კახა კალაძე დაიბადა სამტრედიაში, დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქში. მისი მამა, კარლო კალაძე, სამტრედიის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი და შემდგომ პრეზიდენტიც იყო. 11 წლის ასაკში კალაძემ სწორედ სამტრედიის „ლოკომოტივის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო თამაში ფორვარდის პოზიციაზე.
1993 წელს კახა თბილისის „დინამოში“ გადავიდა, 1998 წლის იანვარში კახა კიევის „დინამოში“ 280 000 ევროდ გადავიდა და 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, კახა კალაძე 2001 წელს გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, „მილანმა“ მის ტრანსფერში კიევის „დინამოს“ 16 მილიონი ევრო გადაუხადა. 2010 წელს კალაძეს სამი არჩევანი ჰქონდა — „მილანში“ დარჩენა, სადაც იანვრამდე ვერ ითამაშებდა, რადგან გუნდის ხელმძღვანელობამ საჩემპიონო განაცხადშიც კი არ შეიყვანა; „იუვენტუსსა“ და „ჯენოაში“ გადასვლა. ქართველმა ფეხბურთელმა სატრანსფერო სეზონის დასრულებამდე 1 საათით ადრე „ჯენოაში“ გადასვლა გადაწყვიტა. 2010 წლის 31 აგვისტოს კალაძე საფეხბურთო კლუბ „ჯენოაში“ გადავიდა და მასთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. „ჯენოაში“ კალაძემ ორი სეზონის მანძილზე 53 მატჩი ჩაატარა. 2012 წელს კალაძემ კარიერა დაასრულა.
2011 წლიდან კალაძე არის პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (სამტრედიის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. ამავდროულად იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი. 2013 წლის 20 ნოემბერს, ქართული ოცნების მეორე კაბინეტის დამტკიცებასთან ერთად, კალაძე აირჩიეს საქართველოს ვიცე-პრემიერად. მან ეს თანამდებობა შეუთავსა ენერგეტიკის სამინისტროს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიული სიით (მე-2 ნომერი) მონაწილეობის გამო 9 სექტემბერს მინისტრის თანამდებობა დატოვა. 2016 წლის 18 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 26 ნოემბერს პარლამენტმა ახალი მთავრობა (გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით) დაამტკიცა, კახა კალაძე კი კვლავ ენერგეტიკის მინისტრი (და ვიცე-პრემიერი) გახდა. 2017 წლის 10 ივლისს მან თვითმართველობის არჩევნებში თბილისის მერობისთვის კენჭისყრის გამო ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა. მან თვითმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და 13 ნოემბერს გახდა თბილისის მერი.
მაშინ, როცა კახა კალაძემ მოდელ და დიზაინერ ანუკი არეშიძეზე დაქორწინება გადაწყვიტა, კალაძე უკვე იკავებდა ენერგეტიკის მინისტრის პოზიციას. წყვილმა ოჯახი 2013 წელს შექმნა, დღეს კი 4 შვილის, ლევანის, კახაბერის, ვაჩესა და ნიკოლას მშობლები არიან. აღსანიშნავია, რომ მათ უფროს ვაჟს კახას გარდაცვლილი ძმის, ლევანის სახელი დაარქვეს, მეორე შვილს კი - თავად კახა კალაძის. ეს მაბავი კალაძეების ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას უკავშირდება.
2011 წლის 23 მაისს კახი კალაძის ძმა, სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი ლევან კალაძე ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს. გამოძიება თავიდანვე მცდარი გზით წავიდა, იყო უამრავი ვერსია, ხოლო საბოლოოდ, 5 წლის შემდეგ გაირკვა, რომ ლევანი დიდი ხნის მოკლული იყო გამტაცებლების მიერ და მის ოჯახს მხოლოდ ლევანის ნეშტი დაუბუნეს.
"ძალიან მძიმე თემაა, ამაზე არ მიყვარს ხოლმე საუბარი, ეს არის ჭრილობა, რომელიც სანამ ვცოცხლობ, ჩემს გულში იქნება, ძალიან მძიმე იყო ამ ყველაფრის გადატანა ჩემთვის, დედაჩემისთვის, მამაჩემისთვის, მე პირადად, შევძელი საკუთარ თავში მომენახა ძალა, რომ ჩემი მშობლებისთვის ცხოვრების სტიმული მიმეცა. ყოველთვის ვამბობ და ახლაც ვიტყვი, მე რომ თავი დამეხარა ამ პრობლემის წინაშე და ვერ მომეხერხებინა ჩემი კარიერის გაგრძელება, ვერ მომეხერხებინა ის, რომ ვყოფილიყავი წარმატებული, ეს იქნებოდა კიდევ უფრო დიდი ტრაგედია ჩემი ოჯახისთვის, ისინი ამ ტრაგედიის შემდეგ ცხოვრობენ ჩემი წარმატებით, შესაბამისად, ეს ყველაფერი კარგად მქონდა გააზრებული და გაცნობიერებული, ყველაფერს ვაკეთებდი და ვაკეთებ ახლაც მაქსიმალურად, რომ ჩემს მშობლებს ჩემი ქმედებით, ჩემი საქციელით, ჩემი კაცობით, შევუმსუბუქო ცხოვრება " - ამბობდა კახა კალაძე ნოე სულაბერიძის გადაცემაში სტუმრობისას.