო გარემოება დაემთხვა ერთმანეთს: “ორი დღის წინ მოსკოვში მოკლეს ქართველი მეწარმე, კობა ხუნწარია. ჩვენ გამოვითხოვეთ საქმის მასალები, რათა დეტალები შეგვესწავლა. მართალია, იქ სხვა ტიპის იარაღია გამოყენებული და მკვლელი შემთხვევის ადგილას მოტოციკლით არ მისულა, მაგრამ ხელწერა აშკარად ერთი და იგივეა. ჯერ დანამდვილებით ვერ გეტყვით, საქმე ერთსა და იმავე პიროვნებასთან გვაქვს თუ არა, მაგრამ ყველაფერი გულდასმითაა შესასწავლი. ცოტა ძნელი დასაჯერებელია, ქილერს ჯერ იქ დაემთავრებინა საქმე და მერე ეგრევე თბილისში ჩამოსულიყო სხვა სამიზნეების მოსაკლავად, თუმცა არაფერს გამოვრიცხავთ. სირთულე ისაა, რომ ბარამიძე და გობრონიძე არანაირად არ არიან დაკავშირებული ხუნწარიასთან, მათი რაიმე ფორმით ნაცნობობაც არ იკვეთება. იმავეს ადასტურებს გასვიანიც, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთი ეჭვმიტანილია ამ მკვლელობაში. არც ის იცნობდა ხუნწარიას, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი უფრო გულდასმითაა შესასწავლი და გასაანალიზებელი. ყველაფერს ვიღონებთ, რომ ეს საქმე გაიხსნას. როგორც კი რამე გამოიკვეთება, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მასმედიას აუცილებლად ჩავაყენებთ საქმის კურსში”.
მაიას ცუდად მოხვდა ყურში პოლიციელის ნათქვამი, “ცოტა ძნელი დასაჯერებელია, ქილერს ჯერ იქ დაემთავრებინა საქმე და მერე ეგრევე თბილისში ჩამოსულიყო სხვა სამიზნეების მოსაკლავად, თუმცა არაფერს გამოვრიცხავთ”. კახა ხომ მოსკოვში ეგულებოდა… მაგრამ კახა და დაქირავებული მკვლელი? ღმერთო! ეს სისულელეა, დაუჯერებელია! კახი ისეთია, ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხს. კაცი კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმეს და ისიც არ უცდია, მოეძებნა ის ადამიანი, ვინც დაეჯახა. ბოღმა წამითაც არ ჩაუდვია გულში. არა, ამაზე ფიქრი გონებიდან უნდა ამოიგდოს!
***
კახიმ გვიან გაიღვიძა. უცნაურად ტეხდა ტანში, თითქოს შემცივნებული იყო. ბოლო დღეებში ძალიან გადაიღალა. ჯერ იქ გაკეთებულმა საქმემ დაამძიმა, მერე თბილისში სასწრაფოდ გამომგზავრებამ, თან შემოვლითი გზით, - მოსკოვიდან ჯერ ერევანში, იქიდან თბილისში. აქაც დიდი გარჯა დასჭირდა ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად. ასე სამ დღეში ამდენი ადამიანი პირველად გამოასალმა სიცოცხლეს. იცოდა, ამის გამო ალესთან ახსნა-განმარტების მიცემა მოუწევდა, მაგრამ ამისთვის მზად იყო. იცოდა, რაც უნდა ეთქვა. რა შედეგიც არ უნდა მოჰყოლოდა მასთან საუბარს, როგორი უსიამოვნოც უნდა ყოფილიყო, უღირდა იმად, რაც გააკეთა.
წუხელ სასტუმროში გვიან დაბრუნდა. ჯერ მოტოციკლს მიუჩინა კუთვნილი ადგილი, ყალბი ნომრები მოხსნა და იარაღთან ერთად მტკვარში მოისროლა. ამის მერე კარგა ხანს იხეტიალა სანაპიროზე. ამჯერად არ დაულევია. საერთოდ არ ნერვიულობდა იმაზე, რაც ჩაიდინა. მთავარი იყო, რომ მაკოს გამო შური იძია. არასდროს არავის აპატიებს მაიკოს შეურაცხყოფას, გინდ წარსულში, გინდ ახლა და გინდ მომავალში. იმიტომ, რომ მას ეს ქალი უყვარს, საკუთარ სიცოცხლეს ურჩევნია. ასე არასდროს არავინ ჰყვარებია. ძალიან მიეჯაჭვა და ეს ყველაფერი სიამოვნებს. როგორ უნდა თავის პროფესიას თავი დაანებოს, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, ცოლი შეირთოს და შვილები იყოლიოს, მაგრამ… მაგრამ მისცემენ ამის უფლებას? ალბათ, არა. კიდევ ერთი შეცდომა და კახასაც გაუყენებენ საიქიოს გზას. ასე ადვილად ვერ დაიხსნის თავს “საძმოსგან”. ფიცი ფიცად აქვს დადებული და ხელშეკრულებაზეც ხელი აქვს მოწერილი, რომლის თანახმადაც ოჯახს მანამ არ შექმნის, სანამ არ “ჩამოწერენ”. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა გადაწყვიტონ ჯგუფის თითოეული წევრის მომავალი. სულ ექვსნი არიან ჯგუფში და ასეთ ბინძურ საქმეებს აკეთებინებენ. კი, ფულს უხდიან, სოლიდურ თანხას თითო კარგად შესრულებულ დავალებაზე, მაგრამ რის ფასად უჯდებათ ბიჭებს ეს ყველაფერი? აი, ხუტამ ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. მასაც კახასნაირად დაემართა. ერთი გოგო შეუყვარდა და ჯგუფიდან გასვლა მოისურვა, მაგრამ არ გაუშვეს. გაუშვეს კი არა, ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ კაცს თავი მოაკვლევინეს. თვალწინ მოუკლეს შეყვარებული და ამით აგრძნობინეს, რომ თავისას არ გაატანინებდნენ. ხუტას ისედაც ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები და მისმა მყიფე ფსიქიკამ ვერ გაუძლო ამხელა ზეწოლას.
კახიმ ამოიხვნეშა. ტუმბას გადასწვდა და მობილური ჩართო. ტელეფონმა ჩართვისთანავე წკაპუნი ატეხა. დახედა გამოტოვებულ ნომრებს. ალესგან ცხრა ზარი იყო შემოსული. ის იყო, დარეკვა დააპირა, რომ ალემ დაასწრო. ეკრანზე მისი სახელი დაიწერა. კახამ პირველსავე ზარზე უპასუხა:
- გისმენ, ალე!
- ახლავე ჩემთან გაჩნდი! - ყინულივით ცივი ხმით უბრძანა მამაკაცმა.
- ჰო, გამოვალ, ისედაც ვაპირებდი.
- დილიდან გირეკავ და ვერ გიკავშირდები.
- მეძინა. ახლა ჩავრთე ტელეფონი.
- მაგას ვხვდები და იმასაც, რატომაც გქონდა გამორთული. დროზე, არ მალოდინო!
- მოვდივარ.
მაინც არ იჩქარა. ცოტა ხანს კიდევ იწვა თვალდახუჭული, კიდევ ერთხელ ალაგებდა სალაპარაკოს, ალეს შემოტევის შემთხვევაში თავი როგორ დაეცვა. მერე ადგა, ჩაიცვა და სასტუმრო დატოვა.
***
- შენ რა ხლართებს აბამ, კაპიტანო! - ალეს “გამარჯობამ” ასე გაიჟღერა, - თავი ხომ არ მოგბეზრებია?
- ასეთი რა მივქარე? - მშვიდად იკითხა კახამ.
- რა მიჰქარე? კიდევ მეკითხები, რა მიქარე? არ გეყო, მაშინ რაც გააკეთე? ეს რაღა დაიმატე ახლა? ვინ მოგცა იმ ტიპების გასაღების უფლება? ვის დავალებას ასრულებდი? ორმაგ თამაშს თამაშობ, თუ როგორაა შენი საქმე? ფული არ გყოფნის? მეტი გინდა? ვერ მითხარი? რაღაცას გაგიხერხებდი! - ცოფებს ყრიდა მეთაური.
- მოიცა, მოიცა! ამისთანა ცრუბრალდებას არ მივიღებ, ალე, არ გინდა. კარგად მიცნობ, იცი, რისი მკადრებელი ვარ და რისი გამკეთებელი.
- აბა, რას მივაწეროთ შენი გამოხტომა? რა სპექტაკლი იყო ეს?
- პირადი საქმე. ეს ჩემი პირადი შურისძიება იყო.
- პირადი? შენი პირადი? არ იცი, რომ შენთვის პირადი არაფერი არ არსებობს? - უფრო და უფრო უწევდა ალე ხმას, თან მის გვერდით გაწოლილ გერმანულ ნაზაგს თავზე ხელს უსვამდა, რომელიც მთელი ყურადღებით აკვირდებოდა კახის თითოეულ მოძრაობას და ხმის ტემბრსაც, რომ საშიშროების შემთხვევაში პატრონის მწყენინებელს ელვის უსწრაფესად თავს დასხმოდა.
წაიკითხეთ ასევე: კოცნის საფასური - თავი 7
- სამწუხაროდ, ბევრი რამ შეიცვალა. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. რატომღაც, მეც გამიჩნდა რაღაც ჩემი, პირადი. ბოლოს და ბოლოს, წლებია თქვენ გემსახურებით და მგონი, დავიმსახურე, საკუთარ თავსაც მივხედო.
- კახა! ცეცხლს ნუ ეთამაშები! გაიგეეე?! შენ მაგივრად მთელი ღამე სმენაზე ვიყავი გაჭიმული და მაგათ საყვედურებს ვისმენდი. არ გესმის, რომ ბოდიშის მოსახდელად გამიხადე საქმე? სანამ უნდა დაგიცვა? როდემდე გადაგარჩინო? მორჩა, კიდევ ერთი ასეთი შეცდომა და ჩემი იმედი ნუ გექნება! ის ამბავი იყო და, სრულიად უდანაშაულო ბავშვი შეიწირე. კარგი, ბატონო, გაპატიეთ. ახლა უარესი გააკეთე. ხვალ კიდევ რას იზამ, კაცმა არ იცის! ვერ ხვდები, რა შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს? ბრძანება მქონდა წუხელ, თავიდან მომეშორებინე. ძლივს გადავაფიქრებინე!
- ალე, ის ბავშვი სრულიად შემთხვევით მოხვდა მაშინ იმ სიტუაციაში. ობიექტი სახლიდან გამოვიდა, ველოდებოდი. ის იყო გავისროლე, რომ ზუსტად მაგ დროს გამოვარდა ბიჭი სადარბაზოდან და მამამისს ჩაეხუტა. მის თავში გავლილმა ტყვიამ მაკარაძეს მკერდი შეუნგრია, საკონტროლო გასროლაც ვერ მოვასწარი. გგონია, მე არ შემაწუხა უდანაშაულო მოზარდის დაღუპვამ? მაგიტომ დავთვერი იმ ღამეს და მერე კინაღამ მანქანამ გამიტანა. რომ არა მაია…
- ის ქალი საერთოდ არ მიხსენო, თუ კაცი ხარ! ქალები გღუპავენ თქვენ! ქალს შეეწირა ხუტაც. რით ვერ შეიგნეთ, რომ თქვენს მდგომარეობაში მყოფმა მებრძოლმა ქალი და სიყვარული ახლოს არ უნდა გაიკაროს?!
- ალე, საქმიდან გასვლა მინდა. დამეხმარე ამაში და სამარემდე შენი მადლობელი ვიქნები.
მეთაურმა გაოცების ნიშნად წარბები აჭიმა და ისე შეაჩერდა თანამებრძოლს, თითქოს პირველად ხედავდა.
- რა თქვი? შენ ახლა სერიოზულად მითხარი ეგ თუ გამეხუმრე?
- სრულიად სერიოზულად. არ მინდა ამ ყველაფრის გაგრძელება, ძლივს სიმშვიდე ვიპოვე, ძლივს სიცოცხლის გაგრძელების სურვილი გამიჩნდა. დაუშვით გამონაკლისი და გამიშვით ჩემს გზაზე.
ალე წამოდგა. ნაგაზიც უმალ ოთხ ფეხზე დადგა და ენა გადმოაგდო. ზურგზე ბალანი აეშალა. მეთაურმა კვლავ გადაუსვა თავზე ხელი, აქაოდა, ყველაფერი რიგზეაო.
- სიდეტ! - ბრძანება გასცა.
ძაღლი უკანა ფეხებზე ჩაჯდა.
ალემ დოინჯი შემოიყარა და თავი დახარა. რამდენიმე წუთის განმავლობაში იატაკს დასჩერებოდა, თითქოს გადაწყვეტილებას იღებსო, მერე სწრაფად ასწია თავი და კბილებში გამოსცრა:
- დაივიწყე ეგ! იცოდე, აქედან ცოცხალი ვერ გააღწევ! შენ დავალებული ხარ ჩვენგან. იცი, რაც მოგივა, თუ ბოლომდე ჯგუფში არ დარჩები. შენს კომპრომატებს სულ ცხვირწინ აგიფრიალებენ! ხომ არ დაგავიწყდა, რაც გაქვს მიქარული? რამ შეგცვალა ასე? ცხოვრებაზე ყველა თქვენგანს ხელი ჰქონდა ჩაქნეული, სიცოცხლე არ გინდოდათ, ყველაფერზე თანახმა იყავით, ოღონდ ჩვენთან მოხვედრილიყავით. მოხვდით და ახლა გარბიხართ? ვინ მოგცემს მაგის უფლებას! ჯერ ნახევარი საქმე არ გაგიკეთებია, კაპიტანო! ვალი უნდა გაისტუმრო, საქმიდან რომ გახვიდე! თუ ბრძანებას გვერდს აუვლი, ჩაგცხრილავენ და მორჩა. გინდა ეს?
კახიმ ამოიხვნეშა. ჩვეულებისამებრ, ცხვირზე გაისვა ხელი აღელვებულმა და თავი გააქნია.
- საქმე ისაა, ალე, რომ ძველებურად ვეღარ ვმუშაობ. ის ინსტინქტები აღარ მაქვს, რამდენიმე წლის წინ რომ მქონდა. ცოტა ავირიე, აჭრილ რძეს დავემსგავსე.
- ვიცი მე, ეს რისი ბრალიცაა, უფრო სწორად, ვისი! შეეშვი მაგ ქალს! გა-ე-შვი, მე შენ გეუბნები! ეგ არის ყველაფრის თავი და ბოლო.
- მაგ ქალმა მე სიკვდილს გადამარჩინა.
- მხოლოდ ამიტომ ხარ მასთან? - შეუვალი იყო უფროსი.
- არა, მხოლოდ ამიტომ არა. გარდა ამისა, მიყვარს ის ქალი და მის გვერდით ადამიანად ვგრძნობ თავს და არა მკვლელად.
- მკვლელად, - ჩაიცინა ალემ და ისევ დაჯდა, - სულ მკვლელი არ იყავი? ერთ ომში, მეორეში, მესამეში. შენიანებსაც კი კლავდი, როცა გიბრძანებდნენ. კი იცი შენ, საიდანაც მოდიოდა ეგ ბრძანებები!.. მოკლედ, არ მომწონხარ ბოლო დროს. საერთოდ არ მომწონხარ და თუ ასე გააგრძელებ, ბოლოს მოგიღებენ შენც და მეც. ყველაფერს გაგიხსენებენ, მაგ ბავშვის მოკვლასაც. ყველა მკვლელობას შენ შეგტენიან, ხომ იცი? იმათ ვერაფერს უზამ, შენ კი, რასაც მოინდომებენ, იმას დაგაბრალებენ! და მეც ზედ მიმაყოლებენ! შენი თავი თუ არ გეცოდება, მე მაინც შემიცოდე. ჩემგან რა გინდა? მე რა დაგიშავე? ჩემი რეკომენდაციით მოხვდი “საძმოში”, მართლა ძმასავით მიგიღეს, კარგ ფულს გიხდიან. მკვლელიო! დიდი ამბავი, ვიღაცას თუ კლავ! რა, პირველია? მოსაკლავი უნდა მოკლა, აბა რა! უსამართლოდ ვინმე გაგისაღებია? არავინ. ესეც კარგად იცი. ბრმად დავალებაზე არასდროს წასულხარ! ერთადერთი ხარ, ვისაც ფსიქოლოგიური პრობლემა არასდროს ჰქონია, მაგრამ ახლა შენც ურევ. ამას არ გაპატიებენ, დამიჯერე! ამის დედაც ვატირე, შეუშვი ყურში, რასაც გეუბნები! არ მინდა გაიწირო! შენღა დამრჩი ჩვენი ბიჭებიდან, შენ და ვაჟა! შემარგეთ, რა! - ალემ მარცხენა ხელი შუბლზე მიიდო და სახე დაიფარა, მარჯვენით კი ძაღლის კისერს ეფერებოდა.
ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ ენაგადმოგდებული ნაგაზის ხმამაღალი სუნთქვის ხმა ისმოდა ოთახში.
- თავისუფალი ვარ?
ალემ თავი ასწია და თავზე წამომდგარ თანამებრძოლს ახედა.
- ჯერჯერობით. სავარაუდოდ, ორ-სამ დღეში დამჭირდები და თბილისიდან ფეხი არ გაადგა.
- სად მომიწევს წასვლა?
- ამჯერად არსად, აქ, თბილისშია ერთი საქმე.
- აქ? მაგრამ თბილისის საქმეებს ხომ არტური აგვარებს.
- ჰოდა, ახლა როლებს გაცვლით. შენ აქ შეასრულებ დავალებას, არტური კი ერევანში გადავა.
- ალე, ერთადერთხელ გავაკეთე საქმე თბილისში და მაშინაც ბავშვი შევიწირე. ის არტურის დავალება იყო, სხვათა შორის.
- ვიცი, მესმის, მაგრამ არტურმა რატომ ვერ შეძლო, იმედია გახსოვს. ახლა სხვა სიტუაციაა. სხვანაირად უნდა მოგვარდეს საქმე. ის ერევანს უკეთ იცნობს, ობიექტსაც. შენ თბილისს იცნობ უკეთესად.
- და ობიექტსაც?
- არა, ობიექტს მე გაგაცნობ. მთავარი სხვა რამეა. ორივე საქმე ერთდროულად უნდა მოხდეს, ერთ დღეს, ერთსა და იმავე დროს.
- კი მაგრამ, ეგ როგორ უნდა მოვახერხოთ? გამორიცხულია! - შორს დაიჭირა კახიმ.
- მოხერხდება. შეიძლება მთლად წუთები და წამები არ დაემთხვეს, მაგრამ პლუს-მინუს ერთი-ორი საათი არაფერს გადაწყვეტს. ამაზე მეტს ახლა ვერაფერს გეტყვი. დირექტივებს როცა მივიღებ, გაცნობებ. წადი, დაისვენე, კარგად დაფიქრდი, აწონ-დაწონე შენი მდგომარეობა და აზრზე მოდი! სასტუმროში დაბრუნდი, მაგ ქალთან არ მიხვიდე!
- არა, ალე! სასტუმროში არ დავბრუნდები. აქედან პირდაპირ მაიასთან მივდივარ. არ მაინტერესებს, შენ და სხვებს მოგწონთ თუ არა ეს ამბავი, მაგრამ ეს ერთადერთია, რასაც არ დაგიჯერებთ. ცოტა ხნით მაინც მომეცით ნება, საკუთარი ცხოვრებით დავტკბე და ცოტა რაღაც მაინც შევირგო.
- ა! შეაყარე კედელს ცერცვიო, შენზეა ნათქვამი! - გაშალა ხელები ალემ, - მე რას ვეუბნები და ეს რა პასუხს მიბრუნებს. ცუდად დაამთავრებ, იცოდე. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა, ცუდად და-ამ-თავ-რეეებ! - თითის ქნევით დაუმარცვლა ბოლო სიტყვა.
კახიმ ჩაიცინა, მეთაურს თავი დაუქნია დამშვიდობების ნიშნად და გავიდა.
გაგრძელება იქნება