გადაცემაში "ჩვენი ოჯახი" ნანიკო ხაზარაძე, სალომე შარვაძე და გია ჯაჯანიძე შვილებთან ურთიერთობაზე საუბრობენ.
ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძეს მაყურებელი წლებია ტელეკრანებიდან იცნობს. ჟურნალისტი მუდამ გულახდილად საუბრობს მისთვის მნიშვნელოვან თემებზე. ტელევიზიის გარდა, მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა ფილმში. ბოლო დროს ხშირად შეხვდებოდით პირად ცხოვრებასთან და მამის დაავადებასთან დაკავშირებულ სტატიებსაც.
მას შემდეგ, რაც პირველი ქორწინება ლევან ნუცუბიძესთან განქორწინებით მალევე დასრულდა (ტელეწამყვანს მისგან ქალიშვილი ლილუ ნუცუბიძე ჰყავს), პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარს ერიდებოდა. ამიტომ ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც 5-წლიანი ურთიერთობის შემდგომ საზოგადოებას თავისი რჩეული, ფსიქოლოგი ლევან მათითაშვილი წარუდგინა, როგორც მეუღლე. დიდხნიანი დუმილის შემდეგ „იმედის დილის“ სიუჟეტში ერთმანეთის გაცნობის ისტორიასაც მოჰყვნენ - ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მის ცხოვრებას მუდამ თვალს ადევნებდა. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო. ტელეწამყვანის ყურადღება კი ეთერში მისი ძმის, ცნობილი პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის სტუმრობის შემდეგ დაიმსახურა. „მახსოვს მისი პირველად მოწერილი წერილი. მთელი ცხოვრებაა მომწონხარ და როგორ არ დადგა ის დღე, რომ უშუალოდ გაგიცნოო. მეც ძალიან მშვიდად მივწერე, ალბათ, ეს დღე არც ახლა დამდგარა-მეთქი და დავემშვიდობე. მეორე დღეს ეთერში მისი ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი გვყავდა. უცებ გვარმა ჩამაფიქრა და საღამოს მივწერე, კოტე მათითაშვილი შენი ვინ არის-მეთქი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მიხარია, რომ საოცრად კარგი ადამიანი გავიცანი“ - იხსენებდა ნანიკო ხაზარაძე.
"ლამაზი ოჯახი" - სალომე შარვაძე ოჯახთან ერთად ეგვიპტეში ისვენებს
სალომე შარვაძეს ქართველი მაყურებელი წლებია იცნობს, რადგან არაერთ წარმატებულ ტელესერიალში თამაშობდა. თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებულმა ქეთის როლმა მოუტანა.
სალომე რეალურ ცხოვრებაში დაქორწინებულია, მისი მეუღლე ბიზნესმენი მამუკა არველაძეა. წყვილს ერთი ქალიშვილი, მართა არველაძე ჰყავს.
სალომე ადრე მშობლებს გოგონების განსაკუთრებულად აღზრდისა და მათში საკუთარი თავის სიყვარულის ჩანერგვისკენ მოუწოდებდა:
„გოგონებს მოვუწოდებ, კარგად ისწავლონ, იყვნენ მიზანდასახულები, რომ მერე საკუთარ პრობლემებთან გამკლავება შეძლონ. შვილს დედისა და მამის სიყვარული კი უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ისეთი დროა, მგონი, საკუთარი თავის სიყვარული გაასმაგებულად უნდა ვასწავლოთ. ყოველთვის და ყველაფერში საკუთარი თავის იმედი რომ ჰქონდეს და სხვა ვინმეზე არ იყოს დამოკიდებული. სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევაა, როცა ძალადობის მსხვერპლი გოგონებისთვის საიმედო საყრდენი მშობლებიც კი არ არიან. რას ჰქვია, არ მიიღებს?! უნდა მიიღოს, თავზე ხელიც უნდა გადაუსვას და მხარში ამოუდგეს“, - ამბობდა მსახიობი.
გია ჯაჯანიძე სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ცოლი 17 წლის ასაკში შეირთო, მაგრამ მალევე დაშორდა. ტელეწამყვანს ყოფილ ცოლებთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აქვს. გიას ქორწინებებიდან 2 ქალიშვილი ჰყავს.