- რა ზუსტად გავთვალე! რა ზუსტად! - ყვიროდა ალე და გაცოფებული უტრიალებდა ხელებს მის წინ მდგარ თავდახრილ კახას. მოშორებით სრულიად მშვიდი იანკო იდგა. ცალ ხელში ტყავის ხელთათმანები ეჭირა, მეორეში - პირბადე, - მაგიტომაც გაგაყოლე ეს ბიჭი, რომ თუ დავალებას ჩააფლავებდი, ამას გადაერჩინე! რა მოგდის, კაპიტანო, ბოლო დროს, რა გემართება? გადაგრია იმ ქალმა, არა? მე თვითონ მოგაშორებ მაგას თავიდან! აგერ ნახე, შენ რას გიზამ! - არ ცხრებოდა მეთაური.
ამის გაგონებაზე კახიმ თავი ასწია და მტრულად შეაჩერდა ალეს.
- რას მიყურებ, რას! არ მოგეწონა, ხომ? შენი უბედურების თავი და ბოლო ის ქალი რომაა, ვერ ხვდები?!
- მე მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს. თუ იანკოს დავალების შესრულება შეეძლო, მე რატომ გამგზავნე? ხომ იცოდი, რომ ქალის მოკვლა გამიჭირდებოდა?
ალე ამ შეკითხვას არ მოელოდა. წამით გახევდა, თითქოს დაიბნა, მერე კი ისევ გაცხარებით გააგრძელა:
- მე არ მიმიღია ეგ გადაწყვეტილება და კარგად იცი ეს შენ! იქ გადაწყვიტეს, იქ! - საჩვენებელი თითი მაღლა აიშვირა, - მათთან ხუმრობა არ გაგივა, კაპიტანო! გითხარი კიდევაც, ეს შენთვის ერთგვარი გამოცდაა, რაც მათ მოგიწყვეს და ამ დავალებით გაპატიებენ იმ კაცების მკვლელობას-მეთქი. რა გამოვიდა? უარესი! კიდევ ერთხელ ჩაფლავდი! იანკო რომ არა, იცი, ახლა სად იქნებოდი? ვირის აბანოში!
კახიმ კვლავ ჩაქინდრა თავი. ხვდებოდა, განა ვერ ხვდებოდა, რომ ჩაფლავდა. რომ მისი შესასრულებელი საქმე იანკომ შეასრულა. მაგრამ განა იმიტომ ვერ ესროლა, რომ დეპუტატი ქალი იყო? ბოლოს და ბოლოს, სხვა თუ არაფერი, რუსი უნდა გაეგორებინა და ამას უდიდესი სიამოვნებით გააკეთებდა, მაგრამ მის გვერდით ხომ მაკო იჯდა? აი, სწორედ ამან დააბნია. ამის გამო ვერ შეძლო გასროლა. ამას ვერ იტყოდა. მაიას ვერ გასცემდა. დაე, ეგონოს მეთაურს და იმ სხვებსაც, რომ ხელი გაუცუდდა, რომ ქალის მოკვლა ვერ შეძლო.
კიდევ კარგი, იანკომ მაკოც არ მიაყოლა იმ პროხოროვას. მართლა კარგი ბიჭია. აი, თუ არ არის პროფესიონალი. მასავით ხელი კი არ აჰკანკალებია! დაამუხრუჭა მანქანა, დაელოდა, სანამ ჯიპის უკანა სალონს გაუსწორდებოდა და ერთი გასროლით მიაწვინა მარია. მაიას არაფერი დამართნია, დიდი-დიდი, მოკლულის სისხლი შესხმოდა.
როგორ შეეშინდა კახის. ახლაც უთრთოდა სხეული. ეს შიში კი მხოლოდ მაკოს სიცოცხლეს უკავშირდებოდა. ისიც რომ მიეყოლებინა იანკოს, კახი მას არ დაინდობდა. ვითომ? მართლა მზად იყო მის მოსაკლავად? კაცმა არ იცის. მართლა არ იცის, ამ შემთხვევაში როგორ მოიქცეოდა. აღარც უნდა ამაზე ფიქრი. მთავარი ის არის, რომ მაკო უვნებლად გადარჩა. მისი მოკვლა აღარ გახდა საჭირო. სავარაუდოდ, ვერც მოასწრებდა იანკო.
რა საშინელი სცენა იყო. კახას ახლაც ჩაესმოდა ყურში მაიას განწირული კივილის ხმა. გაბმულად კიოდა მისი მაკო. მანამ ესმოდა ეს ხმა, სანამ გზიდან არ გადაუხვიეს და ჯიპს საკმარისად არ დაშორდნენ.
მერე ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა. ჩასახვევში რაფი ელოდათ, იმაში გადასხდნენ. ისნის მეტროსთან ცარიელი ტაქსი დახვდათ, მაგრამ საჭესთან კვლავ იანკო დაჯდა, კახას არ დაანება. ალბათ, ეგონა, რომ ის მანქანის მართვას ვერ შეძლებდა.
როგორც კი სამშვიდობოს გავიდნენ, იანკომ სრულიად მშვიდი ხმით აუწყა, გასაკეთებელი გაკეთებულია, მაგრამ…
- მაგრამ ალესთვის სიმართლის თქმა მომიწევს და არ გეწყინოს, აქედანვე გაფრთხილებ! - საშინლად ცივად ჟღერდა იანკოს ხმა.
კახი უსიტყვოდ იჯდა, პასუხს არ სცემდა. მისთვის სულერთი იყო, რას მოიმოქმედებდა იანკო. მისთვის ახლა ყველაფერი სულერთი იყო. მთავარია, არავის გაეგო, რომ ის მეორე ქალი, რომელიც მარია პროხოროვას გვერდით იჯდა, მისი მაკო იყო, მისი განუმეორებელი მაია, ვისთვისაც სიცოცხლეს უყოყმანოდ გაწირავდა.
როცა იანკომ მასთან საუბარი დაასრულა, ალეს დაურეკა და მოახსენა, ობიექტი შემოწმებულიაო. ეს ერთგვარი პაროლი იყო, ასე აგებინებდნენ უფროსობას საქმის წარმატებით დაგვირგვინებას.
მერე კი… მერე იყო, რაც იყო. როცა ალემ იანკოს მონაყოლი მოისმინა, ლამის გააფრინა. დასაბმელი შეიქნა. იანკოს ეგონა, ხელითაც შეეხებოდა მეთაური კაპიტანს, მაგრამ არა, მხოლოდ ყვირილით დაკმაყოფილდა.
- აქამდე როგორღაც ვახერხებდი შენ დაცვას. ახლა უკვე ხელს არ გავანძრევ. შენს უსაქციელობას მეც ვერ გადავყვები. თვითონ აგე პასუხი საკუთარ ქმედებაზე. მორჩა! მე დავამთავრე!
ჰო, ალემ დაამთავრა, მაგრამ ისინი სწორედ მისი დამთავრებულიდან დაიწყებენ. საინტერესოა, როგორ დასჯიან, ამჯერად რას მოიფიქრებენ. არა, მოსაკლავად ალბათ ვერ გაიმეტებენ, იმიტომ, რომ კახისნაირი პროფესიონალი მათ არ ჰყავთ. ის კიდევ დასჭირდებათ სხვა საქმეებისთვის, ისეთი საქმეებისთვის, სხვები რომ ვერ მოაბამენ თავს, კახა ხომ იარაღს ორივე ხელით ერთნაირად ხმარობს. სხვებისგან განსხვავებით, უშორესი მანძილიდან შეუძლია მიზანში მოხვედრა, გაქანებული მანქანიდანაც ზუსტად არტყამს და მოტოციკლეტზე ამხედრებულიც, როცა ცალი ხელით საჭეს მართავს, მეორით კი ისვრის, თან ისე, რომ ტყვიას ტყვიაში სვამს!
რა დროს ამაზე ფიქრია! ახლა ის აწუხებს, მაიას როგორ შეხვდეს. აშკარაა, ქალმა იცნო. პირბადე კი ეკეთა, მაგრამ თვალები? მაკოს მისი თვალების ცნობა არ გაუჭირდებოდა.
როგორმე უნდა გაუქარწყლოს ეჭვები. რაღაც უნდა მოიფიქროს. მოიფიქრებს, არ გაუჭირდება…
კახიმ კიდევ ორი ღამე გაათენა სასტუმროში, თან ფიქრით თავს იმტვრევდა. რა უნდოდა მაიკოს იმ მანქანაში? ის ხომ რუსეთის საელჩოში არ მუშაობს, იქ როგორ მოხვდა? მხოლოდ ამის გაგება სწყუროდა. იცოდა, რომ მაია ხშირად აცილებდა საელჩოს სტუმრებს, მაგრამ პროხოროვას გვერდით თუ დაინახავდა, არ ელოდა.
ორი დღე ადგილს ვერ პოულობდა. წარამარა ბოლთას სცემდა ნომერში და იმ ავად სახსენებელ სიტუაციაზე ფიქრობდა. ბოლო დროს სანერვიულო სანერვიულოზე ემატებოდა. ამ დავალების ჩაფლავებას არავინ აპატიებდა. მაიასთან შეხვედრა ცალკე აშინებდა. იქნებ საერთოდაც არ გაჰკარებოდა ახლოს? საბოლოოდ გაეწყვიტა მასთან კავშირი? ამით ხომ მასაც დაიცავდა? ვაითუ მასაც ხუტასავით მოექცნენ და მაია მოუკლან. ვითომ გაბედავენ? ვერა, ვერ გაბედავენ! კახი ხუტა არ არის, იმედგაცრუება დაეუფლოს და თავი მოიკლას! ის სხვანაირად მოიქცევა. ადგება და აითესება! ყველაფერს მიატოვებს და გაქრება. მათ იციან ეს, კარგად იციან და ამიტომ მაკოს არაფერს დაუშავებენ. სხვა რა შეიძლება მოიმოქმედონ? ოჰ, ეგ აშკარად არ აღელვებს. დასაჯონ, როგორც გაუხარდებათ. ისეთს ვერაფერს მოიფიქრებენ, კახამ გამოცდას ვერ გაუძლოს. წამებასაც კი აიტანს…
ორი დღის მერე სასტუმროდან გავიდა. საღამო ხანი იყო. მაიასთან უნდა გასულიყო. როგორმე უნდა დაერწმუნებინა ქალი, რომ პროხოროვას მკვლელების მანქანაში თვითონ არ იჯდა. აქამდე მშვენივრად ართმევდა თავს ტყუილებს, მაკოს ადვილად აჯერებდა საკუთარ უდანაშაულობაში, ახლაც როგორმე გავა ფონს. მთავარია, მოთმინება არ დაკარგოს და სიმშვიდე შეინარჩუნოს.
ფეხით მიუყვებოდა ტროტუარს. რაღაც მომენტში ყვავილების ყიდვაც დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. ყავილებით ხელში ქალს არასდროს მისდგომია. ეს უფრო საეჭვო იქნებოდა. რამე ტკბილეულის მიტანა აჯობებდა, მაგალითად, ტორტის ან ნამცხვრის.
პირველსავე ტკბილეულის მაღაზიას მიაშურა. ის იყო, კარი გააღო და შესვლა დააპირა, რომ ვიღაც ქალს დაეჯახა.
- ცოტა ნელა არ შეიძლება? გაახილეთ თვალ… ვაიმე, კახუნი, შენ ხარ?! - ლამის იკივლა იმან, ვისაც დაეჯახა.
კახამ ახლაღა შეხედა. დაზაფრული ადგილს მიეყინა. მის წინ ნუნუკა იდგა.
არა, ნუნუკას დანახვას ნამდვილად არ დაუზაფრავს. ცხრაასჯერ წარმოუდგენია გონებაში მათი შეხვედრა და ამისთვის მომზადებული იყო - რა ეთქვა, როგორ მოქცეულიყო, მაგრამ ახლა…
ახლა რაც ხდებოდა, სრულიად წარმოუდგენლად ეჩვენებოდა - ნუნუკას ვეებერთელა მუცელი ჰქონდა, ის ორსულად იყო.
- ნუნუ! - ესღა თქვა და დამუნჯდა. მხოლოდ მის მუცელს მიშტერებოდა. ნუთუ გათხოვდა? თუ ასეა, აღარ მოუწევს ახსნა-განმარტებების მიცემა.
- ღმერთო ჩემო, იქ გადაგეყარე, სადაც არ გელოდი! - აკისკისდა ქალი, - აქ საიდან? არ მითხრა, ნამცხვარი უნდა ვიყიდოო! - ნუნუკამ ხელი წაავლო მაჯაში და მამაკაცი ლამის ძალით გაიყვანა გარეთ.
კახა ხმას ვერ იღებდა. შუბლი ოფლმა დაუცვარა. ეჭვები ტყის ხანძარივით ედებოდა და ანადგურებდა.
- შენ… გათხოვდი, ხომ? - როგორც იქნა, ენა ამოიდგა.
- გავთხოვდი? მე? ჰა-ჰა-ჰააა! - თავი უკან გადააგდო ნუნუმ და უცერემონიოდ გაიცინა, - საიდან მოიტანე? ამან ხომ არ შეგაცდინა? - ხელი მუცელზე გადაისვა, - ბავშვის გასაჩენად გათხოვება სულაც არ არის საჭირო, ჩემო ძვირფასო კახუჩელა!
კახას გულზე თითქოს ქალის ხუთივე თითი შემოეჭირა. სუნთქვა გაუჭირდა.
- აბა, ეს საიდან? - თვალებით ანიშნა გამობურცულ მუცელზე და შუბლზე გადაისვა ხელი, ოფლად იღვრებოდა.
- ეს? ამ ბიჭზე მეკითხები? ჰა-ჰა-ჰააა, კახუ, რა საყვარელი ხარ! ეს შენი შვილია, იცი? შენი ვაჟი, რომელსაც ნუნუკა მუცლით დაატარებს.
სწორედ ამ პასუხის ეშინოდა. შეხედა თუ არა, გუმანით მიხვდა, რომ ქალი მისგან იყო ორსულად, მაგრამ ამის წარმოდგენის ისე შეეშინდა, ბოლო ხავსს მოეჭიდა, იქნებ გათხოვება მოასწროო.
- ვერაფერი ხუმრობაა, ნუნუ! - შეცვლილი ხმით წარმოთქვა. იგრძნო, კისრიდან ოფლის წვეთები ზურგზე როგორ ჩასდიოდა. ბოლო დროს აღელვება დასჩემდა, თავს ვერ ერეოდა.
- მერედა ვინ გითხრა, რომ ვხუმრობ? აბა, გაიხსენე, როდის დავშორდით ერთმანეთს? რამდენი თვის უკან? - ქალმა პაუზა გააკეთა და თვალებმოჭუტულმა ირიბად ახედს მამაკაცს, - დიიიიახ! უკვე მესამე თვეა. მე კი ორსულად მანამდე ვყოფილვარ და არ ვიცოდი. ახლა უკვე მეექვსე თვეში ვარ, სულ ცოტა დარჩა და გავაჩენ. ანალიზები გავიკეთე, ექოც. მითხრეს, ბიჭიაო. ასე რომ, პატარა კახუჩელა მეყოლება. შენს სახელს დავარქმევ. შენ გამექეცი, მაგრამ ეს ვერ გამექცევა. შენ მაგივრად ამას მოვეფერები. გიკვირს, არა? თუ არ გჯერა, შეგიძლია დნმ-ის ანალიზი გაიკეთო და დარწმუნდები. ან კი რაში მჭირდება შენი მოტყუება? ამ ბავშვს თვალით არ დაგანახვებ! - უეცრად ყვირილზე გადავიდა და სახე წამოუჭარხლდა, - გეძებდი! ყველგან გეძებდი, მაგრამ ვერ გიპოვე! თუ ჩემი მიტოვება გინდოდა, კაცურად ვერ თქვი? მითხარი, ასე უნამუსოდ რატომ მომექეცი? ცუდად იყავი ჩემთან? იმ გოგოსთანაც კი მივედი, შენ რომ გადაგარჩინა და ტყუილად ვეჩხუბე, მეგონა, მასთან გაიქეცი. შენი გულისთვის თავი დავიმცირე. მინდოდა მენახე და მეთქვა, ორსულად ვარ-მეთქი, მაგრამ განა იმიტომ, რომ დაბრუნებულიყავი, არააა! - საჩვენებელი თითი ცხვირწინ დაუტრიალა ყოფილ საყვარელს, - უბრალოდ, მინდოდა გულზე გამეხეთქე, გცოდნოდა, რომ შენგან შვილს ვაჩენდი. მერე ერთს გემრიელად მოგაფურთხებდი და წავიდოდი!
კახის ფერი არ ედო სახეზე, მზერა დაებინდა. როგორ, ნუნუკა ორსულად იყო, ეს მაკომ იცოდა და მას არ უთხრა? ნუთუ დაუმალა?
- მოიცა, ნუნუ, ერთი წამით გაჩერდი, შეგიძლია? აქეთ გამოდი! - კახამ იდაყვში წაავლო ქალს ხელი და მასთან ერთად ხის ქვეშ გადაინაცვლა, რათა ტროტუარზე მოსიარულე ცნობისმოყვარეებს გარიდებოდა, ნუნუკა უკვე ისტერიკაში იყო, მთელი ხმით გაჰკიოდა, - ახლა დამშვიდდი და მიპასუხე, შენ რომ ორსულად იყავი, მაიამ იცოდა?
მაიკოს ხსენებაზე ნუნუ შეცბა. ამას რატომ ეკითხება? რა მნიშვნელობა ჰქონდა კახასთვის, იმ გოგომ ეს ამბავი იცოდა თუ არა? შეკითხვამ აშკარად დააბნია.
- ეგ რა შუაშია? - მხრები აიჩეჩა და ხელები გაშალა, - მე რას გეუბნები და შენ რას მეკითხები? საერთოდ თუ ხარ რამის აზრზე? - აღშფოთდა.
- შუაშია, ნუნუკა, შუაში. გამეცი პასუხი, მაკომ ეს ამბავი იცოდა?
- ახ, მაკომ, არა? ესე იგი, ხვდებით ერთმანეთს, ხომ? უკვე მაკო გახდა შენთვის? - ისევ აწივლდა ქალი.
- ნუნუ! - სახე სახესთან მიუტანა კახამ და მუქარით სავსე ტონით შეჰყვირა.
ქალი გახევდა. მისგან შემოტევას არ ელოდა, თან ასე ხმაურიანს, შემაშინებელს. მაშინვე მოეშვა. ერთხანს უსიტყვოდ შესცქეროდა მამაკაცს, მერე თვალებში ცრემლი გაუბრწყინდა და ჩურჩულით მიუგო:
- არა, არ იცოდა. რადგან შენ იქ არ მეგულებოდი, არ მითქვამს. რა საჭირო იყო, სცოდნოდა?
კიდევ კარგი… კახიმ თვალები დახუჭა. ოდნავ მოეშვა. სახეზე ჩამოისვა თითები, გამაოგნებელ ამბავს ჯერ ვერ შეჰგუებოდა.
- კარგი გიქნია, რომ არ უთხარი, კარგია, კარგია… - ლუღლუღებდა თავისთვის, თითქოს მარტო იყო და საკუთარ თავს ელაპარაკებოდა.
- რა გჭირს, კარგად ხარ? - გამომცდელი მზერით ახედა ქალმა.
- არა, კარგად არ ვარ. არც ცუდად ვარ, უბრალოდ, ძალიან გამაოცე და დამაბნიე. გონს ვერ მოვდივარ. - ჩქარ-ჩქარა მიაყარა წინადადებები ერთმანეთს, - მითხარი, მართლა ჩემგან ხარ ორსულად? არ მატყუებ? ეს ჩემი შვილია? - მუცელზე ხელის დადება ვერ გაბედა, მხოლოდ თითი გაფშიკა, ორივე ხელის ორივე საჩვენებელი თითი.
- ოხხხ!.. - უკმაყოფილოდ ამოიოხრა ნუნუკამ, - ნეტავ საერთოდ არ მეთქვა. შენთვის სულერთი არაა? ასი წელი არ მინდიხარ, არც შენი დაბრუნება მინდა და არც შენი დახმარება! კი იცი შენ, რომ არ მიჭირს. არაფერი მაკლია. სამსახურიც მაქვს და მშობლებიც გადასარევი მყავს, არაფერს გამიჭირვებენ.
- კი მაგრამ, თუ ჩემთან არ გინდოდა, ბავშვის გაჩენა რატომ გადაწყვიტე?
ნუნუკამ გაოცებული მზერა მიაპყრო:
- ძლივს დავორსულდი და ამისთანა შანსს ხელიდან გავუშვებდი? პატარა აღარ ვარ, აწი ან გავთხოვდები, ან არა. აი, შვილი კი მეყოლება.
- და შენებმა რა გითხრეს?
- რა უნდა ეთქვათ? ყველა ჩემმა ნათესავმა იცოდა, რომ შენ მიყვარდი. ჯვრისწერაც კი დავგეგმე და ხალხი დავპატიჟე, შენ რომ არ აგერია. ჰოდა, არავის არაფერი გაჰკვირვებია. ორსული მიმატოვა-მეთქი და მორჩა. ზედმეტი კითხვა არავის გასჩენია.
კახიმ ხმა ვერ ამოიღო. ნუნუკაც გაჩუმდა. ერთხანს ასე იდგნენ, მდუმარედ და ერთმანეთს თვალებში შესცქეროდნენ.
- მე რით დაგეხმარო? - სიჩუმე კახიმ დაარღვია.
- არაფრით. აკი გითხარი, შენგან არაფერი არ მინდა-მეთქი.
- მაგრამ…
- რა მაგრამ, რა მაგრამ? დაივიწყე ბავშვი! ის მხოლოდ ჩემი შვილია!
- ნუ წიკვინებ! - კბილებში გამოსცრა კახიმ და სახეზე ზიზღი გამოესახა, - არავინ გართმევს შენს ბავშვს, მაგრამ ის ჩემი შვილიცაა. მინდა დაგეხმარო. ფული მაქვს, არ მ…
- ვის რად უნდა შენი ფული?! - ისევ იყვირა ნუნუკამ, - ჯერ ფულს შემომატყუებ, მერე შენც მოგინდება დაბრუნება, მერე ისევ გაქრები და სად გდიო მე შენ? წადი, ახლავე გატრიალდი და წადი! ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს! არც გაბედო ჩემთან მოსვლა ან რამე მსგავსი!
მამაკაცს მისი თითქოს არ ესმოდა, გაქვავებული მხოლოდ ნუნუს მუცელს მიშტერებოდა. ამ მუცელში მისი შვილი ემბრიონის პოზაში მოკალათებულიყო და მზის სინათლეზე გამოსვლას ელოდა. ვინ იცის, იქნებ ამწუთას მათი საუბარიც ესმოდა. როგორ უნდოდა თითებით შეხებოდა, ორი წამით მაინც, მაგრამ… ქალი ამის უფლებას არ მისცემდა.
ალბათ, უკეთესიცაა, რომ ერთად არ არიან. მის მანიპულირებას შვილით მაინც არავინ შეეცდება. ვახ, ბოლო დროს რამდენი შეცდომა დაუშვა. აკი პირველივე დღიდან აფრთხილებდნენ ექვსივეს, ქალებთან ახლო ურთიერთობა არ იქონიოთო. იციან მაგ შობელძაღლებმა, ქალის გამო რამდენ რამეზეა კაცი წამსვლელი! ახლა რომ ნუნუკასთან იყოს, შვილის გულისთვის ბევრ რამეზე დაიხევდა უკან. კიდევ კარგი, დროზე დაშორდა. არა უშავს, გააჩინოს. პატარას მაინც გაუწევს მამობას. ანგარიშს გაუხსნის ბანკში და ყოველთვიურად ფულს გადაურიცხავს. ამის შესახებ არავის ეტყვის, მხოლოდ ნუნუკას გააფრთხილებს. იმ ფულის გამოტანას ბავშვის გარდა სხვა ვერ შეძლებს. აი, როცა სრულწლოვანი გახდება, მერე თავად განკარგავს მამის დანატოვარს. არავინ უწყის, კახის კიდევ რამდენი ხნის სიცოცხლე დარჩენია. იქნებ ერთ მშვენიერ დღეს ისიც გააგორონ ან ციხეში ამოყოს თავი. რაც იქნება, იქნება. რაღაცას მაინც ხომ მოასწრებს? ჰო, მოასწრებს, აბა რა! როგორც კი მისი შვილი დაიბადება და დაბადების მოწმობას გაუკეთებენ, იმ დღიდანვე დაიწყებს მასზე ზრუნვას!
ამის გასაფიქრებლად წამები დასჭირდა. მორჩა, სენტიმენტები დამთავრდა! დროა გზას გაუდგეს!
- კარგი, ნუნუკა, წავალ მაშინ მე. შენ იცი, თავს გაუფრთხილდი… და ბავშვსაც. შენს შვილს, ჩვენს შვილს… - ერთ ამოსუნთქვით ჩაილაპარაკა და გატრიალდა.
ნუნუმ პასუხი გაცემაც ვერ მოასწრო, ისე გაუჩინარდა, კორპუსებს შორის ხეების ჩრდილს შეერია…
გაბრუებული მიუყვებოდა გზას. ამწუთას არც მაიკოს ნახვა უნდოდა, არც არაფერი. ისევ სასტუმროში დაბრუნდა. შუქიც არ აუნთია, გაუხდელად მიწვა ლოგინზე და ჩაფიქრდა. შვილი… მას შვილი ეყოლება! თანაც ბიჭი! და ის მის გვერდით ვერ იქნება. მისი შვილი უმამოდ უნდა გაიზარდოს! ვახ! ნუნუკას გაზრდილი რა იქნება! როგორმე მოაგვარებს მაგ საკითხს! აი, ცოტას რომ წამოიზრდება და ჭკუაში ჩავარდება, სწორედ მაშინ გამოეცხადება და ეტყვის, ვინცაა. ბიჭები მამებს ადვილად უგებენ. ისიც გაუგებს. აუხსნის ყველაფერს, რა როგორ იყო, მის გვერდით რატომ არ იზრდება. მერე იმასაც ეტყვის, რომ არასდროს მიუტოვებია და არც მიატოვებს, ყოველთვის გვერდით დაუდგება. მანამ იქნებ მოაბას თავი და ამათ დაუძვრეს. ალეს იმედი აქვს. ის დაეხმარება. ის ყოველთვის ეხმარებოდა კახას. ვალშიც კი არის ალე მის წინაშე, მან ხომ სიკვდილს გადაარჩინა.
კახი ყველაფერს მოახერხებს. რახან აქამდე არ გაიწირა, ესე იგი, ასეა საჭირო. ესე იგი, უნდა იცოცხლოს. თუნდაც იმისთვის, რომ შვილს მამა სჭირდება! მის შვილს ის სჭირდება, ვინც თავად არასდროს ჰყოლია. ყოველ შემთხვევაში, არასდროს უნახავს და არც იცის, მისი მშობლები ვინ არიან. ვინ გაიმეტა ბავშვთა სახლისთვის, რატომ დაებედა ასე! თუ კახას სიკვდილი უწერია, არც ეგაა საპანიკო. ბავშვს დედა მაინც ეყოლება და ის მიხედავს. ავად თუ კარგად, მიხედავს. იმედია, ცუდ გზას არ დაადგება. ბოლოს და ბოლოს, მშობლები მაინც ჰყავს ნუნუს ნორმალური. განათლებული ადამიანები არიან, შეგნებულები. გასაკვირი ისაა, ნუნუკა ვის დაემსგავსა ასეთი! თუმცა, როგორი ამაყი ყოფილა თურმე, როგორი თავმოყვარე! ფულზეც უარი თქვა და მის დაბრუნებაზეც. ან კი ვინ აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ მაინც!..
ფიქრებმა ააწიოკა. შუაღამე გადასული იყო, როცა ჩაეძინა. თუმცა ამას ძილი არ ერქვა. ღამის დარჩენილი ნაწილი შფოთვაში გაატარა…
მეორე დღე სრულ კოშმარში გაატარა. საწოლიდანაც არ ამდგარა, ლუკმა არ უჭამია. თავქვეშ ხელებამოდებული იწვა და ჭერს მიშტერებოდა. ერთი სული ჰქონდა, როდის მოვიდოდა ექვსი საათი, რათა მაიასთან გასულიყო. ახლა მისთვის მაიას სითბო შვება იქნებოდა. როგორმე უნდა შემოერიგებინა, როგორმე უნდა დაერწმუნებინა, რომ მაკო შეცდა და კახი “მამა აბრამის ბატკანი” იყო.
დრო გაიწელა. ეჩვენებოდა, თითქოს ყოველი წუთი წამს უკან ექაჩებოდა. ამასობაში კუჭი აუწრიალდა. შიოდა, მაგრამ არც ადგომის თავი ჰქონდა და არც ჭამის. როგორმე უნდა მოახერხოს ადგომა, საკუთარ თავს უნდა სძლიოს.
ადგა. მობილურის ეკრანზე საათს დახედა. ექვსამდე ჯერ საათ-ნახევარი დარჩენილიყო. მოწესრიგდა, ჩაიცვა და სასტუმროდან გავიდა. მოშორებით, კაფეში შევიდა და ყავა და კარტოფილის ღვეზელი შეუკვეთა. ძველი დრო რომ ყოფილიყო, მაკოსთან დანაყრდებოდა. ის ნაირნაირებს დაახვედრებდა. ეს რა დაემართა! რა შარში გაყო თავი! როგორ აღმოჩნდა მაია იქ, როგორ, როგორ?! რა უნდოდა რუს დეპუტატთან ერთად მანქანაში? სად ის და სად მარია პროხოროვა?
ლუკმას ძლივს ყლაპავდა, თან ყავას აყოლებდა. ამასობაში ექვსიც გახდა. მაკო უკვე შინ იქნებოდა. ზლაზვნით წამოდგა, დანახარჯი გადაიხადა და ტაქსი გააჩერა.
რამდენიმე წუთში უკვე მის კორპუსთან იდგა. ფანჯრებს ახედა. სამზარეულოს ფანჯარა ღია იყო, საძინებლისაც. სიცხისგან ჰაერი დამუხტულიყო, მაგრამ კახი სიცხეს ვერ გრძნობდა. გაგანია ზაფხულში სიცივისგან აძაგძაგებდა. იქნებ ნერვიულობის ბრალი იყო ეს ძაგძაგი და სულაც არ სციოდა?
ჰო, ნერვიულობდა. იცოდა, წინ გადამწყვეტი რაუნდი ელოდა. იმაზე უარესი, ვიდრე ალესთან გამოიარა. ის არაფერი იყო იმასთან შედარებით, რასაც მაიასთან შეხვედრა უქადდა.
მძიმედ აიარა საფეხურები. ჯიბეში გასაღები მოიძია და კარი გააღო. შიგნით ჩქამი არ ისმოდა. ნუთუ არ მოსულა? - გაიფიქრა შუბლშეჭმუხნილმა და კარი დაკეტა თუ არა, გაბედულად გადადგა ნაბიჯი სამზარეულოსკენ.
უეცრად შედგა. საიდანღაც სლუკუნის ხმა შემოესმა. მაკო ტიროდა. ხმა საძინებლიდან მოდიოდა. ფრთხილად მიუახლოვდა კარს, შეყოვნდა, მერე კი კიდევ უფრო ფრთხილად შეაღო იგი. შუქი აანთო.
მაკო საწოლში ჩამხობილიყო და დახშული ხმით თითქოს მოთქვამდა.
- მაკო, რა გჭირს? - რაც შეიძლებოდა უმანკო სახე მიიღო და ოთახში შევიდა.
მისი ხმის გაგონებაზე ქალი ელვის უსწრაფესად წამოხტა და საწოლის თავს მიეტმასნა.
- არ მომეკარო! იცოდე, არ მომეკარო! - ნამტირალევი ხმით წარმოთქვა აკანკალებულმა და მომუშტული ხელები ტუჩებზე მიიტყუპა.
- რა დაგემართა? - ერთი ნაბიჯით წაიწია კახიმ და მის საწოლზე ჩამოჯდა.
გაგრძელება იქნება