შაბათ დილით მაიას ადრე გაეღვიძა, ძალიან ადრე. ჯერ წესიერად არც გათენებულიყო. ფრთხილად მოსცილდა მასზე მიტმასნილ კახის, რომელსაც აშკარად ღრმა ძილით ეძინა და ნელი მოძრაობით ადგა. მამაკაცმა გვერდი იცვალა. მაიკო ერთხანს გაუნძრევლად იდგა, მერე კი ფეხის წვერებზე გაიარა ოთახი და გავიდა. კარი ფრთხილად გამოხურა.
როცა სააბაზანოში საქმე მოითავა, სამზარეულოს მიაშურა. საუზმეზე უნდა ეზრუნა. კარტოფილის შეწვა გადაწყვიტა. რახანია შემწვარი კარტოფილი არ უჭამიათ. თანაც, წინა დღეს აზამ თავისი მოდუღებული საწებელი შემოუტანა და რომ გასინჯა, ძალზე ეგემრიელა. კვერცხიც ხომ არ მოეხარშა? არა, უმჯობესია, შემწვარ კარტოფილს ზედ დაახალოს. ეს კიდევ უფრო გააგემრიელებს კერძს.
ხალათის მკლავები აიკაპიწა და საქმეს შეუდგა. ცოტა ხანიც და ჰაერში სასიამოვნო სურნელი დატრიალდა, კარაქსა და ზეთში შემწვარი კარტოფილის სურნელი. ასე უყვარდა მაიას, კარაქსაც იყენებდა შეწვისას და ზეთსაც.
კარტოფილი თითქმის მზად იყო, როცა სამზარეულოში კახი შემოვიდა.
- რა ადრე ამდგარხარ, - თქვა და ქალს ზურგიდან ჩაეხუტა.
მაიამ თავი უკან გადააგდო და მის მხარს დააყრდნო.
- გვიან როდის ავმდგარვარ?
- მაგრამ დღეს ხომ შაბათია.
- მერე რა? შაბათს ჭამა არ გვინდა? - გაიღიმა, კახისკენ შეტრიალდა და თითები შიშველ მკერდზე აუსრიალა.
- დღეს სად წავიდეთ? - ჩურჩულით შეეკითხა მამაკაცს.
- დღეეს? - ისე გაიმეორა შეკითხვა კახიმ, თითქოს პასუხის მოსაფიქრებლად დროს წელავსო.
მაიკო გამომცდელად მიაჩერდა. “არ აპირებს დღეს ჩემთან დარჩენას”, - გაიფიქრა და ოდნავ უკან დახეულმა მამაკაცს ვერაგი მზერა ესროლა.
- ახლა არ მითხრა, რომ დღესაც არ გცალია, თორემ გავგიჟდები, იცოდე! - პასუხის გაცემამდე გააფრთხილა.
კახი დუმდა.
- ისევ ალესთან აპირებ გასვლას, არა?
მამაკაცმა უკმაყოფილო სახით შეხედა:
- რას ჩაიხვიე ეს ალე? სხვა საქმე არაფერი გაქვს?! - გაღიზიანებით წარმოთქვა და სამზარეულო აჩქარებული ნაბიჯით დატოვა.
მაია სახტად დარჩა. რა ეტაკა? ასეთი რა თქვა? გაზქურა გამორთო და ტაფას სახურავი დააფარა…
მამაკაცს საძინებელში მიაგნო, იცვამდა. ამის დანახვამ აანერვიულა. კახი წასასვლელად ემზადებოდა. აღელვებულმა ქალმა ნერწყვი გადააგორა და ხმადაბლა იკითხა:
- არ ისაუზმებ?
ასევე დაგაინტერესებთ: ანა - თავი 5
- არ მშია, - უკმეხად ჩაილაპარაკა კახიმ, ზედაც არ შეხედა ქალს.
მაია გამობრუნდა და კარი მთელი ძალით მოიჯახუნა. ისევ სამზარეულოში გავიდა და მაგიდას მიუჯდა. სასოწარკვეთილმა თავი ხელებში ჩარგო. ელოდებოდა, კარის გაღება-დაკეტვის ხმას როდის გაიგონებდა.
მოულოდნელად მამაკაცი სამზარეულოში შემოვიდა, მის პირდაპირ დაჯდა და თითები მაგიდაზე ააცეკვა. ზუსტად იმ რიტმში აკაკუნებდა, რა რიტმითაც მაიას გული ძგერდა, თითქოს მისი გულისცემა ესმოდა.
- რატომ ვჩხუბობთ მე და შენ ბოლო დროს, მაკო, ჰა? - ყრუდ იკითხა და თითები გააჩერა.
- რას ეძახი ჩხუბს, გააჩნია, - ქალმა ირონიულად გახედა.
- იმას, რაც ჩვენ შორის ხდება.
- და რა ხდება ჩვენ შორის? ასეთი რა გითხარი? თუ იმის უფლებაც არ მაქვს, გკითხო, დილაუთენია საით გაგიწევია-მეთქი?
კახიმ მაჯის საათზე დაიხედა.
- უკვე ცხრა საათია, სხვათა შორის.
- ჰო, ცხრა საათს დილაუთენია ნამდვილად არ ეთქმის.
- წავედი! - ამოიხვნეშა კახამ და კი არ წამოდგა, წამოხტა.
- იმედია, მობრუნდები! - დააწია ქალმა და ამჯერად თვითონ აათამაშა აკანკალებული თითები მაგიდაზე, ოღონდ ყოველგვარი რიტმის გარეშე, ისე, უაზროდ…
კახიმ გაღვიძებისთანავე გადაწყვიტა ალესთან გასვლა. არ უნდოდა მეთაურს დაერეკა. მაიას ისედაც ეჭვები ღრღნიდა და მისი ზარი ქალზე უარესად იმოქმედებდა. თუმცა სახლიდან გასვლით სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. არადა, შეპირებული იყო, შაბათ-კვირას ერთად გავატარებთო. პირობა ვერ შეუსრულა. მისთვის სრულიად მიუღებელი დავალება უნდა შეესრულებინა, ქალი უნდა მოეკლა. ასეთ საქმეს მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება გაურბოდა. ომშიც კი. ბავშვებსა და ქალებს ყოველთვის ინდობდა. ეს ყველამ იცოდა. ამათაც იცოდნენ, მაგრამ ამ დავალებაზე არ გაითვალისწინეს. იქნებ სპეციალურად მოაწყვეს ისე, რომ ეს ქალი კახას მოეკლა? რატომ? რა გამოცდას უწყობენ? იმ ბიჭების გამო?
ალე მის გამოჩენას არ ელოდა. გაოცებული მიაჩერდა. გერმანულმა ნაგაზმაც წამოყო თავი და დაუპატიჟებელ სტუმარს დრუნჩი მიაშვირა.
- რამე მოხდა?
- არაფერი. უბრალოდ, აქეთ ვიყავი და გამოვიარე. ვიცი, რომ უნდა დაგერეკა, მაგრამ ბარემ მოვედი.
- ინსტრუქცია ჯერ არ მიმიღია. ყოველ წუთს ველოდები.
- არა უშავს, დაველოდები.
ალეს სახეზე ეჭვი გაკრთა.
- რაღაცას მალავ.
- არა, რას ვმალავ. მსგავსი არაფერი.
- მითხარი, რა ხდება.
- ვაა, არაფერი, ალე, რა უნდა ხდებოდეს?
- მაშინ წადი და ჩემს ზარს დაელოდე.
კახას სახეზე უკმაყოფილების ჩრდილმა გადაურბინა.
- აქ რომ დავრჩე, არა? ხმას არ ამოვიღებ, ჩემთვის ვიჯდები.
ასევე დაგაინტერესებთ: დებიუტი - თავი 4
ალემ შუბლი შეიკრა.
- შენ რა, ხომ არ გამოგაგდო იმ ქალმა?
მამაკაცმა ჩაიცინა.
- ჯერ არა.
- ისე, დიდი შანსია, არა?
კახამ თავი დააკანტურა.
- ისე, შენით რომ დაახვიო იქიდან, აჯობებს. კარგს არაფერს მოგიტანს ეგ ურთიერთობა, ვიცი მე.
მამაკაცმა არ უპასუხა.
ამ დროს ალეს მობილურმა დარეკა. მეთაურმა მაშინვე ყურთან მიიტანა ტელეფონი. ყურადღებით უსმენდა, შიგადაშიგ “აჰა”-ს იტყოდა ან თავს დააქნევდა.
როცა საუბარს მორჩა, ტელეფონი მაგიდაზე დადო, ნაგაზს თავზე ხელი გადაუსვა და კახის მიაჩერდა:
- ორშაბათს.
- რა ორშაბათს?
- ორშაბათამდე გადაიდო შენი დავალება.
- რატომ?
- იმიტომ, რომ იმ ქალმა ერევანში წასვლა გადაიფიქრა. უკან ბრუნდება, რუსეთში. ასე რომ, სანამ აეროპორტამდე მიაღწევს, საქმე უნდა მოაყომარო.
- ანუ გზაში?
- ჰო.
- მირთულებთ დავალებას. - გაბრაზდა კახა.
- შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
- იცი, რა შეგრძნება მრჩება? რომ ჩემი თავიდან მოშორება გინდათ. დღისით მაგზავნით კაცის მოსაკლავად. კაცის კი არა, ქალის, რაც არასდროს გამიკეთებია. თან იმხელა მოძრაობაა აეროპორტის გზაზე, რომ ადვილად დავიწვები. იქიდან სად უნდა გავძვრე?
- ნუ მიერეკები შენებურად! შენი თავიდან მოშორება არავის უნდა. არავის აწყობს ეგ, საუკეთესო შემსრულებელი ხარ! ყველაფერი გათვლილია, ინსტრუქცია ამწუთას მივიღე. იმ ადგილამდე უნდა მოათავო საქმე, სადაც ვარკეთილის გადასახვევია და უცებ იქით გადაუხვევ. იქ კი, წრეზე, სანამ გვირაბში გახვალ, თეთრი რაფი დაგხვდება და იმაში გადაჯდები. ის უკან გამოტრიალდება, ცენტრისკენ. ისნის მეტროსთან ჩამოგსვამს, სადაც “ტოიოტას” თეთრი ტაქსი დაგელოდება. მძღოლი ზუსტად იმ ადგილას გაგიჩერებს. და გზას იმ ტაქსით გააგრძელებ.
- ანუ მე უნდა დავჯდე საჭესთან?
- რა, ტარება დაგავიწყდა? - თვალები მოწკურა ალემ, თან ნაგაზს თითებით ბეწვს უვარცხნიდა.
- არა, რატომ…
- ასე უფრო უსაფრთხოდ იქნები. არავის მოუვა თავში აზრად, ტაქსის მძღოლი მკვლელად ჩათვალოს.
- რომელ საათზე ხდება ეს ყველაფერი?
- დილით იანკო გამოგივლის მანქანით, ცხრა საათზე.
- იანკო? მძღოლი იანკო იქნება? აკი დავალებაზეაო?
- უკვე მოითავა და ჩამოვიდა. რატომ მაწყვეტინებ? - შუბლი შეიჭმუხნა მეთაურმა, - სხვა დეტალებს ის აგიხსნის: რა მანქანით იქნება ის ქალი, რა მანძილიდან და რა დროს აჯობებს გასროლა. პროხოროვა უკანა სალონში იქნება, მარტო. იმის მძღოლს არ შეეხო! ეს ბრძანებაა! ახლა კი წადი. ეს ორი ღამე სასტუმროში უნდა გაათენო. იანკო იქ გამოგივლის და არავითარი შეწინააღმდეგება! - ხელის აწევით შეაჩერა მამაკაცმა კახა, რომელმაც რაღაცის თქმა დააპირა, - დაივიწყე ის ქალი! ორი დღით მაინც! ახლა მხოლოდ საქმეზე უნდა კონცენტრირდე, გასაგებია?
- გასაგებია! - უხალისოდ მიუგო კახამ და წამოდგა.
- როცა ყველაფერი მორჩება, გამაგებინე.
- არის, გაგაგებინო!
მეტი სალაპარაკო აღარ ჰქონდათ. კახი მეთაურს დაემშვიდობა და იქაურობა დატოვა.
მაიასთან მიბრუნებას ისედაც არ აპირებდა. ისე უხასიათოდ იყო, დანა პირს არ უხსნიდა. პირველი შემთხვევა იყო, როცა გული ეთანაღრებოდა, თითქოს რაღაც უკან ექაჩებოდა. ალბათ იმიტომ, რომ ობიექტი ქალი იყო და არა კაცი.
სასტუმროს მიაშურა. ნომერში ასულმა სამალავიდან იარაღის ყუთი გამოიღო. საქმე ამჯერადაც პისტოლეტით უნდა შეესრულებინა. როგორც ჩანს, მძღოლი ამათი კაცია, რადგან ის არ უნდა მიაყოლოს. მთავარი ისაა, ხელი არ აუკანკალდეს. ქალის მოკვლა უჩვეულოა მისთვის. ეს პირველი შემთხვევაა. როგორმე უნდა მოაბას თავი, თორემ გაწირავენ. არა, სიკვდილის არ ეშინია, უბრალოდ, არ უნდა, რომ მოკვდეს. ახლა ისე სწყურია სიცოცხლე, როგორც არასდროს!
იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის.
***
მაიკო შიშმა აიტანა, როცა კახი არც შაბათ ღამეს გამოჩნდა და არც კვირას. საბოლოოდ დაასკვნა, მიმატოვაო. თუმცა ვერაფრით ვერ მიხვდა, ასე ძალიან რა აწყენინა. თითქოს ისეთი არაფერი უთქვამს, რაც მას გაამწარებდა. იქნებ ეს მხოლოდ მიზეზი იყო და მისი მიტოვება დაგეგმილიც ჰქონდა? “რას გაიგებ”, - გაიფიქრა დანაღვლიანებულმა და ცრემლიანი თვალები ამოიბანა. მაინც ვერ იჯერებდა, რომ კახის მისგან წასვლა შეეძლო, მისი მიტოვება. შეიძლება ჯერ გაბრაზებულია და რომ გადაუვლის, დაბრუნდება. ალბათ სასტუმროში ათენებს. ნეტავ რამდენი დღე არ გამოჩნდება? ის მაინც იცოდეს, რომელ სასტუმროშია. თუმცა რომც იცოდეს, მაია იქ მიმსვლელი მაინც არ არის. თავს ასე არ დაიმცირებს, მით უფრო, რომ არაფერი დაუშავებია. თუ კახის რამე ეწყინა, ეს მისი პრობლემაა და არა მაიასი. სრულიად უმიზეზოდ აუხირდა, საუზმეზეც კი უკრა ხელი!
არაა გამორიცხული, ისევ მივლინებაში გაგზავნა იმ საზიზღარმა ალემ და ამის თქმა გაუჭირდა. დაუმალა, რომ მაიას ისევ არ სტკენოდა გული. ეს უფრო რეალურია. ჰო, ასე იქნება. რაც იმას ნიშნავს, რომ სულ ცოტა, ერთი კვირით დაიკარგება. მერე ისევ გამოჩნდება და ეტყვის, უშენოდ ვერ გავძელი და დავბრუნდიო.
ვნახოთ!
***
ცხრა საათზე კახა უკვე გარეთ იყო. იანკო მოსულიყო და უცდიდა. ჩაჯდომისთანავე მიესალმა. ბიჭმა თავი დაუქნია. მთლად ახალგაზრდა იყო იანკო, მხოლოდ ოცდაექვსი წლის, თბილისში დაბადებული და მასავით ბავშვთა სახლში გაზრდილი. კახის მერე ჩაერთო საქმეში, მაგრამ უკვე პროფესიონალ ქილერად მიიჩნეოდა. ყოველთვის ცივი გონებით მოქმედებდა, აუღელვებლად და უემოციოდ. ყველა დავალებას პროფესიონალის დონეზე ართმევდა თავს. კახას ის უკვირდა, თუ იანკო თბილისში იყო, რაღა მას დაავალეს მარია პროხოროვას გასაღება? ეს ვერაფრით აეხსნა. იანკომ საქმე შეასრულა და დაბრუნდაო. ანუ ზედიზედ მეორე საქმეს ვერ დავავალებთო, ეს იგულისხმა ალემ.
უცნაური ის იყო, რომ ორნი ერთ საქმეზე არასდროს გასულან. თითოეული ცალკე, დამოუკიდებლად მუშაობდა. ახლა ყველაფერი სხვანაირად ხდებოდა. ეს დამაფიქრებელი იყო, მაგრამ იანკოსთან ამაზე ვერ ილაპარაკებდა. ეჭვები არ უნდა გამოეთქვა. თავი ისე უნდა დაეჭირა, თითქოს არაფერი უკვირდა და ყველაფერი რიგზე იყო.
ავლაბრის მეტროსთან ისე მივიდნენ, ერთმანეთს არ დალაპარაკებიან.
- აქ დაველოდებით, სანამ გამოივლიან.
- ზუსტად იცი, რომ ამ გზით წამოვლენ?
- კი, ყველაფერი გათვლილია, - ცივად უპასუხა იანკომ.
“ესე იგი, არ შევმცდარვარ. მძღოლი ამათი კაცია”, - გაიფიქრა კახამ და იანკოს კეფას შეხედა. უკანა სალონში იჯდა, იანკოს მხარეს. კაპიუშონი თავზე წამოიცვა და ქურთუკის ჯიბეში იარაღი მოსინჯა. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა.
- ახლა იქითა ფანჯარასთან გადაჯექი, - ალაპარაკდა ახალგაზრდა ქილერი და კახიმაც მაშინვე შეასრულა მისი ინსტრუქცია, - და აი, ეს პირბადე გაიკეთე, - და ბიჭმა კახის შავი პირბადე მიაწოდა, - როცა სროლის დრო დადგება, გეტყვი. ვარკეთილისკენ გადახვევა უნდა მოვასწროთ. სროლის ხმა რადგან არ იქნება, უცებ ვერავინ მიხვდება, რა მოხდა. სანამ ვინმე რამეს გაიაზრებს, ჩვენ უკვე სამშვიდობოს გავალთ. იმ ადგილას ვიდეოკამერები არ არის. ასე რომ, საგანგაშო არაფერია.
ამ დროს იანკოს მობილურმა დაიწრიპინა. მესიჯის ხმა იყო. ბიჭმა ტელეფონს დახედა. წაიკითხა და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია. მერე თავი კახასკენ მოაბრუნა:
- სიტუაცია ცოტა გართულდა. პროხოროვა მარტო არ არის, გამცილებელი მოჰყვება.
- ანუ ისიც…
- ის გვერდით უზის. შეიძლება ვერც შეგვამჩნიოს. თან პირბადეებით ვიქნებით. არა მგონია, აზრზე მოსვლა მოასწროს. შიში ოხერი რამეა. მაგრამ თუ საჭიროებამ მოითხოვა, მისი გასუხარებაც მოგვიწევს. ისიც ქალია.
კახას ლამის უმტყუნა გულმა. კიდევ ერთი ქალი. რატომ გაწირეს ასე? რისთვის უხდიან სამაგიეროს, მაიას ყოფილი კაცების მოკვლის გამო? ალბათ. ეს ხომ ალემაც უთხრა, ამით შენს თვითნებობას გაპატიებენო.
ლოდინმა დიდხანს არ მოუწიათ.
- მოდიან! - თქვა იანკომ, რომელიც საქარე მინას თვალს არ აშორებდა, - მოემზადე!
კახას სხეული დაეჭიმა. იარაღი ამოიღო და მუხლებზე დაიდო. მთელი ძალით მოუჭირა ტყავისხელთათმნიანი თითები, თუმცა არ ნერვიულობდა. მთავარი იყო, ქალის თუ ქალების გამო ხელი არ გაცუდებოდა.
თეთრმა მინებდაუბურავმა ჯიპმა მათ მანქანას ჩაუქროლა. სასაზღვრო პოლიციის მანქანა იყო, რამაც გააკვირვა. ამიტომ თვალის შევლებაც ვერ მოასწრო. რატომ საელჩოს მანქანით არ გააცილეს? ვითომ კონსპირაციის მიზნით? რადგან რუსეთის დუმის დეპუტატია, თავი დაიზღვიეს?
- წავედით! - მოკლედ მოჭრა იანკომ და ჯიპს უკან მიჰყვა.
თავდაპირველად მანძილს ოსტატურად ინარჩუნებდა. არც ძალიან ჩამორჩებოდა და არც გასწრებას ლამობდა. როგორც კი ზემოთ აუხვიეს და აეროპორტის გზას დაადგნენ, იანკომ კიდევ ერთხელ გაიმეორა:
- მოემზადე!
კახი მოემზადა. იარაღი გადატენა და ოდნავ გვერდზე გაიწია, რომ დამიზნება უკეთ შესძლებოდა. რამდენიმე წუთი და ბოშამ სიჩქარეს უმატა, ჯიპისთვის უნდა გადაესწრო. კახამ პისტოლეტი შემართა და მინა ჩასწია. ობიექტის მანქანისკენ გაიხედა.
გაიხედა და უეცრად თვალთ დაუბნელდა. პროხოროვას გვერდით მაია იჯდა, მისი მაკო! რა სროლა, რის სროლა! თითი ვერ გაანძრია. პისტოლეტიანი ხელი ჰაერში გაუშეშდა. დეპუტატი უკანა სალონის ზურგს მიჰყრდნობოდა, მაია კი ოდნავ გვერდულად, მარიასკენ შებრუნებულიყო და რაღაცას ჰყვებოდა. უბედურება ის იყო, რომ მოულოდნელად მაიკომ კახის შეხედა. მათი მზერა სულ რაღაც წამებში შეეფეთა ერთმანეთს. მამაკაცმა სწრაფად დაუშვა იარაღი, რათა ქალს არ შეემჩნია.
უეცრად მანქანა დამუხრუჭდა და კახი წინ გადაქანდა. მერე ყველაფერი ელვის უსწრაფესად მოხდა. ერთადერთი, რასაც კახიმ თვალი ჰკიდა, იანკოს ხელში გაელვებული პისტოლეტი იყო… კიდევ რამდენიმე წამი და ბოშამ მანქანა მთელი სისწრაფით გააქანა, ათიოდე მეტრში კი მარჯვნივ ჩაუხვია.
გაოგნებულმა კახიმ თვალები დახუჭა…
გაგრძელება იქნება