ექიმებში სიარული არ მიყვარს და როგორ უნდა ვიყო ცუდად, რომ საავადმყოფოს კარი შევაღო. რამდენიმე თვის წინ მკერდზე სიმაგრე შევნიშნე და გადავწყვიტე, კონსულტაციაზე მამოლოგთან მივსულიყავი.
ექიმი ხანშიშესული მამაკაცი აღმოჩნდა. თავიდან ყურადღებით მომისმინა, მაგრამ გასინჯვის შემდეგ დამარწმუნა, რომ სიმაგრე მეჩვენებოდა და სინამდვილეში არაფერი არ მქონდა. მოკლედ, ჩვენი დიალოგი კამათში გადაიზარდა. წარმოიდგინეთ, მე ვამტკიცებდი, რომ მკერდზე სიმაგრე მქონდა და ის მარწმუნებდა, რომ მეჩვენებოდა.
ახლა მეშლება საკუთარ თავზე ნერვები, მაშინვე უნდა წამოვსულიყავი. საბოლოოდ ვიღაც კაცს დაუძახა, ცხადია, ექიმს და სიცილით უთხრა, მიდი, ერთი ძუძუ გაუსინჯე, ეჩვენება, რომ კიბო აქვსო.
წელზევით შიშველი მასხარად ვიქეცი და ორი კაცი მარწმუნებდა, რომ ჯანმრთელი ვიყავი. საბოლოოდ, ატირებულმა დავტოვე კაბინეტი. ექიმებისკენ გახედვაც აღარ მინდა. ნერვები მეშლება, რაღა მე შემხვდა კაცი ექიმი, ხომ შეიძლებოდა, ქალს უფრო დავემშვიდებინე. ახლა მგონია, რომ კიბო მაქვს და თან ექიმთანაც არ მივდივარ. არ ვიცი, როგორ დავძლიო ეს კომპლექსი.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)