უკვე არაერთი წელია, რაც თეა დარჩიას სახელი "სუხიშვილებს" უკავშირდება. მან სცენაზე 30 წელზე მეტი გაატარა და, მიუხედავად დიდი ოჯახისა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. ანსამბლის წამყვანი სოლისტის პოზიციიდან თეა დარჩიამ ბოლო წლებში პედაგოგის ამპლუაში გადაინაცვლა, გახსნა საკუთარი სტუდია და ახლა მსურველებს ამ სფეროში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს.
"წესრიგი მნიშვნელოვანია და მას სიმკაცრით მიაღწევს თუ სიყვარულით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, არ დაჩაგრო ბავშვი და არ უნდა შეულახო ღირსება. შენიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან შენიშვნის გარეშე ადამიანი ვერ იზრდება. ვთვლი, რომ ცეკვა ქალისა და კაცის ხასიათის გამოხატულებაა. სანამ რამე ცოცხალია, ადამიანიდან დაწყებული, ბალახით დამთავრებული, უნდა განიცდიდეს ყოველდღიურ ტრანსფორმაციას. რაც აჩერებს განვითარებას და ძიებას, ის კვდება" - ამბობდა თეა დარჩია.
თეა დარჩია 33 წელია, გუჯა მათიაშვილზეა დაქორწინებული. მათ ოთხი შვილი: მარიამი, მირიანი, იოანა და გაბრიელი ჰყავთ.
"როცა პირველად მომიყვანეს პირველი შვილი, 1990 წელი იყო. ვიყავი შოკში და მივხვდი, რომ ამას ვერ ვიზამდი ღმერთის დახმარების გარეშე. იცით, რას მივხვდი 19 წლის ასაკში? ღმერთის დახმარების გარეშე, უბრალოდ, გამორიცხულია, რომ ამხელა რაღაც შეძლო. ასევე, იმ მომენტში გავიაზრე, რა მაგრად ვყვარებივარ დედაჩემს. მეორე შვილი გაჩნდა 10 წლის შემდეგ, მაგრამ ზუსტად იგივე შეგრძნება განმეორდა, დავბრუნდი ათი წლით უკან და ზუსტად იგივე განცდა განმეორდა. მესამეზეც - იგივე და მეოთხეზეც - იგივე, მაგრმ უფრო და უფრო ძლიერი, იმიტომ, რომ ასაკის მატებასთან ერთად უკეთ იაზრებ, რამხელა ბედნიერებაა დედობა.
ბევრი შვილი უნდა გააჩინო. სხვაგვარად სიყვარულის განახლება არ ხერხდება. რაც მეტი შვილი გყავთ, მით მეტია სიყვარული. ჩემთვის ადვილია შვილების გაზრდა, პრინციპში, ცხრა თვე მუცლით ტარება და მშობიარობა მიწევს, დანარჩენი პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემს მეუღლეს აქვს აღებული. არც ერთ შვილზე არ მყოლია ძიძა, ყველას შრომას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ძიძის ინსტიტუტის არ მესმის. ჩემმა შვილმა ჩემზე მეტად ძიძა რომ შეიყვაროს, იქვე გული გამისკდება. ეგ კი არა, მამა რომ უფრო მეტად უყვართ, იმაზე მეშლება ნერვები!
გუჯა ეთამაშება ხოლმე ბავშვებს, მე, სტუდიიდან გამომდინარე, უფრო მასწავლებლური მიჭირავს, თუმცა ვიცი, რომ ბავშვი დამოძღვრით კი არა, მშობლის წამხედურობით იზრდება. თუ რამე არ მოგწონს, შვილს იმწუთასვე უნდა დაუფიქსირო, მერე აზრი აღარ აქვს" - ამბობდა თეა.
თეა დარჩიას უფროსი შვილი, მარიამი, დედის გზას აგრძელებს და თავადაც "სუხიშვილების" მოცეკვავეა. მარიამმა სულ ცოტა ხნის წინ იქორწინა. მისი მეუღლე დავით თოფურიაა. ქორწილი ულამაზეს გარემოში, კაჭრეთის "ამბასადორში" შედგა. ქორწილი სავსე იყო ქართული ცეკვით, მუსიკითა და გართობით.
მირიან მათიაშვილი თეა დარჩიას მეორე შვილია. მირიანმა უფროს დაზე ერთი წლით ადრე, გასულ წელს იქორწინა ბავშვობის სიყვარულზე, უმშვენიერეს ელენე ბარამიძეზე: “გავხდი დედამთილი, უფრო მეტი შვილის პატრონი. ვიცი, რომ ძალიან კარგად არის, ზედმეტი ზარებითაც არ ვაწუხებ, იმიტომ, რომ ვუსვამ ერთადერთ კითხვას: "დე, ბედნიერი ხარ?", მეუბნება "კი, დედა" და მეტი რაღა უნდა მაინტერესებდეს”, – ამბობდა მაშინ თეა დარჩია.
იოანა და გაბრიელი ჯერ სკოლის მოსწავლეები არიან, თუმცა იოანამ უკვე გამოავლინა სიყვარული ქართული ცეკვის მიმართ და დედის სტუდიაში ცეკვავს. ხშირად აღნიშნავენ, რომ ის ძალიან ჰგავს თეას და მას დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ.
"შვილებთან მეგობრული, უშუალო, თბილი და ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. არავინ არ თქვას, რომ დედა შვილის მეგობარი არ უნდა იყოს! თუ მეგობარი არ იქნები, მოგატყუებს, აუცილებლად მოგატყუებს ადრე თუ გვიან... თუ დედასა და შვილს შორის არის უფსკრული, თუნდაც მინიმალური, იოტისოდენა, ოდესღაც აუცილებლად იტყვის შვილი ტყუილს. ჩემს შვილებთან ვარ აბსოლუტურად მათი ტოლი და სწორი", - ამბობდა თეა დარჩია.
თეა დარჩიას მეუღლე კამერებთან თითქმის არასდროს ჩნდება, თუმცა თავად თეა ოჯახური ცხოვრების შესახებ ხშირად საუბრობს:
"მე და გუჯა ხუთი წელი ვცეკვავდით ერთად ანსამბლში. ყველასგან ძალიან განსხვავებული ადამიანი იყო ქცევით, ხასიათითა და გარეგნობით. გულში გავიფიქრე, თუ მე ოჯახს შევქმნიდი და შვილები მეყოლებოდა, ის იქნებოდა ჩემი შვილების მამა. თამამად ვამბობ, ურთიერთობაში ინიციატორი მე ვიყავი, გრძნობებშიც მე გამოვუტყდი. ისე აღმოჩნდა ტაძარში ჩემ გვერდით, რომ ვერ მიხვდა... დღემდე ვერ ხვდება, რა შარში გაყო თავი.
ოჯახის შექმნა ვიჩქარეთ, იმიტომ, რომ ამერიკაში ორი თვით ერთად უნდა წავსულიყავით. ორივე ტრადიციული ოჯახიდან ვართ, ანგარიში გავუწიეთ მშობლებს, ანსამბლსა და ქალბატონ ნინო რამიშვილს, ბუმბერაზ ადამიანს, რომელსაც არ მოსწონდა დაუკანონებელი და გაუმართლებელი ურთიერთობები.
ავსტრალიის შემდეგ ორი კვირით კვიპროსსა და ისრაელში წავედით. სწორედ იქ დავრწმუნდით, რომ ერთმანეთი ნამდვილად გვიყვარდა. ისრაელში საქორწინო ბეჭდები ვიყიდეთ, გოლგოთიდან დაწყებული, ჯვრის მონასტრით დამთავრებული, ყველა წმინდა ადგილას დავდეთ. ჩვენი აზრით, ვაკურთხეთ და გავიკეთეთ. მამაჩემი აეროპორტში დაგვხვდა. მახსოვს, ხელები ავწიეთ და ვაჩვენეთ, რომ ბეჭდები გვეკეთა. მამა მიხვდა, რომ შეუღლება გადაწყვეტილი გვქონდა.
ჩამოსვლიდან ერთ კვირაში ამერიკაში უნდა გავფრენილიყავით. გუჯას ვუთხარი, ან ჯვარი უნდა დავიწეროთ, ან რომელიმე ჩვენგანი მოგზაურობაში ვერ წავა-მეთქი. დავიწერეთ ჯვარი. მაშინ რომ მეფიქრა, მე და გუჯა ერთი სისხლი და ხორცი ვხდებით-მეთქი, გამიჭირდებოდა ნაბიჯის გადადგმა. მეორე დღეს ნიუ-იორკში გავემგზავრეთ. ჩვენი სასტუმრო ბროდვეიზე იყო. მივედით. გამოაცხადეს, ვინ ვისთან ერთად იქნებოდა ნომერში. პირველი მოგზაურობა იყო, როცა ბიჭთან ერთად დამასახელეს. მაშინ მივხვდი, რა გავაკეთე" - იხსენებდა თეა დარჩია.